განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.01.2020
საქმის ნომერი
160310018002715178
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310018002715178

საქმე №3ბ/2664-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

მოსამართლეები ხატია არდაზიშვილი,გია ბერაია

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - გი-----------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენელი - შო--------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება დაუკამყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, გი-----------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 7 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N15 სხდომის ოქმი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გი-----------------–--ის მიერ მიწის გადასახადისაგან განთავისუფლების შესახებ წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე გიორგი ქუთათელაძე მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოს ტერიტორიაზე ფლობს 362000.00 კვ.მ და 100000.00 კვ.მ სასოფლო- სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთს. მოსარჩელეს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დათესილი ჰქონდა მარცვლეული კულტურა;

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის 31 მარტის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცდა ქონების გადასახადის განაკვეთები მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დანართის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტომ 2017 წლის 3 ოქტომბრის მიმართვით გი-----------------–--ეს მიაწოდა ინფორმაცია კერძოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებს, ამიტომ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს" და თქვენს შორის 2017 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული ფასიანი მომსახურების შესახებ Nფმ-1/833 ხელშეკრულების შესაბამისად, მისგან უახლოესი - ქ. მარნეულის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, აცნობს, რომ 1 ივნისიდან 30 სექტემბრამდე მერყეობდა - 21,30-დან 28,40-მდე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოსული ნალექების ჯამმა - 121,2 მმ შეადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანის მიდამოებში მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 20 სექტემბრამდე დაფიქსირდა უძლიერესი გვალვა. ხოლო 01 ივნისიდან 30 სექტემბრამდე მთლიანი პერიოდი შეფასდა გვალვიან პერიოდად.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 25 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი შინაარსის ინდივიდუალური საკითხების განსახილველი სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და გი-----------------–--ეს უარი ეთქვა ცნობის გაცემაზე, რაც დაადასტურებდა მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტის განადგურებას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 7 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N15 სხდომის ოქმით, გი-----------------–--ეს უარი ეთქვა მიწის ქონებრივი გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა იძლევა შესაძლებლობას საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ შემოწმებული იქნეს მისი კანონიერება და მიზანშეწონილობა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს, უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება და გამოცემა საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად არის რეგლამენტირებული და ყოველ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია საჯარო ვალდებულება ზედმიწევნით დაიცვას იგი, თავის მხრივ, აღნიშნული ვალდებულება განაპირობებს დაინტერესებულ პირთა კანონიერ მოლოდინს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი შინაარსის ინდივიდუალური საკითხების განსახილველი სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და გი-----------------–--ეს უარი ეთქვა ცნობის გაცემაზე, რაც დაადასტურებდა მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტის განადგურებას.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში როგორც გი-----------------–--ის მიერ წარდგენილი, ისე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ 2015 წლის ივნისი-სექტემბრის თვეებში, მარნეულის ტერიტორიაზე დაფიქსირდა გვალვა. თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითის შესწავლისას არ შეაფასა აღნიშნული გარემოება და არ განმარტა თუ რატომ არ გაიზიარა მის მიერვე მოპოვებულ ცნობებში მითითებული გარემოებები, რას დაეყრდნო და რა საფუძვლით გამორიცხა სარწყავი არხების გაუმართაობა და გვალვის შედეგად მიყენებული ზიანი. ხოლო ის გარემოება, რომ მოქალაქეების განთავისუფლება მიწის გადასახადისაგან გამოიწვევს შეუქცევად პროცესს და უამრავი მოიჯარე მოითხოვს იგივეს, რაც ცუდად აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე, ვერ გახდება უარის თქმის ფაქტობრივი და სამართალებრივი საფუძველი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,შ“ ქვეპუნქტის თანახმად, (2013 წლის 30 დეკემბრის ცვლილების თანახმად ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით,) ქონების გადასახადისგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით. (ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

გი-----------------–--ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი სასარჩელო მოთხოვნა კერძოდ ბათილად სცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 07 აგვისტოს N15 სხდომის ოქმი, მაგრამ არ იმსჯელა მიწის ქონების გადასახადისაგან განთავისუფლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სასარჩელო მოთხოვნა სასამართლო პროცესზე დაზუსტებულ იქნა. აპელანტის მითითებით, 2015-2017 წწ. მიწის ქონების გადასახადმა შეადგენა 7620 ლარი, რომლის გადახდაც მას არ უნდა დაეკისროს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის შეფასებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატა.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 07 აგვისტოს N15 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა (რომლითაც უარი ეთქვა 2015 წლის დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე), ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის 36 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2015 წელს მისაღები მოსავლის სტიქიის შედეგად განადგურებისა და 40 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2017 წელს მისაღები მოსავლის სტიქიის შედეგად განადგურების შესახებ ცნობების გაცემის დავალება (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის სხდომის ოქმი).

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,შ“ ქვეპუნქტის თანახმად, (2013 წლის 30 დეკემბრის ცვლილების თანახმად ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით,) ქონების გადასახადისგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით. (ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე).

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შემთხვევაში ქონების გადასახადისაგან განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენს სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად მოსავლის ნახევარზე მეტის განადგურება. ამასთან მუხლში მითითებული სტიქიის არსებობისას ქონების გადასახადისაგან გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გიორგი ქუთათელაძე მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოს ტერიტორიაზე ფლობს 362000.00 კვ.მ და 100000.00 კვ.მ სასოფლო- სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთებს. მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებულ 35 ჰა მიწის ნაკვეთზე - 2015 წელს, ხოლო 2017 წელს - 40 ჰა მიწის ნაკვეთზე დათესილი ჰქონდა მარცვლეული კულტურა იონჯა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ გი-----------------–--ემ 2016 წელს განცხადებით მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას და 35 ჰა მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადისაგან განთავისუფლება მოითხოვა იონჯის კულტურის გვალვისაგან განადგურების გამო.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 აპრილის მიმართვის თანახმად, ქ. მარნეულის ავტომატური მეტეოროლოგიური საგუშაგოს 2015 წლის ივნისი-სექტემბრის თვეებში დაკვრივებული ნალექების ჯამური რაოდენობის, საშუალო ტემპერატურის მონაცემებზე დაყრდნობითა და შესაბამისი თვეების მრავალწლიური ნორმების საფუძველზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე გვალვა დაფიქსირებულ იქნა ივლისი-აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში.

 

2015 წლის 17 ნოემბრის აქტის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფის (კომისიის) მიერ ვიზუალურად დათვალიერებულ იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში გი-----------------–--ის საკუთრებაში არსებული 36.2 ჰა მიწის ნაკვეთზე არსებული იონჯის ნათესები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ იონჯის აღმოცენების პროცენტული მაჩვენებელი იყო ნამდვილად დაბალი.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N14 სხდომის ოქმის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხად განხილულ იქნა გი-----------------–--ის განცხადება და იგი არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით მსგავს მდგომარეობაში არაერთი მოიჯარეა. ამასთან მოიჯარეთა მიერ აღებული მიწები მორწყვადია და თუ მოიჯარეებმა ვერ შეძლეს მორწყვა ან სარწყავი წლის ნაკლებობაა, ეს საკითხი მათ მიერ გარკვეულ უნდა იქნეს მელიორაციის სამსახურთან. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოქალაქეები განთავისუფლდებიან მიწის გადასახადისაგან ეს გამოიწვევს შეუქცევად პროცესს და უამრავი მოიჯარე მოითხოვს იგივეს, რაც ცუდად აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გი-----------------–--ემ სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მარნეულის მუნიციპალიტეტის სარებულოს მიმართ და მოითხოვა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალოს გამოსცეს ცნობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მისაღები მოსავლის სტიქიის შედეგად განადგურების შესახებ. იმავე სარჩელით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობაში მის მიერ გადახდილი თანხის 153.30 ლარის გადახდა.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით გი-----------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გი-----------------–--ის მიწის გადასახადის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ წარდგენილ განცხადებაზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 09 ოქტომბერს განცხადებით მიმართა გი-----------------–--ემ და განმარტა, რომ 2017 წლის აპრილის თვის მე-2 ნახევარში, სოფ. კარჩაგანის ტერიტორიაზე მდებარე მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 72.5 ჰა სახნავი მიწის 40 ჰა-ზე (ს/კ 83.11.06.534) დათესა პირუტყვის საკვები იონჯა. დათესილი მცენარე აღმოცენდა კარგად, ვეგეტაციის პერიოდში კი, როდესაც მცენარემ მიაღწია 15-20 სმ-ს შეწყვიტა განვითარება და გახმა. ისე, რომ 2017 წელს საერთოდ ვერ მიიღო შემოსავალი. გი-----------------–--ე აღნიშნულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2017 წლის 10 ივლისიდან 20 სექტემბრამდე სოფ. კარჩაგანის მიდამოებში დაფიქსირებულ იქნა უძლიერესი გვალვა, ხოლო 01 ივნისიდან 30 სექტემბრამდე მთლიანი პერიოდი შეფასდა გვალვიან პერიოდად. განმცხადებლის მითითებით, შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ ვერ უზრუნველყოფს მისი მიწების მორწყვას. ამდენად, გი-----------------–--ის მიერ მოთხოვნილ იქნა მისი ნათესის შემოწმება და 2017 წლის 40 ჰა მიწის გადასახადისაგან გათავისუფლება.

 

გი-----------------–--ის განცხადებას თან ერთვოდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 03 ოქტომბრის N12/1-899 შეტყობინება, რომლის შესაბამისადაც გი-----------------–--ეს ეცნობა, რომ მანეულის მუნიციპალიტეტის სოფ. კარჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებს, ამიტომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გი-----------------–--ეს შორის 2017 წლის 28 სექტემბრის Nგმ-1/833 ფასიანი მომსახურეობის ხელშეკრულების შესაბამისად, მისგან უახლოესი - ქ. მარნეულის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცმებზე დაყრდნობით ეცნობა, რომ ჰაერის საშუალო დეკადური ტემპერატურა 01 ივნისიდან 30 სექტემბრამდე მერყეობდა 21.3O- დან 28,4 O-მდე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოსული ნალექების ჯამმა 121,2 მმ შეადგინა. ჰიდროთერმული კოეფიციენტის მნიშვნელობამ ამ პერიოდში -0.42, ხოლო ივლისის თვის მე-2 დეკადიდან სექტემბრის თვის მე-2 დეკადის ჩათვლით ჰიდროეთერმული კოეფიციენტის მნიშვნელობამ - 0.01 შეადგინა. ამავე წერილის თანახმად, ჰიდროთერმული კოეფიციენტის 0.4-ზე ნაკლები მნიშვნელობა მიჩნეულია მეტად ძლიერ გვალვად. მიღებული შედეგი კი 40-ჯერ ნაკლებია მეტად ძლიერი გვალვის გრადაციის მნიშვნელობაზე. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მარნეულის რაიონის სოფ. კარჩაგანის მიდამოებში, მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 20 სექტემბრამდე დაფიქსირდა უძლიერესი გვალვა, ხოლო 01 ივნისიდან 30 სექტემბრამდე მთლიანი პერიოდი შეფასდა გვალვიან პერიოდად.

 

საქმეში წარმოდგენილი შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ 2017 წლის 28 სექტემბრის Nგ-2624 წერილის თანახმად, გი-----------------–--ეს ეცნობა, რომ წლების განმავლობაში ხრამი-დებედას სერვის ცენტრი ვერ უზრუნველყოფდა აღნიშნული მიწის ნაკვეთების მორწყვას, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა სამელიორაციო მომსახურეობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. ამავე წერილში შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ მიერ მოსარჩელეს განემატა, რომ სამომავლოდ კაჩიგანის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ სრულად მოემსახურონ სოფელ კაჩაგანს, თექალოს, ხანჯიგაზლოს და კირაჩ მუღანლოს.

 

გი-----------------–--ის განცხადება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 25 ოქტომბრის N05/246 წერილით გადაგზავნილ იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით.

 

საქმეში წარმოდგენილი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი შინაარსის ინდივიდუალური საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფის 2018 წლის 25 მაისის N1 ოქმის თანახმად, სხდომაზე განხილულ იქნა მოქალაქე გი-----------------–--ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გადაგზავნილი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

სხდომის თავმჯდომარემ, მუშა ჯგუფის ხელმძღვანელმა ლაშა ლობჟანიძემ ჯგუფის წევრებს გააცნო გი-----------------–--ის მიმართვასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია - 2015 წლის 17 თებერვლის N1336/03, 2015 წლის 04 აპრილის N3039/03, 2016 წლის 12 დეკემბრის N1202/05 განცხადებები, გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 03 ოქტომბრის N13/1-899 წერილი, შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ 2017 წლის 28 სექტემბრის Nგ-2624 წერილი, 2015 წლის 17 ნოემბრის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილები. განხილვის შედეგად კი მუშა ჯგუფმა დაადგინა, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი არ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ გი-----------------–--ეს სტიქიის (გვალვის) გამო გაუნადგურდა იონჯის ნათესის მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი. სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა და ერთხმად დაადგინა, რომ მოქალაქე გი-----------------–--ის მოთხოვნა მის მიერ მოთხოვნილი ცნობის გაცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. აღნიშნული ოქმი გადაგზავნილ იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განხილვის მიზნით.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 07 აგვისტოს N15 ოქმის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ გივი გიორგაძემ საკრებულოს წევრებს გააცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 ივლისის N03/7144 წერილით წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელსაც თან ახლდა მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი შინაარსის ინდივიდუალური საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფის 2018 წლის 25 მაისის ოქმი N1 და თანდართული ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალები. აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის 2018 წლის 02 აგვისტოს სხდომაზეც. აღნიშნული ოქმის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერიიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალებით არ დასტურდება გი-----------------–--ის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურინეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სტიქიის შედეგად (ქარიშხალი, სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა, მეწყერი და სხვა) ნაყოფიერი ფენის სანახევროდ ან მეტად დაზიანების ფაქტი წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, არ ქმნის სამართლებივ შესაძლებლობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ვინაიდან გი-----------------–--ის მოთხოვნა მიწის გადასახადისაგან განთავისუფლების თაობაზე არ შეესებამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ნ) პუნქტის, მე-60 მუხლის და სხვა სამართლებრივი ნორმის მოთხოვნებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც გი-----------------–--ის მიერ წარდგენილი, ისე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, 2015 წლის ივნისი-სექტემბრის თვეებში, მარნეულის ტერიტორიაზე დაფიქსირდა გვალვა, ხოლო 2017 წლის 10 ივლისიდან 20 სექტემბრის პერიოდში მარნეულის რაიონის სოფ. კარჩაგანის მიდამოებში დაფიქსირდა უძლიერესი გვალვა, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის შესწავლისას იმსჯელა მხოლოდ 2015 წლის მდგომარეობით არსებულ სიტუაციაზე, მხედველობაში არ მიიღო 2017 წელს ივლისი-სექტემბრის პერიოდში დაფიქსირებული უძლიერესი გვალვის არსებობა და არ განმარტა თუ რატომ არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილ ცნობებში მითითებული გარემოებები, რას დაეყრდნო და რა საფუძვლით გამორიცხა გვალვის შედეგად გი-----------------–--ისათვის მიყენებული ზიანი. ხოლო ის გარემოება, რომ მოქალაქეების განთავისუფლება მიწის გადასახადისაგან გამოიწვევს შეუქცევად პროცესს და უამრავი მოიჯარე მოითხოვს იგივეს, რაც ცუდად აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე, პალატის მოსაზრებით ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან სტიქიური მოვლენების დროს მოსავლის ნახევარზე მეტის განადგურების შემთხვევაში ქონების გადასახადისაგან გათავისუფლება გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, ხოლო ზემოაღნიშნული საფუძვლით ცნობის გაცემაზე უარი 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ნ“ პუნქტს აცლის ყველანარ პრაქტიკულ დატვირთვას, რაც თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის მთლიანად საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გი-----------------–--ის მიერ მიწის გადასახადისაგან განთავისუფლების შესახებ წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იზელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი-----------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

 

მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი

 

გია ბერაია