განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2019
საქმის ნომერი
330310014523987
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე, დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310014523987 (საქმე №3ბ/2906-17)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ა---------------–-------------–-------------–---------------–--------------–----–-------–---------------–--–------ი“;

წარმომადგენელი - ა-----– კ-------–--ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 09 ნოემბრის N331 დადგენილებით შექმნილი კომისია;

წარმომადგენელი - დ-------- მ-----–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

წარმომადგენლები - ბ--- პ---------, გ--–- ჩ-----–---–ი;

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. შპს „ა----------------–-------------–-------------–---------------–--------------–----–-------–---------------–--–-------“ ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ა-----------------–--------------–--------------–----------------–--------------–----–-------–---------------–--–----რის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ა----------------–-------------–-------------–---------------–--------------–----–-------–---------------–--–-------“ 2011 წლიდან ჩაერთო „რეფერალური მომსახურების“ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ფარგლებში იგი ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების სამედიცინო მომსახურებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის განმარტება - სარჩელი.

- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 22 ნოემბრის აქტი.

 

შპს ,,ა----------------–-------------–-------------–---------------–--------------–----–-------–---------------–--–-------ს“ მიერ „რეფერალური მომსახურების“ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2012 წელს გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილებით შექმნილ კომისიას წარედგინა 2012 წლის განმავლობაში, ასევე, 2013 წლის ივლისსა და დეკემბერში. აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილებით შექმნილი კომისიის 2013 წლის 21 თებერვლის N4 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის მოთხოვნით ხსენებული კომისიის მიმართ წარდგენილ სარჩელზე დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის განჩინებით, რომელიც შევიდა კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მიმართვები, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება.

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება.

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის №12ა-82-16 განჩინება.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის ფინანსური გარანტიების შექმნისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებით დამტკიცდა 2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის დამტკიცდა რეფერალური მომსახურების პროგრამა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მითითებული დადგენილების მე-15 დანართის მე-3 მუხლზე, ამავე დანართის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე და დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილ კომისიას არ მიუღია გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ 2012 წლის განმავლობაში რეფერალური პროგრამის ფარგლებში გაწეულ იმ სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე, რომლის ანაზღაურებაც სარჩელით არის მოთხოვნილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მოთხოვნილი ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებასთან დაკავშირებული დასკვნები, სასამართლოს შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განხილვის საფუძველზე შეეძლო, თუმცა ამ ნაწილში სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი (პუნქტი 3.2). საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად, შექმნილი კომისიის მიერ ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის პირობებში კი, სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც რეფერალური პროგრამის განმახორციელებელს არ აქვს უფლებამოსილება, აანაზღაუროს ამ პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, თუ იგი მიყენებულია ამ ორგანოს სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად, მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მხარის მიერ მოთხოვნილია ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა სახელმწიფოს მხრიდან „რეფერალური მომსახურების“ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მიუღებლობით და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ანაზღაურების საკითხს პროგრამის ფარგლებში კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით წყვეტს. სასამართლომ იმ გარემოებაზე არგუმენტირებით, რომ შესაბამისი აქტის გამოცემის ვალდებულების დარღვევის ფაქტი სასამართლოს მიერ დადასტურებული არ ყოფილა კანონმდებლობის დადგენილი წესით სარჩელის წარუდგენლობის გამო, ასევე არ დასტურდება რა მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხეთა მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის ფაქტი, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. შპს „ა----------------–-------------–-------------–---------------–--------------–----–-------–---------------–--–-------ს“ სააპელაციო საჩივარი:

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, მიუთითებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნულით თითქოსდა მოსარჩელემ ხელიდან გააუშვა არა სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის განკუთვნილი ერთ თვიანი ვადა, არამედ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის სასამართლოს მეშვეობით დავალებისთვის (სასამართლოში ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის მოთხოვნისთვის) განკუთვნილი ერთ თვიანი ვადა, რაც აპელანტის განმარტებით, ბუნებრივია განაპირობებს იმას, რომ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელე მხარეს მოესპო შესაძლებლობა მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რაც თავის მხრივ არ გულისხმობს, იმას რომ მხარეს მოესპო აღნიშნულის შემდეგ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარემ ხელიდან გაუშვა სადავო აქტის გასაჩივრების ვადა ჯერ კიდევ მანამ სანამ სააგენტო გამოსცემდა აღნიშნულ აქტს და აგრეთვე მანამდე სანამ მისთვის ცნობილი გახდებოდა აღნიშნული აქტის არსებობის შესახებ რაც წარმომადგენლის განმარტებით, წარმოადგენს სამართლებრივ აბსურდს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია მოსარჩელის მოთხოვნაზე, აპელანტს დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს მსჯელობა სარჩელის უსაფუძვლობაზე.

სააპელაციო საჩივრის ავტორი ყუარადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შპს "ა----------------–-------------–-------------–---------------–--------------–----–-------–---------------–--–-------ს მიერ, აღნიშნული პირებისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას ჰქონდა და აქვს უაღრესად მაღალი მნიშვნელობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. ამონარიდი ვებგვერდზე განთავსებული განცხადებიდან: "საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სახელმწიფო სტრატეგიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით და შესაბამის სამოქმედო გეგმას. აღნიშნული დოკუმენტების ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჯანმრთელობისა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით“ სარგებლობა შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები იმ პირთათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პაციენტებს წამყვან კლინიკებში სამედიცინო მომსახურება გაეწევათ უსასყიდლოდ."

 

წარმომადგენლის განმარტებით, როგორც შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და 2012 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში იქნა აღნიშნული "ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2011-2015წ. ჯანდაცვის სტრატეგიის დოკუმენტი ეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს, რომელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანასწორ ხელმისაწვდომობასა და პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობას. თანასწორი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს სამედიცინო და სოციალურ მომსახურებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად მისი სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობისა, წარმომავლობისა, სტატუსისა და აღმსარებლობისა. შესაბამისად, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამებით თანაბარი უფლებებითა და ხელმისაწვდომობით სარგებლობს საქართველოს ყველა მოქალაქე".

აპელანტი ყურადღების გამახვილებას ითხოვს იმ გარემოებაზე, რომ კომისიის პრაქტიკისა და დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით ერთმნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ განცხადების წარდგენა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა შესაძლებელია, როგორც მომსახურების გაწევამდე, ასევე მისი გაწევის შემდგომ. მიუთითებს, რომ აღნიშნული გამომდინარეობს დადგენილების მიზნიდან, რომ ხელი შეეწყოს, მათ შორის, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების მხრიდან სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას. ცხადია, რომ თუ დადგენილებაში იქნებოდა ისეთი მითითება, რომ მომსახურების დაწყებამდე უნდა მიემართა პირს დაფინანსების მიღების შესახებ, ბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, მათთვის ასეთი წინასწარი მიმართვის მოთხოვნა პრაქტიკულად შეუძლებელს გახდიდა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებას, რადგან უმეტეს შემთხვევებში შეუძლებელი იქნებოდა, პირი გადმოსულიყო საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე, მიემართა სამედიცინო დაწესებულებისათვის, მიემართა კომისიისათვის, დაბრუნებულიყო ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დალოდებოდა კომისიის გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდგომ, თუ კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდა და როგორმე ამის შესახებ ამ პირისათვისაც ცნობილი გახდებოდა, შეძლებდა არაოკუპირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვასა და მომსახურების მიღებას. სწორედ, ამ უხერხულობათა, უფრო ზუსტად, პრაქტიკულად დაუძლეველ წინაღობათა, გამორიცხვის მიზანია, რისთვისაც დადგენილება არ შეიცავს დათქმას მოქალაქის მიერ დაფინანსების მოთხოვნით წინასწარ მიმართვის შესახებ.

ამდენად, აპელანტი ითხოვს ბათილად იქნება ცნობილი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ნოემბრის №331 დადგენილებით „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის (შემდგომში "კომისია") 2013 წლის 21 თებერვლის №4 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც აპელანტს, შ-----------–-------------–-------------–---------------–--------------–----–-------–---------------–-–------- უარი ეთქვა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის 2012 წელს გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის ანაზღაურებაზე; ასევე სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოს" (შემდგომში "სააგენტოს") დაევალოს აპელანტთან (აგრეთვე მოხსენიებული, როგორც "სამედიცინო ცენტრი") ხელშეკრულების გაფორმება და სამედიცინო ცენტრისთვის შესაბამისი ანაზღაურების - 827,860.23 (რვაასოცდაშვიდი ათას რვაასსამოცი მთელი ოცდასამი მეასედი) ლარისა და 81,622.40 (ოთხმოცდაერთი ათას ექსვსასოცდაორი მთელი ორმოცი მეასედი) ლარის გადახდა, სამედიცინო ცენტრისთვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისათვის 2012 წლის განმავლობაში გაწეულ იმ სამედიცინო მომსახურებების ანაზღაურების მიზნით, რომელთა ანაზღაურების მართლზომიერება დადგენილია რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 22 ნოემბრის აქტით.

აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ მოთხოვნას წარმოადგენს პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნების დაკმაყოფილების შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფოს დაეკისროს კომისიისა და სააგენტოს მიერ კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების დარღვევით აპელანტისთვის მიყენებული ზიანის, 909,482.63 (ცხრაასცხრა ათას ოთხასოთხმოცდაორი მთელი სამოცდასამი მეასედი) ლარის ანაზღაურება. 2012 წლის განმავლობაში მისაღები თანხის აუნაზღაურებლობის გამო, სამედიცინო ცენტრისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფოს დაეკისროს ასანაზღაურებელი თანხის 0,917%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, კერძოდ 2013 წლის 01 იანვრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე .

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლი ლებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

პირველყოვლისა პალატა მიუთითებს, რომ დავის საგანს წარმოადგენს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2012 წლის განმავლობაში გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დავალება 827860,23 ლარისა და 81622,40 ლარის ოდენობით. ასევე მოპასუხეებისათვის თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისი ქმედების განხორციელების დავალების შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრება 909482,62 ლარისა და 2013 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად დასახელებული თანხის 0,917%-ის ოდენობით ვალდებულების შესრულებამდე.

 

სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით, პალატა მიუთითებს საქმის განხილვის დროს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2014 წლის 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შპს „ა----------------–-------------–-------------–---------------–--------------–----–-------–---------------–--–-------ს“ წარმომადგენელმა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსა“ და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილებით შექმნილი კომისიის მიმართ წარადგინა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა: 1) კომისიისათვის მოსარჩელის მიერ 2012 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით „რეფერალური პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილებებების მიღების დავალება, 2) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2012 წლის განმავლობაში გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დავალება 827860,23 ლარისა და 81622,40 ლარის ოდენობით, 3) კომისიისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისი ქმედების განხორციელების დავალების შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრება 909482,62 ლარისა და 2013 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად დასახელებული თანხის 0,917%-ის ოდენობით ვალდებულების შესრულებამდე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 ივლისის განჩინებით, შპს „ა----------------–-------------–-------------–------------------–--------------–----–-------–---------------–--–--------- სარჩელზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილებით შექმნილი კომისიის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტების გამოცემის მოთხოვნების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ გასაჩივრებული საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ნოემბრის #331 დადგენილებით შექმნილი კომისიის 2013 წლის 21 თებერვლის 4 რეკომენდაცია (გადაწყვეტილება) წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.

 

ზემოთმითითებულ განჩინებაში პალატამ განმარტა, რომ კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხელშეკრულების დადება არ ხდება და საბოლოო სამართლებრივ შედეგს ეს გადაწყვეტილება იწვევს. მართალია, კომისის უარყოფითი გადაწყვეტილება არ შეიცავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ზუსტ რეკვიზიტებს, მაგრამ, ეს გადაწყვეტილება უშუალო სამართლებრივი შედეგის მომტანია და წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, რაც დამოუკიდებლად ექვემდებარება გასაჩივრებას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტებისა და მათთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის დაასკვნა, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა სადავო ინდ. აქტების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრების ვადა, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, მისი სარჩელის დაუშვებლად ცნობის და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოს და ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთხელ უმსჯელია და განუმარტავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვა არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი უფლება. კანონმდებელი აღჭურვილია უფლებამოსილებით, ამ მიმართულებით დააწესოს გარკვეული შეზღუდვები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის. ცხადია, რომ საქართველოს კანონმდებლობა - საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ადგენს სასამართლოსათვის მიმართვის წესს, პირობებს, შეზღუდევბს. აღნიშნული პირობები დაკავშირებულია სწორედ მატერიალური უფლების რეალიზებასთან და ბუნებრივია საპროცესო უფლებების არ გამოყენება პირდაპირ კავშირშია მატერიალური უფლების დაცვის შედეგებთან. იმ ფონზე, როდესაც განჩინება საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის თაობაზე კანონიერ ძალაშია შესული, პალატა მიიჩნევს, რომ დაუშვებლია იგივე მოთხოვნაზე, იმავე სამართლებრივი საფუძვლით სააპელაციო სასამართლოში დავა.

 

პალატა სააპელაციო საჩივარზე მსჯელობის ფარგლებში, ყუარადღებას ამახვილებს შემდეგ რეგულაციაზე, კერძოდ მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის ფინანსური გარანტიების შექმნისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებით 2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის, რეფერალური მომსახურების პროგრამა.

 

ყურადსაღებია მითითებული დადგენილების მე-15 დანართის მე-3 მუხლი, რომლითაც რეფერალური პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა შემდეგი სახით განისაზღვრა: ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარება, მათ შორის:

 

ა.ა) ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დიაგნოსტიკადა მკურნალობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სამინისტროსათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;

 

ა.ბ) ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) და ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 60-დან 65 წლამდე ასაკის მამაკაცი პაციენტების დიაგნოსტიკა და ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სამინისტროსათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;

 

ა.გ) გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 6-დან 59 წლის ჩათვლით ასაკის საქართველოს მოქალაქეები და 60-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე მამაკაცების სამედიცინო დახმარება, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სამინისტროსათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;

 

ა.დ) გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიებით დაავადებული 60-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე მამაკაცების სამედიცინო დახმარება, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სამინისტროსათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;

 

ა.ე) 60-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე მამაკაცების სამედიცინო დახმარება, რომელთაც ესაჭიროებათ კორონარული ანგიოპლასტიკა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სამინისტროსათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;

 

ა.ვ) 60-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე მამაკაცების სამედიცინო დახმარება, რომლებსაც ესაჭიროებათ ურგენტული მომსახურება, თუ ეს ხარჯები არ იფარება სამინისტროსათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;

 

ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურება;

 

გ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევა;

 

დ) მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების უზრუნველყოფა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის №179-427/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების“ შესაბამისად.

 

ამავე დანართის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს, რომ მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება სამედიცინო მომსახურების თითოეული ეპიზოდის მიხედვით საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად განსაზღვრული ოდენობით, რაც ეცნობება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შესაბამის განმცხადებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარეების ახსნა - განმარტებების მოსმენის გათვალისწინებით, საჩივრის დაკმაყოფილების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად პალატა ვერ მიიჩნევს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილ კომისიას არ მიუღია გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ 2012 წლის განმავლობაში რეფერალური პროგრამის ფარგლებში გაწეულ იმ სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე, რომლის ანაზღაურებაც არის მოთხოვნილი. საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოთხოვნილი ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებასთან დაკავშირებული დასკვნები სასამართლოს შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განხილვის საფუძველზე შეეძლო, თუმცა ამ ნაწილში სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი, რაც კანონიერ ძალაშია შესული (პუნქტი 3.2). საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილ კომისიის მიერ ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის პირობებში კი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც რეფერალური პროგრამის განმახორციელებელს არ აქვს უფლებამოსილება, აანაზღაუროს ამ პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურება.

 

რაც შეეხება მოთხოვნას შესაბამისი ქმედების განხორციელების დავალების შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

პალატა მიუთთებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია სახელმწიფო/სახელმწიფო მოსამსახურის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს მოცემული სამივე კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ზიანის ანაზღაურების ერთ - ერთი აუცილებელი ნიშანი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი.

 

აღსანიშნავია, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ აბსოლუტურად სწორად განმარტა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის მიყენების არსი და მისი სამართლებრივი ბუნება. ასევე, მიუთითა იმ გარემოებებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის მიყენების შემთხვევაში ინტერესების დაცვა და რა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები უნდა არსებობდეს ასეთი მოთხოვნის დაკამყოფილებისათვის.

 

აქვე პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

 

პალატა ცალსახად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ პირობას წაროადგენდა შემდეგი კომპონენტები - დამდგარი ზიანი, მიზეზ - შედეგობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის და ქმედების/უმოქმედობის მართლწინააღმდეგობრივი ხასიათი.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს რომელიც, წარმომადგენლის განმარტებით, მიადგა სახელმწიფოს მხრიდან „რეფერალური მომსახურების“ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მიუღებლობით. აღნიშნულზე პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ განმარტებას: კანონმდებლობით დადგენილია, რომ მითითებული ანაზღაურების საკითხს პროგრამის ფარგლებში კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით წყვეტს (პუნქტი 6.1), შესაბამისი აქტის გამოცემის ვალდებულების დარღვევის ფაქტი კი, სასამართლოს მიერ დადასტურებული არ ყოფილა კანონმდებლობის დადგენილი წესით სარჩელის წარუდგენლობის გამო (პუნქტი 3.2). ამდენად, არ დასტურდება რა მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხეთა მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის ფაქტი, მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აბსოლუტურად სწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე - კომისია უფლებამოსილებას ახორციელებდა ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით. შესაბამისად, კომისიის ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა/კანონსაწინააღმდეგეობა - შესაძლოა შეფასებული ყოფილიყო მხოლოდ მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ან/და ადმინისტრაციულ - სამართლებირივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმების გზით, რაც ბუნებრივია ვერ მოხდებოდა და სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ხსენებულ საკითხზე - მოსარჩელე მხარის მიერ ასეთი სამართლებრივი მოთხოვნის ვადის გაშვების შემდგომ, დაყენების გამო.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს მოპასუხე მხარის იმ არგუმენტს, რომ "რეფერალური მომსახურების სახელმიწფო პროგრამა" უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა შერიგების პოლიტიკაში, სწორედ ამიტომ არის მისი უწყვეტი განხორციელება საქართელოს მთავრობის პრიორიტეტი. თუმცა, აღნიშნული არ შეიძელბა გაგებულ იქნას იმდაგვარად, რომ სამედიცინო დაწესებულება, ბენეფიციარი, დახმარების მიმღები, გათავისუფლებულნი არიან გარკვეული ვალდებულებებისგან, - მათ შორის კომისიის საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმების ზედმიწევნით დაცვისა და შესრულებისგან. "რეფერალური კომისიის" სხდომის ოქმში, - ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში მითითებულია ის გარემოება, თუ რატომ არ მოხდა გაწერული სერვისის დაფინანსება. თუმცა, მოცემულ მომენტში აღნიშნული არ არის დავის საგანი, ვინაიდან აქტის კანონიერების შემოწმების ნაწილში საქმის წარმოება შეწყვეტილია.

 

ზემოთმითითებულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით პალატა მიიჩნია, რომ შპს „ა---------------–-------------–-------------–---------------–--------------–----–-------–---------------–--–------მა“ ვერ დაასაბუთა მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7 000 (შვიდი ათასი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ა----------------–-------------–-------------–---------------–--------------–----–-------–---------------–--–-------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი