განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119003338875
საქმე №1ბ/258-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
4 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ბ-–--- ბ------–--ა (პირადი ნომერი: №2----------), დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: მარტვილის რაიონი, სოფელი კ--------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ზ-------------------–-----------------“.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ნოზაძემ და ითხოვა მსჯავრდებულ ბ-–-- ბ------–--ასათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის მარტის თვიდან 2019 წლის ოქტომბრის თვემდე დროის პერიოდში ბ-–-- ბ------–--ა პირადად ახორციელებდა ადევნებას ე-–--- პ---------ს მიმართ, არ აძლევდა ამ უკანასკნელს ნორმალური ცხოვრების საშუალებას, სისტემატურად მიდიოდა და უთვალთვალებდა, როგორც სამუშაო ადგილას მდებარე - თბილისი, ტაშკენტის ქუჩა №47-ში არსებულ კლინიკა „ნოე ლაბში“, ასევე საცხოვრებელ სახლთან მდებარე - თბილისი, დიღმის მასივი, მ-------------–------------------. ტელეფონის საშუალებით ასევე, ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, კერძოდ, მუდმივად ურეკავდა და წერდა მოკლე ტექსტური სახის შეტყობინებებს. ბ-–-- ბ------–--ას მიერ განხორციელებულმა ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია ე-–--- პ---------ს ფსიქიკური ტანჯვა და შეუქმნა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბ-–-- ბ------–--ას მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: დაზარალებულ ე-–--- პ---------ს, მოწმეების - ნ--- ლ---------ს, ა---–--- პ---------ს, თ------- ა--------ის, გ------- ს--------ის, ნ---- ბ-----–---–ის, ნ---- ბ-------ის, თ----- მ---–----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, 2019 წლის 29 ოქტომბრის შემაკავებელ ორდერით, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N008789519 დასკვნითა და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბ-–--- ბ------–--ას დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბ-–--- ბ------–--ამ ჩაიდინა ადევნება, ესე იგი პირადად არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას რეალურ საჭიროებას უქმნის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ-–--- ბ------–--ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ბ-–--- ბ------–--ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ-–--- ბ------–--ასათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ სასჯელთან დაკავშირებით ითხოვა მსჯავრდებულისათვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა ბ-–--- ბ------–--ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეთა პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულების პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან, ბრალდების მხარეს სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია, რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობას და მისი გამკაცრების აუცილებლობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 იანვრის განაჩენი, ბ-–--- ბ------–--ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ნათია ნოზაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ბ-–--- ბ------–--ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
(ბ-–--- ბ------–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან).
ბ-–--- ბ------–--ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 29 ოქტომბრიდან 2020 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ბ-–--- ბ------–--ას პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბ-–--- ბ------–--ას დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/