განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.02.2020
საქმის ნომერი
831210019002951494
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
17.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/9163-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - მაია გიგაური

სხდომის მდივანი – ლანა ჩერქეზიშვილი

 

აპელანტი - ზ-----–---–-----ი

წარმომადგენელი - ბ--------–-----ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – დ---------–----ი

წარმომადგენელი - ხ----------------ი

 

მესამე პირი - ჟ--–---------–----ი

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხე დ---------–----ს დაევალოს მოსარჩელე ზ-----–---–-----ის საკუთრებაში არსებული 0,12 ჰა მიწის ნაკვეთის, მდებარე მისამართზე: თ--------------------- (ს/კ 7----------- (ს.კ 7-----------) გათავისუფლება მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ზედდება-გადაფარვისაგან) იმ ფარგლებში, რაც მითითებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილებაზე დართულ ნახაზზე და აღიკვეთოს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელე ზ-----–---–-----ის (პ/ნ 0----------) საკუთრების უფლების ხელშეშლა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ზ-----–---–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზ-----–---–-----მა და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, პირველ ინსტანციაში მოსარჩელე ზ-----–---–-----ის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებით, კერძოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის ოქმით და ასევე მოწმეების - მ---–-----–---–------სა და ნ-----------------ის ჩვენებებით ცალსახადაა დადგენილი იმ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რომელიც 2017 წლის 05 თებერვალს ჩუქების ხელშეკრულებით მ---–-----–---–-----მა აჩუქა შვილს - ზ-----–---–-----ს და რომელიც უშუალოდ აზომა ნ-----------------ემ. ამ მიწის საკადასტრო კოდია 7----------- (ამჟამად ს.კ. 3----------). სასამართლომ არანაირი ყურადღება არ გაამახვილა ჩუქების ხელშეკრულების ყველაზე ადრე (სადაო ურთიერთობის წარმოშობამდე) გაფორმებასა და ყველაზე ადრე ზ-----–---–-----ის მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებაზედ, მითუმეტეს, რომ საქმეში არსებული ვერცერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მიწის ნაკვეთების ს.კ. 7---------- (რომლის გაყოფის შედეგადაც ზ-----–---–-----მა ჩუქებით მიიღო მიწის ნაკვეთი ს.კ. 7----------- (ამჟამად ს.კ. 7-----------)) და მიწის ნაკვეთის ს.კ. 7----------- (რომლის ფართობიც სადავოა) იდენტურობას.

 

3.2. აპელანტის შეფასებით, საქმეზე ცალსახადაა დადგენილი იმ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რომელიც ეკუთვნის აპელანტ ზ-----–---–-----ს (ს.კ. 7----------- (ამჟამად ს.კ. 7-----------) - სხვა მტკიცებულება არ არსებობს და მხოლოდ ფაქტების კონსტატაციითა და ამზომველის ჩვენებით იყო შესაძლებელი ამის დამტკიცება.

 

3.3. აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მ---–-----–---–------ გარდა იმ ნაკვეთისა, რომელიც გაყო ორ ნაწილად ს.კ. 7-----------) და საიდანაც ერთი ნაწილი გააჩუქა შვილზე ზ-----–---–-----ზე, ასევე ფლობდა სხვა მიწის ნაკვეთსაც, მდებარეს მისამართზე: თ--------------------- ს.კ. 7-----------, დაზუსტებული ფართი 2500 კვ.მ. რამდენადაც მოწმის სახით დაკითხვის დროს, როგორც მ---–-----–---–-----მა, ასევე ამზომველმა ნ-----------------ემ ცალსახად დაადასტურეს, რომ მ---–-----–---–-----ს ერიცხებოდა მხოლოდ ის 2500 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, რომელიც მ---–-----–---–-----მა 2007 წლის 07 თებერვალს დაყო, ხოლო 2009 წლის 14 აგვისტოს იგივე ფართი იპოთეკით დატვირთა ჟ--–---------–----ის სასარგებლოდ. აპელანტის შეფასებით, სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და არც ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებებიდან, ვინაიდან, როგორც მ---–-----–---–-----მა, ასევე ნ-----------------ემ, სასამართლოზე ცალსახად დაადასტურეს იმ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რომელიც ზ-----–---–-----ის საკუთრებაშია და რომელსაც მთლიანად ფარავს ამჟამად დ---------–----ის მიწის ნაკვეთი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ:

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება:

 

5. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5.1. მოსარჩელე ზ-----–---–-----ის მამამ, მ---–-----–---–-----მა თ-------------------------------ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N--- აქტით, 1----–-–----------ს, მიიღო საკუთრებაში 0,25 ჰა და 0,087 ჰა მიწის ნაკვეთები, სულ ჯამში - 0,337ჰა, საიდანაც 0,25 ჰა წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ხოლო 0,087 - საკარმიდამოს.

 

5.2. მოსარჩელე ზ-----–---–-----ის მამამ, მ---–-----–---–-----მა 2007 წლის 05 თებერვალს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთის ს.კ. N 7----------- გაყოფასათან დაკავშირებით.

 

5.3. გაყოფის შედეგად ზ-----–---–-----მა, 2007 წლის 05 თებერვალს ჩუქების ხელშეკრულების (რეესტრში რეგისტრაციის N----) საფუძველზე, მიიღო საკუთრებაში უძრავი ქონება: სარეგიტრაციო ზონა თ-----------------------------------------------------------–----------------------, დაზუსტებული ფართობი 0,12 ჰა, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო -სამეურნეო, ს.კ. 7-----------, ხოლო მ---–-----–---–------ს საკუთრებაში დარჩა მიწის ნაკვეთი, ფართით 0,132ჰა, ს.კ.------------.

 

5.4. მ---–-----–---–-----მა 2007 წლის 14 ნოემბერს კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკუთრებაში არსებული 0,132ჰა მიწის ნაკვეთის გაყოფასთან დაკავშირებით, საიდანაც საკუთრებაში დაიტოვა 0,06 ჰა, ხოლო 0,072 ჰა გაასხვისა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ-------------–---–ზე.

 

5.5. მ---–-----–---–-----მა 2009 წლის 14 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ჟ--–---------–----ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა მიწის ნაკვეთი, მდებარე თ------------------------------ი, ს.კ.7-----------, დაზუსტებული ფართობი 2500 კვ.მ.

 

5.6. დადგენილია, რომ მ---–-----–---–-----მა ვერ შეასრულა 2009 წლის 14 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც 2011 წლის 14 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ბიუროს N1--------------- განკარგულებით, მიწის ნაკვეთი ს.კ.7----------- ნატურით გადაეცა კრედიტორ ჟ--–---------–----ს.

 

5.7. 2011 წლის 14 აპრილიდან 2011 წლის 24 მაისამდე პერიოდში მიწის ნაკვეთს ს.კ. 7----------- შეეცვალა სარეგისტრაციო ნომერი და დარეგისტრირდა ნომრით 7-----------. აღნიშნულ ნაკვეთზე დარეგისტრირდა ჟ--–---------–----ის საკუთრების უფლება. აღნიშნული უძრავი ქონება, 2018 წლის 19 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღრიცხულია დ---------–----ის სახელზე.

 

5.8. 2018 წლის 14 ნოემბერს ზ-----–---–-----ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შეეცვალა საკადასტრო კოდი და გახდა ს.კ. 7-----------.

 

5.9. მოსარჩელე ზ-----–---–-----მა 2018 წლის 08 ნოემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთის (ს.კ.7-----------) დასარეგისტრირებლად, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით დადგინდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება.

 

6. პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102- ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ზ-----–---–-----ის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მისი და დ---------–----ის მიწის ნაკვეთები წარმოადგენს ორ სხვადასხვა უძრავ ქონებას და თავდაპირველი მოპასუხის მიწის ნაკვეთი სრულად ფარავს მის კუთვნილ ფართს, რითაც ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში.

 

ზემოაღნიშნული ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის განხილვისას მოწმის სახით დაკითხული პირების (მ---–-----–---–------, ნ-----------------ე) ჩვენებებზე, რომელთა განმარტებითაც ირკვევა, მ---–-----–---–-----ს ერიცხებოდა მხოლოდ 2500 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, რომელიც მან 2007 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით ორ ნაწილად გაყო, საიდანაც 0.12 ჰა ჩუქების საფუძველზე გადასცა შვილს - ზ-----–---–-----ს, თუმცა მოგვიანებით, 2009 წლის 14 აგვისტოს სწორედ იგივე ფართი - 2500 კვ.მ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დატვირთა იპოთეკით ჟ--–---------–----ის სასარგებლოდ. თავად მ---–-----–---–------ს ახსნა-განმარტების შესაბამისად, დაყოფილი და იპოთეკით დატვირთული ქონება ერთი და იგივე ნივთია, ხოლო ამზომველის ჩვენებით, მან აზომა ის ქონება, რაც მას მ---–-----–---–-----მა აჩვენა. სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებას ამყარებს საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებიც, კერძოდ, 2007 წლის 05 თებერვლისა და 2009 წლის 14 აგვისტოს ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომელთა თანახმადაც, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია მიწის ნაკვეთის ერთი და იგივე მიღება-ჩაბარების აქტი N---. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ 2007 წლის 05 თებერვლის N---- ჩუქების ხელშეკრულება, რომელზეც ზ-----–---–-----ი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, არ ასახავს სარჩელის განხილვის დროისათვის უძრავ ნივთზე არსებულ რეალურ მდგომარეობას, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი შედგენილია 2----–-–----------------–ს, ხოლო მოგვიანებით, 2009 წლის აგვისტოს მონაცემებით, სადავო ნაკვეთი საკუთრების უფლებით კვლავ ფიქსირდება მ---–-----–---–------ს სახელზე, 2500 კვ.მ. ფართის ოდენობით, მიწის ნაკვეთების დაყოფამდე და გამიჯვნამდე არსებული მონაცემების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას ექმნება დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი მასზედ, რომ მოცემული მდგომარეობით დ---------–----ის საკუთრებაში რიცხული 2500 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება წარმოადგენს 2----–-–----------------–ს განხორციელებული უძრავი ქონების დაყოფამდე მ---–-----–---–------ს საკუთრებაში არსებულ მთლიან მიწის ნაკვეთს.

 

7. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით.

 

პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის ორი საშუალება არსებობს – ვინდიკაციური სარჩელი და ნეგატორული სარჩელი. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ მისი და დ---------–----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სხვადასხვა უძრავი ქონებაა, ვერ იქნა დასაბუთებული შესაბამისი მტკიცებულებებით. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემული მდგომარეობით დადგენილია, რომ დ---------–----ის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღრიცხული მიწის ნაკვეთი მოიცავს ზ-----–---–-----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასაც, ამ უკანასკნელმა კი ვერ დაადასტურა ამ გარემოების საპირისპირო და გამაქარწყლებელი გარემოებების არსებობა, მით უფრო - საგულისხმოა ისიც, რომ ზ-----–---–-----ის მიერ არ არის გასაჩივრებული ჟ--–---------–----ის სასარგებლოდ სადავო მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვისა და შემდგომში - საკუთრებაში აღრიცხვის საფუძვლის კანონიერება, რაც, თავის მხრივ, სრულიად სხვა დავის საგანს წარმოადგენს და ნეგატორული სარჩელის განხილვისას სააპელაციო სასამართლო ვერ შევა მის სიღრმისეულ კვლევაში.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლების საფუძველზე უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე მოთხოვნა დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნეგატორული სარჩელის სამი საფუძველი: უკანონო ხელყოფის აკრძალვის მართლზომიერებისათვის სახეზე უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის კანონით დაცული უფლების უკანონო ხელყოფა, ხოლო ამის განსაზღვრისთვის აუცილებელია დადგინდეს მოსარჩელე არის თუ არა ნივთის მესაკუთრე ან მართლზომიერი მფლობელი, მოპასუხე ხელყოფს თუ არა მოსარჩელის საკუთრებას ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნივთს და მოპასუხეს აქვს თუ არა ნივთის ხელშეუხებლობის დარღვევის უფლება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ზ-----–---–-----მა ვერც პირველ ინსტანციაში სარჩელის განხილვისას და ვერც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ვერ შეძლო თავდაპირველი მოპასუხის არგუმენტის გაქარწყლება ამ უკანასკნელის მხრიდან სადავო ქონების კანონიერად ფლობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

7. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

საპროცესო ხარჯები

 

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე კოდექსის 14-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის კ) ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა. აპელანტს სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროს ბაჟი არ გადაუხდია, შესაბამისად, მან ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს 80 ლარი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ზ-----–---–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტს - ზ-----–---–-----ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდა 80 ლარის ოდენობით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია გიგაური