განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2019
საქმის ნომერი
020210019002845950
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210019002845950

საქმე №2/ბ-1027-19წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - თამარ სვანიძე

სხდომის მდივანი- თეონა ქიმერიძე

აპელანტი: ნ----- თ-------(ლ-----–---)

წარმომადგენელი: თ------ თ---–-------

მოწინააღმდეგე მხარე: თ------ თ-------

დავის საგანი: განქორწინება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019

წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება

აღწერილობითი ნაწილი

1აპელანტის მოთხოვნა

1.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2019 წლის 12 თებერვალს ზ--------ის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა თ------ თ-------მ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) მოპასუხის (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი) ნ----- ლ-----–----თ-------ს მიმართ განქორწინების მოთხოვნით. (იხ.ს.ფ. 2-14).

 

2.1.სარჩელის საფუძვლები

 

2.1.1.მოსარჩელის განმარტებით, მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 1984 წლის 22 დეკემბრიდან. მეუღლეები უკვე 26 წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე ხასიათით ვერ ეწყობოდა მეუღლეს და ისინი დაშორდნენ, მოპასუხეს არ სურს განქორწინება, რის გამოც თ------ თ------- იძულებულია მიმართოს სასამართლოს. მოსარჩელე აცხადებს,რომ არ სურს შერიგების ვადის მიცემა.

 

2.2.მოპასუხის პოზიცია

 

2.2.1. მოპასუხე ნ----- თ--------ლ-----–---მ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი წინააღმდეგია ოჯახის დანგრევის, ფაქტურად მეუღლეები ერთმანეთს 1996 წელს დაშორდნენ. მხარე სიცრუეს აცხადებს, როცა ამბობს რომ ხასიათით ვერ შეეწყო მეუღლეს, სინამდვილეში სხვა ფაქტორებია, თუმცა იგი მისი ორი გარდაცვლილი შვილის ხსოვნის საპატივცემულოდ ოჯახს არ დაანგრევს.(იხ. შესაგებელი ს.ფ. 20-27).

 

2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით 1. სარჩელი დაკმაყოფილდა. 2. განქორწინების საფუძველზე შეწყდა ქორწინება ნ----- თ-------ს (დაბ. 06.02.1966 წ, პ/ნ 1----------, ქორწინებამდელი გვარი ლ-----–---) და თ------ თ-------ს (პ/ნ 1----------) შორის (რეგისტრაციის თარიღი 24.12.1984 წ, აქტის ჩანაწერი # 22, რეგისტრაციის ადგილი ზ--------ი ორსანტია, ქორწინების მოწმობა მნ #408091, გაც. განმეორებით 22.08.2012 წ, სსგს ს----ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ).

 

2.4.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4.1. ნ----- თ------- (დაბ. 06.02.1966 წ, პ/ნ 1----------, ქორწინებამდელი გვარი ლ-----–---) და თ------ თ------- (პ/ნ 1----------) რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 24.12.1984 წ–დან (აქტის ჩანაწერი # 22, რეგისტრაციის ადგილი ზ--------ი ორსანტია, ქორწინების მოწმობა მნ #408091, გაც. განმეორებით 22.08.2012 წ, სსგს ს----ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ).

 

2.4.2. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიეკუთვნათ გვარები ცოლს თ-------, ქმარს თ-------.

 

2.4.3. მხარეებს გარდაცვლილი ჰყავთ 2 შვილი ლ--–- თ------- და მ---- თ-------. მოპასუხის განმარტებით ის ატარებს თავისი შვილების გვარს და მათი ხსოვნის პატივისცემის ნიშნად არ სურს ოჯახის დანგრევა.

 

2.4.4. კონფლიქტის გამო მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრება შეწყვეტილია 1996 წლიდან. ამჟამად ისინი ცალ–ცალკე ცხოვრობენ. მოპასუხე ცხოვრობს ზ--------ის რაიონის სოფ. ჭ----–----ში, ხოლო მოსარჩელე ს----ის რაიონის სოფ. ნ------ში.

 

2.4.5. მოსარჩელე შერიგების წინააღმდეგია, მისი განმარტებით ფაქტობრივად შექმნილი აქვს სხვა ოჯახი და სხვა პირთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.5.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1127-ე, 1121-ე, 1006-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი:

 

2.5.1. ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

ქორწინება შეიძლება შეწყდეს განქორწინების საფუძველზე,სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მეუღლესთან შერიგების წინააღმდეგია, ხოლო მოპასუხე შერიგების სურვილს აფიქსირებს, მაგრამ ამ მიმართულებით რაიმე მოქმედებები არ ხორციელდება, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ----- თ-------მ(ლ-----–---მ) და მისი გაუქმება მოითხოვა.

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ კომფლიქტის გამო მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრება შეწყვეტილია 1996 წლიდან, ვინაიდან ნ----- თ-------მ 1984 წელს 24 დეკემბერს იქორწინა თ------ თ-------სთან, წლების განმავლობაში, თანაცხოვრების განმავლობაში მათ შორის არასოდეს ყოფილა კონფლიქტი. 1985 წლის 10 თებერვალს შეეძინათ ლ--–- თ-------, რომელიც 1992 წლის 30 ივლისს გარდაიცვალა. 1987 წელს შეეძინათ მ---- თ-------, რომელიც 2011 წლის 29 სექტემბერს გარდაიცვალა.

 

ნ----- თ------- და თ------ თ------- წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად, და ეს ურთიერთობა გაგრძელდა მ---- თ-------ს გარდაცვალების შემდეგ რამოდენიმე წელიწადი და ისინი ერთად იყვნენ ამ ტრაგიკულ დღეებში.

 

ასევე, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე იქნა დადგენილი საამართლოს მიერ, რომ მოწინააღმდეგე თ------ თ-------ს ფაქტობრივად შექმნილი აქვს სხვა ოჯახი და სხვა პირთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. მართალია მოსარჩელე თ------ თ-------მ სასარჩელო წარმოების წესით მოითხოვა განქორწინება, მაგრამ მანამდე ნ----- თ-------ს ქონდა და დღემდე აქვს ურთერთობა მოსარჩელესთან ქორწინების შენარჩუნების მიზნით.

 

3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127 – ე მუხლის 1 – ლი და მე– 3 ნაწილების მიხედვით განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

მოცემულ დავაში სასამართლომ უსაფუძვლოდ დაადგინა, რომ მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, ვინაიდან მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ არ არის სრულად ამოწურული ყველა ის ადამიანური რესურსი, რაც მიმართული იქნება ოჯახის შენარჩუნებისკენ. აპელანტი გარდაცვლილი შვილების ხსოვნის უკვდავსაყოფად და მათი მართალი სულების პატივისცემის მზად არის შეინარჩუნოს ოჯახი.

 

ასევე თვლის, რომ სასამართლომ დაჩქარებულ ვადებში მიიღო გადაწყვეტილება განქორწინების საფუძველზე ქორწინების შეწყვეტაზე, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა შერიგების კანონით დადგენილი ვადა და ადამიანური მოლოდინი ქორწინების შენარჩუნებისთვის.

 

საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება არ ეფუძვნება სასამართლო სხდომაზე განხილული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური განხილვის შედეგად გამოტანილ დასკვნას. სასამართლომ ობიექტურად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ახსნა-განმარტებები მათი სარწმუნოობისა და არასარწმუნოობის თვალსაზრისით. რაც ცხადყოფს სასამართლოს მიერ კანონის არასწორად გამოყენებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.4.1-2.4.5. პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, აღნიშნულიდან გამოყოფს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეს და ამასთან დამატებით მიუთითებს შემდეგს:

 

4.1. 1984 წლის 22 დეკემბრიდან მოსარჩელე თ------ თ------- და მოპასუხე ნ----- თ--------ლ-----–--- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი ლ--–- და მ---- თ--------ი, რომლებიც ამჟამად გარდაცვლილები არიან.

 

4.2 მეუღლეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია წლების მანძილზე ამას ადასტურებს აპელანტი ნ----- თ------- ლ-----–---ც.

 

კერძოდ სააპელაციო სასამართლოზე მიცემული განმარტების თანახმად ნ----- თ--------ლ-----–---მ(იხ. 19.12.19წ. სხდომის ოქმი 14.23.16.სთ) დაადასტურა, რომ თ------ თ-------ს ფაქტობრივად უკვე 2011 წლიდან ყავს სხვა ქალი, რომელთანაც ფაქტიურად ცხოვრობს(ამ გარემოებას ადასტურებს თ------ თ-------ც) და რომ ნ----- თ--------ლ-----–--- და თ------ თ------- წლების მანძილზე ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

4.3. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთათვის შერიგების მიზნით ვადის დანიშვნა შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადგან მოსარჩელე თ------ თ------- კატეგორიული წინააღმდეგია საქორწინო ურთიერთობის შენარჩუნებისა ნ----- თ------- ლ-----–---სთან, ამასთან აპელანტიც ადასტურებს, რომ თ------ თ-------ს ფაქტობრივად ყავს მეორე ოჯახი. მხარეთა შორის არის კონფლიქტი. ამდენად პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა შერიგების ვადის მიცემის თაობაზე უსაფუძვლოა.

 

4.4. მოსარჩელე თ------ თ-------ს(მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლო სხდომებზე დაფიქსირებული კატეგორიული პოზიციის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შემდგომი შერიგება და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრების აღდგენა შეუძლებელია.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.5. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება განსახილველ სარჩელთან მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილების 2.5.1-ე პუნქტში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს შემდეგს:

 

4.6. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

 

4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1984 წლის 22 დეკემბრიდან მოსარჩელე თ------ თ------- და მოპასუხე ნ----- თ--------ლ-----–--- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი ლ--–- და მ---- თ--------ი, რომლებიც ამჟამად გარდაცვლილები არიან. მეუღლეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია 2011 წლიდან, თ------ თ-------ს ყავს ფაქტიურად მეორე ოჯახი და ცხოვრობს ,,სხვა ქალთან“, ამას ადასტურებს აპელანტი ნ----- თ--------ლ-----–---ც.

 

4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამდენად ,ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.

 

განსახილველ შემთხვევაში საქორწინო ურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს, მოსარჩელე თ------ თ-------ს არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მისი ნების არარსებობა მოპასუხესთან-აპელანტ ნ----- თ--------ლ-----–---სთან ქორწინების შენარჩუნებისა, ნათლად და კატეგორიული ფორმითაა წარმოდგენილი მოცემული საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს.

 

4.9. ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ 1966 წლის 16 დეკემბრის ,საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად: 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქორწინება ოჯახის ერთერთი საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, ქორწინება განსაზღვრულია, როგორც მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირი, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი“. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა დადგენილია, რომ მხარეები ერთმანეთთან კონფლიქტურ დამოკიდებულებაში არიან, ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია 2011 წლიდან. ქორწინების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებისა.

 

როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებს მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, მხოლოდ მოპასუხე მხარის -აპელანტ ნ----- თ--------ლ-----–---ს სურვილი - არ შეწყდეს ქორწინება - არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. უდავოა, რომ მოსარჩელე მხარე გამორიცხავს და არ უშვებს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას,კატეგორიული წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა, ერთ ოჯახად ცხოვრებისა.

 

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თ------ თ-------სა და ნ----- თ--------ლ-----–---ს შორის ურთიერთობა დაძაბულია, წლების მანძილზე ერთად აღარ ცხოვრობენ, მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ კატეგორიულია, რის გამოც, პალატის მოსაზრებით, მეუღლეებისათვის დამატებით შესარიგებელი ვადის მიცემა საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.

 

4.2.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თ------ თ-------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, ნ----- თ-------ს (ლ-----–---ს) სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ნ----- თ-------ს (ლ-----–---ს) სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ----- თ-------ს (ლ-----–---ს) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე თამარ სვანიძე