განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210019002003637
საქმე №2/ბ-464-2019
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე თეიმურაზ სიხარულიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ბექა გიორგაძე
აპელანტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
წარმომადგენელი ს---–--- ა----–--ე
მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი შპს „ჯ--–----“ რაჟდენ ხიმშიაშვილი
დავის საგანი თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და მოწინააღმდეგე მხარის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად. შპს ჯ--–---- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 26 287 ლარის გადახდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი, პირგასამტეხლოს თანხის შპს ჯ--–---ზე სრულად დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. შპს ჯ--–---- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 789 ლარის ოდენობით. შპს ჯ--–----ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ჯ--–----ს სასარგებლოდ დაეკისრა 12 975,65 ლარის გადახდა. შპს ჯ--–----ს სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2016 წლის 28 ივნისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ჯ--–---- შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №54 ბრძანებით დამტკიცებული ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაეტარებინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. 2.2. 2016 წლის 28 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას შემსრულებლისათვის უნდა გადაეხადა 388 000 ლარი. 2.3. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ოთხ ეტაპად. თითოეული ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო შემდეგ ვადებში: - პირველი ეტაპი - 2016 წლის 28 ივლისამდე; - მეორე ეტაპი - 2016 წლის 26 აგვისტომდე; - მესამე ეტაპი 2016 წლის 26 სექტემბრამდე; - მეოთხე ეტაპი - 2016 წლის 26 ოქტომბრამდე. 2.4. ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები შეთანხმდენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. კერძოდ, სამუშაოთა ვადაგადაცილებისათვის ვალდებულების დამრღვევს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრება ჯარიმა შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1 %. 2.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულების 11.5.1 და 11.5.3 პუნქტით ვადაგადაცილებად არ ითვლება ის დღეები, რომელშიც სამუშაოები ვერ შესრულდა ფორს-მაჟორული გარემოების გამო. 2.6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულების 7.4 პუნქტით განსაზღვრულია მხარეთა საბოლოო ანგარიშსწორების წესი. იგი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესაბამისი ფორმით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის, ფორმა №2-ის, ფორმა №3-ის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 11.2 პუნქტით შემსყიდველს ეკისრება ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის ყოველ დაყოვნებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა დაყოვნებული თანხის 0.1 %-ის ოდენობით. 2.7. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ შპს ჯ--–---მა სამუშაოს ეტაპები შეთანხმებულ ვადაში ვერ შეასრულა. მან სამუშაოები შეასრულა შემდეგი თანამიმდევრებით: - პირველი ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 28 ივლისისა - 2016 წლის 30 აგვისტოს. - მეორე ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 26 აგვისტოსა - 2016 წლის 28 ოქტომბერს; - მესამე ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 26 სექტემბრისა - 2017 წლის 8 მაისს; - მეოთხე ეტაპი ნაცვლად 2016 წლის 26 ოქტომბრისა - 2017 წლის 8 ივნისს. 2.8. 2016 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების შუალედურმა ღირებულებამ შეადგინა 103 854,8 ლარი. 2.9. 2016 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების შუალედურმა ღირებულებამ შეადგინა 109 151,68 ლარი. 2.10. 2016 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების შუალედურმა ღირებულებამ შეადგინა 75 641,53 ლარი. 2.11. 2017 წლის 9 იანვრის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების შუალედურმა ღირებულებამ შეადგინა 84 749,23 ლარი. 2.12. სამუშაოთა შესრულების ვადის გადაცილების გამო გამგეობამ შპს ჯ--–---- თითოეულ ეტაპზე მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა. გადაუხდელობის შემთხვევაში გააფრთხილა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. 2.13. საქმეში არაა წარმოდგენილი მტკიცებულება პირგასამტეხლოს სახით შპს ჯ--–----ს მიერ 12 975,65 ლარის გადახდის თაობაზე. თუმცა მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ შპს ჯ--–---მა დასახელებული თანხა გადაიხადა 2016 წლის 4 ოქტომბერს. უფრო ზუსტად, შპს ჯ--–---- დასახელებული თანხა გამოექვითა შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან. შპს ჯ--–---- პირგასამტეხლოს თანხის გამოქვითვას დაეთანხმა, მაგრამ იმავდროულად აცნობა, რომ არ ეთანხმება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, ასევე მის მოცულობას და შემდეგში სარჩელს აღძრავს და მის უკან დაბრუნებას მოითხოვს. 2.14. 2016 წლის 28 დეკემბერს შპს ჯ--–---მა გამგეობას წარუდგინა შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტები. 2017 წლის 16 იანვარს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რის შემდეგაც მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. გამგეობამ შპს ჯ--–---- შესრულებული სამუშაოს ღირებულება გადაუხადა 2017 წლის 31 მარტს - 65 დღის დაგვიანებით. 2.15. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ სამუშაოთა მეოთხე ეტაპი დასრულდა 2017 წლის 8 ივნისს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.16. ვალდებულების შესულების მიზნით შპს ჯ--–---მა შეასრულა გარკვეული სამუშაოები, მაგრამ მან სამუშაოები შეთანხმებულ ვადებში ვერ დაასრულა. კერძოდ: - პირველი ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 28 ივლისისა დაასრულა 2016 წლის 30 აგვისტოს; - მეორე ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 26 აგვისტოსა, დაასრულა 2016 წლის 28 ოქტომბერს; - მესამე ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 26 სექტემბრისა, დაასრულა 2017 წლის 8 მაისს; - მეოთხე ეტაპი ნაცვლად 2016 წლის 26 ოქტომბრისა დაასრულა 2017 წლის 8 ივნისს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო შესრულება, მაგრამ ხელშეკრულების ვადების დარღვევის გამო სარჩელი წარადგინა და პირგასამტეხლოს სახით 52 574 ლარის გადახდა მოითხოვა. 2.17. მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძვლებიდან. 2.18. მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულების 11.3. მუხლი ითვალისწინებს შპს ჯ--–----ს პასუხისმგებლობას. 11.3.1. მუხლით შპს ჯ--–----ს მიერ თითოეული ეტაპის სამუშაოების ვადაგადაცილება ითვალისწინებს ყოველვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას შეუსრულებელი ეტაპის 0.1 %-ის ოდენობით. მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგენილია, რომ შპს ჯ--–---მა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და თითეოული ეტაპის სამუშაოების შესრულების ვადას გადააცილა. ამ ვალდებულების სათანადო შეუსრულებლობა წარმოშობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას იმ წესის მიხედვით, რა წესით პირგასამტეხლოს გაანგარიშებაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. მართალია მან ვალდებულების დარღვევაში თავისი ბრალეულობა გამორიცხა და ფორს-მაჟორზე მიუთითა, მაგრამ ფორს-მაჟორთან დაკავშირებით მისი არგუმენტები სასამართლომ არ გაიზიარა. 2.19. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მხარეებს პირგასამტეხლო გამოხატული აქვთ პროცენტული მაჩვენებლით. თუმცა პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. 0.1 %-ს ოდენობის პირგასამტეხლო რიგ შემთხვვაში გუნივრულია, რიგ შემთხვევაში კი ცდება გონივრულობის ზღვარს. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა უნდა განახევრებულიყო. 2.20. შპს ჯ--–---- ორი მოთხოვნა აქვს. მათ შორის ერთერთი მოთხოვნაა პირგასამტეხლოს სახით გადახდილი 12 975,65 ლარის დაბრუნება. დასახელებული თანხა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს ჯ--–---- დაუქვითა პირგასამტეხლოს ანგარიშში. 2.21. უდაოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით იყო შეთანხმებული. სწორედ ამ შეთანხმებას დაეყრდნო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია პირგასამტეხლოს თანხის დაქვითვისას. მერიამ დაითვალა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებული დღეები, დაიანგარიშა ყოველდღიურად პირგასამტეხლოდ გადასახდელი თანხის ოდენობა და საერთო ჯამში შპს ჯ--–---- მოსთხოვა პირგასამტეხლოს სახით 12 975,65 ლარის გადახდა. მერიას ჰქონდა უფლება შპს ჯ--–----საგან მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა. მიუხედავად ასეთი უფლებისა კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისთვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. კრედიტორმა უნდა აირჩიოს რომელიმე მათგანი, მაგრამ თუკი მოვალემ გადააშორა დადგენილ ვადებს, კრედიტორს უფლება ეძლევა მოითხოვოს როგორც ვალდებულების შესრულება, ასევე პირგასამტეხლოს გადახდევინება. პირგასამტეხლოს ოდენობას სჭირდება მხარეთა შეთანხმება. დაუშვებელია იგი დაქვითული იქნას ანაზღაურებიდან. შპს ჯ--–---- სრულად უნდა მიეღო კუთვნილი თანხა და ამ თანხიდან ნებაყოფილებით უნდა გადაეხადა კუთვნილი პირგასამტეხლო. 2.22. შპს ჯ--–---- პრეტენზია ჰქონდა და აქვს მასზედ, რომ მას ვალდებულება ბრალეულად არ დაურღვევია, ვადის გადაცილებაში მას ბრალი არ მიუძღვის. წინამდებარე სასარჩელო წარმოებაში პირგასამტეხლოს სახით 12 975,65 ლარის დაკისრება მოთხოვნილი არაა. მერიას ასეთი მოთხოვნა არ აქვს. ის სხვა პერიოდის პირგასამტეხლოს თანხას ითხოვს. მოსარჩელეს, 2016 წლის ოქტომბერში პირგასამტეხლოს სახით 12 975,65 ლარის გადახდა ეკუთვნის, თუ უფრო ნაკლები, შეიძლება განხილული იქნას მხოლოდ იმ დავაში, სადაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია შპს ჯ--–----ს მიმართ სარჩელს აღძრავს და ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის გამო მოითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას. ასეთი სარჩელის განხილვისას სასამართლო განიხილავს და შეაფასებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პირგასამტეხლოს პროცენტული მაჩვენებლის გონივრულობა, ვალდებულების დარღვევის არსი, მიყენებული ზიანი და სხვა საკითხები. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლო არ იხილავს 2016 წლის 4 ოქტომბრამდე პირგასამტეხლოს სახით 12 975,65 ლარის დაკისრების საკითხს. თანხა წარმოადგენდა შპს ჯ--–----ს გამომუშავებას და მისი მიღებისას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას არ ჰქონდა საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. გაუგებარია სასამართლომ რატომ ჩათვალა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და ის შეამცირა, მაშინ როდესაც მოპასუხე მხარეს არ ქონია მოთხოვნა და პრეტენზია თავის შესაგებელში პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხე მხარე აპელირებდა, რომ იყო ფორს მაჟორი (წვიმა), რომელმაც შეუშალა სამუშაოების შესრულებას ხელი და ვადის გადაცილება მის მიერ იყო საპატიო, შესაბამისად, მხარე ითხოვდა საპატიოდ ჩათვლილიყო სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოება, რომ ის გათავისუფლებულიყო პირგასამტეხლოს დაკისრებისაგან, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის მოთხოვნა არ ჩათვალა სარწმუნოდ და თავისი ინიციატივით, მოპასუხის მოთხოვნის არარსებობის მიუხედავად, გაუგებარი მიზეზით პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა გაანახევრა. 3.2. სასამართლომ სწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულება, რაც დაკისრებული მოვალეობის შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებად შეიძლება იქნას მიჩნეული, თუმცა თავისივე ინიციატივით განიხილა რომ მხარეებს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო და მისი ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, მაშინ, როცა აღნიშნულს არ ხდის მხარე სადავოდ. 3.3. პირგასამტეხლო არის ერთადერთი საშუალება, რომელის თანახმადაც მხარეები დაცულნი არიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შერულებით მიყენებული ზიანის გასაქვითად. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად პირგასამტეხლოს შინაარსი განმარტებულია, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ზოგიერთი ხელშეკრულება პირდაპირ აწესებს ასეთ გაქვითვას და აღნიშნული არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ არ არის სამოქალაქო კოდექსის 447-ე მუხლით განსაზღვრული დაუშვებლობის პირობები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც შპს ჯ--–---მა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე იკისრა ვალდებულება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №54 ბრძანებით დამტკიცებული ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაეტარებინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. 4.2. 2016 წლის 28 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას შემსრულებლისათვის უნდა გადაეხადა 388 000 ლარი. 4.3. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ოთხ ეტაპად. თითოეული ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო შემდეგ ვადებში: - პირველი ეტაპი - 2016 წლის 28 ივლისამდე; - მეორე ეტაპი - 2016 წლის 26 აგვისტომდე; - მესამე ეტაპი 2016 წლის 26 სექტემბრამდე; - მეოთხე ეტაპი - 2016 წლის 26 ოქტომბრამდე. 4.4. ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მხარეები შეთანხმდენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. კერძოდ, სამუშაოთა ვადაგადაცილებისათვის ვალდებულების დამრღვევს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრებოდა ჯარიმა შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1 %. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულების 11.5.1 და 11.5.3 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა, რომ ვადაგადაცილებად არ ითვლებოდა ის დღეები, რომელშიც სამუშაოები ვერ შესრულდებოდა ფორს-მაჟორული გარემოების გამო. 4.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულების 7.4 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა საბოლოო ანგარიშსწორების წესი. იგი უნდა განხორციელეულიყო ხელშეკრულების შესაბამისი ფორმით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის, ფორმა №2-ის, ფორმა №3-ის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 11.2 პუნქტით შემსყიდველს ეკისრებოდა ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის ყოველ დაყოვნებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა დაყოვნებული თანხის 0.1 %-ის ოდენობით. 4.6. დადგენილია, რომ შპს ჯ--–---მა სამუშაოს ეტაპები შეთანხმებულ ვადაში ვერ შეასრულა. უდავოა, რომ სამუშაოები შესრულდა შემდეგი თანამიმდევრებით: - პირველი ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 28 ივლისისა - 2016 წლის 30 აგვისტოს. - მეორე ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 26 აგვისტოსა - 2016 წლის 28 ოქტომბერს; - მესამე ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 26 სექტემბრისა - 2017 წლის 8 მაისს; - მეოთხე ეტაპი ნაცვლად 2016 წლის 26 ოქტომბრისა - 2017 წლის 8 ივნისს. 4.7. მიღება-ჩაბარების აქტებით დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოების შუალედურმა ღირებულებამ შეადგინა: 1) 2016 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით - 103 854,8 ლარი. 2) 2016 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით - 109 151,68 ლარი. 3) 2016 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით - 75 641,53 ლარი. 4) 2017 წლის 9 იანვრის მდგომარეობით - 84 749,23 ლარი. 4.8. სამუშაოთა შესრულების ვადის გადაცილების გამო გამგეობამ შპს ჯ--–---- თითოეულ ეტაპზე მოსთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა. გადაუხდელობის შემთხვევაში გააფრთხილა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. 4.9. დადგენილია, რომ თანხა - 12 975,65 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს სახით შპს ჯ--–---- გამოექვითა შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან. შპს ჯ--–---- პირგასამტეხლოს თანხის გამოქვითვას დაეთანხმა, მაგრამ იმავდროულად ხელშეკრულების მეორე მხარეს აცნობა, რომ არ ეთანხმება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, ასევე, მის მოცულობას და შემდეგში სარჩელს აღძრავს და მისი დაბრუნებას მოთხოვნით. 4.10. 2016 წლის 28 დეკემბერს შპს ჯ--–---მა გამგეობას წარუდგინა შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტები. 2017 წლის 16 იანვარს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რის შემდეგაც მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. გამგეობამ შპს ჯ--–---- შესრულებული სამუშაოს ღირებულება გადაუხადა 2017 წლის 31 მარტს - 65 დღის დაგვიანებით. სამართლებრივი დასაბუთება 4.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.12. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად შეამცირა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სწორად განსაზღვრა მხარეების მიერ ერთმანეთის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობა. 4.13. პალატა ეთანხმება მხარეებს, რომ ვალდებულების შესრულების ვადა ხელშეკრულების ორივე მხარემ დაარღვია. 4.14. ხელშეკრულების 3. პუნქტის თანახმად, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ოთხ ეტაპად. თითოეული ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო შემდეგ ვადებში: - პირველი ეტაპი - 2016 წლის 28 ივლისამდე; - მეორე ეტაპი - 2016 წლის 26 აგვისტომდე; - მესამე ეტაპი 2016 წლის 26 სექტემბრამდე; - მეოთხე ეტაპი - 2016 წლის 26 ოქტომბრამდე. 4.15. ხელშეკრულების 7.3. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან უნდა განხორციელებულიყო კონკრეტული ეტაპით სრულად გათვალისწინებულ სამუშაოებზე ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა #2, ფორმა #3 და საგადასახაადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 28 დეკემბერს შპს ჯ--–---მა გამგეობას წარუდგინა შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტები. 2017 წლის 16 იანვარს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რის შემდეგაც მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. გამგეობამ შპს ჯ--–---- შესრულებული სამუშაოს ღირებულება გადაუხადა 2017 წლის 31 მარტს - 65 დღის დაგვიანებით. 4.16. პალატის აზრით, მხარეებმა თავიანთი ვალდებულებები ჯეროვნად და დათქმულ ვადაში არ შეასრულეს. 4.17. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით პირგასამტეხლოს წარმოშობის მიზეზებისა და ხასიათის გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ქონდა. 4.18. პალატის აზრით, პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა და მისი ოდენობა დარღვეულ ვალდებულებასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ნიშანდობლივია, რომ მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება და არ ეთანხმებოდა მასზე მოთხოვნილ პირგასამტეხლოს ან მის ოდენობას, რამეთუ ის საერთოდ უარყოფდა მას, რაც არ ნიშნავს, რომ ეთანხმებოდა მოთხოვნილ ოდენობას. 4.19. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან“ – (სუსგ - საქმე #ას-164-160-2016; 28 ივლისი, 2016 წელი, პ. 68). 4.20. შესრულებული სამუშაოს შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოების შუალედურმა ღირებულებამ შეადგინა: 1) 2016 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით - 103 854,8 ლარი. 2) 2016 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით - 109 151,68 ლარი. 3) 2016 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით - 75 641,53 ლარი. 4) 2017 წლის 9 იანვრის მდგომარეობით - 84 749,23 ლარი. 4.21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მხარისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა დარღვეულ ვალდებულებასთან, მიმართებით გონივრულია და საქალაქო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა შემცირებული. 4.22. სასამართლო უფლებამოსილია პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვროს საქმის მასალების ანალიზის სამართლიანი განსჯისა და მტკიცებულებები შეფასების საფუძველზე, რასაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულ შემთხვევაში.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელი უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. აპელანტის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესიების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არაუარდეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეიმურაზ სიხარულიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი