განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2020
საქმის ნომერი
330210015723905
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015723905

საქმე №2ბ/2450-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები -ოთარ სიჭნავა, მიხეილ გოგიშვილი

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი -- სს ,,ა----------------ა“

მოსარჩელის წარმომადგენლები - ნ------–--------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ს------------–--------------------------------ი

წარმომადგენელი - ა-----–--------–-–---–ი;

 

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე შპს,,M------------–------------ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. წლის 07 ოქტომბერს, სსიპ ტექნოლოგიური განვითარების ფონდს და შპს,,M------------–------------ს" შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქ. თბილისში, დ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე (დ-----ს ჭ--–--ი) საავტომობილო გზის და მასთან ერთად გაზსადენის ქსელის სამშენებლო სამუშაოები C-----------, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციისა და სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისი დანართების (სამშენებლო პროექტების) მიხედვით. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს სამშენებლო პროექტზე თანდართული გეგმა-გრაფიკის (ხელშეკრულების დანართი #2) მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 (სამოცდათხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, შესაძლებელია მოხდეს საავანსო ანგარიშსწორება, არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 50%-ს ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო, მიმწოდებლის მიერ გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე. საავანსო თანხის საბანკო გარანტიის ღირებულების შემცირება მოხდება

 

მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად. ავანსის თანხის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც სრულად, ასევე ნაწილ-ნაწილ.

 

ხელშეკრულების 10.2. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის, მათ შორის საგარანტიო ვადების განმავლობაში საგარანტიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების გარანტიების მოქმედების პერიოდში მიმართოს ხელშეკრულების შესრულების გარანტიების გამცემ ორგანოს და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების გარანტიით გათვალისწინებული თანხა. (იხ 2014 წლის 07 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.19-33)

 

2. 2014 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,M------------–------------ის" ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 06 ოქტომბერს, სს ,,ა----------------ას“ მიერ ს------------–--------------------------------ის სასარგებლოდ გაცემული იქნა #----------707 და #----------709 საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხა ჯამში შეადგენდა 269 500 ლარს (#----------707 საბანკო გარანტიით - 134 750 ლარი, #----------709 საბანკო გარანტიით - 134 750 ლარი), ხოლო მათი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. საბანკო გარანტიებში აღნიშნულია, რომ გარანტი კისრულობს საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. (იხ. 2014 წლის 06 ოქტომბრის #----------707 საბანკო გარანტია (ტომი 1, ს.ფ. 37; 2014 წლის 06 ოქტომბრის #----------709 საბანკო გარანტია (ტომი 1, ს.ფ. 38)

 

3. 2014 წლის 15 ოქტომბერს, სს ,,ა----------------ას“ მიერ ს------------–--------------------------------ის სასარგებლოდ გაცემული იქნა სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების #F------------ და #F------------ საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხა ჯამში შეადგენდა 1 050 000 ლარს (#F------------ საბანკო გარანტიით - 366 250 ლარი, #F------------ საბანკო გარანტიით - 683 750 ლარი), ხოლო მათი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. საბანკო გარანტიებში აღნიშნულია, რომ გარანტი კისრულობს საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნიდან 5 საბანკო დღის ვადაში. (იხ. 2014 წლის 15 ოქტომბრის #F------------ საბანკო გარანტია (ტომი 1, ს.ფ. 77; 2014 წლის 15 ოქტომბრის #F------------ საბანკო გარანტია (ტომი 1, ს.ფ. 78)

 

4. ს------------–--------------------------------მა შპს ,,M------------–------------ს" ავანსის სახით გადაუხადა 1 050 000 ლარი. (იხ 2014 წლის 21 ოქტომბრის საგადახდო მოთხოვნა (ტომი 1, ს.ფ. 81; 2014 წლის 27 ოქტომბრის საგადახდო მოთხოვნა (ტომი 1, ს.ფ. 82)

 

5. 2014 წლის 16 დეკემბერს, ს------------–--------------------------------მა წერილი გაუგზავნა შპს ,,M------------–------------ს" და აცნობა, რომ ცალმხრივად წყვეტდა 2014 წლის 07 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას. (იხ ს------------–--------------------------------ის 2014 წლის 16 დეკემბრის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 34)

 

6. 2014 წლის 19 დეკემბერს, ს------------–--------------------------------მა სს ,,ა----------------ას“ წერილობითი ფორმით წარუდგინა მოთხოვნა შპს ,,M-----G---- მ–--- გ--------ის" მიერ 2014 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების) დარღვევის გამო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის 269 500 ლარის ოდენობით, ხოლო საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხიდან 656 067,73 ლარის ანაზღაურების თაობაზე. (იხს------------–--------------------------------ის 2014 წლის 19 დეკემბრის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 84-85)

 

7. 2015 წლის 04 თებერვალს, ს------------–--------------------------------მა განმეორებით მიმართა სს ,,ა----------------ას“ და შპს ,,M------------–------------ის" მიერ 2014 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების) დარღვევის გამო მოითხოვა ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის 269 500 ლარის, ხოლო საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხიდან 712 351,61 ლარის ანაზღაურება. (იხს------------–--------------------------------ის 2015 წლის 04 თებერვლის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 86-87)

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ს------------–--------------------------------მა და მოითხოვა მოპასუხე სს ,,ა----------------ასთვის“ მოსარჩელე ს------------–--------------------------------ის სასარგებლოდ 639 586,61 ლარის გადახდის დაკისრება; .2. მოპასუხე სს ,,ა----------------ასთვის“ მოსარჩელე ს------------–--------------------------------ის სასარგებლოდ 269 500 ლარის გადახდის დაკისრება; (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 9, იხ. 2018 წლის 08 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

8.1. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2014 წლის 07 ოქტომბერს, ს------------–--------------------------------ს და შპს ,,M-------------–------------ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება თბილისში, დ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე (დ-----ს ჭ--–--ი), ოლიმპიურ სპორტულ კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის და მასთან ერთად გაზსადენის ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 75 კალენდარული დღე, რომელიც გადანაწილდა ხელშეკრულების თანდართული გეგმა-გრაფიკის მიხედვით სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულებისთვის, მათი მოცულობის პროპორციულად.

 

ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, შესაძლებელია მოხდეს საავანსო ანგარიშსწორება, არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 50%-ს ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო, მიმწოდებლის მიერ გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე. საავანსო თანხის საბანკო გარანტიის ღირებულების შემცირება მოხდება მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად. ავანსის თანხის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც სრულად, ასევე ნაწილ- ნაწილ.

 

შპს ,,M-------------–------------მა" სსიპ ტექნოლოგიური განვითარების ფონდს წარუდგინა სს ,,ა-----------------ას" მიერ გაცემული #F------------ და #F------------ საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიები, რის შემდეგაც სსიპ ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა შპს ,,M-------------–------------ს" ავანსის სახით გადაუხადა 1 050000 ლარი.

 

2014 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,M------------–------------ის" ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, სს ,,ა----------------ას“ მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გაცემული იქნა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ორი საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხა შეადგენდა 269 500 ლარს. აღნიშნული საბანკო გარანტიების საფუძველზე ს------------–--------------------------------ს უფლება ენიჭებოდა, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოეთხოვა საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის სრული მოცულობით ანაზღაურება.

 

შპს ,,M------------–------------ის" მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, 2014 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,M------------–------------ის" მიერ შესრულებული იქნა მხოლოდ 410 413,39 ლარის ღირებულების სამუშაო. ამასთან, სამუშაოები შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევით, რის გამოც შპს ,,M------------–------------ს" დაერიცხა პირგასამტეხლო 76 765 ლარი.შპს ,,M------------–------------ის" მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ს------------–--------------------------------მა 2014 წლის 16 დეკემბერს ცალმხრივად შეწყვიტა 2014 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულება.

 

2014 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულების 8.7. პუნქტის და სს ,,ა----------------ას" მიერ გაცემული საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიების საფუძველზე, ს------------–--------------------------------ს სს ,,ა----------------ას" მიმართ წარმოეშვა 639 586,61 ლარის (1 050 000-410 413,39) მოთხოვნის უფლება.

 

2014 წლის 19 დეკემბერს, ს------------–--------------------------------მა წერილი გაუგზავნა სს ,,ა----------------ას" და მოითხოვა: 1) #----------709 და #----------707 საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება, სულ 269 500 ლარის ოდენობით; 2) #F------------ და #F------------ საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხიდან 639 586,61 ლარის ანაზღაურება. მიუხედავად მოთხოვნისა, სს ,,ა----------------ას" მიერ საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა სს ,,ა----------------ასთვის“ 639 586,61 ლარის და 269 500 ლარის გადახდის დაკისრება. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 3-10, იხ. 2018 წლის 08 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი, იხ. 2018 წლის 25 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 12:20:26-12:32:50 სთ)

 

9. მოპასუხემ სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი და განმარტა რომ სს ,,ა----------------ას" მიერ გაცემული იქნა ვალდებულების შესრულების და საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიები. საავანსო ანგარიშსწორების გარანტია უზრუნველყოფდა მოვალის მიერ ხელშეკრულების შესასრულებლად მიღებული ავანსის თანხის მიზნობრივ ხარჯვას. შესაბამისად, მისი შემცირება უნდა მომხდარიყო მიღებული შესრულების შესაბამისად. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 18 ნოემბერს მომზადებული დასკვნის თანახმად, შესრულებული იქნა 66 855,15 ლარის სამუშაო, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 02 დეკემბერს მომზადებული დასკვნის თანახმად - 399 842,12 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო შპს ,,ე---------------–-----–--------------ის" მიერ 2014 წლის 20 დეკემბერს მომზადებული დასკვნის თანახმად - 467 567,65 ლარის ღირებულების სამუშაო. შპს ,,M-----G---- მ–--- გ--------ის" მიერ სულ შესრულებული იქნა 934 264,87 ლარის ღირებულების სამუშაო. 2014 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, შპს ,,M-----G---- მ–--- გ--------ის" მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა გამოაკლდეს ავანსის სახით გადახდილ თანხა 1 050 000 ლარს. შესაბამისად, გაუქვითავი ავანსის ოდენობა შეადგენს 115 735 ლარს. რაც შეეხება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის ანაზღაურებას. შესრულების საბანკო გარანტია უზრუნველყოფს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც ბენეფიციარს მიადგა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად. აღნიშნულის გამო უნდა დაზუსტდეს პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა. ზიანის ოდენობის დადგენის გარეშე, თანხის დაკისრების მოთხოვნა შეიძლება მიჩნეული იქნეს უსაფუძვლო გამდიდრებად. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,M------------–------------ის" მიერ შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენს 173 972,17 ლარს. შესაბამისად, მიყენებული ზიანის ოდენობა დაანგარიშებული უნდა იქნეს აღნიშნული თანხიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს------------–--------------------------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 98-102, იხ. 2018 წლის 25 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 12:32:54-13:04:21 სთ)

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ს------------–--------------------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა 1. მოპასუხე სს ,,ა-----------------ას" მოსარჩელე სსიპ ტექნოლოგიური განვითარების ფონდის სასარგებლოდ დაეკისრა 639 586,61 ლარის გადახდა; 2. ასევე მოპასუხე სს ,,ა-----------------ას" მოსარჩელე სსიპ ტექნოლოგიური განვითარების ფონდის სასარგებლოდ დაეკისრა 269 500 ლარის გადახდა;

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ა-----------------ა"-მ (იხ. სააპელაციო საჩივარი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

13. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

უპირველეს ყოვლისა პალატა განმარტავს რომ, დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით (სსსკ-ის მესამე და მეოთხე მუხლები). მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა. ამიტომაცაა, რომ მოსარჩელე არ არის ვალდებული, მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და არც მოპასუხეა ვალდებული შესაგებელში, რომლითაც ის სარჩელისაგან თავს იცავს, ზუსტი სამართლებრივი შეფასებები შეიტანოს. თავის მხრივ, არც სასამართლოა ვალდებული, გადაწყვეტილება დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით. (იხ სუსგ საქმე საქმე №ას-628-2019)

 

საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას) რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე # ას-664-635-2016, პუნქტი 187).

 

14 . მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას. მისი მოთხოვნა სსკ 879-ე მუხლიდან გამომდინარეობს. (საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.)

 

მოსარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით უდავოა წინამდებარე განჩინები 1-8 პუნქტში მითითებული გარემოებები, ხოლო პალატა დადგენილად მიჩნევს შემდეგ სადავო გარემოებებს:

 

14.1. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამარტლო დასკვნებს რომ, შპს ,,M------------–------------ის" მიერ შესრულებული იქნა მხოლოდ 410 413,39 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

სასამართლო მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2.მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3.მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას,კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. არაერთ საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს უფლებას მხარეთა შეჯიბრობითობაზე, რომლის თანახმად მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით“ (იხ. საქმეები Milatova and Others v. The Czech Republic, 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, no. 61811/00, §59; Nideröst-Huber v. Switzerland, 1997 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1997-I, გვ. 108, § 24,და K.S. v. Finland, 2001 წლის 31 მაისის გადაწყვტილება no. 29346/95 , § 21). საქმეში ჰუდაკოვა და სხვები სლოვაკიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტი, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, მოიცავს მხარეთა უფლებას, ჰქონდეთ გონივრული შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი საქმე სასამართლოს წინაშე ისეთ პირობებში, რომლებიც არ ჩააყენებს მათ არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში მეორე მხარესთან შედარებით“ (იხ. საქმე Hudakova and Others v.Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no. 23083/05 , § 25).

 

14.2. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის თანხიდან 639 586,61 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2014 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, ს------------–--------------------------------მა შპს ,,M------------–------------ს" ავანსის სახით გადაუხადა 1 050 000 ლარი. შპს ,,M-------------–------------ის" მიერ ს------------–--------------------------------ისთვის წარდგენილი იქნა საავანსო გადახდის ორი საბანკო გარანტია, ჯამში 1 050 000 ლარის ოდენობით. შპს ,,M------------–------------ის" მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, კერძოდ, მის მიერ გადაცილებული იქნა სამუშაოს შესრულების ვადა, რის გამოც მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა 2014 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულება. 2014 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,M------------–------------ის" მიერ სულ შესრულებული იქნა 410 413,39 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც უნდა გამოაკლდეს ავანსის სახით გადახდილ თანხას. შესაბამისად, სს ,,ა----------------ა" ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს საბანკო გარანტებით განსაზღვრული თანხის ნაწილი 639 586,61 ლარი (1 050 000 - 410 413,39).

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ შპს ,,M------------–------------ის" მიერ სულ შესრულებული იქნა 934 264,87 ლარის ღირებულების სამუშაო, კერძოდ, 2014 წლის 03 დეკემბრის მდგომარეობით შპს ,,M------------–------------ის" მიერ შესრულებული იქნა 466 697,27 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო 2014 წლის 03 დეკემბრიდან 2014 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით დამატებით შესრულებული იქნა 467 567,65 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

ამდენად, მხარეთა შორის სადაოა, შპს ,,M-------------–------------ის" მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა. საქმეზე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 18 ნოემბრის #006311414 დასკვნა (იხ. ტომი 1 ს.ფ. 128-148), 2014 წლის 08 დეკემბრის #006727114 დასკვნა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 110-127) და 2017 წლის 16 ოქტომბრის #006042217 დასკვნა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 235-237), ასევე შპს ,,ე---------------–-----–--------------ის" მიერ 2014 წლის 20 დეკემბერს მომზადებული დასკვნა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 320-345).

 

14.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 18 ნოემბრის დასკვნის თანახმად, 2014 წლის 03 ნოემბრის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 66 855,15 ლარს, ხოლო 2014 წლის 08 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, 2014 წლის 03 დეკემბრის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა - 399 842,12 ლარს. ამასთან, აღნიშნული დასკვნების საფუძველზე, ს------------–--------------------------------ს და შპს ,,M-----G---- მ–--- გ--------ს" შორის 2015 წლის 27 იანვარს გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი და განისაზღვრა, რომ შპს ,,M------------–------------ის" მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება სულ შეადგენდა 410 413,39 ლარს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 39). ამდენად, მითითებული დასკვნების საფუძველზე ბენეფიციარმა და პრინციპალმა განსაზღვრეს, რომ პრინციპალის მიერ სულ შესრულებული იყო 410 413,39 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

სს ,,ა----------------ას" მიერ წარმოდგენილი იქნა შპს ,,ე---------------–-----–--------------ის" მიერ 2014 წლის 20 დეკემბერს მომზადებული დასკვნა. მოპასუხე მხარის განმარტებით, მითითებული დასკვნით დასტურდება, რომ შპს ,,M------------–------------ის" მიერ 2014 წლის 03 დეკემბრიდან 2014 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით დამატებით შესრულებული იქნა 467 567,65 ლარის ღირებულების სამუშაო. აღნიშნული დასკვნის თანახმად - ,,შპს ,,M------------–------------ის" მიერ ქ. თბილისში, დ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე (დ-----ს ჭ--–--ი) საავტომობილო გზის მშენებლობის ამ ეტაპის ჯამური ღირებულება (ხილული ნაწილის, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მიღება-ჩაბარების აქტების/ფორმა #2-ები და ფარული სამუშაოების აქტები/მიხედვით) შეადგენს 467 567,65 ლარს, დღგ-ს გათვალისწინებით". ექსპერტიზის დასკვნის განმარტების მიზნით, სასამართლოს სხდომაზე მოწვეული იქნა ექსპერტი ო----- კ------–-–---–ი. სასამართლოს სხდომაზე ექსპერტმა განმარტა რომ შპს ,,M------------–------------ის" მიერ 467 567,65 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულებული იქნა 2014 წლის 03 დეკემბრიდან 2014 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით. ამასთან, ექსპერტმა ვერ მიუთითა კვლევის რა მეთოდით იქნა დადგენილი მის მიერ შეფასებული სამუშაოს შესრულების დრო. ექსპერტის მითითებით, დასკვნის შედგენისას იგი დაეყრდნო შესრულებული სამუშაოების აქტებს (ფორმა #2) და სასაქონლო ზედნადებებს (იხ. 2017 წლის 16 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი). შპს ,,ე----------------–-----–---------------ის" მიერ მომზადებულ დასკვნაზე დართული შესრულებული სამუშაოს აქტები ხელმოწერილია ცალმხრივად, შპს ,,M------------–------------ის" მიერ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა ორმხრივად ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა #2), რომელთაგან ყველა ეხება 2014 წლის 02 დეკემბრის ჩათვლით შესრულებულ სამუშაოს (იხ. ტომი1, ს.ფ.40-76).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით დაიკითხა ექსპერტი ო----- კ------–-–---–ი რომელმაც, განმარტა, რომ სამუშაოს შესრულების პერიოდის განსაზღვრისას დაეყრდნო შესრულებული სამუშაოს აქტებს (რომლებიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ხელმოწერილია ცალმხრივად, შპს ,,M------------–------------ის" მიერ). გარდა ამისა, ექსპერტის მითითებით, მან სასაქონლო ზედნადებების გამოწერის თარიღის მიხედვით განსაზღვრა ამათუიმ მასალის შეძენის და შესაბამისად სამუშაოს შესრულების პერიოდი. სასამართლო აღნიშნავს, რომ დასკვნაში მითითებული არ არის, რომ ექსპერტი დასკვნის მომზადებისას დაეყრდნო სასაქონლო ზედნადებებს და ისინი არც საქმეში ყოფილა წარმოდგენილი. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგენილად იქნება მიჩნეული, რომ ზედნადებებში მითითებული მასალა შპს ,,M-------------–------------ის" მიერ შეძენილი იქნა 2014 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად, შეუძლებელია მითითებული მტკიცებულებების გამოკვლევა და მათ საფუძველზე სადაო გარემოების დადგენა.

 

ს------------–--------------------------------ს და შპს ,,M------------–------------ს" შორის 2015 წლის 27 იანვარს გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი და განისაზღვრა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება სულ შეადგენდა 410 413,39 ლარს (იხ. ტომი 1, ს.ფ.39). ამდენად, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა შპს ,,ე---------------–-----–--------------ის" მიერ დასკვნის შედგენის შემდეგ. მიუხედავად ამისა, შპს ,,M-------------–------------ის" დირექტორმა ხელი მოაწერა შუალედურ მიღება-ჩაბარების აქტს და დაადასტურა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 410 413,39 ლარს და არა 467 567,65 ლარით მეტს. რაც შეეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 ოქტომბრის დასკვნას. აღნიშნული დასკვნის თანახმად, შპს ,,M---------------–------------ის" მიერ სულ შესრულებული იქნა 920 142,45 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების სამუშაო. ამასთან, ექსპერტის მიერ ჩატარებული იქნა ფინანსური ექსპერტიზა, კერძოდ, ექსპერტის მიერ შეჯამებული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 18 ნოემბრის, 08 დეკემბრის და შპს ,,ე---------------–-----–--------------ის" 2014 წლის 20 დეკემბრის დასკვნებში მითითებული სამუშაოს მოცულობები. აღნიშნული დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე დასკვნის განმარტების მიზნით მოწვეულმა ექსპერტმაც. ექსპერტის განმარტებით, მას არ გამოუკვლევია შესრულებული სამუშაოს მოცულობა, დასკვნის მომზადებისას იგი დაეყრდნო ზემოთმითითებულ დასკვნებში არსებულ მონაცემებს (იხ. 2017 წლის 11 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

15. პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018)

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ შპს ,,ე---------------–-----–--------------ის" მიერ მომზადებული დასკვნა დაუსაბუთებელია და იგი ვერ იქნება გაზიარებული. პალატა გარდა ზემოაღნიშნულისა განმარტავს რომ შპს ,,ე---------------–-----–--------------ის"-დასკვნით და სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის განმარტებით ჩატარებული კვლევა ეხებოდა მენარდის მიერ შერულებული სამუშაოების მესამე ეტაპს ანუ 3-15 დეკემბერს, ამდენად, ნაკლებად სარწმუნოა, რომ მენარდემ 467 567 ლარის სოლიდური ღირებულების სამუშაოები ჩაატარა ასეთ მოკლე პერიოდში.

 

16. 2014 წლის 15 ოქტომბერს, სს ,,ა----------------ას“ მიერ ს------------–--------------------------------ის სასარგებლოდ გაცემული იქნა სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების #F------------ და #F------------ საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხა სულ შეადგენდა 1 050 000 ლარს, ხოლო მათი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. საბანკო გარანტიებში აღნიშნულია, რომ გარანტი კისრულობს საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნიდან 5 საბანკო დღის ვადაში. 2014 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა შპს ,,M-------------–------------ს" ავანსის სახით გადაუხადა 1 050 000 ლარი.

 

2014 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, შესაძლებელია მოხდეს საავანსო ანგარიშსწორება, არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 50%-ს ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო, მიმწოდებლის მიერ გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე. საავანსო თანხის საბანკო გარანტიის ღირებულების შემცირება მოხდება მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად. ავანსის თანხის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც სრულად, ასევე ნაწილ-ნაწილ. ამდენად, საავანსო შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხა მცირდებოდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების პროპორციულად. საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პრინციპალის მიერ შესრულებული იქნა 410 413,39 ლარის ღირებულების სამუშაო. შესაბამისად, სს ,,ა----------------ა" ვალდებულია ს------------–--------------------------------ს 2014 წლის 15 ოქტომბრის საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხიდან აუნაზღაუროს 639 586,61 ლარი (1 050 000-410 413,39).

 

17. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე სს ,,ა----------------ასთვის“ მოსარჩელე ს------------–--------------------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 269 500 ლარის გადახდა. პალატას მიაჩნია რომ არც ამ ნაწილში არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები, სახელდობრ, დადგენილია საქმისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი იურიდული ფაქტები

 

17.1. 2014 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულების 10.2. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის, მათ შორის საგარანტიო ვადების განმავლობაში საგარანტიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების გარანტიების მოქმედების პერიოდში მიმართოს ხელშეკრულების შესრულების გარანტიების გამცემ ორგანოს და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების გარანტიით გათვალისწინებული თანხა.

 

17.2. 2014 წლის 06 ოქტომბერს, სს ,,ა-----------------ას“ მიერ გაცემული იქნა ორი საბანკო გარანტია. ორივე შემთხვევაში, საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი იქნა ს------------–--------------------------------ს და შპს ,,M------------–------------ს" შორის 2014 წლის 07 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,M------------–------------ის" მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

17.3. 2014 წლის 16 დეკემბერს, ს------------–--------------------------------მა წერილი გაუგზავნა შპს ,,M------------–------------ს" და აცნობა, რომ ცალმხრივად წყვეტდა 2014 წლის 07 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას.

 

ს------------–--------------------------------მა 2014 წლის 19 დეკემბერს წერილი გაუგზავნა სს ,,ა-----------------ას“, აცნობა შპს ,,M-------------–------------ის" მიერ სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების თაობაზე და აღნიშნულის გამო გარანტს მოსთხოვა საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება 269 500 ლარის ოდენობით.

 

17.4. 2015 წლის 04 თებერვალს, ს------------–--------------------------------მა განმეორებით მიმართა სს ,,ა----------------ას" და მოითხოვა საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება. სს ,,ა----------------ას" მიერ არ იქნა ანაზღაურებული საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხა. მოპასუხე მხარის განმარტებით, უნდა დაზუსტდეს პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

17.5. 2014 წლის 06 ოქტომბრის საბანკო გარანტიებით, სს ,,ა----------------ამ“ იკისრა ვალდებულება საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხა გადაეხადა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა სულ შეადგენდა 269 500 ლარს, ხოლო მათი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. დადგენილია, რომ ბენეფიციარმა გარანტს მოთხოვნა წერილობითი ფორმით წარუდგინა საბანკო გარანტიების მოქმედების ვადის განმავლობაში. მოთხოვნაში მითითებული იქნა, რომ პრინციპალმა დაარღვია 2014 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოთხოვნის წარდგენის რაიმე სპეციალურ პირობებზე (მაგ., პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა და სხვა) მხარეები არ შეთანხმებულან.

 

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად „საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე“. საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულად ვალდებულებას, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას აძლევს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გარანტს წერილობით მიმართოს, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (სუსგ №ას-1038-999-2016, 2017 წლის 1 თებერვალი). სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (სუსგ №ას-562-871-09, 2009 წლის 20 ოქტომბერი; სუსგ №ას-782-739-2015, 2015 წლის 19 ოქტომბერი; სუსგ №ას-781-996-08, 2009 წლის 17 მარტი). საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. (სუსგ №ას-1778-2018) საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. მის არააქცესორულ ბუნებას განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლი: საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

 

პალატა საბანკო გარანტიის იურიდიულ ბუნებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები დიდ ყურადღებას უთმობენ სხვადასხვა რისკების თავიდან აცილებას. რისკების შესამცირებლად გამოიყენება სხვადასხვა უზრუნველყოფის საშუალებები. აქცესორული უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების დროს (მაგ.: თავდებობა) შესაძლებელია კრედიტორის წინააღმდეგ ყველა იმ შესაგებლის წარდგენა, რაც მოვალეს აქვს. ეს კი კრედიტორისათვის ნიშნავს ისეთ სასამართლო პროცესში ჩაბმას, რომელსაც მისთვის დიდი რისკი და უხერხულობა ახლავს, რადგან საკითხი ეხება სხვა პირის (პირადი მოვალე) მხრიდან ვალდებულების შესრულება-არშესრულების, არაჯეროვანი შესრულების საკითხების კვლევას. სწორედ ამგვარი სიძნელეების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა დამოუკიდებელი გარანტიების ინსტიტუტი, რომელთაც ძირითადად გასცემენ ფინანსურად ისეთი საიმედო და მდგრადი ინსტიტუტები, როგორიცაა ბანკები და სადაზღვევო კომპანიები. დამოუკიდებელი გარანტიების რეგულირების კუთხით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დადგენილი უნიფიცირებული წესები მოთხოვნამდე გარანტიებზე, ე.წ. პუბლიკაცია №458 (ICC Guiding Rules for Demand Guarantees URDG 758), რომლის მე-2 მუხლი ასევე განსაზღვრავს მის არააქცესორულ ბუნებას.

 

მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ: 1) ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს; 2) მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში. მითითებული წესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------------–--------------------------------მა 269 500 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა გარანტს წარუდგინა საბანკო გარანტიების პირობების შესაბამისად, გარანტიების მოქმედების ვადის განმავლობაში. შესაბამისად, სს ,,ა-----------------ას“ მიერ 269 500 ლარის ოდენობით საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------------–--------------------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, სს ,,ა-----------------ას" ს------------–--------------------------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 639 586,61 ლარის და 269 500 ლარის გადახდა.

 

19. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

20 . საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სს „----------------ა"-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლე: ოთარ სიჭინავა

 

მიხეილ გოგიშვილი