განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2020
საქმის ნომერი
330210119002911079
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210119002911079

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2817-19 26 თებერვალი, 2020 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები - თამარ ალანია, ეკატერინე ყანჩელი

 

სხდომის მდივანი – მარიამ ირემაშვილი

 

აპელანტი - სსიპ „შ--------–----------------“

 

წარმომადგენელი - ს--–---- გ---–--–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი--- თ---–--ა

 

წარმომადგენელი - რ---- მ---------–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - კრედიტორისთვის ზიანის მომტანი ქმედების საფუძველზე საწარმოდან გატანილი თანხის შპს „ს------------თვის“ დაბრუნება და სამეურვეო ქონებაში შეტანა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე სსიპ „შ--------–-----------------“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ი--- თ---–--ასთვის შპს „ს------------“ სასარგებლოდ 66222,7 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ „შ--------–-----------------“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. შპს „ს-----------“ 2016 წლის 19 ივლისს დარეგისტრირდა, კომპანიის დირექტორსა და 100% წილის მფლობელს ი--- თ---–--ა წარმოადგენს (ს.ფ. 40-41).

 

6. 2018 წლის 4 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ს------------“ დირექტორმა განცხადებით მიმართა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ს------------“ საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. ორგანიზაცია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში და თანხები საბანკო ანგარიშზე არ გააჩნია. ამავდროულად, კომპანიას აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 8456 ლარის ოდენობით, რომელიც ვადამოსულია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით შპს „ს------------“ გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა. ამავე განჩინებაში მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი, იმავე მოვალის მიმართ, სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა.

 

2018 წლის 24 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ შ--------–----------------ს წარმომადგენელმა და შპს „ს------------“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შ--------–----------------ს განცხადება შპს „ს------------“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ამავე განჩინებით მეურვედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა (ს.ფ. 31-34, 42-43).

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით შპს „ს------------“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნა და ამავე განჩინებით გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა (ს.ფ. 35-39).

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით უზრუნველყოფილი კრედიტორის - სსიპ შ--------–----------------ს მოთხოვნა 9102,78 ლარის ოდენობით იქნა აღიარებული და კრედიტორთა რეესტრში მე-4 რიგის მოთხოვნად დარეგისტრირდა (ს.ფ. 35-39).

 

9. შ--------–----------------ს 2017 წლის 15 ნოემბრის №006-39195 შეტყობინებით შპს „ს------------“ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ეცნობა. შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი 2017 წლის 10 დეკემბერს გაეცნო (ს.ფ. 63, 64).

 

10. შ--------–----------------ს ადმინისტრირების დეპარტამენტის 2018 წლის 4 იანვრის ბრძანებით შპს „ს------------“ საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ქონებას ყადაღა დაედო. ბრძანებას გადასახადის გადამხდელი 2018 წლის 10 იანვარს გაეცნო (ს.ფ. 65, 66)

 

11. 2017 წლის 3 ნოემბერს შპს „ს-----------მ“ შპს „ს----–----“ ჯამში 42077,7 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა, რის შესახებაც შ--------–---------------- ინფორმაცია საგადასახადო ანგარიშფაქტურით 2017 წლის 15 დეკემბერს აცნობა (ს.ფ. 46, 47, 48).

 

12. 2017 წლის 30 სექტემბერს ი--- თ---–--ამ, შპს „ს------------“ სალაროდან, 10800 ლარი გაიტანა, მიზნობრიობას - პირადი ანგარიშიდან გაწეული ხარჯების დაფარვა, წარმადგენდა.

 

2017 წლის 31 ოქტომბერს ი--- თ---–--ამ შპს „ს------------“ სალაროდან 9905 ლარი გაიტანა, მიზნობრიობას - პირადი ანგარიშიდან გაწეული ხარჯების დაფარვა, წარმოადგენდა.

 

2017 წლის 11 ნოემბერს ი--- თ---–--ამ შპს შპს „ს------------“ სალაროდან 17983,5 ლარი გაიტანა, მიზნობრიობას - პირადი ანგარიშიდან გაწეული ხარჯების დაფარვა, წარმოადგენდა.

 

2017 წლის 25 დეკემბერს ი--- თ---–--ამ მიერ შპს „ს------------“ სალაროდან 27534,2 ლარი გაიტანა, მიზნობრიობას - პირადი ანგარიშიდან გაწეული ხარჯების დაფარვა, წარმოადგენდა (ს.ფ. 59-60).

 

13. 2016-2017 წლებში ი--- თ---–--ას შპს „ს------------“ საბანკო ანგარიშზე ჯამში 78258,88 ლარი აქვს შეტანილი (ს.ფ. 153-154).

 

14. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ი--- თ---–--ას მეირ განხორციელებული ქმედებები, კომპანიის გადახდისუუნარობის მიზნებიდან გამომდინარე, კრედიტორისათვის საზიანო იყო.

 

განსახილველი დავისთვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებისა და მართებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის უმნიშვნელოვანესია იმ ფაქტის დადგენა, თუ მხარეებს ერთმანეთთან რა სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებდათ. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს. პალატა იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტს მასზედ, რომ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მოთხოვნის საფუძვლად არაერთი ნორმაა მითითებული, თუმცა მხოლოდ აღნიშნული, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საფუძვლად ვერ დაედება, მეტიც, მოსარჩელის მიერ საკმარისი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისას, სასამართლოა ვალდებული მოიძიოს კანონის დამფუძნებელი ნორმა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.

 

პალატის აზრით, განსახილველი დავის მომწესრიგებელ ნორმას „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი წარმოადგენს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორისათვის ზიანის მომტანად ჩაითვლება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანამდე ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული შემდეგი ქმედებები: ა) მოვალის ქმედება, რომელმაც ხელი შეუშალა კრედიტორთა თანაბარზომიერ დაკმაყოფილებას და კონკრეტულ კრედიტორს უპირატესობა მიანიჭა იმავე რიგის სხვა კრედიტორებთან შედარებით; ბ) მოვალის მიერ ისეთი გარიგების დადება ან სხვა ისეთი ქმედების განხორციელება, რომელსაც შედეგად მოჰყვა სამეურვეო ქონების გაუფასურება (მათ შორის, სამეურვეო ქონების ან მისი ნაწილის გაჩუქება ანდა საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გასხვისება, ვალის პატიება და სხვა). აგრეთვე, ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქმედებებმა მოვალე გადახდისუუნარობამდე მიიყვანა, ან თუ მოვალე უკვე გადახდისუუნარო იყო და სარგებლის მიმღებმა ეს იცოდა ან უნდა სცოდნოდა. ასევე, მე-3 პუნქტის თანახმად, თუ სარგებლის მიმღები კრედიტორი ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარიგების კონტრაჰენტი არის მოვალესთან დაკავშირებული პირი ან მოვალის ნათესავი, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა 2 წელია.

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის, როგორც დამფუძნებელი ნორმის გამოსაყენებლად, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ფართოდ განმარტოს ამ ნორმის დეფინიცია და მას არა მხოლოდ ფორმალური, არამედ „ცოცხალი“ „პრაქტიკული“ ნორმის ფუნქცია შესძინოს. ამ მიმართებით პალატა განმარტავს, რომ ზიანის მიმყენებელი ქმედების განხილვის კონტექსტში „საეჭვო“ ქმედებად უნდა მივიჩნიოთ ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც აქტივების არალიკვიდურ ფასად გასხვისებას, გაჩუქებას ან ისეთი ქმედების განხორციელებას მოიცავს, რომელიც საწარმოს ფინანსური თვალსაზრისით დააზიანებს, და რომლის განხორციელების ვალდებულებას მას ან საერთოდ არ გააჩნდა ან ვადამოსული არ იყო. საეჭვოდ უნდა მივიჩნიოთ ისეთი გარემოებებიც, როდესაც განხორციელებული ქმედების კონტრაჰენტები დაახლოებულ პირებს წარმოადგენენ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებული უდავო გარემოებაა, რომ ი--- თ---–--ა შპს „ს------------“ 100-%-იანი წილის მფლობელსა და ერთპიროვნულ მმართველს წარმოადგენდა, რაც მას საწარმოსთან დაკავშირებულ პირად აქცევს, შესაბამისად, ცხადია, რომ ი--- თ---–--ას საწარმოს აქტივების განკარგვის სრული და შეუზღუდავი უფლებამოსილება გააჩნდა. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით უდავოდ დგინდება, რომ 2017 წლის 30 სექტემბერს ი--- თ---–--ამ, შპს „ს------------“ სალაროდან, 10800 ლარი, 2017 წლის 31 ოქტომბერს - 9905 ლარი, 2017 წლის 11 ნოემბერს - 17983,5 ლარი, ხოლო, 2017 წლის 25 დეკემბერს - 27534,2 ლარი გაიტანა, ყველა ტრანზაქციის მიზნობრიობას - პირადი ანგარიშიდან გაწეული ხარჯების დაფარვა, წარმოადგენდა. აღნიშნული ქმედებების განხორციელების შემდგომ, კერძოდ, 2018 წლის 04 ივნისს, შპს „ს------------“ დირექტორმა ი--- თ---–--ამ სასამართლოს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მიმართა.

 

განსახილველი დავის მიზნებისთვის სააპელაციო პალატა მხოლოდ 2017 წლის 25 დეკემბრის ტრანზაქციის მართლზომიერებას შეაფასებს (ამ მიმართებით დამატებითი მსჯელობა განვითარებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-16 პუნქტში) და განმარტავს, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს საწარმოს დირექტორმა და ერთპიროვნულმა მმართველმა ი--- თ---–--ამ, დანამდვილებით იცოდა სახელმწიფოს წინაშე არსებული გადაუხდელი და ვადამოსული დავალიანების არსებობის შესახებ, ვინაიდან მას შ--------–----------------ს 2017 წლის 15 ნოემბრის №006-39195 შეტყობინებით შპს „ს------------“ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ეცნობა. შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი 2017 წლის 10 დეკემბერს გაეცნო. შესაბამისად, ბოლო ტრანზაქციის განხორციელებისას მოპასუხედ დასახელებულმა პირმა იცოდა, რომ განკარგავდა რა საწარმოში არსებულ უკანასკნელ თანხებს, საგადასახადო ორგანოს წინაშე არსებული ვალდებულება გადაუხდელი დარჩებოდა, რაც ამ ქმედებას „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მიზნებისთვის ზიანის მომტან და შესაბამისად, შეცილებად, ქმედებად აქცევდა.

 

ამ მოვლენათა ჯაჭვის გათვალისწინებით (მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობა, მოვლენებს შორის დროის მონაკვეთი, ვალაუვალობის წარმოებასთან სიახლოვე, ქმედების განმახორციელებელ პირსა და საწარმოს შორის არსებული კავშირი) და იმ შედეგის მხედველობაში მიღებით, რაც 2018 წლის 04 ივნისს დადგა (საწარმო გადახდისუუნაროა), პალატა ადგენს, რომ ი--- თ---–--ას მიერ განხორციელებული ქმედებები „საეჭვო“ ტრანზაქციებს წარმოადგენდა, რომელთა მართლზომიერების შეცილებაც კანონით დადგენილ ორწლიან ვადაში მოხდა.

 

15. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების გამოყენებით აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და მხარის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა სასამართლოს აღნიშნული დისკრეცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მოპასუხეს არ შეეზღუდოს კონკრეტულ საკითხზე შესაგებლის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება. საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სარჩელისაგან განსხვავებული სამართლის ნორმების გამოყენება არ გულისხმობს გარიგების შეცილების საფუძვლის შეცვლას. მხარის განმარტება მასზედ, რომ მასთან გარიგება იძულების წესით დადეს, სარჩელის ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილია და არა ნორმატიული საფუძველი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია, როგორც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-9 მუხლები. მოპასუხის მიერ განხორციელებული შესაგებლის საფუძვლების გათვალისწინებით, რომელიც შეიცავს მტკიცებას მასზედ, რომ ი--- თ---–--ა კომპანიიდან თანხის გატანისას, როგორც კომპანიის კრედიტორი, ისე მოქმედებდა, სასამართლო წარმოდგენილი დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის, სწორედ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ “საქართველოს კანონის 35-ე მუხლს იყენებს დამფუძნებელ ნორმად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მტკიცებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ი--- თ---–--ა მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, იმთავითვე კომპანიის კრედიტორებისათვის ზიანის მიყენების მიზნით, რადგან იგი კომპანიის 100% - იანი დამფუძნებელი და დირექტორი იყო და მანვე იცოდა, რომ კომპანიას ვადამოსული ვალდებულება ჰქონდა და უზრუნველყოფილი კრედიტორი ჰყავდა, შესაბამისად, მისი ქმედება არამართლზომიერი და კრედიტორისათვის ზიანის მომტანი იყო, რადგან იგი კომპანიიდან თანხის გატანის გზით, შპს „ს------------“, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის სამართლებრივ ფორმას ბოროტად იყენებდა. სააპელაციო პალატა არ იქონიებს მსჯელობას მოსარჩელის მტკიცებაზე ი--- თ---–--ას, როგორც 100%-იანი პარტნიორისა და დირექტორის ქმედების მართლწინააღმდეგობის შემოწმების თვალსაზრისით და გაყვება მოპასუხის ლოგიკას მასზედ, რომ ი--- თ---–--ამ კომპანიიდან თანხა მართლზომიერად გაიტანა, რადგან იგი, როგორც კომპანიის კრედიტორი, სადავო ტრანზაქციებით კომპანიისათვის ნასესხებ თანხებს იბრუნებდა. ამ მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას და დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ ი--- თ---–--ა შპს „ს------------“ კრედიტორი იყო და მან მის მიერ კომპანიისათვის სესხად მიცემული თანხები გაიტანა, ი--- თ---–--ას ქმედება, კომპანიის გადახდიუუნარობისა და სხვა კრედიტორის არსებობის გათვალისწინებით, მართლზომიერად მაინც ვერ შეფასდება, რადგან, სამართლებრივად, მისი ქმედება ნიშნავს იმას, რომ ი--- თ---–--ამ, როგორც შპს „ს------------“ 100% იანმა დაფუძნებულმა და დირექტორმა, ამავე კომპანიის სხვა კრედიტორებთან შედარებით, რომლებიც კომპანიასთან დაკავშირებული პირები არ იყვნენ, უპირატესად დაიკმაყოფილა თავისი მოთხოვნა და მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან მალევე, (2018 წლის 04 ივნისს), სასამართლოს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მიმართა. აღნიშნული კი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ გადახდისუუნარობის საქმის გახსნამდე ი--- თ---–--ას, როგორც „დაკავშირებული პირის“ მიერ განხორციელებული ქმედებები „საეჭვო იყო“ და სადავო პერიოდში „საცილო ქმედებად“ მიიჩნეოდა. ამიტომაც, შესაგებელში მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინების პირობებშიც, ი--- თ---–--ას, როგორც კომპანიის კრედიტორს, მაინც არ ექნებოდა უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, საწარმოდან ბოლო ფინანსური სახსრების გატანის გზით, მოთხოვნა უპირატესად დაეკმაყოფილებინა და საკუთარი თავი, როგორც კომპანიის კრედიტორი, სხვა კრედიტორებთან მიმართებით, უპირატეს მდგომარეობაში ჩაეყენებინა. ი--- თ---–--ა ვალდებული იყო, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მიზნით სასამართლოსთვის მიემართა, შესაბამის პროცედურებს დალოდებოდა და მისი, როგორც საწარმოს კრედიტორის მოთხოვნა, კრედიტორთა რიგითობის განსაზღვრის წესით დაეკმაყოფილებინა. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს გადახდისუუნარობა დღის წესრიგში არ დადგებოდა, ი--- თ---–--ას მიერ განხორციელებული ქმედებები, შესაძლებელია, მართლზომიერად, ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობად, ჩათვლილიყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მანვე, როგორც საწარმოს დირექტორმა, 2018 წლის 04 ივნისს სასამართლოს საწარმოს გადახდისუუნარობის საქმის გახსნის მოტივით მიმართა, 2017 წლის 25 დეკემბერს კომპანიიდან გატანილი ბოლო სახსრები, იმ პირობებში როდესაც მან იცოდა, რომ საგადასახადო ორგანოს სახით, კომპანიას მასზე წინ მდგომი კრედიტორი ყავდა, მისი ქმედების მართლზომიერად მიჩნევის საკითხს გამორიცხავდა.

 

16. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სსიპ „შ--------–----------------“ დაცვის ღირსი სამართლებრივი ინტერესი ი--- თ---–--ას მიერ შპს „ს-----------ში“ განხორციელებული ბოლო ტრანზაქციის მიმართ, კერძოდ, 27 534,2 ლარის უკან დაბრუნების ნაწილში, გააჩნია, ამიტომ, ი--- თ---–--ას შპს „ს------------“ სასარგებლოდ, შპს „ს-----------დან“ ბოლო ტრანზაქციით გამოტანილი თანხის, კერძოდ, 27 534,2 ლარის უკან დაბრუნების ვალდებულება უნდა დაეკისროს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორს ან გაკოტრების მმართველს/რეაბილიტაციის მმართველს უფლება აქვს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს და ამ მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობა ან/და ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. პალატა აქვე განმარტავს, რომ კანონით კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების შეცილების უფლების გამოყენება როგორც კრედიტორს, ასევე გაკოტრების მმართველს აქვთ მიკუთვნებული, თუმცა მათ უფლებამოსილებას შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გაკოტრების მმართველი ყველა კრედიტორის ინტერესის გათვალისწინებით მოქმედებს, მისი ყოველი განხორციელებული ქმედება კრედიტორთა საერთო და არა ინდივიდუალური უფლების მაქსიმალურ დაცვას უნდა ემსახურებოდეს. რაც შეეხება კრედიტორის მიერ ზიანის მომტანი ქმედების შეცილებას, იგი საკუთარი მოთხოვნების არეალითაა შეზღუდული. შესაბამისად, დასაბუთებული და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, დავის საგნის მიმართ მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესის ფარგლები დაადგინოს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანია კრედიტორისთვის ზიანის მომტანი ქმედების საფუძველზე გატანილი თანხის საწარმოსთვის დაბრუნება. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2019 წლის 04 თებერვლის მდგომარეობით, შპს „ს------------“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელსა და ერთპიროვნულ მმართველს ი--- თ---–--ა წარმოადგენდა, საგადასახადო ორგანოების მიმართ აღიარებული საგადასახადო დავალიანება - 9121,48 ლარის ოდენობით ეკისრებოდა. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიეცემა შესაძლებლობა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში, ვადამოსული და აღიარებული მოთხოვნა დაიკმაყოფილოს, რაც დავის მიმართ მის სამართლებრივ ინტერესს უსვამს ხაზს.

 

ამ მიმართებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკას, სადაც სასამართლოს მხედველობაში ჰქონდა რა, საგადასახადო ვალდებულებების არანებაყოფლობითი ხასიათი, ერთ-ერთ საქმეზე დაადგინა, რომ ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ მიუთითონ ლეგიტიმურ საჯარო ინტერესზე, როცა ისინი იყენებენ განსაკუთრებულ ზომებს მათი საგადასახადო მოთხოვნების აღსასრულებლად შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე იურიდიული პირებთან მიმართებაში, დამატებითი გარანტიების შექმნით. იმავე მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა გერმანიის ფედერალური საგადასახადო სასამართლოც, როდესაც დაადასტურა, რომ საგადასახადო ვალდებულებების აღსრულებისათვის გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებები არ ეწინააღმდეგება გერმანიის საკონსტიტუციო სამართლით განმტკიცებულ თანასწორობის პრინციპს.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას და მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესის არეალში მოქცეული მოთხოვნის ოდენობას, პალატა განმარტავს, რომ როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, 2017 წლის 30 სექტემბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში, ი--- თ---–--ამ შპს „ს-----------დან“ სულ 66 222,7 ლარი გაიტანა, მათ შორის, 27 534,2 ლარის გატანა მას შემდეგ მოხდა, რაც აღიარებული საგადასახადო ვალდებულება წარმოიშვა, კერძოდ, შ--------–----------------ს 2017 წლის 15 ნოემბრის №006-39195 შეტყობინებით შპს „ს------------“ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ეცნობა. შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი 2017 წლის 10 დეკემბერს გაეცნო (ს.ფ. 63, 64). 2017 წლის 25 დეკემბერს ი--- თ---–--ამ შპს „ს------------“ სალაროდან 27534,2 ლარი გაიტანა, მიზნობრიობას - პირადი ანგარიშიდან გაწეული ხარჯების დაფარვა, წარმოადგენდა. შესაბამისად, 2017 წლის 25 დეკემბრისთვის ი--- თ---–--ამ, როგორც საწარმოს 100%-იანმა მფლობელმა და დირექტორმა, უკვე იცოდა, რომ კომპანიას გადაუხდელი საგადასახადო ვალდებულება ეკისრებოდა, რომლის დაფარვაც მის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის შემდგომ ვერ განხორციელდებოდა.

 

იმისდა მიუხედავად, რომ მოსარჩელის აღიარებულ საგადასახადო მოთხოვნას 9121,48 ლარი წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, ბოლო ტრანზაქციით განკარგულ თანხას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, პალატა მიიჩნევს, რომ ამ პირობებშიც კი, მას 27 534,2 ლარის ნაწილში დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესი გააჩნია, რადგან პალატა იურიდიულ ინტერესს არა ხისტად და სწორხაზოვნად, არამედ მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს. საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მხარეს არ შეიძლება დაეკისროს ისეთი გარემოების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მას ობიექტურად არ შეუძლია. ამ შემთხვევაშიც, პალატა მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანო ვერ წარადგენდა ისეთ დაზუსტებულ გაანგარიშებას, რომლის მეშვეობითაც სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა, მისი როგორც მეოთხე რიგის კრედიტორის დაკმაყოფილებისთვის, საკმარისი იქნებოდა. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის დროს მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან გამოიკვეთა, რომ აღიარებულ მოთხოვნას, გადახდისუუნარობის წარმოების ფარგლებში, საპროცესო ხარჯის სახით, 10 000 ლარი დაემატება. ამ ეტაპზე, მეურვისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა, ცნობილი არ არის. ამავდროულად, საქმის მასალებით სხვა მოსალოდნელი საკრედიტო მოთხოვნა, თუ საპროცესო ხარჯიც არ დგინდება. შესაბამისად, ამ ეტაპზე დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 27 534,2 ლარზე მეტი, ანუ ბოლო ტრანზაქციით განკარგულ თანხაზე მეტი, საჭირო არ იქნება, რაც მიზანშეწონილობის კუთხით, მოსარჩელეს ი--- თ---–--ას მიერ განხორციელებული სხვა ქმედებების მიმართ, იურიდიულ ინტერესს უსპობს და მის მოთხოვნას 66 222,7 ლარის ტრანზაქციების გაუქმების ნაწილში, დაუსაბუთებელს ხდის. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ საწარმოში უკან დაბრუნებული თანხა, შესაძლებელია, მოსარჩელის აღიარებულ მოთხოვნასა და prima facie მტკიცებით არსებულ ხარჯებს აღემატებოდეს, პალატა მიიჩნევს, რომ მისი საწარმოს კაპიტალში დაბრუნებით, დაცული იქნება არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ ი--- თ---–--ას, როგორც კრედიტორის უფლებაც, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნა მართლაც არსებობს, იგი კანონით დადგენილ კრედიტორთა სიაში აღმოჩნდება და ნამეტი თანხიდან, მის მოთხოვნას დაიკმაყოფილებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ ი--- თ---–--ას შპს „ს------------გან“, არამართლზომიერად, შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მიღებული 27 534,2 ლარის, საწარმოს კაპიტალში უკან დაბრუნების ვალდებულება უნდა დაეკისროს.

 

17. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საქმეზე მოპასუხედ ი--- თ---–--ა მართებულად იქნა დასახელებული.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის აპელირებას მასზედ, რომ დავის შინაარსის გათვალისწინებით, მოპასუხედ იურიდიული პირი უნდა ყოფილიყო დასახელებული. როგორც წინამდებარე გადაწყვეტილებაში არაერთგზის აღინიშნა, სადავოდ არის გამხდარი არა კომპანიის მიერ დადებული გარიგება, არამედ კომპანიის ერთპიროვნული დამფუძნებლის, 100%-იანი პარტნიორისა და ამავდროულად, დირექტორის მიერ განხორციელებული კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედება, რაც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში ექცევა. იმ შემთხვევაში, თუ შეცილება საწარმოს მიერ დადებულ გარიგებას დაუკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, შპს „ს-----------“, როგორც გარიგების ერთ-ერთი მხარე, თანამოპასუხედ იქნებოდა დასახელებული, მაგრამ ვინაიდან ქმედება მოპასუხედ დასახელებულმა ი--- თ---–--ამ განახორციელა, კანონის შინაარსობრივი და არა ფორმალური განმარტების მიზნებიდან გამომდინარეობს, რომ მოპასუხედ სწორედ იგი უნდა ყოფილიყო დასახელებული, ხოლო კომპანია დასაბრუნებელი თანხის ბენეფიციარად და არა მოთხოვნაზე ვალდებულ სუბიექტად, რაც მართებულად განხორციელდა კიდეც.

 

18. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა, სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც მათ სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს, მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს წინაშე დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რომლითაც ი--- თ---–--ას მიერ საწარმოს გადახდისუუნარობის წარმოების დაწყებამდე განხორციელებული ქმედებების „ზიანის მომტან“ ქმედებებად დაკვალიფიცირების გონივრული საფუძველი შექმნა. რაც შეეხება მხარის იურიდიულ ინტერესს, საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, მან 66 222,7 ლარის დაკისრებასთან მიმართებით, იურიდიული ინტერესის არსებობა ვერ დაამტკიცა, ვინაიდან იგი არა გაკოტრების მმართველს, არამედ საწარმოს კრედიტორს წარმოადგენდა, რომელსაც საკუთარი მოთხოვნების ფარგლებში უნდა ემოქმედა.

 

რაც შეეხება, მოწინააღმდეგე მხარეს, მან ი--- თ---–--ას მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მართლზომიერება ვერ დაადასტურა, ვინაიდან სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეედავა დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ სახელმწიფოს წინაშე არსებული დაუფარავი დავალიანების არსებობის მიუხედავად, მან საწარმოდან მთლიანი ფულადი სახსრების გაცნობიერებულად გაიტანა, რაც მის ქმედებას საწარმოსთვის ზიანის მომტანად აქცევდა.

 

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი, სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს.

 

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა, და მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამიტომ, სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე სსიპ „შ--------–----------------ს“ მიერ გადასახდელი ბაჟიდან ნაწილი, კერძოდ, 1927 ლარი, ი--- თ---–--ას სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ „შ--------–----------------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. სსიპ „შ--------–----------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. ი--- თ---–--ას შპს „ს------------“ სასარგებლოდ დაეკისროს შპს „ს-----------დან“ ბოლო ტრანზაქციით გატანილი თანხის, კერძოდ, 27 534,2 ლარის უკან დაბრუნება;

 

5. ი--- თ---–--ას ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ნაწილი - 1927 ლარის ოდენობით;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი თამარ ალანია ეკატერინე ყანჩელი