განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2020
საქმის ნომერი
330100119003048013
ინსტანცია
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119003048013

საქმე №1ბ/756-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

6 მარტი, 2020 წელი თბილისი

თავმჯდომარე: მაია თეთრაული

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: როინ ხინთიბიძე

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ა-------- ნ------–--ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რეგისტრირებული: რუსეთის ფედერაცია, ქალაქი კ-------------–------------------------------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ადვოკატი: თამარ აბესაძე, ზურაბ მამულაშვილი

 

თარჯიმანი: იგორ მაისურაძე

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, ასევე მსჯავრდებულ ა-------- ნ------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა თამარ აბესაძემ და ზურაბ მამულაშვილმა.

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ა-------- ნ------–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 18,260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

 

დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და მისთვის 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

 

ბრალდების არსი:

 

ა-------- ნ------–--მა, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, რომელსაც ის უკანონოდ ინახავდა ქალაქ თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის ბოლოში განთავსებული სასაფლაოების მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში. 2019 წლის 1 მაისს, შუადღის საათებში, ა-------- ნ------–--ი იმყოფებოდა ამ სასაფლაოს მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, რა დროსაც ცდილობდა, სხვადასხვა ტერიტორიაზე განეთავსებინა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, რითაც ქმნიდა პირობებს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის. ა-------- ნ------–--ის აღნიშნული ქმედება აღკვეთილ იქნა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ.

 

ა-------- ნ------–--ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; ასევე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით და სსკ-ის 18,260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ა-------- ნ------–--მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, რომელსაც ის უკანონოდ ინახავდა ქალაქ თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის ბოლოში განთავსებული სასაფლაოების მიმდებარედ არსებული ტყის მასივში.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ა-------- ნ------–--ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა-------- ნ------–--ის მიერ მასზედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმე ა------- ო-----–---–ის პატაკით, მოწმეების ა------- ო-----–---–ის, ლ-–- ბ----ს გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

დაცვის მხარემ, პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაო მტკიცებულებებად მიიჩნიეს მხოლოდ ბრალდების შესახებ დადგენილება და ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი.

 

ა-------- ნ------–--მა, სასამართლოში საქმის განხილვისას, სრულად ცნო თავი დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ არ დაეთანხმა სსკ-ის 18,260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მისთვის წაყენებულ ბრალდებას და განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი მას არ ჰქონია.

 

პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა-------- ნ------–--მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო მომზადების გასაღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით და სსკ-ის 18.260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ა-------- ნ------–--მა, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, რომელსაც ის უკანონოდ ინახავდა ქალაქ თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის ბოლოში განთავსებული სასაფლაოების მიმდებარედ არსებული ტყის მასივში.

2019 წლის 1 მაისს, შუადღის საათებში, ა-------- ნ------–--ი იმყოფებოდა ამ სასაფლაოს მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, რა დროსაც ცდილობდა, სხვადასხვა ტერიტორიაზე განეთავსებინა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, რითაც ქმნიდა პირობებს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის. ა-------- ნ------–--ის აღნიშნული ქმედება აღკვეთილ იქნა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-------- ნ------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ ა-------- ნ------–--ის ბრალდებიდან უნდა ამოირიცხოს 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე მითითება, როგორც კვალიფიკაციის ნაწილში არასწორად წარდგენილი ბრალდება, რომელიც არ გამომდინარეობს ბრალდების ფორმულირებიდან. (აღნიშნული საკითხი გასაჩივრებული არ ყოფილა).

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-------- ნ------–--ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე, საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან აღნიშნული არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, ხოლო იმისათვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება და სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა აუცილებელია საკმარის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა;

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ბრალის დასადასტურებლად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

მოწმე ა-------- ნ------–--ის გამოკითხვის ოქმი, სადაც ის აღირებს ნარკოტიკული საშულების გასაღების მომზადებას, თუმცა სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ მას გასაღების მიზანი არ ჰქონია; ა------- ო-----–---–ის პატაკი, რითაც დადგენილია, რომ მის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოების მიმდებარედ არსებული ტყის მასივში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ა-------- ნ------–--ი, რომელმაც „უნდა აიღოს ტყის მასივში დადებული ნარკოტიკული საშუალება“; მოწმე ა------- ო-----–---–ის გამოკითხვის ოქმი, რითაც დადგენილია, რომ მისთვის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოების მიმდებარედ არსებული ტყის მასივში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ა-------- ნ------–--ი, რომელსაც უნდა აეღო აღნიშნული ტყის მასივში განთავსებული ნარკოტიკული საშუალება; მოწმე ლ-–- ბ----ს გამოკითხვის ოქმი, რითაც დადგენილია, რომ ა------- ო-----–---–ის პატაკის საფუძველზე გამომძიებელ თამარ გრიგალაშვილის მიერ დაიწყო გამოძიება ა-------- ნ------–--ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე, რის შემდეგაც მასთან ჩატარდა საგამოძიებო ექპსერიმენტი - ჩვენების ადგილზე შემოწმება, რა დროსაც მან მიუთითა ის კონკრეტული ადგილი, სადაც ინახებოდა ნარკოტიკული საშულება და მის მიერ ამოღებული იქნა ლურჯი წებოვანი ლენტით (ე.წ. „სკოჩით“) შემოგარსული მოთეთრო პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება; საგამოძიებო ექპერიმენტის ოქმი, რომლითაც დადგენილია, რომ ა-------- ნ------–--მა მიუთითა კონკრეტული ხის ძირებზე, სადაც ნიადაგისა და წიწვების ქვეშ დამალული იყო ნარკოტიკული საშუალება; ამოღების ოქმი, რომლითაც დადგენილია, რომ ქ. თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩის ბოლოში არსებული სასაფლაოების ზემოთ არსებული ტყის მასივში, წიწვოვანი ხის ძირს, ნიადაგისა და წიწვების ქვეშ, მიწიდან ამოღებული იქნა მოლურჯო ფერის წებოვანი ლენტით შეკრული პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მასა; ქიმიური ექსპერტიზის №2320/სქ-№2161/ქრ დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოთეთრო ფხვიერი ნივთიერება, წონით 123,35 გრამი, შეიცავს ნარკოტიკული საშუალება - ალფა-პვპ-ს; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, დასტურდება, რომ 2019 წლის 1 მაისს, ა-------- ნ------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მისი მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით - 863819043841484 და 863819043841492; კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ ა-------- ნ------–--ის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ამოღებულ იქნა მხოლოდ არსებული სტატუსის მქონე განხორციელებული ზარები, საკონტაქტო ჩანაწერები, მულტი მედია შეტყობინებები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ვებ გვერდების ისტორია, გრაფიკული დოკუმენტის აუდიო და ვიდეო ფაილები, ხოლო სხვა სახის ინფორმაციის ამოღება ან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა საექსპერტო დაწესებულებაში არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელია; ამავე მობილურ ტელეფონში მოთავსებულ სიმბარათზე არსებული სტატუსის მქონე ინფორმაცია არ აღმოჩნდა, ხოლო წაშლილი სტატუსის მქონე ინფორმაციის აღდგენა საექსპერტო დაწესებულებაში არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელია.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ ა-------- ნ------–--ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადების თაობაზე ინფორმაცია ასახულია მხოლოდ თვით ა-------- ნ------–--ის გამოკითხვის ოქმში და აღნიშნული სხვა არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გარდა ა-------- ნ------–--ის გამოკითხვის ოქმისა, რომელმაც შედგომ სასამართლოში უარყო ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ა-------- ნ------–--ის გამოკითხის ოქმთან ერთად, დააკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს, პირდაპირ ან ირიბად მაინც დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მომზადების მიზანს. ამასთან, ბრალდებული სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე არის შეზღუდული მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით და მას, როგორც ნებისმიერ სხვა პირს, უფლება აქვს სასამართლოს არ მისცეს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი ჩვენება. ბრალდებულის ეს უფლებები არ შეიძლება განიმარტოს მის საწინააღმდეგოდ ან/და მიჩნეული იქნას მისი ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

ამდენად, ა-------- ნ------–--ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-------- ნ------–--მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-------- ნ------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ა-------- ნ------–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ვერც ბრალდების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ ა-------- ნ------–--ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით არ აქვს დანიშნული სამართლიანი სასჯელი და ვერც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-------- ნ------–--ისათვის სასჯელის 1 წლამდე შემცირების თაობაზე და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი ა-------- ნ------–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ა-------- ნ------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, პასპორტი და ფული 470(ოთხასსამოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; არტიონ ნ------–--ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში უნდა განადგურდეს; კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის როინ ხინთიბიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ა-------- ნ------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების თამარ აბესაძისა და ზურაბ მამულაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა-------- ნ------–--ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ა-------- ნ------–--ს ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ა-------- ნ------–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

ა-------- ნ------–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1 მაისიდან.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ა-------- ნ------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ა-------- ნ------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, პასპორტი და ფული 470(ოთხასსამოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

არტიონ ნ------–--ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში განადგურდეს;

კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/

 

მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/

 

/გ. ჯეირანაშვილი/