განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2020
საქმის ნომერი
330100119002890288
ინსტანცია
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002890288

საქმე №1ბ/1033-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-------------ის

ადვოკატის: ნ-----------–-–---–ის

გამართლებულის: რ------------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ რ------------------ის, დაბადებულის 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრაციის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–--–-------------–----------------------------------------------------ში მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

რ------------------ი და თ--------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2012 წლიდან. 2019 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ-------–--–-------------–-------------------------------------------------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ------------------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს, თ--------------–---–ს, კერძოდ, ხელი ძლიერად მოუჭირა საყელოზე, ხოლო მეორე ხელის მუშტი მიადო სახეზე და ძლიერად დააჭირა. ამ დროს დაზარალებულს ხელში ეჭირა მისი მცირეწლოვანი შვილი ლ---–-----------ი. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენით:

 

რ------------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს რ------------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, რ------------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გამამართლებელი განაჩენი რ------------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ------------------ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულ თ--------------–---–ისა და მოწმე ლ---–----------ის (გამართლებულის დეიდა) ჩვენებებს, აგრეთვე, არასრულწლოვანი მოწმე ა-–-----------–-------–ის (გამართლებულის გერი) გამოკითხვის ოქმს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით რ------------------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. თავად რ------------------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მისი მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, არამედ, შემთხვევის დღეს, როდესაც ჩანთაში თავის პასპორტს ეძებდა, თ--------------–---–ი მივარდა მას, რის გამოც ეს უკანასკნელი გაწია ხელით. ზოგადად, მეუღლესთან კამათი მოსდის იმის გამო, რომ იგი (რ------------------ი) ალკოჰოლური სასმელების მომხმარებელია, რაც იწვევს მეუღლის გაღიზიანებას.

 

ის გარემოება, რომ რ------------------ი ალკოჰოლური სასმელების მომხმარებელია, რის გამოც მეუღლესთან მოსდის კამათი, სასამართლოში დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ლ---–----------მა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს თ--------------–---–მა დაურეკა და უთხრა, რომ რ--------ი იყო ნასვამი, ითხოვდა პასპორტს და ვინაიდან არ იცის, სად არის მისი პასპორტი, ეჩხუბება. არასრულწლოვანი მოწმე ა-–-----------–--------–ის გამოკითხვის ოქმის (უდავო მტკიცებულება) თანახმად, იგი 2019 წლის 2 თებერვალს, ღამით, იმყოფებოდა დედასთან და მის ამჟამინდელ მეუღლესთან - რ------------------თან სახლში, რა დროსაც რ--------ი ეჩხუბა დედას, კერძოდ, უყვიროდა, რატომ არ აძლევდა მის პასპორტს, რაზეც დედა ეუბნებოდა, რომ არ იცოდა მისი პასპორტი სად იყო. მას (მოწმეს) არ დაუნახავს, რომ რ--------მა დედას ხელი დაარტყა, მაგრამ ჩხუბის დროს გაიგონა დედის ყვირილი, რომელიც უყვიროდა რ--------ს - ხელი გაეშვა მისთვის. იგი (ა-–-----------–--------–ი) შაბათ-კვირას მიდის დედასთან სახლში და რ--------ი მაშინ ჩხუბობს, როდესაც ნასვამია, თუმცა არასოდეს უცემია ბავშვები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმედ დაკითხულმა, დაზარალებულმა თ--------------–---–მა აჩვენა, რომ შვიდი წელია რეგისტრირებულ ქორწინებაშია რ------------------თან. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და უსიამოვნება მოსდით მხოლოდ მაშინ, როდესაც რ--------ი მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს. აღნიშნულის გამო მის (დაზარალებულის) პრეტენზიაზე რ--------ი ცუდად რეაგირებს. 2019 წლის 2 თებერვალს, საღამოს, დასაძინებლად ემზადებოდნენ, რა დროსაც ნასვამმა რ--------მა მოითხოვა საკუთარი პასპორტი. მან (თ--------------–---–მა) არ იცოდა, სად ჰქონდა რ--------ს შენახული პასპორტი, ამიტომ რ--------მა თვითონ დაიწყო მისი ძებნა. როდესაც რ--------მა მისი (დაზარალებულის) ჩანთის ჩხრეკა დაიწყო, გაღიზიანებული მივარდა („ეტაკა“) რ--------ს, რომელმაც მიახლოვების საშუალება რომ არ მიეცა, შეაჩერა იგი - ხელი მოუჭირა საყელოზე და სახეზე დაადო მუშტი, რამაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა. ამის შემდეგ რ--------მა ჩაიცვა ქურთუკი და გავიდა სახლიდან. დაახლოებით ერთ საათში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და შეიტყო, რომ მათ რ--------მა მიმართა პასპორტის დაბრუნებაში დასახმარებლად. პოლიციელებმა მოითხოვეს მისი (დაზარალებულის) პოლიციაში გადაყვანა, რა შემთხვევაშიც მისი შვილები დარჩებოდნენ სოციალური აგენტის მეთვალყურეობის ქვეშ. ამიტომ პილიციელებს უთხრა, რომ მეუღლემ გული გაუწყალა თავისი ნასვამობით და არეულობით, ასევე უთხრა, რომ აქეთ გამოიძახებდა პოლიციას.

 

დაზარალებულის ჩვენების სანდოობის, დამაჯერებლობისა და უტყუარობის, აგრეთვე, სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშესაბამისობის თვალსაზრისით შეფასებისას, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას. პალატა დამატებით აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს მსხვერპლში ტკივილის განცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვექნება. როგორც წესი, ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების საგანია, იგი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულის ჩვენებით, რ------------------მა მას სახეზე დაადო მუშტი, რამაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქმედების აღწერილობიდან გამომდინარე (მხოლოდ სახეზე მუშტის მიდება-მიწოლა), ტკივილის განცდის არსებობა მხოლოდ სუბიექტური კრიტერიუმით არ უნდა დადგინდეს, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც ობიექტური კრიტერიუმით დაადგენდა დაზარალებულში რეალურად ტკივილის განცდის არსებობას (თუნდაც ტკივილით გამოწვეული ემოცია - კვნესა, ტირილი და ა.შ.), საქმეში არ მოიპოვება.

 

იმავდროულად, დაზარალებულ თ--------------–---–ის ჩვენება საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად უტყუარ მტკიცებულებად რომც მივიჩნიოთ, სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული დაზარალებულის ჩვენება საქმეში არსებული მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულებაა, რომელიც რ------------------ს გარკვეულწილად ამხელს დანაშაულის ჩადენაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში (საქმე №561აპ-15, 28 აპრილი, 2016 წელი) განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ხოლო დანარჩენი მოწმეთა ირიბი ჩვენებებია, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ რ------------------მა ჩაიდინა მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა რ------------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ რ------------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენი გამართლებულ რ------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენი რ------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

რ------------------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გამართლებულ რ------------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ რ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე