განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.09.2018
საქმის ნომერი
330310018002352141
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/1861-18, 330310018002352141

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - პ----- გ-----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

დავის საგანი - ინიდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით პ----- გ-----ის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–----------------------------- ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ ბრძანების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–---------------–---------- ,,შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ ბრძანების ბათილად ცნობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელე პ----- გ-----ის შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მოსარჩელე პ----- გ-----ე მსახურობდა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე.(ს.ფ. 23-39).

 

2.2. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გ. ა-–----–---–--ა და პ. გ-----ის პატაკების (ელ. ვერსია N-------- 16.10.2017წ.) საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის N------- ბრძანებით, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–---------------------- ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ (პირადი პატაკის საფუძველზე) ქვეპუნქტის შესაბამისად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი პ----- გ-----ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–---------------–---------- ბრძანებით, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–---------------------- ბრძანებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) შესაბამისად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების ყოფილი დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი პ----- გ-----ე, დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2018 წლის 18 თებერვლიდან.(ს.ფ. 21-22).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-6-7, მე-16, 29-ე, 42-ე, 44-ე მუხლებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე, 23-ე მუხლებით, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლით, ევროპის სოციალური ქარტიის პირველი, მე-4, 24-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17, 22-24-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-601 მუხლებით, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი-5, 41-42-ე მუხლებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–---------------------- ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე, 37-ე მუხლებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე, 118-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებით.

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე - პ----- გ-----ის სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

4.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

4.3. ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო იმავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

4.4. სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,პოლიციის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონები. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.

 

4.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე პ----- გ-----ე მსახურობდა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. ამდენად, ის წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს.

 

4.6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გ. ა-–----–---–--ა და პ. გ-----ის პატაკების (ელ. ვერსია N--------16.10.2017წ.) საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის N------- ბრძანების თანახმად, ზემოაღნიშნული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ (პირადი პატაკის საფუძველზე) ქვეპუნქტის შესაბამისად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი პ----- გ-----ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში, ხოლო შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–---------------–---------- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2018 წლის 18 თებერვლიდან.

 

4.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოსამსახურის სურვილი აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე, გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, აღნიშნული განსაზღვრება მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს, პირის ეს უფლება, ეს სტანდარტი აღიარებულია საერთაშორისო აქტებით. პირის სურვილი აღარ იყოს დასაქმებული საჯარო სამსახურში (კონკრეტულ პოზიციაზე) წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებას და არავის აქვს უფლება და სამართლებრივი შესაძლებლობა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ითვლებოდეს საჯარო მოსამსახურედ და ასრულებდეს საჯარო მოვალეობებს.

 

4.8. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მხარეთა მიერ სადავოდ არ ქცეულა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ნამდვილად დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, თუმცა პირადი პატაკის დაკმაყოფილების და სამსახურიდან გათავისუფლების შედეგად პ----- გ-----ე თავს მიიჩნევს უფლებადარღვეულად და სასამართლო წესით ითხოვს მისი ნების გამოხატვის ნამდვილობის შემოწმებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ უფლების დასაცავად მოსარჩელეს არ გამოუყენებია კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობები, დასაქმებულის უფლება არ იქნეს უკანონოდ გათავისუფლებული არის შესაძლებლობა, რომლის რეალიზება თავად დასაქმებულის ნების გამოვლენაზეა დამოკიდებული. იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულის მიერ არ ყოფილა რეალიზებული კანონით მინიჭებული შესაძლებლობა - მოეთხოვა მისი განცხადების განუხილველად დატოვება ან ოთხი თვის განმავლობაში გამოეხატა ნება დარჩენილიყო შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში დამსაქმებელთან, აღნიშნული ადმინისტრაციულ ორგანოს არათუ აძლევდა შესაძლებლობას მიეჩნია, რომ განმცხადებლის მიერ გამოხატული ნება იყო ნამდვილი, არამედ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას საბოლოოდ არ დაეკმაყოფილებინა პ----- გ-----ის განცხადება.

 

4.9. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, როგორც "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი მოსარჩელე პ----- გ-----ეს ანიჭებდა უფლებას გამოეხატა ნება სამსახურში დარჩენასთან დაკავშირებით, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალდებულებდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელე პ----- გ-----ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შემდგომ, ოთხი თვის განმავლობაში, მის მიერ ნების გამოვლენას დაადასტურებდა სამსახურში დარჩენასთან დაკავშირებით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება, დამატებით გამოიკვლიოს მოსამსახურის ნება, უსაფუძვლოა, რადგან მას უკვე გამოხატული აქვს წერილობით სურვილი სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, თავისი ნების უარყოფის ვალდებულებაც, ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, მას უნდა დაეკისროს, რამდენადაც თითოეული პირი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი უფლების განკარგვაზე. საგულისხმოა, რომ ნორმატიულად, სწორედ აღნიშნული ფორმით გამოხატა კანონმდებელმა, ასეთი სახის სამართლებრივი ურთიერთობები "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 109-ე მუხლით.

 

4.10. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

4.11. სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის N------- და ,,შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 19 თებერვლის N------ ბრძანებები, შესაბამისად სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ასევე არ არსებობდა საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებოდა მოსარჩელე პ----- გ-----ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მისი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან, 2017 წლის 17 ოქტომბრიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე პ----- გ-----ემ, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; პ----- გ-----ის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

5.1. აპელანტის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში. კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი გახდა "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი - პირადი პატაკი.

 

5.2. აპელანტი აღნიშნავს, რომ მან მართალია პირადი პატაკით მოითხოვა კადრების განკარგულებაში აყვანა, თუმცა ეს მისი ნამდვილ ნებას არ წარმოადგენდა. აპელანტი აღნიშნავს, რომ მისი შვილი, ტ----- გ-----ე პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო 2017 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, პ----- გ-----ემ უშუალოდ ხელმძღვანელი პირის მითითებით დაწერა პირადი პატაკი, რომელმაც განუმარტა, რომ შვილის აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გათვალისწინებით პ----- გ-----ეს უნდა დაეტოვებინა სამსახური.

 

5.3. აპელანტი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ის სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2017 წლის 27 სექტემბრის ბრძანების შესაბამისად, ჩაირიცხა სსიპ საქართველოს შსს აკადემიაში 2017 წლის 25 სექტემბრიდან 2017 წლის 07 ნოემბრამდე თანამდებობრივი დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსის გასავლელად. საქმეზე დართული მსმენელის აკადემიური ბარათის მიხედვით, პ----- გ-----ეს ერთ-ერთ მოდულში 91.1 ქულა აქვს. ანუ, აპელანტს განზრახული ჰქონდა კვალიფიკაციის ამაღლება. აპელანტის მითითებით ეს სურვილი უკავშირდებოდა შემდგომში იმავე უწყებაში სამსახურის გაგრძელებას. შესაბამისად, ლოგიკურ არგუმენტსაა მოკლებული მისი პირადი პატაკი სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. აპელანტის მითითებით, ნების გამოვლენა პირადი პატაკის დაწერისას იყო იძულების შედეგი. აქედან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი პ----- გ-----ის კადრების განკარგულებაში აყვანისა და შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გასაჩივრებული ბრძანებები.

 

5.4. საპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველგვარი დასაბუთებისა და დამატებითი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების გარეშე გაათავისუფლა პ----- გ-----ე თანამდებობიდან. მის პირად პატაკში არ არის მითითებული არავითარი ფაქტობრივი გარემოება, თუ რატომ ტოვებდა პ----- გ-----ე თანამდებობას და რატომ ითხოვდა კადრების განკარგულებაში აყვანას. ადმინისტრაციულმა ორგანომ კი, ისე დააკმაყოფილა მისი პატაკი კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე, რომ დამატებით არც კი გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–---------------------- ბრძანების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "სამინისტროს მოსამსახურე პირადი განცხადებით (პატაკი) თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი უარს არ აცხადებს მისი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე." ამდენად, აპელანტი მიუთითებს, რომ პირადი პატაკის არსებობის შემთხვევაშიც კი პირის დათხოვნამდე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ამის შემდგომ დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა გათავისუფლების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია აპელანტის პატაკი შეესაბამებოდა თუ არა ნების გამოვლენის თავისუფლების და კეთილსინდისიერი მართლწესრიგის სტანდარტს. პ----- გ-----ე მიუთითებს, რომ იგი არის პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი მისი შვილის პოლიტიკური შეხედულებების გამო.

 

5.5. სააპელაციო საჩივრის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლო ფორმალურად მიუდგა აღნიშნულ საკითხს და არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტები. თავის გადაწყვეტილებაში პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ "მოსარჩელეს თავისი უფლების დასაცავად არ გამოუყენებია კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობები. იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულის მიერ არ ყოფილა რეალიზებული კანონით მინიჭებული შესაძლებლობა – მოეთხოვა მისი განცხადების განუხილველად დატოვება ან ოთხი თვის განმავლობაში გამოეხატა ნება დარჩენილიყო შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში დამსაქმებელთან, აღნიშნული ადმინისტრაციულ ორგანოს არათუ აძლევდა შესაძლებლობას მიეჩნია, რომ განმცხადებლის მიერ გამოხატული ნება არ იყო ნამდვილი, არამედ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას საბოლოოდ არ დაეკმაყოფილებინა პ----- გ-----ის განცხადება." (6.4, გვ. 11). სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იმ პირობებში, როცა აპელანტი მიუთითებს ზეწოლაზე უშუალოდ დამსაქმებლის, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, საინტერესოა, როგორ უნდა მოეხერხებინა პ----- გ-----ეს თავისი უფლებების დაცვა. აპელანტმა გამოიყენა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობები, კერძოდ, ეცადა თავისი უფლებები სასამართლოსადმი მიმართვით დაეცვა. აპელანტი მიუთითებს, საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საქმე Nბს-463-451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლომ იმსჯელა საჯარო მოსამსახურის მიერ განცხადების დაწერაზე სამსახურიდან გათავისუფლებაზე და ნების გამოვლენის ნამდვილობის მნიშვნელობაზე - "საჯარო მოსამსახურის მიერ განცხადების დაწერა - სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არის მისი ნების გამოვლენა, თუმცა, ნება გამოვლენილი უნდა იყოს თავისუფლად, შეუზღუდავად, არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებისგან დაცული. ამდენად, ნების თავისუფალი გამოვლენის საკითხი გამოკვლევას და შეფასებას ექვემდებარება.

 

5.6. აპელანტის მითითებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ურთიერთობებში ნების გამოვლენის განმარტების სამართლებრივ წანამძღვრებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, რომლის მიხედვით ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვით აზრიდან, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსი ბათილად მიიჩნევს გარიგებას, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს (მუხლი 54); ასევე ბათილად შეიძლება ჩაითვალოს გარიგება თუ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბორტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის დათქმა მიუთითებს - იმაზე, რომ ნების შინაარსი უნდა დადგინდეს კონკრეტული გარიგების ყველა ნიშან-თვისებების გათვალისწინებით, რა დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ეკონომიკურ თუ იურიდიულ ინტერესს, რომლის მიღწევას მხარეები ამ გარიგებით ისახავდნენ.

 

5.7. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი კრძალავს უფლების ბოროტად გამოყენებას, კერძოდ, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

5.8. განსახილველ შემთხვევაში, არც საჯარო სამსახურის ადმინისტრაციას და არც სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ და არ შეუფასებიათ ნ. მ-ის განცხადება შეესაბამებოდა თუ არა ნების გამოვლენის თავისუფლების და კეთილსინდისიერი მართლწესრიგის სტანდარტს." იმავე გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს: "განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საჯარო მოსამსახურეთა პირადი სურვილით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებათა დაწერის მასშტაბური ტენდენცია. საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციის ცვლილებას საქართველოს პირობებში, თან სდევს დაწესებულების საჯარო მოსამსახურის მხრიდან მასიურად - გამოვლენილი ნება განთავისუფლების შესახებ, ასევე, უიშვიათესია შემთხვევა, როცა

დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას თუნდაც რამდენიმე საჯარო მოხელემ უარი თქვა ნებაყოფლობით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართვაზე. სასამართლოებში დავების განხილვისას საჯარო მოხელეები აცხადებდნენ, რომ განცხადებები მოტყუებით, იძულებით, მუქარით, სამსახურში ხელახლა დანიშვნის დაპირებით დაწერეს." ..."საკასაციო სასამართლო, საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის მიუხედავად, სასამართლო პრაქტიკის ანალიზიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს მოხელის ნების გამოხატვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერება, მათ შორის, სპეციფიკის გათვალისწინებით. 1.მოსამსახურის სურვილი აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, აღნიშნული განსაზღვრება მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს, პირის ეს უფლება, ეს სტანდარტი აღიარებულია საერთაშორისო აქტებით. 2.პირის სურვილი აღარ იყოს დასაქმებული საჯარო სამსახურში (კონკრეტულ პოზიციაზე) წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებას და არავის აქვს უფლება და სამართლებრივი შესაძლებლობა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ითვლებოდეს საჯარო მოსამსახურედ და ასრულებდეს საჯარო მოვალეობებს. 3.მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საჯარო სამსახურის ადმინისტრაციას აქვს კანონისმიერი ვალდებულება უტყუარად და სარწმუნოდ დაადგინოს პირის ნების გამოხატვის ნამდვილობის საკითხი, რაც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან – გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საქმის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე. 4.ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა, სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული." "საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, იდენტურ სამართლებრივ დავებში სასამართლო ორგანოების ამოცანას წარმოადგენს გამიჯნონ შემთხვევები, როცა პირის ნება ფორმირებულია მისი განწყობებით, დამოკიდებულებებით, პერსპექტიული გეგმებით, თვითშეფასების ხარისხით და სხვა, და როცა ნების ფორმირება განპირობებულია, ერთი მხრივ: ა) საჯარო სამსახურებრივი ვალდებულებების დაბალი შეგნებით, ადმინისტრაციის მიმართ უპირობო მორჩილების გამოხატვის, ბ) ანგარების (დაწინაურება, ხელფასის მომატება, პრემიის გადაცემა და სხვა) და მეორე მხრივ, ა) საჯარო მოსამსახურის იძულებით, მუქარით, მისი განსაკუთრებული მდგომარეობის (ჯანმრთელობა, მძიმე სოციალური მდგომარეობა, ოჯახური სტატუსი და სხვა ამგვარ). აღნიშნული ფაქტების დადგენის გარეშე შეუძლებელი გახდება სასამართლო წესით დაცვის უფლების რეალიზაცია."

 

5.9. საკასაციო სასამართლომ აგრეთვე მიუთითა: "აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივ გარემოებათა კვლევისა და დადგენის საპროცესო-სამართლებრივი მექანიზმები თითოეულ შრომითსამართლებრივ დავაში მიმართული უნდა იყოს იქეთკენ, რომ პირის ნების ფორმირება - შინაგანი სურვილი და მისი გარეგნული გამოხატულება თანხვედრაშია თუ არა, მისი მიზანი დანამდვილებით არის თუ არა შრომითი ურთიერთობიდან გასვლა, ადმინისტრაციის (დამსაქმებლის) უფლება - დააკმაყოფილოს პირის ნება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მართლზომიერად არის თუ არა გამოყენებული. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან მოცემულ დავაში ადმინისტრაციას საერთოდ არ შეუსწავლია ნ. მ-ის ნების გამოვლენის ნამდვილობა, ფორსირებული წესით დაკმაყოფილებული განცხადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება მართლზომიერად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება გულისხმობს კანონით დადგენილი ყველა პროცედურის მეშვეობით კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, რაც თავის მხრივ, კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტის მიღწევას ემსახურება."

 

5.10. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ისევე, როგორც ზემოაღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებით განხილულ შემთხვევაში, პ----- გ-----ის შემთხვევაშიც, სახეზეა სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რაც ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ წინაპირობას.

 

6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ პ----- გ-----ის სააპელაციო საჩვარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

7. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

7.1. მოსარჩელე პ----- გ-----ე მსახურობდა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე.(ს.ფ. 23-39).

 

7.2. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გ. ა-–----–---–--ა და პ. გ-----ის პატაკების (ელ. ვერსია N-------- 16.10.2017წ.) საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის N------- ბრძანებით, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–---------------------- ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ (პირადი პატაკის საფუძველზე) ქვეპუნქტის შესაბამისად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი პ----- გ-----ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

7.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–---------------–---------- ბრძანებით, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–---------------------- ბრძანებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) შესაბამისად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების ყოფილი დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი პ----- გ-----ე, დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2018 წლის 18 თებერვლიდან.(ს.ფ. 21-22).

 

8.1. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, მოსამსახურის სურვილი აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე, გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, აღნიშნული განსაზღვრება მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს, პირის ეს უფლება, ეს სტანდარტი აღიარებულია საერთაშორისო აქტებით. პირის სურვილი აღარ იყოს დასაქმებული საჯარო სამსახურში (კონკრეტულ პოზიციაზე) წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებას და არავის აქვს უფლება და სამართლებრივი შესაძლებლობა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ითვლებოდეს საჯარო მოსამსახურედ და ასრულებდეს საჯარო მოვალეობებს.

 

8.2. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, მხარეთა მიერ სადავოდ არ ქცეულა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ნამდვილად დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, თუმცა პირადი პატაკის დაკმაყოფილების და სამსახურიდან გათავისუფლების შედეგად პ----- გ-----ე თავს მიიჩნევს უფლებადარღვეულად და სასამართლო წესით ითხოვს მისი ნების გამოხატვის ნამდვილობის შემოწმებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ უფლების დასაცავად მოსარჩელეს არ გამოუყენებია კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობები, დასაქმებულის უფლება არ იქნეს უკანონოდ გათავისუფლებული არის შესაძლებლობა, რომლის რეალიზება თავად დასაქმებულის ნების გამოვლენაზეა დამოკიდებული. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება იმის შესახებ, იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულის მიერ არ ყოფილა რეალიზებული კანონით მინიჭებული შესაძლებლობა - მოეთხოვა მისი განცხადების განუხილველად დატოვება ან ოთხი თვის განმავლობაში გამოეხატა ნება დარჩენილიყო შრომით - სამართლებრივ ურთიერთობაში დამსაქმებელთან, აღნიშნული ადმინისტრაციულ ორგანოს არათუ აძლევდა შესაძლებლობას მიეჩნია, რომ განმცხადებლის მიერ გამოხატული ნება იყო ნამდვილი, არამედ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას საბოლოოდ არ დაეკმაყოფილებინა პ----- გ-----ის განცხადება.

 

8.3. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი მოსარჩელე პ----- გ-----ეს ანიჭებდა უფლებას გამოეხატა ნება სამსახურში დარჩენასთან დაკავშირებით, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალდებულებდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელე პ----- გ-----ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შემდგომ, ოთხი თვის განმავლობაში, მის მიერ ნების გამოვლენას დაადასტურებდა სამსახურში დარჩენასთან დაკავშირებით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება, დამატებით გამოიკვლიოს მოსამსახურის ნება, უსაფუძვლოა, რადგან მას უკვე გამოხატული აქვს წერილობით სურვილი სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, თავისი ნების უარყოფის ვალდებულებაც, ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, მას უნდა დაეკისროს, რამდენადაც თითოეული პირი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი უფლების განკარგვაზე.

 

8.4. სააპელაციო პალატა იზირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, რადგან გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

8.5. სააპელაციო პალატა თვლის, სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა: გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის N------- და ,,შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 19 თებერვლის N------ ბრძანებები, შესაბამისად სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, ასევე არ არსებობდა საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებოდა მოსარჩელე პ----- გ-----ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მისი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან, 2017 წლის 17 ოქტომბრიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.

 

8.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვლია ყოველმხრივ და ერთობლიობაში, შესაბამისად მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს პ----- გ-----ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს პ----- გ-----ის სააპელაციო საჩივარი.

 

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ( თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე