განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2020
საქმის ნომერი
020142219700088258
ინსტანცია
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020142219700088258

საქმე №1/აგ-53-2019წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

23 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე ლერი თედორაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ რ--------------ს (დაბადებული: 1989 წლის 26 ივლისს, პირადი № 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ------------–----–----–--------) შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის განაჩენით რ-------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისის განაჩენით დანიშნული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 07 (შვიდი) წლით, 01 (ერთი) თვითა და 04 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, რ--------------ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის, 07 (შვიდი) თვისა და 04 (ოთხი) დღის ვადით.

 

რ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 4 დეკემბრიდან – პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დადგენის დღიდან.

 

დადგინდა, რომ ნივთიერი მტკიცებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 დაწესებულების „დ“ კორპუსის №3-- საკნიდან ამოღებული მექანიკური საპარსი მოწყობილობის (შესაძლო „ბიგის“) გადაკეთების შედეგად მიღებული ბასრი ნაწიბურების მქონე კომპონენტი, რომელიც ინახება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 04 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ რ--------------ს ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად. შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის განაჩენი რ--------------ს მიმართ შესულია კანონიერ ძალაში.

 

მსჯავრდებულმა რ--------------მ შუამდგომლობით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ითხოვს მისი სისხლის სამართლის ბრალდების საქმის გადასინჯვას.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიაჩნია, რომ იგი დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი შეიცავს იმ გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უნდა გადაისინჯოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს უნდა წარედგინოს ისეთი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც სამართალწარმოების განხორციელებისა და განაჩენის გამოტანისას არ იყო ცნობილი, ასევე, მხარემ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო სამართალწარმოების დროს ამ მტკიცებულების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ რ--------------ს შუამდგომლობაში არ მიუთითებია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო და რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს და რომლის საუძველზეც, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა გადაესინჯა განაჩენი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ამოწმებს, დაყენებულია თუ არა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და რამდენად არის ის დასაბუთებული. თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუშვებლად ცნობს მას.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ რ--------------ს შუამდგომლობა არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.რ--------------ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ცნობილი იქნეს დაუშვებლად.

 

2.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან ორი კვირის ვადაში, საკასაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/

 

მოსამართლეები: /მ.გორგოძე/

 

/თ.სვანიძე/