განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002931626
საქმე №1ბ/1930-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - ნადეჟდა მარანელი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-----–------–-;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - მ--------------–--- (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: აბ-–--------------------–-------–---------------------–----------------–--–--------------–---------------ში);
ადვოკატი - გ----------------;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
სასჯელი: ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2015 წლის 17 ნოემბერს და 2015 წლის 28 დეკემბერს, შპს „თ-------------ის“ ყოფილმა დირექტორმა მ--------------–--მა, შპს „თ-------------ისთვის“ ჩასარიცხი საიჯარო ქირის თანხა - 33 146 ლარის ოდენობით, კომპანია შპს „კ-----------------–--ს“, მოტყუებით, თავის კუთვნილ კომპანიაში - შპს „თ------------ გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის გამომცემლის“, სს „ს----------–---------ს“ ანგარიშზე ეტაპობრივად გადაარიცხინა. 2015 წლის 17 ნოემბრიდან - იმავე წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, მ--------------–--მა ძველი თბილისის რაიონში, აბაშაში და სამტრედიაში განთავსებული სს „ს----------–---------ს“ ბანკომატებიდან ზემოხსენებული თანხა გაანაღდა, თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნულმა ქმედებამ 33 146 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:
მ--------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორმა ნ-----–------–მა და ითხოვა მისი შეცვლა.
3. მხარეთა პოზიციები:
ბრალდების მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის დამძიმების კუთხით, ვინაიდან მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დანაშაულის მომეტებული საფრთხე. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ამავე დროს მის მიერ მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული. ამდენად, მსჯავრდებულს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასამართლო არ დაუნიშნავს სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები. სწორედ ამ გარემოებების გამო ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მ--------------–---ს მიმართ შეფარდებული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით.
დაცვის მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, ხოლო გამოყენებული სასჯელი - სამართლიანი, რისი გათვალისწინებით, უნდა დარჩეს უცვლელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
4. სასამართლოს შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მ--------------–---ს ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: გ---------–---–----------------------------------------–--------------------------------------------–----–---–ის, დაზარალებულ შპს „კ-----------------–--ის“ წარმომადგენლის - თ------------ის, ბრალდებულ მ--------------–---ს გამოკითხვის ოქმებით; სს „ს----------–---------დან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები; გამოთხოვილი ინფორმაციით; შპს „თ------------ საქართველოს რესპუბლიკის გამომცემლის“ ანგარიშის ამონაწერები; შპს „კ-----------------–--ის“ ბუღალტრის - ი--------------ის მეილიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი; მ--------–--თან არსებული მიმოწერების თაობაზე, სს „თ-----------დან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი; გამოთხოვილი შპს „კ-----------------–--ის“ ანგარიშის თაობაზე, ნოტარიუს თინათინ დევდარიანის სანოტარო ბიუროდან გამოთხოვილი დოკუმენტები; სს „ს----------–---------დან“ ამოღებული მ--------–--ის მიერ შპს „თ------------ საქართველოს რესპუბლიკის გამომცემლის“ ანგარიშიდან გატანილი თანხების სალაროს გასავლის ორდერები და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებები, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული სასამართლოს მიერ და პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მ--------------–--მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილია დამნაშავედ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია სწორედ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მ--------------–--მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორის დანაშაული), მსჯავრდებულის პიროვნებას და მის წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის პიროვნების ან/და მისი წარსულის უარყოფითად შფასების შესაძლებლობას არ იძლევა) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მ--------------–--ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას (ზოგადი და კერძო პრევენციული მიზანი) და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას (იქნება დამაფიქრებელი მისი ქმედების შედეგებზე, აღძრავს მასში სინანულს ჩადენილის გამო და ხელს შეუწყობს მის საზოგადოებაში ღირსეულად რეინტეგრაციას).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----–------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
მ--------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ--------------–---ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია.
ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი