განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.01.2020
საქმის ნომერი
330310018002503595
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002503595

საქმე №3ბ/2488-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - მე-----------–-–---–ი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ოთ-----------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯო--------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, ჯო--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 22 მაისის MOD 4 18 00500736 გადაწყვეტილება; დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქმედების განხორციელება, კერძოდ, ჯო--------–---–ს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალა 1987 წლის დეკემბრიდან 1989 წლის ოქტომბრამდე სსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურობა; 1992 წლის იანვრიდან 1993 წლის სექტემბრამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ნამსახურობა (აქედან, 1993 წლის 9 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე მონაწილეობდა რა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში); ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნამსახურობად ჩაეთვალა 2012 წლის 26 ივლისიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდი; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 23 ოქტომბრის MIA 2 18 02596376 გადაწყვეტილება; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯო--------–---–ს წელთა ნამსახურობაში ჩაუთვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე და 2006 წლის 27 მაისიდან 2006 წლის 16 ოქტომბრამდე წოდებით ნამსახურობის პერიოდი; დანარჩენ ნაწილში (1992 წლის 15 აგვისტოდან 1993 წლის 9 ივლისამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში) სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი;

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ქ. გაგრის ზონის საკოლმეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობიდან, სადაც ჯო--------–---–ი დასაქმებული იყო ხის დამამუშავებელ ბრიგადაში, მუშად, 1987 წლის 16 დეკემბრიდან გათავისუფლდა სსრკ ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით. რიგითმა ჯო--------–---–მა (დაბ. 05.07.1970წ., მცხოვრები: ქ. გაგრა, სოხუმის გზ. მე-7 შესახ. №5-ში) სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა საბჭოთა არმიის რიგებში, ს/ნ 26132, 1987 წლის დეკემბრიდან 1989 წლის ოქტომბრამდე, კიროვის ოლქში. 1989 წლის 21 ოქტომბრიდან, დემობილიზაციის შემდეგ, იგი მიღებული იქნა ქ. გაგრის ზონის საკოლმეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობაში იმავე ბრიგადაში იმავე თანამდებობაზე და მუშაობდა 1990 წლის 1 ივნისამდე.

 

ჯო--------–---–ი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა ს/ნ 23-ე ბრიგადის მე-4 ბატალიონში, 1992 წლის იანვრიდან 1993 წლის სექტემბრამდე. იგი სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატში (ტ. I. ს.ფ. 20, 85-87).

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სოციალური საკითხების სამმართველოს უფროსმა, 22-ე ბრიგადის მე-4 ბატალიონის მეთაურის 1993 წლის 9 ივლისის №87 ბრძანებისა და საბრძოლო მოკვლევის საფუძველზე, გასცა №001492 ცნობა, მასზედ, რომ ჯო--------–---–ი 1993 წლის 9 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, გათანაბრებულია დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან და სარგებლობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული შეღავათებით.

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ჯო--------–---–ი რეგისტრირებულია 2005 წლის 28 მარტიდან, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, საიდენტიფიკაციო კოდით: 151 300 0035. მის სახელზე გაცემულია ვეტერანის მოწმობა. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 11 აპრილის MOD 8 19 00362797 წერილის პასუხად ეცნობა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში ჯო--------–---–ის მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება (ტ. I. ს.ფ. 55, 57-58, 88, 111, 129-131);

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1994 წლის 16 დეკემბრის №94 პ/შ ბრძანებით, ჯო--------–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმდა 1994 წლის 16 დეკემბრიდან. იგი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2002 წლის 12 აგვისტოს №251 პ/შ ბრძანებით, პოლიციის ლეიტენანტი ჯო--------–---–ი დაინიშნა ს/ნ 2084-ის დაზვერვის ბატალიონის მე-2 ასეულის მე-2 ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე, 2002 წლის 4 ივლისიდან, სამხედრო წოდების - „შინაგანი ჯარების ლეიტენანტის“ მინიჭებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2002 წლის 20 დეკემბრის №384 პ/შ ბრძანების საფუძველზე, ჯო--------–---–ი დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების თადარიგში 2002 წლის 13 დეკემბრიდან.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2004 წლის 6 სექტემბრის №370 პ/შ ბრძანებით, ჯო--------–---–ი 2004 წლის 14 ივლისიდან მიღებული იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებში, კერძოდ, იგი დაინიშნა შინაგანი ჯარების მე-2 სამმართველოს (ს/ნ 2070) მე-3 ბატალიონის კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე, კონტრაქტით. ჯო--------–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2005 წლის 23 მარტიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, იგი გადავიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 6 მაისის №969524 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464 პ/შ ბრძანებაში, რომლითაც ჯო--------–---–ი ამოირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან, 2004 წლის 27 დეკემბრიდან; განხორციელებული ცვლილების თანახმად, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილად ჩაითვალა 2005 წლის 23 მარტიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 თებერვლის MIA 4 18 00323895 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464 პ/შ ბრძანებაში, რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეები თანდართული სიის შესაბამისად დათხოვნილი იქნენ (სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით) შინაგან საქმეთა სამინისტროდან, 2005 წლის 01 იანვრიდან.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 10 სექტემბრის №2575 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მისული ლეიტენანტი ჯო--------–---–ი, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაურის მოადგილედ (შტატი №8/555-01).

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 21 დეკემბრის №3276 ბრძანებით, ჯო--------–---–ი დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2005 წლის 21 დეკემბრიდან.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 11 სექტემბრის №6161 პ/შ ბრძანებით, ჯო--------–---–ი დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, უფროსი ოპერთანამშრომელის - გამომძიებლის თანამდებობაზე, 2006 წლის 7 სექტემბრიდან, 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 ოქტომბრის №6985 პ/შ ბრძანებით, სამხედრო ძალების რეზერვის ლეიტენანტი ჯო--------–---–ი ჩაირიცხა შსს სამხედრო სამსახურში და დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელი- გამომძიებლის თანამდებობაზე. 2006 წლის 16 ოქტომბრისთვის მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 09 წელს, 05 თვეს და 04 დღეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ნოემბრის №7898 ბრძანებით, ჯო--------–---–ი აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში და დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელის-გამომძიებლის თანამდებობაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 1 თებერვლის №682 პ/შ ბრძანებით, ჯო--------–---–ი აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში და დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა.რ. მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელის-გამომძიებლის თანამდებობაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №4252 პ/შ ბრძანებით, ჯო--------–---–ი აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში და დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელის-გამომძიებლის თანამდებობაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 იანვრის №727 პ/შ ბრძანებით, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს (დაგეგმარებისა და რეალიზაციის) პირველი განყოფილების უფროსი, ოპერატიული თანამშრომელი-გამომძიებელი, კაპიტანი ჯო--------–---–ი, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო სამსახურიდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, 2010 წლის 6 იანვრიდან.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2010 წლის 6 იანვრიდან 2010 წლის აგვისტომდე ჯო--------–---–ი მსახურობდა სპეციალური ოპერაციების ძალების მოიერიშე ბატალიონში „კოლხეთი“. 2010 წლის 16 აგვისტოდან მსახურობდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების სამმართველოში, დასავლეთის სპეციალური ოპერაციების სამსახურში ინსტრუქტორთა ჯგუფში, ინსტრუქტორის თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №2202 ბრძანებით, რომელიც პირადი საქმის მიხედვით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის №2704 ბრძანებით, დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის №3018 ბრძანებით, რომელშიც ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის №2704 ბრძანებით, დანიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების სამმართველოში, დასავლეთის სპეციალური ოპერაციების სამსახურში ინსტრუქტორთა ჯგუფში, ინსტრუქტორის თანამდებობაზე. ჯო--------–---–ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 დეკემბრის №3455 ბრძანებით გაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 26 თებერვლის №357 ბრძანებით, ჯო--------–---–ი დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მე-5 რეგიონალური სამმართველოს (აჭარა) მე-3 განყოფილებაში (პატრული), უფროსი პატრულის თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 26 იანვრის №226 ბრძანებით იგი დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან, ზღვრული ასაკის გამო (ტ. I. ს.ფ. 15-19, 22-31, 61, 63-64, 115, 256-260, 272);

 

ჯო--------–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მსახურობდა 1994 წლის 16 დეკემბრიდან 2002 წლის 13 დეკემბრამდე, პოლიციელის თანამდებობაზე; 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე - კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე; 2006 წლის 7 სექტემბრიდან 2010 წლის 6 იანვრამდე - გამომძიებლად; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში - 2010 წლის 6 იანვრიდან 2012 წლის 26 ივლისამდე, ბატალიონ ,,კოლხეთში, ოფიცრად; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში - 2012 წლის 8 ოქტომბრიდან 2015 წლის 25 იანვრამდე - ს/პ დეპარტამენტში, ინსტრუქტორად. ასევე, საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალურ შტაბის 2016 წლის 25 იანვრის №26 ბრძანებით იგი 2016 წლის 25 იანვრიდან აყვანილი იქნა სამხედრო აღრიცხვაზე, სამხედრო წოდებით „კაპიტანი“. აღნიშნულთან დაკავშირებით აღმოსავლეთ საქართველოს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის გაწვევის და მობილ. სამსახურმა გასცა რეზერვისტის დროებითი მოწმობა №001645 (ტ. I. 21).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 12 მარტს გასცა ცნობა მასზედ, რომ ჯო--------–---–ი ნამდვილად მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 1994 წლის 16 დეკემბრიდან 2002 წლის 13 დეკემბრამდე, 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე, 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2005 წლის 21 დეკემბრამდე და 2006 წლის 7 სექტემბრიდან 2010 წლის 6 იანვრამდე. ჯო--------–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 16 ოქტომბერის №10770-პ/შ ბრძანებით მიენიჭა სამხედრო წოდება „კაპიტანი“(ტ. I. ს.ფ. 74).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 28 ნოემბრის MIA 5 18 02877584 ცნობით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს - ჯო--------–---–ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ერიცხებოდა: 1. 9 მმ პისტოლეტი „მაკაროვი“ №ВГ-0626-1968წ. (27.05.2006წ.- 28.12.2008წ.), რომელიც საჩუქრად გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 დეკემბრის №1413 ბრძანებით; 2. 9 მმ პისტოლეტი „HS-9“ №H-69714 (22.12.2008წ.- 05.01.2010წ.) (ტ. 1. ს. ფ. 266).

 

ჯო--------–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1994 წლის 16 დეკემბრის №94 პ/შ ბრძანებით მიენიჭა რიგითის წოდება, ამავე სამინისტროს 1997 წლის 30 აპრილის №206 პ/შ ბრძანებით - პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის წოდება, 2000 წლის 30 აპრილის №15 პ/შ ბრძანებით - პოლიციის ლეიტენანტის წოდება, შინაგანი ჯარების სარდლის 2002 წლის 12 აგვისტოს №251 პ/შ ბრძანებით - შინაგანი ჯარების ლეიტენანტის წოდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 16 ოქტომბრის №6985 პ/შ ბრძანებით - უფროსი ლეიტენანტის წოდება და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 16 ოქტომბრის №10770 პ/შ ბრძანებით - კაპიტნის წოდება (ტ. I. ს.ფ. 22-31).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 18 მაისის MIA 6 18 01167421 წერილით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს ეცნობა, რომ ჯო--------–---–ის წელთა ნამსახურობა შეადგენდა სულ 11 წელს, 02 თვეს და 17 დღეს, მათ შორის: 16.12.1994წ. – 13.12.2002წ. - 07 წელს, 11 თვეს და 27 დღეს და 16.10.2006წ. – 06.01.2010წ. -03 წელს, 02 თვეს და 20 დღეს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 23 ოქტომბრის MIA 2 18 02596376 გადაწყვეტილებით, ჯო--------–---–ის წელთა ნამსახურობა განისაზღვრა შემდეგი სახით: კადრში ჩარიცხვა 16.12.1994წ. – 13.12.2002წ. შეადგენს: 07 წელს, 11 თვეს და 27 დღეს; კადრში ჩარიცხვა 16.10.2006წ. – 06.01.2010წ. შეადგენს: 03 წელს, 02 თვეს და 20 დღეს; სამოქალაქო პირად (კონტრაქტით) ნამსახურები: 14.07.2004წ. – 27.12.2004წ., შეადგენს: 00 წელს, 05 თვეს და 13 დღეს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2019 წლის 11 მარტის მდგომარეობით დაცული ინფორმაციის თანახმად, ჯო--------–---–ის წელთა ნამსახურობა განისაზღვრა შემდეგნაირად: კადრში ჩარიცხვა 16.12.1994წ. – 13.12.2002წ. შეადგენს: 07 წელს, 11 თვეს და 27 დღეს; კადრში ჩარიცხვა 16.10.2006წ. – 06.01.2010წ. შეადგენს: 03 წელს, 02 თვეს და 20 დღეს; სამოქალაქო პირად (კონტრაქტით) ნამსახურები: 14.07.2004წ. – 01.01.2005წ., შეადგენს: 00 წელს, 05 თვეს და 17 დღეს (ტ. I.ს. ფ. 61, 98, 157);

 

ჯო--------–---–ი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში და 2012 წელს მის მიმართ გაცემულმა დარიცხულმა ხელფასის ჯამმა იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით შეადგინა 13182,00 ლარი, ხოლო ხელზე გაცემულმა - 11145,60 ლარი (ტ. 1. ს.ფ. 255).

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის №3018 ბრძანებით, კაპიტანი ჯო--------–---–ი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალების რიგებში, ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების სამმართველოს დასავლეთის სპეციალური ოპერაციების სამსახურის ინსტრუქტორთა ჯგუფის ინსტრუქტორად (საშტატო კატეგორია: კაპიტანი, შტატი №8/1031-01). აღნიშნულ ბრძანებაში ბათილად იქნა ცნობილი ჩანაწერი: „გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალების რიგებში, ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში და“ და „კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად“, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის №2704 ბრძანებით (ტ. 1. ს.ფ. 262-264);

 

ჯონი რამიშვილმა 2015 წლის 9 ივლისს მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს და მოითხოვა ნამსახურობის დაანგარიშება, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტმა 2015 წლის 28 ივლისს MOD 5 15 00602142 წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოითხოვა ინფორმაცია ჯონი რამიშვილის შინაგან საქმე თა ნამსახურობასთან დაკავშირებით, კერძოდ, შინაგანი ჯარების სარდლის 2004 წლის 6 სექტემბრის №370 პ/შ ბრძანების ამონაწერი, აგრეთვე 2004 წლის და 2007 წლის შემდეგ დათხოვნის შესახებ ბრძანებების ამონაწერები, ვინაიდან მისი ნამსახურობის ნუსხის მიხედვით, შინაგანი ჯარების სარდლის 2004 წლის 6 სექტემბრის №370 პ/შ ბრძანებით იგი დანიშნული იყო 2070 სამხედრო ნაწილის მე-3 ბატალიონში კანცელარიის უფროსად (კონტრაქტით), ხოლო ინფორმაცია მისი ამორიცხვის/დათხოვნის შესახებ ნუსხაში არ იყო მითითებული, ამასთან, შსს 2007 წლის 15 ივნისის №4252 ბრძანებით იგი დანიშნული იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, ხოლო მონაცემები მისი დათხოვნის შესახებ არ არის აღნიშნულივ (ტ. I. ს.ფ. 55-56, 58);

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2015 წლის 11 აგვისტოს MOD 8 15 00648271 და 2015 წლის 21 დეკემბრის MOD 9 15 01071866 გადაწყვეტილებებით ჯო--------–---–ს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობის დადგენაზე, იმ საფუძვლით, რომ მისი პირადი საქმის მიხედვით, 1994 წლის 16 დეკემბრიდან 2002 წლის 13 დეკემბრამდე (შსს დაცვის პოლიციაში და შინაგან ჯარებში სამსახური), 2005 წლის 10 სექტემბრიდან 21 დეკემბრამდე (საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამსახური), 2006 წლის 7 სექტემბრიდან 2010 წლის 6 იანვრამდე (შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახური), 2010 წლის 6 იანვრიდან 2012 წლის 26 ივლისამდე (საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამსახური) და 2012 წლის 8 ოქტომბრიდან 2015 წლის 25 იანვრამდე (თავდაცვის სამინისტროში სამსახური) მისი ნამსახურობა შეადგენს 20 წელზე ნაკლებ (16 წელი, 5 თვეს და 5 დღეს) კალენდარულ წელს, მათ შორის, 2005 წლის 10 სექტემბრიდან 21 დეკემბრამდე, 2010 წლის 6 იანვრიდან 2012 წლის 26 ივლისამდე და 2012 წლის 8 ოქტომბრიდან 2015 წლის 25 იანვრამდე შეირაღებული ძალებში ნამსახურობა შეადგენდა 10 წელზე ნაკლებს (5 წელს, 01 თვეს და 18 დღეს) კალენდარულ წელს.

 

ამასთან, ჯო--------–---–ი შინაგანი ჯარების შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედიოდა 1997 წლის 31 ოქტომბრამდე; 2004 წლის 14 ივლისს დაინიშნა კონტრაქტით, სამხედრო წოდების გარეშე და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 6 მაისის №969524 ბრძანებაში (2004 წლის 27 დეკემბრიდან ამორიცხვის შესახებ), ასევე არ არის მითითებული სამხედრო წოდება; განცხადებით წარდგენილი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივის 2015 წლის 5 ნოემბრის №969 ცნობაში მითითებული სახელი (Джоли Джумбер) და დაბადების თარიღი (1969 წლის 15 დეკემბერი) არ შეესაბამება განმცხადებლის დემოგრაფიულ მონაცემებს; J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში არ მოიპოვებოდა მონაცემები მის მიერ 23-ე ბრიგადაში სამსახურის გავლის შესახებ.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 22 მაისის MOD 4 18 00500736 გადაწყვეტილებით ჯო--------–---–ს იმავე საფუძვლებით ეთქვა უარი ნამსახურობის ანგარიშის შედგენაზე და განემარტა, რომ უფლებების დასაცავად შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა (ტ. I. ს.ფ. 28-39, 66-67, 79-80 );

 

1992-1993 წლებში აფხაზეთში განვითარებული ცნობილი მოვლენების შედეგად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის ევაკუირება ვერ მოხერხდა. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების გამო, აღნიშნული პერიოდის ჩათვლით კურსდამთავრებულთა (სტუდენტთა), თანამშრომელთა პირადი საქმეები და საარქივო მასალების სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ გააჩნია (ტ. I. ს.ფ. 12, 14);

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი (22.05.2018წ. მოქმედი რედაქცია) ადგენს, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს.

 

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, ესენია: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში; სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში; ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო- სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით; რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ- ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით); პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს; მეორე მსოფლიო ომში და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპულ (უგზო-უკვლოდ დაკარგულ) ან იქ მიღებული ჭრილობის, დასახიჩრების, კონტუზიისა და სხვა დაავადების შედეგად გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები; გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრები; სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები საქართველოსა და ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების (შეთანხმების) საფუძველზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ჯო--------–---–ს უარი ეთქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის ანგარიშის შედგენაზე, იმ საფუძვლით, რომ პირადი საქმის მიხედვით მისი ნამსახურობა იყო 20 წელზე ნაკლები (16 წელი, 5 თვეს და 5 დღეს) კალენდარულ წელი, მათ შორის, 2005 წლის 10 სექტემბრიდან 21 დეკემბრამდე, 2010 წლის 6 იანვრიდან 2012 წლის 26 ივლისამდე და 2012 წლის 8 ოქტომბრიდან 2015 წლის 25 იანვრამდე შეირაღებული ძალებში ნამსახურობა შეადგენდა 10 წელზე ნაკლებს (5 წელს, 01 თვეს და 18 დღეს) კალენდარულ წელს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

 

ამდენად, მითითებული ნორმით დადგენილია იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, კერძოდ: 1) სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; 2) ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; 3) საქართველოს შეიარაღებული ძალების ის მოსამსახურეები, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარის პოლკოვნიკი ვ. ვეკუას მიერ სამხედრო ბილეთის მაგიერ გაცემული ცნობითა და სანოტარო წესით დამოწმებული შრომის წიგნაკით დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯო--------–---–ი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული იქნა 1987 წლის 16 დეკემბრიდან და მსახურობდა 1989 წლის ოქტომბრამდე. ამასთან, ჯო--------–---–ი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა ს/ნ 23-ე ბრიგადის მე-4 ბატალიონში, 1992 წლის იანვრიდან 1993 წლის სექტემბრამდე და სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატში.

 

ასევე, დადგენილია, რომ ჯონი რამიშვილი 1993 წლის 9 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, გათანაბრებულია დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ჯონი რამიშვილი რეგისტრირებულია 2005 წლის 28 მარტიდან, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, საიდენტიფიკაციო კოდით: 151 300 0035 და სარგებლობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული შეღავათებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2004 წლის 6 სექტემბრის №370 პ/შ ბრძანებით ჯო--------–---–ი 2004 წლის 14 ივლისიდან მიღებული იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებში, კერძოდ, იგი დაინიშნა შინაგანი ჯარების მე-2 სამმართველოს (ს/ნ 2070) მე-3 ბატალიონის კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე, კონტრაქტით.

 

ჯო--------–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2005 წლის 23 მარტიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, იგი გადავიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 6 მაისის №969524 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464 პ/შ ბრძანებაში, რომლითაც ჯო--------–---–ი ამოირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან, 2004 წლის 27 დეკემბრიდან; განხორციელებული ცვლილების თანახმად, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილად ჩაითვალა 2005 წლის 23 მარტიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 თებერვლის MIA 4 18 00323895 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464 პ/შ ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეები თანდართული სიის შესაბამისად დათხოვნილი იქნენ (სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით) შინაგან საქმეთა სამინისტროდან, 2005 წლის 01 იანვრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, შინაგანი ჯარების მე-2 სამმართველოს (ს/ნ 2070) მე-3 ბატალიონის კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე ჯო--------–---–ის დანიშვნისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებაში არ ფიქსირდება სადავო პერიოდში შინაგან საქმეთა ორგანოებში მისი სამოქალაქო პირად დასაქმების ფაქტი. უფრო მეტიც, გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, უფროსი ლეიტენანტი ჯო--------–---–ი ამოირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან. შესაბამისად, საფუძველს არის მოკლებული მოპასუხე მხარის აპელირება 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე მოსარჩელის სამხედრო წოდების გარეშე მსახურობასთან დაკავშირებით. ამასთან, რაც შეეხება ამავე პერიოდში ჯო--------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების თარიღს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464 პ/შ ბრძანებაში 2018 წლის 9 თებერვალს შეტანილი ცვლილების თანახმად, მითითებული ბრძანება ამოქმედდა 2005 წლის 1 იანვრიდან, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურეების მითითებული თარიღიდან დათხოვნას, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 12 მარტს გაცემული MIA 8 18 00575025 ცნობით დაადასტურა მოსარჩელის ამავე სამინისტროში 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე მსახურობის ფაქტი. გარდა ამისა, 2005 წლის 28 მარტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირი სამსახურიდან გათავისუფლდა რამდენიმე თვით ადრე, 2004 წლის 27 დეკემბრიდან ან 2005 წლის 01 იანვრიდან, ამდენად, წარმოდგენილი მასალებით უტყუარად არ დგინდება, რეალურად თუ რომელ თარიღამდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მოსარჩელე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მოსარჩელის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველის გარეშე. აქედან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯო--------–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული იყო 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე, შესაბამისი წოდებით.

 

საქმეში არსებული მასალებით ასევე დგინდება, რომ 2006 წლის 27 მაისიდან 2008 წლის 28 დეკემბრამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს - ჯო--------–---–ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ერიცხებოდა 9 მმ პისტოლეტი „მაკაროვი“ №ВГ-0626-1968წ. (27.05.2006წ.- 28.12.2008წ.), რომელიც საჩუქრად გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 დეკემბრის №1413 ბრძანებით. აღნიშნული გარემოების არსებობის პირობებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირს სამსახურებრივი იარაღი ვერ გადაეცემოდა, თუ იგი არ იყოს შესაბამის უწყებაში/სამსახურში დასაქმებული. აქედან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მითითებულ პერიოდში, მათ შორის, 2006 წლის 27 მაისიდან 2006 წლის 16 ოქტომბრამდე ჯო--------–---–ი წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ პირს (საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი, ანდა მოძიებული ვერ იქნა).

 

ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 11 სექტემბრის №6161 პ/შ ბრძანებით, ჯო--------–---–ი დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა.რ. მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, უფროსი ოპერთანამშრომლის - გამომძიებლის თანამდებობაზე, 2006 წლის 7 სექტემბრიდან, 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 ოქტომბრის №6985 პ/შ ბრძანებით, სამხედრო ძალების რეზერვის ლეიტენანტი ჯო--------–---–ი ჩაირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო სამსახურში და დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელი-გამომძიებლის თანამდებობაზე. ამავე ბრძანების თანახმად, 2006 წლის 16 ოქტომბრისთვის მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 09 წელს, 05 თვეს და 04 დღეს. იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული იყო 2010 წლის 6 იანვრამდე, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 იანვრის №727 პ/შ ბრძანებით შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს (დაგეგმარებისა და რეალიზაციის) პირველი განყოფილების უფროსი, ოპერატიული თანამშრომელი-გამომძიებელი, კაპიტანი ჯო--------–---–ი, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო სამსახურიდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, 2010 წლის 6 იანვრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2010 წლის 6 იანვრიდან 2010 წლის აგვისტომდე ჯო--------–---–ი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების მოიერიშე ბატალიონში „კოლხეთი“. 2010 წლის 16 აგვისტოდან მსახურობდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების სამმართველოში, დასავლეთის სპეციალური ოპერაციების სამსახურში ინსტრუქტორთა ჯგუფში, ინსტრუქტორის თანამდებობაზე.

 

ჯო--------–---–ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №2202 ბრძანებით, რომელიც პირადი საქმის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის №2704 ბრძანებით, დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის №3018 ბრძანებით, რომელშიც ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის №2704 ბრძანებით, დანიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების სამმართველოში, დასავლეთის სპეციალური ოპერაციების სამსახურში ინსტრუქტორთა ჯგუფში, ინსტრუქტორის თანამდებობაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის №2704 ბრძანებით, ერთის მხრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №2202 ბრძანება, რომლითაც ჯო--------–---–ი დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან და, მეორეს მხრივ, ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის №3018 ბრძანებაში, რომლითაც მოსარჩელე დანიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების სამმართველოში, დასავლეთის სპეციალური ოპერაციების სამსახურში ინსტრუქტორთა ჯგუფში, ინსტრუქტორის თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა გულისხმობს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ჯო--------–---–ის სამსახურიდან დათხოვნის შედეგების გაუქმებას და დანიშვნის შესახებ ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, რაც გულისხმობს მის მიერ სადავო პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნამსახურებას. ამასთან, საყურადღებოა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 30 იანვარს გაცემული MOD 1 19 00095157 ცნობა, რომლის მიხედვითაც, ჯონი რამიშვილი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში და 2012 წელს მის მიმართ გაცემული ხელფასი იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით სულ შეადგენდა 11145,60 ლარს (ხელზე გაცემული).

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ჯო--------–---–ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 დეკემბრის №3455 ბრძანებით გაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 26 თებერვლის №357 ბრძანებით იგი დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მე-5 რეგიონალური სამმართველოს (აჭარა) მე-3 განყოფილებაში (პატრული), უფროსი პატრულის თანამდებობაზე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 26 იანვრის №226 ბრძანებით დათხოვნილია შეიარაღებული ძალებიდან, ზღვრული ასაკის გამო.

 

ამდენად, მითითებული გარემოებები ცხადყოფს, რომ ჯო--------–---–ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული იყო 2010 წლის 6 იანვრიდან 2015 წლის 26 იანვრამდე, მათ შორის, 2012 წლის 26 ივლისიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მასალების თანახმად, ჯო--------–---–ი 1987 წლის დეკემბრიდან 1989 წლის ოქტომბრამდე გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს სსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში, 1992 წლის იანვრიდან 1993 წლის სექტემბრამდე იგი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში (აქედან, 1993 წლის 9 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში); 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე და 2006 წლის 27 მაისიდან 2006 წლის 16 ოქტომბრამდე, შესაბამისი წოდებით - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და 2012 წლის 26 ივლისიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, მითითებული პერიოდები მოსარჩელეს უნდა ჩაეთვალოს შესაბამის ორგანოებში ნამსახურობის წლებში. ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 1992 წლის 15 აგვისტოდან 1993 წლის 9 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით მითითებული გარემოება არ დგინდება.

 

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, კომპენსაცია ენიშნებათ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, რომლებსაც სამხედრო სამსხურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად „კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე გამოცემული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესის" დანართი N2-ის მე-15 მუხლის 1 ლი პუნქტის თანახმად კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო... განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონწთ გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტის მოსარჩელე მსახურობდა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ თავდაცვის სამინისტროში, რის საფუძველზეც მიმართა თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა წელთა ნამსახურობის დაანგარიშება კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯო--------–---–ის 01.05.2018 წლის N422705 განცხადების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მოსარჩელის სამხედრო/სპეციალური წოდებით და სამსახურის გავლის პერიოდის მითითებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის 18.05.2018 წლის N1167421 წერილის საფუძველზე ჯო--------–---–ის წელთა ნამსახურობა შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო/სპეციალური წოდებით შეადგენს 11 წელს 2 თვეს და 17 დღეს. 16/12/1994-13/12/2002 წწ. 7 წელი 11 თვე და 27 დღე 16/10/2006 -06/01/2010 წ.წ. 3 წელი 2 თვე და 20 დღე. ჯო--------–---–ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენს 10.09.2015 წლიდან-21.12.2005 წლამდე და 06.01.2010 წლიდან 26.07.2012 წლამდე პერიოდი 5 წელს 1 თვეს და 18 დღეს. საბოლოო ჯამში მოსარჩელის ნამსახურობა თავდაცვის სამინისტროში შეადგენს 16 წელს 4 თვეს და 5 დღეს. განმცხადებლის მიერ განცხადებაზე თანდართული შინაგან საქმეთა მინისტრის 28.03.2005 წლის N1464 პ/შ ბრძანების თანახმად, ჯო--------–---–ი ამორიცხულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებიდან 2004 4 წლის 27 დეკემბრიდან, შესაბამისად თავდაცვის სამინისტრო, აღნიშნულ პერიოდს ვერ ჩაგითვლით ნამსახურობის წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანურის რესურსების მართვის დეპარტამენტის 18.05.2018 წლის N1167421 წერილიდან გამომდინარე. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

აპელანტის მითითებით, უსაფუძვლოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება ჯო--------–---–ს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალოს 1987 წლის დეკემბრიდან 1989 წლის ოქტომბრამდე სასკ-ის ძალების რიგებში ნამსახურობა, ვინაიდან სასამართლოს დაეყრდნო აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის 2019 წლის 17 აპრილის Nო1/ 659 წერილს, როგორ მტკიცებულებას, ჩვენს მიერ წარდგენილი წერილის შესაბამისად არ დგინებდა ჯო--------–---–ის სამხედრო სამსახური გავლის ვადა, ამავე სამსახურის მიერ გაცემულია ურთიერთშეუსაბამო ინფორმაცია, საბოლოოდ ირკვევა, რომ ჯო--------–---–ის სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ სამსახურს არ გააჩნია, ასევე მოსარჩელე სხვა მტკიცებულება ან დოკუმენტი აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად არ წარმოდგენია. ხოლო რაც შეეხება ჯო--------–---–ის მიერ 1992 წლის იანვრიდან 1993 წლის დეკემბრამდე თავდაცვის სამინისტროს ძალებში მსახურის პერიოდის ჩათვლა ასევე დაუსაბუთებელია, ვინადან ჯო--------–---–ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახური არ დგინდება შესაბამის ბრძანებებით და ასევე შრომის წიგნაკისა და ნამსახურობის ნუსხის მიხედვით. ასევე უსაფუძვლოა ჯო--------–---–ისთვის 2012 წლის 26 ივლისიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე ეს პერიოდის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურის ვადად ჩათვლა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი". ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად "წელთა ნამსახურების გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვილი ან გადადგა სამსახურიდან".

 

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსამსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირი. ამასთან წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე. მოსარჩელე ითხოვს შს სამინისტროში წოდებით ნამსახურებად 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე პერიოდის და 2006 წლის 27 მაისიდან 2010 წლის 6 იანვრამდე პერიოდის ჩათვლას საერთო სტაჟში.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჯო--------–---–ი შს სამინისტროს წოდებით მსახურობდა 16/12/1994 - 13/12/2002წწ. პერიოდში რაც შეადგენს: 07 წელს, 11 თვეს და 27 დღეს. ასევე 16/10/2006 - 06/01/2010წწ. პერიოდში რაც შეადგენს: 03 წელს, 02 თვეს და 20 დღეს, ხოლო სამოქალაქო პირად (კონტრქატით) ნამსახურები: 14/07/2004 - 01/01/2005წწ. შეადგენს: 00 წელს, 05 თვეს და 17 დღეს. მოსარჩელეს შს სამინისტროს სისტემაში წოდებით ნამსახურები აქვს სულ 11 წელი - 2 თვე - 21 დღე. რაც შეეხება 14/07/2004 - 01/01/2005წწ სამოქალაქო პირად (კონტრქატით) ნამსახურები პერიოდი არ უნდა იქნას ჩათვლილი საერთო სტაჟში. სასამართლოს მიერ იმის მტკიცება რომ არსად არ დასტურდება ჯო--------–---–ის კონტრაქტით ნამსახურების ფაქტი რათქმაუნდა უსაფუძვლოა ვინაიდან შესაბამისი ორგანოს მიერ მოწოდებული ცნობის მიხედვით რომელიც პირადი საქმის მიხედვით ივსება არსად არ დასტურდებოდა რომ ჯო--------–---–ი ამ პერიოდში წარმოადგენდა შტატიან თანამშრომელს შესაბამისად, სასამართლოს არც მოუთხოვია დამატებით ამ ფაქტის გამოკვლევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, ჯო--------–---–ს არ უნდა ჩაეთვალოს წელთა ნამსახურობის სტაჟში სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული პერიოდი, რადგან არ არსებობს ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება 2006 წლის 27 მაისიდან 2006 წლის 16 ოქტომბრამდე სტაჟის დადასტურებას იმ საფუძვლით, რომ ამ პერიოდში ჯო--------–---–ს მინისტრმა აჩუქა ცეცხლსასროლი იარაღი უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, ვინაიდან გამორიცხულია ამ კონკრეტული გარემოებით დადასტურდეს სამინისტროში მუშაობის ფაქტი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი (22.05.2018წ. მოქმედი რედაქცია) ადგენს, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს.

 

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, ესენია: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში; სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში; ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო- სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით; რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ- ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით); პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს; მეორე მსოფლიო ომში და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპულ (უგზო-უკვლოდ დაკარგულ) ან იქ მიღებული ჭრილობის, დასახიჩრების, კონტუზიისა და სხვა დაავადების შედეგად გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები; გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრები; სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები საქართველოსა და ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების (შეთანხმების) საფუძველზე.

 

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

 

სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 22 მაისის MOD 4 18 00500736 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ჯო--------–---–ს წელთა ნამსახურობაში 1987 წლის დეკემბრიდან 1989 წლის ოქტომბრამდე სსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურობის, ასევე 1992 წლის იანვრიდან 1993 წლის სექტემბრამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ნამსახურობის (აქედან, 1993 წლის 9 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის), ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2012 წლის 26 ივლისიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდის ნამსახურობად ჩათვლის შესახებ; სააპელაციო პალატა ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 23 ოქტომბრის MIA 2 18 02596376 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ჯო--------–---–ს წელთა ნამსახურობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე და 2006 წლის 27 მაისიდან 2006 წლის 16 ოქტომბრამდე წოდებით ნამსახურობის პერიოდის ჩათვის დავალების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯო--------–---–ს უარი ეთქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის ანგარიშის შედგენაზე, იმ საფუძვლით, რომ პირადი საქმის მიხედვით მისი ნამსახურობა იყო 20 წელზე ნაკლები (16 წელი, 5 თვეს და 5 დღეს) კალენდარულ წელი, მათ შორის, 2005 წლის 10 სექტემბრიდან 21 დეკემბრამდე, 2010 წლის 6 იანვრიდან 2012 წლის 26 ივლისამდე და 2012 წლის 8 ოქტომბრიდან 2015 წლის 25 იანვრამდე შეირაღებული ძალებში ნამსახურობა შეადგენდა 10 წელზე ნაკლებს (5 წელს, 01 თვეს და 18 დღეს) კალენდარულ წელს.

 

საქმეში წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარის პოლკოვნიკი ვ. ვეკუას მიერ სამხედრო ბილეთის მაგიერ გაცემული ცნობითა და სანოტარო წესით დამოწმებული შრომის წიგნაკით დადგენილია, რომ ჯო--------–---–ი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული იქნა 1987 წლის 16 დეკემბრიდან და მსახურობდა 1989 წლის ოქტომბრამდე. ამასთან, ჯო--------–---–ი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა ს/ნ 23-ე ბრიგადის მე-4 ბატალიონში, 1992 წლის იანვრიდან 1993 წლის სექტემბრამდე და სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატში.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ჯონი რამიშვილი 1993 წლის 9 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, გათანაბრებულია დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ჯო--------–---–ი რეგისტრირებულია 2005 წლის 28 მარტიდან, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, საიდენტიფიკაციო კოდით: 151 300 0035 და სარგებლობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული შეღავათებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2004 წლის 6 სექტემბრის №370 პ/შ ბრძანებით ჯო--------–---–ი 2004 წლის 14 ივლისიდან მიღებული იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებში, კერძოდ, იგი დაინიშნა შინაგანი ჯარების მე-2 სამმართველოს (ს/ნ 2070) მე-3 ბატალიონის კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე, კონტრაქტით.

 

ჯო--------–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2005 წლის 23 მარტიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, იგი გადავიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 6 მაისის №969524 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464 პ/შ ბრძანებაში, რომლითაც ჯო--------–---–ი ამოირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან, 2004 წლის 27 დეკემბრიდან; განხორციელებული ცვლილების თანახმად, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილად ჩაითვალა 2005 წლის 23 მარტიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 თებერვლის MIA 4 18 00323895 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464 პ/შ ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეები თანდართული სიის შესაბამისად დათხოვნილი იქნენ (სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით) შინაგან საქმეთა სამინისტროდან, 2005 წლის 01 იანვრიდან.

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ შინაგანი ჯარების მე-2 სამმართველოს (ს/ნ 2070) მე-3 ბატალიონის კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე ჯო--------–---–ის დანიშვნისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებაში არ ფიქსირდება სადავო პერიოდში შინაგან საქმეთა ორგანოებში მისი სამოქალაქო პირად დასაქმების ფაქტი. უფრო მეტიც, გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, უფროსი ლეიტენანტი ჯო--------–---–ი ამოირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან. შესაბამისად, საფუძველს არის მოკლებული მოპასუხე მხარის აპელირება 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე მოსარჩელის სამხედრო წოდების გარეშე მსახურობასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება ამავე პერიოდში ჯო--------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების თარიღს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464 პ/შ ბრძანებაში 2018 წლის 9 თებერვალს შეტანილი ცვლილების თანახმად, მითითებული ბრძანება ამოქმედდა 2005 წლის 1 იანვრიდან, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურეების მითითებული თარიღიდან დათხოვნას, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 12 მარტს გაცემული MIA 8 18 00575025 ცნობით დაადასტურა მოსარჩელის ამავე სამინისტროში 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე მსახურობის ფაქტი. გარდა ამისა, 2005 წლის 28 მარტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირი სამსახურიდან გათავისუფლდა რამდენიმე თვით ადრე, 2004 წლის 27 დეკემბრიდან ან 2005 წლის 01 იანვრიდან, ამდენად, წარმოდგენილი მასალებით უტყუარად არ დგინდება, რეალურად თუ რომელ თარიღამდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მოსარჩელე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მოსარჩელის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველის გარეშე. აქედან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯო--------–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული იყო 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე, შესაბამისი წოდებით.

 

საქმეში არსებული მასალებით ასევე დგინდება, რომ 2006 წლის 27 მაისიდან 2008 წლის 28 დეკემბრამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს - ჯო--------–---–ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ერიცხებოდა 9 მმ პისტოლეტი „მაკაროვი“ №ВГ-0626-1968წ. (27.05.2006წ.- 28.12.2008წ.), რომელიც საჩუქრად გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 დეკემბრის №1413 ბრძანებით. აღნიშნული გარემოების არსებობის პირობებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირს სამსახურებრივი იარაღი ვერ გადაეცემოდა, თუ იგი არ იყოს შესაბამის უწყებაში/სამსახურში დასაქმებული. აქედან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მითითებულ პერიოდში, მათ შორის, 2006 წლის 27 მაისიდან 2006 წლის 16 ოქტომბრამდე ჯო--------–---–ი წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ პირს (საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი, ანდა მოძიებული ვერ იქნა).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 11 სექტემბრის №6161 პ/შ ბრძანებით, ჯო--------–---–ი დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა.რ. მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, უფროსი ოპერთანამშრომლის - გამომძიებლის თანამდებობაზე, 2006 წლის 7 სექტემბრიდან, 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 ოქტომბრის №6985 პ/შ ბრძანებით, სამხედრო ძალების რეზერვის ლეიტენანტი ჯო--------–---–ი ჩაირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო სამსახურში და დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელი-გამომძიებლის თანამდებობაზე. ამავე ბრძანების თანახმად, 2006 წლის 16 ოქტომბრისთვის მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 09 წელს, 05 თვეს და 04 დღეს. იგი საქართველოს შინაგან საქმეთასამინისტროს სისტემაში დასაქმებული იყო 2010 წლის 6 იანვრამდე, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 იანვრის №727 პ/შ ბრძანებით შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს (დაგეგმარებისა და რეალიზაციის) პირველი განყოფილების უფროსი, ოპერატიული თანამშრომელი-გამომძიებელი, კაპიტანი ჯო--------–---–ი, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო სამსახურიდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, 2010 წლის 6 იანვრიდან. შესაბამისად, ამ თარიღისათვის მისი ნამსახურება შეადგენდა 12 წელს 7 თვესა და 24 დღეს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2010 წლის 6 იანვრიდან 2010 წლის აგვისტომდე ჯო--------–---–ი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების მოიერიშე ბატალიონში „კოლხეთი“(7 თვე და 10 დღე). 2010 წლის 16 აგვისტოდან მსახურობდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების სამმართველოში, დასავლეთის სპეციალური ოპერაციების სამსახურში ინსტრუქტორთა ჯგუფში, ინსტრუქტორის თანამდებობაზე.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №2202 ბრძანებით, რომელიც პირადი საქმის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის №2704 ბრძანებით, ჯო--------–---–ი დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის №3018 ბრძანებით, რომელშიც ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის №2704 ბრძანებით, დანიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების სამმართველოში, დასავლეთის სპეციალური ოპერაციების სამსახურში ინსტრუქტორთა ჯგუფში, ინსტრუქტორის თანამდებობაზე.

 

ჯო--------–---–ის პირად საქმის თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის №2704 ბრძანებით, ერთის მხრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №2202 ბრძანება, რომლითაც ჯო--------–---–ი დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან და მეორეს მხრივ, ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის №3018 ბრძანებაში, რომლითაც მოსარჩელე დანიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების სამმართველოში, დასავლეთის სპეციალური ოპერაციების სამსახურში ინსტრუქტორთა ჯგუფში, ინსტრუქტორის თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა გულისხმობს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ჯო--------–---–ის სამსახურიდან დათხოვნის შედეგების გაუქმებას და დანიშვნის შესახებ ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, რაც გულისხმობს მის მიერ სადავო პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნამსახურებას. ამასთან, საყურადღებოა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 30 იანვარს გაცემული MOD 1 19 00095157 ცნობა, რომლის მიხედვითაც, ჯონი რამიშვილი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში და 2012 წელს მის მიმართ გაცემული ხელფასი იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით სულ შეადგენდა 11145,60 ლარს (ხელზე გაცემული).

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ჯო--------–---–ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 დეკემბრის №3455 ბრძანებით გაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 26 თებერვლის №357 ბრძანებით იგი დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მე-5 რეგიონალური სამმართველოს (აჭარა) მე-3 განყოფილებაში (პატრული), უფროსი პატრულის თანამდებობაზე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 26 იანვრის№226 ბრძანებით დათხოვნილია შეიარაღებული ძალებიდან, ზღვრული ასაკის გამო. ამდენად, მითითებული გარემოებები ცხადყოფს, რომ ჯო--------–---–ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული იყო 2010 წლის 6 იანვრიდან 2015 წლის 26 იანვრამდე, მათ შორის, 2012 წლის 26 ივლისიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში (5 წელი და 20 დღე).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით მიუთითებს, რომ ჯო--------–---–ი 1987 წლის დეკემბრიდან 1989 წლის ოქტომბრამდე გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს სსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში (1 წელი და 10 თვე); 1992 წლის იანვრიდან 1993 წლის სექტემბრამდე იგი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში(1 წელი და 9 თვე); 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე(8 თვე და 10 დრე) და 2006 წლის 27 მაისიდან 2006 წლის 16 ოქტომბრამდე (4 თვე და 20 დღე), შესაბამისი წოდებით - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და 2012 წლის 26 ივლისიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე(2 თვე და 12 დღე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული ანალიზის შედეგად პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ჯო--------–---–ს ზემოთ მითითებული სადავოდ ქცეული დროეი პერიოდები უნდა ჩაეთვალოს შესაბამის ორგანოებში ნამსახურობის წლებში.

 

ხოლო, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 1992 წლის 15 აგვისტოდან 1993 წლის 9 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ან ნაწილში პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების პირობებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი ცალსახად არ დგინდება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი