განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.12.2019
საქმის ნომერი
330210019002876947
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210019002876947

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

23 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/7717-19

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ნ----------–- ჯ----–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ--–---- კ--------

წარმომადგენელი - გ------- გ---–-------

 

დავის საგანი - მატერიალური ზიანის, მორალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ნ----------–- ჯ----–---–ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 14 აპრილს ნ----------–- ჯ----–---–სა და მ--–---- კ--------ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის შეესრულებინა სამღებრო ე.წ. ‘’სამალიარო‘’ სამუშაოები, რაც შეთანხმების თანახმად მოიცავდა: სრულ სამალიარო სამუშაოებს, შპალერის გაკვრას, გაშპაკვლას, ჭერის შეღებვას, კარ-ფანჯრის შეღებვას, კარნიზების გაკვრას, კაფელ-მეტლახის დაგებას. მოპასუხის მიერ სამუშაოების ხარისხიანად შესრულების სანაცვლოდ, მოსარჩელეს ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადა სამუშაოების ჯამური ღირებულება 1400 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 500 ლარი ავანსის სახით სამუშაოების დაწყების დროს იქნა გადახდილი, ხოლო 900 ლარი მოსარჩელეს უნდა გადაეხადა სამუშაოების ხარისხიანად დასრულების შემდეგ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

2.1.2. დადგენილია, რომ სამუშაოების ნაწილი, კერძოდ, კი სანტექნიკური სამუშაოები შეასრულა - ს---–------ ს-------–---–მა. შეცვალა წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მილები, რომელიც მოსარჩელის მითითებით არ იქნა შეფუთული სათანადო წესით და კედლებში მოქცეული, საშხაპეში გაკეთდა ტრაპი, შესრულებულ სამუშაოში მოსარჩელემ ს---–------ ს-------–---–ს გადაუხადა - 200 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 24);

- ცნობა (ს.ფ.25);

- მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ფაქტების კონსტანტაციის მასალა (ს.ფ. 125-131);

 

2.1.3. დადგენილია, რომ დ----- ს------–---–ის მიერ აბაზანასა და სამზარეულოში დაიგო კაფელ-მეტლახის ფილები, რომელშიც მხარეთა შეთანხმების თანახმად მოსარჩელემ მ--–---- კ--------ს წინასწარ გადაუხადა - 250 ლარი, ხოლო დანარჩენი 400 ლარი უნდა აენაზღაურებინა სამუშაოს ხარისხიანად შესრულების შემდეგ. ზემოაღნიშნული თანხა, კაფელ-მეტლახის სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ ნ----------–- ჯ----–---–მა გადაუხადა დ----- ს------–---–ს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობის ასლი (ს.ფ. 26, ს.ფ. 30);

- მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ფაქტების კონსტანტაციის მასალა (ს.ფ. 125-131).

 

2.1.4. დადგენილია, რომ ელექტრო გაყვანილობის სამუშაოები შესრულებულია - გ------- დ--------ს მიერ. 2017 წლის 22 აპრილს ნ----------–- ჯ----–---–მა გ------- დ--------ს შესრულებული სამუშაოსათვის გადაუხადა - 150 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობის ასლი (ს.ფ. 28);

- მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ფაქტების კონსტანტაციის მასალა (ს.ფ. 125-131);

 

2.1.5. დადგენილია, რომ დ----- ს------–---–ის მიერ გაკეთდა შეკიდული ჭერი, რაშიც მოსარჩელემ გადაიხადა - 100 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობის ასლი (ს.ფ. 29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ფაქტების კონსტანტაციის მასალა.

 

2.1.6. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არ იქნა შეღებილი სახლის კარ-ფანჯარა და აივნის მოაჯირები. ხოლო 2017 წლის 05 მაისს ნ----------–- ჯ----–---–მა მ--–---- კ--------ს შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებლად დარჩენილი 900 ლარიდან გადაუხადა 400 ლარი, იმ პირობით რომ იგი პატიოსნად და კეთილსინდისიერად იმუშავებდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობის ასლი (ს.ფ. 27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ფაქტების კონსტანტაციის მასალა.

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება მხარეთა მიერ შეთანხმებულ ხარისხს და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოთი მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების, მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტებითა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტანტაციის მასალებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებელია. კერძოდ, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულ იქნა როგორც პირადად მოპასუხის მიერ, ასევე მის მიერ კონკრეტული სამუშაოების შესრულებისათვის მიყვანილი მუშების მიერ. ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელის სურვილის გათვალისწინებით შესრულდა სანტექნიკური გაყვანილობები ისე, რომ არ დაიფარა წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მილები; აბაზანაში საშხაპის ადგილას გაკეთდა ტრაპი; დაიგო კაფელ-მეტლახი; გაიკრა შპალერი და შეკიდული ჭერი ასევე შეიღება ჭერი; გაკეთდა ელექტრო გაყვანილობა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახლის კარებებისა და ფანჯრების შეღებვისათვის საჭირო იყო დამატებითი სამუშაოების შესრულება, რაც მოიცავდა დამატებით ხარჯს, მოსარჩელის თანხმობით იგი არ იქნა შესრულებული (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები).

 

სასამართლოს კვლევის საგანია რამდენად შეესაბამება მოსარჩელის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. საქმეში წარმოდგენილ მხარეთა შორის 2017 წლის 14 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში განსაზღვრულია, რომ მოპასუხის მიერ სამუშაოს ხარისხიანად შესრულების შემდეგ მოხდებოდა შეთანხმებული საზღაურის სრულად გადახდა, თუმცა ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული, თუ რას მოიცავდა მოპასუხის მხრიდან სამუშაოს ხარისხიანი შესრულება და რა პირობების დაცვით ჩატარებული სამუშაო ჩაითვლებოდა მოსარჩელის მხრიდან სამუშაოს ხარისხიანად შესრულებად. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ აუდიტორული დასკვნა, ასევე ფაქტების კონსტანტაცია შედგენილია - 2018 წელს, ნარდობის ხელშეკრულების დადებიდან 1 წლის თავზე. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ამ დრომდე მოსარჩელეს ნივთის ნაკლთან მიმართებით მოპასუხის მისამართით რაიმე პრეტენზია აქვს წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტების მტკიცების ტვირთს მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხთან მიმართებით, რის გამოც შესრულებული სამუშაო მიჩნეულ იქნა უნაკლოდ.

 

2.2.2. მოსარჩელეს მორალური ზიანის სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელში ფაქტები და გარემოებები არ აქვს მითითებული.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმეთა ჩვენებები (იხ. სხდომის ოქმი);

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ფაქტების კონსტანტაციის მასალა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებით მოსარჩელესა და მოპასუხე შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც გარკვეული საზღაურის ანაზღაურების სანაცვლოდ მოპასუხემ იკისრა სარემონტო სამუშაოების შესრულების ვალდებულება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არასწორად უთითებს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ, იგი ითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით - 2000.67 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, რომელიც რეალურად წარმოადგენს იმ სარემონტო სამუშაოების ღირებულებას, რაც უნდა განხორცილდეს ნარდობის ობიექტში. სასამართლოს მსჯელობის საგანს კი წარმოადგენს ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული შესრულება, კერძოდ, შესრულებული სარემონტო სამუშაოები იყო თუ არა ნაკლის მქონე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 325-ე, 316-ე, 361-ე და 629-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას და მასზე უნდა გავრცელდეს ამ ურთიერთობისათვის კანონით გათვალისწინებული წესები. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე, 641-ე და 645-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ნარდობის ხელშეკრულება დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ჯეროვნად შესრულების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სამუშაოს ხარისხიანად შესრულება. ზოგადად, ვალდებულების შესრულების ხარისხი შეიძლება განსაზღვრული იყოს კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან გამომდინარეობდეს ვალდებულების არსიდან. ვალდებულების საგნის ხარისხი ხელშეკრულებითაა განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში მოქმედების ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მაშინ ვალდებულების შესრულების ხარისხთან მიმართებით გამოიყენება კანონით დადგენილი დანაწესები (საშუალო ხარისხი). ამდენად, ასეთ შემთხვევებში კრედიტორი ვერ მოითხოვს მოვალისაგან მაღალი ხარისხის ნივთის გადაცემას და თავის მხრივ, მოვალესაც არა აქვს უფლება, განახორციელოს საშუალო ხარისხზე დაბალი შესრულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო სარემონტო სამუშაოების შესრულება, თუმცა ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული, თუ რას მოიცავდა მოპასუხის მხრიდან სამუშაოს ხარისხიანი შესრულება და რა პირობების დაცვით ჩატარებული სამუშაო ჩაითვლებოდა მოსარჩელის მხრიდან სამუშაოს ხარისხიანად შესრულებად.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით ასევე დადგენილ იქნა, რომ სარემონტო სამუშაოები სრულდებოდა ეტაპობრივად და მოსარჩელესთან შეთანხმებით, მას შეეძლო თვალყური ედევნებინა და განეცხადებინა პრეტენზია დაუყოვნებლივ მის ხარისხთან დაკავშირებით, თუმცა მას ეს არ განუხორციელებია. მან სამუშაობის დასრულებიდან დაახლოებით 1 წლის თავზე განაცხადა პრეტენზია და სასამართლო სხდომაზე მიუთითა ისეთ ხარვეზებზე, რაც სამუშაოების დასრულების მომენტისათვისაც თვალნათელი იქნებოდა მისთვის, ამდენად, გაუგებარია ამ დროის განმავლობაში რატომ არ აცხადებდა ნივთის ნაკლის თაობაზე, თუ თვლიდა, რომ სამუშაო ხარვეზებით შესრულდა და ეს მასთან შეთანხმებული არ ყოფილა. მოსარჩელეს არც უარი განუცხადებია ხელშეკრულებაზე, მას ასევე შეეძლო იმ თანხით შეემცირებინა საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებდა ნაკეთობის ღირებულებას, შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შესრულებული სამუშაო არ წარმოადგენს ნაკლის მქონეს, რის გამოც არ არსებობს - 2000.67 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.

 

2.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის 2000.67 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილზე, 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე მუხლზე და განმარტა, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნულ მუხლში მოცემულია დელიქტური ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები, აღნიშნული ვალდებულებები წარმოიშობა დაზარალებულის სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისაკენ. მორალური ზიანი, გამოხატული დაზარალებულის ფიზიკურ ან სულიერ ტანჯვაში მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის გამო. პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა, რომ ზიანის მიმყენებლის მოქმედება იყოს ბრალეული ბრალის ფორმა არ ახდებს გავლენას კომპენსაციის ოდენობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს არათუ არ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების ფაქტს, არამედ არც მიუთითებია ასეთი ფაქტების შესახებ. ამასთან, რომც მიეთითებინა ამგვარი ფაქტები, კანონი არ ითვალისწინებს ნარდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მხარისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამდენად სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით - 2000.67 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულა და სსკ-ის 641-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ შესრულებული სამუშაო იმდენად უვარგისია, რომ საჭიროებს დანგრევას და ხელხლა გაკეთებას, რაც დასტურდება ფაქტების კონსტატაციის მასალებით, სურათებით, აუდიტის დასკვნით. აღნიშნული მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ კანალიზაციის მილის მონაკვეთი დაფარულია დუშის ქვესადგომით, თუმცა დუშის ხმარება ვერ ხერხდება დუშის კედლების არარსებობის გამო, რომელთა აშენება ვერ მოხდება, ქვესადგომის სამშენებლო წესების დარღვევის გამო. ასევე ასაყრელია კაფელი, რომელიც უხარისხოდაა გაკრული. აპელანტის განმარტებით უხარისხოდ იქნა შესრულებული შპალერის გაკვრის, შეკიდული ჭერის დაყენების სამუშაოები, რაც ხელახლაა გასაკეთებელი. არ არის დამონტაჟებული ნათურები, ჭერი არ არის შეღებილი. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას, რომ ფანჯრებისა და კარების შეღებვა არ მოხდა მოსარჩელის თანხმობით, ვინაიდან დამატებით ხარჯებს ითხოვდა და განმარტავს, რომ მოპასუხემ მას შეაცვლევინა შუშები კარ-ფანჯარაზე და აყიდინა ხის ნაკეთობები, რომლებითაც მაგრდება მინები ფანჯრებზე და კარებზე.

 

აპელანტი უთითებს სსკ-ის 655-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ის ფაქტი, რომ ფაქტების კონსტატაცია და აუდიტის დასკვნა შედგენილია ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის შემდეგ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

 

ამასთან აპელანტი უარყოფს იმ ფაქტს, რომ სარემონტო სამუშაოები სრულდებოდა ეტაპობრივად და მასთან შეთანხმებით, რაზეც განმარტავს, რომ მას სამუშაოს თანხა წინასწარ ჰქონდა გადაცემული და როგორ შეაფასებდა სამუშაოს, რომელიც ჯერ დაწყებული არ იყო.

 

მორალურ ზიანთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ სარჩელის მე-10 ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული აქვს, რომ ბინის შეგნებულმა გაფუჭებამ ისეთი მორალური ზიანი მიაყენა, რომ ერთი წლის განმავლობაში მორალურად პარალიზებული იყო. აპელანტი ამტკიცებს, რომ მან მიიღო მატერიალური და მორალური ზიანი, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მას არ დაუზიანდა არც ნერვული სისტემა და არც ფსიქიკა. აპელანტის განმარატებით მუშებმა მას მორალური ზიანი მიაყენეს ქონების განადგურებითა და ფულის გამოძალვით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1. დადგენილია და მხარეთა შორის სადავოდ არ ხდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნ----------–- ჯ----–---–სა და მ--–---- კ--------ს შორის 2017 წლის 14 აპირილს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ--–---- კ--------მ იკისრა ნ----------–- ჯ----–---–-ს კუთვნილ ბინაში შეესრულებინა გარკვეული სარემონტო სამუშაოები; კერძოდ, როგორც მხარეთა მიერ წერილობით შედგენილი ხელშეკრულების შინაარსიდან დგინდება (იხ. ს.ფ. 24-25) მოპასუხეს უნდა შეესრულებინა ე.წ. სამალიარო სამუშაოები, რომელშიც მხარეები მოიაზრებდნენ შემდეგ სამუშაოებს: „მალიარკა“ მთლიანად, შპალერის გაკვრა, გაშპაკვლა, ჭერის შეღებვა, კარფანჯრის შეღებვა, კარნიზების გაკვრა, კაფელის და მეტლახის დაგება. ამ სამუშაოებისათვის მთლიანად მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გადაეხადა 1400 ლარი.

 

4.1.2. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, ფაქტობრივ გაერმოებას მასზედ, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ნ----------–- ჯ----–---–-ს კუთვნილ ბინაში განხორციელდა გარკვეული სარემონტო სამუშაოები პირადად მოპასუხის, ასევე მის მიერ შერჩეული ხელოსნების (ს---–------ ს-------–---–ის, დ----- ს------–---–ის გ------- დ--------ს) მიერ. ის, ფაქტი, რომ გარკვეული სარემონტო სამუშაოები ჩატარებულია, არც ნ----------–- ჯ----–---–- უარყოფს. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილებით (იხ. ს.ფ. 25-30), რომელთა მონაცემების სისწორეც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, დადასტურებულია, რომ ჩატარებული სამუშაოების სანაცვლოდ ნ----------–- ჯ----–---–ს გადახილი აქვს საფასურის სახით 2 400 ლარი.

 

4.1.3. სასარჩელო მოთხოვნა ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ სამუშაოები უხარისხოდ არის ჩატარებული, მაგალითად: მოსარჩელის მტკიცებით, საპირფარეშოში ტრაპი არ არის მოწყობილი, ასევე სავენტილაციო მილზე დამცავი ბადე არ არის მოწყობილი, აგრეთვე საფირფარეშოში კედელზე ერთ ადგილას მიკრულია არა მთლიანი კაფელის ფილა, არამედ ფილის ნაჭრები, ასევე საშხაპე კუთხე (ქვესადგომი) ისე არ უნდა გაკეთბულიყო, როგორც არის მოწყობილი, შესაბამისად კაფელ-მეტლახი მთლიანად ასაყრელია, ასევე სამზარეულოში ასაყრელია მეტლახი და ხელახლა უნდა განხორციელდეს ამ სამუშაოების ჩატარება, ასევე სამზარეულოს, შესასვლელის და ლოჯიის კედლების გაფითხვნის და შპალერის გაკვრის სამუშაოები ხელახლაა ჩასატარებელი, შესაბამისად ლოჯიაში და სამზარეულოში საჭირო იქნება შპალერის ჩამოხსნა; აგრეთვე მოსარჩელის მტკიცებით, შეკიდული ჭერი სამზარეულოში, საპირფარეშოში და შესასვლელში არის ჩამოწეული; უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საჭიროა ამ სამუშაოების ხელახლა ჩატარება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, გარკვეული სამუშაოები, რომელიც უნდა განეხორციელებინა მოპასუხეს არ შეუსრულებია. მაგალითად კარ-ფანჯრის შეღებვის, ასევე აივნის მოაჯირის შეღებვის სამუშაოები, ჭერის შეღებვა ლოჯიაში. საბოლოოდ, მოსარჩელე უხარისხო სამუშაოებით და ზოგიერთი სამუშაოს შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს 2000,67 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას 2000,67 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ამდენად, მხარეთა შორის სადავოა, სწორედ ის საკითხი, წარმოადგენს თუ არა მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოები ნაკლიანს, აგრეთვე სადავოა შესრულებული სამუშაოებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესასრულებელ სამუშაოების მოცულობა.

 

4.1.4. სააპელაციო პალატა თავად მხარეთა ახსნა-განმარტებების, ასევე ხელშეკრულების შინაარსის საფუძველზე ადგენს, რომ მოპასუხე მხარის, მიერ მოსარჩელის კუთვნილ ბინაში არ შეუსრულებია კარ-ფანჯრის სამუშაო, ამასთან ისეთი სამუშაოები, რომლებიც უშაულოდ 2017 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა, მაგალითად, შესრულებულია დამატებითი სარემონტო სამუშაოები, როგორიცაა: შესასვლელში, საპირფარეშოში და სამზარეულოში შეკიდული ჭერის მოწყობის, ელექტრო გაყვანილობის მოწყობის და სანტექნიკური სამუშაოები;

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ნაწილი სამუშაოებისა, რომელიც უშალოდ 2017 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული არ შესრულებულა (მაგალითად კარ-ფანჯრის შეღებვის, აივნის მოაჯირის შეღებვის), თუმცა შესრულებულია ის დამატებითი სამუშაოები, რომლებიც ხელშეკრულებით მხარეებს შეთანხმებული არ ჰქონით (მაგალითად ელექტრო გაყვანილობის მოწყობის, შეკიდული ჭერის მოწყობის სამუშაოები, ასევე სანტექნიკური სამუშაოები). აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობა სააპელაციო პალატას აძლევს იმ დასკნის გაკეთების საფუძველს, რომ სამუშაოთა მიმდინარეობის დროს თავად მხარეთა ზეპირი შეთანხმებით გარკვეული კორექტირება განიცადა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობამ. შესაბამისად, აპელანტის ის პოზიცია, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია კარ ფანჯრის, ასევე აივნის მოაჯირის შეღებვის სამუშაოები, რითაც მან განიცადა ზიანი, პალატის მოსაზრებით საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, როგორც სააპელაციო სასამართლო ადგენს სამუშაოთა მიმდინარეობის დროს თავად მხარეთა ზეპირი შეთანხმებით გარკვეული კორექტირება განიცადა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობამ და საბოლოოდ ფაქტობრივად ჩატარებული სამუშაოების კვალობაზე მოხდა ანგარიშსორებაც. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროსაც აპელანტმა ვერ მიუთითა, თუ კონკრეტულად რა ჯდებოდა სახელდობრ კარ-ფანჯრის და აივნის მოაჯირის სამუშაოს ფასი და ვერ დაასაბუთა დამაჯერებლად, რომ მის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი თანხა ამ სამუშაოს ფასსაც მოიცავდა. ამასთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულებებზეც არ მიუთითბია აპელანტს.

 

4.1.5. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი გარემოებების არსებობას იმის შესახებ,რომ მოპსუხის მიერ შესრულებული სამუშაოების ნაკლის მქონეა და რომ ამ ნაკლიანი სამუშაოების გამო მას მიადგა მატერიალური სახის ზიანი. კერძოდ პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ 1) საპირფარეშოში მეორე ტრაპის მოუწყობლობის, 2) სავენტილაციო მილზე დამცავი ბადის მოუწყობლობის 3) საშხაპე კუთხის არსებული სახით მოწყობით, 4) საპირფარეშოს კედელზე ერთ ადგილას არა მთლიანი კაფელის, არამედ კაფელის ნაჭრების მოწყობით, ჩატარებული კაფელ მეტლახის დაგების სამუშაო არის იმ ხარისხის ნაკლის მქონე, რომ აუცილებელია მისი დემონტაჟი და ახლიდან ამ სამუშაოების ჩატარება.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებით (იხ. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას დაფიქსირებული პოზიციები) დადგენილია, რომ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 2017 წლის 14 აპრილიდან დაახლოებით, 2017 წლის 10 მაისამდე პერიოდში. როგორც ნ----------–- ჯ----–---–მა მიუთითა თანხის ბოლო გადახდისთანავე მან დაიბრუნა სახლის გასაღები, რომელიც მოპასუხეს ჰქონდა გადაცემული. გადასაცემი თანხის ბოლო გადახდა კი, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად (იხ. ს.ფ. 29) განხორციელებულია 2017 წლის 10 მაისს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმეთა ჩვენებით დადასტურებულ იმ გარემოებაზე, რომ ნ----------–- ჯ----–---–- სისტემატურად ამოწმებდა შესრულებულ სამუშაოებს. მნიშვნელოვნია, რომ სააპელაციო ინსტანციაში საქმის ზეპირი განხილვისას თავად აპელანტმაც დაადასტურ,ა რომ ის ყურადღებას აქცევდა და აკონტროლებდა ხელოსნების მიერ სამუშაოთა შესრულების პროცესს. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ყველა ის დეტალი, რომელზეც მიუთითბს მოსარჩელე და რომელსაც მოსარჩელე მიიჩნევს შესრულებული სამუშაოების ნაკლოვანენებებად (მაგალითად: მოსარჩელის მტკიცებით, საპირფარეშოში ტრაპი არ არის მოწყობილი, ასევე სავენტილაციო მილზე დამცავი ბადე არ არის მოწყობილი, აგრეთვე საფირფარეშოში კედელზე ერთ ადგილას მიკრულია არა მთლიანი კაფელის ფილა, არამედ ფილის ნაჭრები, ასევე საშხაპე კუთხე ისე არ უნდა გაკეთბულიყო, როგრც არის მოწყობილი, შესაბამისად კაფელ-მეტლახი მთლიანად ასაყრელია, ასევე სამზარეულოში ასაყრელია მეტლახი და ხელახლა უნდა განხორციელდეს ამ სამუშაოების ჩატარება, ასევე სამზარეულოს, შესასვლელის და ლოჯიის კედლების გაფითხვნის და შპალერის გაკვრის სამუშაოები ხელახლაა ჩასატარებელი, შესაბამისად ლოჯიაში და სამზარეულოში საჭირო იქნება შპალერის ჩამოხსნა; აგრეთვე მოსარჩელის მტკიცებით, შეკიდული ჭერი სამზარეულოში, საპირფარეშოში და შესასვლელში არის ჩამოწეული; უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საჭიროა ამ სამუშაოების ხელახლა ჩატარება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული.) არის თვალსაჩინო და ფაქტია, რომ თავად სამუშაოთა შესრულების მომენტშივე ჰქონდა მოსარჩელეს ამ ხარვეზზე მითითების შესაძლებლობა, თუკი ამ ხარვეზებს მოსარჩელე მიიჩნევდა იმ ხარისხის ხარვეზად, რაც ნაკლოვანს ხდიდა შესრულებულ სამუშაოს. მაგალითად, ის რომ საპირპარეშოში ტრაპი მოწყობილია საშხაპის ადგილას და მეორე ტრაპი არ ყოფილა მოწყობილი, სავენტილაციო მილზე ბადე, რომ არ იყო მოწყობილი, ასევე ის რომ საპირფარეშოში კედელზე ერთ ადგილას გაკრულია არა მთლიანი ფილა არამედ ფილის ნაჭრები და აგრეთვე ის გარემოება, რომ სამზარეულოში, შესასვლელში და საპირფარეშოში ჭერი არის ჩამოწეული და აშ., ყველა ეს დეტალი თვალსაჩინო იყო. ეს დეტალები, თუკი არ შეესაბამებოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს, მათი თვალსაჩინოებიდან გამომდინარე ნ----------–- ჯ----–---–ს შეეძლო სამუშაოთა შესრულების პროცესშივე მიეთითბინა და მათ გამოსწორებამდე არ ჩაებარებინა და არ მიეღო სამუშაოები, შესაბამისად არ გადაეხადა საფასური. მნიშვნელოვანია, რომ როგორც მხარეთა ახსნა-განამრტებიდან, ასევე საქმეში წარმოდგენილი ხელწერილების შინაარსიდან ირკვევა, სამუშაოები სრულდებოდა ეტაპობრივად და თანხის გადახდაც მოსარჩელის მიერ ხორციელდებოდა ეტაპობრივად. მოსარჩელის ის პოზიცია, რომ მას მოპასუხე მხარე აიძულებდა თანხის გადახდას და ამიტომ იხდიდა, პალატის მოსაზრებით, არადამაჯერებელია მით უფრო იმ ფონზე, რომ როგორც მითითებული წერილობითი მტკიცებულებებით (ხელწერილებით) დასტურდება ნ----------–- ჯ----–---–- მის მიერ ყოველ გადახდილ თანხის მიღების ფაქტს ადასტურებინებდა ხელმოწერით თავად მოპასუხე მხარეს.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგნეილი 2018 წლის 27 ივლისის აუდიტორული დასკვნა, პალატის მოსაზრებით, არ ადასტურებს შესრულებული სამუშაოების უხარისხობას. პირველ რიგში პალატა შენიშნავს, რომ გაურკვეველია აუდიტორი ს.ნონიაშვილის მიერ როგორ და რა მეთოდოლოგიის გამოყენებით იქნა დადგენილი, რომ მთელი რიგი სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. პალატას მხედველობაში აქვს ის ფაქტი, რომ ამგვარი დასკვნის გაკეთებისათვის შესაბამისი ტექნიკურ-საინჟინრო კვლევა უნდა ყოფილიყო ჩატარებული, რაც მოცემულ შემთხვევაში აუდიტორული დასკვნის შინაარსიდან არ იკვეთბა, რომ ამგვარი კვლევის შედეგად მივიდა აუდიტორი ამ დაკსვნამდე (ამის საწინააღმდეგოდ აუდიტორული დასკვნის შინაარსიდან უფრო იკვეთება ის გარემოება, რომ აუდიტორმა აღნიშნული შეფასება ჩატარებული სამუშაოების უხარისხობის თობაზე გააკეთა მხოლოდ დამკვეთის ნ----------–- ჯ----–---–-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე). ასევე საყურადღებოა, რომ დასკვნა გაკეთებულია სამუშაოების დასრულებიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე, რაც კიდევ უფრო უსაფუძვლოს ხდის აუდიტორის იმ შეფასებას, რომ სამუშაოები უხარისხოდაა ჩატარებული. მაგალითად, აუდიტორული დასკვნის ის ნაწილი, სადაც აუდიტორი საბურობს ოთახებში გაკრული შპალერის შესახებ და მიუთითებს, რომ შპალერი უმრავლეს ადგილას ამძვრალია, არ უთითებს იმ დასაბუთბაზე, თუ რის საფუძელზე დაასკვნა, რომ სწორედ უხარისხოდ წარმოებული სამუშაოების და არა რაიმე სხვა გარემოების გამოა (მაგ. გარეგანი ზემოქმედების შედეგად) შპალერი ამძვრალი ან დაზიანებული. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში წარმოდგენილი დასკვნა არ ეფუძნება შესაბმის დასაბუთებას და არგუმენტაციას, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ წარმოებული სარემონტო სამუშაოების უხარისხობას და არაჯეროვნ შესრულებას. რაც შეეხება ფაქტების კონსტატაციის მასალებს (ვიდეო, ასევე ფოტომასალა), აღნიშნული მასალები სასამართლოს მიერ გულდასმით იქნა შესწავლილი, რის შედეგადაც ვერ გამოვლინდა რაიმე ისეთი გარემოებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდეს ჩატარებული სამუშაოების უხარისხობას (მაგალითდ ვიზუალურადაც არ ფიქსირდება ის ფაქტი, რომ სამზარეულოში შემოსასვლელში და საპირფარეშოში მოწყობილი შეკიდული ჭერი არის ჩამოწეული, ჩამოზნექილი).

 

ამგვარად, პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითბული ფაქტობრივი გარემეობების დადასტურება იმის შესახებ რომ არაჯეროვანი, უხარისხოდ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად სახეზეა არსებითი ნაკლის მქონე შესრულება და რომ ამის გამო მთელი რიგი (მაგ. მეტლახის, კაფელის დაგების სამუშაო, სანტექნიკური სამუშაოები) სარემონტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი.

 

4.1.6. წინამდებარე განჩინების 4.1.4. და 4.1.5. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გაემეობების და მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტნაციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს მატერიალური ზიანის 2000.67 აშშ დოლარის ანაზღურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 639-ე ასევე 641-ე და 645-ე მუხლებზე მითითებით, იმ ფაქტობრივი გარემეობის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ნაკლოვანების არსებობა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

4.1.7. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და საბოლოო დასკვნას სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტიელბის 6.2. პუნქტი). პალატა აქვე დასძენს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ რაიმე დასაბუთბული პრეტენზია აპელანტს არც წარმოუდგენია. შესაბამისად, პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს ამ ნაწილში დამატებითი არგუმენტებზე მითითებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლომ გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედაგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე, სააპელაციო საჩივარი კი უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნ----------–- ჯ----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: /ვანო წიკლაური /