განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2020
საქმის ნომერი
160210119002832481
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160210119002832481

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/3986-19

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ბ------ ი-–--------

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ფ----------------------–--’’

წარმომადგენელი - გ------- შ-----–---–-

 

თარჯიმანი - ა---- ს---–---------

 

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,ფ----------------------–--ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ ბათილად იქნა ცნობილი ს----- მ--------სა (პ/ნ 2----------) და ბ------ ი-–-------ს (პ/ნ 2----------) შორის, 2018 წლის 04 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე მ--------–ის რაიონი, სოფელი შ---–------, საკადასტრო კოდი: 8----------- და უძრავი ქონება საკუთრებაში დაუბრუნდა ს----- მ--------ს (პ/ნ 2----------).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2018 წლის 16 მაისს, სს ,,ფ----------------------–--სა“ და ს----- მ--------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ს----- მ--------მა სს ,,ფ----------------------–--სგან“ ისესხა 27 000 ლარი, 2018 წლის 16 მაისიდან - 2020 წლის 18 მაისამდე, ანუ 733 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 21%-ით წლის განმავლობაში.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-26);

-გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 27);

 

2.2. ს----- მ--------სა და სს ,,ფ----------------------–--ს“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ი------- მ--------თან და მ------–-- გ-------თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდებთა სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 35300 ლარით.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- თავდებობის წერილები (ს.ფ. 28-31);

 

2.3. 2018 წლის 04 ოქტომბერს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ამავე თარიღის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე ს----- მ--------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება (ს/კ 8----------- და ს/კ 8-----------, მდებარე: მ--------–ის რაიონი, სოფელი შ---–------) საკუთრების უფლებით აღირიცხა ბ------ ი-–--------ს სახელზე.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, 30.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

-საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 43-44, 56-57, 47-48, 60-61);

-განცხადება (ს.ფ. 46, 59);

-ნასყიდობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 45, 58).

 

2.4. 2018 წლის 04 ოქტომბერს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ამავე თარიღის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სოლიდარულმა თავდებმა ი------- მ--------მა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება: ს/კ 83.09.11.835, მდებარე მ--------–ის რაიონი, სოფელ შ---–------, აჩუქა შ------ მ--------ას და აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა შ------ მ--------ას სახელზე.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- განცხადება (ს.ფ. 53);

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 51-52).

- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 49-50, 54-55);

 

2.5. ს----- მ--------მა დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი და 2018 წლის 16 ოქტომბრიდან შეწყვიტა გადახდა; 2018 წლის 21 დეკემბერს, ძირითად მსესხებელს ს----- მ--------ს, ასევე თავდებებს ი------- მ--------სა და მ------–-- გ-------ს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და მიმდინარე დავალიანების დასაფარად განესაზღვრათ დამატებით 14 დღე. ს----- მ--------მა და ი------- მ--------მა უარი განაცხადეს გაფრთხილების წერილის ჩაბარებაზე, ხოლო მ------–-- გ-------ს გაფრთხილების წერილი ჩაბარდა პირადად 2018 წლის 21 დეკემბერს.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

-გადახდების ისტორია (ს.ფ. 42);

-გაფრთხილების წერილი (ს.ფ. 39-41).

 

2.6. 2019 წლის 04 თებერვალს, სს ,,ფ----------------------–--მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეების ს----- მ--------ის, ი------- მ--------ისა და მ------–-- გ-------ისათვის მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--ს” სასარგებლოდ სოლიდარულად 32 565,16 ლარის გადახდის დაკისრება; ი------- მ--------სა და შ------ მ--------ას შორის, 2018 წლის 04 ოქტომბერს დადებული, მ--------–ის რაიონი, სოფელ შ---–-----ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტროკოდით: 8-----------) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ი------- მ--------ის ცნობა. ს----- მ--------სა (პ/ნ 2----------) და ბ------ ი-–-------ს (პ/ნ 2----------) შორის, 2018 წლის 04 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე: მდებარე მ--------–ის რაიონი, სოფელი შ---–------, საკადასტრო კოდი: 8-----------დააღნიშნულ ქონებაზე ს-----მ--------ის საკუთრების უფლების აღდგენა. სს ,,ფ----------------------–--ს“ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეებს ს----- მ--------ს, ი------- მ--------ს, მ------–-- გ-------სა და შ------ მ--------ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 19 აპრილს გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეებს ს----- მ--------ს, ი------- მ--------სა და მ------–-- გ-------ს მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ: სესხის ძირითადი თანხის - 26 795,78 ლარის, საპროცენტო სარგებლის - 5603,14 ლარის, პირგასამტეხლოს - 111,30 ლარისა და დაზღვევის თანხის 54,94 ლარის გადახდა. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ი------- მ--------სა და შ------ მ--------ას შორის, 2018 წლის 04 ოქტომბერს დადებული, მ--------–ის რაიონი, სოფელ შ---–-----ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით: 8-----------) ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობილ იქნა ი------- მ--------ი.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

-სარჩელი (ს.ფ. 2-21);

-19.04.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 205-212).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.7. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ს----- მ--------სა და ბ------ ი-–-------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის მოჩვენებითი და ს----- მ--------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ბ------ ი-–--------ს სახელზე გაფორმებულია ბანკის წინაშე არსებული პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105–ე მუხლებზე და განმარტა, რომ საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა სიას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად,ცსასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება უარყო მოპასუხე მხარემ, თუმცა მტკიცებულებები, გარდა ერთი მოწმის ჩვენებისა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ს----- მ--------მა სესხი აიღო 2018 წლის 16 მაისს; ს----- მ--------ის მიერ აღებულ სესხზე თავდებობის ვალდებულება იკისრა ი------- მ--------მა. 2018 წლის 04 ოქტომბერს, ს----- მ--------მა და ი------- მ--------მა გაასხვისეს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. 2018 წლის 16 ოქტომბრიდან ს----- მ--------მა შეწყვიტა გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ დაადასტურა ის გარემოება, რომ ს----- მ--------ი არის ბ------ ი-–--------ს ახლო ნათესავი - ბიძა, მისი დედის ძმა. მოპასუხე ბ------ ი-–-------მა ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ მისთვის ცნობილი იყო ს----- მ--------ის მიერ ბანკის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის შესახებ (იხ. 30.05.2019წ. სხდომის ოქმი).

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ ნასყიდობის საგნის ღირებულებაზე, კერძოდ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ნასყიდობის ფასი შეუსაბამოდ დაბალია ნასყიდობის საგნის ღირებულებასთან. უფრო მეტიც, მათ განმარტეს, რომ ნასყიდობის საგნის სანაცვლოდ გადახდილი იქნა 15000 ლარი, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მათ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი; მოპასუხეებმა ასევე ვერ მიუთითეს რაიმე გარემოებაზე, რაც შეიძლება გამხდარიყო ხელშეკრულებაში განსხვავებული ოდენობის მითითების საფუძველი.

 

სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ მოპასუხე ს----- მ--------მა ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით გადაუფორმა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ბ------ ი-–-------ს, ასევე დადასტურებულია მეორე მოპასუხის ი------- მ--------ის მიერ უძრავი ქონების გასხვისებით. კერძოდ, ბ------ ი-–-------სა და ს----- მ--------ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დღეს, 2018 წლის 04 ოქტომბერს, სოლიდარულმა თავდებმა ი------- მ--------მა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აჩუქა შ------ მ--------ას. ძირითადი მსესხებლისა და თავდების მიერ ერთსა და იმავე დღეს მათ სახელზე არსებული ქონების სხვა პირზე გადაფორმება, სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მათი ქმედება მიმართული იყო ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებისკენ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ს----- მ--------ის განმარტება იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონება მის მიერ გასხვისებული იქნა ოჯახის ფინანსური საჭიროებიდან გამომდინარე და არა ბანკის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების

დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 30.05.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი);

- სესხის ხელშეკრულება(ს.ფ. 22-26);

- გადახდების ისტორია(ს.ფ. 42);

- მოწმე ს----- მ----------ს ჩვენება (იხ. 30.05.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 17:57:39-18:16:11);

- ნასყიდობის ხელშეკრულება(ს.ფ. 51-52);

- ნასყიდობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 45, 58).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე და ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე; კერძოდ, დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მხოლოდ ერთხელ გადაიხადა მსესხებელმა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა და შემდეგ შეწყვიტა გადახდა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საგნის ფასი არ შეესაბამება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას; ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები არიან ახლო ნათესავები: ბიძა-დიშვილი; მყიდველისათვის ცნობილი იყო ბანკის წინაშე ს----- მ--------ის ფინანსური ვალდებულებების შესახებ. ასევე დადგენილია, რომ როგორც მსესხებელმა, ასევე თავდებმა პირმა ერთდროულად გაასხვისეს უძრავი ქონება 2018 წლის 04 ოქტომბერს. ყოველივე აღნიშნული გარემოებები კი სასამართლოს უქმნის იმის საფუძველს რომ მოპასუხეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), რაც გარიგების ბათილობის პირობას წარმოადგენს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ხელშეკრულება გამოყენებულ იქნა მართლსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად და მის რეალურ მიზანს არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით ქონების რეალიზაციის თავიდან აცილება წარმოადგენდა, ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლსა და 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე და იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა, ნასყიდობის ხელშეკრულების მონაწილეების შეთანხმებული მოქმედებები კრედიტორისათვის დავალიანების ამოღებაში ხელის შეშლის შესახებ, მიიჩნია, რომ სს ,,ფ----------------------–--ს“ სარჩელი, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საკუთრების უფლების აღდგენის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტმა მიუთითა, რომ მან რეალურად ს----- მ--------ს ორ უძრავ ქონებაში გადაუხადა მთლიანად 15 000 ლარი და გეგმავდა სახლის აშენებას და ფერმერული მეურნეობის გამართვას. ის გარემოება, რომ აპელანტისთვის ცნობილი იყო ს----- მ--------ის ვალდებულების შესახებ ბანკის წინაშე, არ შეიძლება ჩაითვალოს მოჩვენებითი გარიგების დადების საფუძვლად, რადგან აპელანტისთვის ისიც იყო ცნობილი, რომ ს----- მ--------ის ვაჟიშვილი დაკავებული იყო რუსეთის ფედერაციაში და სჭირდებოდა თანხა მისი საქმის მოსაგვარებლად. აპელანტი მიუთითებს, რომ იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი. ამასთან, თუ რა თანხაა მითითებული უძრავ ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში აპელანტისთვის მეორე ხარისხოვანი იყო ქონების შეძენისას. ბ------ ი-–--------ს განმარტებით მან გადაიხადა 15 000 ლარი, ანგარიშსწორება მოხდა ნაღდი ფულით და სხვა რაიმე მტკიცებულება, გარდა მხარეთა და ს----- მ--------ას ჩვენებისა ბუნებაში არ არსებობს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სააპელაციო პალატა პირველ რიგში შენიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს ბ------ ი-–--------ს მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, რომლითაც ეს უკანასკნელი პრეტენზიას აცხადებს 2018 წლის 04 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

 

4.1.2. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ბ------ ი-–-------ს და ს----- მ--------ს შორის 2018 წლის 04 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: მ--------–ის რაიონი, სოფ. შ---–-----ი, საკადასტრო კოდით 8----------- წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, მხოლოდ იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. გარიგების მოჩვენებითად ცნობა შეფასებითი კატეგორიაა, გარიგების მოჩვენებითად ცნობის დროს, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას მხარეთა ნამდვილი ნების დადგენა წარმოადგენს, რა დროსაც მხედველობაში ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი თუ გარემოება მიიღება, რომელზეც მოდავე მხარეები მიუთითებენ ან საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარეობს.

 

მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, რომლითაც, როგორც ნების გამომვლენი, ისე ნების მიმღები მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი.

 

სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, დედა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებებისა და, ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზეა დამყარებული, რაც თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შესაძლებლობაზე, მათი მოთხოვნები, თუ ამ მოთხოვნის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლები დამაჯერებლად დაადასტურონ. მტკიცების პროცესში მხარე არ არის შეზღუდული და ის თავად წყვეტს რომელი ფაქტით დაამტკიცოს მოთხოვნის მართებულობა, თუმცა, ვალდებულია მითითებული ფაქტები სარწმუნო მტკიცებულებებს დაამყაროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების პროცესუალური წესი და დადგენილია, თუ რა საშუალებითაა შესაძლებელი სადავო გარემოებების დადასტურება, ამავე ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა დაადგინა მტკიცებულებათა სათანადოობის შემოწმების აუცილებლობა. ნორმის დისპოზიცია, უმთავრესად, მტკიცების ტვირთის მატერიალური კანონმდებლობით განსაზღვრას უკავშირდება, კერძოდ, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, როგორც წესი, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარიგების მოჩვენებითობა და შემძენის არაკეთილსინდისიერება, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება ახლო ნათესავებს შორის იდება, ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა (დედამ, შვილმა, დამ, ძმამ, მეუღლემ) იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. შესაბამისად, ახლო ნათესავებს შორის გარიგების დადების პირობებში, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

– 2018 წლის 16 მაისს, სს ,,ფ----------------------–--სა“ და ს----- მ--------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ს----- მ--------მა სს ,,ფ----------------------–--სგან“ ისესხა 27 000 ლარი, 2018 წლის 16 მაისიდან - 2020 წლის 18 მაისამდე, ანუ 733 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 21%-ით წლის განმავლობაში.

– ს----- მ--------სა და სს ,,ფ----------------------–--ს“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ი------- მ--------თან და მ------–-- გ-------თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდებთა სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 35300 ლარით.

– 2018 წლის 04 ოქტომბერს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ამავე თარიღის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე ს----- მ--------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებები (ს/კ 8----------- და ს/კ 8-----------, მდებარე: მ--------–ის რაიონი, სოფელი შ---–------) საკუთრების უფლებით აღირიცხა ბ------ ი-–--------ს სახელზე.

– 2018 წლის 04 ოქტომბერს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ამავე თარიღის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სოლიდარულმა თავდებმა ი------- მ--------მა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება: ს/კ 8-----------, მდებარე მ--------–ის რაიონი, სოფელ შ---–------, აჩუქა შ------ მ--------ას და აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა შ------ მ--------ას სახელზე.

– ს----- მ--------მა დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი და 2018 წლის 16 ოქტომბრიდან შეწყვიტა გადახდა; 2018 წლის 21 დეკემბერს, ძირითად მსესხებელს ს----- მ--------ს, ასევე თავდებებს ი------- მ--------სა და მ------–-- გ-------ს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და მიმდინარე დავალიანების დასაფარად განესაზღვრათ დამატებით 14 დღე. ს----- მ--------მა და ი------- მ--------მა უარი განაცხადეს გაფრთხილების წერილის ჩაბარებაზე, ხოლო მ------–-- გ-------ს გაფრთხილების წერილი ჩაბარდა პირადად 2018 წლის 21 დეკემბერს.

– ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს ს----- მ--------ს, ი------- მ--------სა და მ------–-- გ-------ს მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ: სესხის ძირითადი თანხის - 26 795,78 ლარის, საპროცენტო სარგებლის - 5603,14 ლარის, პირგასამტეხლოს - 111,30 ლარისა და დაზღვევის თანხის 54,94 ლარის გადახდა. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ი------- მ--------სა და შ------ მ--------ას შორის, 2018 წლის 04 ოქტომბერს დადებული, მ--------–ის რაიონი, სოფელ შ---–-----ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით: 8-----------) ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობილ იქნა ი------- მ--------ი.

– მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოება, რომ ს----- მ--------ი არის ბ------ ი-–--------ს ბიძა.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა საფუძლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ ბ------ ი-–-------სა და ს----- მ--------ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითია. აღნიშნული მტკიცების გაქარწყლების ვალდებულება მოპასუხე აპელანტს ჰქონდა, კერძოდ, ბ------ ი-–-------ს უნდა ემტკიცებინა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზანს წარმოადგენდა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა და გარიგების დადება ბანკის მოთხოვნის იძულებით აღსრულების საშუალების ს----- მ--------ის საკუთრებიდან გასვლას არ ისახავდა მიზნად. ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეთა ნათესაური კავშირის საფუძველზე წარმოშობილი, ზემოთ განმარტებული, ხელშეკრულების მოჩვენებით დადებულად მიჩნევის პრეზუმფციის გაქარწყლების მიზნით, აპელანტი უთითებდა მის მიერ უძრავი ქონებების ნასყიდობის საფასურის – 15000 ლარის (საყურადღებოა, რომ აღნიშნული თანხა განსხვავდება სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონების ღირებულებისგან) გადახდის თაობაზე, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არც სარჩელის და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე ყოფილა წარმოდგენილი. პალატა აქვე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სადავოა თანხის გადახდის ფაქტი, მხოლოდ მხარის ახსნა–განმარტება და მოწმის ჩვენება არ არის წონადი მტკიცებულება მსგავსი ფაქტების დადგენილად მიჩნევისთვის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა მისი კანონიერ ინტერესების დასაცავად შეექმნა ასეთი მტკიცებულება ქმედების განხორციელების მომენტში. აპელანტს ასევე არ წარმოუდგენია დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რატომ დაემთხვა მის მიერ უძრავი ქონების შეძენის ფაქტი, სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თავდები პირის – ი------- მ--------ის მიერ მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გაჩუქების ფაქტს (ორივე ხელშეკრულება გაფორმებულია 2018 წლის 04 ოქტომბერს) და ასევე ქონების გასხვისების შემდეგ მოვალე ს----- მ--------ის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შეწყვეტის ფაქტს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბ------ ი-–-------მა, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო ს----- მ--------ის ვალდებულების შესახებ სს „ფ----------------------–--ს“ წინაშე. შესაბამისად სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ დასკვნას, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა სასამართლოს უქმნის საფუძველს, რომ მოპასუხეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ამასთან ხელშეკრულება გამოყენებულ იქნა მართლსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად და მის რეალურ მიზანს არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით ქონების რეალიზაციის თავიდან აცილება წარმოადგენდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა მტკიცების ტვირთის ჯეროვანი განაწილების ფარგლებში ვერ დაადასტურა მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, კერძოდ, მიუხედავად გარიგების მხარეთა ახლო-ნათესაური კავშირისა ნების გამოვლენის ნამდვილობა იმ პირობებში, როდესაც მესამე პირს ჰქონდა ქონებრივი ხასიათის მოთხოვნები ქონების განმკარგავის, მოცემულ შემთხვევაში, ს----- მ--------ის მიმართ, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი გარიგება ბათილია, გამოვლენილი ნების მოჩვენებითი ხასიათის გამო, რაც სწორად იქნა შეფასებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ იქნა გადახდილი 200 ლარი, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ვინაიდან აპელანტს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ------ ი-–--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: /ვანო წიკლაური /