განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2020
საქმის ნომერი
050100119002813965
ინსტანცია
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119002813965

საქმე N 1/ბ-854-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2020 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე

 

პროკურორის - შ----- ჩ----ის

მსჯავრდებულის - თ---------- გ------ის

ადვოკატის - გ------- დ---–-–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ---------- გ-------ს ძე გ------ის მიმართ; დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ა---–---------------------–--–----------;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ---------- გ------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 19:45 საათზე ოზურგეთში, კოსტავას და დუმბაძის ქუჩების კვეთაზე, ,,მ---ს” მარკის ავტომანქანამ სახელმწიფო ნომრით V--------, რომელსაც მართავდა თ---------- გ------ე, დაარღვია ,,საგზო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი, მეორე, მეექვსე პუნქტების მოთხოვნები და შეეჯახა ,,ნ-----ს“ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით C------, რომელსაც მართავდა გ---------------–---–ი. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თ----–- მ-------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო გ---------------–---–ი გარდაიცვალა.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენით თ---------- გ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით (2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი, მასვე ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 02 (ორი) წლის ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრების არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ----- ჩ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, რომ ცვლილება შევიდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, მსჯავრდებულ თ---------- გ------ეს შეეფარდოს ისეთი სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდასთან და მასვე ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 03 წლის ვადით.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად არ შეაფასა თ---------- გ------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ, მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ასევე, მსჯავრდებულის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესის დარღვევას, კერძოდ, ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარით მართვას მოჰყვა მძიმე შედეგი - ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ხოლო მგზავრმა თ----–- მ-------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. მართალია, თ----–- მ-------ემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პრეტენზია არ გააჩნია თ---------- გ------ის მიმართ, მაგრამ მანვე აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის მხრიდან მკურნალობის ხარჯები ანაზღაურებული არ არის. აგრეთვე, დაზარალებულის უფლებამონაცლემ - ი---------- ჩავლეიშვილმა გამოძიებაში მიცემული ჩვენებისას არაერთხელ დააფიქსირა, რომ მას თ---------- გ------ის მიმართ პრეტენზია გააჩნდა, ვინაიდან მან მისი ოჯახის მიმართ რაიმე სახის მხარდაჭერა არ გამოხატა. შესაბამისად, ბრალდების მხარე თვლის, რომ თ---------- გ------ე არ ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რაც მისი პიროვნების უარყოფით მახასიათებელზე მეტყველებს. ამდენად, მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ თ---------- გ------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- დ---–-–---–მა, რომელმაც ითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად იქნეს დატოვებული ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ეს, რომელიც დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

მსჯავრდებულ თ---------- გ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ გ------- დ---–-–---–ს, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი პროკურორის სააპელაციო საჩივარს და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი თ---------- გ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ---------- გ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით (2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, მოწმე ბ---- ჩ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ თ----–- მ-------ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ი---------- ჩ---–-–---–ის გამოკითხვის ოქმით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ თ---------- გ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით (2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რედაქცია). განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი; აპელანტი (პროკურორი) ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი განაჩენში, სასჯელის ნაწილში და თ---------- გ------ეს განესაზღვროს ისეთი სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, კერძოდ პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდასთან და მასვე ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 03 წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ თ---------- გ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

მსჯავრდებულ თ. გ------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის ექსპერტიზის №----- დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლ თ---------- გ------ეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის და 33-ე მუხლის მეექვსე პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დასკვნით თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ გ---------------–---–ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის წესების დანართის საგზაო ნიშნების, პრიორიტეტის ნიშნების 2.3-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულის ქმედების შედეგად გამოწვეულ მძიმე შედეგზე, ამასთან, აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის უფლებამონაცვლის ი---------- ჩ---–-–---–ის განცხადება, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ მას თ. გ------ის მიმართ, როგორც დაზარალებულს, არც სამოქალაქო და არც სხვა სახის პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილ დაზარალებულ თ----–- მ-------ის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დაზარალებული და თ. გ------ე შერიგებულები არიან, მსჯავრდებულმა სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და მას, როგორც დაზარალებულს, თ. გ------ის მიმართ რაიმე სახის სამართლებრივი პრეტენზია არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების, ასევე, გათვალისწინებით იმისა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, საქმის არსებითი განხილვისას არცერთი მტკიცებულება არ გაუხდია სადაოდ, დაზარალებულსა და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, სასჯელის მიზნების მხედველობაში მიღებით, პალატას არ მიაჩნია მიზანშეწონილად პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მსჯავრდებულ თ---------- გ------ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა და მისთვის საპატიმროს სასჯელის დანიშვნა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

თ---------- გ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით (2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი;

 

მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მსჯავრდებულ თ---------- გ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. თ---------- გ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ნ-----–-- გ---–---ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, გ--–------ის ქ.№5, ბინა №30, საკადასტრო კოდით - 0------------------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- ,,მ---ს“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით V--------, რომელიც დგას შპს ,,გ-------------------ს“ სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

- ,,ნ-----ს“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით C------, რომელიც დგას შპს ,,გ-------------------ს“ სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ი---------- ჩ---–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე