განაჩენი

სისხლის სამართლის 28.01.2020
საქმის ნომერი
330100119003230178
ინსტანცია
თარიღი
28.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003230178

საქმე №1ბ/2023-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მაკა გველესიანი

სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნ--------------–--

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: გ---–-------–-–---–--

 

მსჯავრდებული: ა--------–------ე, დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები რეგისტრაციის ად---–-----------------------------------------------–---------–---------------------–-----------------------–-------–--–---–-----------------------–--

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი:

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 2019 წლის 24 სექტემბრიდან - 2019 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ჩაეთვალა მოხდილად.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ--------------–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა. კერძოდ, მსჯავრდებულ ა--------–------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ მისი ქმედების არართანაზომიერი, მსუბუქი სასჯელი იქნა გამოყენებული. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ არ გაითვალისწინა ა--------–------ის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, მოტივი, ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბი და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის საფრთხე. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა--------–------ის მიმართ მსუბუქი სასჯელის დანიშვნით დარღვეულია სამართლიანობის პრინციპი, ვინაიდან აღნიშნული არ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშულის თავიდან აცილებას, დამნაშავევის რესოცილაიზაციას და ასევე პრევენციული მიზნების მიღწევას. აპელანტს მოსაზრებით, მუხლის სანქციით გათვალისწინებული მსუბუქი სასჯელის გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც პირის მიერ ჩადენილია განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, მსხვერპლის მიერ საგამოძიებო ორგანოს მიმართვის შედეგად გამოწვეული დასჯის სურვილით, არათუ ვერ უზრუნელყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, არამედ ,,წამახალისებელიც“ კი იქნება მსჯავრდებულისთვის ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის. მსუბუქი სასჯელი ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმდაგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და პასუხისმგებლობის გძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მსგავსი ხასიათის ძალადობრივი დანაშაულების ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის რეველევანტურ სასჯელს, რაც თავის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისათვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი. ამასთან, ბრალდების მხარე ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო მექანიზმებზე, რომლებიც სახელმწფოს მოუწოდებენ განახორციელოს რიგი ღონისძიებები, რათა ქალთა მიმართ ძალადობა იქნეს სათანადოდ პასუხგაცემული. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ ევროსაპჭოს კონენციის 45-ე მუხლში კონვენცია ხელშემკვრელ ქვეყნებს ავალდებულებს მოძალადეთა მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მიზანშეწონილებას, ხოლო ამავე კონვენციის 46-ე მუხლის მიხედვით, დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ფაქტი, რომ დანაშაული მოძალადის მიერ არერთხელ იქნა ჩადენილი, რასთან არსებით წინააღმდეგობაშიც არის გასაჩივრებული განაჩენი. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა ნ--------------–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა ა--------–------ემ და მისმა ადვოკატმა გ---–-------–-–---–-ა ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ა--------–------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ა--------–------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 აგვისტოს, დილის 07:00 საათზე, ქ------–--–--------–---------–---–------------–----------- საცხოვრებელ სახლში, ა--------–------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ--------–---–-- მიმართ, კერძოდ, სქესობრივ კავშირზე უარის თქმის გამო, შელაპარაკებისას, გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახისა და ყელის მიდამოში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა--------–------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა--------–------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის - ლ--------–---–--, მოწმეთა: თ----------------–---–----------------–-----–---–-------------------–---–--- თავად ა--------–------ის ბრალდებულის სახთ გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა--------–------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა--------–------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა--------–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

ა--------–------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა--------–------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ა--------–------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ იმდენად მსუბუქი სასჯელია დანიშნული, რომ მომავალშიც ჩაიდენს ანალოგიური ხასიათის დანაშაულს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ა--------–------ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთ მითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ის რომ ა--------–------ემ ძალადობრივი ხასაითის დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის - ქალის მიმართ ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ა--------–------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სახის სასჯელის - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ და ითვალისწინებს რა ა--------–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ა--------–------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოცილურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ჰყავს კმაყოფაზე სამი შვილი, რომელთაგან უმცროს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას ა--------–------ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის, ან/და საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ა--------–------ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულებისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც. რაც შეეხება ძალადობის განმეორების რისკს, აღსანიშნავია, რომ ა--------–------ე და დაზარალებული ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მათ შორის კონფლიქტის რისკი შემცირებულია, რაც მინიმუმამდე ამცირებს ძალადობის განმეორების რისკს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა--------–------ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ა--------–------ის სათანადო ქცევას.

 

ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა--------–------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის დარჩეს უცვლელი.

 

ა--------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 2019 წლის 24 სექტემბრიდან - 2019 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ჩაეთვალოს მოხდილად.

ცნობად იქნე მიღებული, რომ ა--------–------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პირადი თავდებობა გაუქმებულია.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი