განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1ბ/296-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27 თებერვალი, 2020 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
მსჯავრდებულ ე------ მ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----– ბ--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ე------ მ----------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული - ქალაქი თბილისი, ვ--------–---–--------------------------------–-------------–--------–--–----------------------------------------–-, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2020 წლის 8 იანვრის განაჩენით, ე------ მ----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდება და გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილზე;
ე------ მ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს მიემატა ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ე------ მ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით;
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ე------ მ----------ს დაეწყო დაკავების დღიდან -2019 წლის 19 აპრილიდან;
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე------ მ----------მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმეგო შეძენა, შენახვა და ტარება;
მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა;
მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანება, მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ე------ მ----------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
ე------ მ----------მა, დაუდგენელ დროსა და გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2019 წლის 18 აპრილამდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ პისტოლეტსა და საბრძოლო ვაზნას.
2019 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, თბილისში, ვ-–-–-------–-, ვ-----------–---–---------------–---------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე------ მ----------ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა დაუდგენელ დროსა და გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ პისტოლეტს და საბრძოლო ვაზნას.
2019 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, თბილისში, ვ-–-–-------–-, ვ-----------–---–---------------–---------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისა და გაღიზიანების საფუძველზე, ე------ მ----------მა, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული პისტოლეტიდან ერთხელ გასროლით, მუცლის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა ი---- გ--------ეს, რის შედეგად ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
2019 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, თბილისში, ვ-–-–-------–-, ვ-----------–---–---------------–---------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისა და გაღიზიანების საფუძველზე, ე------ მ----------მა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული პისტოლეტიდან ერთხელ გასროლით, მუცლის არეში ცეცხლნასროლი, გამჭოლი, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ი---- გ--------ეს. ე------ მ----------ის მიერ საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ გასროლილი გამჭოლი ტყვიით დაზიანდა მოქალაქე გ-------– შ----–----ის კუთვნილი, “ტოიტა პრიუსის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით S--------) ავტომანქანის უკანა მარცხენა კარი, რამაც გამოიწვია 200 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2020 წლის 8 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე------ მ----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----– ბ--------ემ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
საჩივრის თანახმად, მსჯავრდებლისთვის განსაზღვრული სასჯელი უსამართლო, არაპროპორციული და მკაცრია, შესაბამისად დაუსაბუთებელი. ე------ მ----------მა თავი ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, მტკიცებულებების დიდი ნაწილი უდავოდ გახადა და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფდა არა 10, არამედ 7 წლით თავისუფლების აღვეთა სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ამასთან სასამართლოს არ აუხსნია, თუ რატომ გამოიყენა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრება და რატომ არ იქნებოდა პროპორციული სასჯელის მიზნებთან შთანთქმის პრინციპი. შესაბამისად, საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ სასჯელის ნაწილში იმსჯელა ზედაპირულად, სამოტივაციო ნაწილიში კი საერთოდ არ უმსჯელია თითოეულ დანაშაულთან დაკავშირებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნაა და არ აუხსნია, რატომ შეარჩია თითოეულ დანაშაულთან მიმართებით კონკრეტული სასჯელის სახე და ზომა.
თ---–-------------------------–------------------------------------------–---------------------–--------–---------–----------------–---- პროკურორის გ-------– ბ----–-–---–ის მიერ წარმოდგენილი შესაგებლის თანახმად, განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელი. სასამართლო განხილვისას არ დარღვეულა არცერთი კანონიემიერი მოთხოვნა, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. განსახილველი საჩივარი სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ე------ მ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----– ბ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე------ მ----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც მხარეები ხდიან სადავოდ.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის განხილვისას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ“ ქვეპუნქტის თანახმად მხარეებს მთელი რიგი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების: დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ-----------------------------–--------------------------------–----–-------------------------–---–-------------------–---–------------------------–---------------–--–----–-------------------------–-–---–------------------------------------------------------------- მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ტრასოლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნების და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე------ მ----------მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანება, მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული, სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მისთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
ამრიგად, სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს ე------ მ----------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, კერძოდ იმას, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, სასჯელის დანიშვნისას პალატა ითვალისწინებს ასევე პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. ასეთს წარმოადგენს ის, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლითაც უნდა დაინიშნოს სასჯელი, სასჯელის სახედ და ზომად გათვალიწინებულია ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან ექვს წლამდე, ამავე კოდექსის მეოთხე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ხოლო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში, ე------ მ----------ს თითოეული დანაშაულისთვის რეციდივის გათვალისწინებით (გარდა საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის). განესაზღვრა მინიმუმთან მიახლოებული სასჯელები. ამავდროულად საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა სავალდებულო წესით შთანთქა საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ე------ მ----------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (მის მიერ ჩადენილია, მათ შორის, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პირადი და ეკონომიკური პირობები (ჰყავს მცირეწლოვანი შვილი), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი (ურთიერთშელაპარაკება/შურისძიება) და დანიშნა ადეკვატური და სამართლიანი სასჯელები.
რაც შეეხება სასჯელთა ნაწილობრივ შეკრებას, პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმადაც მოსამართლე უფლებამოსილია დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოიყენოს, როგორც მთლიანად შეკრების, ისე ნაწილობრივი შეკრებისა ან შთანთქმის პრინციპი. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა ნაწილობრივ შეკრების პრინციპი და სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს დაუმატა ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 წლიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილი, კერძოდ 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განუსაზღვრა 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ შემთხვევაშიც პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს. საქმე ისაა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება მომეტებული საფრთხის შემცველი დანაშაულია. ხშირ შემთხვევებში სწორედ იარაღის ფლობა და მისი კონფლიქტის დროს თან ქონა იწვევს გამოსწორებელ შედეგებს, ისევე როგორც განსახილველ შემთხვევაში. მხედველობაშია მისაღები ისიც, როგორც აღინიშნა თითოეული დანაშაულისათვის ცალკ-ცალკე დაინიშნა მინიმალური ან ასეთთან მიახლოებული სასჯელები. ამ პირობებში მთლიანად შთანთქმის პრინციპის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით დათვალისწინებული დანაშაულის მიმართ გააჩენს დაუსჯელობის განცდას.
ამდენად, ბრალდებულის პიროვნების (ნასამართლევია განზრახი, დანაშაულისათვის), დასახელებული პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, გათვალისწინებით ე------ მ----------ის სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ე------ მ----------ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2020 წლის 8 იანვრის, განაჩენი ე------ მ----------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე------ მ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----– ბ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2020 წლის 8 იანვრის განაჩენი ე------ მ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ე------ მ----------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილზე.
ე------ მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს დაემატოს ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ე------ მ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით;
ე------ მ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 19 აპრილიდან;
ე------ მ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილები - მასრა და ტყვია, ანაწმენდები, საექსპერტო კვლევისათვის აღებული ნიმუშები - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ი---- გ--------ის ტანსაცმელი, სიგარეტის კოლოფი და სანთებელა, ე------ მ----------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
“ტოიოტას“ მარკის “პრიუსის“ მოდელის ავტომანქანა და გასაღები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
ელექტრონული დისკები შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი