განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160310019003098952
საქმე № 3ბ/179-20
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოსსახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
21 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ნა----–- ს-----ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 ივნისის N 1------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს უძრავი ქონების აუქციონის წესით პრივატიზაციაზე;
1.2. დაევალოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას აუქციონის წესით პრივატიზაციის საკითხვის შესწავლა და მოსარჩელის სასარგებლოდ დადებითად გადაწყვეტა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო დაგანმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელის
წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მიმართ ბოლნისის მუნიციპალიტეტის
მერიას არ გაუცია არავითარი დაპირება. სადავო მიწის ნაკვეთი 2001 წელს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო 2011 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად დაირეგისტრირა სადავო მიწის ნაკვეთი, როგორც ძირითადი ქონება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ნა----–- ს-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. დადგენილია, რომ 2011 წლიდან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ. ბოლნისი, აღმაშენებლის ქუჩაზე, უნომრო, საკადასტრო კოდი
N 8----------- მესაკუთრეს წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მერია) (ს.ფ 59);
4.2. ქალაქ ბოლნისის გამგეობის 1999 წლის 16 ივლისის N43 დადგენილებით, ქ.ბოლნისში, მცხოვრებ მოქალაქე ნა----–- ს-----ეს გამოეყო ადგილი, ქ.ბოლნისში, დ.აღმაშენებლის ქუჩაზე, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ჯიხურის ჩასადგმელად. დადგენილებაში მითითებულია, რომ სათანადო პროექტის მომზადების მიზნით ეცნობოს ურბანიზაციისა და მშენებლობის განყოფილებას; სათანადო დოკუმენტაციის მომზადების შემდგომ მშენებლობის ნებართვა დამტკიცდეს საქალაქო გამგეობის სხდომაზე, ვადა 3 თვე. (ს.ფ. 14, 16-17);
4.3. ბოლნისის რაიონული გამგეობის 2001 წლის 7 აგვისტოს N 76 დადგენილებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ქ. ბოლნისში რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან 1-- მ2 მიწის ფართის აუქციონის წესით გასხვისება. დაევალა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოს და რაიონის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამმართველოს მოამზადოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია ქ. ბოლნისში, რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან 1--მ2 მიწის ფართის აუქციონის წესით გასხვისებისთვის.
4.4. ბოლნისის რაიონული გამგეობის 2001 წლის 4 სექტემბრის დადგენილებით, დამტკიცდა ბოლნისის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, მშენებლობისა და ურბანიზაციის რაიონული სამმართველოს მიერ მომზადებული აუქციონით გასაცემი მიწის ნაკვეთების აუქციონის პირობები წარმოდგენილი სახით. ამავე დადგენილებით, დაევალა კომისიას რაიონულ გაზეთ ,,ბოლნისში“ განცხადების გამოქვეყნება აუქციონის პირობებისა და გამართვის შესახებ (ს.ფ. 49).
4.5. 2001 წლის 4 სექტემბრის N 79 დადგენილების საფუძველზე ქ.ბოლნისში, რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1-- მ2 მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე აუქციონი არ გამართულა.
4.6. ნა----–- ს-----ემ 2015 წლის 25 მარტს განცხადებით მიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ქ.ბოლნისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის შესყიდვის თაობაზე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 2 აპრილის წერილით ნა----–- ს-----ეს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთი (ს/კ 8-----------) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ძირითად ქონებას და გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად (ს.ფ. 46-47).
4.7. მოსარჩელე ნა----–- ს-----ემ 2019 წლის 30 მაისს N 1------- განცხადებით მიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას უძრავი ქონების აუქციონის წესით პრივატიცაზიის საკითხის შესწავლის თაობაზე, რაზეც 2019 წლის 5 ივნისს N 1------ წერილით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ აცნობა, რომ ქ. ბოლნისში, დ. აღმაშენებლის უნომროში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 8----------- წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძირითად ქონებას. ძირითადი( განუსხვისებელი) ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებასილების განსახორციელებლად (ს.ფ. 15, 43-44).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურდა, რომ უძრავი ქონება, ს/კ 8----------- წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის (მერიის) საკუთრებას.
სასამართლოს შეფასებით, ქალაქ ბოლნისის გამგეობის 1999 წლის 16 ივლისს N 43 დადგნილებით განისაზღვრა ნა----–- ს-----ისათვის ქ.ბოლნისში, დ. აღმაშენებლის ქუჩაზე სავაჭრო ჯიხურის ჩასადგმელად ადგილის გამოყოფა. დადგენილია, რომ ნა----–- ს-----ეს აღნიშნული დადგენილების საფუძველზე გამოეყო ადგილი, სადაც მას განთავსებული ჰქონდა ჯიხური. რომლის დემონტაჟი მოგვიანებით მოხდა.
რაც შეეხება, სადაო ქონების გასხვისების მიზნით აუქციონის გამოცხადებას, საქმის განმხილველი სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების არსებობის ფაქტს. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი მის მიმართ გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესები. საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სარჩელის საფუძვლიანობა.
6. ნა----–- ს-----ის სააპელაციო მოთხოვნა:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნა----–- ს-----ის სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. ნა----–- ს-----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
ნა----–- ს-----ე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, მიუთითებს საქმის ფატქობრივ გარემოებებზე და იმაზე, რომ სასამართლოს მიერ არ მოხდა საქმის ადეკვატურად და სამართლებრივად განხილვა. აპელანტის განმარტებით, არ მოხდა ფაქტობრივი გარემოებების და წარდგენილი მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევა. აპელანტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია არ ასრულებს გადაწყვეტილებას, რომელიც თვითონვე მიიღო.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
7.2. პირველყოვლისა პალატა განმარტავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსთვის, შესაძლო ადმინისტრაციული დაპირების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონების პრივატიზაციის მიზნით აუქციონის ჩატარების დავალება.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად შეაფასა სადაო აქტის კანონიერება. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურდა, რომ უძრავი ქონება, ს/კ 8----------- წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის (მერიის) საკუთრებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს, თუ:
ა) მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება;
ბ) შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს;
გ) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება.
ქალაქ ბოლნისის გამგეობის 1999 წლის 16 ივლისს N 43 დადგნილებით განისაზღვრა ნა----–- ს-----ისათვის ქ.ბოლნისში, დ.აღმაშენებლის ქუჩაზე სავაჭრო ჯიხურის ჩასადგმელად ადგილის გამოყოფა. დადგენილია, რომ ნა----–- ს-----ეს აღნიშნული დადგენილების საფუძველზე გამოეყო ადგილი, სადაც მას განთავსებული ჰქონდა ჯიხური. რომლის დემონტაჟი მოგვიანებით მოხდა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის ახსნა-განმარტებაზე და მიუთითებს: ბოლნისის რაიონის გამგეობის 2001 წლის 4 სექტემბრის დადგენილების შინაარსიდან ირკვევა, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობამ გადაწყვიტა აუქციონზე გაეტანა ქ. ბოლნისში რაიონული საავადმყოფოს ტერიტორიიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო/სამეურნეო დანიშნულების 1-- კვ. მ. მიწის ნაკვეთი და აღნიშნული დადგენილებით გამგეობამ დაამტკიცა ბოლნისის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, მშენებლობისა და ურბანიზაციის სამმართველოს მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის აუქციონის პირობები წარდგენილი სახით. პალატა იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ სადაო დადგენილებით ქ. ბოლნისის რაიონის გამგეობა კონკრეტულად მოსარჩელეს არაფერს დაპირებია და აღნიშნული აქტი არ უნდა შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული დაპირება. პალატის მოსაზრებით, ეს მოქმედებები მომავალში შესაქმნელი ადმინისტრაციული დაპირების (აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის) წინმსწრები მოქმედებებია.
ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მუნიციპალიტეტს ზემოაღნიშნული აქტის გამოცემის შემდგომ არ განუხორციელებია იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატა ასევე ეთანხმება მოპასუხის განმარტებას, რომ 2001 წელს მოქმედი კანონმდებლობით დასაშვები იყო ზემოხსენებული 1-- კვ. მ. მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით განკარგვა, ხოლო 2011 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედაგად, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი მიჩნეულია მუნიციპალიტეტის ძირითად ქონებად, რისი გასხვისებაც აკრძალულია, თანახმად ადგილობრივი თითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის მე-7 ნაწილისა, რომლის შესაბამისადაც, დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება, გარდა ამ კანონის 121-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევვისა; 121-ე მუხლით კი მხოლოდ იმ ძირითადი ქონების გასხვისებაა დაშვებული (საკრებულოს თანხმობით), რომელმაც თავისი ფუნქციური დანიშნულება დაკარგა. განსახილველ საქმეში, ქონებას ფუნქცია არ დაუკარგავს, რაც დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს წერილებით. ამდენად, სადავო ქონება განუსხვისებელია და არ შეიძლება მისი აუქციონზე პრივატიზება.
საქმის განმხილველი სასამართლო მართებულად აღნიშნავს, რომ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების არსებობის ფაქტს. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი მის მიმართ გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესები. საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელისმიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სარჩელის საფუძვლიანობა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება წარმოადგენს. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადაო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის კანონით დადგენილი წინაპირობები სახეზე არ არის, რამდენადაც მისი მომზადებისა და მიღებისას დარღვეული არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესები და მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის მოთხოვნათა ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის პირობებში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1-- (ასორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა ნ ა ჩ ი ნ ა :
1. ნა----–- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. ნა----–- ს-----ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1-- (ასორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -