განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2020
საქმის ნომერი
140100119002797345
ინსტანცია
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119002797345

საქმე №1ბ/1172-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: შ------------–----–-–---–ის

მსჯავრდებულის: გ----------------ის

მსჯავრდებულის ადვოკატის: დ----------–-----–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ შ------------–----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ----------------ის, დაბადებულის 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ქ----–----–----------------------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ხ-–------------------------–-----–-------–ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ----------------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ---–------------–----–--ის საავტომობილო გზის 138-ე კილომეტრზე, ხ-–----ის რაიონის ტერიტორიაზე, თბილისის მიმართულებით ,,მ---------ის“ მარკის მიკროავტობუსით, სახელმწიფო სარეგისტრაციო №S--------, მოძრავმა გ----------------ემ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე მცირეწლოვან ა---------–-----ეს, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენით:

 

გ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი. გ----------------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ავტო-სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლის ვადით.

 

გ----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა შ------------–----–-–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გ----------------ის მიმართ გამოტანილი, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით, კერძოდ, განაჩენით დადგენილი, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ შ------------–----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი გ----------------ის მიმართ უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ----------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

მსჯავრდებულ გ----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული, აგრეთვე, მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციულად მიჩნეული ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - რ---–------–-----ის ჩვენების, რ-----------–-----ის, რ-------–-----ის, თ-----–-----ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ გ----------------ის აღიარებითი ჩვენების, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ შეტყობინების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (თანდართული სქემით და ფოტოცხრილით), ავტომობილის დათვალიერების ოქმის, სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის, ავტოტექნიკური ექსპერტიზის №1----- დასკვნის, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №2------- დასკვნის და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ----------------ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ გ----------------ეს დაუმძიმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი, კერძოდ, გაუქმდეს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულმა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში. პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება, ზოგადად, სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ გ----------------ის მიმართებაში გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. გ----------------ემ როგორ გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. გარდა აღნიშნულისა, გ----------------ემ, რ---–------–-----ის ჩვენების გარდა, არ გახადა სადავოდ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ნაწილობრივ აანაზღაურა ზიანი, ამასთან, გ----------------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენაში და არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

აპელანტს სააპელაციო საჩივარში სასჯელის გამკაცრების ერთ-ერთ არგუმენტად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულის მიმართ არ გამოიჩინა ყურადღება და სრულად არ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს, ხოლო დაზარალებულს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები). ამდენად, აღნიშნული არგუმენტი ვერ დაედება საფუძვლად სასჯელის გამკაცრებას. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა გ----------------ემ სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულს სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებას, რომ გ----------------ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით 6 წლის ა---------–-----ემ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული გარემოება მსჯავრდებულ გ----------------ისათვის დანიშნული სასჯელის დამამძიმებლად ვერ იქნება მიჩნეული. პალატა მიუთითებს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, წარმოადგენს საქართველოს სსკ–ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული ქმედება სახეზე არ გვექნება. სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლდა გ----------------ე და მსჯავრი დაედო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სახის სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ გ----------------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს ექნება რა ლმობიერი სასჯელის მიღების განცდა, აღნიშნული ვერ იქნება ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ გ----------------ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ გ----------------ისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელების დამძიმებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ----------------ისათვის დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელების სახესა და ზომას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელების დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ავტო-საგზაო შემთხვევის მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ გ----------------ისათვის დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ გ----------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ შ------------–----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე ითქვას უარი;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ გ----------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

გ----------------ეს, საქართველოს სსკ–ის 43–ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტო-სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის №1/9-19 განჩინებით დაყადაღებულ, თ---------------ის (პირადი №5----------) კუთვნილ უძრავ ქონებას (მდებარე: ხ-–------------–----–----------------–---------------–-------–ი, საკადასტრო კოდი №6-----------);

 

პირობით მსჯავრდებულ გ----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი და არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

„მ---------ის“ მარკის მიკროავტობუსი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო ერთი დისკი, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე