განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2020
საქმის ნომერი
170210015001203966
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 170210015001203966

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/3596-17 03 დეკემბერი 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მიხეილ გოგიშვილი

დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – მარიამ ცისკარიშვილი

 

პირველი აპელანტი/მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) - თა--------------–---–ი

წარმომადგენელი - ცი–-----–--------ი

 

მეორე აპელანტი/მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) _ ლუ-----------–---–ი

წარმომადგენელი - ჟა-----------ი

 

დავის საგანი _ მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტ თა--------------–---–ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აპელანტ ლუ-----------–---–ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სარჩელის საფუძვლები:

 

29.12.2015. წელს აღძრული სარჩელის თანახმად, 2014 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა მოსარჩელის შვილი - ქა-----–------------–---–ი. დაახლოებით 3 თვის შემდეგ, 2015 წლის 10 თებერვალს, ქართ-–----ს შვილმა მოპასუხე ლუ-----------–---–მა მოსარჩელე წაიყვანა მანქანით თბილისში და ხელი მოაწერინა რაღაც დოკუმენტზე, რომელიც მინდობილობა აღმოჩნდა. ამ მინდობილობის საფუძველზე, ლ----------–---–მა თავის სახელზე გაიფორმა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება - სახლი საკარმიდამო ნაკვეთით და მიწის ნაკვეთები, რომელთაგან ზოგი გაასხვისა. ლუ-----------–---–ი მას უცხადებს, რომ სახლი უკვე თავისია და ემუქრება სახლიდან გაგდებით. მოსარჩელის განმარტებით, მას აქვს ფსიქიკური აშლილობა - დემენცია და რომ სცოდნოდა, რომ ხელი მინდობილობას მოაწერა, ის მაინც ვერ მიხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს მოქმედება და რა შეეძლო მის საფუძველზე გაეკეთებინა ლუ-----------–---–ს. იმას, რომ ლ----------–---–ი სახლს ნასყიდობის ხელშეკრულებით გაიფორმებდა თავისთავზე, მერე სხვაზე გადააფორმებდა და მას თავისი სახლიდან გამოაგდებდა, ვერანაირად ვერ მიხვდებოდა, რადგანაც უჭირს აზროვნება. მოპასუხემ ისარგებლა მოსარჩელის ასეთი მდგომარეობით და ხელი მოაწერინა მინდობილობაზე, რომელიც შემდგომ მისდა საზიანოდ გამოიყენა. სკ-ის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვინაიდან ის არის ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, გარიგების დადებისას მისი ნების გამოვლენა არის ბათილი. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს:

1.ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს ბა-----–-----–--ს მიერ 2015 წლის 10 თებერვალს დამოწმებული მინდობილობა გაცემული ლუ-----------–---–ის სახელზე - სანოტარო აქტი N1-------1.

2. ბათილად იქნას ცნობილი 2015 წლის 17 ნოემბერს თა--------------–---–სა და ლუ-----------–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის, მდებარე თეთ---–------------------------–------------–---–--------------------), ნასყიდობის ხელშეკრულება და სადაო უძრავი ქონება აღირიცხოს თა--------------–---–ის სახელზე.

 

2. მოპასუხის შესაგებელი:

 

მოპასუხე ლუ-----------–---–მა სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. იგი შესაგებელში მიუთითებს, რომ სადავო უძრავი ქონება, მდებარე თე-----–-------------------------–-----------–---–ში - საცხოვრებელი სახლი ააშენა მისმა მამამ ქა-----–------------–---–მა მისი დედის თა--------------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ქართ-–---- მთელი ცხოვრების განმავლობაში მის ყველა მატერიალურ შემოსავალსა და ძალისხმევას ახმარდა ამ სახლის აშენებას, რომლის ფართობი არის 780 კვ.მ. 2014 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა მოპასუხის მამა ქა-----–------------–---–ი, რომლის ერთადერთი შვილია ლუ-----------–---–ი. 2015 წლის 10 თებერვალს მან წაიყვანა თავისი ბებია მოსარჩელე თა--------------–---–ი ქ. თბილისში სანოტარო ბიუროში მისი სურვილის შესაბამისად, ვინაიდან იგი აცხადებდა, რომ სურდა ქა-----–------------–---–ის მიერ აშენებული სახლი ყოფილიყო მისი ერთადერთი შვილის საკუთრებაში. ნოტარიუსმა ბა-----–-----–--მ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად შეამოწმა თა--------------–---–ის ქმედუნარიანობა, მინდობილობის გაცნობის შემდეგ დაუსვა შეკითხვა ნამდვილად სურდა თუ არა მას გაეცა მინდობილობა, რომელიც ითვალისწინებდა მისი კუთვნილი უძრავი ქონების მისთვის ლუ-----------–---–ის სახელზე გადაფორმების უფლებამოსილებას, რაზეც თა--------------–---–მა განაცხადა თანხმობა და მინდობილობას ხელი მოაწერა. თა--------------–---–ის საკუთრებაში იყო მხოლოდ სახლი და მიწა რაზედაც იდგა სახლი. რამდენიმე მიწის ნაკვეთი მან მიიღო თავისი მამის მემკვიდრეობით, რომლებიდანაც ერთი გაყიდა, იმისთვის რომ დაეფარა მემკვიდრეობის მიღებასთან და გადაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე თა--------------–---–ი მინდობილობის გაცემის დროისათვის იყო საღ გონებაზე და მას არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ ჰქონდა. ასევე, მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს, რომ ქა-----–------------–---–ის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ბებიასთან სოფელ ჯო------–---–ში, სადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი აქვს გატარებული. როდესაც მისმა მამიდამ ზ--- (ზეინაბ) ღარიბაშვილმა გაიგო, რომ თა--------------–---–მა სახლი მის სახელზე გადააფორმა, ძალიან გაბრაზდა. იგი ჩავიდა სოფელ ჯო------–---–ში და დარჩა საცხოვრებლად. ვინაიდან მას და ზ---ს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, წამოვიდა სახლიდან, რადგან მიიჩნია, რომ თავისი ბებიისათვის შვილის (თავისი მამიდის) ყოფნა უკეთესი იქნებოდა. ამდენად, ვინაიდან სარჩელში აღნიშნული გარემოება, თითქოსდა თა--------------–---–ს აქვს ფსიქიკური აშლილობა არის აბსოლიტურად სიცრუე და მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თა--------------–---–ის სარჩელი მოპასუხე ლუ-----------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 17 თებერვალს თა--------------–---–სა და ლუ-----------–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის, მდებარე თეთრიწყაროს რაიონი სოფელი ჯო------–---–ი (ს.კ.8-----------), ნასყიდობის ხელშეკრულება და მითითებული უძრავი ქონება აღირიცხა თა--------------–---–ის სახელზე.

 

4. თა--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 21 იანვრის დასკვნის მიხედვით თა--------------–---–ს აქვს მყარი ფსიქიკური დარღვევები და მას აღენიშნება დაუზუსტებელი დემენცია. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ შპს რუსთავის „ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“-ს საექიმო კომისიის 2015 წლის 24 ნოემბრის N0--- დასკვნის მიხედვით თ----------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი დაუზუსტებელი დემენცია ე.ი. სადაო მინდობილობის გაცემიდან 10 თვეში თ----------–---–ს დაუზუსტებელი დემენციის დიაგნოზი უკვე დასმული ჰქონდა. თ----------–---–ი სადაო მინდობილობის დამოწმების დროს 87 წლის ასაკის იყო და იმის გათვალისწინებით, რომ დემენცია არ არის დაავადება, რომელიც შეიძლება უცბათ დაემართოს ადამიანს, თ.ღარიბაშვილი ამ დროისათვის უკვე დაავადებული იყო. ეს გარემოება დასტურდება ექსპერტის დასკვნიდანაც, სადაც აღნიშნულია, რომ „თ----------–---–ს აღენიშნება დაუზუსტებელი დემენცია. ამას მიუთითებს ანამნეზური მონაცემები: რამდენიმე წლის წინ დაწყებული ხასიათობრივი და კოგნიტიური ცვლილებები. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ თ----------–---–ს დიდი ხნის წინ დაეწყო ეს სიმპტომები, რაც განსაკუთრებით გაუძლიერდა შვილის - ქა-----–------------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, 2014 წლის 31 ოქტომბრიდან. სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ თ----------–---–ს არ გააცნეს სანოტარო აქტი. ნოტარიუსი და მოპასუხე სხვადასხვანაირად აღწერენ მინდობილობის გაცემის პროცესს. ნოტარიუსის განმარტებით, მან მინდობილობა თავის სამუშაო ოთახში დაამოწმა, ხოლო ლუ-----------–---–ის განმარტებით, თა--------------–---–ი მანქანაში იჯდა, ნოტარიუსმა მიუტანა მინდობილობა და ხელიც ავტომანქანაში მოაწერა. ამდენად, მისთვის ამ სანოტარო აქტის შინაარსი ცნობილი არ იყო და ამ მინდობილობის გაცემის ნებაც არ გამოუხატავს.

 

5. ლუ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

5.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამართლებრივ დარღვევას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით მოხდა ახალი ფაქტობრივი გარემოების, კერძოდ, მოტყუების ფაქტის დამატება და სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა ნოტარიუს ბა-----–-----–--ს მიერ 2015 წლის 10 თებერვალს დამოწმებული მინდობილობას - სანოტარო აქტი N1-------1 ბათილობას, ვინაიდან მისი გაცემის მომენტისთვის თა--------------–---–ი ავადმყოფობის გამო ვერ აცნობიერებდა მოქმედების შინაარს, სასამართლო მიუთითებს, რომ ვერ გაიზიარებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო, ვინაიდან მოსარჩელე მხარის მიერ ვერანაირი სახის მტკიცებულება აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად ვერ იქნა წარმოდგენილი. თუმცა სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა 2015 წლის 10 თებერვლის მინდობილობის საფუძველზე 2015 წლის 17 თებერვალს თა--------------–---–სა და ლუ-----------–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, რომლის საფუძვლად სასამართლო უთითებს, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებით და საქმის მასალებით დადგენილია, რომ თა--------------–---–ს უძრავი ქონების გასხვისების ნება არ გამოუვლენია და თა--------------–---–ი შეცდომაში იქნა შეყვანილი ლუ-----------–---–ის მიერ, კერძოდ, მინდობილობის დადების დროს მოპასუხის მოტყუების შედეგად. მოსარჩელეს პროცესის არცერთ ეტაპზე არ უხსენებია მოტყუების ფაქტის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ დავის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეს აღარ აქვს უფლება მიუთითოს ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე. მხარე სადაოდ ხდიდა, რომ მოსარჩელის ნების გამოვლენისას ქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, რაზეც მან ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, ხოლო სასამართლოს მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე არ მოხდა მოსარჩელის გამოცხადება რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად.

 

5.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტები და მტკიცებულებები, როგორიცაა თავად 2015 წლის 10 თებერვლის მინდობილობა და მისი შინაარსი, ასევე ორი მოწმის ჩვენება, კერძოდ, ნოტარიუს ბა-----–-----–--ს და იზ---–--------------–---–ის ჩვენებები, რომელიც მოსარჩელე თა--------------–---–ის დაა. სასამართლომ არ გამოიყენა აღნიშნული მინდობილობის შინაარსი, რომელიც პირდაპირ ანიჭებდა ქონების მის სახელზე გაფორმების უფლებამოსილებას და უსაფუძვლოდ შეაფასა თითქოს მოხდა მისი მხრიდან თა--------------–---–ის მოტყუება. ამასთან არ არის მითითებული რაში გამოიხატა მოტყუება,მაშინ როდესაც გადაფორმების უფლებამოსილება სიტყვასიტყვით იყო გაწერილი მინდობილობაში. სასამართლომ უგულებელყო მოწმე იზ---–--------------–---–ის, თა--------------–---–ის დის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტება, რომელმაც აღნიშნა, რომ თა--------------–---–ს ყველაფერი ლუკასთვის უნდოდა რაც კი გააჩნდა. სასამართლომ უსაფუძვლოდ გააბათილა ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა ძალაში დატოვა თავად მინდობილობა, რომელიც ქონების გასხვისებას ეხებოდა და რომლის საფუძველზეც დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ თა--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლუ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და თა--------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

7. „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივშემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივიწინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე N ას-664-635-2016, პუნქტი 187).

 

8. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აღნიშნული მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლი, (გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მესამე ნაწილი, (ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.)

 

9. პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

9.1. 2015 წლის 10 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის თანახმად თა--------------–---–მა ლუ-----------–---–ს მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: ,,მართოს და განკარგოს, კერძოდ ,,მინდობილმა მესაკუთრემ“ საკუთარ თავთან დადოს ნებისმიერი სახის გარიგება და გადაიფორმოს საკუთარ თავზე (ლუ-----------–---–ზე) თა--------------–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი ქონება (შემდგომში ,,მინდობილი საკუთრება“)“ (ტ.1., ს.ფ.14).

 

9.2. 2015 წლის 17 თებერვალს თა--------------–---–სა და ლუ-----------–---–ს შორის დადებული იქნა უძრავი ნივთის, მდებარე თეთრიწყაროს რაიონი სოფელი ჯო------–---–ი (ს.კ.8-----------), ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა ლუ-----------–---–ის სახელზე. აღნიშნული ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 1000 ლარით, თუმცა ლუ-----------–---–ს ნასყიდობის საგნის საფასური არ გადაუხდია (ტ.1., ს.ფ.15-16).

 

9.3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით, თა--------------–---–ი ცნობილ იქნა მხარდამჭერის მიმღებად და ზ--- ღარიბაშვილი დაინიშნა მის მხარდამჭერად გარკვეულ სფეროებში (ტ.1., ს.ფ.127-129).

 

9.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 21 იანვრის დასკვნით თა--------------–---–ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. დასკვნის მიხედვით, შპს რუსთავის „ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ საექიმო კომისიის 2015 წლის 24 ნოემბრის N0--- დასკვნის მიხედვით თ.ღარიბაშვილს ერთჯერადი ამბულატორიული გამოკვლევით დაუდგინდა დიაგნოზი დაუზუსტებელი დემენცია (ტ.1., ს.ფ. 115-125).

 

9.5. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განჩინებით სამოქალაქო საქმეზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა შემდეგი კითხვა: 2015 წლის 10 თებერვლისათვის ან მომდევნო პერიოდში (დაახლოებით 10 დღე) გააჩნდა თუ არა თა--------------–---–ს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთაც შეეძლოთ ხელი შეეშალა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიანი მონაწილეობისათვის. 2017 წლის 13 თებერვალს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან აღუსრულებელი დაბრუნდა სამოქალაქო საქმე, გამოსაკვლევი პირის წარუდგენლობის გამო (ტ.1., ს.ფ. 131-133, 189-191).

 

9.6. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა ნოტარიუსი ბა-----–-----–--, რომელმაც აღნიშნა, რომ 10.02.2015 წლის სანოტარო აქტის შედგენისას გაესაუბრა თა--------------–---–ს. უძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებით განუმარტა ყველა დეტალი და მოსალოდნელი იურიდიული შედეგები.

 

10. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო რწმუნებულება/მინდობილობის გაფორმების მომენტისათვის საკუთრების მიმნდობს თა--------------–---–ს ჰქონდა რეალური ვითარების სწორად აღქმის უნარი, შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, რადგან მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც უტყუარად მოწმობს, რომ თა--------------–---–ს მინდობილობის შედგენის დროისთვის არ ჰქონდა გონივრული განსჯის უნარი.

 

11. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ ნების გამოვლენა, ამასთან, პირს გააზრებული უნდა ჰქონდეს, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს მის მიერ ნების გამოვლენის შედეგად, ე.ი მას უნდა ჰქონდეს უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ნების გარეგნული გამოვლენა უნდა შეესაბამებოდეს პირის სურვილს მიაღწიოს, კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. სამოქალაქო კოდექსის 58–ე მუხლი არეგულირებს გარიგების ბათილობის საკითხს პირის ქმედუუნარობის ან ფსიქიკური აშლილობის გამო: ბათილია მცირეწლოვანის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა. ბათილად შეიძლება ჩაითვალოს ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს. ბათილია ნების გამოვლენა სულით ავადმყოფის მიერ, როცა ეს არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული (2015 წლის 20 მარტის კანონის ამოქმედებამდე არსებული რედაქციით). ამდენად, კანონი ერთნაირ სამართლებრივ შედეგს, გარიგების ბათილობას უკავშირებს ქმედუუნაროდ ცნობილი და ფსიქიკურად დაავადებული იმ პირის მიერ ნების გამოვლენას, რომელსაც არ შესწევს უნარი რეალურად აღიქვას ვითარება.

 

12. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელსა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ,,affirmanti, non neganti, incumbit probatio’’- ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა იმას, ვინც უარყოფს’’. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს ვინ რა უნდა ამტკიცოს. ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას, გასათვალისიწნებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობისა თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არა მარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ექსპერტის დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ გაკეთებული შეფასებაა. ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილის შედეგი აისახება საბოლოო დასკვნაში... იხ. საქმე #ას459 -438-15, 07.10.2015 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 21 იანვრის დასკვნის თანახმად, თა--------------–---–ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, ხოლო შპს რუსთავის „ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ საექიმო კომისიის 2015 წლის 24 ნოემბრის N0--- დასკვნის მიხედვით თ.ღარიბაშვილს ერთჯერადი ამბულატორიული გამოკვლევით დაუდგინდა დიაგნოზი დაუზუსტებელი დემენცია, თუმცა მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 10 თებერვლისათვის გააჩნდა თუ არა თა--------------–---–ს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთაც შეეძლოთ ხელი შეეშალა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობისათვის. ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებებები, კერძოდ, მტკიცებულება, რომ მინდობილობის შედგენის დროისთის თა--------------–---–ს არ შეეძლო ანგარიში გაეწია და ეხელმძღვანელა თავისი ქმედებებისათვის, რაც სსკ-ის 58-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძველი გახდებოდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თა--------------–---–ის სარჩელი და სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

13. პალატა ლუ-----------–---–ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით განმარტავს, რომ: სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე, როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (იხ., სუსგ №ას-178-167-2017, 14 ივლისი, 2017 წელი).

 

როგორც საქმის მასალებით დგინდება, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თა--------------–---–ის დის - იზ---–--------------–---–ის, განმარტებით, ქა-----–------------–---–ის გარდაცვალების დროს თა--------------–---–ი ამბობდა „ყველაფერი ლ------აო“ და კუთვნილ პენსიას ყოველთვის ლუ-----------–---–ს აძლევდა.

 

ამასთან, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ლუ-----------–---–ს ნასყიდობის საგნის საფასური არ გადაუხდია. ლუ-----------–---–მა თბილისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მხარეთა შორის მინდობილობის გაფორმების საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში არ ირიცხებოდა თა--------------–---–ის სახელზე, რის გამოც მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომ აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე ლუ-----------–---–ს უძრავი ქონება აღერიცხა ჯერ თა--------------–---–ის სახელზე და შემდგომ თავის სახელზე. ამდენად, უძრავი ქონების ლუ-----------–---–ის საკუთრებაში გადასვლის ფორმად მხარეებმა საკუთრების მინდობის ხელშეკრულების დადების სახით ირჩიეს, რაც, პალატის მოსაზრებით, ჩუქების შემადგენლობას ქმნის, რადგან ხელშეკრულების გაფორმებისას თა--------------–---–ის ნება მოიცავდა სწორედ აღნიშნული შინაარსის გარიგების დადებას.

 

„ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ჩუქება ისეთი გარიგებაა, რომელიც მხარეთა ურთიერთთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას ეფუძნება. როდესაც სადავოა ჩუქების ხელშეკრულების წარმოშობა, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი. ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს, რაც, როგორც წესი, მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას განაპირობებს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-6-6-2015).

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ თა--------------–---–ის მიერ გამოვლენილი ნება მიმართული იყო ლუ-----------–---–ისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემისკენ.

 

14. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ თა--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ხოლო ლუ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

15. საპროცესო ხარჯები:

 

15.1. აპელანტ თა--------------–---–ის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

15.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან დაკმაყოფილდა ლუ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი თა--------------–---–ს ლუ-----------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ლუ-----------–---–ის მიერ სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 469 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თა--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თა--------------–---–ის მიერ სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

3. ლუ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

4. გაუქმდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება 2015 წლის 17 თებერვალს თა--------------–---–სა და ლუ-----------–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის, მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ჯო------–---–ი (ს.კ. 8-----------), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მითითებული უძრავი ქონების თა--------------–---–ის სახელზე აღრიცხვის ნაწილში.

 

5. თა--------------–---–ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

6. თა--------------–---–ს ლუ-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ლუ-----------–---–ის მიერ სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 469 ლარის ანაზღაურება.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა

 

მიხეილ გოგიშვილი

 

დიანა ბერეკაშვილი