განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/8040-18 24 დეკემბერი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - ლევან გვარამია
მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ზა--------–----–---–----------------–----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - თ-------------–----–---–-------–---------–----–---–ი
დავის საგანი - დაუშვებელი ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ზ----------------------–----–---–--ის სარჩელი ს---–---- და თ-------- ბ---–----–---–ების მიმართ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში მდებარე ს---–---- და თ-------- ბ---–----–---–ების კუთვნილი N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ზ---- და გ------- ბ---–----–---–ების სასარგებლოდ სერვიტუტით დატვირთვის შესახებ ამ ნაკვეთში გამავალ რუზე კონტროლის უფლებით არ დაკმაყოფილდა;
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ზ---- და გ------- ბ---–----–---–ებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.11.2019წ. გადაწყვეტილებით:
ზ---- ბ---–----–---–ის და გ------- ბ---–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
გორის რაიონული სასამართლო მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.11.2019წ. გადაწყვეტილებით პალატას არ გადაუწყვეტია წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების საკითხი. დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისა და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 20.12.2019წ. განცხადებით მომართა თ-------- ბ---–----–---–ის კანონიერმა წარმომადგენელმა.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, ზ---- ბ---–----–---–ს და გ------- ბ---–----–---–ს თ-------- ბეგლარიშვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შესატანს. რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. ამდენად, მითითებული მუხლის ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ). სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სააპელაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა, რომელსაც ქვემოთ შევეხებით. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა. რაც შეეხება საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილ პროცედურებს (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა), სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (261.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. ბუნებრივია, სამართალწარმოება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან და იგი იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, წარმოეშობა სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც მის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა (მოსარჩელე) ან მის მიმართ არ დაკმაყოფილდა (მოპასუხე), მაგრამ არა შეუზღუდავად. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების მაქსიმუმის ფარგლებში (არაქონებრივი დავის შემთხვევაში – 2 000 ლარამდე ოდენობით), სასამართლომ ადვოკატის დახმარებისათვის საფასური უნდა განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მოცულობის, დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სხვა ფაქტორების თანაზომიერი და გონივრული, არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 9.01.2019 წ. (1,200 ლარი) და 14.03.2018 წ. (1000 ლარი) საგადახდო დავალებები, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხეთა მიერ ს---–---- ჯ----–-ძისათვის ადვოკატის ჰონორარის თანხა 2200 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაეკისროს მოსარჩელეებს მოპასუხის სასარგებლოდ. რაც შეეხება ექსპერტიზის თანხას, ამ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არ არის თანხის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
რადგან წინამდებარე გადაწყვეტილება გამოტანილია ზეპირი მოსმენის გარეშე, გასაჩივრების 21 დღიანი ვადა აითვლება მისი ჩაბარებიდან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოწინააღმდეგე მხარის თ-------- ბ---–----–---–ის კანონიერი წარმომადგენლის თამთა ბერიაშვილის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისა შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელეებს ზ---- ბ---–----–---–ს და გ------- ბ---–----–---–ს თ-------- ბ---–----–---–ის (კანონიერი წარმომადგენელი თამთა ბერიაშვილი) სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხის მიერ, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანგარიშში 2 200 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილებაზე დაიშვება საკასაციო საჩივრის წარდგენა საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) მეშვეობით 21 დღის განმავლობაში მხარისათვის დასაბუთებული დამატებითი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან.
სხდომის თავმჯდომარე: /ლევან გვარამია/
მოსამართლეები: /ნატალია ნაზღაიძე/
/თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/