განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2020
საქმის ნომერი
330100115003058024
ინსტანცია
თარიღი
19.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115003058024

საქმე №1ბ/2037-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

9 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ბესიკ ბუგიანიშვილი

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ლ---------–--ას,ადვოკატ - გ------------–-–---–ის,გამართლებულ - გ----------------ის მონაწილეობით,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ლ---------–--ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ----------------ის მიმართ - დაბადებული 1974 წლის 21 აპრილს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 01010002858, რეგისტრირებული: თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. N17, ბინა N10; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, რაზმაძის ქ. N32; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

გ-------–--–----–-ს მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1978 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 01030007503, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ზაზაშვილის მე-2 შესახვევი, N2; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

გ----------------ს და გ-------–--–----–ს ბრალი დაედოთ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2008 წლის 30 ივლისს შპს „ა------------------------------“ ს/ნ (2--------) და გ----------------მა დააფუძნეს შპს „გ-----“, რომელიც რეგისტრირებულია თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) „ძველი თბილისის“ განყოფილებაში და მინიჭებული აქვს ს/ნ 2--------. საზოგადოების იურიდიული მისამართია თ---–------–------------. საზოგადოების დირექტორი 2009 წლის გაზაფხულამდე იყო გ-------–--–----–-.

 

2008 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „გ-----ს“ შორის დაიდო N--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, შპს „გ-----მ“ აიღო ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს მშენებარე ობიექტზე (ქ-------–----------------------–--–------ში) მოეხდინა პოლიციის შენობის ფასადის განათება და ჩაეტარებინა დამხმარე სამუშაოები ხელშეკრულებაზე დართული დანართი N1-ის (ხარჯთაღრიცხვა) შესაბამისად.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 1 585 407, 90 ლარი.

 

2008 წლის 30 ოქტომბერს და 25 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შპს „გ-----ს“ წინასწარ ჩაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება, შესაბამისად, 1 109 786 ლარი და 475 621,90 ლარი.

 

შპს „გ-----მ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის შენობის ფასადის გასანათებლად დაამონტაჟა 1 344 ცალი სანათი. ფასადის განათების სამონტაჟო სამუშაოების ღირებულებამ, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა N2) ნაჩვენები 1 585 407,90 ლარისა, შეადგინა 675 395,08 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). სხვაობამ რეალურად შესრულებულ და ფორმა N2-ში დაფიქსირებული სამუშაოების ღირებულებას შორის შეადგინა 910 012,82 ლარი.

 

იმყოფებოდა რა აღნიშნული დიდი ოდენობით თანხა შპს „გ-----ს“ დირექტორის გ-------–--–----–-სა და შპს „გ-----ს“ დამფუძნებლის გ----------------ის მართლზომიერ მფლობელობაში, მათ წინასწარი შეთანხმებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს იგი, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით:

 

გ----------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

 

გ-------–--–----–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ გ-------–--–----–- და გ----------------ი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მათ მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ლ---------–--ამ, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ----------------ის და გ-------–--–----–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან საქმის სასამართლო განხილვისას გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა გ----------------ის და გ-------–--–----–-ს ბრალდებულობა მათთვის ინკრიმინირებულ დანაშაულში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების - შემოსავლების სამსახურის შესაბამის დანაყოფებში დაცული ინფორმაციით, თავად ბრალდებულების განმარტებებით, ასევე შპს „გ-----ს“ ოფისიდან ამოღებული სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი და საბუღალტრო დოკუმენტაციით, უდაოდ იქნა დადგენილი, რომ გ-------–--–----–-სა და გ----------------ის მხრიდან, როგორც ხარჯთაღრიცხვაში, ისე შესრულების აქტებში, თითქმის სამჯერ იქნა ხელოვნურად გაზრდილი ლედსანათების ღირებულება მის რეალურ ფასთან შედარებით. კერძოდ, იმპორტის ოპერაციების ამსახველი ცხრილის, სასაქონლო დეკლარაციებისა და ინვოისების თანახმად, 2010 წლის 2 ნოემბრის შემოწმების აქტში დაფიქსირებული გაანგარიშებით, საშუალო შეწონილი ფასი შეადგენდა 264,90 ლარს. შესაბამისად, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა 2) ნაჩვენები 1 585 407 ლარისა, გამოძიებით, შემოწმების აქტებით, ექსპერტის დასკვნით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი იქნა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 675 395 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო სხვაობამ რეალურად შესრულებულ და ფორმა 2-ში დაფიქსირებული - სამუშაოების ღირებულებას შორის - 910 012,82 ლარი. პროკურორის განმარტებით, გარდა საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტური, წერილობით მტკიცებულებებისა, გ-------–--–----–-ს და გ----------------ის ბრალეულობა დასტურდება დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, თავად ბრალდებულების წინააღმდეგობრივი განცხადებებით და განმარტებებით, რაც აშკარად პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისაკენაა მიმართული.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის დაუფლება მართლზომიერი, ხოლო ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული თანხის ოდენობა - კონსენსუსის შედეგი იყო. თუმცა ყურადღებას არ ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხარჯთაღრიცხვა გახლდათ შესასრულებელი სამუშაოების თაობაზე შპს „გ-----ს“ მიერ შექმნილი და დაფიქსირებული ოფიციალური, ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი. აღნიშნული ქმედება გაუხარჯავი თანხის არდაბრუნება კი არ არის, არამედ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად მიღებული ავანსის მითვისება. ავანსი ის ფულადი თანხაა, რომელიც გაიცემა წინასწარ, შემდგომი გადახდის ანგარიშში. ვალდებულების შეუსრულებლობისას კი ავანსი ექვემდებარება დაბრუნებას. პროკურორის განმარტებით, განაჩენში მითითებულია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება იურიდიული ბუნებით, ნარდობის ხელშეკრულებაა და შემსყიდველს არ ევალება, აკონტროლოს მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის გახარჯული თანხის ოდენობა, თუმცა სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა სამოქალაქო კოდექსის 636-ე, 641-ე მუხლებით განსაზღვრულ შემკვეთის უფლებაზე - გაეუქმებინა შეთანხმებული პირობების შეუსაბამო ხელშეკრულება. აპელანტის შეფასებით, სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ექსპერტის დასკვნაც, ვინაიდან ექსპერტის დასკვნა შემოწმების აქტებში გაკეთებული გაანგარიშებების საფუძველზე არის შედგენილი და მათში რაიმე სახის ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ლ---------–--ამ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივარს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას და ვერ მიიჩნევს მას საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა გ----------------ის და გ-------–--–----–-ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობას, კერძოდ:

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2008 წლის 27 ოქტომბრის N--- ხელშეკრულებით ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროს მიხეილ ამირანაშვილსა (დამკვეთი) და შპს „გ-----ს“ დირექტორ გ-------–--–----–ს (შემსრულებელი) შორის დაიდო გარიგება, რომლის თანახმადაც შემსრულებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების N1 დანართის (ხარჯთაღრიცხვა) შესაბამისად უზრუნველეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მშენებარე ობიექტზე (თბილისი, კახეთის გზატკეცილი N38-ში) პოლიციის შენობის ფასადის განათების და დამხმარე სამუშაოები (პუნქტი 1.1.). ხელშეკრულების ფასი, - რომელიც მოიცავდა მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს, განსაზღვრული იქნა 1 585 407,90 ლარის ოდენობით, რაც დამკვეთს უნდა გადაეხადა უნაღდო ანგარიშსწორების გზით, წინასწარ, შემსრულებლის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ. (პუნქტები 2.1. და 2.2.)

 

ხელშეკრულების N1 დანართით (ხარჯთაღრიცხვა) გაწერილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მშენებარე ობიექტზე (თბილისი, კახეთის გზატკეცილი N38) ჩასატარებელი სამუშაოები და მათი საერთო ღირებულებაა - 1 585 407,90 ლარი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მშენებარე ობიექტზე პოლიციის შენობის ფასადის განათების შესრულების აქტის (ფორმა N2) თანახმად, ჩატარებულ სამუშაოთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 1 585 407,90 ლარი.

 

2008 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, კომისიამ (შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის შენობანაგებობების სარემონტო სამუშაოების ორგანიზებისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის - მ-------–--ის, შსს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის კონსულტანტ გ----------–---–ის და მოიჯარადის წარმომადგენლის - შპს „გ-----ს“ დირექტორ გ--–----–ის შემადგენლობით) განიხილა რა წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა, შესრულებულ სამუშაოთა აქტი - ფორმა N2), ჩაატარა ობიექტის გარეგნული დათვალიერება და შესრულებული სამუშაოების აზომვითი სამუშაოები, - მიიღო გადაწყვეტილება შპს „გ-----ს“ მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მშენებარე ობიექტზე (ქ-------–----------------------–--–-----) ხარჯთაღრიცხვის თანახმად წარმოებული სამუშაოების ექსპლოატაციაში მიღების შესახებ. ამავე აქტში მითითებულია, რომ ობიექტის სახარჯთაღრიცხვო და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა.

 

დოკუმენტური რევიზიის 2010 წლის 02 ნოემბრის აქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ინსპექტორების - პაატა დოლიძის და ლალი ჭელიძის მიერ, წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით, დოკუმენტურად შემოწმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შპს „გ-----ს“ მიერ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებულ ფორმა N2-ში ასახული, ფაქტიურად გაწეული ხარჯების რეალურობა. რევიზიის შედეგად დადგინდა შემდეგი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტთან 2008 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულების თანახმად, შპს „გ-----მ“ აიღო ვალდებულება მშენებარე (ქ-------–----------------------–--–------ში) პოლიციის შენობის ფასადის განათების სამუშაოების შესრულებაზე. ხელშეკრულებაზე დართული N1 დანართის (ხარჯთაღრიცხვა) შესაბამისად, სამუშაოების ღირებულებას შეადგენდა 1 585 407,90 ლარი, რაც ფინანსდებოდა ბიუჯეტიდან. ზემოაღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად, შპს „გ-----ს“ იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ჰქონდა სხვადასხვა დასახელების საქონელი, მათ შორის: 1. 2008 წლის 3 დეკემბერს, C 9628 საბაჟო დეკლარაციით, - 1348 ცალი ლედური ტიპის სანათის (vinsent Line) პროფილი (სამაგრი), რომლის ერთეულის ღირებულება შეადგენდა 60.23 ლარს; 2. 2008 წლის 11 დეკემბერს, C 11896 საბაჟო დეკლარაციით, - 480 ცალი ლედური ტიპის (vinsent Line) სანათი, რომლის ერთეულის ღირებულება შეადგენდა 250.02 ლარს, ღირებულებით 120 010 ლარი; 3. 2008 წლის 22 დეკემბერს, C 14489 საბაჟო დეკლარაციით, - 880 ცალი ლედური ტიპის (vinsent Line) სანათი, რომლის ერთეულის ღირებულება შეადგენდა 273.05 ლარს, სულ ღირებულებით 240 284 ლარი. ერთი სანათის შეწონილმა ღირებულებამ შეადგინა 264.90 ლარი. ზემოაღნიშნული სანათებიდან 1 344 ცალი სანათი შპს „გ-----ს“ მიერ დამონტაჟდა შსს პოლიციის შენობის ფასადის გასანათებლად. შესრულებულ სამუშაოებზე შედგენილ ფორმა N2-ში თითოეული სანათის ღირებულებად, ნაცვლად 264.90 ლარისა (სულ თანხით - 356 026 ლარი), დაფიქსირდა 770.4 ლარი, ღირებულებით 1 035 417 ლარი. შედეგად ბიუჯეტიდან სანათებზე გაწეულ ფაქტიურ ხარჯზე ზევით მოთხოვნილია და განაღდებულია 679 391 ლარით მეტი. შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა N2 და საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა ბბ-04 N876478 გაფორმებულია 2008 წლის 30 დეკემბერს, აღნიშნული სამუშაოს ღირებულება 1 585 407,90 ლარი განაღდებულია სრულად, მათ შორის, 1 109 786 ლარი ჩარიცხულია წინასწარ ავანსად, 2008 წლის 30 ოქტომბერს.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის ინსპექტორების - პაატა დოლიძის და ლალი ჭელიძის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, შპს „გ-----ს“ მიერ იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ლედური ტიპის სანათების თვითღირებულება იყო შემდეგი: 1.2008 წლის 11 დეკემბერს, შპს „გ-----ს“ საბაჟო დეკლარაცია N11896, ჰოლანდიიდან შემოტანილი ჰქონდა 480 ცალი VINCENT LED LINE MODULE, ინვოისისა და ზედნადები ხარჯების გათვალისწინებით ერთეულის ფასი შეადგენდა 116.68 ევროს, შესაბამისი კურსით 2.1428; მთლიანი ღირებულება - 120 010.00 ლარი, ხოლო ერთეულის ღირებულება - 250.02 ლარი; 2. 2008 წლის 22 დეკემბერს, შპს „გ-----ს“ საბაჟო დეკლარაცია N14489, ჰოლანდიიდან შემოტანილი ჰქონდა 880 ცალი VINCENT LED LINE MODULE, ინვოისისა და ზედნადები ხარჯების გათვალისწინებით ერთეულის ფასი შეადგენდა 116.36 ევროს შესაბამისი კურსით 2.3456; მთლიანი ღირებულება - 240 182.00 ლარი, ხოლო ერთეულის ღირებულება - 272.93 ლარი; ერთი სანათის საშუალო შეწონილმა ღირებულებამ შეადგინა 264.90 ლარი.

 

საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N1------- დასკვნის თანახმად: ა) ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილ N38-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში შპს „გ-----ს“ მიერ განხორციელებული ფასადის განათების სამონტაჟო სამუშაოების მოცულობები და რაოდენობები ემთხვევა შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა N2) ასახულ სამუშაოთა მოცულობებს და რაოდენობებს, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 675 395.08 ლარს, დღგ-ის ჩათვლით; ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში შპს „გ-----ს“ მიერ განხორციელებული ფასადის განათების სამონტაჟო სამუშაოების ღირებულებამ, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა N2-ში) ნაჩვენები 1 585 407.90 ლარისა, შეადგინა 675 395.08 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), სხვაობამ შეადგინა 910 012.82 ლარი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კვლევაში გამოყენებულია შესრულებულ სამუშაოთა აქტები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დამატებით წერილით მიწოდებული მასალის ღირებულებები. ასევე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ შესრულებული სამუშაოების აქტებში ნაჩვენები მასალათა ღირებულებები დაექვემდებარა კორექტირებას ექსპერტიზაზე დამატებითი მასალების სახით წარმოდგენილ მასალების ღირებულებებზე დაყრდნობით. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ი-----–---–------მ და დამატებით განმარტა, რომ მიღებული სხვაობა, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთეული სანათის ღირებულებით. ერთეული სანათის ღირებულების დადგენისას იგი დაეყრდნო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

 

გ----------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ შპს „გ-----“ დააფუძნა კომპანია „ა------------------------------“, რომელიც 2004 წლიდან მოღვაწეობდა ბაზარზე და დედაქალაქსა და მთელ რეგიონში შესრულებული ჰქონდა რამდენიმე ასეული მსხვილი პროექტი. „აბგ და პროფსერვის გრუპი“ თავად უწევდა შვილობილ კომპანიებს ფინანსურ, იურიდიულ და ადმინისტრაციულ მომსახურებას. კომპანიების დირექტორებს ფინანსებთან შემხებლობა არ ჰქონდათ. „ა------------------------------“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მშენებარე ობიექტის განათების პროექტზე მუშაობა დაიწყო 2008 წლის აგვისტოში, რის თაობაზეც ხელშეკრულება დეკემბერში გაფორმდა. შპს „ა------------------------------“ მონაწილეობა მიიღო ტენდერში, რა დროსაც ოთხ კომპანიას შორის საუკეთესო, ყველაზე მცირე ფასი აჩვენა. ხელშეკრულებაზე დართული ხარჯთაღრიცხვა შედგენილი იქნა თავად კომპანიის მიერ და მასში გაიწერა არა მომსახურების თვითღირებულება, არამედ შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის შეთავაზებული ფასი. ხარჯთაღრიცხვა, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, წარმოადგენდა კომპანიის წინადადებას, რომელიც სახელმწიფომ მიიღო, რის შედეგადაც, როგორც ტენდერში მონაწილე საუკეთესო მაჩვენებლების მქონე კომპანიას, შეთავაზებულ თანხაზე, რაოდენობასა და ხარისხზე გაუფორმა ხელშეკრულება. ხელშეკრულების ფასი წარმოადგენდა იმ თანხას, რადაც კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება უღირდა. იგი მოიცავდა შემსრულებლის მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს - სამუშაო მასალების ხარჯებს, მიწოდებული მომსახურების ღირებულებას, ზედნადებ ხარჯებს, გაუთვალისწინებელ ხარჯებს, მოგებასა და დღგ-ს.

 

გ-------–--–----–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დაახლოებით 2009 წლის აპრილ-მაისამდე იყო შპს „გ-----ს“ დირექტორი. შპს „გ-----“ წარმოადგენდა შპს „აბგ და პროფსერვის გრუპის“ შვილობილ კოპანიას, რომლის ერთერთი დამფუძნებელიც იყო გ----------------ი. მისი (გ-------–--–----–-ს) დირექტორად დანიშვნის დროისათვის გ----------------ი უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს შპს „აბგ პროფსერვის გრუპის“ სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროს მშენებარე შენობის განათების პროექტთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულ მოლაპარაკებებში თავად მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ჩაერთო, როცა დამკვეთის მხრიდან განათების ვიზუალიზაციის მოთხოვნა გაჩნდა. ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს შეიტყო, რომ ხელშეკრულების მხარეებს შორის შეთანხმებული ფასი იყო 1 585 407.90 ლარი, რაშიც შედიოდა შემსრულებლის ყველა ხარჯი - სანათების ღირებულება, კომპიუტერული უზრუნველყოფა, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და სხვა. ხელშეკრულებას ერთვოდა ხარჯთაღრიცხვაც. კომპანიას ორი თვე ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და მიუხედავად ტექნიკური სირთულეებისა, სამუშაოები დამკვეთს დროულად ჩაბარდა. იგი, კლასიკური გაგებით, ასრულებდა არა საზოგადოების დირექტორის, არამედ სამუშაო პროექტის მენეჯერის ფუნქციებს, რადგან შემხებლობა არ ჰქონდა ფინანსურ საკითხებთან და სპეცალისტებსა და შემსრულებლებს ხელმძღვანელობდა. მოწმის განმარტებით, შპს „გ-----ს“ საფინანსო-სამეურნეო ურთიერთობებში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა გ----------------ი.

 

აღნიშნული მტკიცებულებები გახლავთ საქმეზე წარმოდგენილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა საფუძველზეც ბრალდების მხარე ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და გ----------------ის და გ-------–--–----–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს ბრალდებულთა გამართლების ნაწილში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ გ----------------ის და გ-------–--–----–-ს ქმედებაში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთაგან მინიმუმ ორი უნდა იყოს პირდაპირი მტკიცებულება და რომლებიც ნეიტრალურად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდნენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს და არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავის უდანაშაულობა, ბრალდების მტკციების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ანალოგიურ ფორმულირებას შეიცავს და უდანაშაულობის პრეზუმფციას განამტკიცებს საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლიც, რომლის თანახმადაც მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით კრიმინალიზებულია მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. აღნიშნული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ პირი ქონებას, რომელიც მასთან მოხვდა ხელშეკრულების, სამსახურებრივი მოვალეობის თუ სხვა ვალდებულების საფუძველზე, კანონიერად, განაცალკევებს მესაკუთრის ქონებისგან და აქცევს თავის პირად ქონებად, რომელსაც შემდგომში საკუთარი სურვილისამებრ განკარგავს. მითვისების ჩადენა პირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი. ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს კიდეც ზიანის მიყენება. ამ დროს პირს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი, რომ სხვის ხარჯზე, სხვისთვის მატერიალური ზიანის მიყენებით მიიღოს სარგებელი. აღნიშნული მოტივისა და მიზნის გარეშე უსაფუძვლოა პირის მიერ სხვისი მატერიალური ქონების მითვისების განზრახვის არსებობა.

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული გ----------------ის და გ-------–--–----–-ს მოქმედება დანაშაულებრივი განზრახვით, თითქოსდა მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ სადავო გარემოებას წარმოადგენს როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი შპს „გ-----ს“ მიერ განხორციელებული განათების სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება, ასევე, აღნიშნული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, პალატამ უნდა იმსჯელოს შესრულებული სამუშაოების ღირებულებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი მხარის პოზიციის გათავლისწინების შემთხვევაში, რამდენად იკვეთება დანაშაულებრივი ნიშნების არსებობა გ----------------ისა და გ-------–--–----–-ს ქმედებებში.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტსა შპს „გ-----ს“ შორის დაიდო სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. მასში დეტალურად განისაზღვრა შემსრულებლის ვალდებულება და ხელშეკრულების ფასი - 1 585 407,90 ლარი, რომელიც მოიცავდა მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. ხელშეკრულებაში ყველა პირობასთან ერთად, გაწერილია ანგარიშსწორების წესი და მითითებულია, რომ დამკვეთი იყო ვალდებული - შემსრულებლისათვის წინასწარ გადაეხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურების 100%. ხელშეკრულებას თან ახლავს ხარჯთაღრიცხვა, სადაც დეტალურადაა გაწერილი აპარატურისა და სამონტაჟო მასალების ღირებულება (როგორც ერთეულის ფასი, ასევე საერთო), მათი მონტაჟისათვის გასაწევი სამუშაოების ხარჯები, ზედნადები ხარჯები, გეგმიური დაგროვება და დღგ, რომელთა საერთო ჯამი არის 1 585 407,90 ლარი. როგორც ხელშეკრულება, ასევე მასზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის აქტი ხელმოწერილია შპს „გ-----ს“ დირექტორ გ-------–--–----–-ს და საქართველოს შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მიხეილ ამირანაშვილის მიერ. აღნიშნული მოწმობს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შპს „გ-----ს“ მიერ შეთავაზებული ფასი, როგორც ხელშეკრულების ერთიან ღირებულებასთან, ასევე ცალკეული მასალებისა და სამუშაოების ღირებულებასთან მიმართებაში, რის საფუძველზეც მოახდინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ხელშეკურლების ღირებულება სრულად წინასწარ გადაიხადა.

 

ამ უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში ბრალდების მხარე აპელირებს, რომ გ----------------მა და გ-------–--–----–მა ხელშეკრულების დადებისთანავე, ავანსად თანხის მიღების, საქონლისა და მასალების საქართველოში იმპორტის რეჟიმით შემოტანის და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიაწოდეს რეალური ინფორმაცია, შესრულებული სამუშაოების ღირებულებათან დაკავშირებით და მიითვისეს ავანსად მიღებული თანხა. ასევე, ხსენებული თანხა გადარიცხვის მომენტიდან ვერ ჩაითვლება შპს „გ-----ს“ საკუთრებად, ვინაიდან, ვალდებულების შეუსრულებლობისას იგი ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას. სააპელაციო პალატის შეფასებით, აპელანტის მიერ განვითარებული მსჯელობა ხელშეკრულების შინაარსის არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ რა ფასიც შესთავაზა შემსრულებელმა დამკვეთს, დამკვეთმა ყოველგვარი გადამოწმების, საჭირო საქონლისა და მათი სამონტაჟო მომსახურების საბაზრო ღირებულებების გარკვევის, შეთავაზებულ ფასთან შედარების გარეშე (რისი უფლებაც და შესაძლებლობაც მას რათქმაუნდა, გააჩნდა), მიიღო შპს „გ-----ს“ მიერ შეთავაზებული ხელშეკურლების ფასი და თანხმობა გადაცხადა მის სრულად გადახდაზე.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტაციის სასამართლოს შეფასებას, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე, შემსყიდველს არ ევალებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული და მის მიერ უკვე გადახდილი თანხის შესრულებული სამუშაოებისათვის გახარჯვა გაეკონტროლებინა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე, 641-ე მუხლებზე და მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმების თანახმად, შემკვეთს უფლება ჰქონდა, გაეუქმებინა შეთანხმებული პირობების შეუსაბამო ხელშეკრულება. განსახილველ შემთხვევაშ, შპს „გ-----ს“ მიერ შესრულებული სამუშაოების ნაკლოვანება წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება. შესაბამისმა კომისიამ დამკვეთის წარმომადგენლების შემადგენლობით, განიხილა შემსრულებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია: ხარჯთაღრიცხვა, შესრულებულ სამუშაოთა აქტი, ჩაატარა ობიექტის გარეგნული დათვალიერება, აზომვითი სამუშაოები და შპს „გ-----ს“ მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მშენებარე ობიექტზე ხარჯთაღრიცხვის თანახმად წარმოებული სამუშაოები მიიღო ექსპლოატაციაში, ყოველგვარი შენიშვნების გარეშე. კომპანიის მიერ სამუშაოების უხარისხოდ შესრულების დადასტურების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, რომელმაც მოცემულ შემთხვევაში თავი ვერ გაართვა აღნიშნულ საპროცესო ვალდებულებას. საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებებიდან არ იკვეთება შპს „გ-----ს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შერულების ფაქტი. უდავოა, რომ შესრულებული სამუშაოების აქტებიც იყო შეგდენილი სრულყოფილად და ობიექტის სახარჯთაღრიცხვო და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევოდა.

 

ამასთან, განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ ნაკეთობის ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაშიც, ადგილი ექნებოდა მხოლოდდამხოლოდ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. ხელშეკურლებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა შესაძლოა მსგავსი იყოს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული გარკვეული დანაშაულებისა, თუმცა, ვალდებულების შეუსრულებლობის დროს პირის ქმედებას სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია რომ მიენიჭოს, ქმედებას საფუძვლად უნდა ედოს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, სხვის ხარჯზე გარკვეული სარგებლის მიღება, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არათუ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ იქნა დადასტურებული, არამედ მინიმალური ეჭვის სტანდარტითაც კი ვერ იქნა გამოვლენილი. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ორ სუბიექტს შორის ნების თავისუფალი გამოხატვის პირობებში შედგენილი ხელშეკრულება, რომელიც ორივე მხარის მიერ შესრულებული იქნა პირნათლად და გაუმართლებელია ხელშეკრულების მონაწილე მხარეს მსჯავრი დაედოს იმ თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისათვის, რაც მომსახურების სანაცვლოდ, წინასწარ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გადაუდახა მას მეორე მხარემ. პროკურორმა არაერთხელ გააკეთა აპელირება იმ გარემოებაზე, რომ თითქოს ხარჯთაღრიცხავში მითითებული ფასი არ იყო მისაღები შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, ვინაიდან შპს „გ-----მ“ მასში ასახა შესაძენი მასალების რეალურ ღირებულებათან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასი, თუმცა გაუკვეველია - რა უშლიდა დამკვეთს ხელს, ხარჯთაღრიცხვის გაცნობის შემდეგ, უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე, ან მოეთხოვა ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, თუკი მასში შეტანილ მონაცემებს და პირობებს არ ეთანხმებოდა.

 

გარდა ამისა, მხარეთა მიერ დაფიქსირებული პოზიციებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გ----------------ის და გ-------–--–----–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ერთ-ერთი გადამწყვეტი მტკიცებულების - საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N1------- დასკვნის კატეგორიული სახიათი პირველი ისნატანციის სასამართლოს მიერ ეჭვის ქვეშ იქნა დაყენებული. დასკვნის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში შპს „გ-----ს“ მიერ განხორციელებული ფასადის განათების სამონტაჟო სამუშაოების ღირებულებამ, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა N2-ში) ნაჩვენები 1 585 407.90 ლარისა, შეადგინა 675 395.08 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), სხვაობა კი წარმოადგენს 910 012.82 ლარს, რის მითვისებასაც ედავება ბრალდების მხარე გიორგი დადინსა და გ-------–--–----–ს. ექსპერტმა ი-----–---–------მ სასამართლოს მოახსენა, რომ აღნიშნული დასკვნის მიღებისას და ერთეული სანათის ღირებულების დადგენისას, რამაც ასახვა ჰპოვა მთლიანობაში შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე, მან იხელმძღვანელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციით. ბრალდების მხარე უთითებს, რომ მოხდა კომპანიიდან ამოღებული მასალების სრულყოფილი შესწავლა, რის საფუძველზეც იქნა დადგენილი შპს „გ-----ს“ მიერ შესრულებული სამუშაოების რეალური ფასი, თუმცა სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია მხოლოდ დოკუმენტები და არ მომხდარა იმ საკითხის გამოკვლევა, თუ როგორ და რის საფუძველზე მიმდინარეობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ იმ მონაცემების შედგენა, რომლებიც გადაუგზავნეს ექსპერტს კვლევისათვის. ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად მიუთითებს, რომ მოხდა შპს „გ-----ს“ მიერ განხორციელებული ფასადის განათების სამონტაჟო სამუშაოების ადგილზე შესწავლა, შესაბამისი აზომვების ჩატარება და მიღებული მონაცემების შედარება წარმოდგენილ შესრულებულ სამუშაო აქტებთან. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები და რაოდენობები ემთხვევა შესრულებული სამუშაოების აქტებში ასახულ სამუშაოების მოცულობას და რაოდენობებს. ხოლო აქტებში ნაჩვენები მასალათა ღირებულებები დაკორექტირდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის მიერ ექსპერტიზაზე დამატებით წარდეგნილ მასალებზე დაყრდნობით. ამ მასალების წარმომავლობა და ავთენტურობა კი სასამართლოს წინაშე სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული; გაურკვეველი რჩება, იგი ემყარება თუ არა სათანადო დოკუმენტაციაში ასახული მონაცემებისა და შესაბამის მომსახურების სფეროში არსებული ფასების ურთიერთანალიზის შედეგად დადგენილ ინფორმაციას.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ გ----------------ის ჩვენების ეჭვის ქვეშ დაყენებას იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დადასტურდა შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადების და მასში გ----------------ის კუთვნილი კოპმანიისათვის უპირატესობის მინიჭების ფაქტი, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხოლო მისი საფუძველი ტენდერში გამარჯვება იყო თუ პირდაპირი, მარტივი შესყიდვის განხორციელება (რისი დადასტურების შესაძლებლობასაც წარმოდენილი საქმის მასალები არ იძლევა), ქმედების კვალიფიკაციაზე გავლენას ვერ მოახდენს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გ----------------ის და გ-------–--–----–-ს მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მათ ბრალეულობაში. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა გ----------------ის და გ-------–--–----–-ს მიერ ბარალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, საქმის გარემოებების დასადგენად, სასამართლო ითვალისწინებს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს, რომ ასეთი მტკიცებულება წარმოიქმნება მხოლოდ შეთანხმებული, საკმარისად ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელ დასკვნებით ან გაუბათილებელი პრეზუმფციით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „ფეოდოროვი მოლდოვის წინააღმდეგ“ (Feodorov v. The Republic of Moldova, N 42434/ 06, 29.01.2014). ასევე, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ----------------ი და გ-------–--–----–- უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილი და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი, არის კანონიერი და დასაბუთებული, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი;

 

გ----------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 09 ნოემბრის განჩინებით ყადაღადადებულ გ----------------ის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას - „V---------------------- წელს გამოშვებული, სახელმწიფო ნომრით „G------“, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, №----------------------------------“.

 

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 09 ნოემბრის განჩინებით ყადაღადადებულ გ----------------ის საკუთრებაში არსებულ 468,00 კვ.მ საცხოვრებელ ფართს, მდებარე ქ------–--------–----------------------------------------------------------------------------.

 

გაუქმდეს გ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

გ-------–--–----–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 09 ნოემბრის განჩინებით ყადაღადადებულ გ-------–--–----–-ს საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებს: „M---------------------- წელს გამოშვებული, სახელმწიფო ნომრით „T------“, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, №---------------------------------------------------- წელს გამოშვებული, სახელმწიფო ნომრით „A------“, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა №---------.

 

გაუქმდეს გ-------–--–----–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

გამართლებულებს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვონ მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

ბესიკ ბუგიანიშვილი