განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.01.2020
საქმის ნომერი
820310018002714789
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
09.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310018002714789 (3/ბ-390-2019წ.)

განჩინება

საქართველოს სახელით

09 იანვარი, 2020წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (მომხსენებელი)

ხათუნა ხომერიკი, გოჩა აბუსერიძე

აპელანტი(მოპასუხე) -სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი - მ--- დ------ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ---- ფ-----ა

წარმომადგენელი-ვ-–- ხ--------–---–ი

მოპასუხე -ი----- კ---–--------ო

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

გასაჩივივრებული გადაწყვეტილება- ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

1. აპელანტისმოთხოვნა-ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ნ---- ფ-----ას სარჩელის უარყოფა.

 

2. სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნა

2018 წლის 08 ნოემბერს ნ---- ფ-----ამ (წარმომადგენელი-ვ-–- ხ--------–---–ი) სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების -სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისა და ი----- კ---–--------ოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 24 სექტემბერის№8-------------- და საჯარ რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის№4----- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რომლებითაც მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე- ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ორთაბათუმში მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ 2------------) ი----- კ---–--------ოს თანამესაკუთრედ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

ზემოხსენებულთან ამავე სარჩელით წარმოდგენილი იქნა მოთხოვნა ნ---- ფ-----ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ორთაბათუმი, (ს/კ. 2-----------) 2007 წლის 21 მარტიდან თანამესაკუთრედ ი----- კ---–--------ოს რეგისტრაციის გაუქმებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ოფისის დავალდებულების თაობაზე.

 

3..გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნ---- ფ-----ას სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად:

ა)ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 24 სექტემბრის № 8--------------გადაწყვეტილება, რომლითაც ნ---- ფ-----ას უარი ეთქვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ორთაბათუმში ნ---- ფ-----ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ 2-----------) ი----- კ---–--------ოს 2007 წლის 21 მარტიდან თანამესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე;

ბ) ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №4----- გადაწყვეტილება ი----- ფ-----ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ)საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ოფისს დაევალა გაეუქმებინა ნ---- ფ-----ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: ხელვაჩაური, სოფელი ორთაბათუმი, ს/კ. 2------------ 2007 წლის 21 მარტიდან თანამესაკუთრედ ი----- კ---–--------ოს რეგისტრაცია და მოეხდინა შესაბამისი ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.

 

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა,რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ნ---- ფ-----ას სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების დასაბუთება

სააპელაციო პალატა საქმის მასალებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნატის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით .

5.1.ფაქტობრივი დასაბუთება

 

5.1.1. 2018 წლის 08 ნოემბერს ნ---- ფ-----ამ (წარმომადგენელი-ვ-–- ხ--------–---–ი) სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისა და ი----- კ---–--------ოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 24 სექტემბერის №8-------------- და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №4----- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რომლებითაც მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე-ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ორთაბათუმში მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ 2------------) ი----- კ---–--------ოს თანამესაკუთრედ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. ამავე სარჩელით წარმოდგენილი იქნა მოთხოვნა ნ---- ფ-----ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ორთაბათუმი,( ს/კ. 2-----------) 2007 წლის 21 მარტიდან ი----- კ---–--------ოს თანამესაკუთრედრეგისტრაციის გაუქმებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ოფისის დავალდებულების თაობაზე .

5.1.2.სარჩელში მოპასუხე ი----- კ---–--------ოს მისამართად მოსარჩელე მხარემ მიუთითა თავისივე მისამართი: ხელვაჩაური რაიონი, სოფელი ორთაბათუმი, თუმცა იქვე ფრჩხილებში აღნიშნა შემდეგი:,, ამჟამად უცხოეთის მოქალაქე“ (იხ .ტომი 1-ლი, ს.ფ. ს.ფ. 2.).

5.1.3. სარჩელში დაყენებული შესაბამისი შუამდგომლობით მოსარჩელემ სასამართლოს სთხოვა სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან გამოთხოვილ ყოფილიყო ინფორმაცია მოპასუხე ი----- კ---–--------ოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით.(იხ .ტომი 1-ლი, ს.ფ. ს.ფ. 12.).

5.1.4 ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 14 ნოემბერს ი----- კ---–--------ოს სარჩელში მითითებულ მისამართზე - ხელვაჩაური, სოფელი ორთაბათუმი, გაუგზავნა ნ---- ფ-----ას სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, მაგრამ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა. კურიერის მიერ გზავნილზე 2018 წლის 21 ნოემბრით დათარიღებული ჩანაწერის თანახმად ირკვევა, რომ ,,აღნიშნული პიროვნება ი----- კ---–--------ო აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს“ ამდენად სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხე ი----- კ---–--------ოს არ ჩაბარდა. ასეთი მას არც საჯარო შეტყობინების გავრცელების გზით არ გადაცემია.(იხ ტომი 1-ლი, ს.ფ. 67).

5.1.5.მიუხედავდ ზემოთქმულისა, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 15 მარტის განჩინებით დანიშნა სასამართლო მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 25 მარტს 14:00 საათზე და სხდომაზე მოწვევის შესაბამისი უწყება მოპასუხე ი----- კ---–--------ოს გაუგზავნა კვლავ იმავე მისამართზე: ხელვაჩაურის რაიონი, ორთავბათუმი, რაც მას არ ჩაბარდა ზემოხსენებული საფუძვლით, რომ იგი არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.(იხ.ს.ფ.228).

5.1.6. 2019 წლის 15 მარტს სასამართლომ ი----- კ---–--------ოს მონაწილეობის გარშე ჩაატარა სასამართლო მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც დააკმაყოფილა მოსარჩელე ნ---- ფ-----ას წარმომადგენელ ვ-–- ხ--------–---–ის შუამდგომლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ი----- კ---–--------ოს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კევთის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. ამავე სხდომაზე განისაზღვრა მომდევნო მოსამზადებელი სხდომის ჩატარების დრო-2019 წლის 17 აპრილი, 16 საათი, რაზედაც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა წარმომადგენლებს (ვ-–- ხ--------–---–ი, მ--- დ------ე) სხდომის დასრულებისთანავე ჩამოერთვათ შესაბამისი უწყება და გაფრთხილების ხელწერილი, ხოლო ი----- კ---–--------ოს სხდომაზე მოწვევის შეტყობინება არ გადაცემია საქართველოს საპროცესო კოდექსით დადგენილი არც ერთი სახით (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ. 230-243; 250-252)

5.1.7.2019 წლის 17 აპრილს სასამართლო მოსამზადებელი სხდომა შედგა კვლავ ი----- კ---–--------ოს მონაწილეობის გარეშე. ამავე სხდომაზე განისაზღვრა მომდევნო მოსამზადებელი სხდომის ჩატარების დრო-2019 წლის 22 მაისი, 15:00 საათი,რაზედაც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა წარმომადგენლებს (ვ-–- ხ--------–---–ი, მ--- დ------ე) სხდომის დასრულებისთანავე ჩამოერთვათ შესაბამისი უწყება და გაფრთხილების ხელწერილი, ხოლო აღნიშნულის თაობაზე ამჟამად ი----- კ---–--------ოს ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით (250-252;253-257)

5.1.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 10 აპრილით დათარიღებული საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით დგინდება, რომ ი----- კ---–--------ო სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტით საქართველოდან გავიდა 20.11.2002წ. 11:02 საათზე და სარფის გამშვები პუნქტით 24.04.2004წ 20:03 საათზე შემოვიდა საქართველოში. ფოთის საკონტროლო - გამშვები პუნქტის გავლით ი----- კ---–--------ო 27.01.2007წ. 18:23 საათზე გავიდა საქართველოდან, რეისის N გრეიფსვალდი და შემოვიდა 25.02.2007 წლის 14:46 საათზე ფოთის საკონტროლო - გამშვები პუნქტის გავლით. ბოლოს ი----- კ---–--------ო საქართველოდან გავიდა 27.12.2007 წ. 09:51 სთ-ზე (BA უკრაინა) , შემოსვლა კი აღარ ფიქსირდება(იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 246-248).

5.1.9. 2019 წლის 22 მაისს, 15:00 საათზე ჩატარებულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე ი----- კ---–--------ო არ გამოცხადებულა. აღნიშნული სხდომა 15:19:07 საათზე გადაიზარდა მთავარ სხდომაში, მოხდა საქმის არსებითად განხილვა ყველა პროცესუალური ეტაპის გავლით და საქმის განხილვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების პროცესუალურ ეტაპზე გადაიდო 2019 წლის 30 მაისს. ამდენად, მოცემული ადმინისტრაციული დავა სასამართლომ განიხილა ი----- კ---–--------ო მონაწილეობის გარეშე(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

5.1.8.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნ---- ფ-----ას სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად:

ა) ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 24 სექტემბრის № 8-------------- გადაწყვეტილება, რომლითაც ნ---- ფ-----ას უარი ეთქვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ორთაბათუმში ნ---- ფ-----ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ 2-----------) ი----- კ---–--------ოს 2007 წლის 21 მარტიდან თანამესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე;

ბ) ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №4----- გადაწყვეტილება ი----- ფ-----ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ)საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ოფისს დაევალაგაეუქმებინა ნ---- ფ-----ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: ხელვაჩაური, სოფელი ორთაბათუმი, ს/კ. 2------------ 2007 წლის 21 მარტიდან თანამესაკუთრედ ი----- კ---–--------ოს რეგისტრაცია და მოეხდინა შესაბამისი ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.

( იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 270-282).

 

5.1.9.2019 წლის 03 აგვისტოს მოპასუხე ი----- კ---–--------ოს კვლავ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე- ხელვაჩაური, სოფელი ორთაბათუმი, გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება,მაგრამ ამ უკანასკნელს არ ჩაბარდა, ვინაიდან ადრესატი არ ცხოვრობდა ზემოაღნიშნული მისამართზე (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 287.).

 

5.1.10. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საჯარო შეტყობინების შესახებ მოპასუხე ი----- კ---–--------ოს ეცნობა ამავე სასამართლოს 2019 წლის 30 მაისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ... (იხ ტომი 1-ლი, ს.ფ. 307-309).

 

5.1.11.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიერ.(იხ. ტომი1-ლი,ს.ფ.288-304)

5.1.12.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 17 ოქტომბერს ,14:00 საათზე.(იხ. ტომი მე-2,ს.ფ.4)

 

5.1.13. საქმის განსახილველად მომზადების მიზნით 2019 წლის 01 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე ი----- კ---–--------ოს ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში გადაუგზავნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისის სააპელაციო საჩივარის ასლი, მაგრამ ზემოაღნიშნული გზავნილი მხარეს ვერ ჩაბარდა. (იხ. ტომი მე-2 ,ს.ფ.14-15)

 

5.1.14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 17 დეკემბრის №0-------- წერილობითი პასუხით დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით 1968 წლის 26 ივნისს დაბადებული ი----- კ---–--------ო (პ/ნ. 6----------) 2008 წლის 30 ივლისამდე რეგისტრირებული იყო მისამართზე, ბათუმი, ფ-------------------------- (აღიშნული პირი მოხსნილის რეგისტრაციიდან).

 

5.1.15.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 17 დეკემბრის №0-------- წერილობითი პასუხით დადგენილია, რომ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით ი----- კ---–--------ოს სახელზე 2002 წლის 12 ოქტომბერს გაცემულია პირადობის Nდ------- მოწმობა. აღნიშნული პირადობის მოწმობა გაუქმებულია. ახალი პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება

 

5.1.16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 დეკემბრის №0-------- წერილით ირკვევა, რომ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით 1968 წლის 26 ივნისს დაბადებული ი----- კ---–--------ო არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ, აღნიშნული პირი საქართველოს მოქალაქეობიდან გავიდა საქართველო პრეზიდენტის 2008 წლის 30 ივნისის №3-- ბრძანებულებით.

 

5.1.17. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, დადგენილია რა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ სასამართლოს მიერ ი----- კ---–--------ოს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული დოკუმნეტები, სასამართლო გზავნილები ეგზავნებოდა მისამართზე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელ ორთაბათუმი, სადაც ის 2008 წლამდე საქართველოში ცხოვრების პერიოდშიც კი არ იყო რეგისტრირებული, ამასთან 2008 წლიდან საქართველოს მოქალაქედაც კი აღარ ფიქსირდება, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა მხარის - ი----- კ---–--------ოს დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ,,საქმის საჯარო განხილვის” უფლებას, რაც უპირობოდ გულისხმობს უფლებას საქმის ზეპირ მოსმენაზე და მასში მხარეთა მონაწილეობას. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე: ,,იაკოვლევი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” 2005 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია უზრუნველყოფს არა თეორიულ ან ილუზიურ უფლებებს, არამედ, იმ უფლებებს, რომლებიც პრაქტიკული და ეფექტიანია. ამავე სასამართლომ გადაწყვეტილებაში საქმეზე: ,,მულტიპლექსი ხორვატიის წინააღმდეგ 2003წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ საქმის საჯარო განხილვის უფლება მოკლებული იქნება დანიშნულებას, თუკი საქმის მონაწილე მხარე არ არის ინფორმირებული სასამართლოს სხდომის თაობაზე, იმ გათვლით, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა გამოცხადდეს სხდომაზე, თუკი ის გადაწყვეტს ისარგებლოს ნაციონალური კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესუალური უფლებებით. ამავე სასამართლომ საქმეზე ,,გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით.

 

სტრანსბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო თავის არაერთ გადააწყვეტილებაში ხაზს უსვამს ეროვნული ორგანოების ვალდებულებას-უზრუნველყოს ,,სამართლიანი განხილვის“ მოთხოვნები თითოეულ საქმეზე (იხილეთ Dombo Beheer B.V.ნიდერლანდების წინააღმდეგ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), 27/10/1993,§33, Series A no. 274). ხსენებულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი 1-ლი პარაგრაფი არ ითვალისწინებს დოკუმენტების გაგზავნის კონკრეტულ ფორმას (იხილეთ „ბოგონოსი რუსეთის წინააღმდეგ“(განჩინება) (Bogonos v. Russia (dec.), no. 68798/01, 05/02/2004, და „ორამსი კვიპროსის წინააღმდეგ“ (განჩინება)(Orams v. Cyprus (dec.), no. 27841/07,10/06/2010). თუმცა სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხილეთ, რუიზმატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ(Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A no.262). ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხილეთ „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხილეთ „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77,04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაჰბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხილეთ „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება)(Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007; დ„ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia),no. 53723/13, § 70, 21/05/2015).

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია სასამართლო დაცვის უფლება. კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპი _ ოფიციალობის პრინციპი განსაზღვრავს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების როლს. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან სასამართლო პროცესუალური აქტივობის ცენტრში იმყოფება, ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალურთიერთობაში სასამართლოს აკისრებს საპროცესო მხარეთა საპროცესო უფლებებში ბალანსის მიღწევისთვის აუცილებელ საპროცესო მოქმედებების შესრულებას.

 

ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლი).

 

ადმინისტრაციული სასამართლოს ეს უფლებამოსილება კანონმდებლის მიერ განმტკიცებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლში ადმინისტრაციულ ორგანოთა ვალდებულების დადგენით, წარუდგინოს სასამართლოს საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია.

 

სასამართლოს უფლებამოსილება _ თავისი ინიციატივით მოიპოვოს მტკიცებულებები ან ინფორმაცია ნიშნავს, რომ სასამართლომ უნდა განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც საფრთხე ემუქრება მართლმსაჯულების ძირითად პრინციპს _ მხარეთა თანასწორობის /ანუ თანაბარი შესაძლებლობა _ დაიცვან თავიანთი უფლებები/ რეალიზაციას საჯარო სამართლებრივი დავების მონაწილეთა სუბორდინაციული მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს, მათ შორის, ასეთად მიიჩნევს სასამართლოს მიერ საქმის განხილვას ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით .

 

ამდენად, როგორც უკვე აღინიშნა, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მხარის მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა, რომელსაც სხდომის შესახებ არ ეცნობა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების კანონით განსაზღვრულ აბსოლუტურ საფუძველს, რასაც საპროცესო კანონმდებლობა უპირობოდ უკავშირებს სასამართლო აქტის გაუქმების შედეგს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სარჩელში უნდა აღინიშნოს მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი...

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის უფლებით აღჭურვილი მესამე პირის - ი----- კ---–--------ოს მისამართად მიუთითა თავისივე მისამართი, რაც არც წარმოადგენდა ამ უკანასკნელის არც ძირითად(ფაქტობრივი ადგილსამყოფელი) და არც რეგისტრაციის მისამართს.

 

სააპელაციო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, კერძოდ, საქმის განხილვა სასამართლოში გაიმართა მოპასუხის უფლებით აღჭურვილი პირის – ი----- კ---–--------ოს მონაწილეობის გარეშე, რომელსაც არც სარჩელი და შეაბამისი დოკუმენტები და არც სასამართლო უწყება არ ჩაბარდა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად უზრუნველყოფილი არ იქნა ამ უკანასკნელის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში, რაც წარმოადგენს მხარის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროცესუალურ უფლებას, რომლის პატივისცემა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის _ მართლმსაჯულების განხორციელება მხარეთა თანასწორობის საფუძველზე, სასამართლოს უპირობო მოვალეობაა და რომლის იგნორირება საპროცესო კანონით მკაცრად განსაზღვრულ პროცესუალურ შედეგს - სასამართლო აქტის გაუქმებას იწვევს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და მატერიალური სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

6.საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის257-ე, 372-ე, 377-ე მუხლებით, 385-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით, 390-ე მუხლით, 394-ემუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 397-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად საქმის განხილვისათვის მომზადების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს;

 

3. მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, შეჯამდეს და განაწილდეს მხარეთა შორის საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ;

 

4. განჩნება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32)მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე

 

ხათუნა ხომერიკი

გოჩა აბუსერიძე