განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.12.2019
საქმის ნომერი
110210119002798286
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №110210119002798286

№2\ბ-835-2019

განჩინება

საქართველოს სახელით

23 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - ინდირა მაშანეიშვილი

მოსამართლეები - ლაურა მიქავა, თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

აპელანტი - შპს „დ----ს დ----–--------ი“

წარმომადგენელი - ვ-–-----------------–-–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ზ---დ ც------ე

წარმომადგენელი - ნ--------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ზ---დ ც------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩვრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ზ---დ ც------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს ,,დ----ს დ----–--------ს'' ზ---დ ც------ის სასარგებლოდ დაეკისრა 6500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარის გადახდა.

 

1.2. მოსარჩელე ზ---დ ც------ეს უარი ეთქვა შპს ,,დ----ს დ----–--------ისათვის'' 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის დაკისრებაზე.

 

1.3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,დ----ს დ----–--------ს'' აეკრძალა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების - 1. თეთრი ფერის ტრაქტორი -BOBCAT S450, სახელმწიფო ნომერი S-----, გამოშვების წელი 2016; 2. CATERPILLAR 307C , სახელმწიფო ნომერი S-----, ყვითელი ფერის, გამოშვების წელი 2007; 3. თვითმცლელი - HAMM 3412, სახელმწიფო ნომერი S-----, ნარინჯისფერი 3/8, გამოშვების წელი 2008; 4. ტრაქტორი JCB 3CXS14M2NM, სახელმწიფო ნომერი V-----, ყვითელი ფერის 7/8, გამოშვების წელი 2018; 5. ტრაქტორი JCB 3CXS14M2NM, სახელმწიფო ნომერი V-----, ყვითელი ფერის 7/8, გამოშვების წელი 2018 - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, დარჩა უცვლელი.

 

1.4. შპს ,,დ----ს დ----–--------ის'' შეგებებული სარჩელი, უსაფუძვლოდ გადარიცხული თანხის - 7500 ლარის, დაბრუნების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2017 წლის 25 ივლისს, მოსარჩელე ი/მ ზ---დ ც------ესა და მოპასუხე შპს ,,დ----ს დ----–--------ს'' შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც შემსრულებელმა - მოსარჩელემ, იკისრა ვალდებულება დამკვეთისათვის - მოპასუხისათვის, გაეწია ტექნიკით - ბულდოზერით მომსახურება, უზრუნველეყო ტექნიკა მძღოლით და ოპერატორით, მოეხდინა ობიექტზე მისი მობილიზაცია და დემობილიზაცია, ხოლო დამკვეთმა იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო ტექნიკა საწვავით და შემსრულებლისათვის გადაეხადა მომსახურების საფასური - ყოველთვიურად 7000 ლარი.

 

2.2. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტექნიკით მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდებოდა უნაღდო ანგარიშსწორების წესით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმებულიყო ყოველი თვის ბოლოს, ხოლო გადახდა უნდა განხორციელებულიყო მომდევნო თვის დასაწყის რიცხვებში.

 

2.3. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 9 თვეზე, კერძოდ, 2017 წლის აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში, ასევე, 2018 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილის თვეებში გაწეულ მომსახურებაზე.

 

2.4 2017 წლის აგვისტოდან, 2018 წლის აპრილის თვის ჩათვლით შესრულებული სამუშაოსათვის, 2018 წლის მაისის დასაწყისში მოპასუხეს უნდა გადაეხადა შემსრულებისათვის 63 000 ლარი. ვალდებულების შესრულების მიზნით, მოპასუხემ, მოსარჩელეს ამ პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა:

2017 წლის 11 სექტემბერს - 7000 ლარი; 2017 წლის ოქტომბერში თანხა არ ჩაურიცხავს; 2017 წლის 22 ნოემბერს - 7000 ლარი; 2018 წლის 11 დეკემბერს - 7000 ლარი; 2018 წლის 17 იანვარს არასრულად ჩაურიცხა 3500 ლარი; 2018 წლის 9 თებერვალს არასრულად - 3500 ლარი; 2018 წლის 26 თებერვალს დავალიანების დასაფარავად - 5000 ლარი; 2018 წლის 1 მარტს არასრულად - 3500 ლარი; 2018 წლის 5 აპრილს - 7000 ლარი; 2018 წლის 2 მაისს - 7000 ლარი; ჯამში გადაურიცხა 50 500 ლარი და დარჩა ამ პერიოდის დავალიანება 12 500 ლარი.

 

2.5. 2018 წლის 2 მაისის შემდგომ, რა დროსაც მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა აპრილის თვეში გაწეული მომსახურების თანხა, მოპასუხემ, მოსარჩელეს საბანკო ანგარიშზე 2018 წლის 5 ივნისს ჩაურიცხა 5000 ლარი, დანიშნულება - ბულდოზერით მომსახურებისათვის; 2018 წლის 13 ივლისს - 5000 ლარი, დანიშნულება - ბულდოზერით მომსახურებისათვის. 2018 წლის 16 აგვიტოს, მოპასუხე შპს ,,დ----ს დ----–--------მა მოსარჩელე ზ---დ ც------ეს დავალიანების დაფარვის დანიშნულებით ჩაურიცხა 5000 ლარი, ხოლო 2018 წლის 29 დეკემბერს, ასევე დავალიანების დაფარვის დანიშნულებით, ჩაურიცხა 5000 ლარი.

 

2.6. მხარეთა შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, ი/მ ზ---დ ც------ე დამკვეთს - შპს ,,დ----ს დ----–--------ს" ტექნიკით მოემსახურა 11 თვის განმავლობაში, 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით და მას შესრულებული სამუშაოსათვის უნდა მიეღო 77 000 ლარი. მოპასუხემ მოსარჩელეს სულ აუნაზღაურა 70 500 ლარი, ხოლო გადასახდელი აქვს 6 500 ლარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 976-ე, 991-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

2.8. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

2.9. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

2.10. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

2.11. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ - კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, ამავე კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

2.12. სასამართლოს მითითებით, საქმის განხილვის შედეგად, არ დგინდება, რომ შპს ,,დ----ს დ----–--------მა'' ზ---დ ც------ეს შეცდომით, ზედმეტად ჩაურიცხა 7500 ლარი, შესაბამისად, არ დადგინდა ზ---დ ც------ის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი, რის გამოც შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, იმავდროულად, შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ - შპს “დ----ს დ----–--------მა“. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, თითქოს ზ---დ ც------ე მოპასუხეს ტექნიკით მოემსახურა 11 თვის მანძილზე, 2017 წლის აგვისტოდან, 2018 წლის ივნისის ჩათვლით და მას შესრულებული სამუშაოსთვის ნაცვლად 77 000 ლარისა, გადაეცა 70500 ლარი, რის გამოც მისაღები დარჩა 6500 ლარი.

 

3.3. შპს „დ----ს დ----–--------ის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სამშენებლო ტექნიკით მომსახურება. 2017 წლის 2 აპრილს „დ----ს დ----–--------მა“ გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება შპს „ენისისთან“. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად შპს „დ----ს დ----–--------ი“ ახორციელებს შპს „ე----ის“ საგზაო-სამშენებლო ტექნიკით მომსახურებას იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელსაც თავის მხრივ აწარმოებს შპს „ე----ი“. 2017 წლის 28 მარტს შპს „ე----ისა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმადაც შპს „ე----ის“ უნდა ეწარმოებინა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრში მდინარე ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები. თავის მხრივ შპს „დ----ს დ----–--------ი“ ზემოთ მითითებული 2017 წლის 2 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფდა შპს „ე----ის“ მომსახურებას რამდენიმე ერთეული საგზაო-სამშენებლო ტექნიკით (მათ შორის ზ---დ ც------ის საკუთრებაში არსებული ბულდოზერით). შპს „ე----ისთან“ დადებული 2017 წლის 2 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად შპს „დ----ს დ----–--------მა“ 2017 წლის 25 ივლისს, გააფორმა ტექნიკით მომსახურების ხელშეკრულება ზ---დ ც------ესთან. მხარეებს შორის 2017 წლის 25 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ზ---დ ც------ემ იკისრა ვალდებულება გაეწია შპს „დ----ს დ----–--------ის“ ბულდოზერით (ბულდოგ 7, სახელმწიფო ნომერი - ო----, გამოშვების წელი - 2006) მომსახურება. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად ზ. ც------ე ვალდებული იყო უზრუნველეყო ტექნიკა მძღოლებით და ოპერატორებით, მოეხდინა ბულდოზერის მობილიზაცია და დემობილიზაცია დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, შეენარჩუნებინა ტექნიკის სათანადო ტექნიკური მდგომარეობა და განეხორციელებინა მისი მიმდინარე და კაპიტალური რემონტი. თავის მხრივ შპს „დ----ს დ----–--------ი“ უზრუნველყოფდა მას საწვავით. ამავე ხელშეკრულების 6.5. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება მოქმედებდა ვალდებულების სრულ შესრულებამდე. მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრში მდინარე ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის.

 

3.4. 2017 წლის 25 ივლისის ხელშეკრულების მესამე მუხლით განისაზღვრა ანგარიშსწორების პირობები. კერძოდ, შპს „დ----ს დ----–--------ს“ ზ---დ ც------ისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა 7000 ლარი. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 დღის ვადაში. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „დ----ს დ----–--------მა“ ზ---დ ც------ეს გადაურიცხა 70 500 ლარი. ბოლო გადარიცხვა - 5000 ლარი განხორციელდა 2018 წლის 29 დეკემბერს.

 

3.5. შპს „ე----ის“ მოთხოვნის საფუძველზე, ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრში მდინარე ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისათვის, შპს დ----ს დ----–--------მა შპს ე----ისათვის ბულდოზერით (ბულდოგ 7, სახელმწიფო ნომერი ო----, გამოშვების წელი 2006) მომსახურება განახორციელა 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით. აღნიშნული გარემოება დასტურდება შპს ე----ის და შპს დ----ს დ----–--------ს შორის გაფორმებული ორმხრივი მიღება-ჩაბარებების და ზესტაფონის ობიექტზე საწვავის განაწილების დანართებით. შესაბამისად, ზ---დ ც------ეც შპს დ----ს დ----–--------ის მიმართ მომსახურებას ახორციელდებდა 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით, რაც თავის მხრივ დასტურდება შპს დ----ს დ----–--------სა და ზ---დ ც------ეს შორის გაფორმებული ორმხრივი მიღება-ჩაბარების აქტებით. ამდენად მომსახურება გრძელდებოდა 9 თვე, ხოლო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 63 000 ლარი.

 

3.6. შპს „დ----ს დ----–--------სა“ და ზ---დ ც------ეს შორის ბოლო მიღება-ჩაბარება გაფორმდა 2018 წლის აპრილის თვეში. აღნიშნული პერიოდისათვის ზ---დ ც------ის მიმართ არსებული დავალიანება შედგენდა 19 500 ლარს. მომდევნო თვეებში შპს „დ----ს დ----–--------ი“ ეტაპობრივად ფარავდა არსებულ დავალიანებას, კერძოდ: 02.05.2018 წელს - 7000 ლარი, 04.06.2018 წელს - 5000 ლარი, 12.07.2018წელს - 5000 ლარი. 2018 წლის 12 ივლისის გადარიცხვით შპს დ----ს დ----–--------ს კვლავ დარჩა ზ. ც------ის მიმართ დავალიანება 2500 ლარის ოდენობით, მაგრამ კომპანიამ 2018 წლის 16 აგვისტოს ზ. ც------ეს შეცდომით გადაურიცხა 5000 ლარი და 2018 წლის 29 დეკემბერს - 5000 ლარი. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის ავტორმა ზ. ც------ეს შეცდომით ზედმეტად გადაურიცხა 7500 ლარი, რაც ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

 

4. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

4.1. მოწინააღმდეგე მხარემ - ზ---დ ც------ემ სააპელაციო

საჩივარი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა, რომ სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა სწორად. ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

5.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

5.4. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

6. ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

სააპელაციო პალატა, მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

6.1. 2017 წლის 25 ივლისს, მოსარჩელე ი/მ ზ---დ ც------ესა და მოპასუხე შპს ,,დ----ს დ----–--------ს'' შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება. (ს.ფ. 15-16).

 

6.2. ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება, ბულდოზერით გაეწია მომსახურება ,,დამკვეთისათვის'', ხოლო ,,დამკვეთმა'' იკისრა ვალდებულება ,,შემსრულებლისთვის'' აენაზღაურებინა გაწეული მომსახურება.

 

6.3. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ტექნიკით მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 7000 ლარით; ანგარიშსწორების განხორციელება კი - უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

6.4. 2017 წლის 25 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში ზ---დ ც------ემ შპს „დ----ს დ----–--------ს“ ტექნიკით მომსახურება გაუწია 11 თვის მანძილზე, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდა მხოლოდ 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის აპრილის თვის ჩათვლით, ჯამში - 9 თვის მანძილზე განხორცილებული მომსახურების შესახებ.

 

6.5. ამ პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის, შპს „დ----ს დ----–--------მა“, 2017 წლის 25 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, 2017 წლის 11 სექტემბრიდან 2018 წლის 2 მაისის ჩათვლით, ზ---დ ც------ეს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 50 500 ლარი, ნაცვლად 63 000 (9*7000=63 000) ლარისა, შესაბამისად, შპს „დ----ს დ----–--------ის“ დავალიანებამ ზ---დ ც------ის მიმართ ამ პერიოდისათვის შეადგინა 12 500 ლარი (63 000-50 500=12 500ლარი).

 

6.6. 2018 წლის 2 მაისის შემდგომ, რა დროსაც მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა აპრილის თვეში გაწეული მომსახურების თანხა, მოპასუხემ, 2018 წლის 5 ივნისს, მოსარჩელეს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 5000 ლარი, დანიშნულება - ბულდოზერით მომსახურებისათვის, 2018 წლის 13 ივლისს - 5000 ლარი, დანიშნულება - ბულდოზერით მომსახურებისათვის; გარდა ამისა, 2018 წლის 16 აგვისტოს და 2018 წლის 29 დეკემბერს, ასევე გადაურიცხა 5000-5000 ლარი, ამჯერად, დავალიანების დაფარვის დანიშნულებით.

 

6.7. საბანკო ანგარიშზე განხორციელებული გადარიცხვებით, ასევე თანხის გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებული საფუძვლის გათვალისწინებით (სადაც თანხის გადახდის საფუძვლად მითითებულია ბულდოზერით მომსახურება), პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ი/მ ზ---დ ც------ე დამკვეთს შპს ,,დ----ს დ----–--------ს'' მძიმე ტექნიკით მოემსახურა 11 თვის განმავლობაში, 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით და მას შესრულებული სამუშაოსათვის უნდა მიეღო 77 000 ლარი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს სულ აუნაზღაურა 70 500 ლარი;

 

6.8. დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება 6 500 ლარის ოდენობით შემკვეთს მენარდისთვის გადახდილი არ აქვს.

 

6.9. პალატა არ იზიარებს შპს „დ----ს დ----–--------ის“ მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ზ---დ ც------ემ სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში, მხოლოდ 9 თვის მანძილზე განახორციელა მძიმე ტექნიკით მომსახურება, ხოლო ბულდოზერის მომსახურების დანიშნულებით გადარიცხული თანხიდან 7500 ლარი წარმოადგენს შეცდომით და ზედმეტად ჩარიცხულ თანხას, რითაც ზ---დ ც------ე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. პალატა მიიჩნევს, რომ ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ არის.

 

6.10. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს „დ----ს დ----–--------ის" საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სამშენებლო ტექნიკით მომსახურება. 2017 წლის 2 აპრილს „შპს ე----თან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „დ----ს დ----–--------მა“ იკისრა სამშენებლო ტექნიკით მომსახურების ვალდებულება იმ პროექტების ფარგლებში, რასაც შპს „ე----ი“ ასრულებდა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა პროექტთან ერთად ითვალისწინებდა ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე, მდინარე ყვირილაზე ახალი გადასასვლელი ხიდის სამშენებლო სამუშაოების წარმოებას. დადგენილია, რომ შპს „დ----ს დ----–--------მა“ ზ---დ ც------ესთან მძიმე ტექნიკით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, გააფორმა სწორედ ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე, მდინარე ყვირილაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის მიზნით სამუშაოთა წარმოებისათვის.

 

6.11. თავად აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით - შპს „ე----სა“ და შპს „დ----ს დ----–--------ს“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებითა და მათი დანართებით (ს. ფ. 97-127) დასტურდება, რომ შპს „დ----ს დ----–--------ი“ ე. წ. ზესტაფონის ობიექტზე შპს „ე----ს“ მომსახურებას უწევდა 2018 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით. მოსარჩელე ზ---დ ც------ის განმარტებით, ის ამ პერიოდის მანძილზე ასრულებდა შესაბამის მომსახურებას, რაც სასამართლომ გაიზიარა ნაწილობრივ, ჯამში 11 თვის პერიოდის გათვალისწინებით, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად, დაეყრდნო მოპასუხე კომპანიის მიერ, თანხის გადახდის დანიშნულებაზე მითითებით ნაწარმოებ გადარიცხვებს. ის გარემოება, რომ შპს „დ----ს დ----–--------სა“ და შპს „ე----ს“ შორის გაფორმებულ დანართებში - "ხარჯების განაწილების შესახებ", ზ---დ ც------ის კუთვნილი მძიმე ტექნიკა (ბულდოზერი) მითითებული არ არის, არ წარმოადგენს იმ გარემოების უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებას, რომ ზ---დ ც------ეს შპს „დ----ს დ----–--------ისათვის“ მძიმე ტექნიკით მომსახურება 2018 წლის აპრილის თვის შემდეგ არ განუხორციელებია.

 

6.12. ამ ფაქტის უტყუარად დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ 2018 წლის აპრილის თვის შემდეგ ზ---დ ც------ესა და შპს „დ----ს დ----–--------ს“ შორის მიღება-ჩაბარების აქტები არ გაფორმებულა. აპელანტის მიერ მითითებული გარემოების საწინააღდმეგოდ საქმეში წარმოდგენილია, ზ---დ ც------ისათვის 2018 წლის 5 ივნისიდან 2018 წლის 13 ივლისის ჩათვლით 10 000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, სადაც შპს „დ----ს დ----–--------ი“ თანხის ჩარიცხვის დანიშნულებად მიუთითებს სწორედ ბულდოზერით მომსახურებას. ასევე, 2018 წლის 16 აგვისტოსა და 2018 წლის დეკემბრის თვეში 10 000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, სადაც აპელანტის მიერ თანხის გადარიცხვის საფუძვლად მითითებულია დავალიანების არსებობა.

 

6.13. აქვე ნიშნადობლივია ის გარემოებაც, რომ შპს „დემას დ----–--------ს“ რაიმე პრეტენზია ზ---დ ც------ის მიმართ თანხის ზედმეტად, შეცდომით ჩარიცხვის თაობაზე არ გასჩენია, ზ---დ ც------ის მიერ სარჩელის სასამართლოში აღძვრამდე.

 

6.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.15. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

6.16. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.17. როგორც აღინიშნა მხარეთა შორის სადავო არ არის 9 თვის მანძილზე, 2017 წლის აგვისტოდან, 2018 წლის აპრილის თვის ჩათვლით ზ---დ ც------ის მიერ მომსახურების გაწევა. აღნიშნული პერიოდის შემდგომ შემკვეთის მიერ დამატებით 2 თვის მანძილზე განხორციელდა შემსრულებისათვის 10 000 ლარის ოდენობით თანხის გადახდა, ბულდოზერით მომსახურებისთვის. აღნიშნული შესრულებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ---დ ც------ემ სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში, ჯამში 11 თვის მანძილზე განახორციელა მომსახურება, თუმცა კუთვნილი 77 000 ლარის ნაცვლად ანაზღაურებული აქვს 70500 ლარი. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად და მას, ასევე, მართებულად დააკისრა 6500 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6.18. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

 

6.19. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება.

 

6.20. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქონების უსაფუძვლოდ შეძენა ნიშნავს შემძენის ქონების გაზრდას სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე. უმეტესად, ქონების ასეთ გაზრდას ადგილი აქვს ბათილი ან არარსებული გარიგების შესრულების, ვალდებულების ხელმეორედ შესრულების შემთხვევაში. ანუ თუ პირმა ვალდებულების შესასრულებლად სხვას გადასცა რაიმე ქონება, შესაძლებელია მისი უკან გამოთხოვა, თუ ვალდებულება ფაქტობრივად არ არსებობს, ეს დასაშვებია მაშინ, როცა გარიგება გაბათილებულია და არარსებულად ითვლება ან არსებობდა, მაგრამ შემდგომში შეწყდა. ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა ვითომ-კრედიტორის მხრიდან ქონების დაბრუნების ვალდებულებას უკავშირებს ვითომ სახელშეკრულებო ურთიერთობების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას.

 

6.21. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე მიიღო (შეიძინა), რის გამოც აღნიშნული შენაძენი უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას ექვემდებარება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ბედის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მითითებული გარემოების - ზ---დ ც------ისათვის თანხის შეცდომით, სახელშეკრულებო ვალდებულების არარსებობის პირობებში, ზედმეტად გადარიცხვის ფაქტი.

 

6.22. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

6.23. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

6.24. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

6.25. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64);

 

6.26. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ დაადგინა, რომ აპელანტმა ზ---დ ც------ეს თანხა 70 550 ლარის ოდენობით, ჩაურიცხა მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში. აპელანტმა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების - ზ---დ ც------ისთვის თანხის შეცდომით, ზედმეტად გადარიცხვის შესახებ, რაც გამორიცხავს უსაფუძვლოდ გადაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით აღძრული შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

6.27. სააპელაციო სასამართლო იზირებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს, აღნიშნავს, რომ აპელანტმა სასამართლოს წინაშე წარდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რომ სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველი, რადგან, ვერ გააქარწყლა მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება, რომ ზ---დ ც------ის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა განხორციელდა სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში, მიღებული მომსახურების ანაზღაურების მიზნით.

 

6.28. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით დადგენილი წესის თანახმად, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზ---დ ც------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობდა მოცემული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი და ამ მხრივ რაიონულმა სასამართლომ მიიღო მართებული გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8.2. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „დ----ს დ----–--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. დარჩეს უცვლელი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია მისი გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ინდირა მაშანეიშვილი

 

მოსამართლეები ლაურა მიქავა

 

თეიმურაზ სიხარულიძე