განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2020
საქმის ნომერი
120210118002466878
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120210118002466878

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/7104-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - რ---- მ--------–---–-

წარმომადგენლები - ე---------- ა--–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ------- ბ--------–---–-

წარმომადგენელი - შ------- კ------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ------- ბ--------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე რ---- მ--------–---–ს მოსარჩელე გ------- ბ--------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა 7121.56 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ქ------------–-----------------ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 6-----------), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ------- ბ--------–---–-ს (1/2 წილი) და რ---- მ--------–---–-ს (1/2 წილი) სახელზე.

 

2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის N1--------------- გადაწყვეტილებით გაუქმდა რ---- მ--------–---–-ს და გ------- ბ--------–---–-ს საზიარო უფლება ქ------------------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე ნატურის გამოყოფის გზით და რ---- მ--------–---–ს მიეკუთვნა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან კუთვნილი ½ წილი - 65.87 კვ.მ., საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის დანართი N2-ის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:

· ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

· ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.3. ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე, სასამართლომ დაადგენილად მიიჩნია, რომ დასათვალიერებელი ობიექტი წარმოადგენს ორსართულიანი შენობა-ნაგებობის - საცხოვრებელი სახლის, პირველ სართულს, რომელიც მდებარეობს ქ------------–-----------------ში, ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს. სადავო სარდაფი შედგება ორი ოთახისგან. მხარეთა განმარტებით, პირველი ოთახის ნაწილი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ხოლო ნაწილი მოპასუხის საკუთრებას, კერძოდ შესასვლელიდან პირველი რიგელის ჩათვლით ფართი მიკუთვნებული აქვს მოსარჩელეს, ხოლო დანარჩენი ფართი მიკუთვნებული აქვს მოპასუხე მხარეს. აღნიშნული სარდაფი ტიხრით/კედლით არ არის გაყოფილი (გამიჯნული). მხარეთა განმარტებით მოსარჩელე გ------- ბ--------–---–მა სარდაფში აწარმოა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, კერძოდ ამოაშენა კედლები და შელესა, დააგო მოჭიმული იატაკი, შელესა ჭერი. სარდაფიდან თ------ ქუჩაზე გასასვლელია, აღნიშნულ გასასვლელთან, ჭერზე პლასმასის შეკიდული ჭერია, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, ასევე მის მიერ არის გაკეთებული. სარდაფის აღნიშნული ოთახიდან გადიხარ სარდაფის მეორე ოთახში, რომელიც საზიარო ქონების გამიჯვნისას, სრულად მიეკუთვნა მოპასუხე რ---- მ--------–---–ს. მხარეთა განმარტებით, აღნიშნული ფართიც გარემონტდა გ------- ბ--------–---–-ს მიერ, კერძოდ, შელესა კედლები, ჭერი და დააგო მოჭიმული იატაკი. სარდაფის გარეთა მხარე თ------ ქუჩის ცენტრალური გზის მხარესაა. მოსარჩელე მხარის განმარტებით გარეთა მხრიდანაც მან მოახდინა აღნიშნული კედლის ფუნდამენტის ჩასხმა და კედლების გალესვა, მანვე გადახურა შესასვლელი თუნუქის სახურავით. ასევე დათვალიერებული იქნა რ---- მ--------–---–-ს საკუთრებაში არსებული სარდაფი, პირველ სართულზე. ვიზუალური დათვალიერებით აღნიშნული სარდაფის კედლები ძველი აშენებულია, ნაშენია აგურით, არ არის შელესილი, იატაკი არის მიწის საფარის. მოსარჩელის განმარტებით, სადავო სარდაფიც ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაში იყო მის მიერ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებამდე.

 

2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ------- ბ--------–---–მა ქ------------–-----------------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 6-----------) პირველი სართულის ნაწილზე, რომელიც ნატურით გამიჯვნის შემდეგ მიეკუთვნა მოპასუხე რ---- მ--------–---–ს, როგორც თავისად დაგულებულ ქონებაზე, 2012 წელს, ჩაატარა 7121.56 ლარის ღირებულების სამშენებლო - რემონტო სამუშაოები.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებზე და განმარტა, რომ მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში, გ------- ბ--------–---–-ს მიერ თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელი სახლის (ს/კ6-----------) პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარების ფაქტი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხე სადაოდ ხდის იმ გარემოებას, რომ გ------- ბ--------–---–-სათვის ცნობილი იყო, რომ ქონება ეკუთვნოდა რ---- მ--------–---–ს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ გ------- ბ--------–---–მა მისი თანხობის გარეშე ჩაატარა სარემონტო სამუშაოები მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. როგროც ზემოთ აღნიშნა, მოპასუხე რ---- მ--------–---–- ამტკიცებს, რომ გ------- ბ--------–---–-სათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა რ---- მ--------–---–-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში. შესაბამისად მასვე ეკისრება ამ ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი.

 

საქმეზე დაკითხულმა მოწმემ ამირან კოპაძემ დაადასტურა, რომ ხელოსნებთან კერძოდ, ზაურ წეველიძესთან და ზაური რაზმაძესთან ერთად ქ------------–-----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მოსარჩელის გ------- ბ--------–---–-ს დაკვეთით ჩაატარა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, კერძოდ ჭერზე შეცვალეს კოჭები, გალესეს კედლები, დაასხეს მოჭიმული იატაკი, ამოიყვანეს ტიხრები და ა.შ. ჩატარებული სამუშაოების ღირებულებას მათ უნაზღაურებდა გ------- ბ--------–---–-. სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას მისთვის ხელი არავის შეუშლია და აღნიშნულის სამუშაოების ჩატარების წინააღმდეგი არავინ ყოფილა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმე ზაურ წაველიძემ და ზაური რაზმაძემ. მოწმე დარიკო ლოლაძემ დაადასტურა, რომ გ------- ბ--------–---–მა სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მასალა შეიძინა მისგან. მანვე აღნიშნა, რომ იმ დროს როდესაც გ------- ბ--------–---–- ატარებდა სარემონტო სამუშაოებს მას რ---- მ--------–---–მა უთხრა, რომ გ------- ბ--------–---–ს ჯერ დაესრულებინა სამუშაოები, გეკეთებინა რემონტი და ამის შემდეგ წაართმევდა ქონებას.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ბ--------–---–-ს მიერ ქ------------–-----------------ში მდებარე შენობის პირველ სართულზე, ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება წარდგენილი დოკუმენტაციის, დამკვეთის მარწმუნებლის გ------- ბ--------–---–-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის, კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების, მოქმედი ნორმატიული აქტების, 2012 წლის დონეზე არსებული სამშენებლო რესურსების ფასების მიხედვით, დღგ-სა და ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით შეადგენს 7121.56 ლარს. დასკვნის სისწორე და მასში მითითებული გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო--------- ჩ-------მ.

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ გ------- ბ--------–---–მა, როგორც თავისად დაგულებულ ქონებაში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები. მოსარჩელემ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება და წარმოადგინა მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები. ხოლო მოპასუხე მხარემ ფაქტობრივად ვერ წარმოადგინა სარჩელზე არგუმენტირებული პოზიცია - მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება სარჩელის უსაფუძვლობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე რ---- მ--------–---–-ს ქონებაზე მოსარჩელის გ------- ბ--------–---–-ს მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარჯზე მოხდა მოპასუხის გამდიდრება, რის შედეგადაც ერთი პირის (მოპასუხის) ქონების გაზრდა მოხდა მეორე პირის (მოსარჩელის) ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:

· მოწმეთა ჩვენებები;

· სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟონრო ექსპერტიზის დასკვნა;

· ექსპერტის ო--------- ჩ------ის ჩვენება;

· მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

2.7. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლომ განმარტა, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ, მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

2.8. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში“.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე (მოცემულ შემთხვევაში სადავოა ფულადი სახსრები, რომლებიც დახარჯა მოსარჩელემ თავისად დაგულებული სახლის რემონტში). ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.

 

2.9. სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლოდ ანაზღაურების სახით. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------- ბ--------–---–მა ქ------------–------------------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 6-----------) პირველი სართულის ნაწილზე, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოპასუხე რ---- მ--------–---–ს, როგორც თავისად დაგულებულ ქონებაზე 2012 წელს ჩაატარა სარემონტო სამუშაოები რომლის ღირებულებამ იმ დროის ფასების მიხედვით შეადგინა 7121.56 ლარი. ამდენად, გ------- ბ--------–---–მა გასწია კონკრეტული ოდენობის ხარჯი თავისად დაგულებულ ქონებაზე, რომელიც მოგვიანებით საზიარო უფლების გაუქმებისა და ქონების ნატურით გამიჯვის შემდეგ მიეკუთნა მოპასუხე რ---- მ--------–---–ს. შესაბამისად, საფუძვლიანია მოსარჩელის მითითება - სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული თანხით 7121.56 ლარით მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების თაობაზე. მოპასუხე რ---- მ--------–---–მა მოსარჩელისაგან შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძველის გარეშე მიიღო 7121.56 ლარის ღირებულების სარგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტი ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში და მიღებული შესრულება ექვემდებარება დაბრუნებას.

 

უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს, ისეთ შემთხვევას, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის Nას-1051-991-2015).

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით „პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული“.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი იყო მოსარჩელის მხარეზე, რომლის მიერაც აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებებით იქნა დადასტურებული, ხოლო საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

 

ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოპასუხემ ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, მოსარჩელის მიერ შესაბამისი ვალდებულების არსებობის გარეშე მოხდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ფართში 7121.56 ლარის ღირებულების სამშენებლ-სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რის შედეგადაც მოპასუხის ქონება მითითებული თანხით გაიზარდა. აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი სიკეთის ამოღებით უნდა აღდგეს ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობა და სამართლიანობა. ამ მიზნით ქონებრივი სარგებელი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოპასუხე გამდიდრდა. 7121.56 ლარის გადახდით მოსარჩელე აღსდგება თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში. თავის მხრივ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის აღსდგება სამართლიანი ბალანსი. დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა და სამართლებრივი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა საზიარო უფლების გაუქმების შესახებ სარჩელი, რეალურად არ აღსრულებულა: სადავო უძრავი ქონება არ გამიჯნულა ექსპერტ ლაზარე კირიაკიდის დასკვნის მიხედვით. მოსარჩელის ხელშეშლის გამო, მოპასუხე ფაქტობრივად ვერ სარგებლობს მისი საკუთრებით, რაც დაუსაბუთებელს ხდის გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების თაობაზე. სასამართლოს უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკაშირებით გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა დაედგინა უმთავრესი გარემოება, ფლობს თუ არა დღეს დღეობით რ---- მ--------–---–- თავის კუთვნილ წილს.

 

3.2. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა იმავე მხარეებს შორის წარმოებულ სამოქალაქო საქმეზე #2/002-17 (დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება) გ------- ბ--------–---–-ს შეგებებული სარჩელი, რომლითაც მან 7000 ლარიდან 4000 ლარამდე შეამცირა მოთხოვნა.

 

3.3. მოსამართლემ ადგილზე დათვალიერებისას არ შეაფასა ის გარემოება, თუ რომელ კედელზე იქნა დახარჯული 549.69 ცალი ბლოკი და რა სახის, ვინაიდან მშენებლობისას გამოიყენება ორი სახის ბლოკი: ტიხრის (10-20სმ) და სტანდარტული (20-40სმ). სტანდარტული ბლოკის გამოყენების შემთხვევაში, გახარჯული ბლოკის რაოდენობიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საერთო კედელი ბევრად მეტი სიგრძის და სიგანის უნდა ყოფილიყო, ვიდრე არის. სინამდვილეში, გ------- ბ--------–---–მა მხოლოდ თანხის ოდენობის გაზრდის მიზნით მიუთითა სტანდარტული ბლოკის სახეობა. ასევე, ექსპერტის მიერ არასწორად იქნა შეფასებული სარემონტო სამუშაოების ფასები; დასკვნაში მითითებულია 100 მ.კვ. ბეტონის საფეხური მაშინ, როდესაც სინამდვილეში მხოლოდ 3 საფეხურიანი ბეტონის კიბე არსებობს - სიგრძით 3 მეტრი და სიგანით - 1,50 სმ; ასევე ექსპერტის მიერ არ არის გათვალისწინებული 2012 წელს არსებული საბაზრო ფასები.

 

3.4. მოსამართლემ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ------- ბ--------–---–- თავად იღებდა შემოსავალს რ---- მ--------–---–-ს კუთვნილი ფართის გაქირავებით, რაც მოწმის ჩვენებით არის დადასტურებული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1.1 ქ------------–-----------------ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 6-----------) თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ------- ბ--------–---–-ს (1/2 წილი) და რ---- მ--------–---–-ს (1/2 წილი) სახელზე, იდეალურ წილში.

 

4.1.1.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის N1--------------- გადაწყვეტილებით გაუქმდა რ---- მ--------–---–-ს და გ------- ბ--------–---–-ს საზიარო უფლება ქ------------------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე ნატურის გამოყოფის გზით და რ---- მ--------–---–ს მიეკუთვნა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან კუთვნილი ½ წილი - 65.87 კვ.მ, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის დანართი N2-ის შესაბამისად. გადაწყვეტილება შესულია კანინიერ ძალაში.

 

4.1.1.3. 2018 წლის 28 მაისს გ------- ბ--------–---–მა სარჩელი აღძრა რ---- მ--------–---–-ს მიმართ და მოპასუხისათვის 7121.56 ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

სარჩელის თანახმად, მხარეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს ორსართულიანი სახლი, რომელიც მათ მშობლებისაგან მიიღეს მემკვიდრეობით. მხარეები საცხოვრებლად იყენებდნენ სახლის მხოლოდ მეორე სართულს, ხოლო პირველი სართულზე განთავსებული იყო სარდაფი, რომელიც წლების განმავლობაში მოსარჩელის სარგებლობაში იყო. ყოველთვის ითვლებოდა, რომ პირველი სართულზე არსებული ფართი მოსარჩელის ოჯახის საკუთრება იყო და იგი არასოდეს გამხდარა დავის საგანი. 2012 წელს მოსარჩელემ სარდაფი გადააკეთა კომერციული მიზნებისათვის. საშენებლო სამუშაოების წარმოების დროს რ---- მ--------–---–ს არ წამოუყენებია პრეტენზია, რომ პირველი სართული მასაც ეკუთვნოდა. 2017 წელს კი, დავა წარმოიწყო პირველ სართულზე საზიარო უფლების გაუქმების და ქონების ნატურით გაყოფის მოთხოვნით, რაც ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. შედეგად მოპასუხემ საკუთრებაში მიიღო ერთის მხრივ, გაზრდილი და მეორეს მხრივ, გარემონტებული ფართი, რითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

 

4.1.1.4 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ------- ბ--------–---–-ს მიერ ქ------------–------------------ში მდებარე შენობის პირველ სართულზე, ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, წარდგენილი დოკუმენტაციის, დამკვეთის გ------- ბ--------–---–-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე ობიექტის ადგილზე კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების მოქმედი ნორმატიული აქტების, 2012 წლის დონეზე არსებული სამშენებლო რესურსების ფასების მიხედვით, დღგ-სა და ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით, შეადგენს 7121.56 ლარს. დასკვნის სისწორე და მასში მითითებული გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო--------- ჩ-------მ.

 

4.1.1.5. სასამართლოს ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დასათვალიერებელი ობიექტი წარმოადგენს ორსართულიანი შენობა-ნაგებობის - საცხოვრებელი სახლის, პირველ სართულს, რომელიც მდებარეობს ქ------------–------------------ში, ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს. სადავო სარდაფი შედგება ორი ოთახისგან. მხარეთა განმარტებით, პირველი ოთახის ნაწილი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ხოლო ნაწილი მოპასუხის საკუთრებას, კერძოდ შესასვლელიდან პირველი რიგელის ჩათვლით ფართი მიკუთვნებული აქვს მოსარჩელეს, ხოლო დანარჩენი ფართი მიკუთვნებული აქვს მოპასუხე მხარეს. აღნიშნული სარდაფი ტიხრით/კედლით არ არის გაყოფილი (გამიჯნული). მხარეთა განმარტებით მოსარჩელე გ------- ბ--------–---–მა სარდაფში აწარმოა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, კერძოდ ამოაშენა კედლები და შელესა, დააგო მოჭიმული იატაკი, შელესა ჭერი. სარდაფიდან თ------ ქუჩაზე გასასვლელია, აღნიშნულ გასასვლელთან, ჭერზე პლასმასის შეკიდული ჭერია, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, ასევე მის მიერ არის გაკეთებული. სარდაფის აღნიშნული ოთახიდან არის გასასვლელი სარდაფის მეორე ოთახში, რომელიც საზიარო ქონების გამიჯვნისას, სრულად მიეკუთვნა მოპასუხე რ---- მ--------–---–ს. მხარეთა განმარტებით, აღნიშნული ფართიც გარემონტდა გ------- ბ--------–---–-ს მიერ, კერძოდ, შელესა კედლები, ჭერი და დააგო მოჭიმული იატაკი. სარდაფის გარეთა მხარე თ------ ქუჩის ცენტრალური გზის მხარესაა. მოსარჩელე მხარის განმარტებით გარეთა მხრიდანაც მან მოახდინა აღნიშნული კედლის ფუნდამენტის ჩასხმა და კედლების გალესვა, მანვე გადახურა შესასვლელი თუნუქის სახურავით. ასევე დათვალიერებული იქნა რ---- მ--------–---–-ს საკუთრებაში არსებული სარდაფი, პირველ სართულზე. ვიზუალური დათვალიერებით აღნიშნული სარდაფის კედლები ძველი აშენებულია, ნაშენია აგურით, არ არის შელესილი, იატაკი არის მიწის საფარის. მოსარჩელის განმარტებით, სადავო სარდაფიც, მის მიერ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებამდე ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაში იყო.

 

4.1.2. პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილია სადავო ფართში სარემონტო სამუშაოების წარმოება, რასაც ასევე, შედეგად მოყვა ფართის გაზრდა, სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი. უფრო მეტიც აპელანტმა სასამართლო სხდომაზე თავად დაადასტურა, რომ მოსარჩელეს ნამდვილად ჰყავდა დაქირავებული მუშები, ასევე მოტანილი ჰქონდა „ბლოკი“ და ცემენტი და ა.ს. (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის სხდომის ოქმი 15:21:00). შესაბამისად, პალატა სადავო ფართში სარემონტო სამუშაოების წარმოების ფაქტს უდავოდ დადგენილ გარემოებად მიიჩნევს.

 

4.1.3. სააპელაციო საჩივრით ძირითადად სადავოდ არის გამხდარი გაწეული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება. აპელანტის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 მარტის დასკვნით შესრულებული სამუშაოების ღირებულება ხელოვნურად არის გაზრდილი და არ შეესაბამება ფაქტობრივ მოცემულობას. კერძოდ, შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის მიხედვით რკინა-ბეტონის ლენტური საძირკვლის მოწყობა დაანგარიშებულია 100 მ3-ზე, რაც სარდაფის ფართის გათვალისწინებით, შეუძლებელია სიმართლე იყოს; ასევე ბეტონის საფეხურების მოწყობაც დაანგარიშებულია 100 მ3-ზე მაშინ, როდესაც რეალურად ადგილზე მხოლოდ სამი საფეხურია მოწყობილი.

 

4.1.4. აპელანტის აღნიშნული შედავების საპირისპიროდ, პალატა ყურადღებას მიაქცევს „შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის“ შესახებ დოკუმენტის შედგენის სტრუქტურას (ტ.1. ს.ფ. 43). ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შედგება სვეტებისაგან; თითოეული სვეტი სახელდებულია მასში მითითებული მონაცემების შესაბამისად (მაგ: „სამუშაოს დასახელება“, „ნორმა ერთეულზე“, „რაოდენობა“, „ერთ. ფასი“ და ა.შ.). რიცხვითი მონაცემი -„100 მ3“, რომელსაც აპელანტი სადავოდ ხდის რკინა-ბეტონის ლენტური საძირკვლის მოწყობისა და ბეტონის საფეხურების მოწყობის ღირებულების დაანგარიშების ნაწილში, მოთავსებულია მე-4 სვეტში, სადაც მითითებულია გაზომვის ერთეულები, (მაგ: „კაც/სთ“, „ლარი“, „ცალი“, „ტ“ და ა.შ.), დოკუმენტის ანალიზით დგინდება, რომ 100 მ3 ნიშნავს არა შესრულებული სამუშაოს რაოდენობას (მოცულობას), არამედ გაზომვის ერთეულს, ხოლო შესრულებული სამუშაოს რაოდენობა მითითებულია ამავე დოკუმენტის მე-6 სვეტში. შესაბამისად, აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ღირებულება დაანგარიშებულია 100 მ3 ბეტონის საფეხურის ან 100 მ3 რკინა-ბეტონის ლენტური საძირკვლის მოწყობის მიხედვით, საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.

 

4.1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები). მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

4.1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმის დანაწესი გულისხმობს იმას, რომ საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო ერთობლივად აანალიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.

 

4.1.7. მოცემულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოების (გაწეული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების) მტკიცების მიზნით, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია კვლევის შესაბამისი მეთოდების გამოყენების საფუძველზე, კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული მტკიცებულების საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, რაც დაუსაბუთებელს ხდის მის სააპელაციო პრეტენზიას. რაც შეეხება, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებას, პალატა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. კონკრეტულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარეს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს დასკვნით დადგენილ გარემოებებს, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია გაწეული სამუშაოების ღირებულების დაანაგარიშების უსწორობასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.

 

4.1.8. პალატა ყურადღებას მიაქცევს სარჩელის საფუძვლად მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელემ სადავო ფართი მთლიანად (მათ შორის, მოპასუხის კუთვნილი წილი) იმიტომ გაარემონტა, რომ პირველ სართულზე არსებული სარდაფი ყოველთვის მისი ოჯახის საკუთრებად მიაჩნდა. სარჩელის აღნიშნული მტკიცება ემყარება საქმეში წარმოდგენილ სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებას, რომლითაც დგინდება, რომ 1968 წლის 27 მაისს მხარეთა მშობლები - ლ--–- ა-------ს ძე ბ--------–---–- (მოპასუხის დედა) და გ------- ა-------ს ძე ბ--------–---–- (მოსარჩელის მამა) შეთანხმდნენ სადავო სახლმფლობელობის სარგებლობის წესზე, რომლის მიხედვითაც ლ--–- ა-------ს ასული ბ--------–---–-ს სარგებლობაში გადავიდა სახლის ნაწილი მეორე სართულზე, ხოლო გ------- ა-------ს ძე ბ--------–---–-ს სარგებლობაში გადავიდა სახლის ნაწილი მეორე სართულზე და მთლიანი ფართი პირველ სართულზე - 71 კვ.მ (იხ: ტ.1. ს.ფ. 32), რაც შემდგომ მემკვიდრეობით გადავიდა მხარეებზე. პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ხელშეკრულება დადებულია უვადოდ. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც აღნიშნული ხელშეკრულების, მხარეთა შორის სასამართლო დავის წამოწყებამდე შეწყვეტის ფატს დაადასტურებდა. ასეთ ვითარებაში, პალატას მიაჩია, რომ სარგებლობის შესახებ 1968 წლის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტად მიჩნეულ უნდა იქნეს რ---- მ--------–---–-ს მიერ საზიარო უფლების გაუქმების შესახებ სარჩელის წარდგენის მომენტი.

 

4.1.9. პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები საფუძველია დასკვნისათვის, რომ გ------- ბ--------–---–-, სარემონტო სამუშაოების ჩატარების მომენტისათვის - 2012 წელს, სადავო ფართის კეთილსინდისიერ მფლობელს წარმოადგენდა (სკ-ის 159-ე მუხლი - კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე).

ზემოაღნიშნულ

 

4.1.10. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადწყვეტილების დასკვნას, რომ მოსარჩელე გ------- ბ--------–---–მა 2012 წელს, სადავო უძრავი ქონების პირველი სართულის ნაწილზე, რომელიც ნატურით გამიჯვნის შემდეგ მიეკუთვნა მოპასუხე რ---- მ--------–---–ს, სამშენებლო-რემონტო სამუშაოები აწარმოა, როგორც საკუთარ (თავისად დაგულებულ) ქონებაზე, რომლის ღირებულებამ ჯამში 7121.56 ლარი შეადგინა.

 

4.1.11. პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება და შესაბამისი წინაპირობების განხორციელების დადგენა მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასებისათვის, აღნიშნული კი სასამართლოს პრეროგატივაა. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. სამართლის ნორმის გამოყენება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება და არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითების გამო, არ შეიძლება სარჩელის უარყოფა (შდრ. სუსგ-ები: ას 1851-2018, 2.05.2019, 1490-2018 17.04.2019, 1215-2018, 29.03.2019, 679-633-2017, 5.12.2017).

 

4.1.12. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ დასკვნას, რომ სარჩელის მოთხოვნა კონდიქციური სამართლის ნორმებიდან გამომდინარეობს. ერთი შეხედვით, სარჩელის მიზნიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა კონკურენციას ჰქონდეს ადგილი, რაც ისეთ ვითარებას გულისხმობს, როცა რამდენიმე ნორმა თავისი შინაარსით (სიტყვა-სიტყვითი განმარტებით) შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთი და იგივე შემთხვევის მიმართ. სასამართლო ნორმათა განმარტების გზით ადგენს, თუ რომელი მათგანის გამოყენებაა მიზანშეწონილი. იურიდიულ დოქტრინაში განასხვავებენ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა კუმულაციურ, ალტერნატიულ და გამომრიცხავ კონკურენციას. კუმულაციური კონკურენციის დროს ერთი მოთხოვნა წარმოიშობა ერთდროულად რამდენიმე მოთხოვნის საფუძველთა ურთიერთკავშირით, ალტერნატიული კონკურენციის დროს ერთი და იგივე მოთხოვნა რამდენიმე მოთხოვნის საფუძვლის წინაპირობას ერთდროულად შეესაბამება და მისი დაფუძნება თითოეულ მათგანზე დაყრდნობითაა შესაძლებელი, გამომრიცხავი, ე.წ. „კანონის“ კონკურენციის შემთხვევაში, ერთი სამართლის ნორმა გამოდევნის მეორეს, ან კიდევ როდესაც ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით წარმოიშობა რამდენიმე, ერთიან მიზანზე მიმართული მოთხოვნა, თუმცა ერთ-ერთი უპირატესად განსახორციელებელი მოთხოვნაა და მისი არსებობა გამორიცხავს სხვა მოთხოვნების განხორციელებას.

 

4.1.13. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი წანამძღვრების და იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, (მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ფართზე, რომელზედაც შემდგომში დაკარგა ეს უფლება, გაწეული ხარჯების ანაზღაურება) სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია და უპირატესად, წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა.

 

პალატის მოსაზრებით ზემოაღნიშნული ნორმის სპეციალური ბუნება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებთან მიმართებით უდავოა, ვინაიდან იგი კეთილსინდისიერი არამართლზომიერი მფლობელის სამართლებრივ სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს ამომწურავად აწესრიგებს. მისი გამოყენების სფეროს ავიწროებს ნორმის საგამონაკლისო წინაპირობა - არაუფლებამოსილი მფლობელის კეთილსინდისიერების ფაქტი. სწორედ ამ წინაპირობის გათვალისწინებით, უდავოდ უნდა იქნეს მიჩნეული, რომ სამოქალაქო კოდქესის 163-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა უსაფუძვლო გამდიდრების გამოყენების სფეროს გამორიცხავს. პალატას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში იკვეთება გამომრიცხავი კონკურენცია, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლით გამოირიცხება კეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ სამოქალაქო კოდქესის 976-991-ე მუხლების გამოყენება (შდრ. სუსგ №ას-1042-962-2017, 26.03.2018).

 

4.1.14. რაც შეეხება, აპელანტის იმ არგუმენტს, რომ იგი ამჟამად ვერ სარგებლობს საკუთარი ნივთით, პალატა აღნიშნავს, რომ მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ნივთით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტს დაადასტურებდა. აპელანტს ასევე, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც თანამესაკუთრის - გ------- ბ--------–---–-ს მიერ უძრავი ქონებიდან რ---- მ--------–---–-ს კუთვნილი წილის სარგებლობის შედეგად შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. ასეთი მტკიცების არარსებობა კი, ზემოაღნიშნული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ---- მ--------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური