განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2020
საქმის ნომერი
210210017002102303
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210210017002102303

საქმე №2ბ/9456-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მოსამართლე)- დიანა ბერეკაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

 

აპელანტი - სს „თ----- ბანკი’’

წარმომადგენელი - ს------------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ------- ლ----–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სს ,,თ----- ბანკსა“ და გ------- ლ----–---–ს შორის 2015 წლის 20 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.5 %-ით, კრედიტის ვადა - 1446 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 05 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებული იქნა დაფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

2. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (პროცენტის გადახდის ვადები) და შესაბამისად მას გაეგზავნა შეტყობინება ვალდებულების შესრულების მოთხოვნით და მიეცა გაფრთხილება, რამაც შედეგი არ გამოიღო, რის გამოც ბანკის მიმართ 2017 წლის 28 ივლისის მდგომარეობით გ------- ლ----–---–ს 2015 წლის 20 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 9216.86 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 5993.61 ლარი, პროცენტი - 730.50 ლარი და ჯარიმა - 2492.75 ლარი.

 

3. სს „თ----- ბანკმა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე გ------- ლ----–---–ის მიმართ და ითხოვა: 2015 წლის 20 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან N2-------------- გამომდინარე დავალიანების - 9216.86 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 5993.61 ლარი, პროცენტი - 730.50 ლარი და ჯარიმა - 2492.75 ლარი; 2017 წლის 28 ივლისის (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 5993.61 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 15.5 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 77.41 ლარს;

 

3.1. მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ სს ,,თ----- ბანკსა“ და გ------- ლ----–---–ს შორის 2015 წლის 20 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაღვრა 15.5 %-ით, კრედიტის ვადა - 1446 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 05 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებული იქნა დაფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გ------- ლ----–---–მა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2016 წლის 05 მაისიდან შემდგომ აღარ მომხდარა გადახდა. ასევე, მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებდა თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

გ------- ლ----–---–მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2017 წლის 27 ივნისის შემდგომ აღარ მომხდარა გადახდა. ასევე მოპასუხემ ზედიზედ სულ ცოტა ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას. 2017 წლის 28 ივლისის მდგომარეობით გ------- ლ----–---–ს 2015 წლის 21 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1923.67 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1487.47 ლარი, პროცენტი - 76.05 ლარი და ჯარიმა - 360.15 ლარის ოდენობით. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს.

 

მოპასუხემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და გაიხმო 2015 წლის 21 ოქტომბრის prime card -ს N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის - 1923.67 (ათას ცხრაას ოცდასამი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარის ნაწილში და ითხოვა ამ ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვება.

 

4. მოპასუხის პოზიცია

 

4.1. მოპასუხე გ------- ლ----–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მან სესხი აიღო მესამე პირისათვის, რომელსაც უნდა უზრუნველყო ყოველთვიურად გადახდა გრაფიკით. იმის გათვალისწინებით, რომ მესამე პირის მიერ არ ხდებოდა ვალდებულების შესრულება, მოპასუხე უზრუნველყოფდა თანხის გადახდას. მოპასუხე განიცდის მძიმე სოციალურ ეკონომიკურ გაჭირვებას და მისთვის შეუძლებელი გახდა ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. მხარეთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, მესამე პირის მიერ სარჩელში მითითებულ ვალდებულებების ნაწილის თვის ბოლომდე ნაწილობრივ შესრულებასთან და ახალი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს, რომ არ ფლობდა ინფორმაციას, რომ მოსარჩელესა და მესამე პირს შორის მიმდინარე მოლაპარაკების ფარგლებში დღემდე არ იყო მიღწეული შეთანხმება, არ მიუღია წერილობითი ინფორმაცია, რაც შესაძლებლობას მისცემდა კრედიტორს დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე გ------- ლ----–---–ი არ გამოცხადდა.

 

5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ თ----- ბანკის “ სარჩელი მოპასუხე გ------- ლ----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე გ------- ლ----–---–ს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 7724.11 (შვიდი ათას შვიდას ოცდაოთხი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა. სესხის ძირ თანხაზე - 5993.61 ლარზე, მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველწლიური სარგებელის 15.5%-ს დაკისრებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. (იხ. გადაწყვეტილება)

 

6. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე სს „თ----- ბანკის“ წარმომადგენელმა. (იხ. სააპელაციო საჩივარი)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

7. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „თ----- ბანკის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, სს „თ----- ბანკის“ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

8. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, ვალდებულების დარღვევის გამო საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რომლის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს: სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი /საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით/ სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილი /მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი/ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი /მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება./ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი /იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება/ და სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი /ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც/ სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლები, /პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას/

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის ფაქტობრივი თვალსაზრისით, ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას გადასინჯავს სამართლებრივი შეფასების ნაწილში და რადგან, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, შესაბამისად პალატა მსჯელობს მხოლოდ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი.

 

ზემოაღნიშნული მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

გარდა აღნიშნულისა პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას საქმეზე ას-681-652-16, სადაც აღნიშნულია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით „სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“. შესაბამისად, განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. „მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება“ (სუსგ # ას- 932-882-2015, 15.03.2016წ.)

 

ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია სსკ-ის 394-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, სს „ს.ბ-ს“, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ (იხ. სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.).

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - #ას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; #ას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.) .

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის პრეტენზიას მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მიწინააღმდეგე მხარის მიერ სესხად აღებული, დაუბრუნებელი და სიღნაღის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების ოდენობისა, საკრედიტი ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმებული სესხის პროცენტის ოდენობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სს „თ----- ბანკის“ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, გ------- ლ----–---–ს 2015 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულების დარღვევის გამო, 2017 წლის 28 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 5993.61 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, უნდა დაეკისროს წლიური 15.5 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 77.41 ლარს;

 

9. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შეფასების შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების 1.2. პუნქტის გაუქმების საფუძველი, რის გამოც სს „თ----- ბანკის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „თ----- ბანკის“ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

10. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს გ------- ლ----–---–ს აპელანტის, სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 111.47 (ას თერთმეტი ლარი და 47 თეთრი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „თ----- ბანკის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. სს „თ----- ბანკის“ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს:

 

4. მოპასუხე გ------- ლ----–---–ს სს „ თ----- ბანკის“ სასარგებლოდ 2015 წლის 20 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 28 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) დაეკისროს ძირ თანხაზე - 5993.61 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 15.5 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 77.41 ლარს;

 

5. გ------- ლ----–---–ს დაეკისროს სს ,,თ----- ბანკის’’ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 111.47 (ას თერთმეტი ლარი და 47 თეთრი) ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი