განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210019002854320
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5376-19 11 მარტი, 2020 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – თამარ ალანია
სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - გ-------------–---–-
წარმომადგენელი - ლ-----------–--
მოწინააღმდეგე მხარე - მო-------------–--------–--
წარმომადგენელი - დ----------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მო-------------–--------–--მა მოპასუხე გ-------------–---–-ს მიმართ სასამართლოში სარჩელი აღძრა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისა და საჯარიმო სანქციის ასანაზღაურებლად, სულ, 7469 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და ზიანის მოცულობა სადავოდ გახადა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, მო-------------–--------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ------ი პ----–---–ს მოსარჩელე მო-------------–--------–--ის სასარგებლოდ 7 469 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება გ------ი პ----–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2018 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ირანის მოქალაქე მო-------------–--------–--ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო გ-------------–---–-ს მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რა დროსაც მო-------------–--------–--მა, ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. შესაბამისად, დადგინდა, რომ გ-------------–---–-ს ქმედება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, თუმცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები შეინიშნებოდა, რის გამოც სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო გამოძიება შეწყდა.
აღნიშნული დადგენილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული (ს.ფ. 20-22).
6. 2018 წლის 18 ოქტომბრის ოქმით სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) ავტოსადგურზე მოსარჩელის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანის მოთავსების ფაქტი დგინდება. ამავე ოქმით ა/მანქანაზე დაზიანებების არსებობაც დასტურდება.
საქმეზე წარმოდგენილი ქვითრით #--------- დგინდება, მოსარჩელის მიერ ევაკუატორით მომსახურების სერვისზე 161 ლარია გადახდილი (ს.ფ. 23-24).
7. საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 18 ოქტომბრის ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე დგინდება, რომ პაციენტს ა--–--- ღ--–-- მ-----------ს დაახლოებით 20 წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჰქონდა ტრავმა, უჩიოდა ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას მარჯვენა/მარცხენა სხივ-მაჯის არეში, ასევე ჭრილობის არსებობას მარცხენა მტევნის მიდამოში. აღნიშნული ჩივილების კლინიკაში გადაიყვანეს. ამავე ცნობით დგინდება, რომ მოსარჩელეს მორიგე ექიმის, ტრავმატოლოგისა და ზოგადი ქირურგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გლიკემიის კონტროლი, მარჯვენა/მარცხენა მტევნის სხივ-მაჯის სახსრის რენტგენოგრაფია და შარდის საერთო ანალიზი ჩაუტარდა.
გამოკვლევების შედეგად მას შემდეგი დიაგნოზი დაუდგინდა: მაჯისა და მტევნის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა. მარცხნივ; მაჯისა და მტევნის სხვა ნაწილების დაჟეჟილობა. მარცხნივ; წინამხრის სხვა ზედაპირული ტრავმა. მარჯვნივ; წინამხრის სხვა ზედაპირული ტრავმა. მარჯვნივ. პაციენტს სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები მიეცა.
აღნიშნულ კლინიკაში მოსარჩელემ მკურნალობის ღირებულების საფასური 450 ლარი, ჭრილობების შეხვევა-დამუშავებისთვის 20 ლარი, ნაკერების მოხსნისთვის 20 ლარი, ასევე მედიკამენტების შეძენისთვის 18 ლარი, გადაიხადა (ს.ფ. 25, 26, 27-28).
8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ გ------ი პ----–---–ს მო-------------–--------–--ის სასარგებლოდ ავტომანქანისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება 6800 ლარის ოდენობით არ უნდა დაკისრებოდა.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდ წილად განაპირობებს სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი დელიქტურ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას წარმოადგენს, რომლის სტრუქტურული ელემენტები მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალია. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით სადავო არაა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხე მხარე (აპელანტი) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 999-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირია, საჩივარში მხოლოდ დაკისრებული ზიანის ოდენობაა შედავებული, შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეს, დაკისრებული და მოთხოვნილი ზიანის ოდენობის მართებულობის შეფასება წარმოადგენს.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
გ-------------–---–- არ უარყოფს ფაქტს მასზედ, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს ნამდვილად მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, სადაც მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა დაზიანდა, თუმცა მან შესაგებელში მიყენებული ზიანის ოდენობა გახადა სადავოდ და ასევე განაცხადა, რომ მისთვის, როგორც სტუდენტისთვის მოთხოვნილი თანხის გადახდა შეუძლებელი იყო (ს.ფ. 39-49).
10. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპია დამკვიდრებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.
მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სასამართლოს როლს მტკიცებულებების დასაშვებად ცნობასა და მათი შეფასების ნაწილში, ასევე, ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალიც, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრირებას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობა ან ის თუ, როგორ უნდა შეფასდეს იგი, პირველ ყოვლისა, ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა, ეროვნული სასამართლოების ამოცანაა შეაფასონ მათ წინაშე არსებული მტკიცებულებები, ამრიგად, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ევროსასამართლოს შესაძლებლობას არ აძლევს მხოლოდ მტკიცებულებათა შეფასების მხრივ ეჭვქვეშ დააყენოს სამოქალაქო დავის შედეგის სამართლიანობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე „გარსია რუიზი ესპანეთის წინააღმდეგ“, (García Ruiz v. Spain) [GC], § 28, ასევე, ამავე სასამართლოს განჩინება საქმეზე „ფარანჟი S.A. საფრანგეთის წინააღმდეგ“, (Farange S.A. v. France). თუმცა, სტრასბურგის სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების კონტექსტში მუდმივად აღნიშნავს, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოები ვალდებულნი არიან პროცესის სამართლიანობა უზრუნველყონ, რომელიც, ასევე, მოიცავს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესის სამართლიანობის შემოწმებას. სხვა მხრივ, მხოლოდ ეროვნული სასამართლოს პრეროგატივაა შეაფასოს მხარეთა არგუმენტები, მტკიცებულებები და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე „ელშოლზი გერმანიის წინააღმდეგ“, (Elsholz v. Germany [GC], § 66, ამავე სასამართლოს განჩინება საქმეზე „ვან დე ჰურკი ჰოლანდიის წინააღმდეგ“, (Van de Hurk v. the Netherlands). § 59).
მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის სამართლიანი გადანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ზიანის ოდენობის უტყუარად დადასტურების ვალდებულება ეკისრებოდა, აღნიშნული იმ უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამიტომ, კრედიტორი ვალდებულია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით მოახდინოს ზიანის მოცულობის შესაძლებელი მინიმალიზაცია. დანაკლისის განსაზღვრის სტანდარტი საბაზრო ღირებულების შეფასების კრიტერიუმით შემოიფარგლება.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელთან ერთად, მტკიცებულების სახით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაა წარმოდგენილი სადაც მითითებულია, რომ ავარიის შედეგად მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანაზე მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა 6800 ლარს შეადგენს (ს.ფ. 21). საქმის მასალებში საგზაო შემთხვევის დათვალიერების ოქმი, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სურათები, ექსპერტიზის დასკვნა ან/და სხვა ისეთი რელევანტური მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა შეესწავლა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის მანქანაზე მიყენებული დაზიანებები, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.
სააპელაციო პალატა უპირველესად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არცერთი ნორმით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ შეწყვეტის დადგენილება შეუდავებელ და სავალდებულოდ გასაზიარებელ მტკიცებულებად არ მიიჩნევა. მას, სასამართლო ისევე, როგორც სხვა მტკიცებულებებს, საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და გარემოებებთან მიმართებით აფასებს და მათი ერთობლივი შესწავლის შედეგად იღებს გადაწყვეტილებას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალებში არსებული არცერთი დოკუმენტაციით არ დგინდება ავტოავარიის შედეგად, თუ რა დაზიანებები მიადგა მოსარჩელის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას და რა იყო მიყენებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო საბაზრო ღირებულება. შესაბამისად, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ იკვეთება, კერძოდ, ცალსახად არ დგინდება გარემოება მასზედ, რომ დადგენილებაში მითითებული დაზიანების ღირებულება ავარიის შედეგად იყო გამოწვეული. ამასთან ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო უფლების კეთილსინდისიერად გამოყენების პრინციპიდან გამომდინარე (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი) დაზარალებულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ზიანის ოდენობა გონივრულ ოდენობამდე შემცირდეს მათ შორის, ზიანის აღმოსაფხვრელად მიმართოს არა ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიას. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეკეთების ან და შესაკეთებლად საჭირო საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება, რაც დადგენილებაში მითითებული თანხის (6800 ლარი) ლოგიკურ და გონივრულ ოდენობად მიჩნევის საფუძველს არ იძლევა.
სააპელაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ გაზიარებული ვერ იქნება მოწინააღმდეგე მხარის მითითება მასზედ, თითქოს ზიანის ოდენობის სადავოობის შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის გზით, აპელანტს (მოპასუხეს) უნდა ემტკიცებინა მოთხოვნილი ოდენობის არამართებულობა. ასევე მან შესაგებლით ცნო ზიანის ის ოდენობა, რომელსაც მოსარჩელე მოითხოვდა. დელიქტურ სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სპეციალური სტანდარტის გათვალისწინებით, ზიანის ოდენობის დადასტურების ვალდებულება სწორედ მოსარჩელეს გააჩნია, მასვე ეკისრება მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადასტურების ტვირთიც. ამასთან, საქმეზე წარდგენილი შესაგებლით ნათლადაა გამოხატული მოპასუხის ნება, რომელიც შესაბამისი ველის მონიშვნით აცხადებდა, რომ ზიანის ოდენობას არ ეთანხმებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ავტოავარიის შედეგად დამდგარი ზიანის ზუსტი საბაზრო ოდენობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება, რაც მოპასუხისთვის 6800 ლარის დაკისრების სამართლებრივი წინამძღვარი არ უნდა გამხდარიყო.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ/მოწინააღმდეგე მხარემ ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, სრულად, მიზეზობრივი კავშირის სარწმუნოდ დადასტურებისა და მოთხოვნილი ოდენობის თაობაზე, რაც ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.
11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტს ჯანმრთელობის დაზიანებისა და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის ხარჯების ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.
სააპელაციო პალატის მიერ ზემოთ მოხმობილი სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 999-ე და 408-ე მუხლების სამართლებრივი დისპოზიციები განსახილველ შემთხვევაშიც რელევანტურია, ამიტომ მათ შინაარსს სასამართლო ხელახლა აღარ განმარტავს. ამ მიმართებითაც მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უნდა დგინდებოდეს, რაც განკუთვნადი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს. საქმის მასალებში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ სატრანსპორტო საშუალება საჯარიმო სივრცეში იქნა გადაყვანილი, ხოლო დაზიანებული ავტომანქანის მძღოლის (მოსარჩელეს) ჯანმრთელობას ზიანი მიადგა. გარდა აღნიშნული მტკიცებულებებისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა ქვითარი, რომლითაც დადგინდა, რომ 2018 წლის 18 ოქტომბრის ოქმით სპეციალურად დაცული (საჯარიმო) ავტოსადგურზე მოსარჩელის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა მოთავსდა. ამავე მტკიცებულებით მოსარჩელის მიერ ევაკუატორით მომსახურების სერვისზე 161 ლარის გადახდის ფაქტი დასტურდება (ს.ფ. 23-24).
ასევე, საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 18 ოქტომბრის ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე დგინდება, რომ პაციენტს ა--–--- ღ--–-- მ-----------ს დაახლოებით 20 წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჰქონდა ტრავმა, უჩიოდა ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას მარჯვენა/მარცხენა სხივ-მაჯის არეში, ასევე ჭრილობის არსებობას მარცხენა მტევნის მიდამოში. აღნიშნული ჩივილების კლინიკაში გადაიყვანეს. ამავე ცნობით დგინდება, რომ მოსარჩელეს მორიგე ექიმის, ტრავმატოლოგისა და ზოგადი ქირურგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გლიკემიის კონტროლი, მარჯვენა/მარცხენა მტევნის სხივ-მაჯის სახსრის რენტგენოგრაფია და შარდის საერთო ანალიზი ჩაუტარდა.
გამოკვლევების შედეგად მას შემდეგი დიაგნოზი დაუდგინდა: მაჯისა და მტევნის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა. მარცხნივ; მაჯისა და მტევნის სხვა ნაწილების დაჟეჟილობა. მარცხნივ; წინამხრის სხვა ზედაპირული ტრავმა. მარჯვნივ; წინამხრის სხვა ზედაპირული ტრავმა. მარჯვნივ. პაციენტს სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები მიეცა.
აღნიშნულ კლინიკაში მოსარჩელემ მკურნალობის ღირებულების საფასური 450 ლარი, ჭრილობების შეხვევა-დამუშავებისთვის 20 ლარი, ნაკერების მოხსნისთვის 20 ლარი, ასევე მედიკამენტების შეძენისთვის 18 ლარი, გადაიხადა (ს.ფ. 25, 26, 27-28).
ზემოაღნიშნულის შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ ამ მხრივ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი დასძლია, წარმოადგინა რელევანტური მტკიცებულებები, რომლითაც მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგინდა, რაც პალატის მოსაზრებით, მოპასუხისთვის 405 ლარისა და 161 ლარის დაკისრების წინაპირობა მართებულად გახდა.
12. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ------ი პ----–---–ს მო-------------–--------–--ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 100 ლარის ოდენობით უნდა დაეკისრებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარისთვის იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა არ შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას გაწეული ხარჯების თაობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე, სასამართლოს შეუძლია ივარაუდოს, რომ ამგვარი მომსახურება უფასო არ იქნებოდა, შესაბამისად მხარეს შეიძლება მიაკუთვნოს იურიდიული მომსახურების ხარჯებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“).
განსახილველ შემთხვევაში, პალატა განსახილველი დავის სირთულის, მისი ხანგრძლივობისა და იმ სამართლებრივი მნიშვნელობის ქმედებების განხორციელების მხედველობაში მიღებით, რაც დავის ფარგლებში აპელანტის წარმომადგენელმა განახორციელა ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ 100 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მო-------------–--------–--ის გ-------------–---–-ს სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 272,24 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს, ხოლო, გ-------------–---–-ს მიერ გადახდილი 26,77 ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება;
3. მო-------------–--------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. გ------ი პ----–---–ს მო-------------–--------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ავტომობილის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის ხარჯის - 161.00 ლარის და სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯის 508.00 ლარის გადახდის ვალდებულება;
5. მო-------------–--------–--ის გ-------------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 272,24 ლარის გადახდის ვალდებულება;
6. გ------ი პ----–---–ს მო-------------–--------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი 100 ლარის ოდენობით;
7. გ-------------–---–-ს მიერ გადახდილი 26,77 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე თამარ ალანია