განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2020
საქმის ნომერი
330100115972022
ინსტანცია
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115972022

საქმე №1ბ/157-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ

 

სოფიკო კაპანაძის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ-------------ის

მსჯავრდებულის: დ----------------ს

ადვოკატების: ი-----–--------ს, კ--------------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ დ----------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ--------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): დ----------------ს, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------–---------------------–----------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----------------მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ინდივიდუალური მეწარმე „დ----------------“ (ს/ნ 0----------) რეგისტრირებულია 2003 წლის 22 აგვისტოს. მისი იურიდიული მისამართია - ქ-------–-----–-----------–---–-------------, ხოლო ფაქტობრივი მისამართია - ქ-------–--------------–-------–----------------. ინდივიდუალურ მეწარმე „დ----------------“-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა შაქრისა და ბურღულეულის (ბრინჯი, წიწიბურა) საბითუმო შეძენა, შეფუთვა და რეალიზაცია. მას, როგორც მეწარმეს, ევალებოდა გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, დ----------------მ განზრახ აარიდა თავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2013 წლის 4 ოქტომბრიდან 2014 წლის 11 აპრილამდე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა ინდივიდუალური მეწარმე „დ----------------“-ს გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელიც მოიცავდა 2008 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აგვისტომდე არსებულ საანგარიშო პერიოდს.

 

2014 წლის 11 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტით ინდივიდუალურ მეწარმე „დ----------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 287.643 (ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 190.004 (ას ოთხმოცდაათი ათას ოთხი) ლარი. აღნიშნული აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 აპრილის №2---- ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 17 აპრილს გაიცა საგადასახადო მოთხოვნა №2----, რომლის თანახმადაც, ინდივიდუალურ მეწარმე „დ----------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 287.643 (ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 190.004 (ას ოთხმოცდაათი ათას ოთხი) ლარი, რასაც საკუთარ ვებ-გვერდზე გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2014 წლის 25 აპრილს.

 

2014 წლის 16 მაისს, აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა დ----------------ს მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2014 წლის 11 ივნისის №29660 ბრძანებით, გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გადამხდელი გაეცნო 2014 წლის 3 ივლისს.

 

2014 წლის 23 ივლისს, ინდივიდუალური მეწარმე „დ----------------“-ს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებულ იქნა ზემოხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი. აღნიშნული გადაწყვეტილება 2015 წლის 9 იანვარს, ხელზე ჩაბარდა ინდივიდუალურ მეწარმე „დ----------------“-ს წარმომადგენელს - ზ------------–--ს, რომელმაც იმავე დღეს გადასცა დ----------------ს. მიუხედავად აღნიშნულისა, კანონით გათვალისწინებული 45 დღის ვადაში დ----------------მ არ გადაიხადა შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადები - 190.004 (ას ოთხმოცდაათი ათას ოთხი) ლარი და განზრახ აარიდა თავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენით:

 

დ---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ დ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების მომენტიდან - 2018 წლის 10 დეკემბრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----------------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ--------------მ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო დ----------------ს მიმართ გამოტანილი, ზემოხსენებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო პალატის სხდომაზე, დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა დ----------------სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. კერძოდ, საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ----------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ----------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად, პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, კერძოდ, ბრალდებულ დ----------------სა და მოწმეთა დაკითხვის ოქმების, 2014 წლის 11 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტის, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 აპრილის №2---- ბრძანების და დანართის, 2014 წლის 17 აპრილის #2---- საგადასახადო მოთხოვნის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის წერილების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის წერილის, შემოსავლების სამსახურის №29660 ბრძანების დ----------------ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების, ოქმის გასაუბრების შესახებ და სხვა მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ----------------მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას, მსჯავრდებულ დ----------------სათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, პირობითად ჩათვლის თაობაზე. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან....“. ამავე დროს, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ დ----------------მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს დ----------------ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (დ----------------მ ჩაიდინა განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ფინანსურ/საგადასახადო სისტემას, მის ეფექტურად ფუნქციონირებას და ზიანს აყენებს მას), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, დამდგარ შედეგს (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი მიადგა სახელმწიფოს ფინანსურ/საგადასახადო სისტემას), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/გადასახადი გადაუხდელობით ფინანსური სარგებლის მიღება). ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ----------------ს მიმართ არ უნდა გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლებამოსილება, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ----------------სათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა (სანქციის მინიმუმი) სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დ----------------ს მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დ----------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ--------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დ----------------ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

დ---------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ დ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 10 დეკემბრიდან;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე