განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100118002449534
საქმე #1ბ/996-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: თ---------ის, ბ----------------–---–ის
ადვოკატების: ი---------------ის, მ--------------–---–ის
მსჯავრდებულის: ნ-----–-----–----–--ის
თარჯიმნის: მ---------–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------ის და მსჯავრდებულ ნ-----–-----–----–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ნ-----–-----–----–--ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ----–----–--------------–-------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ ნ-----–-----–----–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში, ქ----–----–--------------–-------------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ნ-----–-----–----–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მეუღლის, თ------------–---–ის მიმართ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. კერძოდ, ხელი გაარტყა სახეში, დააგდო ძირს და ფეხი ჩაარტყა ტანის არეში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანებები.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენით:
ნ-----–-----–----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------ემ, აგრეთვე, მსჯავრდებულმა ნ-----–-----–----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი---------------მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ნ-----–-----–----–--ეს ჩადენილი დანაშაულისათვის განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
მსჯავრდებულმა ნ-----–-----–----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ნ-----–-----–----–--ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------ის და მსჯავრდებულ ნ-----–-----–----–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ნ-----–-----–----–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ-----–-----–----–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ თ------------–---–ის ჩვენებით, მოწმეების - ნ----------ის, რ-------------–--–---–ის, თ----------------–--ის (ექსპერტი) ჩვენებებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ-----–-----–----–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ-----–-----–----–--ეს დანაშაული არ ჩაუდენია და მის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა თ------------–---–მა განმარტა, რომ ყოფილ მეუღლესთან - ნ-----–-----–----–--ესთან ქორწინებაში იმყოფებოდა 2018 წლის ივნისამდე. მათ ჰყავთ საერთო შვილი მ-----–----–--ე. ნ-----–-----–----–--ესთან თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეებს შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა დედამთილის გამო, რომელიც ნ-----–----ს განაწყობდა მის (დაზარალებულის) საწინააღმდეგოდ. 2017 წლის სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში, ნ-----–-----–----–--ემ მასზე (თ------------–---–ზე) ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ხელი გაარტყა სახის არეში და შემდეგ წაქცეულს ფეხი ამოარტყა, რა დროსაც მან (დაზარალებულმა) განიცადა ძლიერი ტკივილი. აღნიშნულის შესახებ მან (დაზარალებულმა) 2017 წლის 3 ოქტომბერს უამბო თავის დეიდას - რ-------------–--–---–ს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ფაქტი შეატყობინა მის (დაზარალებულის) დედას ნ----------ეს, რომელმაც, იმავე დღეს, რ-------------–--–---–ის სახლიდან იგი (თ------------–---–ი) ნ-----–-----–----–--ისაგან მალულად, ბავშვთან ერთად, წამოიყვანა თბილისში და მომხდარის შესახებ განაცხადეს შსს თბილისის დიდუბე ჩუღურეთის პოლიციაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულის დედამ, ნ----------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 3 ოქტომბერს, ტელეფონით დაუკავშირდა მისი დეიდაშვილი რ-------------–--–---–ი და უთხრა, რომ მისი (მოწმის) შვილი თ------------–---–ი სცემა ნ-----–-----–----–--ემ და უნდოდა თბილისში წასვლა. მან (ნ----------ემ) თავის მხრივ უთხრა, რომ სამარშრუტო ტაქსით გაემგზავრებინა თ-- მასთან, რაზეც რუსუდანმა უპასუხა, რომ თ--ს ეშინოდა თავისი მეუღლის და მგზავრობას ვერ შეძლებდა. ამის შემდეგ იგი (ნ----------ე) იძულებული გახდა, თავად წასულიყო ხაშურში და წამოეყვანა თ------------–---–ი თბილისში ბავშვთან ერთად. სანამ ჩავიდოდა, მგზავრობის დროს შეიტყო რ-------------–--–---–ისაგან, რომ ნ-----–-----–----–--ეც მათთან იყო. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გადაწყვიტა, ნ-----–-----–----–--ისაგან მალულად წამოეყვანა თ--. ასეც მოიქცნენ, რ-------------–--–---–მა შეიყოლია საუბარში ნ-----–-----–----–--ე, რა დროსაც თ------------–---–ი გავიდა სახლიდან ბავშვიანად და წაჰყვა მას (ნ----------ეს) თბილისში. თ--ს სახეზე ეტყობოდა სილურჯე. თ------------–---–ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, იმავე დღეს, განაცხადება შეიტანეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, დაზარალებულის დეიდამ, რ-------------–--–---–მა აჩვენა, რომ თ------------–---–ი გათხოვების შემდეგ ცხოვრობდა ქ----–----ში, მეუღლის - ნ-----–-----–----–--ის ოჯახში, თუმცა ხშირად იმყოფებოდა თბილისშიც დედასთან, ნ----------ესთან, რომელიც მატერიალურად ეხმარებოდა მათ, განსაკუთრებით - ბავშვის გაჩენის შემდეგ. 2017 წლის 3 ოქტომბერს, თ------------–---–ი მივიდა მასთან (მოწმესთან) ქ----–----ში მდებარე სახლში, ბავშვთან ერთად. სახის მიდამოში შეამჩნია რა სილურჯე, ჰკითხა - რა მოუვიდა, რაზეც თ--მ უპასუხა, რომ მისმა მეუღლემ სცემა. თან შიშობდა - ამის შესახებ ნ-----–----ს არ გაეგო, რომელიც მალე უნდა მისულიყო მათთან. მან (რ-------------–--–---–მა) თ------------–---–ის მდგომარეობის შესახებ ტელეფონით აცნობა თ--ს დედას ნ----------ეს, რომელმაც უთხრა, რომ ტაქსით მივიდოდა და წაიყვანდა თ--ს ბავშვთან ერთად. მგზავრობის დროს ნ----------ე კვლავ დაუკავშირდა მას (რ-------------–--–---–ს) ტელეფონით და სთხოვა - ნ-----–-----–----–--ე გაერთო საუბარში, რათა მისგან მალულად, კონფლიქტის გარეშე, წაეყვანა თ-- მისი სახლიდან. იგი (მოწმე) დათანხმდა რა აღნიშნულზე, ნ-----–-----–----–--ე შეაყოვნა ახლად გარემონტებული სააბაზანოს დათვალიერებით და ამასობაში თ------------–---–ი ბავშვთან ერთად წაიყვანა თბილისში ნ----------ემ ისე, რომ ნ-----–-----–----–--ეს არ უნახავს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ თ------------–---–ს მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე ზემო მესამედში და მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედში გარეთა ზედაპირზე, აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომის სისხლნაჟღენთები. გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, კანის დონიდან მაღლა აღენიშნებოდა მოწითალო-მოყავისფრო ფუფხით დაფარული ნაჭდევი. მარჯვენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე აღენიშნებოდა განივად მდებარე მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი.
თ------------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მხრისა და ბარძაყის არეში არსებული სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით შეესაბამება დაახლოებით 7-9 დღეს. გულმკერდის წინა ზედაპირზე არსებული ნაჭდევი და თვალის ქუთუთოზე არსებული სისხლნაჟღენთი - დაახლოებით 1-3 დღეს. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა თ----------------–--ემ, რომელმაც დამატებით აღნიშნა, რომ გამოკვლევის დროს, თ------------–---–მა მის კითხვაზე - თუ საიდან ჰქონდა აღნიშნული დაზიანებები, უპასუხა, რომ სცემა მისმა მეუღლემ.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება - იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ გაგებულ უნდა იქნას, როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ ტკივილის შეგრძნება სუბიექტური განცდაა და დაზარალებული პირველ რიგში წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განხორციელებულმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი.
პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ თ------------–---–ის ჩვენება, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ნ-----–-----–----–--ის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ტკივილი - სრულ თანხვედრაშია მოწმეთა (ნ----------ის, რ-------------–--–---–ის, თ----------------–--ის) ჩვენებებთან და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულის ზემოაღნიშნული ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. სააპელაციო პალატა ნ-----–-----–----–--ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ნ-----–-----–----–--ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მიუთითებენ, რომ განაჩენის დასაბუთებისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხოლოდ ბრალდების მხარის მოწმეებით და ყურადღებას არ ამახვილებს დაცვის მხარის მოწმეებზე, კერძოდ, ა------------------–---–ის, მ-------------ის, ი--–----–--ის, თ-------–--–----–-----ის, მ---------------ის ჩვენებებზე, რომლებმაც თავიანთ ჩვენებებში გამორიცხეს ნ-----–-----–----–--ის მხრიდან დანაშაულის ჩადენა. დაცვის მხარის აღნიშნულ პრეტენზიას სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. სააპელაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებები პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში დეტალურადაა მიმოხილული და შეფასებული. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ზემოხსენებული მოწმეების ჩვენებებს ნ-----–-----–----–--ის უდანაშაულობის შესახებ. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაცვის მხარის მოწმეები ძირითადად მიუთითებენ ნ-----–-----–----–--ესა და ნ----------ეს შორის გართულებულ ურთიერთობაზე, მეტიც, ამ უკანასკნელის მხრიდან ყოფილი სიძის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე, ასევე ნ----------ის მხრიდან თავისი შვილის მიმართ ზეწოლაზე მეუღლესთან განქორწინების მიზნით. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული გარემოებები, თუნდაც ასეთს ჰქონოდა კიდეც ადგილი, მტკიცების საგნის თვალსაზრისით, არ წარმოადგენს მოცემული საქმისა და სააპელაციო საჩივრების განხილვის საგანს. ამას გარდა, პალატის აზრით, უტყუარობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებს მეტი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ, ვინაიდან მოწმეები – რ-------------–--–---–ი, ნ----------ე არიან ის პირები, რომლებმაც თავიანთი თვალით იხილეს დაზარალებულზე მიყენებული ფიზიკური დაზიანებები და რომლებსაც დაზარალებულმა განუცხადა, რომ სცემა ნ-----–-----–----–--ემ. ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები შესაბამისობაშია დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლითაც დადგენილი და დადასტურებულია თ------------–---–ზე დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით. ამდენად, ბრალდების მხარის მოწმეების მიერ გადმოცემული ინფორმაცია გასაზიარებლობისა და სარწმუნოობის მაღალი ხარისხით ხასიათდება.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარში პროკურორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ნ-----–-----–----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სპეციფიკური ხასიათი, კერძოდ, ის გარემოება, რომ ნ-----–-----–----–--ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის ქმედება. ამასთან, ასეთი ლმობიერი სასჯელის დანიშვნა მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი. სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ასევე განაცხადა, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ ნ-----–-----–----–--ე დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს, არ ინანიებს და ხელი არ შეუწყო გამოძიებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ-----–-----–----–--ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული – ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ნ-----–-----–----–--ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშანს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ნ-----–-----–----–--ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ ასეთი ლმობიერი სასჯელის დანიშვნა მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ნ-----–-----–----–--ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, მას აქვს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, ასევე ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციებით ნათლად ჩანს, კანონმდებელმა ბრალდებულს მიანიჭა უფლება, არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, არ დაიბრალოს დანაშაული და ამ უფლების გამოყენება ბრალდებულის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ნ-----–-----–----–--ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება, ზოგადად, სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ნ-----–-----–----–--ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ნ-----–-----–----–--ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მსჯავრდებული არის მცირეწლოვანი შვილის მამა, ხასიათდება დადებითად, იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მესამე ჯგუფის ინვალიდია და მისი ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ-----–-----–----–--ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ნ-----–-----–----–--ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------ის და მსჯავრდებულ ნ-----–-----–----–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ-----–-----–----–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ ნ-----–-----–----–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენი ნ-----–-----–----–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ნ-----–-----–----–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნ-----–-----–----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე