განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.09.2019
საქმის ნომერი
080210117002181619
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210117002181619

განჩინება

საქართველოს სახელით

№2/ბ-935-2019 30.09.2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - თ--ა ნ------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს „კ------------ი“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება 1621.59 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

 

2. მითითება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2.1. სს ,,კ------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2.1.1. თ--ა ნ------ეს, თ----–ა გ--------ეს, ა----------ეს და თ----რ გ--------ეს, სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 4021.59 აშშ დოლარის გადახდა. (საიდანაც ძირი თანხაა - 3054.49 აშშ დოლარი, პროცენტი - 721.82 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო - 17.68 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 100 აშშ დოლარი, სადაზღვევო შესატანი -127.60 აშშ დოლარი).

 

2.1.2. სს ,,კ------------ის“ სარჩელი პირგასამტეხლოს სახით 363.28 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

3. საქალაქო სასამართლომ დაადგინა:

3.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3.1.1. 2015 წლის 15 აპრილს შპს „მ-----------------------------–-----------სა“ და თ--ა ნ------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20150415TNERG, რის საფუძველზეც მას სესხის სახით გადაეცა 4500 აშშ დოლარი, 37 თვის ვადით, 2018 წლის მაისის ჩათვლით. სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 2.05%–ს. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევისთვის, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე – პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული, გადაუხდელი ძირი თანხის 5%–ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე – გადაუხდელ ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

3.1.2. 2015 წლის 15 აპრილს თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეებმა თ----–ა გ--------ემ, ა----------ემ და თ----რ გ--------ემ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე თ--ა ნ------ის მიერ 2015 წლის 15 აპრილის N20150415TNERG სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე – სესხის ძირითად თანხაზე - 4500 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 1997.85 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 229.68 აშშ დოლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე (საკომისიო) 42.93 აშშ დოლარზე, რაც ჯამში შეადგენს 6770.46 აშშ დოლარს, ასევე, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე.

 

3.1.3. მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით სესხის დაფარვის ვალდებულება. მას, 2016 წლის 20 სექტემბრის შემდგომ, გადახდა არ განუხორციელებია. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს.

 

3.1.4. სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მოპასუხეების დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 4384.87 აშშ დოლარს, საიდანაც 3054.49 აშშ დოლარი ძირითადი თანხა, 721.82 აშშ დოლარი – სარგებელი, 52.69 აშშ დოლარი - გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, (მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა), 410.59 აშშ დოლარი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27%–ის ოდენობით, 150 დღის განმავლობაში, 127.60 აშშ დოლარი – სადაზღვევო შესატანი, 17.68 აშშ დოლარი – მომსახურების საკომისიო.

 

3.1.5. შპს ,,მ-----------------------------–-----------ს'' 2016 წლის 9 სექტემბერს რეორგანიზაციის შედეგად შეეცვალა სამართლებრივი ფორმა. ამჟამად ის წარმოადგენს სააქციო საზოგადოება ,,კ------------ს''.

 

3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3.2.1. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316–317–ე, 623-ე, 624–ე, 625–ე და 361–ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელი თ--ა ნ------ე, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, მოვალე იყო სესხი გადაეხადა გადახდის გრაფიკის მიხედვით, რაც მოიცავდა სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას. მსესხებელმა სესხი არ დაფარა ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ.

 

3.2.2. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 891–ე, 895–ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად, ძირითად მოვალე თ--ა ნ------ესთან ერთად მთლიანი ვალდებულების შესრულებაში მონაწილეობის მიღება ევალებოდათ ასევე სოლიდარულად თავდებ პირებს თ----–ა გ--------ეს, ა----------ეს და თ----რ გ--------ეს, როგორც სოლიდარულ მოვალეეებს, რომლებმაც იკისრეს თავდებობა, კრედიტორის წინაშე თ--ა ნ------ის ვალდებულების შესასრულებლად.

 

3.2.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვინაიდან ძირითადმა მოვალემ და სოლიდარულად თავდებმა პირებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად კეთკეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.შესრულების მოვალეობა მათ უნდა დაეკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის – სესხის ძირის, დარიცხული სარგებლისა და სიცოცხლის სადაზღვევო პრემიის გადახდის მოვალეობა, რაც ჯამში შეადგენს – 3921.59 აშშ დოლარს.

 

3.2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

3.2.5. სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს ენიჭება შეთანხმებული პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

3.2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 0.27%-ის ოდენობით, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს, შესაბამისად, თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს (ჯარიმა) ოდენობა უნდა განისაზღვროს 2015 წლის 15 აპრილს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 100 აშშ დოლარი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ--ა ნ------ემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა, 1621.59 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

 

3.2. აპელანტმა ასევე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მსესხებლის დავალიანება შეადგენდა 4021.59 აშშ დოლარს. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 6300 აშშ დოლარი, მსესხებელს გადახდილი ჰქონდა 2900 აშშ დოლარი. შესაბამისად, გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის - 4021.59 აშშ დოლარის დამატებით გადახდის შემთხვევაში, ბანკი ფაქტობრივად მიიღებს 6921 აშშ დოლარს, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6300 აშშ დოლარისა.

 

3.1.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეებს თ----–ა გ--------ეს, ა----------ეს და თ----რ გ--------ეს თ--ა ნ------ესთან ერთად ეკისრებოდათ დავალინების სოლიდარულად დაფარვის ვალდებულება. ამგვარი ვალდებულების შესახებ განმარტება მოპასუხეებს არ მიუღიათ. მართალია, მათ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თავდებობის შესახებ, მაგრამ ის ნაბეჭდი იყო იმდენად წვრილი შრიფტით, რომ მისი წაკითხვა და შინაარსის გაცნობა ფაქტობრივად იყო შეუძლებელი.

 

3.1.3. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ, თუმცა მხედველობაში არ მიიღო/არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსესხებელი თხოვდა მოსარჩელეს გადაენაწილებინა შესატანი თანხა, რასაც არ თანხმდებოდა მოსარჩელე.

 

3.1.4. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელის უნდა გამოეყენებინა, არასწორად დაიანგარიშა დაავალიანების ოდენობა, ასევე არასწორად დაადგინა თანხის სოლიდარულად გადახდის ვალდებულება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

 

4.1.1. რაც შეეხება აპელანტის შუამდგომლობას, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761.3 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.

 

4.1.2. პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას არ მიიჩნევს ევროკონვენციის 6.1. მუხლის დარღვევად და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეს ეცნობა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ და ასევე ჩაბარდა სათანადო შეტყობინება საქმის განხილვის დაწყებამდე, ხოლო საქმის მასალები არ მიუთითებდა იმაზე, რომ ზეპირი განხილვის სანაცვლოდ მხარისათვის შეთავაზებული წერილობითი პროცედურა არ იყო გამჭვირვალე და შეიცავდა სხვა წინაპირობებს, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა მის სამართლიანობას (იხ. ECHR: „რიჟამაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი no: 2745/03, 31.07.2007წ. გადაწყვეტილება).

 

4.1.3. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ სახეზეა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დადებული სესხის გაცემის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა. შესაბამისად, მოცემული საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა გამომდინარეობს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის დანაწესიდან. საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო განხილვის თითოეული ეტაპის შესახებ მხარეები ინფორმირებული არიან, მათ გადაეგზავნათ საქმეში არსებული მასალები და ეცნობათ საქმის განხილვის თარიღის, ასევე, განხილვის ფორმის თაობაზე. აპელანტს ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელი სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით. მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა სასამართლოსათვის წერილობით წარმოედგინა ნებისმიერ საკითხზე საკუთარი პოზიცია და წარმოადგინა კიდეც. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა და მიზანშეწონილობა, რის გამოც აპელანტის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

დადგენილი უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. 2015 წლის 15 აპრილს შპს „მ-----------------------------–-----------სა“ და თ--ა ნ------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20150415TNERG. (ს. ფ. 21–22)

 

4.2.2. სესხის ხელშეკრულების საფუძვლეზე, თ--ა ნ------ემ მიიღო სესხი 4500 აშშ დოლარის ოდენობით, 37 თვის ვადით. სესხი იყო სარგებლიანი. სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურ 2.05%–ს. (ხელშეკრულების 3.13. პუნქტი).

 

4.2.3. ,,გამსესხებლის’’ და ,,მსესხებლის’’ რისკების შემცირების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევაზე, გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იქნებოდა გამსესხებელი. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. (ხელშეკრულების 5.1 –5.3. პუნქტები)

 

4.2.4. მხარეთა შეთანხმებით, მსესხებელი ვალდებული იყო სესხის გადახდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად, 05.06.2015 წლიდან 05.05.2018 წლის ჩათვლით. ყოველთვიური გადასახდელი თანხა მოიცავდა სესხის ძირს, სარგებელს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიას და მომსახურების ყოველწლიურ საკომისიოს, ჯამში 6770.46 აშშ დოლარის ოდენობით, მათ შორის სესხის ძირითადი თანხა - 4500 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 1997.85 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის პრემია - 229.68 აშშ დოლარი, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადი (საკომისიო) - 42.93 აშშ დოლარი. (ს. ფ. 23)

 

4.2.5. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევისთვის, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე – პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული, გადაუხდელი ძირი თანხის 5%–ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე – გადაუხდელ ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

4.2.6. სესხის ხელშეკრულების 3.10 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ დაგვიანებით განხორციელებული შენატანების განაწილების წესზე, რომლის თანახმად, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხით პირველ რიგში დაიფარებოდა გადაუხდელ თანხაზე დარიცხული ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ მომსახურების საკომისიო, დარიცხული სარგებელი და ბოლოს სესხის ძირი თანხა.

 

4.2.7. სესხის ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, რა დროსაც მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და დარიცხული ჯარიმა.

 

4.2.8. 2015 წლის 15 აპრილს, შპს „მ-------------ს“ თავდებობის შესახებ განცხადებებით მიმართეს მოპასუხეებმა თ----–ა გ--------ემ, ა----------ემ და თ----რ გ--------ემ. მათ განაცხადეს თანხმობა და იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე, თ--ა ნ------ის მიერ 2015 წლის 15 აპრილის N20150415TNERG სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის, სიცოცხლის სადაზღვევო პრემიის, მომსახურების ყოველწლიური გადასახადის და ყოველთვიური შენატანების გადაუხდელობის გამო დარიცხული ჯარიმების ჩათვლით (ს. ფ. 24–26).

 

4.2.9. შპს ,,მ-----------------------------–-----------სა” და თ--ა ნ------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 15 აპრილს, თ----–ა გ--------ეს, ა----------ეს, თ----რ გ--------ესა და შპს „მ-------------ს“ შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებელის წინაშე მსესხებლის – თ--ა ნ------ის მიერ 2015 წლის 15 აპრილის N20150415TNERG სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე – სესხის ძირითად თანხაზე - 4500 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 1997.85 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 229.68 აშშ დოლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე (საკომისიო) - 42.93 აშშ დოლარზე, რაც ჯამში შეადგენს 6770.46 აშშ დოლარს, ასევე, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე სრულად. (ს. ფ. 27–29)

 

4.2.10. მსესხებელი თ--ა ნ------ე, 11.06.2015 წლიდან 20.09.2016 წლამდე, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ ყოველთვიურად ასრულებდა სესხის დაფარვის ვალდებულებას გადახდის გრაფიკით გათვალიწინებული ოდენობით. 20.09.2016 წლის ჩათვლით თ--ა ნ------ემ გადაიხადა ჯამში – 2982.01 აშშ დოლარი, საიდანაც დაიფარა ძირი დავალიანება – 1445,51 აშშ დოლარი, სარგებელი – 1276.03 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 102.08 აშშ დოლარი, საკომისიო - 25.25 აშშ დოლარი, ჯარიმა - 133.14 აშშ დოლარი.

 

4.2.11. 20.09.2016 წლის შემდეგ მსესხებელმა შეწყვიტა სესხის დაფარვა და გაფრთხილების მიუხედავად არ უზრუნველყო დავალიანების გადახდა. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის, სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მოპასუხეებისათვის დარიცხულმა დავალიანებამ შეადგინა – 4384.87 აშშ დოლარი, მათ შორის ძირი დავალიანება – 3054.49 აშშ დოლარი, სარგებელი – 721.82 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა – 127.60 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო - 17.68 აშშ დოლარი, ჯარიმა - 463.28 აშშ დოლარი. (რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემცირებულია 100 აშშ დოლარამდე).

 

4.2.12. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარჩელისათვის გადახდილი თანხის (დაახლოებით 2900 აშშ დოლარის) გათვალისწინებით, მისი დავალიანება ბანკის წინაშე სასამართლოს მიერ უნდა განსაზღვრულიყო 2400 აშშ დოლარით. პალატა აღნიშნავს, რომ ამგვარი გაანგარიშება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებიდან. კერძოდ, დადგენილია, რომ მსესხებელმა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის გადაეხადა ჯამში 6770.46 აშშ დოლარი, მათ შორის სესხის ძირითადი თანხა - 4500 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 1997.85 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის პრემია - 229.68 აშშ დოლარი, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადი (საკომისიო) - 42.93 აშშ დოლარი. დადგენილია, რომ მსესხებელმა 15.04.2015 წლიდან 20.09.2016 წლამდე პერიოდში, ვადაგადაცილებებით, გადაიხადა ჯამში 2982.01 აშშ დოლარი, საიდანაც, სესხის ხელშეკრულების 3.10 პუნქტით გათვალისწინებული წესის დაცვით, პირველ რიგში დაიფარა ჯარიმა - 133.14 აშშ დოლარის ოდენობით, საკომისიო და სადაზღვევო პრემია - 127.33 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებელი - 1276.03 აშშ დოლარი, სესხის ძირი - 1445.51 აშშ დოლარი. შესაბამისად, აპელანტის მიერ შემოთავაზებული პრინციპით დაანგარიშების შემთხვევაშიც, მსესხებლის დაუფარავი ვალდებულება სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შეადგენს 3921.59 აშშ დოლარს და არა 2400 აშშ დოლარს, როგორც ამას მიუთითებს აპელანტი. ნიშანდობლივია, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელების სრულად გადახდის ვალდებულება იკისრა, მის მიერ ვალდებულებათა დარღვევის გამო, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაშიც.

 

4.2.13. პალატა მიუთითებს, რომ ყოველმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში აპელანტს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, გარდა განმარტებისა არ წარმოუდგენია. მხარის ახსნა-განმარტება, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მართალია, წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მტკიცებულებას, მაგრამ მას მოწინააღმდეგე მხარის განმარტებასთან ერთად უპირისპირდება და აბათილებს საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები - სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებები, სესხის დაფარვის გრაფიკი და წერილობითი ინფორმაცია ფაქტობრივად განხორციელებულ გადახდებსა და დავალიანებაზე.

 

4.2.14. პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას, რომ მისთვის და თავდები პირებისათვის უცნობი იყო თავდებობის ხელშეკრულებათა შინაარსი, რის გამოც ხელშეკრულებები ბათილია და თავდებ პირებს არ უნდა დაეკისროთ დავალიანების გადახდა.

 

4.2.15. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგის მიღების სურვილსა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს. (საქმე №ას-272-272-2018).

 

4.2.16. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია თავდებ პირთა განცხადებებზე და თავდებობის ხელშეკრულებებზე მსესხებლისა და თავდებ პირთა ხელმოწერებით. იმ შემთხვევაშიც, თუ დავუშვებთ, რომ ხელმოწერისას ისინი მართლაც არ გაცნობიან ხელშეკრულების შინაარსს, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხეთა მხრიდან დაშვებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.

 

4.2.17. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

4.2.18. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულებები და ასევე თავდებების განცხადებები, რომლითაც მსესხებელი მოპასუხე თანახმაა, მიიღოს სესხი მოსარჩელისაგან, ხოლო თავდებები გამოხატავენ თანხმობას, მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად, ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად თავდებად დაუდგნენ მოვალეს. საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მსესხებლისა და თავდები პირებისათვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების პირობები და მცირე ზომის ბეჭდური შრიფტის გამო უცნობი იყო ხელშეკრულების შინაარსი. პირიქით, დადგენილია, რომ აპელანტი რამდენიმე თვის მანძილზე სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად უზრუნველყოფდა სესხის დაფარვას.

 

4.2.19. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას, ბეჭდური შრიფტის ზომის გამო ხელშეკრულების წაკითხვის შეუძლებლობასთან დაკავშირებით მოპასუხეებს რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამთ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავდებ პირთა განცხადებებები, სადაც ისინი გამოხატავენ თავდებობის ნებას და კისრულობენ სოლიდარულ პასუხისმგებლობას თ--ა ნ------ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებაზე, დაბეჭდილი არ არის მცირე ზომის შრიფტით და ის თავისუფლად წაკითხვადია, ისევე როგორც მოპასუხეებთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებები. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თავდებობის ხელშეკრულებები ნამდვილია და თავდები პირების სახელშეკრულებო ვალდებულებები წარმოშობილია მათი მხრიდან ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე, რაც მათ სააპელაციო წესით სადავოდ არც გაუხდიათ.

 

4.2.20. 2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მ-----------------------------–-----------მ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმა სს ,,მ-----------------------------–-----------დ”.

 

4.3. სამართლებრივი დასაბუთება

 

4.3.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

4.3.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

4.3.4. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–625–ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 867-ე მუხლების საფუძველზე მართებულად დააკმაყოფილა მოთხოვნა. პალატა იზიარებს რა პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სასამართლოს დასკვნებს დამატებით მიუთითებს შემდეგს:

 

4.3.5. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს სესხისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების დაკისრება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი, რომლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი და სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

4.3.6. დადგენილია, რომ შპს "მ-------------სთან" გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით, მსესხებელმა თ--ა ნ------ემ იკისრა ვალდებულება სარგებლიანი სესხის დაფარვა უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა მომსახურების საკომისიოსა და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას. ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა ყოფილიყო თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხა მოიცავდა სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს, მომსახურების გადასახადს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას.

 

4.3.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად და ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

4.3.8. სკ-ის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად კი, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ამავე კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

4.3.9. დადგენილია, რომ თ--ა ნ------ესთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა შპს "მ-------------ს" წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებაზე იკისრეს თ----–ა გ--------ემ, ა----------ემ და თ----რ გ--------ემ, სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, სადაზღვევო პრემიისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. შესაბამისად, მათ ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს, საკომისიოს და სადაზღვევო შენატანის სახით არსებულ დავალიანებაზე, თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში, რასაც სრულად შეესაბამება მოსარჩელის მოთხოვნა.

 

4.3.10. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.

 

4.3.11. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

 

4.3.12. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოსარჩელის მოთხოვნა კი სრულად შეესაბამება იმ ვალდებულებას, რომლის შესრულების მოვალეობა მოპასუხეებს მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით ეკისრებოდათ სარჩელის აღძვრის დროისათვის.

 

4.3.13. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

4.3.14. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვიეს და მათ წარმოეშვათ პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

 

4.3.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

4.3.16. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

4.3.17. საქალაქო სასამართლომ მოპასუხეებისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 463.28 აშშ დოლარი შეამცირა 100 აშშ დოლარამდე. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა გასაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობით.

 

4.3.18. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 144 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სს „კ------------ი“ შპს „მ-------------ს“ სამართალმემკვიდრეა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, იგი უფლებამოსილია აპელანტისაგან ვალდებულების შესრულება მოითხოვოს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ამდენად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა არ არსებობს გაწეული საპროცესო ხარჯის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესისა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა:

 

1. თ--ა ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი