განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.12.2019
საქმის ნომერი
030310219002864084
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030310219002864084 (3/ბ-431-2019წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა, ფოთის რაიონული პროკურატურა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ------ი ლ-----ე

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და გ------ი ლ-----ის სარჩელის სრულად უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2018 წლის 02 აგვისტოს გ------ი ლ-----ემ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის და მესამე პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურისთვის გ------ი ლ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად მატერიალური ზიანის 9 210 ლარის და მორალური ზიანის 70 000 ლარის დაკისრება, მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით.

 

მოპასუხემ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მისი უარყოფა მოითხოვა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 992-ე და 1005.3 მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასადგენად სახეზე უნდა იყოს პირისთვის ზიანის მიყენების ფაქტი ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე, მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტს - სასამართლოს განჩინებას. ამდენად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაგებლით განმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტო არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს. ამასთან მიუთითა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოცემული დავის არსიდან გამომდინარე არ წარმოადგენდა განსჯად სასამართლოს და სარჩელი უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით გ------ი ლ-----ის სარჩელი მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის და მესამე პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დავის საგნის არსიდან გამომდინარე, განსჯადობით დაექვემდებარა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველ მოსამართლეს.

 

2019 წლის 12 აპრილს გ------ი ლ-----ის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების ფოთის რაიონული პროკურატურისა და მესამე პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ფოთის რაიონულ პროკურატურისათვის გ------ი ლ-----ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 9 210 ლარის და მორალური ზიანის 70 000 ლარის დაკისრება, მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშევობით.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ გ------ი ლ-----ე უკანონო ბრალდების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ფოთის განყოფილების თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა 2016 წლის 22 აგვისტოს. ფოთის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა და შესახლდა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა უფრო მსუბუქი ღონისძიებით საპატიმრო გირაოთი და მას შემდეგ, რაც გირაოს სახით დაკისრებული თანხა უზრუნველყოფილი იქნა უძრავი ქონებით, გ------ი ლ-----ემ დატოვა საპატიმრო დაწესებულება. 2017 წლის 01 თებერვლის განაჩენით გ------ი ლ-----ე გამართლდა მისთვის შერაცხულ ბრალდებაში, რაც ფოთის რაიონულმა პროკურატურამ გაასაჩივრა სააპელაციო და საკასაციო წესით. გამართლებულ გ------ი ლ-----ის მიმართ განაჩენი უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საჩივარი არ დაუშვა განსახილველად. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, 2016 წლის 22 აგვისტოდან - 2018 წლის 20 მარტის ჩათვლით გ------ი ლ-----ემ განიცადა მატერიალური ზარალი 9 210 ლარის ოდენობით (რაც გამოთვლილია მისი სამსახურებრივი სარგოდან) და მიადგა მორალური ზიანი, უკანონო და დაუსაბუთებელი პატიმრობით.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ არავინ არ არის ვალდებული ითმინოს უკანონო პატიმრობით გამოწვეული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში. უდანაშაულო პირის პატიმრობაში ყოფნა უკანონოა, მიუხედავად იმისა მის მიმართ დაირღვა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა. გარდა ამისა გ------ი ლ-----ეს დაენგრა ოჯახი. ამ თვალსაზრისით გ------ი ლ-----ის მორალური ზიანი განუსაზღვრელი და მტკივნეულია. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით 70 000 ლარის დაკისრებას.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით გ------ი ლ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მთავარ პროკურატურას (ფოთის რაიონულ პროკურატურას) გ------ი ლ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 3 000 ლარი; გ------ი ლ-----ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს მთავარ პროკურატურისათვის მატერიალური ზიანის სახით 9 210 ლარის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ივლისის N10ა/109-2016 წლის განჩინების შესაბამისად, გ------ი ლ-----ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. გ------ი ლ-----ის პატიმრობის ვადა აითვალა მისი დაკავების მომენტიდან 2016 წლის 30 ივნისის 20:57 საათიდან.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის N1/134-2016 განჩინების თანახმად, გ------ი ლ-----ეს დაკავებულს 2016 წლის 30 ივნისს 20:57 საათზე, შეეცვალა 2016 წლის 03 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის N1/134 განაჩენის მიხედვით, გ------ი ლ-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულ გ------ი ლ-----ეს განემარტა, რომ ჰქონდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის N541აპ-17 განჩინების შესაბამისად, ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის არის გარანტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მიხედვით პირს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზაკ-ის 208.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთანავე, ზაკ-ის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. ამდენად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს სახელმწიფო აანაზღაურებს, გამოძიების, პროკურატურის ორგანოების და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად (სამოქალაქო კოდექსის 1005.3).

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, მუხლში ჩამოთვლილი გარემოებები არ არის კუმულატიური ხასიათის, ამასთანავე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: დამდგარი ზიანი, მართლწინააღმდეგობა - უკანონო ბრალდება/მსჯავრდება, მიზეზობრივი კავშირი უკანონო ბრალდებას/მსჯავრდებასა და დამდგარ ზიანს შორის, აგრეთვე პირის მარეაბილიტერებელი გარემოება.

 

უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, როგორც წესი უკავშირდება პირის საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა, პირის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, სისხლის სამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა პირისათვის ქმნის ერთგვარ დისკომფორტს, სტრესულ სიტუაციას. მატერიალური (ქონებრივი) ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, შემოსავლის მიუღებლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში, დამატებითი ხარჯების გაწევაში და ა.შ., ხოლო არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვ., თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით (სკ-ის 413 მუხ.).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს უკანონო მსჯავრდების, პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების შედეგად რეაბილიტირებული პირისათვის ზიანის ანაზღაურებას, ითვალისწინებს რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. აღნიშნული ნორმა, ანიჭებს რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავს მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის N1/134 განაჩენის მიხედვით, გ------ი ლ-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდავოდ წარმოადგენდა მოსარჩელის რეაბილიტაციის საფუძველს, რადგან უტყუარად დასტურდება პირის უდანაშაულობა, წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა, პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც უკავშირდება რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემას, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ვინაიდან არ დაიშვება ნორმის ისე განმარტება, რომ გამართლებულ პირს არ მიეცეს უფლების აღდგენის ეფექტური, ქმედითი შესაძლებლობა („ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-13 მუხლი), საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია არ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან.

 

საქალაქო სასამართლოს აღნიშვნით, ქმედების მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია, იგი არ არის დამოკიდებული ზიანის მიმყენებლის ცნობიერებასა და მის სამართლებრივ შეფასებაზე. ფოთის საქალაქო სსამართლოს 2017 წლის 31 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით გ------ი ლ-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ------ი ლ-----ეს მოუწია კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე შემზღუდავი ზემოქმედების ატანა, თმენის ვალდებულების დაკისრების დასაბუთებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან გ------ი ლ-----ე ითვლება უდანაშაულოდ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალური მართლზომიერების მიუხედავად დაუსაბუთებლად არღვევს პირის კონსტიტუციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის 22.11.1984წ. N7 ოქმის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 23.02.2000წ. N155-IIს დადგენილებით) მესამე მუხლის თანახმად, ,,თუ საბოლოო გადაწყვეტილებით პირი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან სასჯელის მოხდისაგან ის გათავისუფლდა, რადგან ახალმა ან ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მართლმსაჯულება არაჯეროვნად განხორციელდა, ამგვარი მსჯავრდების გამო შეფარდებული სასჯელისათვის მას მიეკუთვნება კომპენსაცია შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონის ან დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით“. უფრო მეტიც, საქმეზე ,,პოღოსიანი და ბაღდასარიანი სომხეთის წინააღმდეგ“ (Case of Poghosyan and Baghdasaryan v. Armenia, 12.09.2012წ., განაცხადი N22999/06) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მსჯავრდების დადასტურებისას, პირისათვის დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანისათვის კომპენსაციის გადახდა უნდა მოხდეს ეროვნულ კანონმდებლობაში აღნიშნული დანაწესის არარსებობის შემთხვევაშიც (§ 51).

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (დადასტურებული უკანონო ბრალდება) განაპირობებდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, რადგან გ------ი ლ-----ის ბრალდებულად ცნობის მომენტში ფორმალურად მართლზომიერი საპროცესო მოქმედებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის, მიიჩნევიან უკანონოდ, ვინაიდან ხსენებული ნორმა მიზნად ისახავს დაზარალებულის დაცვას, კერძოდ, გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიცემას.

 

რეაბილიტაცია სისხლის სამართლის პროცესში არის იმ პირის უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებელად დაექვემდებარა სისხლისსამართლებრივ დევნასა თუ პასუხისმგებლობას. პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთვევაში გ------ი ლ-----ის მიმართ დამდგარი იყო გამამართლებელი განაჩენი, სახეზე იყო მარეაბილიტირებელი გარემოება. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის არსებობდა იმ ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეული იყო უშუალოდ უკანონო ბრალდებით (რასაც აღკვეთი ღონისძიების სახით მოჰყვა პატიმრობა).

 

სასამართლომ განმარტა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას. ამასთანავე გამოძიების მწარმოებელ ორგანოს არა აქვს საქმის შედეგის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობა, მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საკმარისობის კუთხით სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება. გამოძიება სახელმწიფო საქმიანობის განსაკუთრებული სახეობაა, საგამოძიებო საქმიანობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მას უხდება თავისი საქმიანობის წარმართვა ინფორმაციული დეფიციტის პირობებში. თუმცა, საგამოძიებო საქმიანობის აღნიშნული სპეციფიკა არ ქმნის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლების საფუძველს, ხსენებულმა გარემოებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მხოლოდ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის ფარგლებზე.

 

სასამართლოს აღნიშვნით, ზოგადად სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დამახასიათებელია ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრინციპი (სკ-ის 992 მუხ.), თუმცა აღნიშნული დანაწესი არ არის აბსოლუტური ხასიათის და განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად.

 

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს მთავარი პროკურატურის მითითება ბრალის, როგორც უკანონო ბრალდების/მსჯავრდების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების აუცილებელ წინაპირობაზე და მიუთითა, რომ დაუშვებელი იყო დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით (სკ-ის 992, 1005.1 მუხ.) დადგენილი მოთხოვნების განვრცობა სპეციალური ნორმით (სკ-ის 1005.3 მუხ.) მოწესრიგებულ კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე, რომელსაც ადგილი აქვს უკანონო ბრალდებისა და უკანონო მსჯავრდების შემთხვევაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გ------ი ლ-----ის სარჩელით მოთხოვნილი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის ისეთ ობიექტს, რომლის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ექვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების (პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ხელშეუხებლობა) ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. პირისათვის ბრალის წარდგენა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესულ მდგომარეობასთან, რეპუტაციის შელახვასთან. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა, ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებით წყდება, მორალური ზიანის მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს სკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას (სუს ბს-972-963(3კ-08) 08.04.2009წ. გადაწყვეტილება). მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა და სხვა. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანი არ არის ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელის სოციალურ მდომარეობას, მის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმების სიმძიმეს. მართალია პირის მიმართ იძულებითი ღონისძიების გამოყენება, სისხლისსამართლებრივი დევნა დაკავშირებულია ნეგატიურ განცდებთან და უქმნის პირს დისკომფორტს, თუმცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მყოფი პირი, გონივრულ ფარგლებში, ვალდებულია ითმინოს ამ პროცესის ნეგატიური შედეგები. ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ გ------ი ლ-----ის მიერ მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი თანხა (70 000 ლარი) იყო აშკარად არაადეკვატური. მორალური ზიანის კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის 3000 ლარის დაკისრება მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციული იყო.

 

რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. სსკ-ის 105.2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს არ წარუდგენია მატერიალური ზიანის მიყენების დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, რაიმე ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ გ------ი ლ-----ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს მთავარ პროკურატურისათვის (ფოთის რაიონული პროკურატურისათვის) მატერიალური ზიანის სახით 9210 ლარის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გასწორდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მთავარი პროკურატურის“ ნაცვლად, მიეთითა „ საქართველოს გენერალური პროკურატურა“.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ფოთის რაიონულმა პროკურატურამ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და გ------ი ლ-----ის სარჩელის სრულად უარყოფა.

 

აპელანტების განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნულს ადგილი არ ქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. ამდენად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად. თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები, გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი, სახეზე არ არის პროკურატურის ორგანოს თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს საქართველოს პროკურატურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.

 

პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 3000 (სამი) ათასი ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით აპელანტი მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009 წლის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, რაც გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე, დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისააა, დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და აშ), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.04.2014 წლის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-648-623(3კ-13) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვისას აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ:

 

1. ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 600 (ექვსასი) ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი. საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა.

 

2. კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ საქმეში, აღიარებულ იქნა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-6 მუხლი ეხებოდა მის მიმართ მიღებულ უკანონო განაჩენს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი. კომპენსაციის სახით შეთავაზებულ იქნა 4 000 (ოთხი ათასი) ევრო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 სექტემბრის №3/1237-13 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 500.00 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელე ლ. ჩ-ს მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა დაახლოებით 07 წლის განმავლობაში, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებული იქნა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა და ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის №3/4964-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე დ. ა-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 04 თვე.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის №3/4031-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ზ.ჭ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 7 თვე და 26 დღე.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 04 თებერვლის №3/4021-13 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ლ.კ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 8 თვე და 18 დღე.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 თებერვლის №3/3411-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4300 (ოთხი ათას სამასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ი.ნ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 6 თვე და 9 დღე.

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 აპრილის №3/659-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელე თ.თ-მ პატიმრობაში გაატარა 07 თვე და 24 დღე.

 

9. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის №3/1393-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4600 (ორი ათასი) ლარით. მოსარჩელე ზ.მ-მ პატიმრობაში გაატარა 08 თვე და 03 დღე

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის №3/3412-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზაღაურება განისაზღვრა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელე გ.გ.-ს 2012 წლის 28 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, 2013 წლის წლის 28 ივნისის განაჩენით გამართლდა, 2013 წლის 07 ნოემბრის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი და შეეფარდა ჯარიმა, საბოლოოდ გამართლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 1 წელი, 07 თვე და 26 დღე. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ გ.გ. გახლდათ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც სასამართლო განჩინების საფუძველზე გადაყენებული იყო თანამდებობიდან.

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 01 აპრილის №3/3906-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, (სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას), მოსარჩელე ბ.ი.-მა პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 05 თვე, შემდგომ შეეფარდა გირაო, იყო ძებნილი 6,5 წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა - 07 წელი.

 

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული №3/780-16 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, (სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას), მოსარჩელე რ.ხ.-ს მიმართ 19 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა და ძებნა, 02-ჯერ იქნა დაკავებული უცხო ქვეყანაში საქართველოში ექსტრადირების მიზნით.

 

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 29 ივნისის (საქმე №3/8610-16) გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 5 000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ზ.წ.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 8 თვე და 14 დღე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტს მიაჩნია, რომ დაკისრებული თანხა არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღარების კრიტერიუმებიდან და შეუსაბამოდ მაღალია, შესაბამისად, ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება, გასაჩივრებულ (მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების) ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

განსახილველ საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ მოპასუხის მიერ და სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია იმ პრეტენზიით, რომ პროკურატურის ბრალეული ქმედების დაუდასტურებლობის პირობებში, დაუშვებელია მისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება და რომ დაკისრებული მორალური ზიანის თანხა შეუსაბამოდ მაღალია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადადაწყყვეტილების კანონიერებას და დასაბუთებულობას მხოლოდ გასაჩვრებულ ნაწილში აფასებს.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ივლისის N10ა/109-2016 წლის განჩინებით გ------ი ლ-----ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. გ------ი ლ-----ის პატიმრობის ვადა აითვალა მისი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 30 ივნისის 20:57 საათიდან.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის N1/134-2016 განჩინებით, გ------ი ლ-----ეს შეეცვალა 2016 წლის 03 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო - 5000 ლარი. გირაოს შეტანის ვადად განისაზღვრა 20 (ოცი) დღე - 2016 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. ამავე განჩინებით განიმარტა, რომ დადგენილ ვადაში გირაოს თანხის სრული მოცულობით შეტანის უზრუნველყოფამდე გ------ი ლ-----ე რჩებოდა პატიმრობაში, ხოლო გირაოს თანხის ან მისი ეკვივალენტური ქონების გადახდის შემთხვევაში _ ექვემდებარებოდა პატიმრიბიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის N1/134 განაჩენის მიხედვით, გ------ი ლ-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულ გ------ი ლ-----ეს განემარტა, რომ ჰქონდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. გ------ი ლ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ ს---–---- ხ---------ს (პ/ნ 4----------) კუთვნილ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი: 0-----------).

 

სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების შემდეგ, ფოთის საქალაქო სასამართლო 2017 წლის 31 იანვრის განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივებთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით („თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“) და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. იმავე მუხლის მე-5 პუნქტით, ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება.

 

საქმეზე ბაისუევი და ანზოროვი საქართველოს წინააღმდეგ (Baisuev and Anzorov v. Georgia) 18/12/2012 წ. მიღებულ გადაწყვეტილებაში (საჩივრის N 39804/04) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა: „... კონვენციის მე-5 მუხლი მოიცავს ფუნდამენტურ უფლებას, კერძოდ სახელმწიფოს მხრიდან პირის დაცვას თვითნებური ჩარევისგან მისი თავისუფლების აღკვეთის გზით. „თავისუფლების უფლების“ დეკლარირებისას, მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი მოიცავს პირის ფიზიკურ თავისუფლებას; მისი მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ არცერთ პირს არ აღეკვეთოს თავისუფლება თვითნებურად. ეს არ უკავშირდება უბრალო შეზღუდვებს გადაადგილების თავისუფლებაზე, მსგავსი შეზღუდვები რეგულირდება მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით. იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი თავისუფლების აღკვეთას, საწყისი წერტილი უნდა იყოს პირის კონკრეტული სიტუაცია და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ საქმის დროს წარმოშობილი მთელი რიგი ფაქტორები, როგორებიცაა, სადავო ღონისძიების განხორციელების ტიპი, ხანგრძლივობა, შედეგი და მეთოდი. თავისუფლების აღკვეთასა და თავისუფლების შეზღუდვას შორის განსხვავება მდგომარეობს ხარისხში ან ინტენსივობაში და არა მის ხასიათში ან არსში (იხ. Guzzardi v. Italy, 6 November 1980, Series A no. 39, §92, and H.L. v. the United Kingdom, no. 45508/99, §89, ECHR 2004-IX; see also Austin and Others v. the United Kingdom [GC], nos. 39692/09, 40713/09 and 41008/09, §§ 52 60, ECHR 2012). კონვენციის მე–5 მუხლი შეიძლება გამოყენებული იქნეს მოკლე ვადით თავისუფლების აღკვეთის შემთხვევებშიც (იხ. Gillan and Quinton v. the United Kingdom, no. 4158/05, §57, ECHR 2010 ... (extracts), როდესაც მომჩივნები გააჩერეს ჩხრეკის მიზნით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 30 წუთს (იხ. Iliya Stefanov v. Bulgaria, no. 65755/01, §71, 22 May 2008, and Foka v. Turkey, no. 28940/95, §75, 24 June 2008)“.

 

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით, წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას: a) ნებისმიერი პირი, რომლის წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებები და თავისუფლებებიც დაირღვა, უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დარღვევა ჩაიდინეს ოფიციალურად მოქმედმა პირებმა; b) უზრუნველყოს თითოეული პირის იურიდიული დაცვის უფლება, ვინც კი ასეთ დაცვას მოითხოვს, რომელიც დადგენილია კომპეტენტური სასამართლო, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ხელისუფლების ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ ამ სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის შესაბამისად და განავითაროს სასამართლო დაცვის შესაძლებლობები; c) უზრუნველყოს კომპეტენტური ორგანოების მიერ არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენება. პაქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ყველას ვინც უკანონო დაკავების ან პატიმრობის მსხვერპლი გახდა უნდა ჰქონდეს კომპენსაციის მიღების სასამართლოს მიერ აღსრულებადი უფლება. მე-5 პუნქტი ადგენს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის კონკრეტული, ეფექტური დაცვის საშუალების მაგალითს და წევრ სახელმწიფოებს ევალებათ უზრუნველყონ აღნიშნული საშუალების ხელმისაწვდომობა. ეს კონკრეტული დაცვის საშუალებები არ ანაცვლებს, არამედ ემატება სხვა საშუალებებს, რაც შეიძლება საჭირო იყოს კონკრეტულ სიტუაციაში უკანონო ან თვითნებური დაკავების ან პატიმრობის მსხვერპლისთვის პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. მე-4 პუნქტი ითვალისწინებს სწრაფ საშუალებას პირის მიმდინარე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის, მე-5 პუნქტი კი ხაზს უსვამს, რომ უკანონო დაკავების ან პატიმრობის მსხვერპლს აქვს აგრეთვე ფინანსური კომპენსაციის უფლება. „უკანონო პატიმრობა მოიცავს პატიმრობას, რომელიც კანონიერი იყო დაწყების მომენტში, მაგრამ შემდგომში გახდა უკანონო...“ /იხ. პაქტის ზოგადი კომენტარი ნო 24, თარგმნილი სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მხარადაჭერით) ().

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-13 მუხლით (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს. „კონვენციის მე-13 მუხლი უზრუნველყოფს სახელმწიფოში სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებას კონვენციაში წარმოდგენილ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რა სახითაც არ უნდა იყოს ისინი ასახული შიდა კანონმდებლობაში“ (Soering v. U.K.).

 

ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი განმარტავს, თუ რას მოიცავს ეფექტიანი დაცვის საშუალებებს და მიუთითებს, რომ როდესაც პირი აცხადებს, რომ მისი უფლებები დაირღვა უკანონო ბრალდებით და ამ პროცესში სისხლისსამართლებრივი იძულების მექანიზმების გამოყენებით, _ ეფექტიანი დაცვის საშუალება მოიცავს - გამოძიების წარმოებას პასუხისმგებელ პირთა გამოსააშკარავებლად და დასასჯელად, მომჩივანის ხელმისაწვდომობას საგამოძიებო პროცესზე და, საჭიროების შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმა წარმოადგენს ზოგადი ხასიათის წესს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებული პირისათვის შექმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი მექანიზმი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. 208-ე მუხლების პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

მოსარჩელე მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ პროკურატურის მხრიდან მის მიმართ წარდგენილი ბრალდება იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უკანონო, რაც დადასტურდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენში გ------ი ლ-----ის მიმართ, სასამართლომ მიუთითა, რომ გ------ი ლ-----ის მიმართ ბრალდება აგებული იყო მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე, რასაც დაზარალებულის ჩვენების გარდა არ ერთვოდა სხვა მატერიალური მტკიცებულება, რის გამოც გ------ი ლ-----ე შერაცხულ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა. ამავე განაჩენით გამართლებულ გ------ი ლ-----ეს განემარტა, რომ მას ჰქონდა მიყენებული ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გ------ი ლ-----ის მიმართ უკანონოდ ჩატარებულ საპროცესო მოქმედებად და უკანონო გადაწყვეტილებად მიჩნეული უნდა იქნას სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ის პროცედურები, რაც მის მიმართ იქნა განხორციელებული პროკურატურის მხრიდან სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. კერძოდ, მისთვის დაუსაბუთებელი ბრალის წარდგენა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევა.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების საფუძველი, რომლის მოთხოვნის უფლებაც მას წარმოეშვა სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით, რომლითაც დადასტურდა წარდგენილი ბრალდების უკანონობა და განემარტა, რომ უფლება ჰქონდათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მოეთხოვათ ზიანის ანაზღაურება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირის მარეაბილიტირებელ გარემოებას უპირობოდ წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ პროკურატურის ბრალეული ქმედების დაუდასტურებლობის პირობებში, დაუშვებელია მისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება, რადგან განსახილველ შემთხვევაში პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად, რაც შესაძლებელს ხდის პირის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას, რამდენადაც იგი შესაძლებელია. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა უკავშირდება ზიანის გამომწვევი ქმედების უკანონობასა და პირის მარეაბილიტირებელ გარემოებას.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მარეაბილიტირებელ გარემოებად უდავოდ მიიჩნევა პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რადგან გამართლება წარდგენილ ბრალდებაში იწვევს გამართლებულის აღდგენას უფლებებში - სრულ რეაბილიტაციას, რაც გ------ი ლ-----ის შემთხვევაში სახეზე გვაქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისგან დამოუკიდებლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის უკანონო ბრალდებას და აღნიშნული ბრალდებიდან გამომდინარე, მისი რეპუტაციის შელახვას, რასაც ასევე მოჰყვა მისი ოჯახის დანგრევა.

 

სასამართლო მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას (საქმე№ბს-972-936(3კ-08) 08.04.2009 წ.), რომ „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ექვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით... მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი წონასწორობის მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე გ------ი ლ-----ის უკანონოდ ბრალდება წარმოადგენს მორალური ზიანის გამომწვევ ქმედებას და სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

პალატა ვერ გაიზიარებს არაქონებრივი ზიანის ოდენობის შეუსაბამობაზე აპელანტის მოსაზრებას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის კრიტერიუმს წარმოადგენს „გონივრული და სამართლიანი ანაზღაურება“, რომლის შეფასებასაც სასამართლო ახორციელებს ინდივიდუალურად, ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე იმ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს განცდილი სულიერი ტრავმისა და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება აგრეთვე ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, ბრალის ხარისხისა და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის სახით მოსარჩელის (რომელმაც უკანონო და დაუსაბუთებელი ბრალდების გამო საპატიმრო დაწესებულებაში გაატარა ხუთ თვეზე მეტი) სასარგებლოდ მოპასუხისათვის 3 000 ლარის ლარის დაკისრება შეესაბამება სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნებს და არ არსებობს სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების გაზიარების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს შეფასებას, რომ უკანონოდ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის და პატიმრობის შედეგები ნეგატიურად აისახა გ------ი ლ-----ის პატივსა და ღირსებაზე, რაც თავისთავად ძლიერი სულიერი ტანჯვის გამომწვევია. შესაბამისად, გონივრულია, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მის მიერ განცდილი უარყოფითი ემოციების გათვალისწინებით, მორალური ზიანი განისაზღვროს 3000 ლარით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

 

6. სასამართლო ხარჯები

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის, ფოთის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;

 

3. საქართველოს გენერალური პროკურატურა, ფოთის რაიონული პროკურატურა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე