განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210018002705373
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1355-19 29 ნოემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – ნატო გოგიშვილი
აპელანტი – შპს „G----------“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – შ----------–-----
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ----“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი – დ--------------–-–---–ი
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. მოპასუხე შპს „ვ----სათვის“ (4--------), მოსარჩელე შპს G---------- - ის (ს/კ 4--------) სასარგებლოდ, 2------ (ო-----------------------–----------------) ლარის გადასახდელად დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს G---------- - ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
4.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, რამაც საბოლოოდ, საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. კერძოდ, სასამართლომ უგულებელყო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ბრუნვითი უწყისები, ანგარიშ-ფაქტურები და მოპასუხის მიერ შესრულების ფაქტი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მიიჩნია დადასტურებულად.
4.2. სასამართლო ასევე დაეყრდნო შესაგებელზე თანდართულ ქვითრებს, რომელიც შეეხება არა შპს „ვ----ს“, არამედ შპს „დ----“ მიმართ წარმოებულ გადახდებს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
7. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
7.1. 2----–-–------–------- ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე შპს G-----------ი შპს „ვ----ს“ (4--------) მოთხოვნის შესაბამისად აწვდიდა სხვ----სხვა სახის კვების პროდუქტების ეტაპობრივად. ამ პერიოდიდან შპს „ვ----ს“ (4--------) მიეწოდა 2------ ლარის საქონელი.
7.2. 2----–-–------–---ს თვეში მოპასუხეს მიეწოდა 9----- ლარის საქონელი. 2----–-–------------- თვეში - 8----- ლარის, 2----–-–--------------- თვეში - 5----- ლარის, ხოლო 2----–-–---------------- თვეში - 5----- ლარის საქონელი.
7.3. 2----–-–---------------- შპს „ვ----ს“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება დავალიანების დაფარვის მოთხოვნის თაობაზე, რომელიც მხარეს ჩაბარდა დადგენილი წესით.
8. 2----–-–------------რს შპს „G-----------მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხე შპს „ვ----სათვის“ 2------ ლარის დაკისრება მოითხოვა.
9. მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და მოსარჩელის მხრიდან მითითებულ პერიოდში 2------ ლარის ოდენობით საქონლის მიწოდების ფაქტს, თუმცა აცხადებს, რომ მას საქონლის ღირებულება დაფარული აქვს. შესრულების ფაქტის დასადასტურებლად კი მიუთითებს შესაგებელზე დართულ გადახდის ქვითრებსა და მოწმეთა ჩვენებებზე.
10. ამდენად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო პალატის შემოწმების საგანია, 2----–-–------–---ს, ა------------------------ და ო----------- თვეში მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების, სულ 2------ ლარის ოდენობით გადახდის შესრულების ფაქტი.
11. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებებს და დასკვნებს სარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე - ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
11.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
11.3. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
11.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
12. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდის ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. კერძოდ:
12.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
12.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
12.3. პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო ერთობლივად აანალიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.
12.4. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ გამოიკვლია შესაგებელზე თანდართული გადახდის ქვითრები და დადგენილად მიაჩნია, რომ აღნიშნული ქვითრები ასახავენ არა შპს „ვ----ს“, არამედ შპს „დ----“ მიმართ წარმოებულ გადახდებს. შესაბამისად ამ მტკიცებულებებს მოცემულ საქმესთან შემხებლობა არ გააჩნია.
12.5. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც სადავო ვალდებულების შესრულების ფაქტს ადასტურებენ, პალატა მიუთითებს შემდეგს: ფულადი ვალდებულებების სამართლებრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, შესრულების ნამდვილობისათვის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ არის საკმარისი. ფულადი ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებს სადავო ფაქტს (მაგალითად, უშუალოდ კრედიტორის წერილი, თუნდაც მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებული ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე, ან/და კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ გარდა მოწმეთა ჩვენებისა, სასამართლოს ვერ წარუდგინა სადავო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რაც ვალდებულების შესრულების თაობაზე მტკიცების საფუძვლიანობას გამორიცხავს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
საპროცესო ხარჯები
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
15. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, რაც ჯამში 1-----------ლარს შეადგენს, ხოლო ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 7- ლარი, დაუბრუნდეს აპელანტს, თანახმად სსსკ 39.2. და მე-14 მუხლებისა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს G-----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს G-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. შპას „ვ----ს“ შპს G-----------ის (ს/კ 4--------) სასარგებლოდ, გადასახდელად დაეკისროს 2------ (ო-----------------------–----------------) ლარის გადახდა.
5. შპას „ვ----ს“ შპს G-----------ის (ს/კ 4--------) სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 17- ლარის ოდენობით.
6. შპს „G----------“-ს დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი ბაჟიდან 7- ლარი;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვ----ში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვ----ს ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვ----ს გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია გუჯაბიძე