განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100119003273597
№1ბ/267-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მარტი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
გამართლებული - გ--–- მ----–---–ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი ნომერი 1----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ-----------------–----–----------------–------–--ში.
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, და გამართლებულ გ--–- მ----–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია ე-----ი ს-----–---–მა სასამართლოში უარი განაცხადა გ--–- მ----–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, თუმცა წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად დაზარალებულის ჩვენება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება. კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ ადასტურებს, რომ ე-----ი ს-----–---–მა დაადასტურა მეუღლესთან მოუხდა კონფლიქტი და ითხოვა დახმარება, კონფლიქტს ადასტურებს უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები - გ------- მ----–---–ის გამოკითხვის ოქმი, ლ--–---------–---–ის გამოკითხვის ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რომ გ--–- მ----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ხოლო ის გარემოება, რომ დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება არ ნიშნავს, რომ დანაშაული არ მომხდარა. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი გ--–- მ----–---–ის მიმართ და დაგენილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა, გამართლებულ გ--–- მ----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ--–------ ქ--–----–---–მა და მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
წარდგენილი ბრალდება:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ--–- მ----–---–ს, წარედგინა ბრალდება, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, თავის საცხოვრებელ ბინაში, გ--–- მ----–---–მა სახეში ხელის რამდენიმე დარტყმით სცემა მეუღლეს - ე-----ი ს-----–---–ს, ყელში წაუჭირა ხელი, რის შემდეგაც უბიძგა და მიახეთქა ტუმბოზე, რის შედეგადაც ე-----ი ს-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ--–- მ----–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულმა ე-----ი ს-----–---–მა, ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (ქმარი) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
უდავო მტკიცებულებები:
მოწმე ლ--–---------–---–ის გამოკითხვისას მირებული ინფორმაციით, იგი ცხოვრობს გ--–- მ----–---–ის მეზობლად, 2019 წლის 15 ოქტომბერს დაახლოებით 23:30 საათზე მასთან სახლში მივიდა ე-----ი ს-----–---–ი და განუცხადა, რომ მამა ჰყავდა ცუდად და სურდა სასაწრაფო დახმარების გამოძახება და სთხოვა ტელეფონი. დარეკა ტელეფონზე, და გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ასევე პოლიცია, რის გამოც მან ჰკითხა თუ რისთვის გამოიძახა პოლიცია, რაზეც ე-----იმ უპასუხა, რომ ოჯახში ჰქონდა კონფლიქტი. ის აღარ დაინტერესებულა დეტალებით და არ იცის ვისთან ჰქონდა კონფლიქტი. ე-----ის გარეგნულად რაიმე დაზიანება არ ჰქონდა, თუმცა იყო აღელვებული და ტიროდა, რის გამოც დამამშვიდებელი წამალი დაალევინა.
მოწმე გ------- მ----–---–ის გამოკითხვისას მირებული ინფორმაციით, იგი არის გ--–- მ----–---–ის და დაზარალებულ ე----- ს-----–---–ის შვილი. იგი შეესწრო 2019 წლის 15 ოქტომბერს დაახლოებით 22:00 საათზე დედის ე----- ს-----–---–ის და მამის გ--–- მ----–---–ის კამათს. მამა სთხოვდა დედას დაელია დამამშვიდებელი წამალი, რომელიც ექიმმა გამოუწერა, რაზედაც დედა უარს ამბობდა, მამამ უთხრა, რომ თუ არ დალევდა ისევ საავადმყოფოში წაიყვანდა, რის შემდეგაც ის გაერიდა მშობლებს და წავიდა დასაძინებლად. შემდეგ რა მოხდა არ იცის. მანვე განმარტა, რომ არასოდეს უნახვს, რომ მამას დედა ეცემოს, კამათი მოსდიოდათ იმის გამო, რომ დედა წამალს არ სვამდა და მამა ამის გამო ეკამათებოდა.
გ--–- მ----–---–მა თავი დამნაშავედ არ იცნო და განმარტა, რომ მისი მეუღლე დაავადებულია ფსიქიკურად და ექიმისაგან დანიშნული აქვს წამლები, რომელთა მიღებაზე ხშირად უარს ამბობს, როდესაც არ სვამს წამალს ხდება აგრესიული და არაადეკვატური. 2019 წლის 15 ოქტომბერს საღამოს დაახლოებით 23:00 საათზე, მან სთხოვა ე----- ს-----–---–ს დაელია დამამშვიდებელი წამალი, თუმცა მეუღლემ უარი განაცხადა და მან აუხსნა ასეთ შემთხვევაში წაიყვანდა საავადმყოფოში. აღნიშნულზე ე----- ს-----–---–ი გახდა აგრესიული, სახლიდან გავარდა ეზოში, ხელში აიღო ბამბუკის ჯოხი და იძახოდა, რომ დაამტვრევდა ავტომობილის შუშებს და ვეღარ შეძლებდა მის საავადმყოფოში წაყვანას. ის ცდილობდა წაერთმია ჯოხი, რა დროსაც ჯაჯგურში ე-----ი მიეჯახა აბანოს ხის კარებს, თავად კი წაიქცა. ძიძგილაობაში ე----- ს-----–---–მა წაართვა ბამბუკის ჯოხი და სხეულის სხვადასხვა ადგილას დაარტყა მას, რა დროსაც მიიღო დაზიანებები. შემდეგ ე----- ს-----–---–ი გაიქცა ეზოდან და დაუძახა მას, რომ პოლიციას გამოიძახებდა და დააჭერინებდა მის თავს. მანვე განმარტა, რომ ე----- ს-----–---–ისათვის არასოდეს მიუყენებია არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა. ე-----ი დაავადდა მას შემდეგ რაც მასთან ერთად თურქეთში იყო სამუშაოდ და დაეწყო ფსიქიკური პრობლემები. მას მეუღლესთან ხშირად აქვს კამათი იმის გამო, რომ იგი უარს ამბობს წამლის დალევაზე და ხდება აგრესიული.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით ე----- ს-----–---–ის მიმართ დასტურდება, რომ ე----- ს-----–---–ს მარცხენა იდაყვის სახსრის და მარჯვენა წვივის არეში აღენიშნება ნაჭდევები, ხოლო წელის და მარჯვენა წვივის არეში სისხლჩაქცევები. ეს დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით გ--–- მ----–---–ს 2019 წლის 18 ოქტომბერის გასინჯვით სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგ დაზიანებები: სისლნაჟღენთი მარჯვენა იდაყვის სახსრის არეში, ნაჭდევი კეფის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 15.10 2019 წელს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გ--–- მ----–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა, ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს, მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).
სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ გ--–- მ----–---–მა, ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში, არ არსებობს მტკიცებულება (არათუ ერთობლიობა), რომელიც დაადასტურებდა გ--–- მ----–---–ის მიერ მეუღლის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას, რამაც ტანჯვა გამოიწვია. სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედებები, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი ხასიათი, ანუ მისი განმეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. შესაბამისად, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად. თავად სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, რომ მხოლოდ 2019 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, თავის საცხოვრებელ ბინაში, გ--–- მ----–---–მა სახეში ხელის რამდენიმე დარტყმით სცემა მეუღლეს - ე----- ს-----–---–ს, ყელში წაუჭირა ხელი, რის შემდეგაც უბიძგა და მიახეთქა ტუმბოზე, რის შედეგადაც ე----- ს-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას, რამაც ტანჯვა გამოიწვია ადგილი არ ჰქონია და ზედმეტადაა მითითებული ბრალდების ფორმულირებაში.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები - გ------- მ----–---–ის გამოკითხვის ოქმი, ლ--–---------–---–ის გამოკითხვის ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს გ--–- მ----–---–ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს. ვინაიდან გ------- მ----–---–ი მიუთითებს მხოლოდ მშობლებს შორის არსებული კამათის თაობაზე და უარყოფს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. ლ--–---------–---–ი ფლობს დაზარალებულად ცნობილი პირისგან მიწოდებულ ინფორმაციას კონფლიქტის შესახებ, თუმცა ვისთან ჰქონდა ე-----ი ს-----–---–ს კონფლიქტი, ან რაში გამოიხატებოდა ის და შეიცავდა თუ არა ძალადობის ნიშნებს, მოწმისთვის უცნობია. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და არა ნებისმიერი სახის კონფლიქტი, რომელიც შეიძლება გამოხატული იყოს მხოლოდ კამათში. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მართალია პირადი გასინჯვისას ე----- ს-----–---–ს მარცხენა იდაყვის სახსრის და მარჯვენა წვივის არეში აღენიშნება ნაჭდევები, ხოლო წელის და მარჯვენა წვივის არეში სისხლჩაქცევები, თუმცა აღნიშნული დაზიანებები, რომ მიყენებულია გ--–- მ----–---–ის მიერ, არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით, ან მასთან შეჯერებული რაიმე პირდაპირი მტკიცებულებით. ამასთან, მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ--–- მ----–---–ის ბრალეულობას ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ--–- მ----–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გაანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--–- მ----–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი გ--–- მ----–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის, თინათინ ზუბაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის, თინათინ ზუბაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი გ--–- მ----–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
გ--–- მ----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
გ--–- მ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის N12/26-19 განჩინებით მაკა კეკვიაშვილის (პირადი N13001051679) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - მდებარე, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭერემი, საკადასტრო კოდი 51.21.52.224), გირაოს 2000 (ორი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ--–- მ----–---–ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე