განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.01.2020
საქმის ნომერი
330310017002053940
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
თანხის დაკისრება
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017002053940

საქმე №3ბ/547-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე

მოსამართლეები: შორენა ყაველაშვილი, ლაშა თავართქილაძე

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ს--–--------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ,,ჯ--------------------------–--''

წარმომადგენლები: ა--------------------, ს---------------–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2008 წლის 12 თებერვალს შპს ,,ა--------------------------–-ს’’ (ს/ნ: 2--------) სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, კ----------------–--–--------------–----------------------–-----ის სადგურის მიმდებარედ, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3------ კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: №1; შენობა- ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 217.80 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0---------------.

 

3.1.2. 2012 წლის 01 იანვარს, შპს ,,ა--------------------------–სა’’ და შპს ,,ჯ--------------------------–--ს’’ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ. თბილისში, კ----------------–--–-------ში, საქართველოს რკინიგზის მძიმე წონების სადგურის მიმდებარედ განთავსებული საოფისე ფართიდან ორი ოთახი უნდა გადასცემოდა შპს ,,ჯ--------------------------–--ს’’, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებული იყო ყოველთვიურად მოეხდინა ქონების მესაკუთრესთან ანგარიშსწორება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ყოველი თვის დასაწყისში 5 რიცხვამდე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი განისაზღვრა 2012 წლის 01 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე.

 

3.1.3. 2012 წლის 19 აპრილს სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, კ----------------–--–--------------–----------------------–-----ის სადგურის მიმდებარედ, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3------ კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: №1; შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 217.80 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0---------------.

 

3.1.4. შპს ,,ჯ--------------------------–--მ“, 2012 წლის 07 მაისის №გ-75-12 წერილით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია შპს ,,ა--------------------------–სა’’ და შპს ,,ჯ--------------------------–--ს’’ შორის 2012 წლის 01 იანვარს დადებული იჯარის ხელშეკრულების შესახებ და საიჯარო ქირის გადახდის მიზნით, სახელმწიფოს, როგორც ახალ მესაკუთრეს, სთხოვა ანგარიშის ნომრის მითითება, რომელზეც განხორციელდებოდა ქირის გადახდა.

 

3.1.5. შპს ,,ჯ--------------------------–--ს“, 2012 წლის 07 მაისის №გ-75-12 წერილის პასუხად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის 24 მაისის №18/11206 მიმართვით გაუგზავნა საბანკო რეკვიზიტები.

 

3.1.6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 აგვისტოს №7/41831 წერილით შპს ,,ჯ--------------------------–--ს“ ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, კ----------------–--–--------------–----------------------–-----ის სადგურის მიმდებარედ (ს/კ: 0---------------), (3-------.), რომლითაც ის სარგებლობდა არამართლზომიერად და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის, წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. შესაბამისად, შპს „ჯ--------------------------–--ს“ მიეცა მითითება, უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2012 წლის 17 სექტემბრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

3.1.7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შპს ,,ჯ--------------------------–იის’’ 2016 წლის 07 სექტემბრის №გ-183-16 წერილით ეცნობა, რომ ის საოფისე საქმიანობისთვის სარგებლობდა ქ. თბილისში, კ----------------–--–--------------–----------------------–-----ის სადგურის მიმდებარედ მდებარე საოფისე ფართით, რომელიც წარმოადგენდა 2 ოთახს და არა უძრავი ქონების სრულ ფართს - 3--------.-ს და ხელშეკრულების საფუძველზე იხდიდა საოფისე ქირას ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით. ამავე წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ასევე განემარტა, რომ მათი მხრიდან სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ხოლო არც სამინისტროს და არც სააგენტოს მიერ, ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა მოთხოვნა, რომ მათ შორის გაფორმებულიყო რაიმე ხელშეკრულება საიჯარო ფართთან დაკავშირებით.

 

3.1.8. საქმეში წარმოდგენილი, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2016 წლის 19 სექტემბრის №005516916 ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ქ. თბილისში, კ----------------–--–--------------–----------------------–-----ის სადგურის მიმდებარედ არსებული №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით მთლიან უძრავ ქონებაზე საორიენტაციოდ შეადგენდა 2446 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან უძრავ ქონებაზე საორიენტაციოდ შეადგენდა 2598 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან უძრავ ქონებაზე საორიენტაციოდ შეადგენდა 3347 ლარს, ხოლო 2016 წლის იანვრიდან დღემდე მთლიან უძრავ ქონებაზე საორიენტაციოდ შეადგენს 3418 ლარს.

 

3.1.9. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №7/55753 წერილით შპს ,,ჯ--------------------------–--ს“ ეცნობა, რომ უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა, 3------ კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობით. 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით 2446 ლარი, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 2598 ლარი, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 3347 ლარი, 2016 წლის იანვრიდან დღემდე 3418 ლარი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

3.1.10. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №7/55753 წერილის პასუხად, ამ უკანასკნელს, შპს ,,ჯ--------------------------–იის’’ 2016 წლის 01 ნოემბრის №გ-236-16 წერილით კვლავ ეცნობა, რომ ის საოფისე საქმიანობისთვის სარგებლობდა ქ. თბილისში, კ----------------–--–--------------–----------------------–-----ის სადგურის მიმდებარედ მდებარე საოფისე ფართით, რომელიც წარმოადგენდა მხოლოდ 2 ოთახს და არა უძრავი ქონების სრულ ფართს - 3--------.-ს და ხელშეკრულების საფუძველზე იხდიდა საოფისე ქირას ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით. ამავე წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ასევე განემარტა, რომ მათი მხრიდან სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ხოლო არც სამინისტროს და არც სააგენტოს მიერ, ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა მოთხოვნა, რომ მათ შორის გაფორმებულიყო რაიმე ხელშეკრულება საიჯარო ფართთან დაკავშირებით.

 

3.1.11. შპს ,,ჯ--------------------------–--მ“ 2016 წლის 01 ნოემბრის №გ-236-16 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აცნობა, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს წყვეტდა აღნიშნული ფართით სარგებლობას და მოითხოვა უფლებამოსილი თანამშრომლის გაგზავნა, რომელიც უზრუნველყოფდა მათ მიერ დაკავებული ორი ოთახისა და გასაღების ჩაბარებას, ასევე, 30 ნოემბრის მდგომარეობით მრიცხველების ჩვენების დაფიქსირებას.

 

3.1.12. საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ქვითრებით (საგადახდო დავალებებით) დასტურდება, რომ 2012 წლის 29 მაისიდან (პირველი გადახდა) 2016 წლის 03 ნოემბრამდე (ბოლო გადახდა) შპს ,,ჯ--------------------------–--’’ ყოველთვიურად ახორციელებდა საიჯარო ქირის გადახდას 1000 ლარის ოდენობით სს ,,ვ-----------------------ს“ მეშვეობით.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება შპს „ჯ--------------------------–იის“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სრული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, კ----------------–--–--------------–----------------------–-----ის სადგურის მიმდებარედ (ს/კ: №0---------------)) უნებართვოდ სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ- ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, შპს ,,ჯ--------------------------–იის’’ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სრული უძრავი ქონების გამოყენების დასადასტურებლად უთითებდა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 19 სექტემბრის №005516916 დასკვნაზე და ექსპერტის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით შეუძლებელია დადგინდეს მოპასუხის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი, გარდა საიჯარო ხელშეკრულებაში მითითებული ორი ოთახისა, რადგან ექსპერტიზა კონკრეტული მიზნით, წლიური საიჯარო ქირის ღირებულების დასადგენად იქნა ჩატარებული მთლიან უძრავ ქონებაზე - 3--------.-ზე და მას არ დაუდგენია ის გარემოება, თუ ვინ ფლობდა და სარგებლობდა სადავო ფართით.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებს (ს.ფ. 29-38), მართალია მათზე ნათლად ჩანს აღნიშნულ ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილების („ტრაილერები“) სადგომად გამოყენების ფაქტი, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ზუსტად არ დგინდება აღნიშნული ავტომობილების შპს „ჯ--------------------------–იისადმი“ კუთვნილება, შეუძლებელია დადგინდეს ის გარემოება, რომ სწორედ მოპასუხის მიერ ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის უნებართვოდ გამოყენება სამეწარმეო მიზნით, მით უფრო იმ პირობებში, როდესად თავად მოსარჩელე მხარეც უთითებს, რომ ტერიტორია მდებარეობს საქართველოს რკინიგზის მძიმე წონების სადგურის მიმდებარედ და როგორც მოპასუხე აღნიშნავს იქ მუდმივად იყო და დღესაც არის სატვირთო ავტომობილების მიმოსვლა რკინიგზით ჩამოსული ტვირთის გადასაზიდად, ისინი ხშირად იმყოფებიან ტვირთის მოლოდინის რეჟიმში და ტრაილერების მძღოლებს უწევდათ თავისუფალ ტერიტორიაზე პარკინგი და მანევრირება. ამ მიზნით სადავო ტერიტორიაზეც ხდებოდა სხვადასხვა კომპანიების თუ ინდ. მეწარმეების კუთვნილი სატვირთო მანქანების მიმოსვლა, რადგან ტერიტორია იყო ღია და ნებისმიერს შეეძლო იქ შესვლა. აღნიშნულის გარემოების გასამყარებლად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 6 ნოემბრის პერიოდში გადაღებული ფოტოსურათები, რომლითაც დასტურდება სხვადასხვა კომპანიების ავტომობილების დგომის ფაქტი.

 

რაც შეეხება მითითებულ ტერიტორიაზე მდებარე საოფისე ფართის ორ ოთახს, რომლის ფლობის ფაქტს სადავო პერიოდისათვის არ უარყოფს მოპასუხე მხარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფართს მოპასუხე მხარე ფლობდა მართლზომიერად 2012 წლის 01 იანვრის №2 ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის გაგრძელების სურვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს ,,ჯ--------------------------–--“-ს დაუდასტურა 2012 წლის 07 მაისის №გ-75-12 წერილის საპასუხოდ საბანკო რეკვიზიტების გაგზავნითა და მას შემდეგ განხორციელებული შესრულებების მიღებით (იხ. ს.ფ. 72-125). ამასთან, ის ფაქტი, რომ შპს ,,ჯ--------------------------–--’’ სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილით, ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ ის ასევე სარგებლობდა დანარჩენი ნაწილითაც, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შპს ,,ჯ--------------------------–იის“ მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული შპს ,,ჯ--------------------------–იის“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი.

 

4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

4.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.

 

4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია დავების ჩამონათვალი, რაც შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, რადგან იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული სამართალი, როგორც საჯარო ინტერესის დამცველი და საჯარო სამართლის შემადგენელი ნაწილი, არეგულირებს ურთიერთობებს სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირებს შორის.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამეთუ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შემთხვევაში, მოსარგებლის მიერ საზღაურის გადახდა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს საჯარო ინტერესი დაცულია კანონით.

 

4.3. სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის ,,შ’’ პუნქტის თანახმად კი, საპრივატიზებო საფასური არის სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსისა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც ვერ იქნა დადგენილი ,,ჯ--------------------------–იის“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტი) სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

5.1. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია შემდეგი:

 

2012 წლის 17 სექტემბრიდან სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ პირთან - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულება არ გაუფორმებია. შესაბამისად, იჯარის უფლება არც საჯარო რეესტრში ყოფილა რეგისტრირებული და არც სააგენტოს მიუღია საიჯარო ქირა. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ'' საქართველოს კანონი დეტალურად აწესრიგებს სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესს და პროცედურას, რომლის შესაბამისადაც ხდება საიჯარო ობიექტის აუქციონზე გატანა (ან/და პირდაპირი ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა), ხოლო გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იგი ექვემდებარება სავალდებულო წესით რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხე სახელმწიფო ქონებას არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, კომერციული საქმიანობისთვის იყენებდა.

 

არასწორია ასევე, სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოპასუხე არ სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სრული უძრავი ქონებით. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და ფოტოსურათებით შეუძლებელი იყო დადგენილიყო მოპასუხის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი, გარდა საიჯარო ხელშეკრულებაში მითითებული ორი ოთახისა. სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მართალია ფოტოსურათებზე ნათლად ჩანდა აღნიშნული ტერიტორიის სატვირთო ავტომობილების სადგომად გამოყენების ფაქტი, თუმცა დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სხვადასხვა კომპანიის ავტომობილები რკინიგზით ჩამოსული ტვირთების გადასაზიდად. აქვე, სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ მოპასუხის სამეწარმეო საქმიანობაც სწორედ საექსპედიციო სფეროს უკავშირდებოდა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დასტურდება სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებაზე სატვირთო ავტომობილების განთავსების ფაქტი, მოპასუხეს უნდა მიეთითებინა სხვა პირზე, ვისაც აღნიშნული ავტომანქანები ეკუთვნოდა.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას.

 

6.2. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ'' საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

ამდენად, მითითებული ნორმით გათვალისწინებული ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობა და ამ ქონების გამოყენება სამეწარმეო მიზნებისთვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, კ----------------–--–----------------–----------------------–------------------ს მიმდებარედ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------, 2012 წლის 19 აპრილამდე წარმოადგენდა შპს ,,ა--------------------------–-ს'' საკუთრებას.

 

2012 წლის 01 იანვარს, შპს ,,ჯ--------------------------–--ს'' და შპს ,,ა--------------------------–ს'' შორის გაფორმდა უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ა--------------------------–მა'' შპს ,,ჯ--------------------------–--ს'' იჯარით გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი - ორი ოთახი. სანაცვლოდ, შპს ,,ჯ--------------------------–--'' ვალდებული იყო გადაეხადა საიჯარო ქირა, თვეში 1 000 ლარის ოდენობით.

 

2012 წლის 19 აპრილს, უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, კ----------------–--–----------------–----------------------–------------------ს მიმდებარედ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------, აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 572-ე მუხლის მიხედვით, თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.

 

ამდენად, უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, სახელმწიფომ დაიკავა მეიჯარის - შპს ,,ა--------------------------–-ს'' ადგილი და მასზე გადავიდა 2012 წლის 01 იანვრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.

დადგენილია, რომ საიჯარო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, 2012 წლის 07 მაისს, შპს ,,ჯ--------------------------–--მ'' წერილი გაუგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აცნობა მასსა და შპს ,,ა--------------------------–ს'' შორის არსებული საიჯარო ურთიერთობის შესახებ და სთხოვა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების მითითება საიჯარო ქირის გადასახდელად. აღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, 2012 წლის 24 მაისს შპს ,,ჯ--------------------------–--ს'' მიაწოდა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ჯ--------------------------–--ს'' და სახელმწიფოს შორის გაგრძელდა 2012 წლის 01 იანვრის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საიჯარო ურთიერთობები. შესაბამისად, შპს ,,ჯ--------------------------–იის'' მიერ საიჯარო ქონების (ორი ოთახი) ფლობას ჰქონდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც საიჯარო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის და არც სახელმწიფო ქონების მართვის და განკარგვის უფლებამოსილების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის მინიჭების შემდეგ, სახელმწიფოს არ გამოუვლენია ნება 2012 წლის 01 იანვრის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, მოპასუხეს არ წარმოშობია საიჯარო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნების ვალდებულება. იმის გათვალისწინებით კი, რომ მოპასუხე მართლზომიერად ფლობდა საიჯარო ფართს, არ არსებობდა საიჯარო ფართის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ'' საქართველოს კანონით დადგენილი წესით განკარგვის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან აუქციონის მეშვეობით არ მომხდარა უძრავი ქონების იჯარით მოპასუხისთვის გადაცემა, სახეზეა მოპასუხის მიერ ქონების არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი.

 

სადაო არ არის ის გარემოებაც, რომ 2012 წლის 01 იანვრის იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2012 წლის 31 დეკემბერს, თუმცა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოიჯარე სარგებლობდა საიჯარო ქონებით, ხოლო მეიჯარე - სახელმწიფო, აღნიშნულს არ შედავებია. შესაბამისად, მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება განახლდა განუსაზღვრელი ვადით, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით.

 

რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას, შპს ,,ჯ--------------------------–იის'' მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მთლიანი უძრავი ქონებით სარგებლობის ნაწილში. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მასზე არსებული მტკიცების ტვირთვის სათანადოდ რეალიზაცია. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ ფაქტის დამტკიცება, რომ საიჯარო ქონების გარდა შპს ,,ჯ--------------------------–--'' სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მთლიანი უძრავი ქონებით. მითითებული გარემოება კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, აპელანტის მტკიცების საგანში შედიოდა, ვინაიდან აღნიშნულ გარემოებას ემყარებოდა მისი სარჩელი და შემდგომში სააპელაციო საჩივარი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ჯ--------------------------–--'' სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ზემოთმითითებული უძრავი ქონების ნაწილით - ორი ოთახით და მის მიერ ქონებით სარგებლობას გააჩნდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი - იჯარის ხელშეკრულება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ჯ--------------------------–--'' საიჯარო ქონებით სარგებლობდა 2016 წლის 30 ნოემბრამდე. უდაოა ასევე, რომ საიჯარო ფართით სარგებლობის განმავლობაში შპს ,,ჯ--------------------------–იის'' მიერ სრულად არის გადახდილი იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა - თვეში 1000 ლარი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მართებულია. თავის მხრივ, აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე (თავმჯდომარე) ლევან მურუსიძე

 

მოსამართლეები შორენა ყაველაშვილი

 

ლაშა თავართქილაძე