განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002248171
საქმე №3ბ/1029-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
5 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტები (მოსარჩელეები) - შ------ა ჯ----ა, თ-- მ-----–--ლი;
წარმომადგენელი - სერგო მახარაძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - მა----- კ-------–-ძე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N2------ ბრძანება, შ------ა ჯ----ას თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N8----- ბრძანება, კადრების განკარგულებაში მყოფი შ------ა ჯ----ას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ;
1.3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შ------ა ჯ----ა აღდგენილი იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის პრესცენტრის (სამმართველო) მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ან ტოლფას თანმდებობაზე;
1.4. დაეკისროს მოპასუხეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------ა ჯ----ას გათავისუფლების დღიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ანაზღაურების (ხელზე ასაღები) 1--- ლარის ოდენობით; დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------ა ჯ----ას სასარგებლოდ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის (2014-2017 წლებში, 700 საათი და 56 წუთი) 8--- ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება; დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------ა ჯ----ას სასარგებლოდ საშვებულებო თანხის (2014-2017 წლები) 2------ ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება;
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N2------ ბრძანება, თ-- მ-----–--ლის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ;
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N8----- ბრძანება, კადრების განკარგულებაში მყოფი თ-- მ-----–--ლის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ;
1.7. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც თ-- მ-----–--ლი აღდგენილ იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის პრესცენტრის (სამმართველო) წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე;
1.8. დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ-- მ-----–--ლის გათავისუფლების დღიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ანაზღაურების (ხელზე ასაღები) 1--- ლარის ოდენობით; დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ-- მ-----–--ლის სასარგებლოდ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის (2014-2017 წლებში, 723 საათი) 8--- ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება; დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ-- მ-----–--ლის სასარგებლოდ (2014-2017 წლებში) საშვებულებო თანხის 2----- ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შ------ა ჯ----ას და თ-- მ-----–--ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. შ------ა ჯ----ა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა 2003 წლის 13 თებერვლიდან 2018 წლის 9 აპრილამდე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 იანვრის №8---- ბრძანებით, შ------ა ჯ----ა 2014 წლის 1 იანვარიდან დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
შ------ა ჯ----ას მინიჭებული აქვს შემდეგი სპეციალური წოდებები: პოლიციის რიგითი - შსს ბრძ. N7---– 13.02.2003 წ.; პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი - შსს ბრძ. N2----– 04.03.2004 წ.; პოლიციის ლეიტენანტი - შსს ბრძ. N2172-პშ 31.03.2006 წ.; პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - შსს ბრძ. N5----– 29.01.2008 წ.; პოლიციის კაპიტანი - შსს ბრძ. N5--- 04.01.2011 წ.; პოლიციის მაიორი - შსს ბრძ. N5--- 03.01.2014წ.
შ------ა ჯ----ა მუშაობის პერიოდში წახალისებულია: ფულადი პრემიით - 86-ჯერ; მადლობა - ერთჯერ; მიღებული აქვს „მადლობის სიგელი“ ერთჯერ და ფასიანი საჩუქარი (საათი) - ერთჯერ (ტ. 1. ს.ფ. 40-56; 76-77).
4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 იანვრის №8---- ბრძანებით, თ-- მ-----–--ლი 2014 წლის 1 იანვარიდან დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.
თ-- მ-----–--ლს მინიჭებული აქვს შემდეგი სპეციალური წოდებები: პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი - შსს ბრძ. N8----პშ 28.11.2005 წ.; პოლიციის ლეიტენანტი - შსს ბრძ. N8-----– 19.12.2006 წ.; პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - შსს ბრძ. N1------– 28.11.2008 წ.; პოლიციის კაპიტანი - შსს ბრძ. N1------ 28.11.2011წ.
თ-- მ-----–--ლი მუშაობის პერიოდში წახალისებულია: ფულადი პრემიით - 76-ჯერ; მადლობით - სამჯერ; მიღებული აქვს ფასიანი საჩუქარი (საათი) - ერთჯერ (ტ. 2. ს.ფ. 33-48; 67-68).
4.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ტექნიკური განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა შ------ა ჯ----ამ და წამყვანმა სპეციალისტმა თ-- მ-----–--ლმა 2017 წლის 6 დეკემბერს პატაკებით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს და კადრების განკარგულებაში აყვანა მოითხოვეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N2------ ბრძანებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პოლიციის მაიორი შ------ა ჯ----ა, პატაკის საფუძველზე (ელ. ვერსია N2------ 08.12.2017), გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N2------ ბრძანებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, პოლიციის კაპიტანი თ-- მ-----–--ლი, პატაკის საფუძველზე (ელ. ვერსია N2------ 08.12.2017), გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.
შ------ა ჯ----ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 27 დეკემბრის MIA 2 17 0312366 წერილით გაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N2------ ბრძანება, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ.
თ-- მ-----–--ლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 27 დეკემბრის MIA 3------------- წერილით გაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N2------ ბრძანება, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ (ტ.1. ს.ფ. 14-15; 39; ტომი 2, 14-15; 32).
4.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N8----- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ყოფილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პოლიციის მაიორი შ------ა ჯ----ა დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 9 აპრილიდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N8----- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ყოფილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, პოლიციის კაპიტანი შ------ა ჯ----ა დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 9 აპრილიდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო (ტ.1. ს.ფ. 184; ტ.2. ს.ფ. 188).
4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 4 ივნისს (სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრაციის თარიღი: 08.06.2018 წელი) მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს შ------ა ჯ----ასათვის და თ-- მ-----–--ლისთვის 2014-2017 წლებში მიცემული ანაზღაურებადი შვებულების დღეების შესახებ ინფორმაციით.
აღნიშნული ინფორმაციით პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ------ა ჯ----ა შვებულებაში იყო: 2014 წლის 5 სექტემბრიდან 2014 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N1------); 2015 წლის 23 ივლისიდან 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N1------); 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N2------); 2016 წლის 7 მაისიდან 2016 წლის 14 მაისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N1------); 2016 წლის 22 დეკემბრიდან 2016 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N3------); 2017 წლის 29 მაისიდან 2017 წლის 11 ივნისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N1------); 2017 წლის 4 სექტემბრიდან 2017 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N2------).
თ-- მ-----–--ლი შვებულებაში იყო: 2014 წლის 14 ივლისიდან 2014 წლის 29 ივლისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N1------); 2015 წლის 13 ივლისიდან 2015 წლის 28 ივლისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N1------); 2015 წლის 23 დეკემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N2------); 2016 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით (შვებულების პატაკის N1------); 2016 წლის 25 ოქტომბრიდან 2016 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N2------); 2017 წლის 7 აგვისტოდან 2017 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით (შვებულების პატაკის N1------).
4.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 26 ივნისს (სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრაციის თარიღი: 03.07.2018 წელი) მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს და წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (თბილისი, გ. გულუას ქ. N10) შ------ა ჯ----ასა და თ-- მ-----–--ლის შესვლა - გასვლის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე შ------ა ჯ----ას და თ-- მ-----–--ლის წარმომადგენელმა 2018 წლის 31 ოქტომბერს წარადგინა განცხადებები, რომლითაც მოითხოვა ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება და გამოუყენებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურება; კერძოდ, მოითხოვა: ა) დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------ა ჯ----ას სასარგებლოდ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის (2014-2017 წლებში, 700 საათი და 56 წუთი) 8--- ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება; დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------ა ჯ----ას სასარგებლოდ საშვებულებო თანხის (2014-2017 წლები) 2------ ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება; ბ) დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ-- მ-----–--ლის სასარგებლოდ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის (2014-2017 წლებში, 723 საათი) 8--- ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება; დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ-- მ-----–--ლის სასარგებლოდ (2014-2017 წლებში) საშვებულებო თანხის 2----- ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება. (ტ.1. ს.ფ. 106; ს.ფ. 122; 136-179; 201-202; ტ.2. ს.ფ. 118; ს.ფ. 133; 149-183; 206-207).
4.7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა სო----- ტ---------ამ განმარტა, რომ 2015 წლიდან სამსახური (პიარ სტრატეგიის), რომელსაც ხელმღვანელობდა, შეუერთდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს, სადაც მუშაობდნენ შ------ა ჯ----ა და თ-- მ-----–--ლი (პრესცენტრი); განმარტა, რომ მოსარჩელეები გამოირჩეოდნენ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, იყვნენ მოწესრიგებული და შრომისმოყვარე თანამშრომლები.
მოსარჩელეების მიერ პატაკების დაწერის ფაქტთან დაკავშირებით მოწმე სო----- ტ---------ამ განმარტა, რომ იმ პერიოდში, მინისტრთან ერთად შეიცვალა დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და გარკვეული დროით, ახალი კადრების დანიშვნამდე ასრულებდა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას. სო----- ტ---------ას განმარტებით, დაუკავშირდა კადრების უფროსი და დაავალა, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით თანამშრომლებს უნდა დაეწერათ განცხადებები კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე, აუხსნა, რომ ჩვეულებრივი პროცედურაა და მათი დანიშვნა ხელახლა მოხდება. კადრების უფროსმა განუმარტა, რომ პირველ რიგში თავად უნდა დაეწერა განცხადება.
2017 წლის 6 დეკემბერს სო----- ტ---------ამ დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათ შორის შ------ა ჯ----ასა და თ-- მ-----–--ლს განუმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების უფროსის დავალებისამებრ, ყველას უნდა შეედგინა პირადი პატაკი და მოეთხოვა კადრების განკარგულებაში აყვანა. აღნიშნული განპირობებული იყო სამინისტროს რეორგანიზაციის მიზნებით და რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ყველა თანამშრომელი ხელმეორედ დაინიშნებოდა. სო----- ტ---------ას განმარტებით, თვითონაც დაწერა პატაკი, შეგროვდა თანამშრომელთა განცხადებები და მიიტანეს კადრების უფროსთან.
სო----- ტ---------ას განმარტებით, რეორგანიზაციის მოტივით კადრების განკარგულებაში თანამშრომლები სხვა დროსაც აუყვანიათ, თუმცა აღნიშნული მოტივით პირადი პატაკი აქამდე არ დაუწერიათ. თანამშრომლებმა და მათ შორის მოსარჩელეებმა, ზემოაღნიშნული აღიქვეს უჩვეულო ფაქტად და გამოთქვეს პროტესტი. რაც შეეხება იძულებას ხელმძღვანელობის მხრიდან, აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, დეპარტამენტის სამოცამდე თანამშრომელმა დაწერა პატაკი.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტირება იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 6 დეკემბრის განცხადებები (პატაკები) არ გამოხატავდა მათ ნებას. სასამართლომ საქმეში წარდგენილი მასალების, მათ შორის, მხარეთა ახსნა -განმარტებებისა და მოწმის ჩვენებების ურთიერთშეჯერების შედეგად დადგენილად არ მიიჩნია შ------ა ჯ----ასა და თ-- მ-----–--ლის მიმართ რაიმე ფორმით იძულების განხორციელების ან მოტყუების ფაქტი. სასამართლომ მიუთითა, რომ შ------ა ჯ----ამ და თ-- მ-----–--ლმა შეადგინეს პატაკები, რითაც გამოხატეს ნება კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით. პატაკების შედგენის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულ სო----- ტ---------ას ახსნა - განმარტებებზე და აღნიშნულზე დაყრდნობით მიუთითა, რომ შესაძლოა, შ------ა ჯ----ამ და თ-- მ-----–--ლმა კადრების განკარგულებაში გადასვლასთან დაკავშირებით განცხადებები (პატაკები) შეადგინეს ხელმძღვანელი პირების განმარტებების საფუძველზე, მაგრამ მისივე განმარტების შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ პატაკის შედგენის დროს იძულებას ხელმძღვანელობის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 8 დეკემბრის N2------ და N2------ ბრძანებები, შ------ა ჯ----ასა და თ-- მ-----–--ლის დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვინაიდან მის საფუძველს წარმოადგენდა მოსამსახურეთა პირადი განცხადებები - პატაკები, რომელთა შედგენის დროსაც მოსამსახურეთა იძულებას ან მოტყუების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმად, პოლიციელის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. ასევე მიუთითა კანონის 41-ე მუხლი, რომელიც ადგენს პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ზემოაღნიშნულ ნორმებზე და საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებზე აპელირებით, რომ შ------ა ჯ----ა და თ-- მ-----–--ლი კადრების განკარგულებაში აყვანილი იქნენ 2017 წლის 8 დეკემბრიდან და 4 თვის განმავლობაში ისინი არ დანიშნულან თანამდებობებზე და იმ გარემოებაზე არგუმენტირებით, რომ შ------ა ჯ----ა და თ-- მ-----–--ლი კადრების განყოფილებაში გადაყვანილი იქნენ კანონის მოთხოვნათა დაცვით, 2018 წლის 9 აპრილიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, სახეზე იყო მათი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი, რაც განხორციელდა კიდეც.
სასამართლომ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებმა განცხადებების წარდგენით გამოხატეს ნება კადრების განყოფილებაში გადაყვანის შესახებ, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული იქნა შესაბამისი ბრძანებები 2017 წლის 8 დეკემბერს, ყურადღება გამახვილდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლზე და კერძოდ, იმ ჩანაწერზე, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის დროდ ნორმა განსაზღვრავს მხოლოდ ოთხ თვეს და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი კადრების განკარგულებაში მყოფი მისი თანამშრომელი ოთხთვიანი ვადის გასვლის შემდგომ სამართლებრივად დაუქვემდებაროს იგივე მდგომარეობას და ვინაიდან სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის გასული იყო კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხთვიანი ვადა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი არ იყო გამოეცა სხვაგვარი შინაარსის ბრძანება მოსარჩელეთა მიმართ, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა სხვაგვარი სამართლებრივი მოწესრიგების შესაძლებლობას.
საქმის განმხილველმა სასამართლომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით, რაც გულისხმობს, რომ ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში და ასევე ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლზე არგუმენტირებით, მიიჩნია, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ასევე, განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონობას, რასაც სასამართლოს მითითებით განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელეთა თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
რაც შეეხება მოთხოვნას - დაეკისროს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------ა ჯ----ას სასარგებლოდ საშვებულებო თანხის (2014-2017 წლები) 2------ ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება, ხოლო თ-- მ-----–--ლის სასარგებლოდ (2014-2017 წლებში) საშვებულებო თანხის 2----- ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება, სასამართლომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, საქმის ნომერი: ბს-35-34(2კ-2კს-16) და საქმეში წარდგენილი მასალებზე მითითებით დადასტურებულად არ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს შეეზღუდათ კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლება 2014-2017 წლების განმავლობაში და დამსაქმებლის მიზეზით, მათ მიერ ვერ მოხერხდა ყოველწლიური შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზება. შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, მათ სასარგებლოდ საშვებულებო თანხის (2014-2017 წლები) ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
მოსარჩელეების მოთხოვნაზე - დაეკისროს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------ა ჯ----ას სასარგებლოდ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის (2014-2017 წლებში, 700 საათი და 56 წუთი) 8--- ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება, ხოლო, თ-- მ-----–--ლის სასარგებლოდ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის (2014-2017 წლებში, 723 საათი) 8--- ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება, აღნიშნულ მოთხოვნაზე მსჯელობის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების პირობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით; სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, კერძოდ 37-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, ასევე მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე, 61-ე მუხლებზე და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულად არ მიიჩნია, რომ მითითებულ პერიოდებში (2014-2017 წლები) მოსარჩელეთა მიერ სამუშაო შესრულდა ზეგანაკვეთურად, დაწესებულების ხელმძღვანელის (ზემდგომი თანამდებობის პირის) დავალების საფუძველზე.
6. აპელანტების შ------ა ჯ----ას და თ-- მ-----–--ლის სააპელაციო მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
6.1. შ------ა ჯ----ას და თ-- მ-----–--ლის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორები არ ეთანხმებიან პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობისას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და გაწეული სამუშაოსთვის არაერთხელ აქვთ მიღებული მადლობა, სიგელი და პრემია.
აპელანტები დეტალურად მიუთეთებენ საქმის ფაქტობრივ გარემობებზე და განმარტავენ, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს ჩვეულებრივ რეჟიმში ასრულებდნენ სამუშაოს, რა დროსაც პიარის ჯგუფის ხელმძღვანელმა ქალბატონმა სოფო ტ---------ამ განუცხადა, რომ მათ ხელი უნდა მოეწერათ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ პატაკებზე. აკონკრეტებენ, რომ სოფო ტ---------ას განმარტებით, განცხადებებზე ხელის მოწერა განპირობებული იყო ფორმალური რეორგანიზაციით, ფორმალობით განპირობებული საჭიროების საფუძველზე და რომ განცხადებებზე ხელმომწერი უკლებლივ ყველა თანამშრომელი ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებდა მუშაობას იგივე თანამდებობაზე. აპელანტები მიუთითებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოთქვეს პროტესტი, რის საპასუხოდაც სო----- ტ---------ამ მათ განუცხადა, რომ პატაკებზე ხელმოწერის მოთხოვნა ხელმძღვანელობის დავალებით მოხდა და მას უნდა დამორჩილებოდა უკლებრივ ყველა თანამშრომელი და რომ პატაკებზე ხელმოწერა ფორმალურ ხასიათს ატარებდა და რომ უკლებლივ ყველა თანამშრომელი მოსარჩელეთა ჩათვლით დარჩებოდა თავის თანამდებობაზე, პატაკს პირადად მანაც მოაწერა ხელი და რაიმე საშიშროება რომ ყოფილიყო, ის არც ითხოვდა პატაკების ხელმოწერას და არც თვითონ მოაწერდა მას ხელს და კვლავ ითხოვა, რომ მოსარჩელეები დამორჩილებოდნენ ხელმძღვანელობის მოთხოვნას და მოეწერათ ხელი ფორმალური ხასიათის პატაკებზე.
აპელანტები მიუთითებენ, რომ 2017 წლის 8 დეკემბერს ყოველგვარი ახსნა - განმარტებისა და დასაბუთების გარეშე, ასევე ნების გამოვლენის ნამდვილობის სამართლებრივი შეფასების გარეშე აცნობეს სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და დანაპირების საწინააღმდეგოდ განუმარტეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა. წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N8----- და N8----- ბრძანებებით, ისე, რომ არც კი მომხადრა ნების გამოვლენის ნამდვილობის სამართლებრივი შეფასება, 2018 წლის 9 აპრილიდან, დანაპირების საწინააღმდეგოდ დათხოვნილ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების განკარგულებში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო საჩივრის ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არ მიუთითა და არ იმსჯელა მოწმე სო----- ტ---------ას ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც მოწმემ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას ეცოდინებოდა, რომ შ------ა ჯ----ას და თ-- მ-----–--ლს, ასევე სხვა თანამშრომლებს გაანთავისუფლებდნენ სამსახურიდან ხელმძღვანელობის მოთხოვნით შედგენილი და ხელმოწერილი პატაკების საფუძველზე, არც იგი მოაწერდა ხელს თავად პატაკს და არც სხვა თანამშრომლებს ხელმძღვანელობის დავალებით მოსთხოვდა პატაკების დაწერას. ასევე იმ განმარტებაზე, რომ როდესაც მან შეიტყო მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, იგი გაოგნებული დარჩა აღნიშნულით, რადგან კადრების განკარგულებაში გადასვლასთან დაკავშირებით პატაკები/განცხადებები შედგა ხელმძღვანელი პირების მოთხოვნათა და გარანტიათა შესაბამისად, რომლის მიხედვითაც განცხადებათა/პატაკთა ხელმოწერა ატარებდა ფორმალურ ხასიათს.
წარმომადგენლის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, მართალია სადაო გადაწყვეტილებით დაადსატურა, რომ მოსარჩელეებმა რეორგანიზაციის გამო კადრების განკარგულებაში გადასვლასთან დაკავშირებით განცხადებები შეადგინეს არა თავისი ნებით, არამედ ხელმძღვანელი პირების მოთხოვნათა საფუძველზე, თუმცა დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მიმართ ზემოქმედებას ან/და მოტყუებას ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო საჩივრის ავტორთა განმარტებით, საქმის განმხილველ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ისეთ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე, როგორიცაა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელეთა მიერ განცხადებების მართლზომიერებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება/არ ჩატარების თაობაზე, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მოსარჩელეებმა თავიდანვე გამოთქვეს პროტესტი პატაკების ხელმოწერასთან დაკავშირებით, ხოლო შემდგომში საერთოდ სასამართლოში გაასაჩივრეს სამსახურიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ბრძანებები. ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა განცხადებების საფუძვლად მითითებულ ე.წ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის: საერთოდ ჩატარდა თუ არა რეორგანიზაცია და თუ ჩატარდა, როდის; შესთავაზეს თუ არა აპელანტებს მათი კავალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისი თანამდებობა, პირები, რომლებიც დატოვეს სამსახურში, ასევე ის პირები, რომლებიც ახლად მიიღეს სამსახურში, რომ იყვნენ უფრო კომპეტენტურები და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონეები მოსარჩელეებთან შედარებით.
აპელანტთა წარმომადგენელი ასევე მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არ იმსჯელა განცხადებების ხელმოწერამდე არსებულ მოსარჩელეთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამ მდგომარეობის დამადასტურებელ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომელთა მიხედვითაც, მოსარჩელეებს მათი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გააჩნდათ მნიშვნელოვანი ოდენობის საბანკო ვალდებულებები, რომელთა ფონზეც არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი და მითუმეტეს მრავალშვილიანი დედა, რომ არა გარანტია, საკუთარი ნებით არ დაწერდა განცხადებას სამსახურიდან წასვლის თაობაზე.
წარმომადგენელი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 30.4 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფომ დაადგინა შრომითი უფლებების დაცვის, შრომის სამართლიანი ანაზღაურებისა და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობების, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობების კანონით განსაზღვრის ვალდებულება. ასევე აპელირებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლზე, რომლითაც აღიარებულია ყოველი ადამიანის შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოში საჯარო სამსახურის ამოცანების მიღწევა წარმოუდგენელია საჯარო მოსამსახურის უფლებებისა და ღირსების პატივისცემისა და დაცვის ვალდებულების სტანდარტის უპირობო დამკვიდრების გარეშე. მიუთითებს, რომ საჯარო მოსამსახურე, იურიდიული თვალსაზრისით, უფლებრივ დონეზე დაცულია კანონით, თუმცა მის რეალიზაციასა და დაცვაზე ზრუნვა ასევე წარმოადგენს მისივე უფლებას. საჯარო მოსამსახურე, რომელსაც არ შესწევს ძალა, სიმტკიცე და პრინციპულობა იბრძოლოს თავისი უფლებების დასაცავად, შეუძლებელია საჯარო ინტერესების, საზოგადოების თითოეული წევრის უფლებების პატივისმცემლად და დამცველად მოგვევლინოს. მიიჩნევს, რომ საჯარო მოსამსახურე არა მხოლოდ კონკრეტული სფეროს კვალიფიციური სპეციალისტი, დისციპლინირებული, შრომისმოყვარე, არამედ, ამავდროულად, მაღალი პიროვნული და მორალური პრინციპების, ღირებულებების მატარებელი პირია, რადგან სწორედ ამ თვისებათა ერთობლიობის მქონე ადამიანებს ძალუძთ იმ მასშტაბური ამოცანების გადაწყვეტა, დაძლევა, რომლის წინაშეც დგას ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო.
წარმომადგენლის განმარტებით, სტატუსის მიღების მომენტიდან ყოველი საჯარო მოსამსახურე დგება მისი პერსონის ამ სტატუსთან შესაბამისობის, პროფესიული კვალიფიკაციის, ნებისყოფის, ხასიათის სიმტკიცის არაერთი გამოცდის წინაშე, რა დროსაც უპირველესად, თავად უნდა იყოს საკუთარი უნარ-ჩვევების ობიექტური შემფასებელი, თავად უნდა გააკეთოს სამართლიანი დასკვნა, რამდენად არის ზემოთ ჩამოთვლილ თვისებათა ერთობლიობის მატარებელი პერსონა. მაღალი პირადი პასუხისმგებლობის დეფიციტი საჯარო მოხელეთა კორპუსში უმძიმეს შედეგებს იწვევს საზოგადოებისათვის, რამდენადაც ადამიანის უფლებების უხეში შელახვის მიზეზი ხდება.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია და არ იმსჯელა აპელანტთა ნების გამოვლენის თავისუფლების, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩაუტარებლად მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და ქალთა დაცვის განსაკუთრებული საერთაშორისო სტანდარტზე, იგი უგულებელყო სრულად, არ იმსჯელა საჯარო შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში საჯარო მოსამსახურის განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მომზადებისა და გამოცემის სამართლებრივი წესზე, არ განუსაზღვრავს სტანდარტი, რომელიც არა მხოლოდ სამოხელეო სამართლის, არამედ ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპების და პროცედურების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარეობს.
წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ყველა შემთხვევაში უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს რაიმე საგამონაკლისო შემთხვევათა ნუსხას, რომელთა თაობაზე გამოსაცემი აქტი შესაძლოა მიღებულ იქნეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. ცალსახად მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანებები გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და აკონკრეტებს, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელეთა განცხადებების განხილვასთან დაკავშირებით.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
მოცემული დავის არსებითად სწორად გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს, შ------ა ჯ----ას და თ-- მ-----–--ლის განცხადებები (პატაკი) დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა მათ ნამდვილ ნებას. სწორედ აღნიშნულის დადასტურება/უარყოფაზეა დამოკიდებული სარჩელის იურიდიული ბედი.
მოცემულ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია საჯარო შრომითსამართლებრივ სფეროში, საჯარო სამსახურის დაწესებულების ხელმძღვანელსა და საჯარო მოხელეთა შორის. პალატა საჯარო შრომით სამართლებრივ დავებზე პრაქტიკის გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული დავის კანონიერად გადაწყვეტისა და განმაზოგადებელი სასამართლო დასკვნის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია სამართლებრივად შეფასდეს საჯარო სამსახურსა და საჯარო მოხელეთა შორის ურთიერთობათა ფორმის არაჯანსაღი ტენდენციები.
7.2. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შ------ა ჯ----ა (წოდებით პოლიციის მაიორი) 2014 წლის 1 იანვარიდან დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ თ-- მ-----–--ლი (წოდებით პოლიციის კაპიტანი) 2014 წლის 1 იანვარიდან დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. შესაბამისად, აპელანტები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომელზეც ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელით სხვა რამ არ არის დადგენილი, მასზე უნდა გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს. პალატა, მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტისა და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობებზე დანიშვნა - გათავისუფლებასთან დაკავშირებით უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
საკითხზე მსჯელობის მიზნით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
პალატა ყურადღებას ამახვილებს დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ სადავო 2017 წლის 8 დეკემბრის ბრძანებების საფუძვლად მითითებულ პირად პატაკ(ებ)ზე, რომელიც ფორმულირებულია შემდეგნაირად: გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და ამიყვანოთ კადრების განკარგულებაში (ტომი 1, ს.ფ 39; ტომი 2, ს.ფ 32).
პალატა ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულ სო----- ტ---------ას იმ განმარტაზე, რომ 2015 წლიდან სამსახური (პიარ სტრატეგიის), რომელსაც ხელმღვანელობდა, შეუერთდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს, სადაც შ------ა ჯ----ა და თ-- მ-----–--ლი მუშაობდნენ (პრესცენტრი); განმარტა, რომ მოსარჩელეები გამოირჩეოდნენ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, იყვნენ მოწესრიგებული და შრომისმოყვარე თანამშრომლები. მათ მიერ პატაკების დაწერის ფაქტთან დაკავშირებით მოწმე სო----- ტ---------ამ განმარტა, რომ იმ პერიოდში, მინისტრთან ერთად შეიცვალა დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და გარკვეული დროით, ახალი კადრების დანიშვნამდე ასრულებდა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას. სო----- ტ---------ას განმარტებით, დაუკავშირდა კადრების უფროსი და დაავალა, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით თანამშრომლებს უნდა დაეწერათ განცხადებები კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე, აუხსნა, რომ ჩვეულებრივი პროცედურაა და მათი დანიშვნა ხელახლა მოხდება. კადრების უფროსმა განუმარტა, რომ პირველ რიგში თავად უნდა დაეწერა განცხადება.
ყურადსაღებია ის განმარტება, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათ შორის შ------ა ჯ----ასა და თ-- მ-----–--ლს განუმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების უფროსის დავალებისამებრ, ყველას უნდა შეედგინა პირადი პატაკი და მოეთხოვა კადრების განკარგულებაში აყვანა. აღნიშნული განპირობებული იყო სამინისტროს რეორგანიზაციის მიზნებით და რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ყველა თანამშრომელი ხელმეორედ დაინიშნებოდა. სო----- ტ---------ას განმარტებით, თვითონაც დაწერა პატაკი, შეგროვდა თანამშრომელთა განცხადებები და წარადგინეს კადრების უფროსთან. სო----- ტ---------ას განმარტებით, რეორგანიზაციის მოტივით კადრების განკარგულებაში თანამშრომლები სხვა დროსაც აუყვანიათ, თუმცა აღნიშნული მოტივით პირადი პატაკი აქამდე არ დაუწერიათ. თანამშრომლებმა და მათ შორის მოსარჩელეებმა ზემოაღნიშნული აღიქვეს უჩვეულო ფაქტად და გამოთქვეს პროტესტი. რაც შეეხება იძულებას ხელმძღვანელობის მხრიდან, მოწმის განმარტებით, აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. მისივე განმარტებით, დეპარტამენტის სამოცამდე თანამშრომელმა დაწერა პატაკი.
პალატა საკითხზე მსჯელობის მიზნით ყურადღებას ამახვილებს აპელანტთა მიერ განმარტებულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 8 დეკემბერს დაბარებული იყვნენ მინისტრის შეცვლის შემდეგ დანიშნულ ახალი თანმშრომლების გაბრიელ წულაიასა და სო----- მდინარაძის სამუშაო ოთახში, სადაც განუმარტეს, რომ არჩევანი გაკეთდა უკეთესსა და საუკეთესოს შორის და რომ ვერ იმუშავებდნენ მათთან. მიუხედავად მათი იმთავითვე გამოხატული საპასუხო პოზიციისა, რომ პატაკზე ხელის მოწერა მოხდა მათი მოტყუების, შეცდომაში შეყვანის საფუძველზე, 2017 წლის 27 დეკემბერს გადაეგზავნათ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ 2017 წლის 08 დეკემბრის N2------ და N2------ ბრძანებები.
იმ გარემოების გათვალისიწინებით, რომ შ------ა ჯ----ამ და თ-- მ-----–--ლმა იმთავითვე გამოხატეს უკმაყოფილება და დააფიქსირეს პოზიცია პატაკის შეცდომაში შეყვანის გზით დაწერის თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის წლის 10 აპრილის ბრძანებების მიღებამდე, კერძოდ 4 თვიანი ვადის გასვლის გამო სამსახურიდან განთავისუფლებამდე ადმინისტრაციული ორგანოსათვის უკვე ცნობილი იყო 2017 წლის 6 დეკემბერს შედგენილი პატაკების და მათ საფუძველზე მიღებული ბრძანებების სადავოობა. მიუხედავად აღნიშნულისა, კადრების განკარგულებაში მყოფი მოსარჩელეები დათხოვნილი იქნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
ცალსახაა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოთხი თვის განმავლობაში, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ გამოიკვლია და არ შეაფასა მხარეთა ის განმარტება და პოზიცია, რომ მათ მოტყუებით, შეცდომაში შეყვანით დააწერინეს პატაკი და რომ თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა მათ ნებას არ წარმოადგენდა და მათ სურდათ სამსახურის გაგრძელება. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კადრების განკარგულებაში მყოფი, ხანგრძლივი გამოცდილების მქონე მოხელეები კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო სამსახურიდან ისე გაათავისუფლა, რომ არც დაინტერესებულა რამ განაპირობა მათ მიერ პატაკის დაწერა კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე. აღნიშნული განხორციელდა თუ არა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად და ა.შ. არ ჩაუტარებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური აქტის გამოსაცემად, რა დროსაც სამინისტრო ვალდებული იყო მიუკერძოებლად გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
პალატას მიაჩნია, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ამგვარი ქცევისა და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მიზეზების, საფუძვლის შესწავლას სასამართლო მიყავს შეფასებამდე, რომელიც თანაბარწილად მოიცავს, როგორც მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ნორმების საჯარო დაწესებულების მართვის სტანდარტებში გათვითცნობიერებულობის, ასევე, ხელმძღვანელისათვის აუცილებელი ისეთი თვისებების, როგორიცაა - გულისხმიერება, ყურადღება, თანაგრძნობა, სრულიად დაუშვებელ დეფიციტს. პალატა განმარტავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს იმგვარი საჯარო ინტერესი, საჯარო მიზანი, რომლის მისაღწევად გამართლებული იყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შელახვა, იგნორირება.
ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოკითხული სო----- ტ---------ას ის განმარტება, რომ მას დაუკავშირდა კადრების უფროსი და დაავალა, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით თანამშრომლებს უნდა დაეწერათ განცხადებები კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე, აუხსნა, რომ ჩვეულებრივი პროცედურაა და მათი დანიშვნა ხელახლა მოხდება. მოწმე ცალსახად განმარტავს, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათ შორის შ------ა ჯ----ასა და თ-- მ-----–--ლს განუმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების უფროსის დავალებისამებრ, ყველას უნდა შეედგინა პირადი პატაკი და მოეთხოვა კადრების განკარგულებაში აყვანა. აღნიშნული განპირობებული იყო სამინისტროს რეორგანიზაციის მიზნებით და რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ყველა თანამშრომელი ხელმეორედ დაინიშნებოდა. მისივე განმარტებით, თვითონაც დაწერა პატაკი. პალატა აქვე მიუთითებს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებლის პოლიციის მაიორის სო----- ტ---------ას მიერ 2017 წლის 6 დეკემბერს შედგენილი პატაკის ასლი წარმოდგენილი იქნა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ-- მ-----–--ლმა და შ------ა ჯ----ამ პატაკის დაწერის მითითება აღიქვეს უჩვეულო ფაქტად და გამოთქვეს პროტესტი.
მოწმის ზემოაღნიშნული ჩვენებით სააპელაციო სასამართლო რწმუნდება, რომ პატაკის დაწერა არ იყო თ-- მ-----–--ლისა და შ------ა ჯ----ას სურვილი და ნამდვილი ნება; პატაკი წარმოადგენდა მოტყუების, შეცდომაში შეყვანის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.
პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მიუხედავად თ-- მ-----–--ლისა და შ------ა ჯ----ას მიერ მათი პოზიციისა და არსებული ფაქტობრივი გარემოებების იმთავითვე დაფიქსირებისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ პატაკების საფუძველზე ისე გადაიყვანეს პირები კადრების განკარგულებაში და შემდგომ ვადის გასვლის საფუძვლით ისე გაათავისუფლა, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ, ის გარემოება, თუ რატომ გადაწყვიტეს აპელანტებმა პატაკის დაწერა, აღნიშნული წარმოადგენდა თუ არა მათი ნამდვილი ნების გამოხატვას, თუ იგი გამოწვეული იყო რაიმე გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით, ამასთან, აღნიშნული განხორციელდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, რაც პალატის მოსაზრებით, სრულიად კანონსაწინააღმდეგოა. პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გამოიცეს, არამედ ეფუძნებოდეს საერთაშორისო სტანდარტს და უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ სამართლებრივ სტანდარტებს.
საჯარო მოსამსახურის მიერ განცხადების დაწერა კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე, მართალია, არის მისი ნების გამოვლენა, თუმცა, ნება გამოვლენილი უნდა იყოს თავისუფლად, შეუზღუდავად, არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებისგან და ზეწოლისაგან დაცულად. ამდენად, ნების თავისუფალი გამოვლენის საკითხი გამოკვლევას და შეფასებას ექვემდებარება.
7.3. პალატა მიუთითებს სამოქალაქო ურთიერთობებში ნების გამოვლენის განმარტების სამართლებრივ წანამძღვრებზე, რომელსაც ადგენს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, რომლის მიხედვით ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვით აზრიდან. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსი ბათილად მიიჩნევს გარიგებას, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს (მუხლი 54). განსახილველ შემთხვევაში კი, პალატა მიიჩნევს, რომ არც საჯარო სამსახურის ადმინისტრაციას და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევიათ და არ შეუფასებიათ თ-- მ-----–--ლის და შ------ა ჯ----ას განცხადება შეესაბამებოდა თუ არა ნების გამოვლენის თავისუფლების და კეთილსინდისიერი მართლწესრიგის სტანდარტს.
პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ჭრილში არა მხოლოდ იურიდიულად დაუსაბუთებელი და უკანონოა, არამედ ვერ პასუხობს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების ამოცანას. შესაბამისად, სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე უზრუნველყოფს დარღვეული უფლების აღდგენას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ნორმებით მკაცრად რეგლამენტირებულ ჩარჩოში მოქცევას, ეფექტური დაცვის რეალიზაციას და ა.შ.
პალატა ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (ბს-463-451(კ-13) სადაც მითითებულია, რომ „თანამედროვე ევროპული სამართლებრივი ტენდენციის თანახმად, სახელმწიფო გარანტირებული უნდა იყოს ადმინისტრაციული აქტების კონტროლით, სრულად ემორჩილებოდეს კანონს და იმავდროულად, უზრუნველყოფდეს ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოების ეფექტურ მუშაობას. გათვალისწინებულია რა საჯარო ადმინისტრაციულ ორგანოებსა და პირებს შორის არსებულ უფლებამოსილებათა დისბალანსი, შესაბამისად, ეს ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული პირების უფლების აღდგენის მიზნით. შესაბამისად, მიუკერძოებელ, ობიექტურ და სამართლიან ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებას უდიდესი როლი გააჩნია სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაში, მეტიც, ეფექტურმა მართლმსაჯულებამ შეუქცევადი უნდა გახადოს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და ადამიანის უფლებების პატივისცემა, მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების სამართლით ბოჭვა, სახელმწიფო ინსტიტუტების ავტორიტეტის და ნდობის, ეროვნული სახელმწიფოს განცდის ხარისხის ამაღლება“.
პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტთა წარმომადგნელის იმ განმარტებაზე, რომ მოპასუხეს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს რაიმე საგამონაკლისო შემთხვევათა ნუსხას, რომელთა თაობაზე გამოსაცემი აქტი შესაძლოა მიღებულ იქნეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. ასევე, პალატა ყურადღებას ამახვილებს წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომ სადავო ბრძანებები გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას, წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება - მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხევვაში ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (საქმე №ბს- 246-243(კ-14)), რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა -კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.“
პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
იმ გარემოების მიუხედავად, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი აძლევდა შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, მოსამსახურე დაენიშნა თანამდებობაზე ან ამოერიცხა სამსახურის პირადი შემადგენლობიდან, ადმინისტრაციულმა ორგანომ პატაკების საფუძველზე ჯერ გადაიყვანა პირები კადრების განკარგულებაში და შემდგომ ვადის გასვლის საფუძვლით გაათავისუფლა აპელანტები სამსახურიდან ყოველგვარი დასაბუთების, კონკრეტულ გარემოებებზე და ფაქტებზე მითითების გარეშე.
ზემოთმითითებულის საწინააღმდეგოდ საკმარისი არ არის ადმინსტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ის განმარტება, რომ სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი იყო მოსარჩელეთა პირადი პატაკი და რომ აღნიშნულის გამო ადმინისტრაციულმა ორგანომ არ ჩათვალა საჭიროდ საკითხის დეტალური მოკვლევა. წარმომადგენლის მოსაზრებით, აღნიშნულით მოსარჩელეებმა გამოხატეს ნება კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ნების გამოვლენის აუცილებელი ელემენტია სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნული გამოხატვა კანონით დადგენილი ფორმით. კანონმდებლობა ნების გამოვლენის დროს ნების თეორიას ეყრდნობა. შინაგანი ნების გამოხატულებით გარიგების მონაწილენი აფიქსირებენ იმ მიზანს, რომლის მიღწევაც სურთ და ამისათვის კანონით განსაზღვრულ სამართლებრივ საშუალებებს იყენებენ. სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები - მატერიალური თუ ფორმალური. მატერიალურ წინაპირობებს განეკუთვნება ნების გამომვლენი პირის გონებრივი შესაძლებლობები (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო ფორმალურ - ნების გამოვლენას - კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. ნების გამოვლენის მიზანი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომა. სამართლებრივი შედეგი გამოიხატება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაში შეცვლასა და შეწყვეტაში.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მითითებით, ნების გამოხატვის შეზღუდვის მექანიზმებიდან, ყურადღებას გაამახვილებს იძულების ან მოტყუების შეგედად განხორციელებულ ნების გამოვლენაზე. მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე Noას-1117-1051 2015, 20 იანვარი, 2016 წელი) და აღნიშნავს, რომ მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას გამოიწვევდა. ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად ვერ ექნებოდა თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება ხელმძღვანელის მხრიდან განხორციელებული იძულების ფაქტი, რომლის ზეგავლენითაც მათ დაწერეს განცხადებები გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე.
პალატა დაუსაბუთებლდა მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნულ ფორმალურ მსჯელობას და ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოსარჩელეებმა განცხადებების წარდგენით გამოხატეს ნება კადრების განყოფილებაში გადაყვანის შესახებ, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული იქნა შესაბამისი ბრძანებები 2017 წლის 8 დეკემბერს. პალატის მოსაზრებით, დამაჯერებლობას მოკლებულია განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მხოლოდ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლზე აპელირება და ის განმარტება, რომ კანონმდებლობა, კადრების განკარგულებაში ყოფნის დროდ განსაზღვრავს მხოლოდ ოთხ თვეს და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი კადრების განკარგულებაში მყოფი მისი თანამშრომელი ოთხთვიანი ვადის გასვლის შემდგომ სამართლებრივად დაუქვემდებაროს იგივე მდგომარეობას.
პალატის შეფასებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს რაიმე საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელთა თაობაზე გამოსაცემი აქტი შესაძლოა მიღებულ იქნეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. პალატის მოსაზრებით, ზემოთმითითებული იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო შრომით სამართლებრივი ურთიერთობები, რომელიც თავისი არსითა და ფორმით სუბორდინაციულ სამართალურთიერთობათა კატეგორიას განეკუთვნება, მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის სამოხელეო სამართლის კანონმდებლობით, რაც, თავის მხრივ, გამომდინარეობს და ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო აქტებით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებების სტანდარტს. საკუთარი ინიციატივით კადრების განკარგულებაში გადაყვანის საფუძვლის მიუხედავად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივად უნდა შეეფასებინა მოხელეთა ნების გამოხატვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საქმეში წარდგენილი მასალებით, მათ შორის, მხარეთა ახსნა - განმარტებებისა და მოწმის ჩვენების ურთიერთშეჯერების შედეგად, თ-- მ-----–--ლისა და შ------ა ჯ----ას მიმართ რაიმე ფორმით იძულების განხორციელების ფაქტი არ დგინდება, რაც სარჩელის უსაფუძვლოდ მიჩნევის საფუძველი გახდა, პალატა ვერ გაიზიარებს მას და იგი ასევე არასაკმარისია სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფადაც. თბილისის საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია თ-- მ-----–--ლისა და შ------ა ჯ----ას ნების გამოვლენის ნამდვილობის გასარკვევად, ყოველივე აღნიშნული დაეკავშირებინა მათ სამუშაო სტაჟთან, გამოცდილებასთან, საბანკო ვალდებულებებთან (საქმის მასალების თანახმად, შ------ა ჯ----ას ოჯახს აღებული აქვს იპოთეკური სესხი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით), ასევე იმ გარემოებასთან, რომ თ-- მ-----–--ლი არის ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, ხოლო შ------ა ჯ----ას ჰყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი ძმა და სარგებლობს საბანკო დაწესებულებიდან აღებული სამომხმარებლო კრედიტით. აღნიშნულ გარემოებებს მხარეები სარჩელშივე უთითებდნენ. ქვეყნის სოციალური პირობების გათვალისწინებით, ლოგიკას არ ექვემდებარება, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო იმის მამოტივირებელი, რომ საკუთარი ნებით საბანკო ვალდებულების მქონე პირებს მოეთხოვათ საკმაოდ პრესტიჟული, საპასუხისმგებლო და შემოსავლიანი თანამდებობიდან გადაყენება. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოხელის 2017 წლის 6 დეკემბრის პატაკები კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე არის ნების ნამდვილი გამოვლენა და სადავო 2017 წლის 8 დეკემბრის და 2018 წლის 10 აპრილის ბრძანებები კი აღნიშნულის შედეგი, ვერ ასახავს სადავო სამართალურთიერთობის ჭეშმარიტ არსს.
პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს საჯარო სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომ გამოირიცხოს საჯარო მოსამსახურეთა ნების ფორმირებაზე ვინმეს, განსაკუთრებით უშუალო დაქვემდებარების ვერტიკალის წარმომადგენელთა მხრიდან არაკეთილსინდისიერი, შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედება. განსახილველ შემთხვევაში კი მოწმის ჩვენების, მოვლენათა ჯაჭვის ლოგიკური, სამართლებრივი და ასევე სამართლიანი ანალიზი მეტყველებს, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანა არ იყო თ-- მ-----–--ლის და შ------ა ჯ----ას თავისუფალი, ნამდვილი ნება, არამედ იყო შეცდომაში შეყვანის შედეგად განპირობებული ნება, რამაც გამოიწვია მათი ნამდვილი ნების ამ სახით, დამახინჯებულად ფორმირება. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თ-- მ-----–--ლისა და შ------ა ჯ----ას მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი და გაუმართლებლად ზღუდავს მათ კონსტიტუციით დაცულ შრომის უფლებას, რაც სასამართლო კონტროლის მეშვეობით უნდა აღმოიფხვრას.
7.4. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N2------ ბრძანება, შ------ა ჯ----ას თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N8----- ბრძანება, კადრების განკარგულებაში მყოფი შ------ა ჯ----ას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ და უნდა დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც შ------ა ჯ----ა აღდგენილ იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის პრესცენტრის (სამმართველო) მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ან ტოლფას თანმდებობაზე.
ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N2------ ბრძანება, თ-- მ-----–--ლის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N8----- ბრძანება, კადრების განკარგულებაში მყოფი თ-- მ-----–--ლის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ და უნდა დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც თ-- მ-----–--ლი აღდგენილ იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის პრესცენტრის (სამმართველო) წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე.
7.5. პალატა ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან. პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია. პოლიციელის ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და წოდებისათვის დადგენილი სარგოს) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატისა და კომპენსაციის ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.
მითითებული საკანონმდებლო რეგულაციიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ასევე, განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონობას და იმ გარემოების გათვალისიწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში პალატის მიერ დადასტურებულია მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ამასთან, აღნიშნული ქმედების გამო აპელანტებმა ვერ მიიღეს თანამდებობრივი ანაზღაურება, შესაბამისად, ცალსახაა, რომ განვლილ პერიოდზე მათ მიუღებელი თანხის ოდენობით მიადგათ მატერიალური ზიანი. ამდენად, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იძულებით განაცდურის ანაზღაურება უნდა დაეკისროს აპელანტთა სასარგებლოდ გათავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. კერძოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაეკისროს შ------ა ჯ----ას სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ანაზღაურების (ხელზე ასაღები) 1--- ლარის ოდენობით. ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაეკისროს თ-- მ-----–--ლის სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ანაზღაურების (ხელზე ასაღები) 1--- ლარის ოდენობით.
7.6. რაც შეეხება მოთხოვნას - მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს შ------ა ჯ----ას სასარგებლოდ საშვებულებო თანხის (2014-2017 წლები) 2------ ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ-- მ-----–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს (2014-2017 წლებში) საშვებულებო თანხის 2----- ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება, პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ მხოლოდ 2017 წლის საშვებულებო თანხის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის თანახმად, პოლიციელის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე. სამინისტროში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე პოლიციელის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 35 კალენდარული დღე, ხოლო 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე პოლიციელისა - 40 კალენდარული დღე. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია პოლიციელის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება. ცალსახაა, რომ მოქმედი კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება. ამასთან, მითითებული ნორმები ცხადყოფს, რომ შვებულება დასაქმებულის უფლებას წარმოადგენს, ხოლო უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია უფლების მფლობელის მიერ ნების გამოვლენაზე.
პალატა საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ------ა ჯ----ა შვებულებაში იყო: 2014 წლის 5 სექტემბრიდან 2014 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N1------); 2015 წლის 23 ივლისიდან 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N1------); 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N2------); 2016 წლის 7 მაისიდან 2016 წლის 14 მაისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N1------); 2016 წლის 22 დეკემბრიდან 2016 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N3------); 2017 წლის 29 მაისიდან 2017 წლის 11 ივნისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N1------); 2017 წლის 4 სექტემბრიდან 2017 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N2------). საქმის მასალებით პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ თ-- მ-----–--ლი შვებულებაში იყო: 2014 წლის 14 ივლისიდან 2014 წლის 29 ივლისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N1------); 2015 წლის 13 ივლისიდან 2015 წლის 28 ივლისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N1------); 2015 წლის 23 დეკემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N2------); 2016 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით (შვებულების პატაკის N1------); 2016 წლის 25 ოქტომბრიდან 2016 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N2------); 2017 წლის 7 აგვისტოდან 2017 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით (შვებულების პატაკის N1------).
განსახილველ შეთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მხარეებმა დაადასტურეს რომ აპელანტებს თ-- მ-----–--ლსა და შ------ა ჯ----ას არ დაუფიქსირებიათ და არ მოუთხოვიათ 2014, 2015, 2016 წლის შვებულებების მომდვნო წლებში გადატანა.
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის Nბს-809-805 (3კ-17) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია შემდეგი: „კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, სამსახურიდან გათავისუფლების დროს დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია. დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულს არ უნდა წაერთვას იმ შვებულების უფლება, რომელსაც სავარაუდოდ იგი გამოიყენებდა. საჯარო მოსამსახურეთა უფლება - მოვალეობანი, რომლებიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონშია რეგლამენტირებული, გამომდინარეობს საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებიდან და საქართველოს კონსტიტუციიდან. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 24-ე მუხლის მიხედვით, ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. ამდენად, დასაქმებულის უფლება, ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით უზრუნველყოს დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა. "პოლიციის შესახებ" კანონის 53-ე მუხლით გათვალისწინებულია პოლიციელის ყოველწლიური შვებულებით სარგებლობის უფლება და ხანგრძლივობა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის" 2.5 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო), წელთა ნამსახურობის და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შვებულება არის დასაქმებულის უფლება, რომლის რეალიზება დასაქმებულის ნების გამოვლენაზეა დამოკიდებული. სამსახურიდან გათავისუფლების წინა წლის (2015წ.) პერიოდის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინა წლის შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის წესი სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. შრომის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანა შესაძლებელია ორი პირობის არსებობის შემთხვევაში, კერძოდ დასაქმებული უნდა იყოს თანახმა, ამასთანავე დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე. კანონის აღნიშნული დანაწესი ანაზღაურებადი შვებულების გადატანის საშუალებას იძლევა, თუმცა არა უმეტეს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში სასკ-ის 17.1 მუხლით დადგენილი წესით მოსარჩელეს-გ.ხ-ეს უნდა დაედასტურებინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შვებულების უფლების გამოყენების თაობაზე მოთხოვნა წარდგენილი ჰქონდა, რამეთუ შრომის კოდექსის 21.1. მუხლი ანიჭებს დასაქმებულს უფლებას ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, ხოლო აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია დასაქმებულის ნება, რომელიც უნდა მიუვიდეს დამსაქმებელს (იხ. სუს 26.03.2010წ. Nას-836-1122-09). საქმის მასალებით არ დასტურდება გ. ხ-ის მიმართვა კუთვნილი შვებულების გაცემაზე ან გადავადებაზე და ადმინისტრაციის უარი კუთვნილ შვებულებაში გაშვებაზე ან გადავადებაზე. ამდენად, გათავისუფლებამდე წინა წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს“.
აქვე პალატა ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის Nბს-809-805 (3კ-17) გადაწყვეტილების იმ ჩანაწერზე, სადაც მითითებულია შემდეგი: „საქართველო მონაწილეა "ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ" 04.06.1936წ. კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 22.02.1995წ. დადგენილებით), კონვენცია ითვალისწინებს საშვებულებო დახმარების ანაზღაურებას იმ პირისათვის, რომელიც კუთვნილი შვებულების გამოყენებამდე გათავისუფლებულია დამსაქმებლის მიზეზით. კონვენციის მიხედვით დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს გამოუყენებლი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით დასაქმებულს არ შეიძლება წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა (მე-6 მუხ). კონვენციით განსაზღვრული პირთა წრის (1-ლი მუხ.) გათვალისწინებით, სადავო სამართალურთიერთობათა მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის გამოყენება არ დაიშვება, თუმცა ხსენებული ნორმის მსგავს რეგულაციას ითვალისწინების აგრეთვე ეროვნული კანონმდებლობაც. მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლება განაპირობა გ. ხ-ის არამართლზომიერმა ქმედებამ, გათავისუფლება მოხდა ადმინისტრაციის ინიციატივით, რომელმაც გამოსცა გ. ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების აქტი. რადგანაც დათხოვნილი მუშაკისათვის შვებულების მიცემა შეუძლებელია, ხდება გამოუყენებელი შვებულებისათვის კომპენსაციის გაცემა. შკ-ის 21.4 მუხლის თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შკ-ის 37.1 მუხლის "ა", "ვ"-"თ", და "ო" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, მათ შორის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შემთხვევაში (37-ე მუხ. "ზ", "თ" ქვპ.). სადავო პერიოდში მოქმედი 31.10.1997წ. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი ითვალისწინებდა მოსამსახურეთათვის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებას 30 კალენდარული დღის ოდენობით. მოხელის უფლება ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით არ არის დამოკიდებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის, სამსახურში აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შვებულებით სარგებლობის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ამ უფლების სამართლიანი რეალიზაცია. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ გ. ხ-ემ ვერ ისარგებლა 2016 წ. კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულებით, დამსაქმებლის ბრძანებით, ე.ი. დამსაქმებლის ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლების გამო გ. ხ-ემ ვერ ისარგებლა კუთვნილი შვებულებით, რომლითაც იგი სავარაუდოდ ისარგებლებდა. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ეტაპზე ამ უფლების პირდაპირი აღდგენა შეუძლებელია, მოსარჩელის უფლების აღდგენა უნდა მოხდეს გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორების შს სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივრების მოთხოვნა 2016 წლის შვებულების თანხის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არ არის დასაბუთებული“.
ამდენად, პალატა საქმის ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ანალიზისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისიწინებით მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------ა ჯ----ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის - 211,15 ლარის ანაზღაურება. ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ-- მ-----–--ლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის - 991.2 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოთხოვნა 2014,2015,2016 წლების საშვებულებო თანხის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7.7. რაც შეეხება მოთხოვნას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------ა ჯ----ას სასარგებლოდ დაეკისროს ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის (2014-2017 წლებში, 700 საათი და 56 წუთი) 8--- ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება, ხოლო, თ-- მ-----–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის (2014-2017 წლებში, 723 საათი) 8--- ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება, პალატა მოთხოვნას მიიჩნევს უსაფუძვლოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები. აპალატა ასევე მიუთითებს მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელეს ამ კანონით გათვალისწინებული სახელფასო დანამატი ეძლევა ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამისად; ხოლო ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად, მოხელის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაო სრულდება მხოლოდ მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალების საფუძველზე. მოხელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება მოხელის სურვილის შესაბამისად მისთვის დანამატის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით.
აქვე, პალატა მიუთითებს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების პირობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამდენად, მოხელეს ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, ეძლევა სახელფასო დანამატი. მოხელეს სახელფასო დანამატი ეძლევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაწესებულების ხელმძღვანელის/ზემდგომი თანამდებობის პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალებითა და წარდგინების საფუძველზე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
მოცემულ საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, მითითებული საკანონმდებლო რეგულაციისა და სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულ მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის საფუძველზე პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს აპელანტთა მიერ მითითებულ პერიოდებში (2014-2017 წლები) სამუშაოს ზეგანაკვეთურად შესრულებას და მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული პროგრამის ცხრილით დასტურდება მათი სამსახურში მისვლისა და სამსახურიდან გასვლის ფაქტი, აღნიშნული გარემოება არ არის გამყარებული არც ერთი მტკიცებულებით ზეგანაკვეთური სამუშაოს დავალების შესახებ. ამდენად, პალატის მოსაზრებით არ არსებობს ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ შ------ა ჯ----ას და თ-- მ-----–--ლის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. შ------ა ჯ----ას და თ-- მ-----–--ლის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N2------ ბრძანება, შ------ა ჯ----ას თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N8----- ბრძანება, კადრების განკარგულებაში მყოფი შ------ა ჯ----ას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ. უნდა დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც შ------ა ჯ----ა აღდგება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის პრესცენტრის (სამმართველო) მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ან ტოლფას თანმდებობაზე. უნდა დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------ა ჯ----ას სასარგებლოდ გათავისუფლების დღიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ანაზღაურების (ხელზე ასაღები) 1--- ლარის ოდენობით. უნდა დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------ა ჯ----ას სასარგებლოდ 2017 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის 211,15 ლარის ანაზღაურება.
ასევე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N2------ ბრძანება, თ-- მ-----–--ლის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N8----- ბრძანება, კადრების განკარგულებაში მყოფი თ-- მ-----–--ლის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ. უნდა დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც თ-- მ-----–--ლი აღდგება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის პრესცენტრის (სამმართველო) წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე. უნდა დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ-- მ-----–--ლის გათავისუფლების დღიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ანაზღაურების (ხელზე ასაღები) 1--- ლარის ოდენობით. უნდა დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ-- მ-----–--ლის სასარგებლოდ 2017 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის 991.2 ლარის ანაზღაურება.
პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი შ------ა ჯ----ას და თ-- მ-----–--ლისათვის 2014 - 2016 წლების გამოყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის (ხელზე მისაღები) და 2014-2017 წლებში ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8 პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
ვინაიდან, განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით - სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ------ა ჯ----ას და თ-- მ-----–--ლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შ------ა ჯ----ას და თ-- მ-----–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N2------ ბრძანება, შ------ა ჯ----ას თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ.
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N8----- ბრძანება, კადრების განკარგულებაში მყოფი შ------ა ჯ----ას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ.
6. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც შ------ა ჯ----ა აღდგება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის პრესცენტრის (სამმართველო) მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ან ტოლფას თანმდებობაზე.
7. დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------ა ჯ----ას სასარგებლოდ გათავისუფლების დღიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ანაზღაურების (ხელზე ასაღები) 1--- ლარის ოდენობით.
8. დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ------ა ჯ----ას სასარგებლოდ 2017 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის 211,15 ლარის ანაზღაურება.
9. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N2------ ბრძანება, თ-- მ-----–--ლის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ.
10. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N8----- ბრძანება, კადრების განკარგულებაში მყოფი თ-- მ-----–--ლის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ.
11. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც თ-- მ-----–--ლი აღდგება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის პრესცენტრის (სამმართველო) წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე.
12. დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ-- მ-----–--ლის სასარგებლოდ, გათავისუფლების დღიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ანაზღაურების (ხელზე ასაღები) 1--- ლარის ოდენობით.
13. დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ-- მ-----–--ლის სასარგებლოდ 2017 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის 991.2 ლარის ანაზღაურება.
14. სარჩელი შ------ა ჯ----ას და თ-- მ-----–--ლისათვის 2014 - 2016 წლების გამოყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის (ხელზე მისაღები) და 2014-2017 წლებში ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
15. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწოფო ბაჟის გადახდისაგან.
16. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -