განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142220700107894
საქმე №1/ა.გ.17-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მარტი 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაკა გველესიანი
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
მერაბ ჯორბენაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ----------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განაჩენის (რომლითაც უცლელად იქნა დატოვებული ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენი) გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით, ზ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2009 წლის 3 დეკემბრიდან.
ზ----------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5(ხუთი) წლის ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განაჩენით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენი ზ----------–---–ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი არ იქნა გახილული (ვინაიდან მსჯავრდებულმა ზ----------–---–მა უკან გაითხოვა თავისი საკასაციო საჩივარი.
მსჯავრდებული ზ----------–---–ი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2012 წლის 28 ოქტომბრის N02/12-3818 გადაწყვეტილებით, ზ----------–---–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 1(ერთი) თვით და 4(ოთხი) დღით ადრე, რის საფუძველზეც გათავისუფლდა 2012 წლის 29 ოქტომბერს.
2020 წლის 21 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ზ----------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და მისი შესაბამისობაში მოყვანა დღეს მოქმედ კანონმდებლობასთან.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ზ----------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი, ხოლო ამავე კოდექსის, ამავე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
ზ----------–---–ი მსჯავრდებულია 6.91 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2014 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტ წლამდე და შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების №1/4/592 თანახმად, ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინების №3/1/708,709,710 - ვებგვერდი, 15.03.2016წ. თანახმად, ძალადაკარგულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინების №3/1/855 – ვებგვერდი, 21.02.2017წ. თანახმად, ძალადაკარგულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, გასაღების ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის.
მართალია, დღეის მდგომარეობით, ზ----------–---–ს განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით მოხდილი აქვს და აღარ არსებობს მის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გავრცელების სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ვინაიდან ზ----------–---–მა საპატიმრო სასჯელის მოხდა დაასრულა - 2012 წლის 29 ოქტომბერს, იგი, როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ითვლება ნასამართლევად.
ამდენად, ვინაიდან, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისათვის და იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის კატეგორია იცვლება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, პალატა მიიჩნევს, რომ ზ----------–---–ის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2014 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სასჯელის დაუნიშნავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ----------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ----------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განაჩენში (რომლითაც უცლელად იქნა დატოვებული ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ზ----------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2014 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
ზ----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასჯელის დაუნიშნავად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განაჩენი (რომლითაც უცლელად იქნა დატოვებული ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენი) სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ.გველესიანი
მოსამართლეები: მ.ხოლოაშვილი
მ.ჯორბენაძე