განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020310117001943298
საქმე N3/ბ-246-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 აგვისტო, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
ნანა კალანდაძე, ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტები:
1. სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი – შ------------–--–---–ი
2. გ--------–-----–-ა, ლ-------------ა
წარმომადგენელი – ს----------–------ია
მოწინააღმდეგე – შპს ,,პ-------ი’’
დავის საგანი – ცრუმაგიერ პირებად აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება
1. 1. სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
1.2. გ-------–-----–-ას და ლ---------–--------------ას მოთხოვნა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის სრულად უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2017 წლის 29 მაისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოპასუხეების: შპს ,,პ-------ის”, გ--------–-----–-ას, ლ---------–--------------ას წინააღმდეგ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა;
სარჩელის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2017 წლის 11 მაისის მდგომარეობით შპს ,,პ-------ის’’ (ს/ნ. 4-------6) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 438835.54 ლარის ოდენობით. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,პ-------ი" სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2010 წლის 25 თებერვალს. იურიდიული მისამართია ჩხოროწყუ, წ---–-----ის ქ.N6, მესაკუთრე და 100% წილის მფლობელია გ--------–-----–-ა (ს/ნ 4---------3). საქმიანობის სახეა გაყინული საქონლით ვაჭრობა (სავაჭრო ობიექტის ერთ-ერთი მისამართი ჩხოროწყუ, წ---–-----ის ქ.N6).
შპს ,,პ-------ის’’ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2013 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2014 წლის დეკლარაციების, ასევე საგადასახადო შემოწმების საფუძველზე. 2013 წლის 20 დეკემბერს N------0 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2014 წლის 05 დეკემბერს შპს ,,პ-------ის’’ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N------ ბრძანება, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2015 წლის 05 აგვისტოს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით უძრავ-მოძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია, გარდა საკონტროლო სალარო აპარატისა.
2014 წლის 20 მაისს ინდ.მეწარმედ რეგისტრირდება ლ------------ია (ს/ნ. 48--------6), რომელიც არის გ--------–-----–-ას მეუღლე. საქმიანობის სფერო როგორც შპს ,,პ-------ის’’ შემთხვევაში წარმოადგენს გაყინული საქონლით ვაჭრობა. საქმიანობის განხორციელების ადგილი იგივე - ჩხოროწყუ, წ---–-----ის ქ.N6.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 13 თებერვლის Nელ-0--------- და Nელ-0--------6 ზედნადებებით შპს ,,პ-------იმ’’ ინდ.მეწარმე ,,ლ------------იას’’ გადააწერა სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოსაყენებელი საქონელი, ჯამში 20 000 ლარის ღირებულების და ამავე პერიოდში შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა. ასევე 2014 წლის 07 მაისის N----- ბრძანებით დაინიშნა შპს ,,პ-------ის’’ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული შემოწმებით დამატებით დაერიცხა გადამხდელს საგადასახადო დავალიანება.
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის, შემდეგ შპს ,,პ-------ის’’ მიერ ზედნადებებით ქონების გადაწერა ინდ.მეწარმე ,,ლ------------იაზე’’, საქმიანობის შეჩერება და ამ უკანასკნელის მიერ იგივე საქმიანობის გაგრძელება მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდებას.
მოპასუხეებმა – გ-------–-----–-ამ და ლ---------–--------------ამ სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ--------–-----–-ა და ლ-------------ა ცნობილ იქნენ შპს ,,პ-------ის’’ ცრუმაგიერ პირად 19580.14 ლარის ფარგლებში. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. შპს ,,,პ-------ი’’ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 25.02.2010 წლიდან. შპს-ს დამფუძნელი პარტნიორი და 100%-იანი წილის მფლობელია გ--------–-----–-ა, დირექტორი ზაზა ქუცურუა;
2.1.2. გ--------–-----–-ა და ლ-------------ა არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში;
2.1.3. სახელის შეცვლამდე ლ-------------ა შესაბამის ბაზაში რეგისტრირებულია გამოცვლილი სახელით ლ------------ია;
2.1.4. ლ------------ია სამეწარმეო რეესტრში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 20.05.2014 წლიდან;
2.1.5. ინდ.მეწარმე ,,ლ------------იას’’ საქმიანობის სახე და საქმიანობის ადგილი ემთხვევა შპს ,,პ-------ის’’ საქმიანობის სახეს და საქმიანობის ადგილს. ორივე მეწარმე საქმიანობდა მისამართზე ჩხოროწყუ, წ---–-----ის ქუჩა N6;
2.1.6. დაბა ჩხოროწყუ, წ---–-----ის ქუჩა N6-ში მდებარე უძრავი ნივთი ს/კ. 4----------2 ლ------------იას საკუთრებაშია 25.01.2012 წლიდან და იგი 01.02.2012 წ. ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ჰქონდა შპს ,,პ-------ის’’;
2.1.7. 11.05.2017წ მდგომარეობით შპს ,,პ-------ს’’ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 438 835.54 ლარის ოდენობით;
2.1.8. საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2013 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2014 წლის დეკლარაციების, ასევე საგადასახადო შემოწმების საფუძველზე;
2.1.9. 20.12.2013წ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება და 05.12.2014 წ გამოიცა ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რაც გადამხდელს ჩაბარდა 05.08.2015წელს;
2.1.10. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ინფორმაციით სალარო აპარატის გარდა სხვა უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება;
2.1.11. 13.02.2014 წ შპს ,,პ-------მა“ ლ------------იას მიჰყიდა საყინულე რეფრეჟერატორი 1 ცალი ღირებული 8500 ლარად და ჰომოგენიზატორი 1 ცალი, ღირებული 11 500 ლარად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლი აწესებს ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიციას, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამ მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ ურთიერთობათა ჩამონათვალს, რომელიც განეკუთვნება განსაკუთრებულ ურთიერთობებს. კერძოდ, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. ხოლო მე-3 ნაწილში კი განსაზღვრულია იმ პირთა ჩამონათვალი ვინ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას. ხოლო, მე-6 ნაწილი განმარტავს, რომ ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
ამავე კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირად დადგენა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელი ამ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.
მოცემულ საქმეზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობისას შპს ,,პ-------ი’’, გ--------–-----–-ა და ლ-------------ა მოქმედებდნენ საერთო მიზნით - გაერიდებინათ ქონება საწარმოდან და ამავდროულად თავი აერიდებინათ როგორც ქონების გარიდების (გაყიდვის) მომენტში დაფიქსირებული დავალიანების 19580.14 ლარის გადახდის ვალდებულებისთვის, ასევე მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის. შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ საგადასახადო მიზნებისათვის მოპასუხეეები აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში სსკ-ის 246-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენდნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურმა, ისე გ-------–-----–-ას და ლ---------–--------------ას წარმომადგენელმა ს----------–------იამ.
სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა ქმედება მიზნობრივად მიმართული იყო მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებისაკენ. შემოსავლების სამსახურის პოზიცია გაიზიარა სასამართლომაც, თუმცა გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილება რატომ უნდა იქნეს ცნობილი მოპასუხეები ცრუმაგიერ პირებად 19850.14 ლარის ფარგლებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებაში არათუ საკმარისად არ არის, არამედ საერთოდ არ არის მოცემული დასაბუთება;
3.1.2. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული
პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
აღნიშნული მუხლების შესაბამისად სასამართლოს უფლებამოსილებაა დაადგინოს ფაქტი (რაც შემოსავლების სამსახურის კანონიერი ინტერესია) და პირი ცნოს გადამხდელის ცრუმაგიერ პირად. ასევე საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი არ განსაზღვრავს ცრუმაგიერ
პირებად ცნობის ფარგლებს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საგადასახადო დავალიანება, რომელიც შპს ,,პ-------ის’’ ერიცხება, წარმოშობილია მოპასუხეთა მიერ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისათვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ოპერაციების (ქონების გარიდების, საქმიანობის შეჩერების, ახალი მეწარმის რეგისტრაციის) პერიოდში. აღნიშნულ დავალიანებას ერიცხება საურავი ყოველდღიურად საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად. გამომდინარე აქედან ცრუმაგიერ პირად ცნობის ფარგლების განსაზღვრით გარკვეულწილად იზღუდება შემოსავლების სამსახურის უფლება ცრუმაგიერი პირის მიმართ სრულად განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ, თანხის განსაზღვრის ნაწილში უსაფუძვლო და კანონშეუსაბამოა, ამდენად აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
გ-------–-----–-ას და ლ---------–--------------ას წარმომადგენლის ს----------–------იას სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.2.1. აპელანტის აღნიშვნით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილების 3.1. პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებში არასწორად არის მითითებული იმის შესახებ, რომ ინდ.მეწარმე ,,ლ--------------ას’’ საქმიანობის სახე და საქმიანობის ადგილი ემთხვეოდა შპს ,,პ-------ის’’ საქმიანობის სახეს და საქმიანობის ადგილს და რომ თითქოსდა ორივე მეწარმე საქმიანობას ეწეოდა მისამართზე: ჩხოროწყუ, წ---–-----ის ქუჩა №6. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ლ-------------ას საქმიანობის განხორციელების ადგილად მითითებული არაა ჩხოროწყუ, წ---–-----ის ქ. №6. მითითებულია მხოლოდ იურიდიული მისამართი: ჩხოროწყუ, სოფ: ზ----.
3.2.2. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2. პუნქტში ასევე არასწორად არის მითითებული იმის შესახებ, რომ 11.05.2017 წლის მდგომარეობით შპს ,,პ-------ს’’ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 438 835.54 ლარის ოდენობით 2013 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2014 წელის დეკლარაციების და საგადასახადო შემოწმების საფუძველზე. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი აღიარება მითითებული დავალიანების მიმართ შპს ,,პ-------ს" არ ჰქონია. ამ უკანასკნელს აღიარებულიც რომ ქონოდა საგადასახადო დავალიანება, ინდ.მეწარმე გ---------–-----–იასთვის და ლ-------------ასთვის ეს უცნობი იყო, ვინაიდან 5 წელიწადზე მეტია შპს ,,პ-------ის’’ დირექტორი ზაზა ქუცურუა საქართველოში არ იმყოფება. ცხოვრობს საზღვარგარეთ დაუდგენელ მისამართზე. 2013 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2014 წელის დეკლარაციების და საგადასახადო შემოწმების შესახებ გ--------–-----–-ასთვის და ლ-------------ასთვის უცნობი იყო, მითუმეტეს, ლ-------------ა შპს ,,პ-------ის’’ პარტნიორსაც კი არ წარმოადგენდა;
3.2.3. აპელანტის აღნიშვნით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2. პუნქტში არასწორად არის მითითებული 20.12.2013 წლის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციაზე, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 05.12.2014 წლის ბრძანების გადამხდელზე 05.08.2015 წელს ჩაბარებაზე. ჯერ ერთი - გაუგებარია ვინ იგულისხმება ამ გადამხდელში და რა შუაშია აქ გ---------–-----–ია და ლ-------------ია. ამ უკანასკნელთ ასეთი დოკუმენტები არ ჩაბარებიათ და მათ არსებობაზე მათთვის უცნობი იყო;
3.2.4. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1. პუნქტში არასწორადაა დადგენილი საკუთრების უფლების წარმოშობის თარიღად 25.01.2012 წელი, ვინაიდან ასეთი უფლება ლ--------------ას წარმოეშვა 17.01.2012 წელს;
3.2.5. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გ--------–-----–-ას და ლ-------------ას 19580.14 ლარის დაკისრების ნაწილში შპს ,,პ-------ის’’ ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ დაუსაბუთებელი, უკანონო და უსაფუძვლოა, რის შედეგადაც მოცემული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და უარი ეთქვას შემოსავლების სამსახურს გ--------–-----–-ას და ლ-------------ას 19 580.14 ლარის ნაწილში (მთლიანად 438 835.54 ლარის ფარგლებში) შპს ,,პ-------ის’’ ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფაქტობრივად სასამართლოს სამართლიანად კი აქვს გაზიარებული აპელანტი მხარის არგუმენტები, მაგრამ გადაწყვეტილებით დაუსაბუთებელია რატომ მიიჩნია სასამართლომ გ---------–-----–ია და ლ-------------ია შპს ,,პ-------ის’’ ცრუმაგიერ პირებად. მათ ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს როგორც 19580.14 ლარის, ისე 438 835.54 ლარის ფარგლებში. გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებები არასწორად არის წარმოჩენილი.
აპელანტების განმარტებით, მათი მოთხოვნა გამომდინარეობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლიდან, საგადასახადო კოდექსის მე-19 და 246-ე მუხლებიდან, ასევე ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონის მე-3, მე-9 და 44-ე მუხლებიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17, 102-ე და 105-ე მუხლებიდან. მითითებული მუხლების თანახმად არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ გ---------–-----–ია, ლ-------------ია და შპს ,,პ-------ი’’ სადაო ურთიერთობისას თითქოსდა მოქმედებდნენ საერთო მიზნით - გააერიდებინათ ქონება საწარმოდან და ამავდროულად თავი აერიდებინათ როგორც ქონების გარიდების (გაყიდვის) მომენტში დაფიქსირებული დავალიანების - 19 580.14 ლარის გადახდის ვალდებულებისთვის, ასევე მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის, როგორც ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებაშია მითითებული. ასეთი სამართლებრივი შეფასება რა სახის მტკიცებულებებს ემყარება და როგორ შეუქმნა მან მოსამართლეს უტყუარი შინაგანი რწმენა, გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის;
3.2.6. აპელანტების განმარტებით, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და ვერ წარმოადგინა საჭირო მტკიცებულებები ამ მოთხოვნის დასადასტურებლად. აპელანტმა (მოპასუხე) მხარემ კი საკმაო მტკიცებულებები წარადგინა, რომლითაც ცალსახად დადასტურებულია მათი სიმართლე და მოსარჩელე მხარის მოთხოვნის უსაფუძვლობა და არარეალურობა. თუმცა ერთი რეალური მხარე სასამართლომ ნათლად წარმოაჩინა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა ლ-------------ას და გ---------–-----–იას შპს ,,პ-------ის’’ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ 438 835.14 ლარის ფარგლებში.
სწორედ ამიტომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გ---------–-----–იას და ლ-------------იას შპს ,,პ-------ის’’ ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ 19 580.14 ლარის ნაწილში. დარჩენილი თანხის ნაწილში გ---------–-----–იას და ლ-------------იას შპს ,,პ-------ის’’ ცრუმაგიერ პირებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი, ანუ, მთლიანად 438 835.54 ლარის ფარგლებში გ--------–-----–-ა და ლ-------------ა არ უნდა იქნენ ცნობილი შპს ,,პ-------ის’’ ცრუმაგიერ პირებად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა გ--------–-----–-ასა და ლ-------------ას შპს ,,პ-------ის’’ ცრუმაგიერ პირებად ცნობის საკითხი. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სააპელაციო სასამართლო ცრუმაგიერი მფლობელობის დადგენასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად: „საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-103-96(კ-13)). „ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1546-1476 (კ-09)).
საკასაციო სასამართლოს მსჯელობით, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17)).
2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-1195-1189(კ-17)) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,სასამართლომ ამა თუ იმ პირების ცრუმაგიერობის შესამოწმებლად მხედველობაში უნდა მიიღოს არა ის გარემოება, თუ რამდენად შესაძლებელია გვაროვნულად, სამართლებრივი ფორმით ან საიდენტიფიკაციო ნომრით სუბიექტების ერთმანეთისაგან განსხვავება, არამედ ამოსავალი და უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს ის ბიზნესაქტივობა, რომელიც განაპირობებს შემოსავლის მიღებას. უმნიშვნელოვანესია, რომ ცრუმაგიერობის დასადგენად შეფასდეს, თუ რამდენად არის შესაძლებელი დაირღვეს მიჯნა სხვადასხვა იურიდიული/ფიზიკური პირების ბიზნესსაქმიანობას შორის’’.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ შპს ,,,პ-------ის’’ საგადასახადო დავალიანება წარმოეშვა 2013 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2014 წლის დეკლარაციების, ასევე საგადასახადო შემოწმების საფუძველზე. მისი დამფუძნელი პარტნიორი და 100%-იანი წილის მფლობელია გ--------–-----–-ა, ხოლო ლ---------–--------------ა არის ამ უკანასკნელის მეუღლე, რომელიც სამეწარმეო რეესტრში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2014 წლის 20 მაისიდან. ისიც დადგენილია, რომ ორივე მეწარმე სუბიექტს სალარო აპარატები რეგისტრირებული აქვთ ერთსა და იმავე მისამართზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 13 თებერვალს ანუ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის პერიოდში შპს ,,პ-------ი“-მ ლ---------–--------------ას მიაწოდა საყინულე რეფრეჟერატორი 1 ცალი ღირებული 8500 ლარად და ჰომოგენიზატორი 1 ცალი ღირებული 11500 ლარად, თუმცა საქმეში ამ ოპერაციის შედეგად საქონლის ღირებულების გადახდის კანონით გათვალიწინებული მტკიცებულება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ არის.
ამდენად, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ზემოაღნიშნული ნორმით ცრუმაგიერ პირად აღიარებისათვის სავალდებულო ორი პირობის არსებობა, კერძოდ, მოპასუხეებს შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა: შპს ,,პ-------ი“-ს მიერ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდეგ საქმიანობის შეწყვეტა და საზოგადოების 100% დამფუძნებლისა და მისი მეუღლის მიერ ახალი საწარმოს შექმნა იგივე პროფილით, ამასთან საწარმოს კონკრეტული დანიშნულებით ფუნქციონირებისათვის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან ძირითადი საშუალებების უსასყიდლოდ გადატანა ახლად შექმნილ საწარმოში, რაც ერთობლიობაში ქმნიდა სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ცრუმაგიერ პირებად აღიარების ნაწილში.
პალატის მოსაზრებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ დასახელებული პირების ერთმანეთისგან განსხვავება შეუძლებელია ბიზნესაქტივობის, მახასიათებლებისა და მათი სამართლებრივი ფორმის გათვალისწინებით. შესაბამისად, დასაბუთებულია მოსარჩელის მოსაზრება მითითებული პირების ერთმანეთისაგან განსხვავების შეუძლებლობისა და ერთ მეწარმე სუბიექტად განხილვის თაობაზე, რის გამოც ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
რაც შეეხება ცრუმაგიერ პირებად აღიარების ფარგლების დადგენის საკითხს, პალატა აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერობა, ანუ საგადასახადო დავალიანების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მეწარმე სუბიექტის მიერ სხვა მეწარმე სუბიექტთან ისეთ კავშირში შესვლა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მათ განსხვავებას, წარმოადგენს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით მოცულ ქმდებას, გამოხატულს ბიზნესსაქმიანობის ჩანაცვლებაში ან/და კონკრეტული სასაქონლო ოპერაციიდან გამომდინარე. ასეთ სუბიექტებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა მხოლოდ ფორმალურია და ატარებს ფიქტიურ ხასიათს, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - განახორციელონ სამეწარმეო საქმიანობა იმგვარად, რომ არ შეასრულონ საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. შესაბამისად, მათი საერთო განზრახვაა დავალიანების მქონე საწარმოდან აქტივების გარიდებით ან/და მისი საქმიანობის ფორმალური შეწყვეტითა და კავშირში მყოფი სხვა საწარმოს მიერ იმავე საქმიანობის გაგრძელებით თავი აარიდონ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
პალატის მოსაზრებით, იმის მიხედვით, თუ რა საფუძვლები არსებობს სამეწარმეო სუბიექტების/ფიზიკური პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, განსხვავდება მათი პასუხიმგებლობის ფარგლებიც. კერძოდ, ბიზნესსაქმიანობის ჩანაცვლების პირობებში სახეზეა მხოლოდ საზოგადოების სამართლებრივი ფორმის ან/და სახელწოდების შეცვლა, რაც ფორმალურ ხასიათს ატარებს (მაგ. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, სახელწოდების შეცვლა და სხვა). ასეთ შემთხვევაში სახეზეა პირთა ერთ მეწარმე სუბიექტად განხილვის ობიექტური შესაძლებლობა და მათ მთელი თავისი ქონებით უნდა აგონ პასუხი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებისათვის.
რაც შეეხება მეორე საფუძველს - კონკრეტული სასაქონლო ოპერაციიდან გამომდინარე პირების ცრუმაგიერ პირებად ცნობას, ამ შემთხვევაში განსხვავებული მდგომარეობაა; კერძოდ, ამ საფუძვლით ურთიერთდამოკიდებული პირები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან საიდენტიფიკაციო თუ სხვა სახის სარეგისტრაციო მონაცემებით, საქმიანობის დაწყების პერიოდით, სფეროთი და მხოლოდ ერთჯერადად ან განგრძობადი ფიქტიური სასაქონლო ოპერაციის განხორციელებით ავლენენ ცრუმაგიერი მფლობელობის განზრახვას ბიუჯეტის წინაშე დავალიანების მქონე მეწარმე სუბიექტთან გარკვეული სახის სარგებლის მიღების მიზნით. შესაბამისად ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის პირობებში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მასზე (ცრუმაგიერ პირზე) სრულად გადაკისრება დაარღვევდა სახელმწიფოსა და მეწარმე სუბიექტს შორის ინტერესთა, ანუ კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრულ ბალანსს. ამ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაიცვას თანაზომიერების პრინციპი, რათა სიკეთე (ბიუჯეტში გადასახადის გადახდა), რომლის მიღწევასაც ემსახურება ცრუმაგიერი მფლობელობის დადგენა, არ აღემატებოდეს კერძო პირის შეზღუდული უფლების დაცვის ინტერესს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ ამ გარემოებიდან გამომდინარე ცრუმაგიერი მფლობელობის დადგენის შემთხვევაში უნდა აღდგეს ის მგომარეობა (Status quo), რაც მეწარმე სუბიექტებს შორის არამართლზომიერი კავშირის დამყარებამდე არსებობდა, რასაც სწორედ სასაქონლო/ფინანსური ოპერაციის ფარგლებში საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრება უზრუნველყოფს. ამდენად პალატას მიაჩნია, რომ ცრუმაგიერ მფლობელობასთან ერთად მისი ფარგლების (ქონების გარიდების მომენტში არსებული დვალიანება) დადგენის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია, რაც სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველს წარმოადგენს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ” ქვეპუნქტის თანახმად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტებს (ფიზიკურ პირებს) ეკისრებათ, რაც მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის, გ--------–-----–-ას და ლ-------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო აპელანტების: გ--------–-----–-ას და ლ-------------ას მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ნანა კალანდაძე
ხათუნა ხომერიკი