განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2020
საქმის ნომერი
010141318700062648
ინსტანცია
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700062648

საქმე №1/აგ-423-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ანა გოცირიძის, ნინო სოლომნიშვილის, მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორების - ჯ----–--–------ის, ბ---------------ას,ადვოკატ - გ--–--------–--–---–ის,მსჯავრდებულ - ი--------------ის მონაწილეობით,ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა მსჯავრდებულ ი--------------ის (დაბ.: 1----–-–------------ს) და მისი ადვოკატის გ--–--------–--–---–ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 აგვისტოს განაჩენით

ი--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, ი--------------ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვის) წლის ვადით;

 

ი--------------ეს, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 26 მაისიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის განაჩენით, არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივლისის განჩინებით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

ი--------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2011 წლის 25 მაისს, ი--------------ე მონაწილეობას ღებულობდა ქალაქ თბილისში, პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ აქციაში, რომელიც ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ სანქცირებული იყო 2011 წლის 25 მაისის 24:00 საათამდე. დასახელებული ვადის ამოწურვის შემდგომ, აქციის მონაწილეები კვლავ განაგრძობდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნას და უკვე არასანქციონირებულ აქციაში მონაწილეობას. კანონის დაცვის მიზნით, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები. მათ დანახვაზე აქციის მონაწილეების ნაწილმა, მათ შორის ი--------------ემ, მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, დაჯდა მის კუთვნილ თეთრი ფერის „ტოიოტა ლენდ-კრუიზერი“ სახ.№Q------ მოდელის ავტომანქანის საჭესთან. მასთან ერთად ავტომანქანაში ისხდნენ რ----------------–ი, კ--------–---------------------------------–----------------------------ია და აქციის სხვა, დაუდგენელი მონაწილეები. ი--------------ე გაემართა მეტროპოლიტენის სადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმართულებით, სადაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, იდგნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ანიშნებდნენ აღნიშნული ავტომანქანის მძღოლს, რომ შეჩერებულიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ი--------------ე ავტომანქანით შეიჭრა და გაარღვია პოლიციის კორდონი, რის შემდგომაც განაგრძო დიდი სიჩქარით მოძრაობა. პუშკინის ქუჩაზე ი--------------ეს გზა დახვდა გადაკეტილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, რომლებთაც სამსახურეობრივი ავტომანქანები ეყენათ გზის სავალ ნაწილზე. დაახლოებით 00:30 საათზე ი--------------ე, იმ მიზნით, რომ გაენთავისუფლებინა სავალი ნაწილი და გაეგრძელებინა მოძრაობა, დაეჯახა შკოდის ფირმის საპატრულო პოლიციის ავტომანქანას №W------ წინა მარჯვენა ნაწილში, რომელშიც იმყოფებოდნენ პატრულ-ინსპექტორები გ------------–---–--------–-----------------–---–---ი. ავტომანქანის დაზიანების შედეგად საპატრულო პოლიციას მიადგა ქონებრივი ზიანი 1870 ლარის ოდენობით.

 

შეჯახების შედეგად საპატრულო პოლიციის ავტომობილი გადაადგილდა, რითაც ისარგებლა ი--------------ემ, შეუჩერებლად განაგრძო მოძრაობა დიდი სიჩქარით და სცადა მიმალვა. პოლიციელები დაედევნენ ი--------------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას. გზაში მათ შეუერთდათ პატრულ-ინსპექტორების ტ------–--------–---------------------------–---–------------–----------------- ეკიპაჟები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რაციით არაერთხელ მოუწოდეს მძღოლს გაჩერებულიყო, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი არ დაემორჩილა, მოახდინეს გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში, ხოლო შემდეგ მიზანმიმართული გასროლა ავტომაქანის საბურავების მიმართულებით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, „ტოიოტა ლენდკრუიზერის“ ავტომანქანამ სცადა მიმალვა, განაგრძო გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა მარჯვენა სანაპიროს გავლით ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც შეუხვია თ------–--ის ქუჩაზე, სადაც შეეჯახა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს კედელს და გაჩერდა. ავტომანქანიდან გადმოსულმა ი--------------ემ, რ----------------–მა, კ--------–-------------------------მა, ადგილზე მოსულ ზემოთ დასახელებულ პოლიციის თანამშრომლებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობით გაუწიეს წინააღმდეგობა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებს გ.მაყაშვილს და ტ.მარგველანს შემოახიეს ფორმის ტანსაცმელი. მიუხედავად გაწეული წინააღმდეგობისა, ი--------------ე, კობა გოცირიძე და მასთან მყოფი პირები დაკავებული იქნენ.

 

2018 წლის 28 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს მსჯავრდებულმა ი--------------ემ და მისმა ადვოკატმა გ--–--------–--–---–მა, რომლებმაც ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ი--------------ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, ვინაიდან ი--------------ე შეყვანილია საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N76-1ს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეულ მსჯავრდებულთა სიაში.

 

დაცვის მხარე წარმოდგენილ შუამდგომლობაში უთითებს, რომ შემთხვევის დროს ი--------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადაადგილდებოდა ტყვიების წვიმაში, ხელჯოხებითა და სხვადასხვა საგნებით შეიარაღებული პოლიციელები და სპეცრაზმელები აზიანებდნენ მის ავტომობილს. აღნიშნული დაზიანებები იმდენად ძლიერი იყო, რომ უჭირდა რაიმეს მკაფიოდ დანახვა. ამას ემატებოდა ძლიერი წვიმა. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევით, და არა მიზანმიმართულად, მის მანქანას გვერდი ან ფრთა გაეკრა პოლიციელის რომელიმე მანქანისთვის, რომელიც ალბათ მოულოდნელად აღმოჩნდა მის მანქანასთან შეხებაში. თუმცა, როგორც დაცვის მხარე უთითებს, ყოველგვარ საფუძველსმოკლებულია ი--------------ის მხრიდან სპეციალური შეჯახების განხორციელება სამართალდამცავთა ავტომობილზე. ასევე, ტყუილია განაჩენის მტკიცება, რომ თითქოს ი--------------ემ შეჯახება მოახდინა იმისათვის, რათა გზა გაეთავისუფლებინა. საყურადღებოა, რომ მისი ავტომობილი მოძრაობდა მომიტინგეთა მანქანების კოლონაში და თუ სადმე წინააღმდეგობა იქნებოდა, მაშინ კოლონაში წინ მიმავალ ავტომანქანას უნდა მოეხდინა ნებისმიერ უცხო სხეულთან შეჯახება, რაც არ მომხდარა. რაც შეეხება პოლიციის მუშაკებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებას, შუამდგომლობის ავტორთა განმარტებით, ესეც ყოველგვარ საფუძველსმოკლებულია, რადგან მთელი იმ დროის მანძილზე, როდესაც ხორციელდებოდა ი--------------ის ავტომობილის დევნა, ქუჩაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მან რეალურად აღიქვა პოლიციელთა მხრიდან მისი სიცოცხლისათვის შექმნილი საფრთხე, რის გამოც არ გააჩერა მანქანა და არ დაელოდა გარდაუვალ სიკვდილს. ფაქტია, რომ 26 მაისის ღამეს უამრავი ისეთი ადამიანი დასახიჩრდა და დაზიანდა, რომლებიც არათუ წინააღმდეგობას არ უწევდნენ სამართალდამცველებს, არამედ მათი მიზანი მხოლოდ ტერიტორიის დატოვება იყო, რისი საშუალებაც მათ არ მიეცათ. ეს ფაქტიც სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ი--------------ემ არ გააჩერა ავტომანქანა თავის გადასარჩენად და არა დანაშაულის ჩასადენად. ი--------------ის უკანონო დაპატიმრების და შემდეგ უკანონო გასამართლების პოლიტიკური მოტივი დადასტურდა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის დეკემბრის დადგენილებით, მას მიენიჭა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის სტატუსი და შესაბამისად, განთავისუფლდა უკანონო პატიმრობიდან.

 

აღნიშნულისა და შუამდგომლობაში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს ი--------------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2018 წლის 1 ივლისამდე წარედგინება. ვინაიდან ი--------------ე შეყვანილია „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა სიაში, აღნიშნული გარემოება, საქართველოს სსსკ-ის 3321 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა რა აღნიშნული შუამდგომლობა, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი ი--------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა რ---------------ა, რომელმაც განმარტა, რომ 2011 წლის 25 მაისს იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. ღამის საათებში, როდესაც აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი წავიდა სახლში, თავად გარკვეული რაიოდენობის თანამოაზრეებთან ერთად დარჩა ადგილზე. ღამის 12 საათზე დაიწყო აქციის მონაწილეების დაშლა და გაუშვეს გაზი. აღნიშნულის გამო დაწვა ძირს, რათა სუნთქვა შეძლებოდა. ამ დროს მასთან ახლოს გაჩერდა ავტომანქანა, რომელშიც ბევრი ხალხი ჯდებოდა. იგი ხოხვით მივიდა ავტომანქანამდე და ჩაჯდა მასში. ავტომანქანას მართავდა იმ დროისთვის მისთვის უცნობი ი--------------ე. მიდიოდნენ ნელი სვლით, რა დროსაც წინ დახვდათ პოლიციის „კორდონი“, პოლიციელები ავტომობილს ურტყავდნენ ხელკეტებს და ისროდნენ, როგორც ახსოვს, ავტომანქანის მინები ჩაიმსხვრა. რაღაც მომენტში საპატრულო პოლიციის ავტომანქანასაც დაეჯახნენ. გარკვეული დროის შემდეგ მათ მოახერხეს თავის დაღწევა და თავისუფლების მოედნიდან წავიდნენ ქვედა მიმართულებით. თუმცა შენიშნეს, რომ სანაპიროზე გადაადგილებისას მიყვებოდნენ სამართალდამცავების ავტომანქანები და მათი მისამართით ახორციელებდნენ სროლას. მისი იდეა იყო, რომ რომელიმე საელჩოსთვის შეეფარებინათ თავი, რა დროსაც ივანეს გაახსენდა ახლო მდებარე საელჩო. პოლიციელების დევნისა და ასევე ძლიერი წვიმის გამო, ავტომანქანა მიყავდათ სრულიად უკონტროლო მდგომარეობაში, წინა საქარე მინა იყო სრულად დაბურული და თავად ცდილობდა მის ხელით გაწმენდას. ბოლოს მიაღწიეს ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ჩეხეთის საელჩოსთან, თუმცა ავტომანქანა კედელს შეეჯახა და გაჩერდა. როგორც კი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, მათთან მივიდნენ პოლიციელები, ი--------------ე შევიდა საელჩოს ეზოში, რომელსაც შეყვა რამდენიმე პოლიციელი და დაუწყეს ცემა. ძალადობა ხორციელდებოდა ი--------------ის ავტომანქანიდან გადმოსული ყველა პირის მიმართ. ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრათ - ორი „აბოიმა“ დაგაცალეთ და როგორ ხართ ცოცხლებიო. არცერთ მათგანს პოლიციის თანამშრომლებისათვის წინააღმედეგობა არ გაუწევიათ, ამის საშალება არანირად არ ჰქონდათ, ცემის მიზეზი იყო მხოლოდ ის, რომ გაიქცნენ. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა პოლიციის სამმართველოშიც. როდესაც ჩვენებას აძლევდა, ახლოს დადიოდა პროკურორი ხიზანაიძე, რომელიც მიუახლოვად კომპიუტერს და თქვა, რომ მას კარგი ჩვენება უნდა მიეცა. შემდეგ კითხა: „გახსოვს, რომ ავტომანქანის მძღოლმა გვერდით არსებულ „ჯიპში“ ვიღაცას დაუძახაო“ და რამდენჯერმე გაუმეორა, რომ ეს ასე უნდა ეთქვა. მის პასუხზე, რომ ასეთი რამ არ ახსოვდა და ასე არ ყოფილა, უთხრა: „გინდა თუ არა, რომ აქედან წახვიდეო“. ამ დროს იმყოფებოდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და უპასუხა, რომ სურვილი ქონდა წასულიყო. შემდეგ პოლიციელმა თავისი ინტერპრეტაციით დაწერა ჩვენება, რაც თავდაპირველად გააპროტესტა, თუმცა გვერდით მყოფმა თანამშრომელმა უთხრა: „მოაწერე ხელი და აქედან მიდიხარო“, რის შემდეგაც მოაწერა ჩვენებას ხელი და მალევე გაუშვეს სახლში. მოგვიანებით, დაახლოებით აგვისტოს თვეში დაიბარეს ისევ პოლიციის სამმართველოში, სადაც შეიყვანეს ერთ ოთახში, აჩვენეს თავისი ხელმოწერილი ჩვენება, რაზეც განუმარტა, რომ რაც მასში ეწერა, არ იყო სიმართლე. თუმცა სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ ცოტა ხანში დაიბარებდნენ, ჩვენებას წააკითხებდნენ, რაც უნდა დაეზეპირებინა და სასამართლოზე ეთქვა. როდესაც კვლავ დაიბარეს სამმართველოში, წააკითხეს ამობეჭდილი ჩვენება და მიიყვანეს სასამართლოში, სადაც პოლიციის თანამშრომლები მათთან შორიახლოს იდგნენ. სასამართლო სხდომაზე შიშის გამო სიმართლე ვერ თქვა, თუმცა ზუსტად ისეთი ჩვენებაც არ მისცა, რაზეც გამოძიების დროს ჰქონდა ხელი მოწერილი. საღამოს ძალიან ნერვიულობდა და დაუკავშირდა პროკურორს, რომელსაც განუმარტა, რომ დაიბნა და ყველაფერი ვერ თქვა. აღნიშნულზე პროკურორმა განუმარტა, რომ „იცოდე, უკმაყოფილო ვარ შენი ჩვენებითო“ და ამის შემდეგ მათთან ურთიერთობა აღარ ჰქონია. მოწმემ დაადასტურა, რომ აქციის ადილზე სროლის ხმა სულ ესმოდათ, თუმცა უშუალოდ მათი მისამართით სროლა დაიწყო სანაპიროზე, როდესაც დაედევნენ, მანამდე კი რუსთაველის გამზირზე ხელკეტებს ურტყავდნენ ავტომანქანას და მოუწოდებდნენ გაეჩერებინათ. მას არ დაუნახავს, რომ დაკავებისას საელჩოს ეზოში ი--------------ე ურტყამდა და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, ხოლო როდესაც გარეთ გამოიყვანეს, სამართალდამცავები სცემდნენ ივანეს, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ ჰქონია.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ი--------------ემ მის დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება პოლიციელების და ნაწამები მოწმეების ჩვენებებს. რეალურად, შემთხვევის ღამეს ცდილობდა თავი დაეღწია პოლიციელებისაგან, რომლებიც თავს ესხმოდნენ, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას ურტყავდნენ ხელკეტებს და ამსხვერევდნენ მინებს. მანქანის წინა საქარე მინა იყო დაბურული და მისი მეგობარი ცდილობდა გაწმენდას, თუმცა შეუძლებელი იყო გარეთ რაიმეს დანახვა, რის გამოც მცირე შეჯახება მოახდინა საპატრულო პოლიციის ავტომანქანასთან, რომელიც ცდილობდა მათთვის გზა გადაეღობა. ამის შემდეგ სამართალდამცავებმა დაუხვრიტეს საბურავები, თუმცა მაინც მოახერხეს თავის დაღწევა და აზრად მოუვიდათ, რომ საელჩოსთვის შეეფარებინათ თავი, ფიქრობდნენ, რომ სამართალდამცავები იქ არ შეჰყვებოდნენ. საელჩოს ეზოში ავტომობილით შესვლა ვერ მოახერხა, ვიანიდან კედელს შეეჯახნენ. ი--------------ემ შეძლო საელჩოს ეზოში ფეხით შესვლა, სადაც შეყვნენ პოლიცილები და დააკავეს, რომელთა მიხრიდანაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.

 

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობის განხილვის პროცესში გამოკვლეული მოწმის ჩვენებისა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს წინაშე ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი შინაარსის მატარებელი ახალი მტკიცებულებები, რომლებიც დაადგენდა სხვაგვარ ფაქტობრივ გარემოებებს და ეჭვის ქვეშ დააყენებდა ი--------------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით უტყუარად მიჩნეულ ფაქტებს.

 

პალატა განმარტავს, რომ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილება, უპირობოდ ვერ დაამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა დადგენილი ყოფილიყო სხვა სახის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საკმარისი იქნებოდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გასაუქმებლად.

 

მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი--------------ის მიერ განხორციელებულ ინკრიმინირებულ ქმედებებს; სასამართლო დაეყრდნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც სრულყოფილად პასუხობენ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს და ყოველგვარ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ, რომ ი--------------ემ მიზანმიმართული შეჯახების გზით დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, მისი დაკავების მცდელობისას კი წინასწარი შეთანხებით, ჯგუფურად, პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობით გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც გიორგი მაყაშვილს და ტარიელ მარგველანს დაუზიანდათ სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი. მსჯავრდებულ ი--------------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე განხილული იქნა სამივე ისტანციის სასამართლოს მიერ. იმ არსებითი ხასიათის გარემოებებზე, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე, აქცენტი იყო გაკეთებული როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე განაჩენის გასაჩივრების შემდგომ, საააპელაციო სასამართლოს წინაშეც. დაცვის მხარის აპელირება, რომ ი--------------ე ცდილობდა თავი დაეღწია სამართალდამცავების მხრიდან მომდინარე სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხისათვის და საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე შეჯახება მიზანმიმართულად არ განუხროციელებია, სრულყოფილად შეაფასა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გაანალიზა მოწმეთა ჩვენებები, ავტომანქანა „შკოდა ოქტავიას“ ამოღების ოქმი, მასზე ჩატარებული სასაქონლო და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, იმსჯელა ქმედების როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური შემადგენლობის არსებობაზე და ი--------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის სახით. ასევე, სასამართლომ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, პოლიციელების გიორგი მაყაშვილისგან და ტარიელ მარგველანისგან ამოღებული სამსახურებრივი ტანსაცმელი, მათზე ჩატარებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მიიჩნია, რომ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდნენ ი--------------ის მხრიდან სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს.

 

აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებული იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და საკასაციო პალატამ შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მიიჩნია, რომ კასატორი ვერ ასაბუთებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით განხილვას, რაც ასევე არ დადასტურდა საქმის შესწავლის შედეგად; გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ იყო დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად. ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტებით, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო ინსტანციაში საქმის არსებითი განხილვისას თითოეული მტკიცებულება შეფასებული იქნა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ი--------------ის მიერ ბრალად წარდგენილ ქმედების ჩადენას.

 

რაც შეეხება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის პროცესში წარმოდგენილ მტკიცებულებას, პალატა აფასებს რა მოწმე რ---------------ას მიერ სააპელაცო სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, მიიჩნევს, რომ იგი ვერ გახდება ი--------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის ერთ-ერთი საფუძველი. პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ მოწმის განმეორებით დაკითხვა და მისგან განსხვავებული ინფორმაციის მიღება, რაც წინააღმდეგოაში მოდის უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, ვერ გახდება შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი. თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმე რ---------------ას ჩვენება შეფასებული იქნა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებიც წარმოადგენდნენ ურთიერთთავსებად და შეთანხმებულ მტკიცებულებებს და უტყუარად ადასტურებდნენ ი--------------ის ბრალეულობას. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში რ---------------ამ არ დაადასტურა ი--------------ის მიერ როგორც საპატრულო პოლიციის ავტომანქანის განზრახ დაზიანების, ასევე სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი და განმარტა, რომ გამოძიების და საქმის არსებითი განხილვის დროს მასზე ახორციელებდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას; მისი თავისუფლების სანაცვლოდ თხოვდნენ, რომ მიეცა ჩვენება ი--------------ის წინააღმდეგ, რეალურად კი ი--------------ის ავტომანქანით გადაადგილებისას წინ დახვდათ პოლიციის „კორდონი“, რა დროსაც სამართალდამცავები ურტყავდნენ ხელკეტებს და ასევე ესროდნენ, ამის გამო მათი ავტომანქანა მიდიოდა სრულიად უკონტროლოდ და რაღაც მომენტში საპატრულო პოლიციის ავტომანქანასაც დაეჯახნენ, ხოლო დაკავების დროს, როგორც მან დაინახა, ი--------------ეს პოლიციელებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, ვიანიდან ამის შესაძლებლობა არ ჰქონია.

 

პალატა მიუთითებს, რომ მოწმე რ---------------ას მიმართ სამართალდამცავების მხრიდან განხორიცელებული ზეწოლის ფაქტი, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მასალებით; ასევე, არც თავად მოწმეს და არც დაცვის მხარეს არ წარმოუდგენიათ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი ან მტკიცებულება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ რ---------------ამ ცალსახად არც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ი--------------ის მიერ პოლიციის თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი. როგორც მისი ჩვენებიდან ირკვევა, ჩეხეთის საელჩოსთან ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ დაწვა ძირს და არ განძრეულა, მას ესმოდა ყვირილის ხმა „ხელი გამიშვი“, „დაწექი“, „არ გაინძრე“. საპატრულო პოლიციის ავტომანქანის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით კი მიუთითა, რომ სანაპირო იყო პოლიციის თანამშრომლების ავტომანქანებით გადაკეტილი, რომელთაგან ერთ-ერთს დაეჯახნენ და გზა გააგრძელეს, თუმცა დაჯახების მიზეზებთან დაკავშირებით მას განმარტება არ გაუკეთებია. მოწმე რ---------------ამ სააპელაციო სასამართლოს წინაშეც დაადასტურა, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას არ მისცა ი--------------ის ბრალეულობის დამადასტურებელი იმ შინაარსის ჩვენება, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა მიცემული, რის გამოც პროკურორმა ისიც კი უთხრა, რომ უკმაყოფილო იყო მისი ჩვენებით.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, ი--------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების შეფასებისას პირველი ისნატანციის და სააპელაციო სასამართლოებმა იხელმძღვანელეს რ---------------ას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, რაც არ ყოფილა ის ძირითადი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც ქმნიდა პირის მიმართ გამატყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო საფუძველს და მისი შეფასება მოხდა სხვა, ზეპირ და წერილობით მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. იმ პირობებში, როდესაც რ---------------ას ჩვენება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამყარებული იყო სხვა მტკიცებულებებით, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გაუქმებისათვის საკმარისად ვერ იქნება მიჩნეული აღნიშნული მოწმის მიერ ჩვენების შინაარსის ნაწილობრივ შეცვლა და დამატებით ახალი ვერსიების წარმოჩენა, რაც სხვა მტკიცებულებებით არ არის გამყარებული. პალატა მიიჩნევს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის პროცესში სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ვერ აბათილებენ და ვერ ამტკიცებენ ი--------------ის უდანაშაულობას.

 

რაც შეეხება თავად ი--------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის განმარტებებს აქციის დაშლაში მონაწილე სამართალდამცავების ქცევასა და შემთხვევის ღამეს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ იგი არ წარმოადგენს ისეთ ახალ გარემოებას, რომელიც იქნებოდა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგოლობის დაკმაყოფილების საფუძველი (ი--------------ე არც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, უთითებდა სამართალდამცავების მხრიდან მისი სისოცოცხლის მოსპობის საფრთხეზე და ითხოვდა გამართლებას). პირველი ისნატცნიის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა, რომ ი--------------ე არ დაემორჩილა სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას - გაეჩერებინა ავტომანქანა და მის წინ არსებული ბარიერის გადალახვის მიზნით, მოახდინა საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე შეჯახება. მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაზე არსებული დაზიანებები კი შესაბამისობაშია პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებთან და ეწინააღმდეგება დაცვის მხარის ვერსიას, რომ პოლიციის თანამშრომლები ახორციელებდნენ ხელკეტებითა და ტყვიებით ი--------------ის ავტომანქანის დაზიანებას, რა დროსაც ამ უკანასკნლემა იგრძნო სიცოცხლის მოსპობის ან მინიმუმ, ჯანმრთელობის დაზიანების რეალური საფრთხე. მსჯავრდებული და მის ავტომანქანაში მყოფი პირები არ უარყოფენ, რომ არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ სამართალდამცავებს. ხოლო უშუალოდ პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი დადასტურებულია დაზარალებულების, შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებებით, ასევე დაზარალებულების გიორგი მაყაშვილის და ტარიელ მარგველანის სამსახურებრივ ფორმაზე არსებული დაზიანებებით. ამდენად, დაცვის მხარის განმარტება, რომ ი--------------ე არის მხოლოდ დამხოლოდ პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივი დევნის მსხვერპლი, მოკლებულია რეალობას და არადამაჯერებელია, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გამო.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის პროცესში, დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი სახის წონადი მტკიცებულებები, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა გამამტუნებელი განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ი--------------ემ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული ყველა მტკიცებულება, სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფასებული იქნა ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლის თვალით და სათანადო ანალიზის შედეგად გამოტანილი იქნა შესაბამისი დასკვნები, გამამტყუნებელი განაჩენის სახით. აღნიშნული მტკიცებულებები კი დაცვის მხარის მიერ გაბათილებული ვერ იქნა.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, შუადგომლობის წარდგენა არის აღნიშნული შუამდგომლობის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი, თუმცა ხსენებული ნორმა და „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილება, არ წარმოადგენს შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულის უპირობოდ გამართლების საფუძველს (იხ.საქმე №199აგ-16, 12 აპრილი, 2017 წელი).

 

უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, კერძოდ: „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი; ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი; აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. მტკიცებულებების შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-31-ე მუხლის და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

პალატამ შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებასთან, მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული ი--------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ი--------------ის და მისი ადვოკატის გ--–--------–--–---–ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი მსჯავრდებულ ი--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე, 310-ე, 3321 მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი--------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--–--------–--–---–ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის განაჩენი ი--------------ის მიმართ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

ლევან თევზაძე