განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001960696 (საქმე №3ბ/1387-19)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები - ილონა თოდუა
ნინო ყანჩაველი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - სს „ს----–--------------ა“;
წარმომადგენლები - გ---------------–-–---–ი, ი-----–-------------ი;
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - გ-------------ე;
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - ა-–-----------------ა:
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, დარიცხული საურავების ხელახლა გადათვლა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
1.1. სს „ს----–--------------ას“ წარმომადგენელი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
1.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელი დაკმაყოფილებაზე სრულად.
1.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელი დაკმაყოფილებაზე სრულად.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სს „ს----–----------------“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 6 იანვრის №21-11/926 წერილი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის №8--- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სს „ს----–--------------ამ“ 2016 წლის 30 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს. განცხადების თანახმად, სს „ს----–----------------“ პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანებად რიცხული თანხები არასწორად, ზედმეტი ოდენობით არის ასახული, რის მიზეზსაც წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა. განცხადებით მოთხოვნილ იქნა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს საურავების გადაანგარიშება და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) 2009 წლის იმ თარიღიდან, რომელ თარიღამდეცაა განხორციელებული შესაბამისი კორექტირება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №21-11/926 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის კომპიუტერული ბაზის და სს „ს----–--------------ას“ პირადი აღრიცხვის ბარათების მონაცემებით დარიცხული საურავის შემცირება განხორციელდა 2009 და 2011 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განაჩინების საფუძველზე. ამასთან, გადახდილი თანხებით პერიოდულად ნაწილობრივ დაფარულია საურავის არდარიცხვის რეჟიმში გადაყვანილი დავალიანების ნაწილი. აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 8 იანვარს გამოცემულია №1-- ბრძანება, რომლითაც სს „ს----–--------------ას“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მომსახურების დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის გპაბ-ზე დარიცხული/შემცირებული საურავების თანხების გაშიფვრა და ბარათებიდან დეტალური ამონაწერის გაცემა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოწოდებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2014 წლის 24 იანვრის №2--------- წერილით. დამატებით გადასახადის გადამხდელს ეცნობა, რომ უცხოურ ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, გადაიანგარიშება ლარებში ოპერაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით. შესაბამისად, სს „ს----–--------------ას“ საურავის შემცირებაზე ეთქვა უარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „ს----–----------------“ 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადება.
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №21-11/926 გადაწყვეტილება
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 8 იანვარს გამოცემულია №1-- ბრძანება.
სს „ს----–--------------ამ“ 2017 წლის 9 თებერვალს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №21-11/926 გადაწყვეტილების გაუქმება და მომსახურების დეპარტამენტისათვის სს „ს----–----------------“ 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადების განხილვა და საურავების გადათვლის დავალება.
საჩივრის თანახმად, საურავების გადაანგარიშებას არ აქვს კავშირი უცხოურ ვალუტით განხორციელებულ ოპერაციასთან და დაბეგვრასთან, რადგან საურავის შემცირების საფუძელია 75327.72 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ფარგლებში სახელმწიფოს დავალიანების არსებობა სს „ს----–----------------“ წინაშე, რაზეც არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, შესაბამისად, კურსის ცვლილების პარალელურად უნდა შეიცვალოს ლარში იმ თახის ოდენობაც, რომლის დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სს „ს----–----------------ათვის“ საურავის დარიცხვა. საჩივრის მიხედვით, ასევე, არასწორად არის განხორციელებული 2011 წელს საურავის გადაანგარიშება, არასწორი გადაანგარიშების პრინციპი არის გამოყენებული, კერძოდ, გადამხდელის ბარათზე დავალიანების თანხა (ერთ, საწყის პერიოდში) ძირითადი გრაფიდან გადატანილ იქნა დავალიანების იმ გრაფაში, რომელსაც არ ერიცხება საურავი და პროგრამულად ავტომატურად იქნა გადათვლილი საურავების თანხა. აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას გამორჩენილია ის გარემოება, რომ გადამხდელის მიერ დავალიანების დაფარვისას დაიფარა დავალიანება, რომელსაც არ ერიცხება საურავი, ხოლო ხელახალა წარმოიქმნა დავალიანება ძირითად ნაწილში, რომელიც აღემატებოდა 75327.72 აშშ დოლარის შესაბამის ეკვივალენტ ლარს, მაგრამ ისევ დაერიცხა საურავი. საჩივრის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სს „ს----–--------------ას“ ასევე უსაფუძლოდ და დაუსაბუთებლად ეთქვა უარი როგორც 2011 წელს განხორციელებული საურავების გადაანგარიშების გადახედვა- შესწორებაზე, ისე მის შემდგომ პერიოდში დარიცხული საურავების გადაანგარიშებაზე.
სსიპ შემოსავლების სამსხურის 2017 წლის 29 მარტის №8--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, სს „ს----–--------------ას“ 2017 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება სულ 578652.45 ლარი, მათ შორის, ძრითადი თანხა 336195.11 ლარი, საიდანაც 8207.24 ლარს არ ერიცხება საურავი; ჯარიმა 11397.83 ლარი და საურვი 231059.51 ლარი. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება აღსრულებულია, ასევე, გგპაბ-ზე საურავის არდარიცხვის რეჟიმში გადაყვანიალია სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული დავალიანება, საჩივარი უსაფუძლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „ს----–--------------ას“ 2017 წლის 9 თებერვლის საჩივარი.
- სსიპ შემოსავლების სამსხურის 2017 წლის 29 მარტის №8--- ბრძანება.
სს „ს----–--------------ამ“ 2017 წლის 18 აპრილს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №21-11/926 გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსხურის 2017 წლის 29 მარტის №8--- ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადების განხილვა დ საურავის გადათვლა.
საჩივრის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურს არ გამოუკვლია, თუ როგორ იყო შესრულებული სასამართლოს გადაწყვტილება, რომლის საფუძველზეც საურავი არ უნდა დაერიცხოს გადასახადის გადამხდელს, ამასთან არასწორად იქნა გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი უცხოურ ვალუტით განხორციელებული ოპერაციების შესახებ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად, გადამხდელის მიერ განხორციელებულია გადახდები, რომლითაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით განხორციელდა აღიარებული გადასახადის თანხის დაფარვა და შესაბამისად, შემცირებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულად ცნობილი საგადასახადო დავალიანების თანხა. შესაბამისად, საურავი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით არ ერიცხება გადაწყვეტილებაში მითითებულ ოდენობასა და გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებს შორის არსებულ სხვაობის თანხაზე. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება დარიცხული საურავის გადაანგარიშების მოთხვნაზე უარის შესახებ მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „ს----–----------------“ 2017 წლის 18 აპრილის საჩივარი.
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება.
სს „ს----–----------------“ ბლოკირებულ სავალუტო ანგარიშზე ირიცხება 75327.72 აშშ დოლარი, ყოფილი სსრკ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ბანკის ქ.თბილისის განყოფილების ბალანსზე. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 5 მარტის კანონის შესაბამისად (მუხლის 48, პუნქტი „ბ“), აღნიშნული თანხები აღიარებულია სახელმწიფოს შიდა სავალო ვალდებულებად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- გაერთიანებული ქართული ბანკის 2004 წლის 25 თებერვლის წერილი.
„გადაწყვეტილების განმარტების შესახებ“ ქ. თბილისის ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის პირველი დეკემბრის განჩინების თანახმად, ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 24 ნოემბერს №2/1032-99 სამოქალაქო საქმეზე ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელის გამო სს „ს----–-------------ანის“ მიმართ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება - ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ სს „ს----–--------------ას“ დაეკისრა 85489.41 ლარის ანაზღაურება. თავდაპირველად სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა ძირითადი თანხა 85489.41 ლარი და მასზე დარიცხული საურავი 42269.21 ლარი. საქმის განხილვისას გაირკვა, რომ მოპასუხეს დავალიანების წარმოშობის მომენტისათვის გაერთიანებულ ქართულ ბანკში სავალუტო ანგარიშზე ერიცხებოდა და დღესაც ერიცხება 75327 აშშ დოლარი - დავალიანების ოდენობაზე მეტი, თუმცა მითითებული თანხის განკარგვის საშუალება დღემდე არ მიცემია, ვინაიდან ანგარიში ბლოკირებულია და მასზე არსებული თანხა აღებულია სახელმწიფოს შიდა ვალში. აღნიშნული განჩინებით სასამართლომ დაადგინა, რომ ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით (№2/1032-99 საქმეზე) მოპასუხე სს „ს----–--------------ას“ მოსარჩელე ისნის რაიონის საგადასახადო ისნპექციის მიმართ არსებულ ძირითად დავალიანებაზე საურავის გადახდა არ დაეკისრა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ დავალიანების დროულად გადახდა ვერ შეძლო სახელმწიფოს მიერ მის ანგარიშზე არსებული შედარებით მეტი თანხის შიდა ვალში აღების გამო.
ქ. თბილისის ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომლის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესის სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.
- „გადაწყვეტილების განმარტების შესახებ“ ქ.თბილისის ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის პირველი დეკემბრის განჩინება.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინება.
- საქართველოს უზენაესის სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინება.
შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 10 თებერვლის წერილის თანახმად, სს „ს----–----------------“ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 7 ნოემბრის №3--- ბრძანების შესაბამისად, პროგრამულად განხორციელდა პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების აღნიშნულ ნაწილზე 2003 წლის პირველი იანვრიდან 2009 წლის 10 თებრვლამდე დარიცხული საურავის შემცირება გადასახადების სახეების მიხედვით თანხით სულ 171419.78 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია)
2009 წლის 10 თებერვლის წერილი.
- შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 7 ნოემბრის №3--- ბრძანება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 10 ივლისის №2---------- წერილის თანახმად, საგადასახადო მონაცემთა ბაზისა და პირადი აღრიცხვის ბარათების მიხედვით სს „ს----–----------------“ პ/ბარათზე 2009 წლის იანვარში განხორციელებული საურავების კორექტირების შემდგომ 2011 წლის სექტემბერში, ასევე, განხორციელებულია გადასახადების მიხედვით დარიცხული საურავების შემცირება სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული დავალიანება 75327 აშშ დოლარის შესაბამის საგადასახადო დავალიანებაზე სულ 39900 ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 10 ივლისის №2---------- წერილი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №5---------- სამსახურებირივი ბარათის თანახმად, სს ს----–---------------- პირადი აღრიცხვის ბარათების შესწავლით დგინდება, რომ სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული დავალიანების 75327 აშშ დოლარის შესაბამის საგადასახადო დავალიანებაზე განხორციელებულია საურავის შემცირება:
1) 10.03.2003 წელს (სავადო თარიღები: 01.01.2003წ. და 01.02.2003წ.) თანხით - 142053.57 ლარი. საფუძველი 06.03.2003 წლის დასკვნა N1576 საარქივო სამმართველოში არ მოიძებნა (ს/ბ 2----------);
2) 2009 წლის 6 იანვარს განხორციელდა საურავის შემცირება პროგრამულად, დავალიანების თანხით 128251,85 ლარის, საურავის არ დარიცხვის რეჟიმში გადაყვანის შედეგად თანხით სულ 165182,27 ლარი (სავადო თარიღი: 01.01.2003 წელი); საფუძველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განჩინება.
3) 2011 წლის 7 სექტემბერს ასევე განხორციელებულია გადასახადების მიხედვით დარიცხული საურავების შემცირება სულ 39900 ლარის ოდენობით. საფუძველი: შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 16 აგვისტოს №6--- ბრძანება.
4) სოციალური გადასახადის პ/ბარათზე 2011 წლის 7 სექტემბერს შემცირებულია ძირითადი დავალიანება თანხით 4567.20 ლარი (სავადო თარიღი: 2004 წლის პირველი იანვარი), შესაბამისად, შემცირებულია მასზე დარიცხული საურავი. საფუძველი: შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 16 აგვისტოს №6--- ბრძანება.
სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სს „ს----–--------------ა“ (ს/ნ 2--------) დღემდე აწარმოებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას და დეკლარირებას, გადახდილი თანხებით პერიოდულად ნაწილობრივ დაფარულია საურავის არდარიცხვის რეჟიმში გადაყვანილი დავალიანების ნაწილი. 24.04.2017 წლის მდგომარეობით, საურავის არდარიცხვის რეჟიმში დარჩენილია ძირითადი დავალიანება 8207.24 ლარი, რასაც არ ერიცხება საურავი.
სამსახურებირვი ბარათის მიხედვით, სს „ს----–--------------ას“ 24.04.2017 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება სულ 600028.50 ლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა 347367.11 ლარი, საიდანაც 8207.24 ლარს არ ერიცხება საურავი; ჯარიმა 11397.83 ლარი და საურავი 241263.56 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №5---------- სამსახურებირივი ბარათი.
- შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 16 აგვისტოს №6--- ბრძანება.
2017 წლის 18 დეკემბერს სს „ს----–----------------“ წარმომადგენელმა დარიცხული საურავის გადაანგარიშებასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარების მოთხვნით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 იანვრის №5--------- წერილის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების ნაწილი არის საცნობარო ხასიათის, ნაწილი ეხება საურავების გაანგარიშების პრინციპებს, ხოლო ნაწილი კითხვებისა მოიცავს სავარაუდო არითმეტიკული გაანგარიშებების განხორციელებას დათქმული დაშვებების გათვალისწინებით. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საცნობარო საკითხების გასარკვევად და არითმეტიკული გაანგარიშებისათვის ექსპერტიზა არ ტარდება. ასევე, საურავის გაანგარიშების პრინციპის, მათი ოდენობის და აუცილებლობის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს პრეროგატივას, ვინაიდან მას აქვს სრულყოფილი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესახებ. ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა არ შედის ბიუროს ექსპერტების კომპეტენციაში. ამდენად, დანიშნული ექსპერტიზა ამ ეტაპზე დაბრუნდა შეუსრულებლად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათი (ს.ფ.350);
- საექსპერტო მომსახურების შესახებ №2001351117 ხელშეკრულება.
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 იანვრის №5--------- წერილი.
შპს „თ-------------------------------“ 2018 წლის 5 სექტემბრის დასკვნის თანახმად, მოპოვებული იქნა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შპს ს----–--------------აზე 75327.72 (სამოცდათხუთმეტიათასსამასოცდაშვიდი მთელი და 72 მეასედი) აშშ დოლარით (შესაბამისი ოფიციალური კურსით) ნაკლებ დავალიანებაზე საურავის არ დარიცხვის წინაპირობით, 2009 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე პერიოდზე შესამცირებელი საურავი შეადგენს 111780.69 (ასთერთმეტიათასშვიდასოთხმოცი მთელი და 69 მეასედი) ლარს, ხოლო 2016 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე, 88726.62 (ოთხმოცდარვაათასშვიდასოცდაექვსი მთელი და 62 მეასედი) ლარს. მთლიანად 2009 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდზე შესამცირებელი საურავი შეადგენს 200507.31 (ორასიათასხუთასშვიდი მთელი და 31 მეასედი) ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „თ-------------------------------“ 2018 წლის 5 სექტმებრის დასკვნა (ს.ფ.380-392).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 24 აპრილის მდგომარეობით მოსარჩელის საგადასახადო დავალიანებას გგპაბ-ზე წარმოადგენდა სულ 600028.50 ლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა 347367.11 ლარი, საიდანაც 8207.24 ლარს არ ერიცხება საურავი; ჯარიმა 11,397.83 ლარი და საურავი 241263.56 ლარი. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გადასახადის გადამხდელი სადავოდ ხდის საურავის თანხის ოდენობას იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს მის მიმართ გააჩნია ფულადი დავალიანება 75327.72 აშშ დოლარის ოდენობით.
საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, სს „ს----–----------------“ ბლოკირებულ სავალუტო ანგარიშზე რიცხული 75327.72 აშშ დოლარი აღიარებულია სახელმწიფოს შიდა სავალო ვალდებულებად. ამასთან, ქ.თბილისის ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის პირველი დეკემბრის განჩინებაში, რომლითაც განიმარტა ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება (რომელიც შესულია კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესის სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით), აღნიშნულია, რომ სს „ს----–--------------ას“ საგადასახადო ორგანოს მიმართ გააჩნდა საგადასახადო დავალიანება - ძირითადი თანხა 85489.41 ლარი და საურავი 42269.21 ლარი, მაგრამ ვინაიდან სს „ს----–--------------ას“ გაერთიანებულ ქართულ ბანკში სავალუტო ანგარიშზე ერიცხებოდა 75327 აშშ დოლარი - დავალიანების ოდენობაზე მეტი, რომელიც ბლოკირებულია, შესაბამისად ქ.თბილისის ისანი - სამგორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო დავალიანება ვერ გადაიხადა სწორედ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების გამო და შესაბამისად, მას არ უნდა დაეკისროს ძირითად თანხაზე დარიცხული საურავის გადახდა.
საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დადსტურებულად მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული დავალიანების 75327 აშშ დოლარის შესაბამის საგადასახადო დავალიანებაზე განხორციელებულია საურავის შემცირება, კერძოდ - 10.03.2003 წელს (სავადო თარიღები: 01.01.2003 წლის და 01.02.2003 წლის) შემცირებულია საურავი 142053.57 ლარით. 2009 წლის 6 იანვარს განხორციელდა საურავის შემცირება პროგრამულად, დავალიანების თანხით 128251,85 ლარის, საურავის არ დარიცხვის რეჟიმში გადაყვანის შედეგად თანხით სულ 165182,27 ლარი (სავადო თარიღი: 01.01.2003 წელი), 2011 წლის 7 სექტემბერს ასევე განხორციელებულია გადასახადების მიხედვით დარიცხული საურავების შემცირება სულ 39900 ლარის ოდენობით. სოციალური გადასახადის პ/ბარათზე 2011 წლის 7 სექტემბერს შემცირებულია ძირითადი დავალიანება თანხით 4567.20 ლარი (სავადო თარიღი 1: 2004 წლის პირველი იანვარი), შესაბამისად, შემცირებულია მასზე დარიცხული საურავი.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სს „ს----–--------------ამ“ 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადებით მოითხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს საურავების გადაანგარიშება და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) 2009 წლის იმ თარიღიდან, რომელ თარიღამდეცაა განხორციელებული შესაბამისი კორექტირება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №21-11/926 გადაწყვეტილებით კი, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა საურავის გადაანგარიშებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხეთა არგუმენტაცია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილი და მოსარჩელის მიმართ საურავის დაკისრება უნდა მოხდეს იმ თანხების ფარგლებში, რაც აღემატება 75327 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, აღნიშნული თანხის შიდა ვალად აღიარების მომენტისათვის არსებული კურსით.
სასამართლომ ყუარღება გაამახვილა სქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილზე და განმარტა, რომ აღნიშნული დანაწესით რეგულირდება საგადასახადო ვალდებულების დადგენის ის შემთხვევა, როდესაც ოპერაცია განხორციელებულია უცხოური ვალუტით. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სს „ს----–-------------ის“ მიერ ისეთი დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებას, რომელიც დაბეგვრის მიზნებისათვის უნდა დაანგარიშდეს ოპერაციის განხორციელების დღისათვის მოქმედი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა შემდეგი: სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს სს „ს----–----------------“ საგადასახადო დავალიანებასა და სახელმწიფოს მიერ სს „ს----–----------------“ სასარგებლოდ შიდა ვალად აღიარებულ 75327.72 აშშ დოლარის ურთიერთმიმართებას. განსახილველ შემთხვევაში სს „ს----–--------------ა“ და სახელმწიფო წარმოადგენენ როგორც კრედიტორებს ერთმანეთის მიმართ, ასევე მოვალეებსაც. ერთი მხრივ, სს „ს----–--------------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია საგადასახადო დავალიანება, თუმცა იგი, ასევე, არის კრედიტორი, რომლის წინაშეც სახელმწიფოს აქვს ფულადი ვალდებულება აღებული.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოში ერთადერთი საგადამხდელო საშუალებაა ეროვნული ვალუტა - ლარი. საზღვარგარეთის ქვეყნების ფულადი ნიშნები (დოლარი, ევრო, ფრანკი და ა. შ.) არ ასრულებს საქართველოში მიმოქცევის საყოველთაო საშუალების ფუნქციას და არ წარმოადგენს საგადამხდელო საშუალებას, თუმცა კი, როგორც საჯარო, ისე კერძო სამართალი მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, ფულადი ვალდებულება დაადგინოს უცხოურ ვალუტაშიც. ასეთ შემთხვევაში, უცხოური ვალუტა იქნება ვალის ვალუტა, ხოლო ლარი კი იქნება გადახდის ვალუტა.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის წარმოამდგენლის არგუმენტაციას და მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო სს „ს----–----------------ათვის“ საურავის გადაანგარიშებისას გაეთვალისწინებინა საწარმოს წინაშე სახელმწიფოს მიერ უცხოურ ვალუტაში აღებული ფულადი ვალდებულების გაცვლითი კურსის შესაბამისობა ეროვნულ ვალუტასთან იმ დღეების მონაცემებით, რომელ დღეებზეც ხდებოდა საურავის გამოანგარიშება.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 222 მუხლზე და აღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აღნიშნა, რომ საგადასახადო ორგანოს საურავის გამოანგარიშებისას მხედველობაში უნდა მიეღო, ასევე, მოსარჩელის მიერ დავალიანების თანხების პერიოდული დაფარვა და შემდგომ ისევ წარმოქმნის ფაქტი.
სასამართლო მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი, ასევე 96-ე მუხლის პირველი ნაწილი და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (საქმეზე №ბს-246-243(კ-14)) აპელირებით განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა - კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. სს „ს----–--------------ას“ სააპელაციო საჩივარი:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობდა შპს „თ-------------------------------“ 2018 წლის 5 სექტემბრის დასკვნა, რომლითაც დაანგარიშებული იყო საგადასახადო ორგანოში გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული თანხებიდან შესამცირებელი თანხის ოდენობა (200507,31), მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეეძლო არ გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება და მიეღო გადაწყვეტილება სს „ს----–--------------ას“ პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული თანხის 200507,31 ლარით შემცირების თაობაზე.
3.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 6 იანვრის N21-11/926 წერილით გადამხდელს ეცნობა, რომ გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესს განსაზღვრავს „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის N°13446 ბრძანება, რომლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე აღირიცხება დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები/სანქციები, რომელიც არ არის აღიარებული.
წარმომადგენლის განმარტებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის კომპიუტერული ბაზისა და სს „ს----–----------------“ პირადი აღრიცხვის ბარათების მონაცემებით, დარიცხული საურავის შემცირება განხორციელებულია 2009 და 2011 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განჩინების საფუძველზე. ამასთან, გადახდილი თანხებით პერიოდულად ნაწილობრივ დაფარულია საურავის არდარიცხვის რეჟიმში გადაყვანილი დავალიანების ნაწილი. აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 8 იანვარს გამოცემულია N1-- ბრძანება, რომლითაც სს „ს----–----------------“ (ს/ნ 2--------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მომსახურების დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის პაბ-ზე დარიცხული/შემცირებული საურავების თანხების გაშიფვრა და ბარათებიდან დეტალური ამონაწერის გაცემა. წარმომადგენელი მიუთითებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოწოდებული იქნა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2014 წლის 24 იანვრის N2--------- წერილით.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აქტი გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, ხოლო 2017 წლის 5 მაისის N1--------- გადაწყვეტილებითაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მითითებულია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა სასამართლოში.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის იმ განმარტებაზე, რომ მისი მხრიდან საურავების შემცირების მოთხოვნა, 75327,72 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ფარგლებში, მართლზომიერია, რამდენადაც კომპანიის მიმართ თვით ბიუჯეტს აქვს დავალიანება (75327,72 აშშ დოლარი) და აღნიშნულზე არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კურსის ცვლილების პარალელურად უნდა შეიცვალოს ლარში იმ თანხის ოდენობაც, რომლის დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ უნდა იქნეს დარიცხული საურავი. ასევე ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის იმ მსჯელობაზე, რომ 2011 წელს განხორციელებული საურავის გადაანგარიშებისას თანხა, რომელსაც არ უნდა დაერიცხოს საურავი, განსაზღვრულია არასწორად. თვით გადაანგარიშება განხორციელდა არასწორი პრინციპით, კერძოდ, გადამხდელის ბარათზე დავალიანების თანხა (ერთ, საწყის პერიოდში) ძირითადი გრაფიდან გადატანილ იქნა დავალიანების იმ გრაფაში, რომელსაც არ ერიცხება საურავი და პროგრამულად ავტომატურად იქნა გადათვლილი საურავების თანხა. აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას გამორჩენილია ის გარემოება, რომ გადამხდელის მიერ დავალიანების თანხები პერიოდულად დაიფარა და შემდგომ ისევ წარმოიქმნა. დავალიანების დაფარვისას დაიფარა „დავალიანება, რომელსაც არ ერიცხება საურავი“, ხოლო ხელახლა წარმოიქნა დავალიანება ძირითად ნაწილში, რომელიც არ აღემატებოდა 75327,72 აშშ დოლარს შესაბამის ლარში (გაანგარიშებული კურსითაც), მაგრამ ისევ დაერიცხა საურავი. სწორედ ამ უზუსტობის აღმოფხვრის მიზნით იქნა შეთავაზებული წარდგენილ განცხადებაში საურავების გადათვლის ვერსია. გადათვლა შესაძლოა განხორციელდეს ტექნიკურად გამართული და მოსახერხებელი ნებისმიერი ხერხით, მაგრამ ობიექტური გადათვლისათვის უდავოა, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნული გარემოებები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სს „ს----–----------------“ 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადებით მოთხოვნილი იყო როგორც 2011 წელს განხორციელებული საურავების გადაანგარიშების გადახედვა - შესწორება, ასევე მის შემდგომ პერიოდში დარიცხული საურავების გადაანგარიშებაც. აპელანტი არ ეთანხმება გადამხდელის იმ მოსაზრებას, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არაა არგუმენტირებული, თუ რატომ არის უარი ნათქვამი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დარიცხული საურავების შემცირებასთან დაკავშირებით 2011 წლის შემდგომ პერიოდზეც, რაც აპელანტის განმარტებით ასევე გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლომ
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელის გამო, სს „ს----–----------------“ მიმართ დავალიანების გადახდის დაკისრების შესახებ N2/1032-99 საქმეზე, ქ. თბილისის ისანი სამგორის რაიონული სასამართლოს 24.11.1999 წლის გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ 1999 წლის 1 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 127740 ლარი, რომელსაც არ იხდის მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა. ითხოვს მისთვის აღნიშნული თანხის გადახდის დაკისრებას და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მის ქონებაზე ყადაღის დადებას. მოპასუხე ცნობს სარჩელს ნაწილობრივ და შესაგებელში აღნიშნავს შემდეგს: ძირითადი დავალიანება შეადგენდა 85489,41 ლარს, რომელსაც შემდეგ დაერიცხა საურავის სახით 42269,21 ლარი. ძირითადი დავალიანების გადაუხდელობის მიზეზი ისაა, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო ანგარიშზე არსებული თანხის (75327 აშშ დოლარი) განკარგვა ანგარიშის ბლოკირების გამო, რომელიც გაერთიანებულ ქართულ ბანკში Nო6------- სავალუტო ანგარიშზე ერიცხებოდა და დღესაც ერიცხება. ე.ი. იმაზე მეტი, ვიდრე ძირითადი დავალიანებაა. სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად კი აღნიშნული თანხა აღიარებულია სახელმწიფოს შიდა ვალში და მისი გაცემა შეჩერდა გაურკვეველი ვადით. ამდენად, მოპასუხე ძირითად თანხაზე საურავის დარიცხვას ამ შემთხვევაში მიიჩნევს გაუმართლებლად, ვინაიდან ძირითადი დავალიანების გადაუხდელობა გამოწვეულია სწორედ სახელმწიფოს მიერ გატარებული ზემოთ აღწერილი ღონისძიებების შედეგად. სასამართლოს მთავარ სხდომაზე საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა ნ. ქ---------ემ მისაღებად მიიჩნია მოპასუხის არგუმენტი და სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 85489,41 ლარამდე, ე. ი. ძირითად დავალიანებამდე. ამასთან, იმის გამო, რომ მოპასუხე სარჩელს ცნობდა და მომავალში ნებაყოფლობით აპირებდა დავალიანების დაფარვას, საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა უარი განაცხადა გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნაზე. წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად, სარჩელი დაკმაყოფილდა - სს „ს----–--------------ას“ ისნის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა 85489,41 ლარის გადახდა.
აპელანტი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე ქ. თბილისის ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 დეკემბრის განჩინების თანახმად, ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს N2/1032-99 გადაწყვეტილებით მოპასუხე სს „ს----–----------------“ არსებულ ძირითად დავალიანებაზე საურავის გადახდა არ დაეკისრა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ დავალიანების დროულად გადახდა ვერ შეძლო სახელმწიფოს მიერ მის ანგარიშზე არსებული შედარებით მეტი თანხის შიდა ვალში აღების გამო. N2/1032-99 საქმეზე ქ. თბილისის ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ 2017 წლის 21 აპრილის N648370-03 სამსახურებრივი ბარათით შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს ეთხოვა წარმოედგინა დასკვნა გადამხდელის არგუმენტებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით წარდგენილი 2017 წლის 26 აპრილის N5---------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ქ. თბილისის ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით. წარმომადგენელმა სს „ს----–----------------“ (ს/ნ 2--------) პირადი აღრიცხვის ბარათების შესწავლით დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული დავალიანების 75327 აშშ დოლარის შესაბამის საგადასახადო დავალიანებაზე განხორციელებულია საურავის შემცირება: 1. 10.03.2003 წელს 01.01.2003 წლის და 01.02.2003 წლის სავადო თარიღით, თანხით - 142053.57 ლარი. საფუძველი - 06.03.2003 წლის N1576 დასკვნა საარქივო სამმართველოში არ მოიძებნა (ს/ნ 2----------); 2. 2009 წლის 6 იანვარს განხორციელდა საურავის შემცირება პროგრამულად, დავალიანების თანხის 128251,85 ლარის საურავის არ დარიცხვის რეჟიმში გადაყვანის შედეგად, თანხით სულ 165182,27 ლარი, სავადო თარიღი 01.01.2003 წელი; საფუძველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განჩინება. 3. 2011 წლის 7 სექტემბერს ასევე განხორციელებულია გადასახადების მიხედვით დარიცხული საურავების შემცირება სულ 39900 ლარის ოდენობით. საფუძველი: შემოსავლების სამსახურის 16.08.11წლის N6--- ბრძანება. 4. სოციალური გადასახადის პ/ბარათზე 07.09.2011 წელს შემცირებულია ძირითადი დავალიანება თანხით 4567.20 ლარი, სავადო თარიღი 01.01.2004 წელი, შესაბამისად, შემცირებულია მასზე დარიცხული საურავი. საფუძველი: შემოსავლების სამსახურის 16.08.11 წლის N6--- ბრძანება.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სს „ს----–--------------ა“ (ს/ნ 2--------) დღემდე აწარმოებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას და დეკლარირებას, გადახდილი თანხებით პერიოდულად ნაწილობრივ დაფარულია საურავის არდარიცხვის რეჟიმში გადაყვანილი დავალიანების ნაწილი. 24.04.2017 წლის მდგომარეობით, საურავის არდარიცხვის რეჟიმში დარჩენილია ძირითადი დავალიანება 8,207.24 ლ, რასაც არ ერიცხება საურავი. მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ განხორციელებულია გადახდები, რომლითაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით განხორციელდა აღიარებული გადასახადის თანხის დაფარვა და შესაბამისად, შემცირებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულად ცნობილი საგადასახადო დავალიანების თანხა. შესაბამისად, საურავი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით არ ერიცხება გადაწყვეტილებაში მითითებულ ოდენობასა და გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებს შორის არსებულ სხვაობის თანხაზე. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ დარიცხული საურავის გადაანგარიშების მოთხოვნაზე უარი მართლზომიერია და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 6 იანვრის N21-11/926 წერილით გადამხდელს ეცნობა, რომ გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესს განსაზღვრავს „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის N°13446 ბრძანება, რომლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე აღირიცხება დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები/სანქციები, რომელიც არ არის აღიარებული.
წარმომადგენლის განმარტებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის კომპიუტერული ბაზისა და სს „ს----–----------------“ პირადი აღრიცხვის ბარათების მონაცემებით, დარიცხული საურავის შემცირება განხორციელებულია 2009 და 2011 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განჩინების საფუძველზე. ამასთან, გადახდილი თანხებით პერიოდულად ნაწილობრივ დაფარულია საურავის არდარიცხვის რეჟიმში გადაყვანილი დავალიანების ნაწილი. აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 8 იანვარს გამოცემულია N1-- ბრძანება, რომლითაც სს „ს----–----------------“ (ს/ნ 2--------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მომსახურების დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის პაბ-ზე დარიცხული/შემცირებული საურავების თანხების გაშიფვრა და ბარათებიდან დეტალური ამონაწერის გაცემა. წარმომადგენელი მიუთითებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოწოდებული იქნა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2014 წლის 24 იანვრის N2--------- წერილით.
აპრლანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აქტი გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, ხოლო 2017 წლის 5 მაისის N1--------- გადაწყვეტილებითაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მითითებულია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა სასამართლოში.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის იმ განმარტებაზე, რომ მისი მხრიდან საურავების შემცირების მოთხოვნა, 75327,72 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ფარგლებში, მართლზომიერია, რამდენადაც კომპანიის მიმართ თვით ბიუჯეტს აქვს დავალიანება (75327,72 აშშ დოლარი) და აღნიშნულზე არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კურსის ცვლილების პარალელურად უნდა შეიცვალოს ლარში იმ თანხის ოდენობაც, რომლის დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ უნდა იქნეს დარიცხული საურავი. ასევე ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის იმ მსჯელობაზე, რომ 2011 წელს განხორციელებული საურავის გადაანგარიშებისას თანხა, რომელსაც არ უნდა დაერიცხოს საურავი, განსაზღვრულია არასწორად. თვით გადაანგარიშება განხორციელდა არასწორი პრინციპით, კერძოდ, გადამხდელის ბარათზე დავალიანების თანხა (ერთ, საწყის პერიოდში) ძირითადი გრაფიდან გადატანილ იქნა დავალიანების იმ გრაფაში, რომელსაც არ ერიცხება საურავი და პროგრამულად ავტომატურად იქნა გადათვლილი საურავების თანხა. აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას გამორჩენილია ის გარემოება, რომ გადამხდელის მიერ დავალიანების თანხები პერიოდულად დაიფარა და შემდგომ ისევ წარმოიქმნა. დავალიანების დაფარვისას დაიფარა „დავალიანება, რომელსაც არ ერიცხება საურავი“, ხოლო ხელახლა წარმოიქნა დავალიანება ძირითად ნაწილში, რომელიც არ აღემატებოდა 75327,72 აშშ დოლარს შესაბამის ლარში (გაანგარიშებული კურსითაც), მაგრამ ისევ დაერიცხა საურავი. სწორედ ამ უზუსტობის აღმოფხვრის მიზნით იქნა შეთავაზებული წარდგენილ განცხადებაში საურავების გადათვლის ვერსია. გადათვლა შესაძლოა განხორციელდეს ტექნიკურად გამართული და მოსახერხებელი ნებისმიერი ხერხით, მაგრამ ობიექტური გადათვლისათვის უდავოა, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნული გარემოებები.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სს „ს----–----------------“ 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადებით მოთხოვნილი იყო როგორც 2011 წელს განხორციელებული საურავების გადაანგარიშების გადახედვა - შესწორება, ასევე მის შემდგომ პერიოდში დარიცხული საურავების გადაანგარიშებაც. აპელანტი არ ეთანხმება გადამხდელის იმ მოსაზრებას, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არაა არგუმენტირებული, თუ რატომ არის უარი ნათქვამი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დარიცხული საურავების შემცირებასთან დაკავშირებით 2011 წლის შემდგომ პერიოდზეც, რაც აპელანტის განმარტებით ასევე გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლომ.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელის გამო, სს „ს----–----------------“ მიმართ დავალიანების გადახდის დაკისრების შესახებ N2/1032-99 საქმეზე, ქ. თბილისის ისანი სამგორის რაიონული სასამართლოს 24.11.1999 წლის გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ 1999 წლის 1 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 127740 ლარი, რომელსაც არ იხდის მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა. ითხოვს მისთვის აღნიშნული თანხის გადახდის დაკისრებას და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მის ქონებაზე ყადაღის დადებას. მოპასუხე ცნობს სარჩელს ნაწილობრივ და შესაგებელში აღნიშნავს შემდეგს: ძირითადი დავალიანება შეადგენდა 85489,41 ლარს, რომელსაც შემდეგ დაერიცხა საურავის სახით 42269,21 ლარი. ძირითადი დავალიანების გადაუხდელობის მიზეზი ისაა, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო ანგარიშზე არსებული თანხის (75327 აშშ დოლარი) განკარგვა ანგარიშის ბლოკირების გამო, რომელიც გაერთიანებულ ქართულ ბანკში Nო6------- სავალუტო ანგარიშზე ერიცხებოდა და დღესაც ერიცხება. ე.ი. იმაზე მეტი, ვიდრე ძირითადი დავალიანებაა. სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად კი აღნიშნული თანხა აღიარებულია სახელმწიფოს შიდა ვალში და მისი გაცემა შეჩერდა გაურკვეველი ვადით. ამდენად, მოპასუხე ძირითად თანხაზე საურავის დარიცხვას ამ შემთხვევაში მიიჩნევს გაუმართლებლად, ვინაიდან ძირითადი დავალიანების გადაუხდელობა გამოწვეულია სწორედ სახელმწიფოს მიერ გატარებული ზემოთ აღწერილი ღონისძიებების შედეგად. სასამართლოს მთავარ სხდომაზე საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა ნ. ქ---------ემ მისაღებად მიიჩნია მოპასუხის არგუმენტი და სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 85489,41 ლარამდე, ე. ი. ძირითად დავალიანებამდე. ამასთან, იმის გამო, რომ მოპასუხე სარჩელს ცნობდა და მომავალში ნებაყოფლობით აპირებდა დავალიანების დაფარვას, საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა უარი განაცხადა გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნაზე. წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად, სარჩელი დაკმაყოფილდა - სს „ს----–--------------ას“ ისნის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა 85489,41 ლარის გადახდა.
აპელანტი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე ქ. თბილისის ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 დეკემბრის განჩინების თანახმად, ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს N2/1032-99 გადაწყვეტილებით მოპასუხე სს „ს----–----------------“ არსებულ ძირითად დავალიანებაზე საურავის გადახდა არ დაეკისრა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ დავალიანების დროულად გადახდა ვერ შეძლო სახელმწიფოს მიერ მის ანგარიშზე არსებული შედარებით მეტი თანხის შიდა ვალში აღების გამო. N2/1032-99 საქმეზე ქ. თბილისის ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის იმ განმარტებაზე, რომ კომპანიის მიმართ ბიუჯეტს აქვს დავალიანება 75327,72 აშშ დოლარი და აღნიშნულზე არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებს. კურსის ცვლილების პარალელურად უნდა შეიცვალოს ლარში იმ თანხის ოდენობაც, რომლის დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ უნდა იქნეს დარიცხული საურავი. გადაანგარიშება განხორციელდა არასწორი პრინციპით. გადამხდელის ბარათზე დავალიანების თანხა ძირითადი გრაფიდან გადატანილი იქნა დავალიანების იმ გრაფაში, რომესაც არ ერიცხება საურავი და პროგრამულად ავტომატურად იქნა გადათვლილი საურავის თანხა. აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას გამორჩენილია ის გარემოება, რომ გადამხდელის მიერ დავალიანების თანხები პერიოდულად დაიფარა და შემდგომ ისევ წარმოიქმნა. დავალიანების დაფარვისას დაიფარა „დავალიანება რომელსაც არ ერიცხება საურავი“, ხოლო ხელახლა წარმოიქმნა დავალიანება ძირითად ნაწილში, რომელიც არ აღემატებოდა 75327,72 აშშ დოლარის შესაბამის ლარს (გაანგარიშებული კურსიტაც), მაგრამ ისევ ადერიცხა საურავი.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ 2017 წლის 21 აპრილის N648370-03 სამსახურებრივი ბარათით შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს ეთხოვა წარმოედგინა დასკვნა გადამხდელის არგუმენტებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით წარდგენილი 2017 წლის 26 აპრილის N5---------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ქ. თბილისის ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით. წარმომადგენელმა სს „ს----–----------------“ (ს/ნ 2--------) პირადი აღრიცხვის ბარათების შესწავლით დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული დავალიანების 75327 აშშ დოლარის შესაბამის საგადასახადო დავალიანებაზე განხორციელებულია საურავის შემცირება: 1. 10.03.2003 წელს 01.01.2003 წლის და 01.02.2003 წლის სავადო თარიღით, თანხით - 142053.57 ლარი. საფუძველი - 06.03.2003 წლის N1576 დასკვნა საარქივო სამმართველოში არ მოიძებნა (ს/ნ 2----------); 2. 2009 წლის 6 იანვარს განხორციელდა საურავის შემცირება პროგრამულად, დავალიანების თანხის 128251,85 ლარის საურავის არ დარიცხვის რეჟიმში გადაყვანის შედეგად, თანხით სულ 165182,27 ლარი, სავადო თარიღი 01.01.2003 წელი; საფუძველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განჩინება. 3. 2011 წლის 7 სექტემბერს ასევე განხორციელებულია გადასახადების მიხედვით დარიცხული საურავების შემცირება სულ 39900 ლარის ოდენობით. საფუძველი: შემოსავლების სამსახურის 16.08.11წლის N6--- ბრძანება. 4. სოციალური გადასახადის პ/ბარათზე 07.09.2011 წელს შემცირებულია ძირითადი დავალიანება თანხით 4567.20 ლარი, სავადო თარიღი 01.01.2004 წელი, შესაბამისად, შემცირებულია მასზე დარიცხული საურავი. საფუძველი: შემოსავლების სამსახურის 16.08.11 წლის N6--- ბრძანება.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სს „ს----–--------------ა“ (ს/ნ 2--------) დღემდე აწარმოებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას და დეკლარირებას, გადახდილი თანხებით პერიოდულად ნაწილობრივ დაფარულია საურავის არდარიცხვის რეჟიმში გადაყვანილი დავალიანების ნაწილი. 24.04.2017 წლის მდგომარეობით, საურავის არდარიცხვის რეჟიმში დარჩენილია ძირითადი დავალიანება 8,207.24 ლ, რასაც არ ერიცხება საურავი. მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ განხორციელებულია გადახდები, რომლითაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით განხორციელდა აღიარებული გადასახადის თანხის დაფარვა და შესაბამისად, შემცირებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულად ცნობილი საგადასახადო დავალიანების თანხა. შესაბამისად, საურავი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით არ ერიცხება გადაწყვეტილებაში მითითებულ ოდენობასა და გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებს შორის არსებულ სხვაობის თანხაზე. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ დარიცხული საურავის გადაანგარიშების მოთხოვნაზე უარი მართლზომიერია და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლი ლებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
პირველყოვლისა პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა როგორც სს „ს----–--------------ას“ მიერ, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. შესაბამისად, პალატა მსჯელობს სასარჩელო მოთხოვნებზე სრულად. აქვე პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის დავის საგანს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა საურავის თანხის ოდენობა იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს მის მიმართ გააჩნია ფულადი დავალიანება 75327.72 აშშ დოლარის ოდენობით.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
პალატა სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია - შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ - გამოიყენონ სანქცია იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელმაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახო კოდექსის 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. მითითებული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად კი, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 24 აპრილის მდგომარეობით სს „ს----–--------------ას“ საგადასახადო დავალიანებას გგპაბ-ზე წარმოადგენდა სულ 600028.50 ლარს, მათ შორის, ძირითადი თანხა 347367.11 ლარი, საიდანაც 8207.24 ლარს არ ერიცხება საურავი; ჯარიმა 11,397.83 ლარი და საურავი 241263.56 ლარი.
დავის საგნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, სს „ს----–----------------“ ბლოკირებულ სავალუტო ანგარიშზე რიცხული 75327.72 აშშ დოლარი აღიარებულია სახელმწიფოს შიდა სავალო ვალდებულებად. ამასთან, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის პირველი დეკემბრის განჩინებაში, რომლითაც განიმარტა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება (რომელიც შესულია კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესის სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით), აღნიშნულია, რომ სს „ს----–--------------ას“ საგადასახადო ორგანოს მიმართ გააჩნდა საგადასახადო დავალიანება - ძირითადი თანხა 85489.41 ლარი და საურავი 42269.21 ლარი, მაგრამ ვინაიდან სს „ს----–--------------ას“ გაერთიანებულ ქართულ ბანკში სავალუტო ანგარიშზე ერიცხებოდა 75327 აშშ დოლარი - დავალიანების ოდენობაზე მეტი, რომელიც ბლოკირებულია, შესაბამისად ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო დავალიანება ვერ გადაიხადა სწორედ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების გამო და შესაბამისად, მას არ უნდა დაეკისროს ძირითად თანხაზე დარიცხული საურავის გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული დავალიანების 75327 აშშ დოლარის შესაბამის საგადასახადო დავალიანებაზე სხვადასხვა დროს არაერთჯერადად განხორციელებულია საურავის შემცირება, კერძოდ - 10.03.2003 წელს (თარიღები: 01.01.2003 წლის და 01.02.2003 წლის) შემცირებულია საურავი 142053.57 ლარით. 2009 წლის 6 იანვარს განხორციელდა საურავის შემცირება პროგრამულად, დავალიანების თანხით 128251,85 ლარის, საურავის არ დარიცხვის რეჟიმში გადაყვანის შედეგად თანხით სულ 165182,27 ლარი (სავადო თარიღი: 01.01.2003 წელი), 2011 წლის 7 სექტემბერს ასევე განხორციელებულია გადასახადების მიხედვით დარიცხული საურავების შემცირება სულ 39900 ლარის ოდენობით. სოციალური გადასახადის პ/ბარათზე 2011 წლის 7 სექტემბერს შემცირებულია ძირითადი დავალიანება თანხით 4567.20 ლარი (სავადო თარიღი1: 2004 წლის პირველი იანვარი), შესაბამისად, შემცირებულია მასზე დარიცხული საურავი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ სს „ს----–--------------ამ“ 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადებით მოითხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს საურავების შემდგომი გადაანგარიშება და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) 2009 წლის იმ თარიღიდან, რომელ თარიღამდეცაა განხორციელებული შესაბამისი კორექტირება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №21-11/926 გადაწყვეტილებით კი, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა საურავის გადაანგარიშებაზე.
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს საქმის განმხილველი სასამართლოს მოსაზრებას იმ ნაწილში, რომ სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს სს „ს----–----------------“ საგადასახადო დავალიანებასა და სახელმწიფოს მიერ სს „ს----–----------------“ სასარგებლოდ შიდა ვალად აღიარებულ 75327.72 აშშ დოლარის ურთიერთმიმართებას. განსახილველ შემთხვევაში სს „ს----–--------------ა“ და სახელმწიფო წარმოადგენენ როგორც კრედიტორებს ერთმანეთის მიმართ, ასევე მოვალეებსაც. ერთი მხრივ, სს „ს----–--------------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია საგადასახადო დავალიანება, თუმცა იგი, ასევე, არის კრედიტორი, რომლის წინაშეც სახელმწიფოს აქვს ფულადი ვალდებულება აღებული.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოში ერთადერთი საგადამხდელო საშუალებაა ეროვნული ვალუტა - ლარი. საზღვარგარეთის ქვეყნების ფულადი ნიშნები (დოლარი, ევრო, ფრანკი და ა. შ.) არ ასრულებს საქართველოში მიმოქცევის საყოველთაო საშუალების ფუნქციას და არ წარმოადგენს საგადამხდელო საშუალებას, თუმცა კი, როგორც საჯარო, ისე კერძო სამართალი მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, ფულადი ვალდებულება დაადგინოს უცხოურ ვალუტაშიც. ასეთ შემთხვევაში, უცხოური ვალუტა იქნება ვალის ვალუტა, ხოლო ლარი კი იქნება გადახდის ვალუტა.
პალატა ასევე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება დაიფარება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) გადასახადის თანხა; ბ) ჯარიმა; გ) საურავი. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული თანამიმდევრობის გათვალისწინებით აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბრძანებით.
რაც შეეხება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 222 მუხლზე, აღნიშნულით დადგენილია, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა ხორციელდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) გადასახადის თანხა; ბ) ჯარიმა; გ) საურავი. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანმიმდევრობის მიხედვით აღიარებული საგადასახადო დავალიანება იფარება საგადასახადო დავალიანების წარმოშობის თარიღის რიგითობის გათვალისწინებით.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის მსგავსად პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს საურავის გამოანგარიშებისას მხედველობაში უნდა მიეღო, ასევე, „ს----–----------------“ მიერ დავალიანების თანხების პერიოდული დაფარვა და შემდგომ ისევ წარმოქმნის ფაქტი.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა - კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).
პალატა კიდევ ერთხელა ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილებული იქნა სს „ს----–--------------ას“ მოთხოვნა იმ მოტივით, რომ სს „ს----–----------------“ მიმართ ბიუჯეტს აქვს დავალიანება (75347 აშშ დოლარი) და ამ ოდენობის შესაბამისი ლარის ფარგლებში დავალიანების არსებობისას საურავების დარიცხვა არ განორციელდეს. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების - ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლების არგუმენტებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დარღვეულია აღნიშნული ნორმები. არც საგდასახადო ორგანოს და არც დავების განმხილველი ორგანოებს არ გამოუყენებიათ კანონით მათთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაედგინათ და შეესწავლათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რადგან მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტების-სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარების ძირითად არგუმენტაციაზე, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ სს „ს----–--------------ა“ (ს/ნ 2--------) დღემდე აწარმოებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას და დეკლარირებას, გადახდილი თანხებით პერიოდულად ნაწილობრივ დაფარულია საურავის არდარიცხვის რეჟიმში გადაყვანილი დავალიანების ნაწილი. 24.04.2017 წლის მდგომარეობით, საურავის არდარიცხვის რეჟიმში დარჩენილია ძირითადი დავალიანება 8,207.24 ლარი, რასაც არ ერიცხება საურავი. აპელანტები ასევე განმარტავენ რომ, გადამხდელის მიერ განხორციელებულია გადახდები, რომლითაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით განხორციელდა აღიარებული გადასახადის თანხის დაფარვა და შესაბამისად, შემცირებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულად ცნობილი საგადასახადო დავალიანების თანხა. შესაბამისად, საურავი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით არ ერიცხება გადაწყვეტილებაში მითითებულ ოდენობასა და გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებს შორის არსებულ სხვაობის თანხაზე. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, აპელანტები მიიჩნევენ, რომ დარიცხული საურავის გადაანგარიშების მოთხოვნაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მართლზომიერია და არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო საჩივრის განხილვისას, როგორც აპელანტებმა განმარტეს, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ გადამხდელის მიერ დავალიანების თანხები პერიოდულად დაიფარა და შემდგომ ისევ წარმოიქმნა, დავალიანების დაფარვისას დაიფარა „დავალიანება, რომელსაც არ ერიცხება საურავი“, ხოლო ხელახლა წარმოიქნა დავალიანება ძირითად ნაწილში, რომელიც არ აღემატებოდა 75327,72 აშშ დოლარს შესაბამის ლარში (გაანგარიშებული კურსითაც), მაგრამ მას ისევ დაერიცხა საურავი.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება აპელანტების-სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარების აღნიშნულ არგუმენტაციას და ამის საპირწონედ მიუთითებს თავად შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 16 აგვისტოს #6--- ბრძანების ძირითად არგუმენტაციას, სს „ს----–--------------ას“ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დასკვნის თანახმად, „რადგანაც საქართველოს უზენაესის სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით და ქ.თბილისის ისანი - სამგორის რაიონული სასამართლოს 24.11 199 წლის გადაწყვეტილებით დაკამაყოფილებულ იქნა, სს „ს----–--------------ას“ მოთხოვნა იმ მოტივით, რომ სს „ს----–----------------“ მიმართ ბიუჯეტს აქვს დავალიანება (75327 აშშ დოლარი) და ამ ოდენობის შესაბამისი ლარის ფარგლებში დავალინების არსებობისას საურავების დარიცხვა არ განხორციელდეს, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სს „ს----–----------------“ პირადი აღრიცხვის ბარათებზე ჩამოწერილ იქნა საურავები, ხოლო 06.01. 2009 წლის (75327 აშშ დოლარის) ექვივალენტი სალდირებული დავალიანების ნაწილი (133840 ლარი) გადაყვანილ იქნა საურავის არ დარიცხვის რეჟიმში დღგ, საშემოსავლო, სოციალური და ქონების გადასახადებში, რომ პროგრამულად განხორციელებულიყო საურავის არ დარიცხვა, მაგრამ იმ შემთხვევაში როდესაც მიმდინარე გადასახადის ანგარიშში გადახდილი თანხით მოხდება დავალიანების ამ ნაწილის დაფარვა, შესაბამისად გაიზრდება სალდირებული მიმდინარე ძირითადი დავალიანება. ამდენად, მიზანშეწონილია (75327 აშშ დოლარის) ექვივალენტი დავალიანების იმ ნაწილით, რომლის დაფარვაც მოხდა სალდირებულად შემცირდეს ძირითადი დავალიანება და გაიზარდოს საურავის არ დარიცხვის რეჟიმში მოქცეული დავალიანება“. (იხილეთ ტომი პირველი, გვ.107-109).
სააპელაციო პალატა მიუთითებს რომ სწორედ აღნიშნულ არგუმენტაციაზე მითითებით იქნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სს „ს----–----------------“ საჩივარი და დაევალა მომსახურების დეპარტამენტს სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების მდგომარეობისა და განსახორციელებელი კორექტირების პირადი აღიცხვის ბარათზე ასახვის საკითხის დამატებითი შესწავლა და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თანხების შემცირების უზრუნველყოფა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
პალატა თავის მხრივ ასევე ვერ გაიზარებს აპელანტის სს „ს----–----------------“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე არგუმენტირებით, მიიჩნევს, რომ როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. ცალსახაა, რომ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სადავო აქტები და მართებულად დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება;
6. სასამართლო ხარჯები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის სს „ს----–--------------ა“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6.2. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
6.3. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს----–--------------ას“, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე : გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები : ილონა თოდუა
ნინო ყანჩაველი