განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2019
საქმის ნომერი
330210118002624721
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210118002624721

საქმე №2ბ/1362-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 ნოემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - სს ,,ს----------–--------ი" (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ი------ ა----------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ---- გ--–-–---–ი, სს ,,პ-–-------------------–--’’ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ლ-–- მ------ი

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------მა" თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ლ---- გ--–-–---–ისა და სს ,,პ-–------ის" მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს ლ---- გ--–-–---–ს და სს პაშა ბანკს მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდა 48868.70 ლარის ოდენობით.. მოპასუხეებს - ლ---- გ--–-–---–ს და სს პ-–------ს მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ლ---- გ--–-–---–ისათვის დასაქმების შეზღუდვის პერიოდში, მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის - 9600 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული სს ,,ს----------–--------ის" წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

5. სააპელაციო საჩივარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:

 

5.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასაჩივრებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებას.

 

5.2. აპელანტმა სს ,,ს----------–--------მა" ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ლ---- გ--–-–---–ი დასაქმების შეზღუდვის (2018 წლის 12 მაისიდან 2018 წლის 05 ოქტომბრამდე) პერიოდში არ მუშაობდა სს „პ-–------ში". საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ სსიპ-შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით უტყუარად დასტურდება 2018 წლის ივნისის თვეში სს „პ-–------ის" მხრიდან ხელფასის სახით ლ---- გ--–-–---–ისათვის ფულადი თანხების ჩარიცხვის და შესაბამისად ამ საფინანსო დაწესებულებაში მისი დასაქმების ფაქტი. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დასაქმების შეზღუდვის პერიოდში ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა არა ხელფასს, არამედ სხვა სახის შემოსავალს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ 2013 წლის 1 ოქტომბერს ფიზიკურ პირს ლ---- გ--–-–---–ს და სს „ს----------–--------ს" შორის დადებულ იქნა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ლ---- გ--–-–---–მა დაიკავა საკრედიტო ექსპერტის პოზიცია. 2017 წლის 3 აინვარს შრომით ხელშეკრულებაში შესული ცვლილებით ლ---- გ--–-–---–ი გადაყვანილ იქნა ბიზნეს ბანკირის პოზიციაზე, ასევე ამავე ცვლილებების საფუძველზე ხელშეკრულებას დაემატა 3 დანართი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი მიზეზით შრომითი ურთერთობის შეწყვეტის შემდგომ ექვსი თვის განმავლობაში, დამსაქმებლის შეტყობინების საფუძველზე დასაქმებულს ეზღუდებოდა სხვა კონკურენტ საფინანსო დაწესებულებაში მუშაობის დაწყება, ამასთან ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო დასაქმებულისათვის ხელშეკრულუბის შეწყვეტამდე 12 თვის განმავლობაში ნებისმიერი ანაზღაურების სახით მიღებული თანხის ოდენობით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამავე დროს დამსაქმებელი იღებდა ვალდებულებას დასაქმების შეზღუდვის პერიოდში დასაქმებულისათვის ყოველთვიურად გადაეხადა კომპენსაცია შრომითი ანაზღაურების ოდენობით. პირველადი დასაქმების შემდგომ ლ---- გ--–-–---–მა რამდენჯერმე შეიცვალა სამსახურეობრივი მდგომარეობა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე იგი მუშაობდა საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტში საცალო ბიზნეს ბანკირის პოზიციაზე, ხოლო მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 1600 ლარს. 2018 წლის 26 აპრილის განცხადების გათვალისწინებით, ლ---- გ--–-–---–ს 2018 წლის 11 მაისის ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 12 მაისიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო 2018 წლის 4 ივნისის წერილობითი შეტყობინებით (რომელიც ადრესატს ამავე თარიღში ჩაბარდა) დამსაქმებლის მიერ გამოყენებულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვა. აღნიშნული შეზღუდვა 2018 წლის 13 ოქტომბრის წერილის საფუძველზე გაუქმდა 2018 წლის 5 ოქტომბრიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასაქმების შეზღუდვის (2018 წლის 12 მაისიდან 2018 წლის 5 ოქტომბრამდე) პერიოდში ლ---- გ--–-–---–ი დასაქმდა სს „პ-–------ში". მოცემული გარემოება, როგორც მოგახსენეთ უტყუარად დასტურდება სსიპ-შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით. ჩამოთვლილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სს „ს----------–--------ის" მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს წარდგენილ იქნა სარჩელი ლ---- გ--–-–---–ის და სს „პ-–------ის" მიმართ შემდეგი მოთხოვნებით, მოპასუხეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებოდათ პირგასამტეხლოს სახით 48868.70 ლარის გადახდა, ასევე სს „ს----------–--------ის" მიერ დასაქმების შეზღუდვის პერიოდში კომპენსაციის სახით გაცემული 9600 ლარის გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომლის სამართლებრივ დასაბუთებას აპელანტი არ ეთანხმება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულებით (#ვ დანართით) გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვა სრულ შესაბამისობაშია, როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტთან. მოცემული სახელშეკრულებო შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლი, რომელიც ამგვარი შეზღუდვის დაწესების შესაძლებლობას დასაშვებად მიიჩნევს. ვერ დავეთანხმებით სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად შეზღუდვის კანონისმიერი და სახელშეკრულებო წინაპირობების არსებობისა განსახილველ შემთხვევაში ვერ დგინდება მოსარჩელის მხრიდან შეზღუდვის მიზანი, რომ იგი არ გამომდინარეობს მხარის ინტესიდან, არ არის გონივრული და ამ ინტერესის პროპორციული. მოცემულ შემთხევაში არსებობს გარემოებები, რომელზეც რატომღაც სასამართლოს მხრიდან არ იქნა ყურადღება გამახვილებული და რომელიც საბოლოო ჯამში განაპირობებს მოსარჩელის მხრიდან დაწესებული შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს და ინტერესს. შეზღუდვა დაუწესდა პირს, რომელიც წლებია დასაქმებულია სს „ს----------–--------ში", ამ პერიოდში მან შეიძინა მნიშვნელოვანი ცოდნა და კვალიფიკაცია საბანკო სფეროში, რაც მის კარიერულ წინსვლაზეც აისახა, სხვა თუ არაფერი საუბარია პირზე, რომელსაც დამსაქმებლის მხრიდან მინდობილი ჰქონდა რვა მილიონ ლარზე მეტი მოცულობის საკრედიტო პორტფელის მართვა. ბუნებრივია, რომ სწორედ ამგვარი ცოდნისა და გამოცდილების გამო იქნა იგი გადაყვანილი სამუშაოდ კონკურენტი საფინანსო დაწესებულების მიერ. ნიშანდობლივია, რომ სს „პ-–------ს" მასთან არსებული ვაკანტური პოზიციის შევსება არ განუხორციელებია არც კონკურსის და არც არასაბანკო სფეროში მომუშავე პირების მეშვეობით, შესაბამისად ნათელია, რომ სს „პ-–------ის" ინტერესის სფეროს კონკრეტული კვალიფიკაციის, საფინანსო სექტორში (ამ შემთხვევაში სს „ს----------–--------ში") დასაქმებული პირები წარმოადგენდნენ. ჩამოთვლილი არგუმენტები უდავოდ მიუთითებენ მოსარჩელის მხრიდან დაწესებული შეზღუდვის მართლზომიერებასა და გონივრულობაზე. სასამართლოს მხრიდან, ასევე არ იქნა გამახვილებული ყურადღება, იმ გარემოებაზე, რომ შრომის კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილი შესაძლებლად მიიჩნევს შრომით ურთიერთობებში სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამართლებრივი ინსტიტუტების გამოყენებას, მათ შორის სახელშეკრულებო პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაწესებას. პირგასამტეხლოს საკანონმდებლო რეგულირება და მისი სამართლებრივი ბუნება გულისხმობს იმას, რომ იგი უპირობოდ გამოიყენება ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში და იგი დამოუკიდებელია ფაქტობრივი ზიანის მტკიცებისაგან. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, როგორც ზიანის არსებობას, ასევე მის ოდენობას. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს მოსარჩელის/აპელანტის მხრიდან პირგასამტეხლოს დაკისრების სასარჩელო მოთხოვნის საფუძვიანობაზე. იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი მტკიცებულებით დასტურდება შეზღუდვის პერიოდში ლ---- გ--–-–---–ის მხრიდან კონკურენ საფინანსო ინსტიტუტში დასაქმების ფაქტი. სს „ს----------–--------ის" მიერ მისთვის საკომპენსაციო თანხის სახით ჩარიცხულ 9600 ლარს არანაირი სახელშეკრულებო და კანონისმიერი საფუძველი არ გააჩნია, რაც დამსაქმებლის მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრების წესების გამოყენებით ამ თანხის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს ქმნის, ამასვე ადასტურებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის დებულებები რომლის მიხდვითაც ,,1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ამ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შემდგომში შეწყდა". შესაბამისად საკომპენსაციო თანხის დაბრუნების უარის თქმის ნაწილშიც სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. სადავო გადაწყვეტილება, ასევე არ შეიცავს სს „პ-–------ის" მხრიდან მოსარჩელისადმი არამართლზომიერი კონკურენციის გაწევის შედეგად მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით რაიმე საპირისპირო არგუმენტაციას.

 

ამასთან წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, აპელანტი ასევე, ასაჩივრებს მოცემულ საქმეზე 2019 წლის 09 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მიღებულ საოქმო განჩინებას, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სს „პ-–------ი"-საგან გამოთხოვილიყო სს „პ-–------ი"-ს მიერ ლ---- გ--–-–---–ისათვის განხორციელებული (სსიპ-შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული) ჩარიცხვების სამართლებრივი საფუძვლების (გარიგების) ასლები. სადავო განჩინება სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა მოსარჩელის მიერ ვერ დასტურდებოდა ხსენებულ მტკიცებულებათა გამოთხოვის მიზნით სს „პ-–------ი"-სადმი მიმართვის ფაქტი, რაც არ შეესაბამება რეალობას და რომლის შესაბამისი მტკიცებულებები საქმეშიც არის წარმოდგენილი (ამ მტკიცებულებათა ასლები, ასევე, დამატებით თანდართულია წინამდებარე სააპელაციო საჩივარზე). აღნიშნულთან ერთად მტკიცებულებათა წარმოდგენის თაობაზე განცხადების ერთი ეგზემპლარი, სასამართლო სხდომაზე, ასევე უშუალოდ გადაეცა სს „პ-–------ი"-ს წარმომადგენელს, რომელმაც ამ მტკიცებულებათა წარმოდგენაზე განაცხადა უარი, ეს უკანასკნელი უკვე იძლეოდა კანონისმიერ/საპროცესო საფუძველს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოთხოვასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილის) მიერ .#2/26354-18 სამოქალაქო საქმეზე მიღებული საოქმო განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს/მოწინააღმდეგე მხარეს სს „პ-–------ს" დაევალოს მოთხოვნილი მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ის" სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6. შრომის კოდექსი ადგენს დასაქმებულის დაცვის მინიმალურ სტანდარტს, რასაც მოწმობს თავად კოდექსის მე-6 მუხლის მე-10 ნაწილი (ბათილია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ის პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს ან იმავე დასაქმებულთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას), საკასაციო პალატამ განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით (იხ.საქართელოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება საქმე ას-827-827-2018).

 

7. წინამდებარე გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს აქვს თუ არა სს ,,ს----------–--------ს" (დამსაქმებელი) საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვის მოქმედების პერიოდისათვის პირგასამტეხლოს და უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რასთან დაკავშირებითაც, პალატა განმარტავს შემდეგს:

 

შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით (2013 წლის 12 ივნისიდან მოქმედი ვერსია), შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.

 

პალატა განმარტავს, რომ ნორმის მიზანია მეწარმე სუბიექტის ინტერესის (ეკონომიკური) დაცვა და იმ რისკის პრევენცია, რაც კონკურენტ დამსაქმებელთან ამგვარი ცოდნისა და კვალიფიკაციის გამოყენებას შესაძლოა ახლდეს თან. სწორედ ამიტომ, შრომის კოდექსის 46-ე მუხლი განსაზღვრავს დამსაქმებლის შესაძლებლობას დაუწესოს შეზღუდვა, ხოლო დასაქმებულის ვალდებულებას შეთანხმების შემთხვევაში კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ არ გამოიყენოს შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია. ასევე, დადგენილია შეზღუდვის ვადა, რაც ექვს თვეს შეადგენს და დამსაქმებლის ვალდებულება შეზღუდვის მოქმედების პერიოდში გადაუხადოს დასაქმებულს არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით ანაზღაურება.

 

8. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას საქალაქო სასამართლოს მხრიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებასთან და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, რის საფუძველზეც ლ---- გ--–-–---–ის მიერ დარღვევის (კონკურენტ საფინანსო ინსტიტუტში დასაქმება) ფაქტი მართებულად არ დაადგინა.

 

პალატა მიუთითებს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ზოგადი ხასიათის რეგულაციაზე, რომლის მიხედვით დასაქმებული და დამსაქმებელი შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ მხარის უფლებათა შეზღუდვაზე. ასეთი შეზღუდვა პირდაპირ უნდა გამომდინარეობდეს მხარის ინტერესებიდან, უნდა იყოს გონივრული და ამ ინტერესების პროპორციული.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ი’’ და ლ---- გ--–-–---–ი სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან და ლ---- გ--–-–---–ის დასაქმებული იყო სს ,,ს----------–--------ში’’ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის საცალო ბიზნესის ბანკირის თანამდებობაზე. შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა შრომითი ურთიერთობაა, რომელიც უნდა მოწესრიგდეს შრომის კოდექსით.

 

პალატა განმარტავს, რომ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი ნორმა შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილია და შეფასების საგანი ამ ნორმით განსაზღვრული რეგულაციის არსის სწორი გაგებაა. ხსენებული ნორმის თანახმად შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.

 

პალატა ასევე, განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის მიზანი - დამსაქმებლის ინტერესებისა და სამეწარმეო რისკების დაცვაა, რომელიც შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში, თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია დასაქმებულის ინტერესიც და მოლოდინი შრომის უფლების რეალიზაციასთან მიმართებით, რომელსაც მათ შორის სოციალური ბუნება აქვს და ამ უფლების შეზღუდვისას საჭიროა მხარეთა ინტერესების გონივრული დაბალანსება.

 

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში სს ,,ს----------–--------ს’’ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაემტკიცებინა არა მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე ლ---- გ--–-–---–ი დასაქმებული იყო სს ,,პ-–-------------------–--ში’’, არამედ ასევე, მისი მტკიცების ტვირთს წარმადგენდა ისეთი გარემოების დადასტურება როგორიც არის ლ---- გ--–-–---–ის მიერ სს ,,ს----------–--------ში“ მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ გამოყენება, რაც აპელანტმა (მოსარჩელემ) ვერ შეძლო.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციას (იხ. ტ.1. ს.ფ. 146-147), რომლის თანახმად ლ---- გ--–-–---–ს სს ,,პ-–-------------------–--’’-დან 2018 წლის ივნისის თვეში ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს თანხა 7696.86 ლარი, აღნიშნული არ ადასტურებს მოპასუხის დასაქმებას და მუშაობას მოსარჩელის კონკურენტ კომპანიაში, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საგადასახადო მიზნებისთვის ხელფასად განიხილება შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. განსახილველ შემთხვევაში სს ,,პ-–-------------------–--’’-ს წარმომადგენელი და ლ---- გ--–-–---–ი განმარტავდნენ, რომ ზემოაღნიშნული თანხები წარმოადგენდა არა გაწეული სამსახურისათვის ყოველთვიურად გადახდილ ხელფასს, არამედ მომავალში დასაქმების ფინანსურ გარანტიას (7696.86 ლარი). ეს ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის მიერ გაქარწყლებული ვერ იქნა სათანადო მტკიცებულებებით და ამავდროულად საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერი (ტ.1. ს.ფ. 182-184) ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო პერიოდში სს ,,პ-–-------------------–--ს’’-ს მიერ ლ---- გ--–-–---–ისთვის ყოველთვიურად ხელფასის ჩარიცხვა არ ხდებოდა.

 

2018 წლის 12 მაისიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში ლ---- გ--–-–---–ი, რომ დასაქმებული არ იყო სს ,,პ-–-------------------–--ში’’ და მისთვის კომპანიიდან გადარიცხული თანხები წარმოადგენდა სამომავლო შრომითი ურთიერთობის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულ წინასწარ ბონუსს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შრომითი შეზღუდვის პერიოდში მოპასუხე ფიზიკური პირი მოპასუხე საწარმოში, ასევე სხვა საწარმოში დასაქმებული არ ყოფილა და შესაბამისად შრომის შეზღუდვის შეთანხმების პირობა არ დაურღვევია.

 

10. განსახილველ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ არ დასტურდება 2018 წლის 12 მაისიდან 2018 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდში ლ---- გ--–-–---–ის დასაქმება სს ,,პ-–-------------------–--ში’’, ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ სს ,,ს----------–--------ში“ ფუნქციების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია ლ---- გ--–-–---–ის მიერ გამოყენებული იქნა კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ.

 

შესაბამისად პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ საქმის განხილვის შედეგად არ დადასტურდა შრომის შეზღუდვის პირობებში და ვადაში, ლ---- გ--–-–---–ის სს ,,პ-–-------------------–--ში’’ არა მარტო დასაქმება, არამედ ისეთ პოზიციაზე დასაქმება რა დროსაც იგი იყენებდა მოსარჩელესთან მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას.

 

11. პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ ლ---- გ--–-–---–ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა, თავის მხრივ გამორიცხავს სს ,,პ-–-------------------–--’’-ს ჩართულობას ზიანის მიყენებაში და ამასთან უსაფუძვლოა მოთხოვნა სს ,,პ-–-------------------–--’’-ს მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 998-ე მუხლებიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება ამ უკანასკნელის მხრიდან რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, რამაც გამოიწვია სს ,,ს----------–--------ი’’-სთვის ზიანის მიყენება. პალატა განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა ირკვეოდეს მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და ამ ორ წინაპირობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, ამასთანავე, დელიქტური პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრებისათვის მნიშვნელობა არ აქვს თითოეული პირის ბრალის ხარისხს. განსახილველ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ არ დასტურდება მოპასუხეთა მიერ სს ,,ს----------–--------ი’’-სათვის ზიანის მიყენება, ასევე საყურადღებოა, რომ მოსარჩელე ითხოვს არა ზიანის ანაზღაურებას, არამედ მოთხოვნას წარმოადგენს პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დარღვევისათვის და უსაფუძვლოდ გადახდილის უკან დაბრუნება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს სს ,,საქართელოს ბანკის" სააპელაციო საჩივარს და ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და არ არსებობს მისი შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

12. წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტი ასევე ითხოვს გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინების გაუქმებას. აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინება (მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ); (იხ: სააპელაციო საჩივარი, ტ. I, ს.ფ. 235-260).

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების წინმსწრები 2019 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინების (მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ) განჩინებების გაუქმების საფუძველი. განჩინება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც სს "ს----------–--------ის" სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სს ,,ს----------–--------ის" სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ოდენობით რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო რაც შეეხება სს ,,პ-–------ის" მოთხოვნას იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე, აპელანტს უნდა დეკისროს 500 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს ,,ს----------–--------ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. სს ,,ს----------–--------ს" სს ,,პ-–-------------------–--ს" სასარგებლოდ დაეკისროს იუდირიული მომსახურების ხარჯი - 500 ლარის ოდენობით;

 

4. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული განჩინების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე