განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210014550244
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/2715-16
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - მ--- მ-------–---–-, თ----- მ-------–---–-
წარმომადგენელი - შ--–-- ქ---------
მოწინააღმდეგე მხარე - ე-–------- ბ-----------
წარმომადგენელი - მ------ კ--------, რ---- მ---------–-
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით შ-- ,,ვ----ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. შ-- „ვ----ს“ დირექტორის ი-----–- მ-------–---–-ს 2003 წლის 28 ივნისის #2 ბრძანებით ე-–------- ბ----------- 2003 წლის 1 ივლისიდან დაინიშნა შ-- „ვ----ს“ ბუღალტრის თანამდებობაზე. მას დაევალა ბუღალტრის ფუნქციებში შემავალი დოკუმენტაციის წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ე-–------- (ნ---) ბ-----------ს თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება ს.ფ 43
-მხარეთა განმარტება
2.2 სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 26 აპრილის #2---------- შეტყობინების საფუძველზე, 2012 წლის 22 ივნისს შ-- ,,ვ----ში’’ ჩატარებული იქნა ალტერანტიული საგადასახადო შემოწმება. შემოწმება შეეხო 2006 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 02 აპრილის ჩათვლით პერიოდს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 22 ივნისის ალტერნატიული საგადასახდო შემოწმების აქტი - ს.ფ.17-128
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;
2.3. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 10 ივლისის #2--- ბრძანებით შ-- ,,ვ----ს’’ დაერიცხა ძირითადი გადასახადი 28 819 ლარის ოდენობით, ამასთან შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 5668 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 10 ივლისის №2--- ბრძანება - ს.ფ.34-38;
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;
2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიმართ 2012 წლის 10 ივლისს გამოცემული იქნა #0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც სხვადასხვა გადასახადების სახით დარიცხული იქნა თანხა 50 866,06 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 10 ივლისის №0------ საგადასახადო მოთხოვნა - ს.ფ.39;
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;
2.5 შემოსავლების.სამსახურის 2012 წლის 17 აგვისტოს #2------- ბრძანებით შ-- „ვ----ს“ საჩივარი 2012 წლის 22 ივნისის ალტერნატიული საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების შესახებ დარჩა განუხილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 17 აგვისტოს ბრძანება - ს.ფ.58-59;
2.6 შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველი საბჭოს 2013 წლი 19 ივლისის გადაწყვეტილებით, შ-- „ვ----ს“ საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 10 ივლისის #0------ საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 17 აგვისტოს #2------- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ დარჩა განუხილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილება ს.ფ 101-104
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ე-–------- ბ----------- 2003 წლის 1 ივლისიდან დანიშნული იყო შ-- „ვ----ს“ ბუღალტრად და ევალებოდა საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება.
მოცემული დავის საგანია საწარმოსათვის ბუღალტრის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასარჩელო მოთხოვნის საფუძველია ის გარემოება, რომ თითქოს ე-–------- ბ----------მა არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა: დაუშვა შეცდომა და საბუღალტრო დოკუმენტაციაში არასწორად აჩვენა საქვეანგარიშო თანხები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანის ანაზღაურება ნიშნავს პირის მიმართ წარმოშობილი ზიანის კომპენსაციას სხვა პირის მიერ. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან, სხვა შემთხვევაში სამართლებრივი მოწესრიგებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების და მეორე მხრივ დელიქტური ვალდებულების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება, რაც გათვალისწინებულია სამიოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით. კანონით განსაზღვრული ყოველი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წინაპირობა არის, რომ იგი გამოწვეულია მავალდებულებელი გარემოების შედეგად. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებასა და ზიანს შორის, ესეიგი, არსებულ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც იარსებებდა, რომ არ განხორციელებულიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და ამ შედეგისათვის თანაბარ მნიშვნელოვანს წარმოადგენს. თუ დადგინდება, რომ ამ პირობის გარეშე შედეგი ამ კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა. ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობების ერთობლივად არსებობისას, კერძოდ: დადასტურებული უნდა იყოს ზიანის ფაქტი; ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი ზიანის დადგომაში. ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დადგომისათვის კი აუცილებელია პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა. თუ ასეთი ქმედება არ არსებობს ცხადია, ბრალზე საუბარი შინაარსს მოკლებულია.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის 3-ე პუნქტის თანახმად, გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლომ მხედველობაში მიიიღო, როგორც საქმეში წარმოდგენილ წერილობითი მტკიცებულებები, ისე მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა გარემოებები რომელზედაც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გარემოებები, რომელზედაც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას.
კერძოდ, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ბუღალტერთან დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურდებოდა ბუღალტრის კონკრეტული უფლებები და მოვალეობები, ვერ იქნა დადგენილი მისი პასუხისმგებლობის ფარგლები, სხვა ვალდებულებები, რადგანაც დანიშვნის ბრძანებაში ბუღალტრის ვალდებულებების შესახებ მხოლოდ ზოგადი მითითებაა.
შ-- „ვ----ში“ ე-–------- ბ-----------ს უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრისათვის, სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა მომსახურე ბანკიდან ინფორმაცია ფაქსიმილიის არსებობის თაობაზე. წარმოდგენილი მტკიცებულებით (მოსარჩელის განმარტება, ასევე შ-- „ვ----ს“ წერილი ს.ფ.120) დადასტურდა, რომ მოპასუხეს საწარმოში მუშაობის პერიოდში არ გააჩნდა ფაქსიმილია, წვდომა საბანკო ბრუნვებზე. აღნიშნულისათვის მას არ ჰქონდა ასევე საწარმოს დირექტორის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება.
სასამართლოს მიერ ასევე გამოთხოვილ იქნა 2004-2005-2006 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციები, რომლითაც დადასტურდა ფაქტობრივი გარემოება, რომ დეკლარაციებს-ანგარიშგებას ხელს აწერდა დირექტორი და ამდენად ანგარიშგებაზე პასუხისმგებლობაც სწორედ მას ეკისრებოდა.
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის N 70 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ 7-ე მუხლის შესაბამისად, საბუღალტრო აღრიცხვის რეგისტრებში ჩანაწერის შეტანის საფუძველია პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები, რომლებიც აღნუსხავენ სამეურნეო ოპერაციის მოხდენის ფაქტს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შემოწმების ჩამტარებელმა აუდიტორმა პ------- ყ-------მ დაადასტურა, რომ შ-- ,,ვ----ს’’ შესამოწმებელ პერიოდში დირექტორზე იყო გაცემული საქვეანგარიშო თანხები, რომელიც ვალდებული იყო ასევე თანხების დაბრუნებაზე. ასევე დადასტურებულ იქნა, რომ ბუღალტერი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა მისთვის წარდგენილი დოკუმენტების ფარგლებში. თუ ბუღალტერს არ წარედგინებოდა შესაბამისი პირის მიერ საბუღალტრო დოკუმენტი, ბუღალტერი ვერ შეძლებდა აღრიცხვას ამის გარეშე. აუდიტორმა ასევე განმარტა, რომ ბუღალტერს თუ არ ექნებოდა წვდომა ბანკთან ანუ ფაქსიმილიის არარსებობის შემთხვევაში, იგი ვერ შეძლებდა ფულადი მოძრაობის/ბრუნვების შესახებ ინფორმაციების მიღებას ბანკიდან და თუ არ ექნებოდა უფლებამოსილება საბანკო ოპერაციებთან, მაშინ მისთვის უნდა უზრუნველეყო საბანკო ინფორმაციის გადაცემა დირექტორს. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ე-–------- ბ----------ს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნდა.
მანვე განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმების დროსაც შემმოწმებლისათვის დამატებითი დოკუმენტები არ წარუდგენიათ. თვით შ-- „ვ----ს“ დირექტორმა ი-----–- მ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ე-–------- ბ----------- შ-- „ვ----სთან“ ერთად, მომსახურებას უწევდა სხვადასხვა საწარმოებს და ის ანგარიშგებას აწარმოებდა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ის გარემოება, რომ წარდგენილი დოკუმენტებიდან ე-–------- ბ----------მა არ განახორციელა რომელიმე დოკუმენტის ასახვა საქმის მასალებით არ დადასტურდა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ იქნა ის რომელიმე კონკრეტული მტკიცებულება რომელმაც ასახვა ვერ ჰპოვა ბუღალტრის ანგარიშგებაში და შემდგომ გამოწვია არასწორი ანგარიშგება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 2006 წლის 1 იანვრიდან 2012 წლამდე პერიოდს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდება რომ ალტერნატიული საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების საფუძველი სწორედ ე-–------- ბ-----------ს შ-- „ვ----ში“ მუშაობის პერიოდში დაშვებული არასწორი აღრიცხვაა.
სასამართლომ ყურადღებას მიაქცია ალტერნატიული აუდიტორის ნ.ხ------–ის 2014 წლის 28 აპრილის აუდიტორულ დასკვნაზე და შ-- „ვ----ს“ ბუღალტრის ლ.ზ-----ის 2004-2005 წლის შემოწმების დასკვნაზრ. 2014 წლის 28 აპრილის დასკვნაში 2006 წლის 01 იანვრისთვის არსებულ საქვეანგარიშო თანხად მითითებულია 22082,10 ლარი, მაშინ როდესაც ზუსტად იმავე პერიოდზე შ-- ,,ვ----’’-ს ბუღალტრის ლ. ზ-----ის დასკვნაში 2006 წლის 01 იანვრისთვის არსებული საქვეანგარიშო თანხად მითითებულია 22 810,18 ლარი. ამდენად ამ დასკვნებში ციფრები არ ემთხვევა ერთმანეთს და არის შეუსაბამო. შესაბამისად, ამ დოკუმენტებზე მითითებით იმის მტკიცება, რომ ე-–------- ბ-----------ს მიერ დაშვებული იქნა შეცდომა სასამართლომ არ გაიზიარა.
ამდენად, მოსარჩელემ მტკიცებულება, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა ე-–------- ბ-----------ს მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტს ვერ წარმოადგინა. მარტოოდენ იმაზე მითითება, რომ მოპასუხის მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა და ამ შეცდომის გამო მას დაეკისრა საგადასახადო ვალდებულებები არ არის საფუძველი იმისა, რომ მოპასუხეს მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის ბრალეულობა, ჩადენილი შეცდომა და არ დასტურდება ასევე რეალურად რა გახდა საფუძველი და ვისი ქმედების შედეგად მოხდა მოსარჩელეზე საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება.
ვინაიდან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ადასტურებენ ე-–------- ბ-----------ს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, მიზეზობრივ კავშირს ქმედებას და მოსარჩელის მიმართ მიყენებულ ზიანს შორის სარჩელი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია რომ მოსარჩელემ აუდიტორული შემოწმების შედეგად 2012 წელს შეიტყო რომ არსებობდა სხვაობა შემოწმების შედეგად მიღებულ მონაცემსა და გადამხდელის, ანუ მოსარჩელის მიერ საგადასახდო ინსპექციაში დეკლარირებულ გადასახადს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დინება უნდა დაიწყოს 2012 წლიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული, ამიტომ ამ მოტივით არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ დაადგინა საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, დადგენილ გარემოებებს კი არ მისცა სათანადო შეფასება. აპელანტის მითითებით სასამართლოს უნდა დაედგინა არა მხოლოდ მოპასუხის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის დაწყების, არამედ დამთავრების პერიოდიც, რადგან აღნიშნულ ფაქტს არსებითი მნიშვნელობა გააჩნია მოპასუხის ვალდებულების განსაზღვრისა და მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სწორი კვალიფიკაციისთვის. აპელანტის განმარტებით მოსარჩელე საზოგადოებაში მოპასუხე მხარე დასაქმებული იყო 2003 წლიდან 2007 წლამდე პერიოდში, მის მოვალეობას ბუღალტრული დოკუმენტების წარმოება წარმოადგენდა. აპელანტის განმარტებით მოპასუხემ დაარღვია ბუღალტრული დოკუმენტების კანონის შესაბამისად წარმოების ვალდებულება, რითაც ზიანი მიაყენა საზოგადოებას.
3.2. აპელანტის განმარტებით მოპასუხე მხარემ, რომელიც დასაქმებული იყო მოსარჩელე საზოგადოებაში ბუღალტრის თანამდებობაზე, საბუღალტრო დოკუმენტაცია უკანონოდ აწარმოა, რა დროსაც უკანონოდ გაწერა საქვეანგარიშო თანხა, რომელმაც თავის მხრივ ასახვა ჰპოვა საბუღალტრო დოკუმენტაციებში და საბოლოოდ საზოგადოების დაჯარიმება გამოიწვია.
აპელანტის განმარტებით ბუღალტერს საქვეანგარიშო თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოეწერა თუ მას შესაბამისი დოკუმენტი - თანხის გასავლის ორდერი წარედგინებოდა. ისეთი დაშვების შემთხვევაში, თუ ბუღალტერს კომპანიის თანხებთან წვდომის უფლება თავად არ ჰქონდა, მისთვის კომპანიის გასავლის ორდერი ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის უფლების მქონე პირს უნდა გადაეცა, რაც თავის მხრივ გახდებოდა საფუძველი საქვეანგარიშო თანხის ბუღალტრულად გაწერისა. აპელანტის მითითებით იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა არც გასავლის ორდერი და არც იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საქვენგარიშო თანხის გაწერამდე ბუღალტერს ფინანსური ინფორმაცია ამ ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილმა პირმა მიაწოდა, სასამართლოს დადასტურებულად უნდა მიეჩნია, რომ საქვეანგარიშო თანხის გაწერისას ბუღალტერმა თვითნებურად იმოქმედა და ამ ქმედებით კომპანიას ზიანი მიაყენა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შ-- ,,ვ----’’ მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 14.08.1995 წლიდან.
- შ-- ,,ვ----ს’’ დირექტორის 2003 წლის 28 ივნისის ბრძანებით ე-–------- ბ----------- 2003 წლის 01 ივლისიდან ბუღალტრის თანამდებობაზე დაინიშნა, უდავოა, რომ ეს უკანასკნელი შ-- ,,ვ----ში’’ ბუღალტრის უფლება-მოვალეობებს 2003 წლის 01 ივლისიდან 2007 წლის 01 ოქტომბრამდე ასრულებდა.
- 2014 წლის 17 ივლისს შ-- ,,ვ----მ’’ სარჩელი აღძრა ე-–------- ბ-----------ს წინააღმდეგ ამ უკანასკნელისთვის 53 540 ლარის და 12 884 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრების მოთხოვნით. თანხის დაკისრების საფუძვლად მოსარჩელე მხარემ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მოპასუხემ როგორც საზოგადოების ბუღალტერმა დაარღვია საბუღალტრო საქმიანობის გულისხმიერად შესრულების მოვალეობა და ბუღალტრულ დოკუმენტებში საქვეანგარიშო თანხა ნაცვლად რეალური 22 810.18 ლარისა 112 000 ლარი მიუთითა, აღნიშნული ქმედება კი საფუძვლად დაედო შემოსავლების სამსახურის მხრიდან საზოგადოების 53 540 ლარით დაჯარიმებას. ამასთან, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ ძირითადი გადასახადის და საურავის სახით დარიცხული თანხა კომპანიამ ბანკიდან აღებული კრედიტით დაფარა, მოპასუხეს საზოგადოების მხრიდან საგადასახადო ორგანოსთვის გადახდილ თანხასთან ერთად წარმოეშვა საბანკო კრედიტით სარგებლობისთვის გათვალისწინებული წლიური საპროცენტო სარგებელის ანაზღაურების ვალდებულებაც.
- 2015 წლის 02 თებერვლის ხელშეკრულებით (მოთხოვნის დათმობის შესახებ) შ-- ,,ვ----მ’’ 2014 წლის 17 ივლისს ე-–------- ბ-----------ს წინააღმდეგ აღძრული სარჩელის მოთხოვნა ამ უკანასკნელისთვის 53 540 ლარის და 12 884 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ ამავე საზოგადოების დირექტორს და 51 %იანი წილის მფლობელ პარტნიორს ი-----–- მ-------–---–ს დაუთმო.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განჩინებით ი-----–- მ-------–---–- ცნობილი იქნა შ-- ,,ვ----ს’’ უფლებამონაცვლედ.
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით მ--- და თ----- მ-------–---–ები ცნობილ იქნენ ი-----–- მ-------–---–-ს უფლებამონაცვლეებად.
4.1.2. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლი (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
ამ მიმართებით სააპელაციო პალატა უწინარესად ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ არც მოსარჩელე აპელანტს და არც მოპასუხე მოწინააღმდეგე მხარეს 2003 წლის 01 ივლისიდან 2007 წლის 01 ოქტომბრამდე შ-- ,,ვ----სთან’’ ე-–------- ბ-----------ს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნის ფაქტი სადავოდ არ გაუხდიათ. (იხ.21.01.2020წ. სხდომის ოქმი15:52:46-15:52-51) სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის გადაწყვეტისათვის სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით იხელმძღვანელა, რაც, პალატის მოსაზრებით, არასწორია, რადგან ზიანი, რასაც მოსარჩელე მხარე მოპასუხეს ედავება სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესშია წარმოშობილი და არ სცილდება სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელე მოპასუხე მხარეს საბუღალტრო დოკუმენტაციის არასწორად წარმოებისთვის ედავება. საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება კი, ბუღალტრის ძირითად სახელშეკრულებო მოვალეობას წარმოადგენდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის რომ არ ყოფილიყო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, ამ ურთიერთობის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მოპასუხე მოსარჩელეს ზიანს ვერ მიაყენებდა. შესაბამისად, დელიქტის მარეგულირებელი ნორმებით დაზარალებული მხარის ინტერესის დაცვა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ დარღვევა არასახელშეკრულებო ხასიათის იქნებოდა. სახელშეკრულებო მოვალეობის შესრულებისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების დარღვევისათვის კი, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნის საფუძვლები გამოიყენება, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების (სსკ-ის 394-ე მუხლი).
4.1.2. სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ე-–------- ბ-----------ს მიერ შ-- ,,ვ----სთვის’’ ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2003-2007 წლებში მასთან ბუღალტრის თანამდებობაზე დასაქმებული პირისთვის 53 540 ლარის და 12 884 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება, თანხის დაკისრების საფუძვლად მოსარჩელე მხარე იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ მოპასუხემ მოსარჩელე საზოგადოებაში ბუღალტრად მუშაობის პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვის სწორად და სრულყოფილად წარმოების ვალდებულება დაარღვია. კერძოდ, ბუღალტრული დოკუმენტების წარმოებისას საქვეანგარიშო თანხა ნაცვლად 22 810.18 ლარისა, 89 189.82 ლარით მეტი, ანუ 112 000 ლარი გაატარა, რაც საფუძვლად დაედო საგადასახადო ორგანოების მხრიდან მოსარჩელე საზოგადოების 53 540 ლარით დაჯარიმებას. ჯარიმის სახით დარიცხული 53 540 ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის მიზნით კი საზოგადოების თანხის სესხად აღება მოუწია, რისთვისაც კრედიტორ დაწესებულებას 12 884 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით პროცენტი გადაუხადა.
სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა ფაქტების დამტკიცება მასზედ, რომ 1. მოპასუხემ მასზე დაკისრებული ვალდებულება - საბუღალტრო საქმის სწორად და სრულყოფილად წარმოების შესახებ არაჯეროვნად შეასრულა, რა დროსაც საზოგადოების ფინანსურ დოკუმენტებში საქვეანგარიშო თანხა 89 189,82 ლარის მეტობით მიუთითა და 2. მოპასუხის აღნიშნულმა ქმედებამ საზოგადოებას 53 540 ლარის და 12 884 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა.
4.1.3. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარემ მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სამტკიცებლად 2012 წლის 22 ივნისის ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტზე, შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 10 ივლისის ბრძანებაზე, ამავე სამსახურის 2012 წლის 10 ივლისის გადასახადო მოთხოვნაზე, 2012 წლის 24 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებაზე, აუდიტორულ და ბუღალტრულ დასკვნებზე მიუთითა.
სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს თითოეულ მათგანზე გაამახვილოს ყურადღება. საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 22 ივნისის ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტორული დეპარტამენტის შეტყობინების, რომელიც შ-- ,,ვ----ს’’ საქმიანობის გასვლით საგადასახადო შემოწმებას შეეხებოდა და 2012 წლის 07 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელმა პირმა პ------- ყ-------მ ალტერნატიული საგადასახადო აუდიტორული შემოწმება განახორციელა. აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდს 2006 წლის 01 იანვრიდან 2012 წლის 02 აპრილის ჩათვლით პერიოდი წარმოადგენდა. საზოგადოების აუდიტორულ შემოწმებაში მონაწილეობას იღებდნენ და ახსნა-განმარტებებს იძლეოდნენ საზოგადოების დირექტორი - ი-----–- მ-------–---–- და ბუღალტერი - გიორგი ჩაგელიშვილი. ამ დოკუმენტის შესავალი ნაწილის 1.2 პუნქტით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორს ი-----–- მ-------–---–- წარმოადგენდა, 2006 წლის 01 იანვრიდან 2007 წლის 01 ოქტომბრამდე ბუღალტერი იყო ე-–------- ბ-----------, 2007 წლის 01 ოქტომბრიდან 2010 წლის 01 ნოემბრამდე - მარინა ტრაპაიძე, ხოლო 2010 წლის 01 ნოემბრიდან - გიორგი ჩაგელიშვილი.
დოკუმენტის 1.7. პუნქტის თანახმად საწარმოს მიერ წარდგენილი მონაცემებით 2006 წლის 01 იანვრის მდგომარეობით დებიტორული დავალიანება შედგენდა 112 000 ლარს, ხოლო კრედიტორული დავალიანება 133 373.20 ლარს, 2012 წლის 01 აპრილის მდგომარეობით დებიტორული დავალიანება შეადგენდა - 46 427.81 ლარს, ხოლო კრედიტორული დავალიანება - 30 083.63 ლარს. ალტერნატიული შემოწმების აქტის ძირითადი ნაწილიდან ირკვევა, რომ 2006 წლის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები დეკლარირებული იყო - 6162,51 ლარი, ხოლო გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი - 671,45 ლარი, შემოწმებით 2006 წლის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები შეადგენდა - 37 185,20 ლარს, ხოლო გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი - 4394.17 ლარს, ანუ დეკლარირებული იყო - 3722.72 ლარით ნაკლები. 2007 წლის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი მონაცემები დეკლარირებული იყო - 4638,27 ლარით ნაკლები. 8424,43 ლარით ნაკლები იყო დეკლარირებული 2008 წლის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემებიც, ნაკლებობით იყო ასევე დეკლარირებული 2011-2012 წლების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემებიც.
ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი პირი - პ------- ყ------- დაიკითხა, რომელმაც დასმული შეკითხვის ფარგლებში განმარტა, რომ საქვეანგარიშო თანხა სალაროდან მიღებული ნაღდი ფულია, რომელიც კონკრეტული მიზნით გაიცემა, მაგალითად საზოგადოების სხვადასხვა საჭიროებისთვის, ნივთების შესაძენად და ა. შ., შესამოწმებლ პერიოდში საზოგადოების სალაროდან საქვეანგარიშო თანხები გაცემული იყო მხოლოდ საზოგადოების დირექტორის სასარგებლოდ. მისი განმარტებით, იმისათვის, რომ ბუღალტერმა ფინანსური დოკუმენტები აწარმოოს და მათ შორის საქვეანგარიშო თანხა გაატაროს მას გასატარებელი თანხის შესახებ შესაბამისი დოკუმენტიც უნდა წარედგინოს, პ------- ყ-------ს მითითებით ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების დროს (აღსანიშნავია, რომ ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება 2012 წელს განხორციელდა) რომ დადგენილიყო ბუღალტრის მხრიდან თანხის არასწორად გატარების ფაქტი, სწორად გასატარებელი თანხის შესახებ მისთვის შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, ის თავად უზრუნველყოფდა გასატარებელი თანხის სწორ ოდენობამდე კორექტირებას. (05.12.2014წ. 17:59:48-17:59:56) კითხვაზე საქვეანგარიშო თანხის არარსებობის პირობებში ასეთი თანხის გატარება იქნებოდა თუ არა ბუღალტრის პასუხისმგებლობის საფუძველი, პ------- ყ-------მ განმარტა, რომ თუ არ იქნებოდა შესაბამისი დოკუმენტი საქვეანგარიშო თანხის გაცემის შესახებ ბუღალტერი საქვეანგარიშო თანხის გატარებას ვერ შეძლებდა. (იხ. 05.12.2014წ. 18:01:41-18:01:50)
საქმეში წარმოდგენილი ალტერნატიული აუდიტორის ნ. ხ------–ის 2014 წლის 28 აპრილის აუდიტორული დასკვნით ირკვევა, რომ 2006 წლის 01 იანვრისთვის მდგომარეობით შ-- ,,ვ----ს’’ საქვეანგარიშო თანხა 22 082.10 ლარს შეადგენდა. შ-- ,,ვ----ს’’ ბუღალტრის მიერ 2004 და 2005 წლების საბუღალტრო შემოწმების დასკვნაში კი მითითებულია, რომ 2006 წლის 01 იანვრისთვის საზოგადოების საქვეანგარიშო თანხის ნაშთი 22 810.18 ლარს შეადგენდა.
სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ხაზგასმით შენიშნოს, რომ მართალია, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა 2012 წლის 10 ივლისის #2--- ბრძანება გამოსცა, რომლის საფუძველზეც შ-- ,,ვ----ს’’ მიმართ საგადასახადო მოთხოვნა #0------ გამოიცა, რომლითაც ამ უკანასკნელს გადასახდელად 50 866.06 ლარი დაერიცხა, საიდანაც გადასახადის ძირითად თანხას 29 107 ლარი, ხოლო საურავს 21 759.06 ლარი შეადგენდა, თუმცა სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით საკმარისი არ არის მხოლოდ იმ ფაქტების დადგენა, რომ შ-- ,,ვ----’’ ამ საზოგადოებაში მათ შორის მოპასუხის ბუღალტრად მუშაობის პერიოდისთვის (2006-2007წწ.) ფინანსური მონაცემების არასწორად მითითებისთვის დაჯარიმდა, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია იმის გარკვევა შემოსავლების სამსახურის მხრიდან შ-- ,,ვ----ს’’ მიმართ 2012 წლის 10 ივლისს საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა გადასახადის ძირითად თანხაზე და საურავზე განაპირობა თუ არა ე-–------- ბ-----------ს მიერ საბუღალტრო საქმის არასწორად შესრულებამ.
ამ მიმართებით პალატა უწინარესად ყურადღებას მიაპყრობს ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტზე, საიდანაც ირკვევა, რომ 2006-2012 წლებში საზოგადოების ფინანსური მონაცემები ცდომილებით იწარმოებოდა. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ არც აღნიშნული ფაქტი და არც ის გარემოება რომ, რომ არა ე-–------- ბ-----------ს მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის დარღვევა, საზოგადოებას როგორც ძირითადი საგადასახადო თანხა, ასევე საურავი მაინც დაერიცხებოდა მოსარჩელე აპელანტებს სადავოდ არ გაუხდიათ. (იხ. 21.01.2020წ. 15:24:40-15:24:46) ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების პერიოდი 2006 წლის 01 იანვრიდან 2012 წლის 02 აპრილის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა, უდავოა ასევე, რომ შესამოწმებელ პერიოდში მოპასუხე მხარე შ-- ,,ვ----ში’’ 2006 წლის 01 იანვრიდან 2007 წლის 01 ოქტომბრამდე მუშაობდა, უფრო მეტიც, სადავო არ ხდება ფაქტი მასზედ, რომ საზოგადოება მთლიანი შესამოწმებელი პერიოდის მანძილზე ფინანსურ დოკუმენტებს ცდომილებით აწარმოებდა და რომ არა ე-–------- ბ-----------ს მიერ მისი მოვალეობის დარღვევა საზოგადოებას შემოსავლების სამსახურის მხრიდან როგორც გადასახადის ძირითადი თანხა, ასევე საურავიც აუცილებლად დაერიცხებოდა, სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით ფაქტები მასზედ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 2012 წლის 10 ივლისს საზოგადოების მიმართ სადავო თანხაზე საგადასახადო მოთხოვნის გამოწერა საზოგადოებაში ე-–------- ბ-----------ს საქმიანობის პერიოდისთვის და ამ უკანასკნელის როგორც ბუღალტრის მიერ ფინანსური დოკუმენტების არასწორად წარმოების საფუძველზე მოხდა, მოსარჩელე აპელანტს სარწმუნოდ და დამაჯერებლად უნდა დაედასტურებინა. საგულისხმოა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარემ მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურების მიზნით ალტერნატიულ საგადასახადო შემოწმების აქტზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანებაზე, გამოწერილ საგადასახადო მოთხოვნაზე, ასევე აუდიტორულ და ბუღალტრულ დასკვნებზე მიუთითა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავო გარემოების დადასტურების მიზნით წარმოდგენილი არც ერთი ზემოთ დასახელებული მტკიცებულებით არც ცალ-ცალკე და არც მათი ერთობლიობაში შეფასების შედეგად არ დგინდება დავის გადაწყვეტისთვის უმნიშვნელოვანესი გარემოება მასზედ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 2012 წლის 10 ივლისს შ-- ,,ვ----ს’’ მიმართ გადასახადის ძირითადი თანხის და საურავის გადასახდელად დარიცხვა ე-–------- ბ-----------ს მიერ საქვეანგარიშო თანხის 89 189,82 ლარის მეტობით გატარებას მოჰყვა. უფრო მეტიც, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ის ფაქტიც კი არ დასტურდება, რომ 2016 წლის 01 იანვრის მდგომარეობით საზოგადოების საქვეანგარიშო თანხა 22 810,18 ლარს შეადგენდა, ე-–------- ბ----------მა კი ფინანსური დოკუმენტების წარმოებისას კომპანიის საქვეანგარიშო თანხა ნაცვლად არსებული 22 810,18 ლარისა 112 000 ლარი მიუთითა. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნეული ვერ იქნება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო დასკვნა, სადაც საზოგადოების ბუღალტრის მიერ საზოგადოების საქვეანგარიშო თანხად მითითებულია მოსარჩელის მიერ დასახელებული 22 810,18 ლარი, რადგან აღნიშნული დოკუმენტი წინააღმდეგობაშია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ აუდიტორულ დასკვნასთან, სადაც აუდიტორის მიერ მითითებულია, რომ 2006 წლის 01 იანვრის მდგომარეობით საქვეანგარიშო თანხა 22 082,10 ლარს შეადგენდა. უფრო მეტიც, მხედველობაშია მისაღები, რომ ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტში (საგულისხმოა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სწორედ აღნიშნული აქტის საფუძველზე მოხდა მოსარჩელე საზოგადოების მიმართ გადასახადის ძირითადი თანხის და საურავის გამოწერა) არსად არ არის მითითება მასზედ, რომ ე-–------- ბ----------მა საქვეანგარიშო თანხა ნაცვლად 22 810,18 ლარისა 112 000 ლარი არასწორად მიუთითა და ზუსტად ამ დარღვევამ განაპირობა საზოგადოების მიმართ სადავო გადასახდელის დარიცხვა. ალტერნატიული შემოწმების აქტში 112 000 ლართან დაკავშირებით მითითებულია, რომ 2006 წლის 01 იანვრის მდგომარეობით საწარმოს ამ ოდენობის დებიტორული დავალიანება გააჩნდა. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით გასათვალისწინებელია ასევე ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი პირის პ------- ყ-------ს ახსნა-განმარტებაც, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში თუ ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განხორციელების დროს (2012 წელს) საზოგადოების მხრიდან მითითებული იქნებოდა საქვეანგარიშო თანხის ცდომილებით გატარების შესახებ და მოხდებოდა ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის მისთვის მიწოდება, ის თავად უზრუნველყოფდა ბუღალტრის მიერ დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრას. საინტერესოა ასევე ამ უკანასკნელის მითითება მასზედ, რომ თუ ბუღალტერს არ ექნებოდა დოკუმენტი საზოგადოებიდან კონკრეტული ოდენობის ფინანსების გასვლის შესახებ ის თანხის გატარებას ვერ შეძლებდა. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი მტკიცებულება, რაც საზოგადოების ფინანსების შესახებ ბუღალტრის მიერ დოკუმენტების დამოუკიდებლად მიღების ფაქტს დაადასტურებდა. პირიქით სადავო არ გამხდარა ფაქტი მასზედ, რომ ე-–------- ბ----------- საბუღალტრო საქმიანობას საზოგადოების დირექტორის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ახორციელებდა. ამრიგად, საზოგადოებაში ბუღალტრული დოკუმენტების წარმოების პრინციპის, რომლის მიხედვითაც ბუღალტერი ფინანსურ დოკუმენტებს მისთვის მიწოდებული დოკუმენტების საფუძველზე ახორციელებდა და მას დამოუკიდებლად ფინანსურ დოკუმენტების მოპოვების უფლებამოსილება არ გააჩნდა, ასევე ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი პირის განმარტების მხედველობაში მიღებით, რომ ბუღალტერი საქვეანგარიშო თანხის გატარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა თუ მას გასატარებელი თანხის შესახებ შესაბამისი ფინანსური დოკუმენტი ექნებოდა, ბუღალტრის მიერ საქვეანგარიშო თანხის გატარებასთან ერთობლიობაში საწინააღმდეგოს სარწმუნოდ დადასტურებამდე იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ბუღალტერმა საქვეანგარიშო თანხა მისი უფლება-მოვალეობის შესრულების ფარგლებში სწორად გაატარა.
საბოლოოდ, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მხარემ მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, მან არათუ მოპასუხის მიერ საქვეანგარიშო თანხის არასწორად მითითების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი, საქვეანგარიშო თანხის არასწორად მითითების ფაქტიც კი ვერ დაადასტურა, შესაბამისად, სასამართლოს ვერ შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ 2012 წლის 10 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ შ-- ,,ვ----ს’’ მიმართ გადასახდელის დარიცხვის შესახებ ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის საფუძველს ე-–------- ბ-----------ს მიერ საქვეანგარიშო თანხის არასწორად მითითება წარმოადგენდა. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასკვნები პირდაპირ გამორიცხავს საბანკო კრედიტზე სარგებლის სახით დარიცხული მოთხოვნის შესახებ სარჩელის და შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. აპელანტები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ--- მ-------–---–-ს და თ----- მ-------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი /