განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119003307859
საქმე №1ბ/260-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-------------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მ----------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ახალქალაქის რაიონი ს------–---------; ფაქტობრივად მცხოვრები ბ-----------------------------–------------- - დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხი რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:
მ--------------------ნი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მ--------------------ნმა ჩაიდინა:
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მ--------------------ნმა 2019 წლის ოქტომბრის თვეში ბორჯომის რაიონის სოფელი ანდეზიტის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, უკანონოდ გაჩეხა 4,74 კუბური მეტრი ფოთლოვანი (წიფელა) ჯიშის ხე-ბუჩქნარი, რითაც გარემოს მიადგა 1011,70 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ-------------------–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით. ბრალდების მხარის განმარტებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, რის გამოც იგი მსჯავრდებულისთვის შეიძლება აღმოჩნდეს წამახალისებელი და სტიმულის მიმცემი. შესაბამისად, იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც აპელანტს გაუხდია სადაოდ. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით; შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, სადაო არ გამხდარა და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციად იქნა ცნობილი.
ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ მ--------------------ნმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინკრიმინირებული ქმედება.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ--------------------ნის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და მ--------------------ნის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების და მის ქმედების შემდგომი ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ მ--------------------ნის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადექვატურობის პრინციპის დაცვით, სამართლიანობისა და სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული, აღნიშნული უპირობოდ ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი. პალატა მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, ხოლო იმ ფაქტის არარსებობა, რაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მსჯავრდებულებს (ანუ ზიანის აუნაზღაურებლობა), დაუშვებელია უპირობოდ შეფასდეს უარყოფითად და განხილული იქნეს სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მ--------------------ნი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, არის ადეკვატური და სამართლიანი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-------------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
მ--------------------ნი (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველილი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მ--------------------ნის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდებულია. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გირაო უზრუნველყოფილი არაა.
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება:
V-------- მოდელის ავტომანქანა, სახ. N BW 921 BW, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
- ავტომანქანაში მოთავსებული 31 ცალი წიფელის ჯიშის ხის კოტრი, 5 ცალი წიფელის ჯიშის ხის კოტრი, ,,BAIKAL"-ის ფირმის ელექტროხერხი და ხისტარიანი ცული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე