განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010142220700105550-1აგ/10-20წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 თებერვალი, 2020წ ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მაია თეთრაული
ვახტანგ მრელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ----------–---–-–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის ხ-------------–-–---–-- შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 აპრილის განაჩენით:
გი---------–---–-–---–------------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
გ----------–---–-–---–- ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა ან წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს N2/09/12470 მომართვის თანახმად, გ----------–---–-–---–-- მიმართ შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს წარმოებაში არ ჰქონია გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 აპრილის განაჩენი.
2020 წლის 03 თებერვალს მსჯავრდებულ გ----------–---–-–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ხვ------------–-–-ილმა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ----------–---–-–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის ხ-------------–-–---–-- შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული გ----------–---–-–---–- გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა), ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია).
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ----------–---–-–---–-- მიმართ არსებული გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 აპრილის განაჩენი უნდა გაუქმდეს და მსჯავრდებული გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 აპრილის განაჩენით განსაზღვრული სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ----------–---–-–---–-- მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებრივ შეზღუდვის საკითხს, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 აპრილის განაჩენით განსაზღვრული უფლებრივი შეზღუდვის ვადა, დღეის მდგომარეობით გასულია, შესაბამისად პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე.
ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ----------–---–-–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის ხ-------------–-–---–-- შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 აპრილის განაჩენი;
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ----------–---–-–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატი ხ-------------–-–---–-- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 აპრილის განაჩენი:
3. გ----------–---–-–---–- გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან;
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მაია თეთრაული
ვახტანგ მრელაშვილი