განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119002997380
საქმე №1ბ/154-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
25 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მაია ჟვანია
დაცვის მხარე:
გამართლებული: რ----- ნ-–----–---–ი (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 19---–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: თბილისი, ყ---–-------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ბ-------------.
ადვოკატები: მარიამ კუბლაშვილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჟვანიამ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რ----- ნ-–----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ბრალდების არსი:
2019 წლის 9 აპრილს, ღამის საათებში, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირი N73-ში მდებარე „ილიას ბაღში“ არსებული სავარჯიშო დარბაზის - „ურბან გარდენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----- ნ-–----–---–მა დ------------ესთან პირადი ურთიერთობიდან წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, ჯგუფურად - გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, დ------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, სახის არეში ხელის დარტყმით, სცემა. რ----- ნ-–----–---–ის ქმედების შედეგად დ------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 9 აპრილს, ღამის საათებში, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირი N73-ში მდებარე „ილიას ბაღში“ არსებული სავარჯიშო დარბაზის - „ურბან გარდენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----- ნ-–----–---–მა დ------------ესთან პირადი ურთიერთობიდან წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, ჯგუფურად - გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, დ------------ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც დ------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა რ----- ნ-–----–---–ის მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულებების (საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) ცემისა და მუქარის ჩადენა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ დ------------ის გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საჯაროდ წაკითხული იქნა სასამართლო სხდომაზე, (ვინაიდან მოწმე საქართველოში არ იმყოფებოდა), დადგენილია, რომ ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია „შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი. შემთხვევამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, სოციალური ქსელის ,,Facebook-ის“ მის პირად გვერდზე ატვირთა ვიდეო, სადაც აკრიტიკებს თავდაცვის სამინისტროს უწყებას, მათ შორის იმ ადამიანებს ვინც არასახელმწიფოებრივად აზროვნებს. მისი კრიტიკის ობიექტი იყო ასევე მ------ (გ------- ბ--------ის მეუღლე), რადგან, რამდენადაც მისთვის ცნობილი იყო ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში და სხვა მსგავს პირებთან ერთად, არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე, მისი აზრით ასუსტებდა სამინისტროს. აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათის შემდეგ პერიოდში, დ------------ე იმყოფებოდა ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის N73-ში მდებარე „ილიას ბაღში“ მდებარე „ურბან გარდენის“ სავარჯიშო დარბაზში. სარბენ ბილიკზე ვარჯიშისას მამაკაცმა ზურგზე მიადო თითი და უთხრა გარეთ გაჰყოლოდა. იგი გაჰყვა მას ქუჩაში, სადაც მისი გარეთ გამყვანის გარდა იყო ორი მამაკაცი, რომლებიც მას ირონიულად უყურებდნენ. მამაკაცმა, რომელმაც გაიყვანა ქუჩაში, უთხრა, რომ ის იყო იმ ქალის მეუღლე, რომელთან დაკავშირებითაც მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ჰქონდა ვიდეო, შესაბამისად მოსთხოვა მისი ქმედების - ვიდეოს ატვირთვის მიზეზის ახსნა. თავის მხრივ დ------------ემ უთხრა, რომ ვიდეო ბლოგი სოციალური გვერდიდან იყო აღებული, ასევე აუხსნა, რომ განმარტება ჰქონდა გაკეთებული მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც თავდაცვის უწყება გაემიჯნა პასუხებს, ასევე შესთავაზა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნების გამო ბოდიშის მოხდა. მიუხედავად აღნიშნულისა უთხრეს, რომ ისინი იყვნენ ბევრნი, ძლიერები და გავლენიანები, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში - გააქრობდნენ. მოწმე განმარტავს, რომ მუქარა აღიქვა რეალურად, რადგან მის მიმართვაზე, რომ თუ საუბარს არ აცდიდნენ, კომუნიკაცია ვერ დამყარდებოდა, შავგვრემანი მამაკაცი, რომელიც დაემუქრა, გადაეღობა გზაზე და არ აძლევდა წასვლის საშუალებას, იმავდროულად თანმხლებმა ახალგაზრდა მამაკაცმა, მარჯვენა მხრიდან თვალბუდისა და წარბის არეში მოულოდნელად ძლიერად დაარტყა მუშტი, პარალელურად დაემუქრა. დარტყმის შედეგად წარბიდან წამოუვიდა სისხლი. სიტყვები „საჭიროების შემთხვევაში გაგაქრობენ“ მისი მხრიდან აღქმული იქნა, როგორც ფიზიკური ლიკვიდაცია. მოწმემ განმარტა, რომ შავგვრემანმა მამაკაცმა თავის ქმედებით, როდესაც წინ გადაუდგა და არ აძლევდა წასვლის საშუალებას, ხელი შეუწყო კონფლიქტის გამწვავებას და თანმხლებს მისცა დარტყმის საშუალება - მარჯვენა თვალის არეში. მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა ოპერატიული სახის პროვოცირებასთან, ფიზიკურ დაპირისპირებას არ აჰყვა, დარეკა სსიპ 112-ში და გამოიძახა ეკიპაჟი. მოწმემ განმარტა, რომ იყო ძლიერი ემოციური ფონის ქვეშ და უჭირდა მარჯვენა თვალით ხედვა, აწუხებდა ტკივილი, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“.
მოწმე გ------ ჟ----–---–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ რ----- ნ-–----–---–ი მისი მეგობარია, დაზარალებულ დ------------ეს კი შემთხვევამდე არ იცნობდა. 2019 წლის 9 აპრილს, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა სპორტულ დარბაზში. მისი მეგობრები - რ----- ნ-–----–---–ი და გ---- ბ--------ე მშვიდად საუბრობდნენ მისთვის უცნობ მამაკაცთან. აღნიშნულიდან ცოტა ხანში, ყურადღება მიიქცია უცნობის (რომელიც აღმოჩნდა დ------------ე) აგრესიამ. ის საუბრობდა ხმამაღლა, ყვიროდა, ილანძღებოდა, იმუქრებოდა, იგრძნობოდა, რომ ცდილობდა ძალადობას. რ----- ნ-–----–---–ი და გ---- ბ--------ე, ასევე იქ მყოფი სხვა ადამიანები ცდილობდნენ მის დაწყნარებას. მოწმემ განმარტა, რომ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია. ხმაურზე შეიკრიბა ხალხი, დაზარალებულმა კი დარეკა სსიპ 112-ში, ითხოვდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების და სამხედრო პოლიციის ადგილზე მისვლას. ამასთან, უთითებდა, რომ შვიდმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, (რომელიც მასთან გაგზავნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა), მოუწყო სკანდალი. მანვე დაურეკა ს-------- ბ------ეს, რომელიც დაახლოებით 40 წუთში მივიდა. გ------ ჟ----–---–---მა განმარტა, რომ გამოძიების ეტაპზე პირველი გამოკითხვისას მიუთითა, რომ რ----- ნ-–----–---–მა ხელი დაარტყა დ------------ეს, თუმცა რამდენიმე დღეში ითხოვა დამატებით გამოკითხვა. გამოკითხვისას კი უარყო რ----- ნ-–----–---–ის მხრიდან რაიმე სახის ძალადობის ფაქტი. მან გაიხსენა დ------------ის ყვირილი, თითქოსდა მას დაარტყეს, რამაც შემთხვევის დღეს შეიყვანა შეცდომაში და თქვა ის, რაც რეალურად არც კი დაუნახავს. შესაბამისად, ადასტურებს, რომ რ----- ნ-–----–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ ძალადობას. ამასთან, დ------------ის სხეულზე, რაიმე სახის დაზიანებები არ შეუნიშნავს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მოგვიანებით გაიგო, რომ კონფლიქტის მიზეზი იყო დ------------ის მიერ ქსელში გ---- ბ--------ის მეუღლის მიმართ გავრცელებული ცრუ და შეურაცხმყოფელი ვიდეოს ატვირთვა, რომლის თანახმადაც გ---- ბ--------ე და მისი მეუღლე მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროში და იღებდნენ მაიორის ხელფასს, რომ ისინი არიან ტაკიმასხარები და ა.შ. და ეს მაშინ, როცა სინამდვილეში ისინი არიან მსახიობები.
მოწმე გ------- ბ--------ემ (რ----- ნ-–----–---–ის ძმა) გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება რ----- ნ-–----–---–ის წინააღმდეგ.
რ----- ნ-–----–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და ისარგებლა დუმილის უფლებით.
გარდა აღნიშნული მტკიცებულებებისა, ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი, შ.პ.ს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი, მოწმეების გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის N003883619 დასკვნა და სხვა, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, რ----- ნ-–----–---–ის საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ რ----- ნ-–----–---–ისათვის წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმე გ------ ჟ----–---–---ის ჩვენება, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს უარყო რ----- ნ-–----–---–ის მიერ დაზარალებულისათვის რაიმე ფიზიკური ძალადობის მიყენების ფაქტი და განმარტა ის მიზეზები, რამაც განაპირობა გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემულ ინფორმაციებს შორის არსებული განსხვავებები.
მოწმე გ------- ბ--------ის (რ----- ნ-–----–---–ის ძმა) გამოკითხვის ოქმი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება რ----- ნ-–----–---–ის წინააღმდეგ, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას გამოიყენოს მოწმე გ------- ბ--------ის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია.
დაზარალებულ დ------------ის გამოკითხვის ოქმი, რომლიც კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნდა სასამართლო პროცესზე და რითაც დადგენილია, რომ რ----- ნაცარაშვილმა მარჯვენა მხრიდან თვალბუდისა და წარბის არეში მოულოდნელად ძლიერად დაარტყა მუშტი, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 8 ივნისის დასკვნით დადგენილი, რომ დაზარალებულ - დ------------ეს, გარდა თავის მიდამოში (მარჯვენა თვალის კონიუქტივში აღენიშნება მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა, მარჯვენა ზედა ქუთუთოს მიდამოში აღენიშნება უსწორო ფორმის, მუქი მოწითალო მოიისფრო სისხლნაჟღენთი, ასეთივე ფერის და ფორმის სისხლნაჟღენთი აღენიშნება მარჯვენა თვალბუდის შიგნით, მარჯვენა წარბის გარეთა კიდესთან აღენიშნება მოწითალო ფერის კანის დონიდან ქვემოთ მდებარე, ხაზოვანი ფორმის განივად მდებარე ნაკაწრი) არსებული ჰემატომებისა სხეულზე (მარჯვენა მხარის წინა ზედაპირზე შუა მესამედში, გულმკერდის უკანა ზედაპირზე ზემო მესამედში, ცენტრალური ხერხემლის ხაზზე, მარცხენა წინამხარის უკანა ზედაპირზე ზემო მესამედში) ასევე აღენიშნებოდა ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები და სისხლჩაქცევები, დაზიანებები რომლებიც როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულის განმარტებით, რ----- ნ-–----–---–მა მხოლოდ ერთხელ მოარტყა თვალის არეში ხელი, ხოლო მის სხეულზე აღმოჩენილია ასევე დაზიანებები ნაკაწრების სახით, რომლებიც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მას კი არ დაესვა კითხვები აღნიშნულ დაზიანებებთან დაკავშირებით, იწვევს გარკვეულ ეჭვებს და იგი დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, ვერ შექმნის მტკიცებულებათა იმ სტანდარტს, რაც საკმარისი იქნებოდა ობიექტური პირის დასარწმუნელბად და გამამტუყუნებელი განაჩენის დასადგენად.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ;
რაც შეეხება ამოცნობის ოქმისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და განმარტავს, რომ საგამოძიებო მოქმედების ამსახველი - ამოცნობის ან/და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები არის კონკრეტული მოწმის ჩვენებების გაგრძელება და მათში გადმოცემული ინფორმაციის წყარო არის თავად დაზარალებული. შესაბამისად მათი განყენებულად, როგორც ცალკე დამოუკიდებელი მტკიცებულებად განხილვა, მტკიცებულებათა ერთობლიობის კუთხით, დაუშვებელია.
რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდეგილ ბრალდებაში რ----- ნ-–----–---–ის დამნაშავედ ცნობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ მას ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული არ დაიკითხა სასამართლო სხდომაზე და ვერ მოხერხდა მისთვის ამ კუთხით კითხვების დასმა და შესაბამისი პასუხების მიღება, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ გამოკითხვის ოქმით რთულია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის განსაზღვრა.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. ამასთან - არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულ დ------------ის გამოკითხვის ოქმი მოცემულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად იგი ვერ გახდება საფუძველი რ----- ნ-–----–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენი რ----- ნ-–----–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი 1 ცალი ლაზერული დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტო ცხრილი 1 ცალ დისკზე, ნემსაძის ვიდეო- ჩანაწერი 1 ცალ დისკზე, დ------------ის სამედიცინო დოკუმენტაცია 1 ცალ დისკზე, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, რ----- ნ-–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის მაია ჟვანიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
რ----- ნ-–----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
რ----- ნ-–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი 1 ცალი ლაზერული დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტო ცხრილი 1 ცალ დისკზე, ნემსაძის ვიდეო- ჩანაწერი 1 ცალ დისკზე, დ------------ის სამედიცინო დოკუმენტაცია 1 ცალ დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, რ----- ნ-–----–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/