განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310919003349671
საქმე N3/ბ-32-20წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
ხათუნა ხომერიკი, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
საჩივრის ავტორი − დ---------ა
წარმომადგენელი − ქ---------------ა
მოწინააღმდეგე მხარე − ე---–-------------ა
წარმომადგენელი − ნ-------------------------–-ია
დავის საგანი − დამცავი ორდერის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა − გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და დამცავი ორდერის გამოცემა
1. საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:
1.1. 2019 წლის 20 დეკემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ---------ამ ე---–-------------ას მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით დ---------ამ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა გამოცემულიყო დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით: 1. აკრძალვოდა ე---–-------------ას (პ/ნ3---------1) მსხვერპლთან ე---–-------------ასთან (პ/ნ3---------3) და დ--------------იასთან (პ/ნ3---------8), მათ საცხოვრებელ სახლთან, სასწავლო დაწესებულებებთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლები იმყოფებოდნენ, რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო საშუალებების გამოყენებით და სოციალური ქსელით კონტაქტი. 2. ე---–-------------იას (პ/ნ 3---------1) აკრძალვოდა მსხვერპლთან დ---------ასთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, დ---------ასთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო საშუალებების გამოყენებით და სოციალური ქსელით კონტაქტი, დ---------ას მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ძალადობა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ტელე-საკომუნიკაციო საშუალებებით.
განცხადების მიხედვით, მსხვერპლი დ---------ა 2010 წლიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ე---–-----------------სთან. ერთად ცხოვრების მანძილზე შეეძინათ სამი შვილი: ე---–-------------ა (პ/ნ 3---------3, დაბადებული 2007 წლის 09 ოქტომბერს), ბ------------ია (პ/ნ 3--------7, დაბადებული 2010 წლის 17 სექტემბერს) და დ---------------ია (პ/ნ 3---------8).
განმაცხადებლის განმარტებით, ე---–-------------ას მხრიდან იგი არაერთხელ გამხდარა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, რისი შემსწრენიც იყვნენ მათი შვილები. მასზე განხორციელებული ძალადობის გამო ე---–-------------აზე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები: 29.01.2018 წლის შემაკავებელი ორდერი N0----4; 23.02.2018 წლის შემაკავებელი ორდერი N0----5; 06.04.2019 წლის შემაკავებელი ორდერი N0----8; 10.06.2019 წლის შემაკავებელი ორდერი N0----1; 10.06.2019 წლის შემაკავებელი ორდერი N0----4, რომელიც გამოიცა ე---–-------------ას მიმართ დ---------ას დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო. შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელიც, ხოლო 2019 წლის 30 აპრილს შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------1 საქმეზე ე---–-------------ას მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ფაქტზე.
დ---------ას განმარტებით, 2019 წლის 11 აპრილს შეწყდა ე---–-------------ასთან რეგისტრირებული ქორწინება, თუმცა 2018 წლის იანვრიდან აღარ ცხოვრობდნენ ერთად, მაგრამ ეს არ გამხდარა საფუძველი, რომ მოძალადეს შეეწყვიტა მასზე ძალადობა, რომელიც გამოწვეული იყო ე---–-------------ას აზარტული თამაშების, ალკოჰოლური სასმელის და ნარკოტიკული საშუალებებისადმი დამოკიდებულებით. 2019 წლის 22 მარტს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა მათი შვილი ბ------------ია, რის შემდეგაც მათ შორის არსებული კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა - ბავშვებიც გახდნენ მამის მხრიდან აქტიური ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი. ე---–-------------ა შვილის გარდაცვალებაში დ---------ას ბრალეულად მიიჩნევს და ცდილობს ამის დადასტურება მიიღოს შვილებისგან.
განმცხადებლის მითითებით, ძმის გარდაცვალებამ ასევე მძიმე ემოციური სტრესი გამოიწვია ბავშვებში, რის გამოც ორივე მათგანი დღემდე ბავშვთა ფსიქოლოგთან გადის რეაბილიტაციის კურსს. ე---–-------------ას ბავშვები თავისი სურვილისამებრ დაჰყავდა ისე, რომ ვერ ასწრებდენ მეცადინეობას, შესაბამისად მოუმზადებლები მიდიოდნენ სკოლაში, დარღვეული ჰქონდათ კვებისა და ძილის რეჟიმი, აცდენდნენ ცეკვის წრის გაკვეთილებს, ამასთან გამუდმებით ისმენდნენ მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით უშვერ სიტყვებს. აღნიშნულიდან გამომდინარე 2019 წლის 15 აპრილს მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მისი და მისი არასრულწლოვანი შვილების ძალადობისგან დასაცავად დამცავი ორდერის გამოცემა, რაზეც უარი ეთქვა დაუსაბუთებლობის მოტივით.
დ---------ა ასევე აღნიშნავს, რომ ე---–-------------ას მხრიდან ბავშვებზე ზეწოლის ფაქტი შემდეგაც არ შეწყვეტილა; პირიქით ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის მუქარასაც მათ მიმართ, შესაბამისად მათ არასრულწლოვან შვილებზე გამოიცა შემაკავებელი ორდერები მოძალადე ე---–-------------ას (პ/ნ 3---------1) მიმართ. 2019 წლის 02 მაისს ფოთის საქალაქო სასამართლოს კვლავ მიმართა დ---------ამ განცხადებით და მოითხოვა დროებითი ღონისძიების სახით დამცავი ორდერის გამოცემა მოძალადე ე---–-------------ას მიმართ მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რომელზეც გამოცემული იყო 2019 წლის 06 აპრილის შემაკავებელი ორდერი N0----8. განცხადება გაიხმო უკან, ვინაიდან იმ პერიოდში მოძალადეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა, თუმცა პატიმრობა შეეცვალა გირაოთი, რასაც მოჰყვა ის რომ, პირველივე შესაძლებლობისთანავე მასზე განახორციელა ძალადობა და ისარგებლა იმ ფაქტით, რომ იმდენად ცუდად იყო ვერ მიმართა პოლიციას, თავად დასდო ბრალი და მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ასევე დადგა დ---------ას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
1.2. მოწინააღმედე მხარის, ე---–-------------ას წარმომადგენელმა ნ-------------------------–-იამ 2019 წლის 27 დეკემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ წერილობით შეპასუხებაში მიუთითა, რომ 2019 წლის 23 ნოემბერს, ისევე როგორც 2019 წლის 06 აპრილს და 2019 წლის 10 ივნისს არარსებული დანაშაულის გამო ე---–-------------ია დ---------ამ შემაკავებელი ორდერით ჩამოაშორა საკუთარ შვილებთან ურთიერთობას. 2019 წლის 23 ნოემბრის შემაკავებელი ორდერიდან გავიდა ორდერის მოქმედების ვადა და ვინაიდან ე---–-------------ამ დაიცვა მისთვის უსამართლოდ დაკისრებული ორდერით გათვალისწინებული პირობები, დ---------ამ გადაწყვიტა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დამცავი ორდერის გამოცემაზე მიემართა სასამართლოსათვის, რათა ე---–-------------ას შეეზღუდოს ურთიერთობა შვილებთან 6 (ექვსი) თვის ვადით, მისი მოსაზრებით კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ დ---------ა განზრახ ცდილობს გაწყვიტოს ურთიერთობა მამასა და შვილებს შორის და ურთიერთობა არსებობდეს მხოლოდ მისი - დიანას მეშვეობით. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან მოითხოვა უარი ეთქვას დ---------ას მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის მოტივით.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეეკემბრის გადაწყვეტილებით დ---------ას, ე---–-------------ას და დ--------------იას კანონიერი წარმომადგენლის დ---------ას განცხადება ე---–-------------ას მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
სასამართლოს განმარტებით, ,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე კანონის მე-11 მუხლით თანახმად კი, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.
სასამართლომ განმარტა, რომ დამცავი ორდერი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ძალადობის რაიმე ფორმის განხორციელება განმცხადებლისა და მისი შვილების მიმართ.
სასამართლომ ასევე მიუთითა ,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? ” საქართველოს კანონის 31 მუხლზე, რომლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.
ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ დაასკვნა, რომ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიღებული უნდა იქნას არა ნებისმიერ, არამედ მხოლოდ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? ” მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.
სასამართლომ მსხვერპლის განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ე---–-------------ას და დ--------------იას კანონიერი წარმომადგენლის დ---------ას მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად არ დგინდებოდა ე---–-------------ას მხრიდან დ---------ას, ე---–-------------ას და დ--------------იას მიმართ ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის არსებობა.
დ---------ას მიერ სასამართლო სხდომაზე მითითებული გარემოება, რომ კონფლიქტის მიზეზი იყო ე---–-------------ას სურვილი ბავშვებს არ ეარათ ცეკვაზე, სასმართლომ არ გაიზიარა მტკიცებულებების არ არსებობის გამო. ხოლო რაც შეეხება განმცხადებლის განმარტებას მუქარასთან დაკავშირებით, არც აღნიშნული გარემოება დასტურდებოდა რაიმე სახის მტკიცებულებით.
სასამართლოს დამატებით განმარტა, რომ დამცავი ორდერის გამოსაცემად უნდა არსებობდეს ძალადობისაგან მსხვერპლის დაცვის აუცილებლობა, ეს უკანასკნელი გარემოება კი საქმის განხილვის შედეგად დადასტურებული უნდა იყოს უტყუარად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. შესაბამისად ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთმნიშვნელოვანი და უტყუარი სახის მტკიცებულება ე---–-------------ას მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის (მათ შორის ფსიქოლოგიური) შესახებ წარმოდგენილი არ იყო. შესაბამისად არ არსებობდა მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახის გამოყენების სამართლებრივი აუცილებლობა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა დ---------ამ. 2020 წლის 13 იანვარს წარმოდგენილი საჩივრით დ---------ა ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მსხვერპლის დ---------ას დაცვის მიზნით მოძალადე ე---–-------------ას მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მსხვერპლის, დ---------ას დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებით ღონისძიების სახით ე---–-------------ას მიმართ გამოცემული იქნას დამცავი ორდერი 6 თვის ვადით. დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში:
1. აეკრძალოს მოძალადე ე---–-------------ას მსხვერპლთან დ---------ასთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმსხვა ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება.
2. მოძალადე ე---–-------------ას აეკრძალოს დ---------ასთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო საშუალებების გამოყენებით და სოციალური ქსელით კონტაქტი.
3. მოძალადე ე---–-------------ას აეკრძალოს მსხვერპლის დ---------ას მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ძალადობა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ტელე-საკომუნიკაციო საშუალებებით.
3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ მოახდინა მხარის განმარტების არასწორი ინტერპრეტირება, შესაბამისად არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოძალადე ე---–-------------ას მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. სინამდვილეში მხარემ განმარტა, რომ მოძალადე ე---–-------------ას მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო აღძრული იყო სისიხლის სამართლის საქმე და მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ განაჩენის წარმოდგენა მტკიცებულებად საქმეში დ---------ას მიერ შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი პირი ე---–-------------ას განაჩენის გამოთხოვაზე, თუმცა ე---–-------------ას მიმართ მართლაც რომ აღძრული იყოს სისხლის სამართლის საქმე, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ;
3.1.2. აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა და ყურადღების მიღმა დატოვა მტკიცებულებები, რომლებიც ერთვოდა განცხადებას ორდერის გამოცემის შესახებ, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი იყო: 29.01.2018 წლის შემაკავებელი ორდერი N0----4; 23.02.2018 წლის შემაკავებელი ორდერი N0----5; 06.04.2019 წლის შემაკავებელი ორდერი N0----8; 10.06.2019 წლის შემაკავებელი ორდერი N0----1, და ბოლოს 23.11.2019 წლის შემაკავებელი ორდერი N0----0. თითოეული მათგანი გამოცემულია მოძალადე ე---–-------------ას მიმართ მსხვერპლზე, დ---------აზე გახორციელებული იყო ძალადობის გამო. აგრეთვე არ იმსჯელა და ყურადღების მიღმა დატოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 აგვისტოს განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე N0----------------7(1-----2019), რომლითაც დასტურდება, რომ დ---------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა ერთი წელი, რაც იმას ნიშნავს რომ მოძალადის მხრიდან გახორციელებული ნებისმიერ ქმედებას შესაძლოა მოჰყოლოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შედეგი. ყოვლივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა არასწორ დასკვნამდე, რომ მსხვერპლის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება და უპირობოდ გაიზიარა მოძალადის მიერ წარმოდგენილ წერილობით შეპასუხებაში მითითებული გარემოებები, რომელთა დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა და ყურადღების მიღმა დაყტოვა ასევე მხარის ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც, მოძალადე ე---–-------------ა, მას სასამართლოს შენობაში დაემუქრა რომ მთელი საქართველო გაიგებდა. რასაც დამართებდა დ---------ას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებული მხარეების მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ---------ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ) 377.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სსსკ-ის 377.2 მუხლით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სსსკ-ის 393.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებია. სსსკ-ის 393.3 მუხლით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. იმავე კოდექსის 385.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. სსსკ-ის 385.2 მუხლით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც დასკვნა დ---------ას მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით უმართებულოა და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. კერძოდ:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. 2113 მუხლის პირველი ნაწილით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი. დამცავ ორდერში მიეთითება: ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დ) ამ მუხლის მე-3 ნაწილის და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს (2115.2 მუხლი). დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის (2115.3 მუხლი). დამცავ ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი ან ყველა საკითხი, ძალადობის ფაქტის ადეკვატურად. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით (2115.4 მუხლი). დამცავი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე (2115.7 მუხლი).
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა დათავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამ კანონის მიზანია: ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისათვის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა... (მუხლი 2).
კანონის მე-4 მუხლის „ბ” და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ფსიქოლოგიური ძალადობაა შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
პალატა განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ანუ ემოციური (მორალური) ძალადობა ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და იგი ხშირად შეფარვით ხასიათს ატარებს. იგი ყველაზე ძნელად ამოსაცნობი ძალადობის ფორმაა, რადგან არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ამ ტიპის ძალადობა დამახასიათებელია ძალაუფლების დისბალანსის სიტუაციებში, როგორიცაა ძალადობრივი ურთიერთობები, ძალადობა, განსაკუთრებით სამუშაო ადგილებზე და ბავშვთა ძალადობა. ძალადობის ეს ფორმა აზიანებს მთლიანად პიროვნებას, შესაბამისად ცალკეულ შემთხვევებში სიმძიმის თვალსაზრისით უსწრებს ძალადობის სხვა ფორმის გამოვლინებით დამდგარ შედეგებს.
კონფლიქტის ტაქტიკების სკალის (CTS) მიხედვით, ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: შეურაცხყოფის მიყენება, კრიტიკა, აგრესიული და ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება, დაშინება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, იზოლირება, დაცინვა და დამცინავი სახელებით მიმართვა, მუდმივად გაკრიტიკება, მუდმივი დამცირება, შერცხვენა (განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით) და ყვირილი. ამგვარი სახის ძალადობამ მისი ინტენსივობისა და ემოციური ზეწოლის სიმწვავის გათვალისწინებით შეიძლება გამოიწვიოს: დაბალი თვითშეფასება, დეპრესია, შფოთვა, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, ქცევითი პრობლემები სკოლაში, ბავშვსა და მშობელს შორის კავშირის შესუსტება, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და სხვა.
ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის საჭირო და მნიშვნელოვანი კომპონენტია ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობა თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა, თუმცა არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ძალადობის გამოვლინების ხარისხსა და ინტენსიურობაზე.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ დ---------ა და ე---–-------------ა არიან განქორწინებულები. მათ ყავთ ორი შვილი, ხოლო მესამე შვილი დაეღუპათ ტრაგიკულად, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა მათ შორის არსებული ისედაც კონფლიქტური სიტუაცია, რასაც ის ფაქტიც უთიტებს, რომ შვილის საფლავზე გადიან ცალ-ცალკე შემდგომი კონფლიქტის აცილების მიზნით. დ---------ა მიმართ ე---–-------------ას მწვავე კონფლიქტურ დამოკიდებულებას ადასტურებს ამ უკანასკნელის წინააღმდეგ გამოცემული არაერთი შემაკავებელი ორდერიც. გარდა უკვე მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებისა, ე---–-------------ას ფსიქო-ემოციური გაღიზიანება მისი ყოფილი მეუღლის მიმართ გამოვლინდა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე, როდესაც ე---–-------------ა მოულოდნელად გაღიზიანდა დ---------ას წარმომადგენლის მიერ მისი დაცვის ქვეშ მქოფის სასარგებლოდ გამოთქმულ პოზიციაზე, მოიქცა არაადეკვატურად, რამაც გამოიწვია სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი იძულებით გაყვანის (გაძევების) აუცილებლობა.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე დ---------ას კანონიერი ინტერესებისა (უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება) და ე---–-------------ას მხრიდან მომდინარე საფრთხის (მისი ემოციური მდგომარეობა არაპროგნოზირებადს ხდის მის ქცევებს) გათვალისწინებით მოცემული ეტაპისთვის არსებობს მსხვერლის - დ---------ას სასარგებლოდ დამცავი ორდერის გამოცემის მწვავე საჭიროება, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, სრულიად გამოკვეთილია ედიშირე დავითაიას მხრიდან დ---------ას მიმართ ისეთ ქმედებათა განხორციელება, რაც იწვევს დ---------ას ძლიერ ფსიქოლოგიურ, ემოციურ სტრესს. შესაბამისად მისი ამგვარი ზემოქმედებისაგან დასაცავად, სასამართლოს საკმარის ღონისძიებად მიაჩნია - ე---–-------------ას აეკრძალოს დ---------ასთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მასვე აეკრძალოს დ---------ასთან რაიმე ფორმით ურთიერთობა, სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით კონტაქტი, მათ შორის ზეპირი, წერილობითი და ნებისმიერი სხვა ფორმით კომუნიკაცია.
მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეახსენოს ყოფილ მეუღლეებს ის გარემოება, რომ მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება მათი უპირველესი მოვალეობაა, რა მიზნითაც ფსიქოლოგებისა და სოციალური სამსახურის დახმარებით უნდა შეძლონ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ერთმანეთთან დასაშვები კომუნიკაციის დამყარება და შვილებზე ერთობლივი ზრუნვის გაგრძელება.
პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ზოგადად ბავშვისთვის ოჯახი არის შესაძლებლობა, რომლის საშუალებითაც ყალიბდება მისი ფიზიკური, ფსიქიკური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების პირობები, ანუ მიმდინარეობს მისი სოციალიზაცია. მეუღლეებს, მათ შორის ყოფილ მეუღლეებს შორის ურთიერთობა უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ბავშვი აკვირდება ქცევის ფორმებსა და ნიმუშებს, რომლებსაც შემდგომ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისათვის იყენებს. მშობლებთან ურთიერთობისას, ბავშვი იძენს ცოდნასა და წესებს, რომელიც მომავალში მის მიერ მშობლის როლის შესრულებას განსაზღვრავს. ფაქტობრივად, ის ბავშვები, რომლებიც ხშირად არიან მათ შორის განქორწინებულ მშობლებს შორის უსიამოვნების შემცველი ინტერაქციის მომსწრენი, ხდებიან უფრო სენსიტიურნი ცოლ-ქმრული კონფლიქტის მიმართ, რაც მათ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის ამ ზეგავლენებისადმი. ბავშვებს, რომლებიც სენსიტიურნი არიან კონფლიქტის მიმართ, ნაკლებად ძალუძთ გაუმკლავდნენ დარდსა (პრობლემებს) და აგრესიას, რომელიც უმცირესი უთანხმოებების შემთხვევაშიც კი განაპირობებს მათში ფიზიოლოგიურ აღგზნებას და ემოციურ დისტრესს, რომელსაც შიშის, ბრაზისა და სევდის ფორმით გამოხატავენ. ბავშვები, რომლებიც ხდებიან საკუთარ მშობლებს შორის განმეორებადი დესტრუქციული კონფლიქტის მაგალითების მომსწრენი, აგრეთვე ავლენენ მცდელობებს, რომ თვითონ ჩაერთონ კონფლიქტში, ან ექომაგებიან ერთ-ერთ მშობელს, რომ შეაჩერონ მათ შორის მიმდინარე დაპირისპირება. ის არასრულწლოვნები, რომლებიც თავიანთი მშობლების მიერ კონფლიქტური შემთხვევების კონსტრუქციულად გადაჭრის მექანიზმებს ხედავენ, რეალურად იღებენ ძალიან დიდ სარგებელს იმის ნახვით, თუ როგორ უმკლავდებიან კონფლიქტს მათი მშობლები. ისინი სწავლობენ პრობლემის კონსტრუქციულად მოგვარების უნარებს, რომელსაც მომავალში, საკუთარი კონფლიქტების გადასაჭრელად გამოიყენებენ. კონსტრუქციული კონფლიქტი აგრეთვე აძლიერებს ბავშვის დაცულობის გრძნობას ოჯახში და იგი აღიქვამს ოჯახს (თუგინდ განქორწინებულ მშობლებს), როგორც სტაბილურობის, თანაგრძნობისა და სიყვარულის წყაროს.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ 1996 წლის კონვენციის მიხედვით, ,,მშობლის პასუხისმგებლობა“ მოიცავს მშობლის უფლებამოსილებას ან სხვა ანალოგიურ დამოკიდებულებას, რომელიც განსაზღვრავს მშობლების, მეურვეების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების უფლებებს, უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს ბავშვის პიროვნებასთან ან ქონებასთან მიმართებაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და განსაზღვრულია, რომ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“. შეიძლება ითქვას, რომ მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. მითითებული კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (იხ., სუსგ №ას-602-570-2015, 20.11.2015წ.).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივრები შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც აპელანტის მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და გამოიცეს დამცავი ორდერი დ---------ას დაცვის მიზნით.
6. სასამართლო ხარჯები
მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2113 მუხლის 71 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ---------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ---------ას განცხადება მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ დაკმაყოფილდეს;
4. მოძალადე ე---–-------------ას (პ/ნ 3---------1, დაბ.21.03.1985 წელი) მიმართ მსხვერპლის დ---------ას დაცვის მიზნით დროებითი ღონისძიების სახით გამოცემული იქნას დამცავი ორდერი ექვსი თვის ვადით, შემდეგი პირობებით:
- ე---–-------------აის აეკრძალოს დ---------ასთან (პ/ნ 5---------6, დაბ.22.04.1985 წელი), მის საცხოვრებელ სახლთან (ქ.ფოთი, გ------ ქუჩა №2---), სამსახურთან და სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
- ე---–-------------ას აეკრძალოს დ---------ასთან რაიმე ფორმით ურთიერთობა, სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით კონტაქტი, მათ შორის ზეპირი, წერილობითი და ნებისმიერი სხვა ფორმით კომუნიკაცია;
5. ე---–-------------ას განემარტოს, რომ დამცავი ორდერი მოქმედებას იწყებს მისი სასამართლო სხდომაზე გამოცხადების მომენტიდან. მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
6. გადაწყვეტილება გაეგზავნოს შესაბამის სამსახურებს;
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი
მურთაზ მეშველიანი