განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2020
საქმის ნომერი
330100117001896143
ინსტანცია
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001896143

საქმე №1ბ/765-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე : მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - გ-------------–----ის

მსჯავრდებულ - ნ-----–------ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნ-----–------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ნ-----–------ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 17 აპრილს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, თემქის დასახლება, ზ----------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის განაჩენით ნ-----–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნ-----–------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2017 წლის 2 მარტს, დაახლოებით 12:20 საათზე, ქ. თბილისში, გლდანის მეორე მიკრორაიონში, ხ------–---–-------------ის მიმდებარედ ნ-----–------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ-----------------ს, კერძოდ: თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელჩანთა და ძლიერად მოქაჩა თმებში, რის შედეგადაც ნ-----------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ნ-----–------ს ქმედებით ნ-----------------ს მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ-----–------მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, მას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების განზრახვა არ ჰქონია. მისი აზრით, მოცემულ საქმეში მას არა მსჯავრდებულის, არამედ დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს, რადგან სწორედ ნ-----------------მ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ძლიერად შეერყა ჯანმრთელობა. საქმეში დაზარალებულად ცნობილი ნ----------------- არის დაინტერესებული პირი, ვინაიდან მოტყუებით დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხებს, რაც გახდა მათ შორის უთანხმოების მიზეზი. აპელანტის განმარტებით, ნ-----------------ს ჩვენება არ ასახავს რეალობას, რის გამოც ის არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

აპელანტმა მიუთითა, მოწმე ქ--------–------ს ჩვენებით, რომელიც რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა, დასტურდება, რომ მან დაინახა მხოლოდ ერთხელ ჩანთის მოქნევის მომენტი, საიდანაც გადმოიყარა ნივთები, თუმცა ჩანთა მოხვდა თუ არა ნ-----------------ს, არ იცის და არ ადასტურებს. მოწმე ასევე ადასტურებს, რომ ნანა ლომას და ნ-----------------ს შორის იყო ჩხუბი და ძიძგილაობა. სწორედ ამ დროს ნ-----------------მ ხელი მოჰკიდა მაჯაში, თითქმის ბოლომდე გადაუწია უკან მარცხენა მტევანი და დაუზიანა თითი, რა დროსაც ნ-----–------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დაკარგა გონება.

 

მოწმე მ-----–-----–-----სთან მიმართებით აპელანტმა განმარტა, რომ ის არის ნ-----------------ს უბნელი, თუმცა, შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა და სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, რის გამოც, მისი ჩვენება არის მიკერძოებული და არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადგენილი ნ-----------------ს მიერ მიღებული დაზიანების ხანდაზმულობა, რის თაობაზეც ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა განმარტა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, გამოსაკვლევი პირის მიერ მიღებული დაზიანების ხანდაზმულობის დადგენა იყო შეუძლებელი. აპელანტის აზრით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ასევე არ არის დადგენილი, ნ-----------------მ აღნიშნული ტრავმა ცემის დროს თუ წაქცევის შედეგად მიიღო. ექსპერტის განმარტებით, ნებისმიერი მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით ან მსგავს საგანზე ზემოქმედებით შეეძლო მიეღო დაზიანება. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზა ჩატარდა სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სადაც თავად ნ-----------------ს აქვს მიცემული განმარტება, რომ აღნიშნული დაზიანება მიიღო წაქცევის დროს. ამდენად, უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ დგინდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა ნ-----–------ს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გარდა ამისა, თავად ნ-----------------ც ადასტურებს, რომ მას იმავე დღეს ექიმისთვის არ მიუმართავს, რაც ასევე ადასტურებს, რომ მან დაზიანება მიიღო სხვა დროს, სხვა სიტუაციაში ან წაქცევის დროს.

 

აპელანტის მითითებით, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რომელსაც ნ-----–------ს მიმართ მხოლოდ დასჯის სურვილი ამოძრავებს, არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობის ფაქტს. ნ-----------------ს ჩვენება აშკარად მიკერძოებულია, რაც მისი ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველია.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა ნ-----–------მ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ-----–------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მსჯავრდებულ ნ-----–------ს უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ნ-----–------მ ნამდვილად ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ მის მიმართ დასჯის სურვილით განმსჭვალული დაზარალებულის ჩვენების გარდა, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ნ-----------------ს მიმართ ძალადობის განხორციელებას, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით ნათლად დასტურდება ნ-----–------ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, კერძოდ:

 

დაზარალებული ნ-----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით 3 წელია იცნობს ნ-----–------ს, რომელთანაც ურთიერთობა დაეძაბა სესხთან დაკავშირებით. 2017 წლის 2 მარტს, დაახლოებით 12:20 საათზე, ქ. თბილისში, გლდანის მეორე მიკრორაიონში, ხ------–---–-------------ის მიმდებარედ ნ----------------- შემთხვევით შეხვდა ნ-----–------ს, რომელმაც ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს, 3-4 ჯერ ჩაარტყა ხელჩანთა თავში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. იქვე მყოფმა მამაკაცებმა სცადეს ნ-----–------ს შეჩერება, რითაც ისარგებლა დაზარალებულმა და კიბეებზე სირბილით ჩასვლა სცადა, რა დროსაც ნ-----–------მ თმაში ხელი ჩაავლო და ძლიერად მოქაჩა, რამაც ასევე მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. სწორედ ამ მომენტში ნ-----–------მ თავი ვეღარ შეიკავა კიბეზე და დაეცა, რა დროსაც ხელი დაუზიანდა, ნ-----------------მ კი იქვე მყოფ მოქალაქეებს უხმო დასახმარებლად. დაზარალებულის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ იგი გადაიყვანა კლინიკაში.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა განმარტა, რომ ის ეთანხმება მოწმე ქ--------–------ს ჩვენებას, რომლის თანახმად დასტურდება, რომ იგი მუშაობს ქ. თბილისში, გლდანის მეორე მიკრორაიონში, ხ------–---–-------------თან მდებარე ჯიხურში გამყიდველად. 2017 წლის 2 მარტს სამსახურში მყოფმა გაიგონა ხმაური და დაინახა ორ ქალბატონს, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტის ფაქტი, რა დროსაც ბრალდებულმა ჩანთა მოუქნია თავში დაზარალებულს და თმა მოქაჩა, დაზარალებული კი სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, არანაირ აგრესიას არ ამჟღავნებდა. მოულოდნელად ბრალდებულს გული წაუვიდა და ასფალტზე დაეცა, დაზარალებული კი მის დახმარებას ცდილობდა.

 

მოწმე მ-----–-----–-----ს განმარტებით, 2017 წლის 2 მარტს, ხ------–---–-----------, გადასასვლელ ხიდთან მყოფმა დაინახა ქალების ჩხუბი, ადგილზე მისული კი შეესწრო, თუ როგორ ურტყამდა ნ-----------------ს ჩანთას თავში ნ-----–------ და თმებში ექაჩებოდა, დაზარალებული კი იგერიებდა, მას ბრალდებულისთვის ხელი არ დაურტყამს. მოულოდნელად ნ-----–------ს ფეხი დაუცდა და გული წაუვიდა. მოწმემ დაადასტურა, რომ გამოძიების ეტაპზე ამოიცნო ნ-----–------. მოწმე მ-----–-----–-----ს მიერ ნ-----–------ს ამოცნობის ფაქტს ადასტურებს პირის ამოცნობის ოქმი, რომლის თანახმად, 2017 წლის 18 მარტს, მოწმე მ-----–-----–-----მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ნ-----–------, რომელმაც 2017 წლის 2 მარტს, მის ნაცნობს ნ-----------------ს თავში ჩაარტყა ჩანთა და მოუჩეჩა თმა.

 

პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმე მაყვალა გელანავა შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა და დაზარალებულთან ნაცნობობის გამო სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, ვინაიდან დასახელებული მოწმის ჩვენება სრულ თანხვედრაშია თავად დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ქ--------–------ს ჩვენებასთან. პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, კონფლიქტის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე სახის აცდენას ადგილი არ ჰქონია.

 

აპელანტი ყურადღებას მიაქცევს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, შპს „წ-------------–--------------–------“ სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №2------ და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. ნ----------------- მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 2017 წლის 3 მარტიდან 2017 წლის 5 მარტის ჩათვლით კლინიკაში დიაგნოზით: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა. აპელანტის მთავარ არგუმენტაციას აღნიშნული დასკვნის გაუზიარებლობასთან დაკავშირებით წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არ არის დადგენილი ნ-----------------ს მიერ მიღებული დაზიანების ხანდაზმულობა, აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ითვალისწინებს, რომ ექსპერტისათვის გამოსაკვლევად წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია კონკრეტული პერიოდი, 2017 წლის 3 მარტიდან 2017 წლის 5 მარტამდე, რომელშიც ნ----------------- გადიოდა მკურნალობას ქალა ტვინის დახურული ტრავმისა და თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით. ამასთან, როგორც სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით დასტურდება, პაციენტის გადმოცემით, მან დაზიანება მიიღო 2017 წლის 2 მარტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე ნ-----–------ს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ-----–------მ ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება ნ-----–------სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და მისთვის სასჯელის სახით 500 ლარის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრა.

ამდენად, მსჯავრდებულ ნ-----–------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ნ-----–------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

ნ-----–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე