განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.11.2019
საქმის ნომერი
080210019001579558
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210019001579558

საქმე №2/ბ-549

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ნოემბერი 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე: შპს „ა------------–ი“

წარმომადგენლები: რ--------- შ---–--ე, დ--–- ხ--–---

აპელანტი/ მოწინააღმდეგე მხარე: სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

წარმომადგენლები: პ---–------- მ-------, რ----- ბ-–---–---–ი

დავის საგანი: უკანონოდ დარიცხული პირგასამტეხლოს და საგარანტიო თანხის დაბრუნება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება

აპელანტის შპს „ა------------–ის“ მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

აპელანტის სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობით ნაწილი:

 

1. შპს „ა------------–ის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარედ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიუთითა და ითხოვა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ უკანონოდ ჩამოჭრილი საგარანტიო თანხის -286,500.00 აშშ დოლარის დაბრუნება; საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, შპს „ა------------–ისთვის“ ჯარიმის (პირგასამტეხლო) სახით დაკისრებული - 393, 667.00 ლარის გაუქმება და აღნიშნული თანხის მოპასუხისთვის დაკისრება.

2. მოსარჩელის განმარტებით 2012 წლის 27 დეკემბერს „ა------------–ის“ საქართველოს ფილიალს და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (მგფ) შორის, დაიდო ხელშეკრულება ქ. წ---–-------ში ე.წ. „ც---------“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. ამავე მხარეთა შორის 2013 -14 წლებში გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულებები: დამატება №1,№2,№3,№4. თავდაპირველი ხელშეკრულებით, შპს ,,ა------------–ს“ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2013 წლის ნოემბერში. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე (კლიმატური პირობები და სხვა გაუთვალისწინებელი დამატებითი სამუშაოები), შემკვეთმა - მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რამდენჯერმე გაუგრძელა ვადა შპს „ა------------–ს“ და საბოლოო ვადა, კონტრაქტის დამატება №3-ით განისაზღვრა 2014 წ. 30 აპრილი. კონტრაქტის დამატება №3-ში დამკვეთმა კატეგორიულად მოითხოვა სამუშაოს დასრულება 2014 წ. 30 აპრილისათვის. კონტრაქტის კონკრეტული პირობების 6.1 პუნქტის თანახმად, გათვალისწინებული იყო ჯარიმა ვადის გადაცილებისთვის, რომელიც არ უნდა ყოფილიყო კონტრაქტის საბოლოო ფასის 10 %-ზე მეტი. კონტრაქტი ასევე ითვალისწინებდა, შპს „ა------------–ის“ მიერ საბანკო გარანტიის წარდგენას. ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, შპს ,,ა------------–მა“ მთლიანი სამუშაო ვერ შეასრულა დათქმულ ვადაში და ამ ვადის გადაცილებაში მას ბრალი არ მიუძღვის. ვადის გადაცილებას ჰქონდა ობიექტური მიზეზები, რაც გამოიხატა ნალექიანი ამინდების სიჭარბეში სამუშაოთა წარმოების პერიოდში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტებით დგინდება, რომ 2014 წ. მარტი, აპრილი მაისი, ივნისი, ივლისი აგვისტო, სულ 104 დღე იყო ნალექიანი ამინდი. წვიმიანი ამინდის შემდეგ აუცილებელია სამუშაო მონაკვეთის გაშრობა და გაწმენდა, რასაც რამდენიმე დღე ჭირდება. ამ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, შპს „ა------------–ი“ მოკლებული იყო შესაძლებლობას წვიმიანი ამინდების დროს ეწარმოებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ დამკვეთისათვის ცნობილი იყო სამუშაო ობიექტზე რთული კლიმატური პირობების შესახებ, დამკვეთი - კატეგორიულად მოითხოვდა შპს „ა------------–ის“ მხრიდან სამუშაოს 2014 წლის 30 აპრილისთვის დასრულებას, თან პროექტის სრული დაცვით. პროექტის ნაკლოვანებების გამო, რაც გამომჟღავნდა უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას, შპს „ა------------–ს“ დასჭირდა დიდი მოცულობის დამატებითი, აუცილებელი სამუშაოების შესრულება, რამაც ხელი შეუშალა დათქმულ ვადაში, 2014 წლის 30 აპრილისთვის სამუშაოების შესრულებას. შპს „ა------------–ის“ მიერ სამუშაოთა დათქმულ ვადაში დაუსრულებლობა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზებით - რთული კლიმატური პირობებით და პროექტის არასრულყოფილებით. პროექტის მიმართ არ იყო ჩატარებული გეოლოგიური კვლევა, მიწისქვეშ გადიოდა მაღალი ძაბვის კაბელები, რაც გამოვლინდა საქმის წარმოებისას და ამდენად, შპს „ა------------–ს“ ბრალი არ მიუძღვის ვადის დარღვევაში. შესაბამისად, არასწორია დამკვეთის გადაწყვეტილება შპს „ა------------–ისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრების სახით - საჯარიმო თანხის და საგარანტიო თანხის ანგარიშიდან ჩამოჭრის შესახებ.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხე მხარემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა და განმარტა, რომ მოსარჩელეს 2013 წლის 6 ნოემბრიდან უამინდობის მოტივით ორჯერ გაუგრძელდა სამუშაოების დასრულების ვადა. ხოლო კონტრაქტის №3 დამატებით (2014 წლის 14 მარტი) მოსარჩელემ აღიარა რომ ვერ დაასრულა სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში და წარმოადგინა წინადადება სამუშაოების ვადის გაგრძელების თაობაზე 2014 წლის 30 აპრილამდე და ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად დამატებით უპირობო საბანკო გარანტიას 500 000 ლარის ოდენობით.

4. მოსარჩელის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების ბრალეულად დროულად შეუსრულებლობამ, გამოიწვია ქალაქ წ---–-------ს დატბორვა, მოსარჩელის მხრიდან დაუდევრობა და სამუშაოსადმი გულგრილი დამოკიდებულება გახდა ქალაქის დატბორვის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. მოსარჩელე ცდილობს ჩვეულებრივი სამშენებლო პროცედურა წარმოაჩინოს ისე თითქოს აღნიშნულ ცვლილებებს შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა ვადის გადაცილებაზე, მოსარჩელე მხოლოდ ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. არცერთ ვადის ცვლილების დოკუმენტში ასახული არ არის სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევის საფუძვლად პროექტში ცვლილება დამატებითი სამუშაოების თაობაზე. როდესაც მოსარჩელეს მოუხდა 8 სმ ბეტონის ნაცვლად 20 სმ სისქის ბეტონის ჩასხმა, მას პროექტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოების შესრულება აღარ მოთხოვეს, შესაბამისად სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო დრო ამით იქნა დაბალანსებული.

5. 2014 წლის 6 მარტს შპს „ა------------–მა“ თხოვნით მიმართა შემსყიდველს, ობიექტის დასრულების თარიღის 2014 წლის 30 აპრილამდე გადაწევის შესახებ, ამასთან მიუთითა, რომ მიუხედავად ყოველგვარი ხელშემშლელი გარემოებისა ეს ვადა იქნებოდა ობიექტის დასრულების საბოლოო თარიღი, ხოლო აღნიშნულის უზრუნველსაყოფად იკისრებდა 500 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარმოდგენას. აღნიშნული წერილის საფუძველზე გაფორმდა №3 კონტრაქტის დამატება, რომლის მეორე პუნქტის თანახმად კონტრაქტის 49.1 პუნქტს დაემატა შემდეგი სახის ჩანაწერი: კონტრაქტორი წარმოადგენს დამატებით უპირობო გამოთხოვად საბანკო გარანტიას წინამდებარე კონტრაქტის დამატება №3-ის ხელმოწერის დღიდან 20 კალენდარულ დღეში 500 000 ლარის ოდენობით, მოქმედების ვადით 2014 წლის 28 მაისი. დამკვეთს უფლება აქვს აღნიშნული გარანტია გამოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორი, ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულებას 2014 წლის 30 აპრილამდე. არავითარი დამატებითი გარემოება არ იქნება დამკვეთის მიერ გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელებისთვის. სწორედ აღნიშნული შეთანხმება განხორციელდა მხარეებს შორის და გაუგებარია, რა კავშირშია ხელშეკრულების შეწყვეტა საბანკო გარანტიის გამოთხოვასთან, რომელიც არც ხელშეკრულებით და არც მოქმედი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტის თანახმად დგინდება, რომ მოსარჩელემ ობიექტის რეაბილიტაცია დაასრულა ვადის გადაცილებით - 2014 წლის 9 ოქტომბერს.

6. შპს „ა------------–მა“ ბრალეული ქედებით ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება დადგენილ მოთხოვილ ვადაში, შესაბამისად მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება კანონშესაბამისია, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

სარჩელის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით: ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,ა------------–ის“ სარჩელი. დაეკისრა მოპასუხეს შპს ,,ა------------–ის“ სასარგებლოდ 393,667.00 ლარის გადახდა. სხვა ნაწილში შპს ,,ა------------–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. შპს ,, ,,ა------------–ის“ მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 2202.54 ლარი, შპს ,,ა------------–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მოპასუხეს.

8. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2012 წლის 27 დეკემბერს შპს „ა------------–ის“ საქართველოს ფილიალსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის, დაიდო ხელშეკრულება ქ. წ---–-------ში „ც---------“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ.

9. 2012 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულებით, შპს ,,ა------------–ს“ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2013 წლის ნოემბერში. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე (კლიმატური პირობები და სხვა გაუთვალისწინებელი დამატებითი სამუშაოები), შემკვეთმა-მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რამდენჯერმე გაუგრძელა ვადა შპს „ა------------–ს“ და საბოლოო ვადად, კონტრაქტის დამატება №3-ით განისაზღვრა 2014 წ. 30 აპრილი.

10. 2013 წლის 20 ნოემბერს, ხელშემკვრელ მხარეთა შორის, გაფორმდა კონტრაქტის დამატება №1, რომლის მიხედვითაც კონტრაქტის ჯამური ღირებულება 4,148,257.66 ლარი შემცირდა 278,154.18 ლარით და შესაბამისად, კონტრაქტის საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 3,870,103.48 ( სამი მილიონ რვაასსამოცდაათი ათას ასსამი და 48) ლარი, დღგ-ს ჩათვლით; მთლიანი სამუშაოების დასრულების თარიღი განისაზღვრა 2013 წლის 6 ნოემბრამდე.

11. საქმეზე დართული კონტრაქტის დამატება №2 (შემდგომში „კონტრაქტის დამატება №2) გაფორმდა 2014 წლის 15 იანვარს. მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: „მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილი თარიღი: 2013 წლის 26 დეკემბერი“, შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილი თარიღი: 2014 წლის 31 იანვარი.“ დამატებაში მითითებული იქნა, რომ დასრულების თარიღი არ იქნებდა მომავალში გაგრძელებული. ამ თარიღის შემდეგ ცუდი კლიმატური პირობები არ იქნებოდა განხილული საკომპენსაციო გარემოებად. ასევე მიეთითა, რომ 2014 წლის 31 იანვრის შემდეგ კონტრაქტის კონკრეტული პირობების 46.1 მუხლის თანახმად, კონტრაქტორმა უნდა გადაიხადოს ჯარიმა, რომელიც შეადგენს კონტრაქტის საბოლოო ღირებულების 0.1%, თუ ჯარიმის თანხა მიაღწევს კონტრაქტის საბოლოო ღირებულების 10 %, კონტრაქტი შეიძლება იქნეს შეწყვეტილი. წინამდებარე კონტრაქტის დამატება №2 წარმოადგენს 2012 წლის 27 დეკემბერს დადებული №I----------------------- კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს.

12. დადგენილი იქნა, რომ საქმეზე დართული კონტრაქტის დამატება №3 (შემდგომში „კონტრაქტის დამატება №3) გაფორმდა 2014 წლის 14 მარტს. მხარეები შეთანხმდნენ და მთლიანი სამუშაოების დასრულების თარიღად განსაზღვრეს 2014 წლის 30 აპრილი.

13. კონტრაქტის კონკრეტული პირობების 49.1 ქვე-მუხლს დაემატა შემდეგი ჩანაწერი: კონტრაქტორი წარმოადგენს დამატებით უპირობო გამოთხოვად საბანკო გარანტიას წინამდებარე კონტრაქტის დამატება №3-ის ხელმოწერის დღიდან 20 (ოცი) კალენდარულ დღეში 500,000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, მოქმედების ვადით 2014 წლის 28 მაისი, დამკვეთს უფლება აქვს აღნიშნული გარანტია გამოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორი ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დასრულებას 2014 წლის 30 აპრილს. არავითარი დამატებითი გარემოება არ იქნება დამკვეთის მიერ გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელებისთვის. კონტრაქტორის მიერ წარდგენილი ვალდებულების წერილი №107 დათარიღებული 2014 წლის 6 მარტით, თანდართული განახლებული სამუშაოების მეთოდოლოგიით, კალენდარული გრაფიკით და შემოთავაზებული მშენებლობის მენეჯერის რეზიუმეთი, რომელიც წარმოადგენს დამატება №3-ის განუყოფელ ნაწილს.

14. დამატება №3 წარმოადგენს 2012 წლის 27 დეკემბერს დადებული №I----------------------- კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს.

15. დადგენილი იქნა, რომ 2014 წლის 09 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა N4 დამატება, რომლითც კონტრაქტის ჯამური ღირებულება 3,870,103.48 ლარი შემცირდა 58,176.49 ლარით და კონტრაქტის საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 3,811,926.99 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;

16. გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილით დადგენილი იქნა, რომ წ---–-------ში მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ მიმდინარეობს, ამიტომ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ,,გარემოს ეროვნული სააგენტოსა’’ და შპს ,,ა------------–ს’’ შორის 2013 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული ფასიანი მომსახურების შესახებ №ფმ-1/252 ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ა------------–ს’’ მიეწოდა უახლოესი ქ. ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემები 2013 წლის 01 მაისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ნალექიან დღეთა რაოდენობის შესახებ; უახლოესი, ქ. ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, 2013 წლის 01 მაისიდან 11 ოქტომბრამდე ნალექი აღინიშნა 12; 13; 14; 17; 21; 26; 29 მაისს; 2; 3; 4; 6; 7;10; 11; 15; 18; 19; 20; 21; 22 ივნისს; 2; 3; 4; 9; 11; 12; 16; 17; 18; 19; 20; 21; 22; 23; 24; 28; 29; 30; 31 ივლისს; 3; 4; 5; 6; 8; 9; 13; 18; 19; 20; 25; 28 აგვისტოს; 1; 2; 3; 5; 6; 9; 10; 16; 21; 22; 23; 24; 25; 26; 28; 30 სექტემბერს; 1; 3; 4; 5; 6 ოქტომბერს. -2013 მაისი: 12; 13; 14; 15; 17; 18; 21; 22; 26; 27; 29; 30 (12 დღე); 2013 ივნისი: 2; 3; 4; 5; 6; 7; 8; 10; 11; 12; 15; 16; 18; 19; 20; 21; 22; 23 (18 დღე);2013 ივლისი: 2; 3; 4; 5; 9; 10; 11; 12; 13; 16; 17; 18; 19; 20; 21; 22; 23; 24; 25; 28; 29; 30; 31 (23 დღე); 2013 აგვისტო: 1; 3; 4; 5; 6; 7; 8; 9; 10; 13; 14; 18; 19; 20; 21; 25; 26; 28; 29 (18 დღე); 2013 სექტემბერი: 1; 2; 3; 4; 5; 6; 7; 9; 10; 11; 16; 17; 21; 22; 23; 24; 25; 26; 27; 28; 29; 30 (22 დღე); 2013 ოქტომბერი: 1; 3; 4; 5; 6; 7 (7 დღე); ჯამი: 100 დღე;

17. დადგენილი იქნა, რომ შპს ,,ა------------–ის” დირექტორმა წერილით მიმართა EPTISA-ს

(მშენებლობაზე ზედამხედველობის ჯგუფი) უფროსს ნ-----–---- ბ--------–ს და განმარტა სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შეფერხების მიზეზი, რომელიც №645 წერილში ეფუძნება 01.03.2013 – 18.08.2013 პერიოდისათვის ამინდის მონაცემებს, რომელიც

მოცემულია EPTISA-ს დღიურ მოხსენებაში. შპს ,,ა------------–მა’’ მრავალჯერ აღნიშნა წერილში, რომ მეტეოროლოგიის შეთავაზებით ერთი არხი დახურული იქნებოდა წყლისგან სამშენებლო სამუშაოს მსვლელობის განმავლობაში, რაც არ გამართლდა და სწორედ ეს წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მიზეზს თუ რატომ იქონია ცუდმა ამინდმა დიდი ზეგავლენა განრიგზე. სწორედ ცუდი ამინდის გამოა საჭირო 100 საავარიო დღის გაგრძელება. ასევე შპს ,,ა------------–ი’’ გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ მოხდებოდა დღეების დაქვითვა სადაც პროექტის დრო არ იყო სათანადოდ გამოყენებული. პროექტის დაგვიანება წარმოადგენს ლიკვიდაციის ზარალის საგანს, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების 46 მუხლით და თუ ეს დღეები იქნება დაქვითული მაშინ ეს ნიშნავს, რომ შპს ,,ა------------–ი’’-მა უნდა გადაიხადოს ზარალისათვის ორმაგი თანხა ანუ დღეების რაოდენობა, რომელიც წარმოადგენს ორმაგი ჯარიმის საგანს.

18. დადგენილი იქნა, რომ შპს ,,ა------------–ის’’ დირექტორი 2013 წლის 23 წერილით ითხოვს დამატებითი ვადის მიცემას, ხოლო იმავე წლის 24 დეკემბრის წერილით დამკვეთს აწვდის ინფორმაცის ობიექტზე მიწის ქვეშ შპს ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის კაბელის არსებობის შესახებ, რაც იწვევს სამუშაოთა წარმოების შეფერხებას.

19. შპს ,,ა------------–ის’’ დირექტორმა 2014 წლის 10 აპრილს წერილით მიმართა EPTISA-ს (მშენებლობაზე ზედამხედველობის ჯგუფი) უფროსს ნ-----–---- ბ--------–ს და აცნობა სარეაბილიტაციო არხის B-5-8 სექციის (PK 20+51-PK 24+94) კედლების ქვეშ არსებული გრუნტის განადგურების შედეგად განხორციელებული დამატებითი სამუშაოების შესახებ.

20. დადგენილი იქნა, რომ 2013 წლის 09 ოქტომბრის წერილით დამკვეთმა შპს ,,ა------------–ს“ მოთხოვა, ქ. წ---–-------ში ე.წ. „ც---------“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, კონტრაქტის დამატება #3 საფუძველზე, ნაკისრი საბანკო გარანტიის სახით -500 000 (ხუთასი ათასი) ლარის წარმოდგენა.

21. 2014 წლის 21 მაისს სს ,,ს----------------მა“ შეასრულა შპს ,,ა------------–ს’’ და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის საგარანტიო წერილის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულება და 286 500,0 აშშ დოლარი გადაირიცხა მუნიციპალური განვითარების ფონდის ანგარიშზე.

22. დადგენილი იქნა, რომ 2012 წ. 27 დეკემბერს „ა------------–ის“ საქართველოს ფილიალსა

და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის, დადებული ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის მოტივით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, 2014 წლის 3 ივლისს და 2014 წლის ოქტომბერში, შპს „ა------------–ს“ ჯარიმის სახით ჩამოეჭრა 393, 667.00 ლარი.

23. საქმეზე დართული მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილი იქნა, რომ 09.10.2014 წელს შპს „ა------------–მა“ დაასრულა ქ. წ---–-------ს ,,ც---------" გამავალი არხების რეაბილიტაციის სამუშაოები 2014 წლის 8 სექტემბერს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ჩაიბარეს დამთავრებული სამუშაოები. სასამართლოს მითითებით: დასრულებული სამუშაოები პასუხობს ყველა სამშენებლო ნორმებს. ამასთანავე შემსრულებელს ეკისრება პასუხისმგებლობა, სამუშაოთა დასრულებიდან 365 დღის განმავლობაში უზრუნველყოს დაფიქსირებული დეფექტების აღმოფხვრა, რის შემდეგაც გაფორმებულ იქნეს შესაბამისი ოქმი დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის გასვლის თაობაზე.

24. დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის ვადის გასვლის თაობაზე 2015 წლის 19 ნოემბრის ოქმით დადგენილი იქნა, რომ - ხელის მომწერმა პირებმა (მხარეები) შეადგინეს აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ კონტრაქტის №I----------------------- საფუძველზე შემსრულებელმა (კონტრაქტორი): შპს „ა------------–მა" 2014 წლის 9 სექტემბერს დაასრულა ქ. წ---–-------ს „ც---------“ და ტბიდან გამყვანი არხების რეაბილიტაცია. შემსრულებელთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამუშაოთა დასრულებიდან გავიდა 365 დღე, რის საფუძველზეც შემსრულებელს (შპს „ა------------–ი“) გაუვიდა დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი.

25. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელე შპს „ა------------–ის“ წარმომადგენლების არგუმენტები შპს „ა------------–ს“ და მუნიციპალური განვითარების ფონდს, შორის 2012 წ. 27 დეკემბრის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო,პირგასამტეხლოს სახით - 393.667 ლარის გადასახდელად დაკისრების არამართებულობის შესახებ და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ვადის გადაცილება გამოწვეულია საპატიო მიზეზებით (რთული მეტეოროლოგიური პირობები, პროექტის არასათანადოდ მომზადება), რის გამოც მხარეებმა ნებაყოფლობით გააფორმეს კონტრაქტის არაერთი დამატება, ხოლო მოპასუხემ შესრულების სახით მიიღო, ნივთობრივად უნაკლო ნივთი, რაც გამორიცხავს სკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს მოთხოვნას. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის, მოპასუხე შპს „ა------------–ის“ სასარგებლოდ, საგარანტიო თანხის - 286.500 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა 500,000.00 ლარში) დაკისრებას სასამართლომ სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია.

26. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ შპს „ა------------–ის“ სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში საფუძვლიანად, ხოლო საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნების ნაწილში - უსაფუძვლოდ მიიჩნია.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

27. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული, როგორც შპს „ა------------–ის“, ისე სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. 27. აპელანტმა შპს „ა------------–ის“ წარმომადგენელმა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა. მოსარჩელე მხარე არ იზიარებს სასამართლოს პოზიციას, საბანკო გარანტიის სამართლებრივ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ რადგან დადგენილია შპს ,,ა------------–ის“ არაბრალეულობა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებაში, შესაბამისად მოსარჩელისათვის მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრება საბანკო გარანტიის თანხის ჩამოჭრის გზით ეწინაღმდეგება სამოქალაქო კანონდებლობით განსაზღვრულ სამართლიანობის ზოგად პრინციპს - ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დაუშვებლობის თაობაზე.

28. აპელანტის სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ა------------–ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. მისი განმარტებით: სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, აპელანტისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ სსიპ-საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა, რაც შპს ,,ა------------–ისათვის" პირგასამტეხლოს/ საჯარიმო სანქციების გამოყენების საფუძველი გახდა, გამოიწვია კომპანიის ბრალეულმა ქმედებებმა, კერძოდ კომპანია აწარმოებდა საქმიანობას უხარისხო მასალის გამოყენებით შესაბამისი სტანდარტების დაცვის გარეშე, რაც შემდეგში აუცილებელს ხდიდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოთა თავიდან გაკეთებას, ანუ ძველის მონგრევას და მის ნაცვლად სამუშაოს თავიდან შესრულებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უტყურად დასტურდებოდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებებით; ყოველივე აღნიშნული კი თავის მხრივ ცხადყოფს, რომ სახეზე იყო მართლსაწინაარმდეგო, ანუ ბრალეული მოქმედებით დამდგარი ზიანი.

29. მართალია, საბოლოდ მისაღები პროდუქტი ნივთობრივად უნაკლო იყო, მაგრამ აღნიშნული მხოლოდ დამკვეთის ყოველდღიური კონტროლით იქნა მიღწეული, მან აიძულა შპს ,,ა------------–ი" შეესრულებინა ხელშეკრულების საგანი, თუმცა, ამისთვის საჭირო გახდა კონტრაქტით გათვალიწინებულზე მეტი დრო, რადგან ერთხელ შესრულებულის მეორედ შესრულების აუცილებლობა ვადის დარღვევის საპატიო გარემოებას არ წარმოადგენს, რაც სასამართლოსაც არ უნდა გაეზიარებინა.

30. გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან არ ჩანს თუ რატომ ჩათვალა სასამართლომ უდავოდ დადგენილ ჭეშმარიტებად ის გარემოება, რომ სსიპ გარემოს სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით თუ ქალაქ ქუთაისში წვიმდა აუცილებლად წვიმა უნდა ყოფილიყო ქალაქ წ---–-------შიც მით უფრო ისეთ ვითარებაში, როცა დამკვეთი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

31. დაუსაბუთებელია თუ რატომ გაიზიარა სასამართლომ ის, რომ წ---–-------ში 2014 წლის 23 იანვრიდან 31 იანვრამდე ცუდი ამინდი იყო, რითაც შპს ,,ა------------–ი" ამართლებდა სამუშაოთა შეჩერებას, მაშინ როდესაც ზედამხედველი თავისი წერილით საწინააღმდეგოს ამტკიცებდა და თანაც აღნიშნულს ამყარებდა თანმხვედრი მტკიცებულებებით, კერძოდ: ზედამხედველის წერილში მითითებულია: ,,ვწუხვართ გაცნობოთ, რომ არ ვეთანხმებით თქვენს განცხადებას-იგულისხმება სამუშაოთა შეჩერება ცუდი ამინდის გამო 23 დან 31 იანვრამდე, რადგან უქმეებზე ვმუშაობდი ჩვენს ოფისში და არ ყოფილა ცუდი ამინდი გარდა მცირედი წვიმისა 15 წუთის განმავლობაში. გუშინ, 26 იანვარს, შაბათს 25 იანვარს იყო იყო კარგი, მზიანი ამინდი, დღეს არის გაშლილი ღრუბლიანი ამინდი წვიმის გარეშე და წყლის დაბალი დინება არხში.“

32. 2014 წლის 21 მაისს, შპს ,,ა------------–მა" წერილობით მიმართა ზედამხედველს და მოითხოვა ვითომდაც შესრულებულ სამუშაოთა დასრულებასთან დაკავშირებით სერტიფიკატის გამოცემა. ერთობლივი შემოწმების პროცესში, რომელშიც შპს ,,ა------------–ის" წარმომადგენელიც მონაწილეობდა, ანუ 2014 წლის 22 მაისს აღმოჩნდა, რომ სამუშაოები, კერძოდ ტბის გაწმენდა დაახლოებით 1000 კუბ. მ დანალექი გრუნტისგან არ იყო შესრულებული, ამასთან ტბის დამბა, რომელიც თავის დროზე თვით შპს ,,ა------------–ის" მიერ თვითნებურად, ზედამხედველთან შეუთანხმებლად იყო გაჭრილი, არ იყო აღდგენილი, ასევე #2 ჰიდრო კვანძის საყრდენ კედელზე არ იყო მოწყობილი სავალი ბილიკი და მოაჯირი, მარჯვენა არხზე არ იყო მოწყობილი სადრენაჟე ხვრელები და აშ;

33. შესაბამისად დგინდება, შპს ,,ა------------–ის" მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულებიდან გამომდინარე კონტრაქტის ვადების სისტემატიურად დარღვევის ფაქტი და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის გამართლებასთან დაკავშირებით, შპს ,,ა------------–ი"-ს მხრიდან არაბრალეული მოქმედებით.

34. აპელანტის მითითებით: 1)კონტრაქტის #1 ცვლილება განხორციელდა 2013 წლის 20 ნოემბერს და მას საფუძვლად დაედო საზედამხედველო კომპანიის მიერ მიღებული ცვლილება კლიმატური პირობების გამო სამუშაოთა დასრულების ვადის გადაწევის თაობაზე ერთი თვითა და 20 დღით, მაგრამ ეს იყო მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენის საფუძველზე შეთანხმება, რასაც ამ პერიოდზე საჯარიმო სანქციები არ უნდა მოჰყოლოდა და არც მოჰყოლია კიდეც. ამასთან, შემცირდა რა სამუშაოთა მოცულობა 278, 154.18 ლარით მას დაემატა ბალასტის მოცულობა ცივ ტბასთან დროებითი გზის მოსაწყობად, თანაც მხარეთა მიერ, ასევე თავისუფალი გამოვლენილი ნების საფუძველზე, მხარეები საამისოდ დადგენილი წესით შეთანხმდნენ იმაზეც, რომ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დასრულების ვადის შემდეგ თუკი ვადის დარღვევას ექნებოდა ადგილი, კონტრაქტის კონკრეტული პირობების 46.1 მუხლის შესაბამისად შპს ,,ა------------–ი" გადაიხდიდა ჯარიმას კონტრაქტის საბოლოო ღირებულების 0.1 პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე..... 2) არსებული მასალები ცხადყოფს, რომ ამგვარი შეთანხმების მიუხედავად დამკვეთმა მაინც დაუშვა კიდევ ერთი გამონაკლისი, რადგან ცუდი კლიმატური პირობების მოტივით ხელშეკრულების დასრულების ვადამ ხელშეკრულების #2 დამატების საფუძველზე გადაიწია 2014 წლის 31 იანვრამდე. თუმცა, ამავე დროს მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ მასზედ, რომ თუ მომავალში იქნებოდა ცუდი კლიმატური პირობები ეს არ იქნებოდა განხილული საკომპენსაციო გარემოებად და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოუწევდა შპს ,,ა------------–ს" ჯარიმის გადახდა, ისე, როგორც ეს კონტრაქტის კ/პ-ის 46.1 მუხლით იყო განსაზღვული; 3) კონტრაქტის #3 დამატება კი ცხადყოფს, რომ კონტრაქტორმა ვერც დათქმულ დროს, ანუ 2014 წლის 31 იანვარის მდგომარეობით ვერ დაასრულა კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები, მაგრამ თავადვე ითხოვა, რომ არ შეეწყვიტა დამკვეთს მასთან ხელშეკრულება და სამუშაოთა დასრულების ვადის 2014 წლის 30 აპრილამდე გაზრდის შემთხვევაში იკისრა ვალდებულება, რომ წარმოადგენდა დამატებით უპირობო გამოთხოვად საბანკო გარანტიას 500 000 ლარის ოდენობით. 3.1). დამკვეთი-სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დაეთანხმა შპს ,,ა------------–ს" და კონტრაქტის დასრულების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 30 აპრილამდე. თუმცა, ცვლილება არ შეხებია კონტრაქტის 2014 წლის 15 იანვრის #2 დამატების იმ შეთანხმებას, რომლითაც მხარეებმა გამოხატეს ურყევი ნება, რომ 2014 წლის 31 იანვრის შემდეგ ცუდი კლიმატური პირობები არ იქნებოდა განხილული საკომპენსაციო გარემოებად. 3.2). შესაბამისად, ძალაში დარჩა შეთანხმება, რომლითაც ნებისმიერ ვადაგადაცილებულ დღეზე, მათ შორის მაშინაც თუ ცუდ კლიმატურ პირობებს ექნებოდა ადგილი, ანუ ასეთის არსებობის მიუხედავად, შპს ,,ა------------–ს" უნდა გადაეხადა ჯარიმა დამკვეთისათვის კონტრაქტის კონკრეტული პირობის 46.1 მუხლის შესაბამისად კონტრაქტის საბოლოო ღირებულების 0.1 %-ი.....; 4) იგივეს ადასტურებს კონტრაქტის #4 დამატება, რომლის სათავისოდ გამოყენებაზეც სასამართლო განსაკუთრებულად ამყარებს იმედებს, თუმცა მისი შინაარსი ამგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოა, რადგან მხარეები არ შეთანხმებულან სამუშაოთა და კონტრაქტის დასრულების ვადის რაიმე სახით გადაწევა-გადმოწევაზე ან/და შეთანხმებული საჯარიმო სანქციების ოდენობის გადახდის წესისა და პირობების შეცვლაზე, რადგან შეთანხმება შეეხო მხოლოდ საკონტრაქტო ღირებულების უმნიშვნელოდ, კერძოდ 58,179.49 ლარით შემცირებას. ამასთან, ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით მასში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ცვლილება გავლენას ვერ მოახდენდა მთლიანი კონტრაქტის ან მისი ცალკეული კომპონენტის საწყის მიზნებზე და შესრულების დონეზე. ამდენად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლოს მხრიდან დასაბუთების გარეშე აუხსნელია თუ რის საფუძველზე მიიჩნია, რომ თუნდაც 100 დღის მანძილზე ცუდ კლიმატურ პირობებს ჰქონდა ადგილი, რატომ უნდა გამხდარიყო ცუდი კლიმატური პირობების არსებობა შპს ,,ა------------–ისათვის" დაკისრებული საჯარიმო სანქციაზე უარის თქმის საფუძველი.

35. სახეზეა სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ ნების, მათ შორის პირგასამტეხლოს განსაზღვრასთან დაკავშირებით, თავისუფლად გამოვლენის უფლებაში ჩარევის მცდელობა, რაც დაუშვებელია კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში.

36.სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ისიც, რომ გარემოების შეცვლა უპირობოდ არ იწვევს ხელშეკრულების მისადაგების აუცილებლობას მათდამი, რადგან გარემოებების ცვლილებებთან ერთად უნდა არსებობდეს ცალკეული, ანუ სხვა ისეთი გარემოებებიც, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს, როგორც მხარემ ისე სასამართლომ, რომ ხელშეკრულების მხარეს არ მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. არსებული ეროვნული პრაქტიკისა და დოქტრინიდან (მათ შორის ევროპულის) გამომდინარე კი მიჩნეულია, რომ იმ პირობებში, რომელზეც აპელირებს სასამართლო კონტრაქტის ღირებულების შეცვლა-გაზრდა ან შემცირება) შეცვლილ გარემოებად და მისდამი ხელშეკრულების მისადაგების პირობად, რომ იქცეს სახეზე უნდა ყოფილიყო შესრულების, როგორც ფასეულობის არსებითად შემცირება ან საერთოდ მისი მოსპობა, ან/და თუ გაზრდას ექნებოდა ადგილი (რაზეც ასევე აპელირებს სასამართლო), იგი უნდა გამოხატულიყო მისაწოდებელი საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდაში, პროდუქციის უსაფრთხოების მიზნით ძვირადღირებული საწარმოო ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაში და აშ, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, არც ერთ მათგანს ადგილი არ ჰქონებია.

37. არსებული რეალობა ადასტურებს, რომ შპს ,,ა------------–ისთვის" ცნობილი იყო ყველა მოსალოდნელი ცვლილება, შესაბამისად მას არამხოლოდ თავისუფლად შეეძლო განეჭვრიტა ისინი არამედ განჭვრიტა კიდეც მოსალოდნელი შედეგი, რის გამოც სასამართლოს მიერ შეცვლილ გარემოებად მიჩნეული გარემოებები, რეალურად არ არის ის, რაც უფლებას მისცემდა შპს ,,ა------------–ს" უარი ეთქვა ხელშეკრულებეზე. თუმცა, დამკვეთმა, მიუხედავად იმისა, რომ არც ევალებოდა, გულისხმიერება გამოიჩინა შპს ,,ა------------–ის" მიმართ და მიიღო მისი შეთავაზება, რაც გაფორმდა კიდეც საამისოდ დადგენილი წესით. ანუ, მხარეებმა ისარგებლეს რა სკ-ის 319.1-ე მუხლით ხელშეკრულების თავისუფლად დადების და მისი შინაარსის განსაზღვრის თაობაზე უფლებით, ვინაიდან არსებობდა სკ-ის 317.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი ხელშეკრულება, სკ-ის 316.1 მუხლის ძალით დამკვეთს წარმოეშვა უფლება მოეთხოვა ჯარიმის/პირგასამტეხლოს გადახდა შპს ,,ა------------–ისაგან" შეთანხმებული ვადის შემდეგ, მაშინაც თუ ცუდი მეტოროლოგიური პირობებს ექნებოდა ადგილი. ანუ, სახეზეა სკ-ის 398.1 მუხლში ნახსენები ისეთი ,,ცალკეული გარემოება", რომლის გამოც იგი უარს ვერ იტყოდა ვერც ხელშეკრულებაზე და ვერც თავს აარიდებდა ხელშეკრულების მკაცრად დაცვას.

38. აღსანიშნავია, ისიც, რომ 2014 წლის 29 მარტს წ---–-------ში მოხდა დატბორვა, რასაც შეეძლო გამოეწვია დიდი ზარალი და ადამიანების დაღუპვაც, ამის მიზეზად მოსარჩელე დამკვეთს ასახელებს, თუმცა ზედამხედველის 2014 წლის 2 აპრილის # EPT/IRDP II-0404 წერილიდან ირკვევა, რომ გასულ თვეებში ე.წ ,,პროგრესის შეხვედრებზე“ არაერთხელ მიეცა სიტყვიერი და წერილობითი მითითება შპს ,,ა------------–ს", რომ თავიდან აეცილებინა ქვიშის დაყრა წყალსაშვზე, ასევე გაეკეთებინა შესაბამისი მეტალის ბარიერები მარცხენა წყალსაშვზე, მაგრამ ამაოდ. შესაბამისად, ვინაიდან ევალებოდა და არ შეიმუშავა წყალდიდობის აცილების მეთოდი შპს ,,ა------------–მა" ვერ უზრუნველყო დატბორვის თავიდან აცილება (იხ. დან. #16). ამის შესახებ, ზედამხედველი ჯერ კიდევ 2014 წლის 13 თებერვალს ( იხ. # EPT/IRDP II-0371 წერილი) აფრთხილებდა შპს ,,ა------------–ს" , რაც თავის მხრივ დასტურდება ახსნა-განმარტებაზე დართული დანართი #17-ით;

39. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა დამკვეთის მიერ ზედამხედველთან შეუთანხმებელ და უხარისხოდ სამუშაოთა შესრულებას, კერძოდ, როგორც ზედამხედველმა მისწერა წერილობით (იხ.EPT/IRDP II-0371 წერილი) შპს ,,ა------------–ს" და სხვა შესაბამის სუბიექტებს, ,,ა------------–მა" 2014 წლის 30 აპრილს განახორციელა ბეტონის ჩასხმა ტექნიკური დარღვევით, კერძოდ ფუძის ნიშნული არ ემთხვეოდა საპროექტო ნიშნულს, ფუძის მომზადება გაკეთებული იყო რბილ გრუნტზე, ბეტონის მარკა იყო დაბალი, რადგან ჩასხმიდან 14 საათის შემდეგაც კი არ იყო გამკვრივებული და ფეხის დაჭერით ირღვეოდა და ა.შ. ყოველივე ამის გამო 2014 წლის 16 მაისს ზედამხედველი იძულებული გახდა შეტყობინება გაეკეთებინა შპს ,,ა------------–ისათვის," რომ, ვინაიდან მას არ შესწევდა უნარი დაესრულებინა პროექტი, დამკვეთს არ დარჩა სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ აემოქმედებინა საჯარიმო სანქციები და გამოეთხოვა საბანკო გარანტია.

40. აღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე სახეზეა შპს ,,ა------------–ის'' მხრიდან ვადის გადაცილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოც მტკიცება იმისა, რომ შპს ,,ა------------–ის" ბრალეულობა არ იკვეთება და, რომ საპატიო მიზეზით ვერ შეძლო კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - უსაფუძვლოა.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

41. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალათა გაცნობის, მხარეთა ახსნა განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს „ა------------–ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შპს „ა------------–ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „ა------------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ უნდა დაეკისროს შპს „ა------------–ის“ სასარგებლოდ 382 050 ლარის გადახდა; შპს „ა------------–ის“ სარჩლის დაკმააყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

ფაქტობრივი დასაბუთება:

42. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2012 წლის 27 დეკემბერს შპს „ა------------–ის“ საქართველოს ფილიალსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის, დაიდო ხელშეკრულება ქ. წ---–-------ში „ც---------“ და ტბიდან გამყვანი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. კერძოდ ტბის გაწმენდა ნალექებისაგან, ტბიდან გამყვანი არხების ნაპირების გაწმენდა - მოპირკეთება და კოლექტორების მოწყობა ქ. წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში. შპს ,,ა------------–ს“ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2013 წლის 6 ნოემბერს. კონტრაქტის ზოგადი პირობების 46.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ ობიექტის დასრულების ვადის გადაცილების ჯარიმა შეადგენს 0.1 პროცენტს თითოეულ გადაცილებულ დღეზე, მთლიანად ობიექტზე ვადაგადაცილების ჯარიმის მაქსიმალური თანხა კონტრაქტის საბოლოო თანხის 10%-ს შეადგენს. (ტ.1. ს.ფ. 18-36);

43. ხელშეკრულების 39-ე მუხლით მოწესრიგდა საკითხი იმის შესახებ, თუ რა არის გადახდის სერთიფიკატი, ასევე მისი წარმოების წესი; 39.2. პუნქტის თანახმად: პროექტის მენეჯერმა უნდა შამოწმოს კონტრაქტორის ყოველთვიური ანგარიშები და სერთიფიკატით დაამოწმოს კონტრაქტორისათვის გადასახდელი თანხა. (ტ.1. ს.ფ.28).

44. ხელშეკრულების 1.1. „ზ“ პუნქტის თანახმად: „დასრულების თარიღი ნიშნავს სამუშაოთა დასრულების თარიღს, რომელიც დამტკიცებულია პროექტის მენეჯერის მიერ, „კონტრაქტის ზოგადი პირობების“ 52.1. პარაგრაფის შესაბამისად“. აღნიშნული პარაგრაფის (52.1.) თანახმად კი ობიექტის დასრულებისას კონტრაქტორმა უნდა მოთხოვოს პროექტის მენეჯერს ობიექტის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატის გაცემა, მენეჯერმა უნდა გასცეს ამგვარი სერთიფიკატი, როდესაც დარწმუნდება, რომ ყველა სამუშაო დასრულებულია; (ტ.1. ს.ფ.30).

45. საქმეში, ტ.2. ს.ფ. 3-7-ზე განთავსებულია შპს „ა------------–ის“ ხელმძღვანელის მიმართავა შემკვეთისადმი, მიმართვის ავტორმა, ცუდი ამინდის გამო ვალდებულების შესრულების ვადის 100 დღით გაგრძელება ითხოვა;

46. 2013 წლის 20 ნოემბერს, ხელშემკვრელ მხარეთა შორის, გაფორმდა კონტრაქტის დამატება №1, რომლის მიხედვითაც კონტრაქტის ჯამური ღირებულება 4,148,257.66 ლარი შემცირდა 278,154.18 ლარით და შესაბამისად, კონტრაქტის საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 3,870,103.48 ( სამი მილიონ რვაასსამოცდაათი ათას ასსამი და 48) ლარი, დღგ-ს ჩათვლით; მითითებულ დოკუმატში აღნიშნულია, რომ ცუდი კლიმატური პირობების გამო, კონტრაქტორმა ითხოვა სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა, რასაც საფუძვლად უდევს ცნობა, გაცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზედამხედველო კომპანია ზემოხსენებული ცვლილებათა ბრძანებით რეკომენდაციას უწევს სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელებას 2013 წლის 26 დეკემბრამდე. სამუშაოების დასრულების თარიღი განისაზღვრა 2013 წლის 26 დეკემბრამდე. (ტ.1. ს.ფ.126);

47. 2013 წლის 23 დეკემბერს, მენარდემ თხოვნით მიმართა შემკვეთს, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო ბეტონის სამუშაოების წარმოება შეუძლებელი გახდა გარკვეული პერიოდით, რის გამოც პროექტის დასრულებისთვის დამატებით ითხოვა ვადა 2014 წლის 28 თებერვლამდე. (ტ.2. ს.ფ.8-13);

48. საქმეზე თანდართული კონტრაქტის დამატება №2 - ის თანახმად დადგენილია, რომ მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილმა თარიღმა გადაიწია 2014 წლის 31 იანვრამდე; მიზეზი: კვლავ ცუდი კლიმატური პირობები იყო; (ტ.1.ს.ფ.128); ასევე მიეთითა, რომ დასრულების თარიღი მომავალში არ იქნება გაგრძელებული, ამ თარიღის შემდეგ ცუდი კლიმატური პირობები არ იქნება განხილული საკომპენსაციო გარემოებად; 2014 წლის 31 იანვრის შემდეგ კონტრაქტის კონკრეტული პირობების 46.1 მუხლის თანახმად, კონტრაქტორმა უნდა გადაიხადოს ჯარიმა, რომელიც შეადგენს კონტრაქტის საბოლოო ღირებულების 0.1%, თუ ჯარიმის თანხა მიაღწევს კონტრაქტის საბოლოო ღირებულების 10 %, კონტრაქტი შეიძლება იქნეს შეწყვეტილი. წინამდებარე კონტრაქტის დამატება №2 წარმოადგენს 2012 წლის 27 დეკემბერს დადებული №I----------------------- კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს. (ტ.1. ს.ფ.128).

49. 2014 წლის 24 იანვარს, მენარდემ კვლავ მიმართა შემკვეთს N34 წერილით და განმარტა, რომ მათი მხრიდან სამუშაოების წარმოება შეჩერებულია შპს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის კაბელის გამო, რომელიც მდებარეობს მარცხენა არხის გაყოლებაზე; სამუშაოების წარმოებაში შეჩერებულია შპს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მხრიდან პასუხის მიღებამდე; კონრტრაქტორმა აღნიშნულ მიზეზზე, ამასთან კვლავ ცუდ ამინდზე მითითებით სამუშაოს შესრულების ვადის 2014 წლის 31 მარტამდე გაგრძელება მოითხოვა. (ტ.2. ს.ფ. 14-15).

50. დადგენილია, რომ საქმეზე დართული კონტრაქტის დამატება №3 მხარეთა შორის გაფორმდა 2014 წლის 14 მარტს. მხარეებმა შეთანხმებით მთლიანი სამუშაოების დასრულების თარიღად განსაზღვრეს 2014 წლის 30 აპრილი. კონტრაქტის კონკრეტული პირობების 49.1 ქვე-მუხლს დაემატა შემდეგი ჩანაწერი: კონტრაქტორი წარმოადგენს დამატებით უპირობო გამოთხოვად საბანკო გარანტიას წინამდებარე კონტრაქტის დამატება №3-ის ხელმოწერის დღიდან 20 (ოცი) კალენდარულ დღეში 500,000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, მოქმედების ვადით 2014 წლის 28 მაისი, დამკვეთს უფლება აქვს აღნიშნული გარანტია გამოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორი ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დასრულებას 2014 წლის 30 აპრილს. არავითარი დამატებითი გარემოება არ იქნება დამკვეთის მიერ გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელებისთვის. დამატება №3 წარმოადგენს 2012 წლის 27 დეკემბერს დადებული №I----------------------- კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს. (ტ.1. ს.ფ. 129).

51. დადგენილია, რომ ყოველი ვადის გაგრძელებისას შემკვეთი შეახსენებდა მენარდეს ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობისთვის მხარეთა შორის არსებულ დათქმას პირგასამტეხლოს თაობაზე; ვადის გაგრძელების ბოლო ორ შეთანხმებაში მხარეები აკეთებდნენ დათქმას იმის შესახებ, რომ უამინდობის მოტივით ვალდებულების შესრულების ვადა აღარ გაგრძელდებოდა და ბოლოს ვალდებულების ვადაში შესრულება მენარდემ არსებულ პირგასამტეხლოსთან ერთად უზრუნველყო საბანკო გარანტიით და შემკვეთს წარუდგინა 500,000 (ხუთასი ათასი) ლარიანი საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფდა სამუშაოების დასრულებას 2014 წლის 30 აპრილისათვის.

52. დადგენილია, რომ 2014 წლის 09 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა N4 დამატება, რომლითაც კონტრაქტის ჯამური ღირებულება 3,870,103.48 ლარი შემცირდა 58,176.49 ლარით და კონტრაქტის საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 3,811,926.99 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;

53. დადგენილი იქნა, რომ დამკვეთმა შპს ,,ა------------–ს“ მოთხოვა, ქ. წ---–-------ში ე.წ. „ც---------“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, კონტრაქტის დამატება #3 საფუძველზე, ნაკისრი საბანკო გარანტიის სახით -500 000 (ხუთასი ათასი) ლარის წარმოდგენა.

54. 2014 წლის 21 მაისს სს ,,ს----------------მა“ შეასრულა შპს ,,ა------------–ს’’ და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის საგარანტიო წერილის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულება და 286 500,0 აშშ დოლარი გადაირიცხა მუნიციპალური განვითარების ფონდის ანგარიშზე.

55. დადგენილი იქნა, რომ 2012 წ. 27 დეკემბერს „ა------------–ის“ საქართველოს ფილიალსა

და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის, დადებული ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის მოტივით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, 2014 წლის 3 ივლისს და 2014 წლის ოქტომბერში, შპს „ა------------–ს“ ჯარიმის სახით ჩამოეჭრა 393, 667.00 ლარი. შემკვეთის პოზიციით, მენარდის მხრიდან ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეულია მენარდის ბრალით, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხე მხარემ სასამართლო წარუდგინა მენარდის მიერ სამუშაოს შესრულებისას განხორციელებული მონიტორინგის მასალები, მიმოწერების ასლები, შესრულებული საქმიანობის ოქმები და სხვა;

 

ამდენად იმ საკითხის ნათელსაყოფად, თუ რომელი მხარის ბრალეულობით მოხდა ვადის გადაცილება და სახელშეკრულებო პირობის დარღვევა სააპელაციო პალატა მიმოიხილავს აღნიშნულ წერილებს:

56. 2013 წლის 04 ივნისს, ზედამხედველობის ჯგუფმა წერილობით მიმართა შპს „ა------------–ს“, განუმარტა, რომ მენარდის საქმიანობა მიმდინარეობს სტანდარტების დაცვისა და საკონტრაქტო მოთხოვნების შესრულების გარეშე, ამასთან აცნობა ზედამხედველობის კონსულტანტის შენიშვნები; შენიშვნები შემდეგი შინაარსისაა: „- თქვენ არ ჩაგიბარებიათ სამუშაოთა გეგმა, რომელიც განახლდება ყოველთვიურად; - თქვენ არ აბარებთ მოთხოვნილ დოკუმენტაციას, როგორიცაა ფორმა 2, წერილები და ა.შ. და დროულად არ რეაგირებთ და არ ასრულებთ პროექტის მოთხოვნებს; - ზედამხედველობის კონსულტანტის სიტყვიერი და წერილობითი ინსტრუქციების მიუხედავად თქვენ არ იცავთ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მოთხოვნებს და თქვენი პერსონალი არ არის აღჭურვილი დამცავი პერსონალურიი საშუალებებით; - 23.05.13-ში თქვენი მუშები იყენებდნენ გამოუსადეგარ, თიხის მასალას მისასვლელი გზის მშენებლობაში, ზედამხედველობის კონსულტანტმა მისცა ინსტრუქცია მასალის გაუმჯობესების შესახებ, თუმცა იგივე მასალა გამოიყენებოდა 27.05.13-მდე; - 27.05.13-ში 8.30-ზე საველე ვიზიტის დროს მგფ-ს წარმომადგენლებმა და ზედამხედველობის კონსულტანტმა შეამჩნიეს, რომ არხის საძირკველის არმირებისას თქვენი მუშები ბეტონს ასხამდნენ სველ, დატბორილ მონაკვეთზე B-4-9-4-10 და მიუხედავად ინსტრუქციისა შეეჩერებინათ სამუშაო ამ მონაკვეთზე (4-5მ) და გაეგრძელებინათ დაბეტონება შესაფერის მონაკვეთზე B-4-1, მათ უგულვებელყვეს ინსტრუქცია და დააგეს ბეტონი დატბორილ მონაკვეთზე; ამგვარი დამოკიდებულება პროექტის მიმართ გამოიწვევს დაგვიანებებს და ხარისხის ნაკლოვანებას, თქვენ არ ემორჩილებით ინსტრუქციებს და არ ითვალისწინებთ პროექტის მოთხოვნებს, ამ მიზეზით თქვენ გეძლევათ მკაცრი ინსტრუქცია გამოასწოროთ შეუსაბამობები და პატივი სცეთ თქვენს საკონტრაქტო ვალდებულებებს, გარდა ამისა ყველა სამუშაოზე, რომელიც არ არის სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში არ განხორციელდება გადახდა“; (ტ.2. ს.ფ.203-205).

57. 2013 წლის 13 სექტემბერს, ზედამხედველობის ჯგუფმა წერილობით მიმართა შპს „ა------------–ს“. წერილის ავტორი მიმართავს კონტრაქტორს ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ სამუშაოების ხარისხი ძალიან დაბალია, მშენებლობის მენეჯმენტი სუსტია და არ სრულდება კონტრაქტი მოთხოვნების შესაბამისად. მთავარი საკითხები, როლებიც საჭიროებენ გადაწყვეტას შემდეგია: 1. ბეტონის დასხმა ხდება დაბალი სიჩქარით, რაც გამოწვეულია ზოგიერთი მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლით, როგორიცაა ვიბრატორი და გენერატორი. 2. ბეტონის მცირე რაოდენობით მოწოდება აღინიშნება 12.19.2013-დან; 3. ბეტონის ხარისხი არ არის კარგი/ შესაბამისი, გამომდინარე იქედან, რომ არ ხდება სათანადო ვიბრაცია და წინასწარი შერევა. 4. ცივ ტბაზე აქტიურობა შეფერხებულია. 5. ყოველგვარი ახსნა განმარტებების გარეშე, სამუშაოები არხის მარცხენა მხარეზე არის შეფერხებული; 6. სამუშაოები შეჩერებულია N2ჰიდრო კვანძზე და N2 საყრდენ კედელზე. 7. მცირე რაოდენობითაა ყალიბები და სამშენებლო მასალები. მოგმართავთ და მოვითხოვთ ამ პრობლემების გადაწყვეტას 20 სექტემბრისათვის. გამოსწორდეს დეფექტები და განახლდეს სამუშაო პროგრამა, სადაც ნაჩვენები იქნება როგორ აპირებთ დროში ჩამორჩენის აღმოფხვრას. აქედან გამომდინარე ჩვენ ველოდებით თქვენგან მივიღოთ დეტალური ახსნა განმარტება და მეთოდოლოგია საუშაოთა დაგვიანების გამოსწორების, იმ შემთხვევაში თუ არ მიიღებთ სასწრაფო ზომებს, ჩვენ არ გვექნება სხვა არჩევანი თუ არა, რომ მივმართოთ დამკვეთს შეწყვიტოს კონტრაქტი;“ . (ტ.2. ს.ფ.214-215).

58. 2013 წლის 16 სექტემბერს, წერილით ზედამხედველობის ჯგუფი აცნობებს მენარდეს, რომ სამუშაოთა ტემპი და ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი; ფაქტობრივად პროექტის მთლიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ბოლო პერიოდის სამუშაოები კიდევ უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს, იმდენად, რომ ბოლო რამოდენიმე დღე ყოველგვარი მიზეზების გარეშე საქმე შეჩერებულია. ხარისხი უფრო დაბალია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამასთანავე თქვენი დაგვიანება ზიანს აყენებს სხვა სამუშაოებს, რომლებიც პარალელურად მიმდინარეობს. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი წერილობითი მოთხოვნები თქვენი ფირმის მიმართ, ისევე, როგორც ზეპირი მითითებები მიმდინარე მშენებლობაზე, სამუშაო პროგრესთან და ხარისხთან დაკავშირებით იგნორირეულია. ამ წერილით გვსურს: 1. განაახლოთ დაუყოვნებლივ სამუშაოები მისაღები ტემპით, ისე, რომ ჩამორჩენა აღდგეს და თავიდან იქნეს აცილებული დაბრკოლებები სხვა პარალელურ სამუშაოებისათვის, ჩვენ მოველით, რომ შევუდგებით სამუშაოებს უმოკლეს ვადაში და გაზრდით სამუსაო ძალას რომ დროში ჩამორჩენა აღმოიფხვრას, ამ აღდგენას მოველით, რომ შესრულდეს ერთ კვირაში 20 სექტემბრისთვის. 2. მოგიწოდებთ გამოასწოროთ ხარისხი და მიუთითოთ თქვენს ჯგუფს გაითვალისწინოს ჩვენი ინსტრუქტორების მიერ მითითებული შნიშვნები. 3. გაცნობებთ, რომ ყველა დაგვიანება ჩაიწერება მომავალი ლიკვიდაციისთვის, თქვენი ხელშეკრულების ძირითადი პირობების, პუნქტი 46-ის მიხედვით. (ტ.2. ს.ფ.217).

59. 2013 წლის 23 ოქტომბრის წერილი შემდეგი შინაარსისაა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ გარკვევით იქნა მოთხოვილი ოფიციალურად, როგორც წერილობით სახით, ასევე ყოველკვირეულ შეხვედრებზე, რომ გამოსწორებულიყო ხარისხი და თავიდან ყოფილყო აცილებული სამუსაოების შეფერხება (წერილები დათარიღებულია 1609.2013, 26.09.2012 და 16.10.2013-ით), ასევე მიუხედავად დამკვეთისა და ჩვენს მიერ გრაფიკის ყოველკვირეულმა წარმოებამ სამუშაოების აქტივობაზე დადებითად არ იმოქმედა, არ აღინიშნება პროგრესი; გარდა ამისა თქვენ ხშირად აფერხებთ სამუშაოების აქტივობებს სასურველ ამინდშიც კი და მიზეზად ასახელებთ ამინდს, ამით ამართლებთ სამუშაოების შეფერხებას, რაც ჩვენი აზრით დაბალი პროფესონალიზმის მაჩვენებელია. გვსურს ვიცოდეთ მიზეზი, თუ რატომაა შეჩერებული სამუშაოები მიმდინარე წლის 22 და 23 ოქტომბერს, მაშინ, როცა კარგი ამინდია, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვალდებული ვართ მოვითხოვოთ დაგვიანებით ზარალის ანაზრაურება კონტრაქტის ზოგადი პირობების საფუძველზე. (ტ.2. ს.ფ.219).

60. 2013 წლის 1 ოქტომბერს, 01 ნოემბერს, 11 ნოემბერს ზედამხედველობის ჯგუფმა კვლავ მიმართა წერილობით მენარდეს, სადაც ამცნობდა, რომ სამუშაოების შესრულების ტემპი კვლავ ძალიან დაბალი იყო. აღნიშნული კი შესაძლებელია მიჩნეული იქნეს პრინციპული ხასიათის დარღვევად. . . (ტ.2. ს.ფ. 220-222);

61. 2013 წლის 19 ნოემბრის წერილის თანახმად: სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ ხელშეკრულების თანახმად თქვენს მიერ უნდა შესრულებულიყო შმდეგი სახის აქტივობები: ა) შესაბამისი ტექნიკის შემოყვანა არხის გასაქმენდად; ბ) მარცხენა არხის ბეტონის სამუშაოების დასრულება; გ) მუშა პერსონალის რიცხოვნობის გაზრდა. ჩამოთვლილი აქტივობების განხორციელება ჯერ არც დაწყებულა; (ტ.2.ს.ფ.223).

62. 2014 წლის 27 იანვრის წერილი შემდეგი შინაარსისაა: „ვწუხვართ გაცნობოთ, რომ არ ვეთანხმებით თქვენს განცხადებას (იგულისხმება სამუშაოთა შეჩერება ცუდი ამინდის გამო 23 დან 31 იანვრამდე), რადგან უქმეებზე ვმუშაობდი ჩვენი საიტის ოფისში და არ ყოფილა ცუდი ამინდი გარდა მცირედი წვიმისა 15 წუთის განმავლობაში გუშინ, 26 იანვარს, შაბათს 25 იანვარს იყო იყო კარგი, მზიანი ამინდი, დღეს არის გაშლილი ღრუბლიანი ამინდი წვიმის გარეშე და წყლის დაბალი დინება არხში. ამდენად, გადაწყვეტილება სამუშაოს შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც მიიღეს თქვენმა მუშებმა მიუღებელია ჩვენთვის და ეს არის გეგმის უარყოფა, რაც მოგეცათ პროგრესის შეხვედრაზე 2014 წლის 22 იანვარს. ყველა სამუშაოს დასრულების თარიღია 2014 წლის 31 იანვარი. ეს ვადა აღარ გაგრძელდება. ამ თარიღის შემდეგ ცუდი ამინდის პირობები არ განიხილება, როგორც გასათვალისწინებელი მოვლენა. ხოლო თუ არ განაახლებთ სამუშაოებს სასწრაფოდ, არ გვექნება სხვა გზა გარდა ვაცნობოთ დამკვეთს შეწყვიტოს თქვენი კონტრაქტი" (ტ.2. ს.ფ.224-225).

აღნიშნულ წერილებზე, რომელშიც სამუშაოს არაჯეროვან შესრულებაზე (ვადის დარღვევით და ხარისხის თვალსაზრისით) მიუთითებდა მუნიციპალური განვითარების ფონდი რაიმე დასაბუთებული, და მყარად არგუმენტირებული პასუხი შპს ,,ა------------–ს" არ გაუცია, ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

63. გამომდინარე აღნიშნულიდან მტკიცებულებების შეჯერებით უტყუარად დასტურდება ფაქტობრივი გარეოება, იმის თაობაზე რომ სამუშაოების ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო შპს „აზარტუნელის“ ბრალით.

64. დადგენილია, რომ 2012 წ. 27 დეკემბერს „ა------------–ის“ საქართველოს ფილიალსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის, დადებული ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის მოტივით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, 2014 წლის 3 ივლისს და 2014 წლის ოქტომბერში, შპს „ა------------–ს“ ჯარიმის სახით ჩამოეჭრა 393, 667.00 ლარი.

 

65. საქმეზე დართული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით რომელიც შედგა მხარეთა შორის 09.10.2014 წელს, შპს „ა------------–მა“ქ. წ---–-------ს ,,ც---------" გამავალი არხების რეაბილიტაციის სამუშაოები ნაცვლად 2014 წლის 30 აპრილისა დაასრულა 2014 წლის 8 ოქტომბრამდე. (ტ.2. ს.ფ.267)

 

საქმეში ტომი 2 ს.ფ. 48 წარმოდგენილია ე.წ. გადახდის სერთიფიკატი, რომელიც 2014 წლის 8 ოქტომბერსაა შედგენილი, ე.ი. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე ერთი დღით ადრე. დოკუმენტის თანახმად: კონტრაქტის საბოლოო ღირებულება არის 3290851,30 ლარი.

 

შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება 3290891,30 ლარი.

 

შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება-0.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეთა მიმართ გაკეთდა შეთავაზება თანახმად საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-3 წინადადებისა თითოეულ მხარეს სასამართლოსათვის წარმოედგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ რამდენს შეადგენს შპს ,,ა------------–ის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება. 2014 წლის 30 აპრილისათვის. (ე.ი. ვადაგადაცილების დაწყების დროისათვის; იმ უდაო ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ საბოლოო ვადად სამუშაოების დასრულებისა მხარეთა შეთანხმებით 2014 წლის 30 აპრილი განისაზღვრა.)

ხოლო რეალურად სამუშაოები დასრულდა და მიღება-ჩაბარების აქტი 2014 წლის 8 ოქტომბრითაა დათარიღებული.

 

შპს ,,ა------------–ის" მიერ წარდგენილ იქნა ე.წ. გადახდის სერტიფიკატი №13, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ 2014 წლის 30 აპრილისათვის (ე.ი. სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის დროისათვის მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ოდენობა შეადგენდა 2404026,71 ლარს. იქედან გამომდინარე რომ შესასრულებელ სამუშაოთა მთლიანი ღირებულება ანუ პროექტის რეალური ღირებულება შეადგენდა 3290851,30 ლარს, შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულება ამ დროისათვის შეადგენდა 3290851,30-2404026,71 ლარი= 1466076,77 ლარს.

 

მართალია გადახდის სერტიფიკატი №13 ასახავს 07.05.2014 მაისის მდგომარეობით ვითარებას (რაც დაახლოებით 6-7 დღით ცდომილებაშია ხელშეკრულების დასრულებისა და ვადაგადაცილების პერიოდიდან (30 აპრილიდან) თუმცა პალატის მოსაზრებით იქედან გამომდინარე, რომ საქმეში წარმოდგენილი არაა მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის დროისათვის ე.ი. 2014 წლის 30 აპრილისათვის თუ ზუსტად რა ოდენობის სამუშაოები ჰქონდა შეუსრულებელი შპს ,,ა------------–ს"-გონივრული და სამართლიანი იქნება სადაო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად სასამართლომ იხელმძღვანელა სწორედ აღნიშნული მტკიცებულებით (სერტიფიკატი №13-ით) რომელიც ყველაზე ნაკლები ცდომილებით (6 დღიანი ვადა) ადასტურებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტობრივ გარემოებას, თუ რა ღირებულების სამუშაოები იყო შეუსრულებელი შპს ,,ა------------–ის" მიერ ხელშეკრულების ვადის ამოწურვისა (30 აპრილი) და დარღვევის, ვადის დასაწყისისათვის ე.ი. 2014 წლის 1 მაისისათვის.

 

შპს ,,ა------------–ის" წარმომადგენელთა განმარტება ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2014 წლის 30 აპრილისათვის გაცილებით მეტი ოდენობის სამუშაოები იყო შესრულებული შპს ,,ა------------–ის" მიერ, ვიდრე ეს გადახდის სერტიფიკატ №13-შია ასახული, ამის დასტურად მათ სასამართლოს წარმოუდგინეს, ფორმა №2-ები. აღნიშნულ მტკიცებულებას პალატა ვერ გაიზიარებს და ვერ შეაფასებს, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ ფაქტზე მითითება მხარეს 1-ლი ინსტანციის სასამართლოში არ გაუკეთებია და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგენია სადაო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად.

 

უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს ,,ა------------–მა" სამუშაოები დაასრულა 2014 წლის 8 ოქტომბერს. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების დასრულების ბოლო ვადად 2014 წლის 30 აპრილი იყო შეთანხმებული.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სამუშაოები შესრულდა შპს ,,ა------------–ის" მიერ და ეს სამუშაოები მიღება-ჩაბარების აქტით ჩაიბარა შპს მუნიციპალური განვითარების ფონდმა. უდავოა ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ვადის გადაცილებამ 2014 წლის 8 ოქტომბერს-2014 წლის 30 აპრილი-158 დღე შეადგინა.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ვადის გადაცილებაში ბრალეული შპს ,,ა------------–ია".

 

აქედან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრება მენარდისათვის, როგორც ბრალეული მხარისათვის უნდა მოხდეს შეუსრულებული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით...ვადაგადაცილების პერიოდთან.

 

დადგენილია, რომ შემკვეთმა მენარდეს არ გადაუხადა (პირგასამტეხლოს სახით დაუკავა) 393 667 ლარი.

 

66. დადგენილია, რომ შესასრულებელ სამუშაოთა საერთო ღირებულება შეადგენდა 3 290 851.30 ლარს (ტ.2.ს.ფ.132); ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი N13 სერთიფიკატით დადგენილია, რომ 2014 წლის 30 აპრილისათვის მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 2 404 026.71 ლარს; ანუ ამ პერიოდისთვის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება იყო 3290851,30 ლარს-2404026,71=886824 და 59 ლარი;

67. სააპელაციო პალატა თვლის, რომ მენარდისათვის მისი ბრალეულობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა განხორციელდეს შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან, ანუ 886824,59 ლარიდან.

პალატა კიდევ ერთხელ დაუბრუნდება დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს:

1)საქმეში ტ. 2 ს.ფ. 132 წარმოდგენილია მხარეთა მიერ ხელმოწერილი და დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტი ქ. წ---–-------ს ც--------- და ტბიდან გამავალი რეაბილიტაციის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რომლის თანახმადაც, ა------------–მა დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეაბილიტაციის სამუშაოები 2014 წლის 8 სექტემბერს.

ამავე აქტს თანახმად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩააბარა დასრულებული სამუშაოები, რომელიც პასუხობდა ყველა სამშენებლო ნორმას.

აქტის თანახმად პროექტის რეალური ღირებულება 3290851,30 ლარს შეადგენდა.

2) გადახდის სერტიფიკატ N13-ის თანახმად 2014 წლის 7 მაისისათვის (ანუ 2014 წლის 30 აპრილიდან ყველაზე მიახლოებული თარიღისათვის) შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება 2404026,71 ლარის ღირებულებისაა.

3) ე.ი. ვადის დარღვევის პერიოდისათვის ანუ 2014 წლის 30 აპრილისათვის შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულება იყო 886824,59 ლარი.

 

საქართველოს საერთო სასამართლოებში დამკვირებული პრაქტიკის და უზენაესი სასამართლოს შესაბამის განმარტებათა თანახმად შპს ,,ა------------–ს“ პირგასამტეხლოს სახით თანხა უნდა დაეკისროს სწორედ ვადის დარღვევის დროისათვის შეუსრულებელ სამუშაოთა ოდენობისა და ღირებულების გათვალისწინებით და არა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებიდან გამომდინარე.

რაკიღა სახელშეკრულებო ვადა უდავოა, რომ ამოიწურა 2014 წლის 30 აპრილს; რადგან უდავოა, რომ სამუშაოების მიღება-ჩაბარება მოხდა (ე.ი. დასრულდა სამუშაოები) 2014 წლის 8 ოქტომბერს ვადის გადაცილებამ შეადგინა 158 დღე.

პალატა ვადის გადაცილებაში ბრალეულად შპს ,,ა------------–ს“ მიიჩნევს: ხოლო თანხა, რომელიც მას ამ ბრალეული დარღვევისათვის უნდა დაეკისროს გაანგარიშებულ უნდა იქნეს სწორედ 886824,59 ლარიდან. ე.ი. ვადის დარღვევის დროს არსებული შეუსრულებელი ვალდებულებებიდან. ხოლო პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად უნდა განისაზღვროს 0,01% აღნიშნულის გათვალისწინებით 886824,59-ის 0,01%=88,6 x 158 დღეზე=13998 ლარს.

68. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პრეტენზია ისიცაა, რომ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან უნდა დაანგარიშებულიყო, საპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, მისი დაანგარიშება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან მხოლოდ სამუშაოთა ნაწილის არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის პირგასამტეხლოს მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. სუსგ. #ას-164-160-2016წ, 28.07.2016წ; #ას-581-2019, 31.07.2019წ).

69. საქმეში, ს.ფ 132-ზე განთავსებული მიღება ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ სამუშაოები მენარდემ დაასრულა 2014 წლის 08 სექტემბერს. შესაბამისად დადგენილია, რომ ვადაგადაცილების პერიოდი შეადგენს 158 დღეს; (2014 წლის 30 აპრილიდან 2014 წლის 08 ოქტომბრამდე);

70. დადგენილია, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ჩაიბარეს დამთავრებული სამუშაოები. მითითებით: დასრულებული სამუშაოები პასუხობს ყველა სამშენებლო ნორმებს.

71. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

72. ხელშეკრულების შეუსრულებლობა ან მისი არაჯეროვანი შესრულება იწვევს პირგასამტეხლოს მხარისათვის დაკისრებას თუ ეს გათვალისწინებულია მხართა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

73. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

74. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

75. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

76. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

77. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

78. სააპელაციო პალატა თვლის, რომ ვალდებულების დარღვევის პერიოდის (158 დღე), მისი ოდენობის (ღირებულება 886824,59) თანაზომიერ პირგასამტეხლოს ოდენობას შეადგენს ამ თანხის 0.01 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში შეადგენს 13 998 ლარს (886824,59 : 100 X 0,01%=88,6 88,6 X 158 დღეზე=13 998 ლარი). პალატას გონივრულად და სამართლიანად მიაჩნია პირგასამტეხლოს სახით 13 998 ლარის დაკავება (დაკისრება) მენარდეზე. დანარჩენი თანხა, რაც შემკვეთმა დააკავა პირგასამტეხლოს სახით და არ გადაუხადა მენარდეს, უნდა დაუბრუნოს უკან უნდა აუნაზღაუროს, ამ თანხის ოდენობა კი შეადგენს 393667 – 13 998 = 379 669 ლარი.

79. რაც შეეხება შპს „აზარტუნელის“ სააპელაციო საჩივარს საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნების თაობაზე, პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ, მათ შორის გაფორმებულ იქნა ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა შესაბამისად, ვალდებულების დარღვევა უზრუნველყოფილ იქნა, როგორც პირგასამტეხლოთი (სკ-ის 417-ე-420-ე მუხლები), ისე _ საბანკო გარანტიით (სკ-ის 879-ე-890-ე მუხლები);

80. დადგენილია ისიც, რომ ნარდობის ხელშეკრულება შესრულდა ვადის გადაცილებით (131 დღე) , მენარდის ბრალით. დადგენილია, რომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე შეთანხმებული თანხა ბენეფიციარს აუნაზღაურა გარანტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლით. მოცემულ შემთხვევაში. დადგენილია, რომ შედავებული არ არის საბანკო გარანტიის ნამდვილობა.

81. სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი განსაზღვრავს საბანკო გარანტიის ელემენტებს და ადგენს, რომ საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის ხსენებული საშუალება გარკვეულწილად მესამე პირის სასარგებლოდ დადებული იმგვარი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს პრინციპალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მისი კრედიტორის ინტერესებს. სამოქალაქო ბრუნვაში საკმაოდ მყარად დამკვიდრებული ხსენებული ინსტიტუტის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი მისი, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის დამოუკიდებლობაა პრინციპალსა და ბენეფიციარს შირის არსებული ვალდებულებისაგან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. გარანტიის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს ბენეფიციარის მოთხოვნის შესრულების წესი, კერძოდ, ამავე კოდექსის 887-ე მუხლი ანაზღაურების წინაპირობას ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დოკუმენტების გარანტიის მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებასა და მოთხოვნის განსაზღვრულ ვადაში წარდგენის ფაქტს უკავშირებს, უფრო მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნა შეწყდა შესრულებით, სხვა საფუძვლით ან თუნდაც ბათილია, ბენეფიციარის მხრიდან განმეორებითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, გარანტს ნაკისრი ვალდებულების უპირობოდ შესრულება ევალება.

82. პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის ინსტიტუტის მარეგულირებელი არცერთი ნორმა არ შეიცავს ბენეფიციარისათვის გარანტიის საფუძველზე გადაცემული შესრულების გამოთხოვის შესაძლებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ ვალდებულება დაირღვა, რომელიც უზრუნვეყოფილი იყო ორი დამოუკიდებელი საშუალებით (პირგასამტეხლო და საბანკო გარანტია). ამდენად, იურიდიულად გაუმართლებელია პრინციპალის მოთხოვნა ბენეფიციარის მიმართ, დააბრუნოს საბანკო გარანტიის საფუძველზე მიღებული შესრულება.

საპროცესო ხარჯი:

83. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

84. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

85. დაეკისროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, შპს „ა------------–ის“ სასარგებლოდ, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 1762.5 ლარის გადახდა.

86. დაეკისროს შპს „ა------------–ს“ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ 210 ლარის გადახდა;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

1. შპს „ა------------–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება შპს „ა------------–ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. შპს „ა------------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. დაეკისროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შპს „ა------------–ის“ სასარგებლოდ 382 050 ლარის გადახდა;

6. შპს „ა------------–ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

7. დაეკისროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, შპს „ა------------–ის“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 1762.5 ლარი.

8.დაეკისროს შპს „ა------------–ს“ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ 210 ლარი;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-9-11 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

11. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ირმა პერანიძე