განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2020
საქმის ნომერი
190210019003047018
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
14.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210019003047018

საქმე №2ბ/8469-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი - ზ-------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა------------–-–---–ი

 

დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ა-------------–-–---–ის სარჩელი მოპასუხე ზ-------------–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. მოპასუხე ზ-------------–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------------- დაბადებული მ-------------–---–ის (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით სასამართლოში სარჩელის შემოტანის დღიდან - 2019 წლის 14 ივნისიდან მის სრულწლოვანებამდე.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მოსარჩელე ა-------------–-–---–ი და მოპასუხე ზ--------------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2010 წლიდან.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.2.მოსარჩელე ა-------------–-–---–სა და მოპასუხე ზ--------------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–----------------- დაბადებული მ-------------–---–ი (პ/ნ 3----------).

 

მტკიცებულება: დაბადების მოწმობის ასლი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.3. მოსარჩელე ა-------------–-–---–ი და მოპასუხე ზ--------------–---–ი ამჟამად ერთად აღარ ცხოვრობენ. მამა ზრუნავდა შვილზე, ყოველთვიურად უხდიდა 500 ლარს, თუმცა 2019 წლის იანვრიდან შეწყვიტა ნებაყოფლობით თანხის გადახდა, მოპასუხე მუშაობს და ყოველთვიურად აქვს 1209.60 ლარის ოდენობით შემოსავალი (ხელფასის სახით).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხის ეკონომიური მდგომარეობა (მუშაობს და აქვს სტაბილური შემოსავალი), ასევე ბავშვის საჭიროებები ყოველდღიური კვების, ჩაცმის, სწავლის (ბავშვი დაკავებულია სპორტით, სადაც წლიური გადასახადი არის 500 ლარი), ხოლო დედას არა აქვს საკმარისი შემოსავალი ბავშვის მოთხოვნილებების სრულად უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, მიიჩნია, რომ ყოველთვიურად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა 300 ლარი ნამდვილად საჭიროა ბავშვის კვების, სწავლისა და მოვლისათვის.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, ცნობა მოპასუხის ხელფასის შესახებ, ცნობა მ-------------–---–ის შესახებ, რომ იგი დაკავებულია სპორტით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ასევე სკ-ის 1214-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნას მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. შვილებზე ზრუნვა, მათი აღზრდა და რჩენა არის მშობელთა ძირითადი ვალდებულება, რასაც არ ამცირებს მშობლის სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებები ან უმუშევრობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან - რომელსაც არა აქვს საკმარისი სახსრები მის სარჩენად. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს შვილის მოვლასა და აღზრდას და ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი 300 ლარის ოდენობით, არის გონივრული თანხა, ვინაიდან ალიმენტის დაკისრების დროისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მიმღების მატერიალური მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს აქვს ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით 1209.60 ლარის ოდენობით, მართალია იგი არჩენს ასევე სხვა შვილსაც, ასევე აქვს ფინანსური ვალდებულებები, მაგრამ აღნიშნულის გათვალისწინებითაც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს შეუძლია გადაიხადოს აღნიშნული ოდენობის თანხა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 300 ლარის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------------- დაბადებული მ-------------–---–ის (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. ამდენად, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 14 ივნისიდან.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, მოპასუხის ფინანსური შესაძლებლობა იხადოს ალიმენტი დაკისრებული ოდენობით. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მხარის მატერიალური მდგომარეობა, რომ, მართალია, ყოველთვიურად იღებს ფიქსირებულ ხელფასს, თუმცა შექმნილი აქვს სხვა ოჯახი, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვი სხვა ქორწინებიდან, ამის გარდა, გააჩნია საბანკო ვალდებულებები. აპელანტის განმარტებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც მას მისცემს შესაძლებლობას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. უდავოა, რომ მოსარჩელე ა------------–-–---–ი და მოპასუხე ზ-------------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2010 წლიდან.

 

4.1.2. უდავოა, რომ მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–---------------- დაბადებული მ-------------–---–ი (პ/ნ 3----------).

 

4.1.3. მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა ფ-------------–---–სა და ზ-------------–---–ს შორის მედიაციის პროცესში მიღწეული მორიგება. ზ-------------–---–ს (პ/ნ 2----------) ფ-------------–---–ის (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის დ---------------–---–-ს (პ/ნ 2----------) რჩენა-აღზრდისთვის, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის შეტანის დროიდან, 2019 წლის 17 ოქტომბრიდან, დ---------------–---–-ს სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინება განსახილველ საქმეში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ პერიოდში იქნა მიღებული.

 

4.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხე ზ-------------–---–ი მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1512.00 ლარს, ხოლო ხელზე მისაღები თანხა შეადგენს 1209.60 ლარს. (ტ.1, ს.ფ.87)

 

4.1.5. საქმის გარემოებების განხილვისა და შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობა 250 ლარით უნდა განისაზღვროს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულით, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა დეკლარაციით დადგენილია, რომ „ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“. „სპეციალური დაცვის“ აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტად კონვენცია განიხილავს არასრულწლოვნის სოციალურ უფლებას, რომელიც უდავოა, რომ ამავე კონვენციით აღიარებულ „საუკეთესო ინტერესების“ ცნებაში მოიაზრება და კონვენციის მე-3 მუხლის (1) (2) თანახმად, აღიარებულია შემდეგი: ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. არასრულწლოვნის დაცვის (მათ შორის სოციალური) იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებშია ასახული, რომელთაგან ერთ-ერთს, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე-1238-ე მუხლები წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლში ასახულია მშობელთა სოციალური ვალდებულების საკანონმდებლო დეკლარირება და დადგენილია, რომ მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, უნდა განიმარტოს, რომ ალიმენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს მინიმალურ მატერიალურ დაცვას იმ პირისა, რომელიც საჭიროებს ზრუნვას. სამოქალაქო კოდექსი შვილის საჭიროებიდან გამომდინარე სარჩოს ოდენობის განსაზღვრას მშობლების ურთიერთშეთანხმებას მიანდობს (სკ-ის 1213-ე მუხლი). სწორედ იმ გარემოებიდან, გამომდინარე, რომ ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირს არ შეუძლია, დამოუკიდებლად მიაღწიოს იმ საარსებო აუცილებლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რომელიც მისი განვითარების ინტერესს ემსახურება, კანონი აღჭურავს ფართო უფლებამოსილებით, ვალდებულ პირს, მოსთხოვოს სარჩოს გადახდა, რომლის ნებაყოფლობით განუხორციელებლობის შემთხვევაში, მას სრული რესურსი გააჩნია, მიმართოს სამართლებრივი იძულების მექანიზმებს (სკ- ის 1214-ე მუხლი).

 

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ამავე კონვენციის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის უპირატესი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები მიიღოს. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ.

 

4.1.6. პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ №ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011 წელი). სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კონტექსტში სააპელაციო სასამართლო მიუბრუნდება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების კვლევის საკითხს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვთა ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა. ამ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს ბავშვების ასაკს, მის ყოველთვიურ მატერიალურ საჭიროებას, ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმს, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1212- ე მუხლებით განსაზღვრულ მშობელთა თანაბრობის პრინციპს (შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები), მოდავე მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ორივე მშობელი შრომისუნარიანია, ამასთან, წინამდებარე გადაწყვეტილებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ალიმენტვალდებული მშობელი ზ-------------–---–ი დასაქმებულია საჯარო სამსახურში და გააჩნია ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით 1209,60 ლარის ოდენობით. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კონტექსტში მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ ზ-------------–---–ს კმაყოფაზე ჰყავს სხვა მცირეწლოვანი შვილიც, რომლის სასარგებლოდაც ამ უკანასკნელს დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. საბოლოოდ, არასრულწლოვანის ასაკის, მისი ყოველთვიური მატერიალური საჭიროების, ასევე შვილის მიმართ მშობელთა თანაბრობის პრინციპის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე აპელანტის კმაყოფაზეა მისი კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-------------–---–ის აღზრდაში ზ-------------–---–ის მატერიალური მონაწილეობა, 250 ლარით უნდა განისაზღვროს, რითაც დადგინდება გონივრული ბალანსი არასრუწლოვანის ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვის საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, ა------------–-–---–ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ა------------–-–---–ი სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან სახელმწიფო ბაჟი, იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზ-------------–---–ს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ზ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა------------–-–---–ს ზ-------------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება იმ მოთხოვნის პროპორციულად (25%), რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტის ზ-------------–---–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 48 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ზ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 50 ლარის ნაწილში, (ზ-------------–---–ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას 200 ლარის დაკისრების ნაწილში ასაჩივრებდა) აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 12 ლარის ოდენობით ა------------–-–---–ს ზ-------------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს.

 

რაც შეეხება სარჩელზე გადასახდელ სახელმწიფო ბაჟს, იმის გათვალისწინებით, რომ ა------------–-–---–ის სარჩელი 250 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა (საგულისხმოა, რომ ეს უკანასკნელი მოპასუხისთვის 300 ლარის დაკისრებას ითხოვდა), ამასთან, ეს უკანასკნელი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზ-------------–---–ს უნდა დაეკისროს 45 ლარის გადახდა, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ზ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მოპასუხე ზ-------------–---–ს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------------- დაბადებული მ-------------–---–ის (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ, დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სასამართლოში სარჩელის შემოტანის დღიდან - 2019 წლის 14 ივნისიდან მის სრულწლოვანებამდე;

5. დაეკისროს ზ-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 45 ლარის ოდენობით;

6. დაეკისროს ა-------------–-–---–ს ზ-------------–---–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 12 ლარის გადახდა;

7. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო